ახლახან "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კოკა არჩვაძის მინირომანი, "ჩინური დღიური“ გამოსცა. ტკბილი წითელი ფერის გარეკანით და მასზე მოყვითალო, ჩინურ იეროგლიფებს მიმსგავსებული სატიტულო წარწერით, ცხადად რომ გაგონებთ თბილისში გამრავლებული ჩინური ბუტიკების წინ მოქანავე, სწორედ ამ ფერებში გადაწყვეტილ აბაჟურებს. თუ ამ ვიზუალს დავამატებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველაფერი ჩინური, რაც ჩვენთან შემოდის, დაბალხარისხიანია, უცებ ცხადი ხდება ავტორის ალუზია და თუ მას ცოტათი მაინც იცნობთ და იცით, რა ცინიკოსიც ბრძანდება, ბევრი ფიქრი აღარ გჭირდებათ, მიხვდეთ, რომ ან მას, ან წიგნს, ან წიგნის პერსონაჟს რაღაც პროვოკაცია ჩაუფიქრებია. პრეზენტაციაზე მისვლა ამ პროვოკაციის გამოცნობაში არ დაგეხმარებათ, რადგან იქ ავტორი გაჩვენებთ ჰონგ-კონგში გადაღებულ უხვზე უხვ ფოტომასალას, რომელიც ყველაფერზე ილაპარაკებს, გარდა იმისა, თუ რა ხდება წიგნში.
და რა ხდება მაინც იქ? თითქოს ისეთი არაფერი. ახალგაზრდა ტიპი, ვინმე ირემაძე გამქრალი ძმის - სანდროს მოსაძებნად მიდის ჰონგ-კონგში, სადაც ის მუშაობდა. მას თან ძმის დღიური აქვს, რომელიც რაღაც დონეზე აკვალიანებს და ხელში ერთგვარ გასაღებს აძლევს მის მოსაძებნად. ამასობაში ჰონგ-კონგის ურბანული ყოფა-ცხოვრება, რიტმი, იქაური ადამიანები, ძმის მეგობრები, თანამშრომლები თუ უბრალოდ იქაურები ირემაძესთან იკვეთებიან, მათთან ერთად ტექსტში ისეთი ქაოსი შემოედინება, რომ კარგა ხანი ფიქრობ, მწერალს ძმის დაკარგვა ფონად დასჭირდა, რომ ჰონგ-კონგი ეჩვენებინა, თუ ჰონგ-კონგია ფონი, რომ ამ "დეტექტიურ“ სიუჟეტს სასუნთქი სივრცე გამოუძებნოს. მაგრამ მალე ხვდები, რომ არც ერთია და არც – მეორე. ჰონგ-კონგის ქაოსი სამყაროს ქაოსია, ხოლო დეტექტივად გადაქცეული ირემაძის დაკარგული ძმა ამ ქაოსის უსასრულობაში დაკარგული პროტესტი, ან, უფრო სწორად, მუდმივი მოძრაობის არქეტიპი. მისი საცხოვრებელი ოთახი ერთი ციცქნაა. ისეთია, სადაც ავეჯი და ადამიანი ვერ ეტევა. სადაც ცხოვრება შეუძლებელია. სივიწროვე (რუტინა და ყოფითი სამყარო) ფიზიკურად გეხება და შენი გასრესა უნდა.
,,ჩინურ დღიურში“ თხრობა ვიზუალითაა დატვირთული. კადრები კადრებს ენაცვლება. ნამდვილი კინომოთხრობაა. იმდენი ფოიერვერკია, შიგადაშიგ ქუჩის რეკლამებჩართული ბანერებით, რომ ჯერ ალაგ-ალაგ, მერე კი ნამდვილ ხანგრძლივ კინოში შევყავართ ავტორს. ეგზოტიკურ (მაინც ეგზოტიკაა ჩვენთვის ჰონგ-კონგი და ამ აზრს, რაღაც გაგებით, არც ავტორი არ გაურბის) გარემოში, მუსიკა, მოსაწევის სურნელი, ხანდახან ალკოჰოლი, ალაგ-ალაგ ქალებიც გაიელვებენ, უცნაურად ბნელი ქუჩები – ყველაფერი იმაზე მიგანიშნებს, რომ სადღაც, ერთი სიფრიფანა კედლის იქით ან რომელიმე ხის უკან შავი, ბნელი დანაშაული სუნთქავს. მომენტებში შიშიც გიპყრობს, რაღაც გაურკვეველი, იდუმალი საიდუმლოს გამჟღავნების მომენტის დადგომის შიში. ისევ ჰონგ-კონგი... თითქოს კამერა ნელა მოძრაობს ქუჩებში და თვალწინ გიშლით შენობებისა და ფასადების ზღვას, რომელიც ხან მზითაა განათებული და ხან წვიმიანია. იცხოვრო აქ, ამდენ ხალხში, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მძიმედ იგრძნო მარტოობა, ცხოვრებისგან მოწყვეტა, რაღაც ტემპიდან ამოვარდნა. მაგრამ ალბათ ესაა სამყაროს ნამდვილი სახე, მისი ირეალური, მირაჟული არსებობა... აი, არ იცნობ სანდროს და იცი, რომ ამაზე ფიქრობდა. ოღონდ არა ეგზისტენციალისტების ტერმინოლოგიით, არა სისიტემური ფილოსოფიის თვალთახედვიდან. სავარაუდოდ, სანდრომ არ იცის სარტრის ფრაზა „არსებობა წინ უსწრებს არსებას”, არც იმ ჭეშმარიტებებს ეძებს, რომელსაც აზრი აქვს ინდივიდის სიცოცხლისათვის. არა აქვს გააზრებული, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი პერსონალურია და ადამიანმა საკუთარი არსებობით უნდა განსაზღვროს, სად დევს მისი ცხოვრების აზრი. მაგრამ სანდრო უპირისპირდება კონფორმიზმს და მიიჩნევს, რომ ისეთი რამეები, როგორიცაა, ვთქვათ, ღმერთის არსებობა ან არარსებობა, მორალური კოდექსის წინასწარგანსაზღვრული მოცემულობა თუ ეთიკური ნორმები, არ შეიძლება ერთ სივრცეში მოექცეს და ყველა ჩვენგანს მოერგოს. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ჭეშმარიტებაა თუ არა ესა თუ ის კოცეფცია. მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც მისთვისაა ჭეშმარიტი. ანუ ის, რომ ადამიანს განსაზღვრავს არა სოციალური რეალობა, არამედ პიროვნების სუბიექტური არსი: "დეზერტირების ბაზარი არის ჩემი სამშობლო და დამპალი ხილ-ბოსტნეულის სუნი მუდმივ ტალახში.
ასეთი უნდა გიყვარდე.“
,,ჩინურის“ პერსონაჟი თვითონ ქმნის საკუთარ თავს, რაც გულისხმობს პიროვნების გარდაქმნას საკუთარი სურვილის შესაბამისად. მაგალითად, თუკი მას სურს, იყოს ჩინელი მეთევზე, ის ხდება ჩინელი მეთევზე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ თავისუფლების შეგრძნება ადამიანში შიშს ბადებს, რადგან ის ხდება პასუხისმგებელი საკუთარ თავზე თუ სხვებზე. თუმცა სანდროს შიშს ვერსად ვხედავთ. რაღაც გაგებით ეშინია მხოლოდ სანდროს იმ ნაწილს, რომელსაც მისი ძმა წარმოადგენს. პერიოდულად ძმების სახეები იკვეთება და ერთმანეთში გრადაცირდება. ზავდება. ერთი ხასიათი ხდება. ერთგვარად აზროვნებენ და მეტყველებენ და ფიქრობენ თითქოს. რომ არა შავი შრიფტით გამოყოფილი სანდროს ტექსტი, შეიძლება, ვერც მიხვდე, რომელი რომელია. იქნებ ორივე ერთია მწერლის უნებურად ან მისგანვე გამიზნულად - რომ ერთი გაიქცა და ეძებს, მეორე კი ექაჩება კულტურასა და სოციუმის წესრიგში...
არ შეიძლება, არ გაგახსენდეთ მიქელანჯელო ანტონიონის ,,პროფესია რეპორტიორი“. იქაც და აქაც პერსონაჟი ქრება. უარს ამბობს საკუთარ თავზე, ამ სახით არსებობაზე. იქ ,,დაკარგულ“ ადამიანს დასდევს კამერა, აქ კი დაკარგულის საძებნელად წასულს დასდევს მწერალი. იქ დევიდ ლოკი კვდება ვიღაცის ხელით თუ საკუთარი სიცარიელისგან - ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ იმედი არ გრჩებათ - მან ვერაფერს მიაღწია, სურვილი ვერ აისრულა, ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ თუნდაც საკუთარი თავის გაქრობით.
,,დღიური“, როგორც "პროფესია რეპორტიორი“, არის დეტექტივი უსისხლოდ, გარჩევების, სროლისა და ექშენის გარეშე. ყველაფერი ამის საპირისპიროდ - კულტურული და მოწესრიგებულია, ზედმეტად ლაკირებულიც კი ჰონგ-კონგისთვის. და სწორედ აქ იმალება ჩინური ძაღლის თავი, სწორედ ეს ქაოსი, ვითომ მშვიდი ექსტრემი არის სწორედ ის, რომ არაფერი არ ხდება გარდა ერთისა - სანდრო დაკარგულია. იცნობთ მას? კითხულობს პოლიციელი ,,პროფესია რეპორტიორში“, როცა ლოკის გვამს აჩვენებს მის ცოლს. ვერა, ვერ ვცნობ – ამბობს ქალი. და ის არ ტყუის. რადგან ეს არც რობერტსონია, რომლის სახელითაც გააგრძელა ცხოვრება ლოკმა, და არც რობერტსონამდელი ლოკი, ეს ის ლოკია, რომელსაც ის არ იცნობდა და უკვე ვერც ვეღარასოდეს გაიცნობს. ეს არაა ის კაცი, ვისთანაც ის ცხოვრობდა, ეს გმირი ლოკია, რომელიც რისკიან ავანტიურას შეება... და თავისი ყველაზე სუპერ ,,რეპორტაჟის“ კეთებისას დაიღუპა... და რომელმაც გადააბიჯა შიშსა და ერთფეროვნებას. აქ კიდევ ერთი ლიტერატურული ასოციაცია ჩნდება, ამჯერად კამიუს ,,უცხოსთან“, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა და სხვაგან წაგვიყვანს.
რა ემართება სანდროს, სად აღმოაჩენს მას კოკა არჩვაძის ,,კამერა“, ლოკის მსგავსად მკვდარს თუ ჯერ კიდევ ცოცხალს და მაინც არჩევანგაკეთებულს, ამაზე წინასწარ არ ვისაუბრებ, ვისაც აინტერესებს, შეუძლია, ეს წიგნი სულ რაღაც 40 წუთში წაიკითხოს. მწერლის ენა მარტივია, ქუჩური. ჩაკ პალანიკის თხრობის სტილს მოგაგონებთ. კიჩია, კი, მაგრამ ასეთი კიჩის შექმნას სხვა უნარი უნდა, რადგან ადვილი არაა ის, რაც გუშინ ფსევდოხელოვნება იყო, დღეს ხელოვნებად აქციო.
ენა მარტივია-მეთქი, ვახსენე. იმდენად მარტივი, რომ წიგნის კითხვის განწყობა გიქრებათ და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს მესიჯს კითხულობთ, რომელიც უბრალოდ ვრცელია და სახელდახელოდ დაწერილი. „უფრო შორს ვერ გავედი და სოჰოში ვიჯექი გარეთ და ძლივს ვსუნთქავდი. მეთქი, იქნებ სპირტმა მიშველოს. ზედიზედ სამი შოთი მივეცი და ცოტა გაიხსნა სამყარო. ხოდა, ვიღაც ბუდისტი ბერი მოდიოდა და მეთქი - მოდი, კარგია. ჭეშმარიტ ღმერთზე ლაპარაკი არ გამოვიდა, უფრო ფინანსებზე. ბერის სული შეწყალებას ითხოვდა, ჩემი ურთიერთობას. გვერდზე მაგიდიდან სიცილით მითხრეს. - He’s a fake monk.“ როგორც ეს ბერი, იქაურობაც ფეიკია, გარშემო ყველაფერი ყალბად ბრჭყვინავს და უდარდელად ქანაობს წითელი ჩინური აბაჟურებივით. ალაგ-ალაგ ყურში ცუდად გხვდებათ ზოგიერთი ჟარგონი. მაგალითად, „ძაღლობა“, როგორც 90-იანების საქართველოს ქურდული სამყაროს სახე.
კამიუ ამბობს: თუ სიცოცხლე აბსურდია, მაშინ ადამიანი, რომელიც რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობს, უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ის, ვისაც მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვსო. სანდრო ახერხებს, მეორე სიცოცხლე შეიძინოს. მაგრამ საბოლოოდ რას აღწევს? ავტორი არაფრის აქცენტირებას არ ცდილობს. მოდი, ამაზე მკითხველმა იზრუნოსო, ალბათ ფიქრობს. ტექსტი ორაზროვანია. და იქნებ ამ ორაზროვნებაშია მისი კონკრეტიკა. ,,ჩინური დღიური“ ცდილობს, ამხილოს არა ზოგადად ადამიანი, არამედ ამ დროის ადამიანი. თუ სხვა ამას გროტესკს დაამსგავსებდა, კოკასთან ეს გამოიყურება, როგორც ცხოვრებისეული რეალობა. და არ გტოვებთ უძველესი შეკითხვა – აქვს კი ადამიანს საშუალება, შეცვალოს თავის ბედისწერა? შეცვალოს საკუთარი თავი? ტექსტი მხოლოდ ცდილობს, თქვენი ყურადღება ამ საკითხებს მიაპყროს, თორემ არანაირ პრობლემას ავტორი არ ჭრის და ისევ თქვენ გიტოვებთ არჩევანს, როგორც გინდათ, ისე გაიგოთ ცხოვრებაც, ამ წიგნის სიუჟეტიც და ფინალიც.
ფინალს არ დაგისპოილერებთ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ რაღაც გაგებით შევაფასებ. ესაა პოეტური დასასრული. კოკა არჩვაძე, როგორც ავტორი, ისედაც ლექსებით უფრო გვახსოვდა აქამდე და ამ კინომოთხრობაშიც საბოლოოდ მაინც რაღაცნაირად პოეზია დააყენა წინ. და თუ ამ განწყობით მივუდგებით, ვიგრძნობთ, რომ სანდრო - ესაა ლექსის ლირიკული გმირი, რომელიც თავის პოეტურ ფანტასმაგორიას გაჰყვა, ამ გზაზე გაიყოლა ძმა (ანუ მორჩენილი საკუთარი თავი) და ყველა, ვინც მას ეძებდა. ხოლო პრაგმატულ, რუტინულ აბსურდში მცხოვრები ამ ადამიანების პროზაული მსვლელობა პოეზიაში ჩაბმა, ლექსის გამოდევნება გახდა. ისინი სანდროს სახით ლექსს ეწევიან, და თითქოს მეტაფორა ამოიცნესო, თითქოს ირემაძემაც ლექსით გაიგნო გზაო, ყველანი დროებით მაინც სხვანაირნი ხდებიან.