ტრენინგები


ტრენინგები




      ღია საზოგადოება "მომავლის მწერალი" აცხადებს სასიამოვნო გარეგნობის მწერალ გოგონათა მიღებას მწერლობის მენეჯმენტის კურსებზე.

  კურსის მიზანი: წარმატებაზე ორიენტირებული მწერლის უნარ-ჩვევების გამომუშავება.  შეისწავლება: მწერლობის პროექტირება და მართვა, მწერლობის მარკეტინგი და ლოჯისტიკა.  მოთხოვნები : მინიმალური განათლება – საშუალო სკოლა.

ასაკი – 18–დან 25 წლამდე. 

სიმაღლე – 170 სმ–დან ზემოთ.

წონა – 65 კგ–დან ქვემოთ. კომუნიკაბელურობა, უკომპლექსობა და ფოტოგენურობა.  ინგლისურის და კომპიუტრული  პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer ცოდნა.

ქართული ენის ზედმიწევნით ცოდნა სავალდებულო არ არის. 

ასევე არ არის სავალდებულო, მწერალს გამოქვეყნებული, ან დაწერილი ჰქონდეს ნაწარმოები.  წარჩინებული კურსანტებისთვის გარანტირებულია წარმატებულ პროექტებში ჩართვა.

 კურსს წარუძღვება უცხოეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მწერლობის მენეჯმენტის დოქტორი, მაგლუს დელბოტი, რომელიც 6 თვეში გაქცევთ წარმატებულ მწერლად!

CV გამოგზავნეთ მისამართზე: momavlismtserali@yahoo.com

 

                                                                           *   *   *

– "მასტერ!" ასე მომმართეთ. –  ჭინჭრისფერი თვალი მოავლო მაგლუსმა სამოც მწერალ გოგოს, – აი, შენ მოდი ჩემთან, – შარშანწინდელი თხილის ჩურჩხელასავით გამხმარი  თითი გაიშვირა ლოლასკენ და როცა ლოლა მაგლუსისკენ გამოემართა თავისი გრძელი, ნამზეური ფეხებით და თმებით, თინეიჯერობის მთელი ოქრო და სიშლეგე წამოიყოლა მღელვარე შლეიფივით. – ყოველ საქმეს რით ვიწყებთ, აბა, ვინ იცის? – იკითხა მაგლუსმა.

– ლოცვით. – გაუბედავად ამოილაპარაკა პირველ რიგში თვალებანთებულმა ელენე ურბნელმა.

– არა!  კომპლექსების მოხსნით!!!  მოიხსენით კომპლექსები და ისე შეუდექით საქმეს!

     წარბებამდე შეკრეჭილი ჩოკინასებური წინამო და პატარა სახის ნაკვთები ბავშვურ იერს აძლევდა მაგლუსს,  ხოლო გამუდმებული დიეტა და სეანსები სოლარიუმში, სიგარეტის ბოლზე თვალების ჭუტვა და დღეში 5 ფინჯანი ყავა სახის კანს იმაზე მეტად უჭკნობდა, ვიდრე უნდა დაჭკნობოდა 47 წლის ქალს. საერთო ჯამში პატარა, სიმპათიურ მაიმუნს ჰგავდა.

– კომპლექსების მოხსნის ყველაზე ეფექტური სავარჯიშო პირველი: ერთმანეთისკენ შებრუნდით წყვილ–წყვილად, ასე, და სამ თვლაზე აკოცეთ ერთმანეთს ტუჩებში. აი, ასე: მოდი შენ ჩემთან. ერთი, ორი და სამი! – ლოლას მხრებში ჩაავლო და პირდაპირ ტუჩებში დაეძგერა. ლოლამ მხრების აწურვის და გაშეშების მეტი ვერაფერი მოასწრო. – აბა, აბა, ყველამ!  მიდი, თქვენც, მანდ, მესამე რიგში, თუ არ მოიხსნით კომპლექსებს, თქვენს ნაწერს თქვენი ოჯახის წევრებიც არ წაიკითხავენ. აი, ასე, მიყურეთ! – ამჯერად უფრო დიდხანს და ვნებიანად კოცნიდა ლოლას. – არაუშავს, დღეს ბალზამირებულ მიცვალებულს გავხარ, მაგრამ გაიხსნები თანდათან, წადი, დაჯექი. – გავაზე მიჰკრა ხელი და ლოლაც ლამაზი, ატოკებული კვიცივით შეხტა და გავარდა სკამისკენ. ტუჩებით სრულიად გარკვეული ზიზღი წაიღო და კიდევ რაღაც გაურკვეველი მაცდური სიახლის გემო. ერთი სული ჰქონდა, ის ზიზღი მოეწმინდა ტუჩებიდან, მაგრამ ხათრით ვერ იწმენდდა, ხოლო მაცდურ სიახლეს კი ილოკავდა და გემოს უსინჯავდა გაბრუებული. როცა სამოცი გოგონა ზიზღის და სიწითლის შეუმჩნევლად ჩამოწმენდის და ტუჩების ლოკვის რეტისაგან გამოერკვა, დელბოტს უკვე მეორე შეკითხვა ჰქონდა დასმული:
– მეორე, რაც წერის დაწყებამდე უნდა გავაკეთოთ, რა არის, აბა, ვინ იტყვის?

– ლოცვა. – ამჯერად უფრო გაუბედავად წამოიკნავლა ელენე ურბნელმა.

– გოგო, შენ ლოცვა თუ გინდოდა, აქ რას მოდიოდი? ... პროექტი!!!  აი, რა! თუ არ გაქვს პროექტი, ვერანაირი ლოცვა ვერ გიშველის!  დაიმახსოვრეთ: არცერთი სტრიქონი არ დაწეროთ, თუ ის არ არის პროექტი! რა არის ქართველი მწერლების უდიდესი შეცდომა? რატომ ვერ აღწევენ ისინი წარმატებას? მათ არ აქვთ პროექტი!  მათ მიაჩნიათ, რომ მთავარია იდეა, გრძნობები, ან ოსტატობა. ამიტომაც მოძველდნენ და მსოფლიო ლიტერატურულ რადარებზე არ ისინჯებიან...

     პირველი ტრენინგის მერე სამოცი გოგო გულში ფიქრობდა, რომ აქ მეორედ აღარ მოვიდოდა, ხოლო მეორე გაკვეთილზე სამოცივე კიდევ უფრო გაპრანჭული და მოტივირებული მოჭენდა, დაჯდა და გაინაბა ახალი აღგზნების მოლოდინში. კომპლექსების მოხსნის სავარჯიშოზე მაგლუსმა ისევ ლოლა გამოიძახა და ლოლას, ისევე, როგორც დანარჩენი გოგონების ტუჩები ამჯერად ოდნავ რაღაცას ცმაცუნებდნენ და მაგლუსმა ლოლა შეაქო, არნახული წინსვლა გაქვს, აი, რას ნიშნავს კვალიფიციური ტრენერიო. მოიხსნეს რა კომპლექსები, გოგოები  შეუდგნენ მეცადინეობას და მაგლუსმა აუხსნა მათ, რას ნიშნავს პროექტი და რომელია ყველაზე მომგებიანი თემები პროექტებისთვის. მაგლუსი ლაპარაკობდა  ფოლადის უწვრილესი ბურღივით მჟავე და წვეტიანი ხმით, ექვსი თვე  ხვრეტდა ნორჩ შუბლებს და საფეთქლებს. ასწავლიდა, რომ მწერალი გოგო უნდა იყოს შხვართი და, სასურველია, ქერათმიანი, რათა უცხოეთში გასულმა არ შეარცხვინოს  ქვეყანა და სწრაფად ინტეგრირდეს  (ეს მოძველებული მწერლები სულ არ ზრუნავდნენ პარამეტრებზე და ისე სამარცხვინოდ გამოიყურებიან, რომ ვერ გამოაჩენ საზღვარგარეთ),  რომ ქეთევანი არის ქეითი, ნინო არის ნაინოუ და ირინა არის აირენი. რომ ტექსტი უნდა იწყებოდეს ყველაზე სკანდალური ფრაზით, თუნდაც ეს ფრაზა სულ არ იყოს კავშირში სიუჟეტთან და საერთოდ, სიუჟეტი საჭიროც არაა რომანშიც კი, არამცთუ პატარა ზომის ტექსტებში. მთავარია, იყოს სკანდალური და აღმგზნები ფრაზების სიმრავლე. მაგალითად: " მე შევედი ფეისბუქზე და დავპოსტე: " ჯერ დილაა და უკვე ორი ორგაზმი მქონდა. ვის რამდენი?" – უცებ გაინტრიგებს და იწვევს საზოგადოების ჩართულობას!  ბევრი ასეთი ფრაზის ერთობლიობა უკვე არის ტექსტი, ხოლო ბევრი ასეთი ტექსტის ერთობლიობა უკვე არის წიგნი. თუ ტექსტს, წვრილ სვეტად ჩამოწერ, არის პოეზია, ხოლო თუ განივად დაწერ - ეს არის უკვე პროზა. ისიც ასწავლა, რომ ტექსტს არ უნდა აჩნდეს ეთნოგრაფიული დაღი. მკითხველმა ვერ უნდა ამოიცნოს, რომელი ქვეყნიდანაა ავტორი. წარსულში უნდა დატოვონ პატრიოტული, ეროვნული და ყველანაირი პროვინციალური თემატიკა და საერთოდ, არ არსებობს პრობლემები, არამედ არსებობს ერთი მიზანი: მაქსიმალური სიამოვნება და წარმატება ნებისმიერ ფასად. მეხუთე მეცადინეობაზე ლოლას უთხრა, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, რომანის ნომინაციაში გამომადგებიო და ერთ თვეში ჯგუფი უკვე დაყოფილი ჰყავდა ნომინაციებად. "ლიტერას" ყველა ნომინაცია ჩვენიაო, დაბეჯითებით ამტკიცებდა, მხოლოდ ორ, თარგმანის და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციაში არავინ გვყავს, მაგრამ 2–3 წელიწადში ეგეც ჩვენი იქნებაო. "იყავით ჩვენთან ერთად და თქვენთვის წარმატების კარი ძალიან სწრაფად გაიღება!" ხშირად იმეორებდა, მაგრამ ეს "ჩვენ" ვინ იყვნენ, არასოდეს აზუსტებდა და არც ბავშვები ეკითხებოდნენ, თუმცა კი, დღითიდღე უძლიერდებოდათ შეგრძნება, რომ რაღაც   საიმედო ქოლგის ქვეშ ექცევიან და ქოლგას სახელად ჰქვია "ჩვენ". "ჩვენ ვერ დაველოდებით წარმატებას მთელი ცხოვრება და, მითუმეტეს, სიკვდილის შემდეგ!"  ამაზე ბავშვები გაგიჟდნენ, ტაში პირველად აქ დაუკრეს. „წერეთ თამამად, შეცდომებზე თქვენ ნუ იდარებთ, კორექტორებმა იდარდონ!" – მეორე ტაშმა აქ დაიქუხა. ექვს თვეში ჯგუფის  ყველა წევრს უკვე ჰქონდა გამოცემული წიგნი და მათი წიგნები გადანაწილებული იყო "ლიტერას" რვა ნომინაციაში.

 

                                                                           *   *   *

    ჩამოდი, ადამიანო, რომანი ხო დაამთავრეო, მაშინ დაურეკა ძმამ ნიკას ავსტრიიდან, როცა ნიკა ნაქერალადან ეშვებოდა თავისი "ვექტრათი" და ნაქერალას სერპანტინის ხვეულებში კავშირი იკარგებოდა. ვიღაც ნაშა შეისახლა ჩემმა კრეტინმა მანუჩარამ შენთან, ყირაზე დააყენეს სახლიო.

– ეგ ნაშა სრულწლოვანია? - ნიკა ალიონის გზის სიხალვათით და სიგრილით ტკბებოდა.

– იქნება ასე, 19–20 წლის... მაგარი ნაშა კია, სკაიპში ხელს მიქნევს ხოლმე.

– კაი, ჰო. მოვდივარ ისედაც. ჩავალ და დაგირეკავ პირდაპირ სოდომ–გომორიდან. დაწყნარდი.

– შენს რომანზე მომწერა გოგამ, აი, პროსტა დაცემააო!  წელს "ლიტერა" ნიკასიაო. ხო შეიტანე?

–  მიდი, კაცო, სულ მკიდია... გამომცემლობამ შეიტანა... აგერ ძაღლაკი გითვლის მოკითხვას. – ლეკვობის ასაკიდან გამოსული და ძაღლობაში ჯერ არშესული ჟანგისფერი ძაღლაკი ცქმუტავდა გვერდით სავარძელზე.  გრილ ქარს დიდ ულუფებად ყლაპავდა და ყურებს აფრიალებდა.

  როცა ნიკამ საკუთარი ეზოს ჭიშკარი შეაღო და თავისი ოთახისკენ კიბეს აუყვა, ვიღაც უცხო გოგო აესვეტა კიბის თავში, აივანზე შესასვლელი გადაუკეტა და უტიფრად ჰკითხა:
– შენ ვინა ხარ? – კევს ღეჭავდა უზრდელობამდე  აბურცული ნორჩი ტუჩებით,  დიდ პირს ვნებიანად წელავდა, ენა და კევი ლამის გარეთ გამოვარდნოდა.

– და შენ ვინა ხარ? – კიბის სვეტზე ჩავლებულ ხელში მსუბუქად აჰკრა ნიკამ,  შლაგბაუმივით ააწევინა  დაჭიმული მკლავი და გაიარა. ძაღლაკმა დაეჭვებული კუდი გააქნია.

– მე ვარ ახალგაზრდა ნიჭიერი  მწერალი, ლოლა ჰოსიტი.

– ახალგაზრდა ნამდვილად ხარ. – ნიკამ ზურგჩანთა  იატაკზე დააგდო. – მე ახლა მშია და დიდ ინფორმაციას ვერ ავითვისებ. ჯერ უნდა ვჭამო.

– მშიერი ტვინი უფრო კარგად ითვისებს ინფორმაციებს, ისე, რო იცოდე.

– ეგ.... რა გვარი ხარ?

– ჰოსიტი.

– ჰოსიტებშია ეგრე. იაშვილებმა აუცილებლად უნდა ვჭამოთ...

სამზარეულოში ყველგან ჩიპსების, სიგარეტების და ნამცხვრების ცარიელი კოლოფები ეყარა. ნაგვის ვედრო გადავსებული იყო ლუდის ბოთლებით, ცელოფნის პარკებით, კონსერვის ცარიელი ქილებით და ამ ყველაფერს შპროტის კონსერვის კიდევ უფრო გაშპროტებული სუნი ასდიოდა. გელამ მაცივარში აღმოჩენილი სამი ჯანსაღი სოსისის მოსახარშად ქვაბით წყალი დადგა ქურაზე და აბაზანაში შევიდა. აბაზანის იატაკი მოწუწული იყო, ქაფიანი ღრუბელი და საპარსი, გრძელ ქერა თმებში გახვეული საპონი, ვარდისფერი ბიკინი და კბილის ჯაგრისი ერთად ეყარა თაროზე. ნიკამ გაიხადა, შხაპი მოუშვა და აბაზანის კარზე კაკუნიც მოისმა.

– რა ხდება, ლოლა?

– არ გინდა, ერთად ვიბანაოთ? ზურგის დაბანაზე დაგეხმარები.

– არა!  ჩემი დახმარება თუ გინდა, წყალი ადუღდება გაზზე და ეგ სამი სოსისი ჩაყარე, კაი?

– ორი მე და ერთი შენ?

– არა, ორი – მე და ერთი - ძაღლაკს.

   აბაზანიდან გამოსულ ნიკას გაზი ისევ ჩართული დახვდა და მდუღარე ქვაბში სამივე სოსისი – შუაზე გადახსნილი. ერთი გადახეთქილი სოსისი შეჭამა, ყავა აიდუღა და აივანზე ავიდა. იქ სარწეველაში ჩაჯდა და ჯერ არაფერზე არ დაფიქრდა, თავი გაიცარიელა. ბოლო ორი წელია, რაც ეს ძვირფასი ჩვევა გამოიმუშავა – თავის გაცარიელება იმდენი ხნით, რამდენითაც სჭირდებოდა, ამით უცებ ხდებოდა ბედნიერი. ის იყო, გახდა ბედნიერი, რომ საძინებლიდან ლოლა გამოვიდა, ხალათი გაეხადა და ამქვეყნად ყველაზე დახეული ჯინსი და მაისური ჩაეცვა. მაისური იყო  სველი მალაქიტისფერი და მისი მალაქიტი და ცის ლაზურიტი გოგონას თვალებში ეხლებოდნენ ერთმანეთს და ლურჯ ნაპერწკლებად ციალებდნენ. ლოლა ნიკას სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა. ნიკამ სასწრაფოდ ხელი სტაცა მეორე სახელურზე წამოდგმულ ფინჯანს.

– არ დამიღვარო, ე! მოდი, იმ სარწეველაზე გადაჯექი.

– ვინა ხარ, არ იტყვი ბოლოს და ბოლოს?

– მანუჩარის ბიძა ვარ, ანუ ამ სახლის კანონიერი მეპატრონე.

– კაი, ნუ გაახურეეეე! ჰიიიი! – ლოლამ გაოცებული ჰაერი შეისუნთქა. გადაჯდა მოპირდაპირე სარწეველაში და ახლა იქიდან დააკვირდა ნიკას. – შენ ხარ ნიკოლოზ იაშვილი? რა ტიპი ყოფილხარ, ეეე!  გალსტუკიანი და კოსტუმიანი ჭაღარა ბიძა წარმომედგინე.

– ერთი ზამბახივით გადაშლილი სოსისი დაგიტოვე სამზარეულოში. ჩადი, ჭამე.

ლოლას გადახეული ჯინსიდან ლამაზი მუხლები ამოეყარა, ბარძაყებზე და წვივებზეც გადასერილი ჰქონდა შარვალი. ხოლო მაისური ამოხეული იყო მხრებზე, ჭიპზე, საიდანაც ტოპაზისთვლიანი პირსინგი ამობრჭყვიალებდა, და მკერდზე, მარჯვენა ძუძუსთან, საიდანაც ის მარჯვენა ძუძუ თითქმის მთლიანად გადმომხტარიყო. ძუძუ იყო ლამაზი, ქორფა, მაგრამ მოშტერო და ცნობისმოყვარე ბავშვივით იჭყიტებოდა, ისიც ჭიპივით ტოპაზპირსინგიანი.

– აუ, თბილისში ჭორი დადის, მაგარი წიგნი დაწერა იაშვილმაო, მთებში მაგიტომ იყო წასულიო.

– მართალია, არაა ჭორი. - ნიკამ კიბიდან ამოსულ ძაღლაკს კუთვნილი სოსისი გაუწოდა.

–  შენ რა კაი ტიპი ხარ, ე! ძალიან კაცური რაღაცნაირი... წელს "ლიტერა" მაინც ჩემია, ვინც რა არ უნდა დაწეროს! – გადაირწა ლოლა და სარწეველა ყალყზე შეაყენა.

– ეუჰ! წამაკითხე, აბა, რას კიკინებენ შენნაირი ბეკეკები, მართლა მაინტერესებს.

ლოლა მოწყვეტით გადმოირწა, გაფრინდა შურდულ-სავარძლიდან და წიგნი გამოიტანა.

წიგნს ერქვა „სექსის გამბიტი“ და ასე იწყებოდა: "... ბაბუამ კაფიდან გაიყვანა მეგი, მკლავში უხეში ხელი ჩაავლო და ბნელი ჩრდილებისკენ ძალადობით გაუძღვა.

– გოგო, შენ სახლში მოსვლა აღარ გინდა? როდემდე გელოდო? – ყურში ჩასჩურჩულა, სიბნელეში მაგიდაზე გადააწვინა და კაბა აუწია. მერე კაბის ქვეშ შეუცურა მარჯვენა ხელი, ხოლო მარცხენათი დეკოლტის ქვეშ განაბული მისი მკვრივი მკერდი დაიპყრო. კაფის კარები ღია იყო და იქედან მუსიკა გამოდიოდა. მეგის ფორთოხლისფერი ბიკინები ნელა ჩასრიალდა მის გრძელ ფეხებზე და კოჭებთან დასტოპდა"...  ნიკამ თავი ასწია, გოგოს დაკვირვებით შეხედა:

– ამას შენ წერ?!

– დიახ! – ლოლას მართლაც უგრძესი ფეხები ერთმანეთში ორმაგად ჩაეხლართა და იღიმოდა.

– "კაფი" რა არის?... შკაფი?

– რა შკაფი? – გადაიკისკისა ლოლამ, – კაფე არ იცი? იმ სოფელმა სულ დაგასოფლელა.

– აა, კაფე? მაშინ "კაფეს კარები" და არა "კაფის კარები"... ნათესაობითში გეუბნები....

– ნათესაობითში?  რა, მანუჩარის ბიძა რო არ იყო, არ მეტყოდი? აი, ეგა ხართ ძველი თაობა, მარტო ნათესავები და საძმაკაცო გახსოვთ...

– ტიტუუ! – წიგნი გაუვარდა ნიკას. – გოგო, ნათესაობითი ბრუნვა გაგიგია? სკოლაში დადიოდი?

– ა, ხო, სახელობითი, მოთხობითი, ნათესაობითი... ოოჰ, რატო გევასებათ კირკიტი ამ ძველ მწერლებს?... არადა, მანუჩარის ძმაკაცი მეგონე, მაგარი სიმპო ხარ, სულ არ გეტყობა ასაკი.

– "კაფის კარები ღია იყო და იქედან მუსიკა გამოდიოდა". აი, ეს რას ნიშნავს?  მუსიკა როგორ გამოდიოდა, ფეხით, თუ რამე ტრანსპორტით? იქნებ ხოხვით?

–  მუსიკის ხმა გამოდიოდა, ნუ, რაებს ქექავ? მიდი, წაიკითხე ჯერ და მერე მელაპარაკე!

   "თექვსმეტი წლის რომ გახდა მეგი, მაშინ უყიდა მამამ ეს კაბა, შენი თვალების ფერიაო, უთხრა. პირველად რომ ჩააცვა, უხერხულად იგრძნო თავი მეგიმ – კაბა იყო ძალიან სტრეიჯი, ორივე გვერძე ბიკინებამდე ჩახსნილი და ღრმა დეკოლტე ძუძუსთავებს ძლივს უფარავდა.

– უკვე დიდი გოგო ხარ, ლამაზად ჩაცმაზე უნდა იფიქრო, ნახე, როგორ გიხდება. – მამამ სარკესთან მიიყვანა, წინ დაიყენა და თეძოებზე დაუსვა ხელი. –  მკერდიც რა მკვრივად გიდგას,  ფეხებიც. ხომ უნდა ნახოს ყველამ, რა ლამაზი გოგო მყავს. – ცალი ხელი დეკოლტეში შეუცურა და მეორე კი კაბის ჭრილში, ბარძაყთან შეასრიალა ....."

– ეს შენი დაწერილია?! – ესევ ამოხედა ნიკამ.

– დიახ, და არ მითხრა ახლა, რო არ აგაგზნებს. ხო არის ბომბი? ყველა იძახის, ბომბიაო!

– ეს მამაშენს წაკითხული აქვს?!

– როგორ წაიკითხავდა, აფხაზეთში მოკვდა, მე რომ რვა წლის ვიყავი... ისიც და ბაბუაჩემიც.

– და მათ ნათელ ხსოვნას უძღვნი ამ წიგნს, თუ რა ხდება?

– ნუ დამიწყებ ახლა მორალის კითხვას, რაა! ეს ხო მხატვრული ნაწარმოებია, სულაც არ იგულისხმება ჩემი მამა და ჩემი ბაბუა.

– არა, მორალზე არ გელაპარაკები, - წყნარად თქვა ნიკამ და წიგნი დახურა, - არც იმაზე, რომ შენი მამა და ბაბუა ამას არ იმსახურებენ. ეს ცალკე თემაა.  მე იმას გეუბნები, რომ ამ საქმის გაგებაში არ ხარ და სიყალბე გამოგდის. რაშიც ერკვევი, იმაზე უნდა წერო და ნაღდი გამოგივა.

– რა მექნა, ყველა თემა დაკავებული იყო და... მაგრამ გააფუჭეს ტყუილად თემები, ჩემსავით თამამად ვერავინ ვერ დაწერა. იცი რა? წიგნმა უნდა მიიქციოს ყურადღება ნებისმიერ ფასად!

– ეგ ვინ გასწავლა?

– მაგლუსმა.

ჭიშკარი გაიღო და მანუჩარი შემოჯლიგინდა, სამი ნახტომით ამოხტა საფეხურებზე.

– ვაა, ნიკ, ჩამოხვედი?.. შენ კიდე ვეღარ გაიგე,  სად რა უნდა ჩაიცვა? წადი, გამოიცვალე! – წარბაქაჩულმა მიმართა ლოლას. ლოლა წამოზოზინდა სავარძლიდან და ოთახში შევიდა. ლოლას გამოსვლამდე ნიკამ გაარკვია, რომ მანუჩარის ძმაკაცი, გელა ხოსიტაშვილი, გერმანიაში წავიდა სასწავლებლად და მანუჩარს სთხოვა, ჩემს დას მიხედეო. იქით ვიღაც უბნელი დასდევს ყვავილებით და შამპანურებით, აქეთ ეს მაგლუსა და პატრონი უნდა გელას ჩამოსვლამდე. მანუმ ადგა და აქ გადმოიყვანა დროებით, მაინც ცარიელია ამხელა სახლი. მანუმ ისიც თქვა, რომ ერთი შტერი გოგოა ეს ლოლა და მაგლუსის გავლენით ვითომ უკომპლექსო და სკანდალურ იმიჯს იქმნის, მაგრამ სინამდვილეში რამე სერიოზული სიშტერეები ჯერ არ ჩაუდენია. მაგლუსი ვინააო, იკითხა ნიკამ და, როცა გაიგო, რომ მათი ტრენერი იყო, მე ბერძენი მოაზროვნე მეგონაო.

ლოლა საუზმეზე დიდი ჩალისფერი  მაისურით ჩამოვიდა, სახე უხასხასებდა, ნორჩი ქუთუთოები უბზინავდა და სიგარეტის კვამლსა და დილის მზის სხივში ერთად გახვეული ნისლიდან გამომავალ მაღალფეხება ირემს ჰგავდა. ნასაუზმევს ნიკამ მანუს წიგნიც გადაშალა.

– მოიცა, ამის წერა იქ არ დაიწყე, ჩემთან რომ ჩამოხვედი ორი კვირით?

– კი, ზუსტად მაშინ დავიწყე.
–  "მე და მონიკა ლონგ–აილენდის ღამიან ვერანდაზე ჩილი კონ კარნეს შევექცევით, "ჯეკ დენიელსს" ვაყოლებთ და გავყურებთ სანაპიროს. რესტორნიდან მსუბუქი ჯაზი გამოდის და მონიკას გარუჯულ მკლავებს და სახეს ინტიმით ავსებს". - ხმამაღლა წაიკითხა ნიკამ.

  ლოლამ ჯერ ნიკას გადახედა, მერე მანუჩარს და ორივეს ერთად გამოაჯავრა:

– ჯაზი როგორ გამოდის, ფეხით, თუ ტრანსპორტით?

– ბიჭო, რა "ჩილი კონ კარნეს" და რა "ჯეკ დენიელსს" შეექცევით? გაგისინჯავს საერთოდ ეგენი?  ბაბუაშენის ჭაჭას უგლაჯუნებდი და ბებიაშენის ლობიანებს. ნუ ლონგ–აილენდი რო ჩვენი ღელეა, მაგას მივხვდი, მარა მონიკა ვინაა? ბებიაშენი მაკრინეს მეტი იქ ქალი არ ჩითავდა...

– მერე მაგას ხო არ დავწერ, "მე და ბებიაჩემი მაკრინე ჭაჭის არაყს და ლობიანებს ვუგლაჯუნებთ და ღელეს გავყურებთ?" - სამივენი გულიანად იცინოდნენ. ძაღლაკი სამთა შორის მიმოდიოდა.

– ჩვენც იქ ვიყავით, არ გამოგვტოვო. არა, ძაღლაკ?...  ვითომ რატომ არ დაწერ, რა, სირცხვილია?

– ვის რად უნდა ევროპაში ლობიანებზე და ჭაჭის არაყზე ტექსტები, ნიკა, კარგი რა!

– ჯერ ერთი, ხო მოეღრიცა ევროპას თვალები შენი წიგნის მოლოდინში!  და მეორეც, შენი დაწერილი ლონგ–აილენდი როგორ უნდა იყოს დამაჯერებელი, რუკაზე მაინც გინახავს?

– დავგუგლე და ვიკიპედიაში იცი რამდენი ვიკითხე?

– ვახ, ჩემი კაი!... – შუბლში ისეთი იტკიცა ნიკამ, რომ ძაღლაკი თანაგრძნობით მიუხოხდა და ფეხის თითები აულოკა.

    მეორე დღეს ნიკა სერიოზულად დაინტერესდა, რას წარმოადგენს ეს მითოლოგიური მაგლუსი? მწერლობის მენეჯმენტის დოქტორიაო. ბევრი რამე გვასწავლაო, დოგმების მსხვრევა გვასწავლაო, ასხაპასხუპდნენ ახალგაზრდები. აი, მაგალითად,  დოგმების მსხვრევა  როგორ გასწავლათო? გააწყვეტინა ნიკამ. "აი, მაგალითად, რელიგია, სამშობლო და  ოჯახის წევრები ყველას უყვარს. ამიტომ შენ უნდა დაწერო, რომ გძულს, თუ გინდა, რომ ყურადღება მიიქციო. ბევრი რომ ერთი მიმართულებით ფიქრობს, შენ საპირისპირო მიმართულებით უნდა იფიქრო... ასევე ოჯახური ძალადობა, მკვლელობა და სექსი აინტერესებს მკითხველს, ქალის და მამაკაცის თანასწორობა..." ატიკტიკდა ლოლა. ძაღლაკმა ლოლას  შეუღრინა, ადგა და ნიკასკენ გადაწვა.

– ეუჰ! რა ცინცხალი თემებია! ოჯახური ძალადობა, თანასწორობა, დოგმების მსხვრევა! – ჩაიცინა ნიკამ. – "შუშანიკი" წაკითხული აქვს მაგლუსას? "ოტელო" ან "ოიდიპოსი"? დოსტოევსკი,  რუსთაველი,  რამეს კითხულობთ საერთოდ მაგ ტრენინგებზე? აი, შენ, დოგმების მსხვრევას რომ მაგლუს დელბოტი გასწავლის, იცი, ვაჟა-ფშაველა ვინაა?

– ეგ ის არაა?..  ცხვრის ქუდი რომ ახურავს? – ლოლა ნიკას გაოგნებულ მზერას წააწყდა და უცებ დაეჭვდა. – თუ ეგ კოსტატინე გამსახურდიაა?  ეგენი მერევიან ერთმანეთში.

– აი, ვგიჟდები, ისე მაინტერესებს: რა ნიშნით, რა ლოგიკით გერევიან ერთმანეთში "ეგენი"?

– სვეტიცხოველში  ვის პონტში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე? გამსახურდიას პონტში?

– ალბათ!  ვაჟა–ფშაველას პონტში უფრო ჩარგლისკენ მიჰყავთ ხოლმე...  მერე?

– მერე სვეტიცხოველის ეზოში ცხვრის ქუდი ვიყიდე და ცხვრის ქუდი ბოლო-ბოლო რომელს ეხურა, ვაჟა-ფშაველას, თუ კოსტატინეს? ვგიჟდები მაგ ქუდზე,  სუხიშვილების "ასსა-ფართიზე" ვნახე პირველად და მაგრად მინდოდა...

– აააააა! – სავარძელზე გადაწვა გაოცებათა კასკადისგან სუნთქვაშეკრული ნიკა, – ლოგიკა ყველანაირი მინახავს, მაგრამ ამნაირიიი?! ...  მაგ ხაზს თუ გაჰყვები, "ალუდა ქეთელაურს" ილიკო სუხიშვილი დაწერდა, უმცროსი. შენც არ წაგიკითხავს ვაჟა-ფშაველა? – მანუს მიუბრუნდა.

– ეგ ის არაა, ჩიტი რო მიხოხავს ფრთაში დაჭრილი და იგინება, ყვავებო, თქვენი დედებიო?...

მაჩვენეთ ეგ მაგლუსი, რამე საიტი აქვსო? ნიკამ იკითხა. ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ მაგლუსს ბიჭების ჯგუფიც ჰყავს, შერეული ჯგუფიც და მანუჩარი შერეულ ჯგუფშია. ბიჭების ჯგუფში რატომ არ შეხვედიო? დაინტერესდა ნიკა და ეგრე ხომ ბიჭებისთვის უნდა მეკოცნა, ახლა გოგოებს მაინც ვკოცნიო, მანუჩარმა უპასუხა. რაც გინდათ წერეთ და ამსხვრიეთო, ნიკამ, ოღონდ ის საქმე უნდა გესმოდეთ, რასაც წერთ, თქვენივე სიყალბე და სირცხვილი გაგტანჯავთ მერეო. ამასობაში მაგლუს დელბოტის ფეისბუქის გვერდიც გახსნა ლოლამ და ფოტოები აჩვენა.

– ე, ესაა მაგლუსი?! ... მეკაიფებით?! ...ეს ჩემი კურსელი იყო! - ნიკას გიჟური სიცილი აუტყდა.

– არ არსებობს! უცხოელი დოქტორია, სულ ინგლისური აქცენტით ლაპარაკობს.

– ჰო, ეგაა! კომკავშირის მდივანი იყო ინსტიტუტში, მაშინ რუსული აქცენტით ლაპარაკობდა. მე და პეიჯას დაგვდევდა, ჯინსები რატო გაცვიათო, თმები შეიჭერითო და კაპიტალისტურ კულტურას ნუ ნერგავთო, დანოსები მიჰქონდა დეკანატში. - ნიკა იცინოდა, ხოლო ძაღლაკი კმაყოფილი იქნევდა კუდს და ლოლას და მანუს ნიშნის მოგებით გახედავდა ხოლმე.

– ნუ გაახურეეეე!!!  - გაწელა მანუჩრმა და პირი იმ გაწელილი „ე“-ს ფორმაზე დარჩა ღია.

– უცხოელი არა, კვახი! გარდაბნელია, მაგული დელბორაშვილი. ჭინჭარივით თვალები აქვს და ბურღივით ხმა. შეიძლება, მერე კი სწავლობდა კიდევ სადმე.

– ეგაა! – შესძახეს ახალგაზრდებმა და ერთმანეთს შეხედეს. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მანუჩარმა იკითხა. –  და კომკავშირი რა პონტი იყო? რას აწვებოდა?...

     მეტისმეტად განკომპლექსებულმა ლოლამ მეორე დღესვე ჯგუფში მიახარა მაგლუსს, ნიკა იაშვილის კურსელი ყოფილხართო. „ნიკა იაშვილი კარგი მწერალია, მაგრამ არ ვიცნობ“, „რ“-ებს ყლაპავდა მაგლუსი. კი, როგორ არაო, ჩააჟინდა ლოლა, კომკავშირის მდივანი ყოფილხართ, გარდაბნელი მაგული დელბორაშვილიო. მაგლუსი ისე აფორაჯდა, რომ ჭინჭრის და ჭროღა ქათმისფერი ერთდროულად დაედო.

– არ ვიცნობ ნიკა იაშვილს და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, არც დიდი რამე მწერალია, ძველი თაობაა, გადმონაშთია! - კიდევ უფრო ჩაყლაპული „რ“-ებით ცივად გამოსცრა თვალ-კბილიდან.

– ძაანაც მაგარია ეს ახალი რომანი და თვითონაც მაგარი ტიპია! – ჯიქურ მიუგო ლოლამ, – და თქვენს ტოლებს რომ გადმონაშთებს ეძახით, თქვენ რა გამოდიხართ?

არა, ლოლას სიტუტუცეს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ძალიან ლამაზიც რომ იყო?!

                                                                     *    *    *

   ნაშუადღევს გოგამ დარეკა, ნიკუშ, მიდიხარ დღეს "ლიტერაზეო"?  სად წამსვლელი ვარ, ამაღამ ისეთი ფეხბურთია, ლუდი მოვიმარაგეო, ნიკამ უთხრა, ბავშვები  წავიდნენ ""ლიტერაზეო".

–  ბიჭო, გოგა, შენ ის ჩვენი კამსამოლა მაგული გახსოვს? ის ატრენინგებთ მწერლობაში, მაგლუს დელბოტი დაურქმევია. გამოაპროექტა ბავშვები.

– ნუ გაახურე!  ჩამშვები დელბორაშვილი?

– ჰო, სულ არეული აქვთ რამსები ბავშვებს, არაფერი არ უყრიათ თავში... არა, ბიჭო, ჩემი ბრალიცაა ... მარტო სკოლას და დელბორაშვილს როგორ დავაბრალო. ამხელა ბიბლიოთეკაა სახლში და ხუთი წიგნი არ ექნება წაკითხული მანუჩარას...  ჰო, სულ გამოგვრჩნენ ეს ბავშვები ამ ომებში და „გადადექი, გადადექიში“!...  მშობლები წასულ-წამოსულები, ჩვენ და სკოლამაც სულ დავიკიდეთ, ჰოდა კი ჩაცვივდნენ ეშმაკების და მაგლუსების ხელში... ისეთი კრეტინობები დააწერინათ იმ მაგულამ, ხვალვე მაგრად რომ შერცხვებათ, რა... და მაგ სირცხვილის დაძლევაშიც ხომ დახმარება უნდათ, არა?.... რაღაც უნდა ვქნა, რაა...   ახლა, რა? ახლა მაგარ ეიფორიაში არიან, უნდა გავიმარჯვოთო, აზრი არ ჰქონდა მაგათთან ლაპარაკს... ამ ასაკში, ხო იცი, ძაან ფრთხილად უნდა... ერთი თუ დააფრთხე, საერთოდ აღარ მოგეკარებიან... არადა, კარგი მონაცემები აქვთ, ლამაზები, ჯლიგინები, გახსნილები - ისრუტავენ ღრუბელივით...

– გადმოვალ, ერთად ვუყუროთ ფეხბურთს და მომიყევი... მიწისთხილს წამოვიღებ.

– გადმო, ხო. მარცხენა მხრიდან მოდი ოღონდ. მარჯვნივ ისევ რაღაცას თხრიან, ვეღარ მორჩნენ, რაა... - ამის მერე ნიკამ ლოლას დაურეკა, აქ ისევ თხრიან და მარცხნიდან მოდითო. 

                           

                                                                              *   *   *

   ნიკა იაშვილის რომანი შორთ-ლისტიდანვე ამოაგდო ჟიურიმ. ლოლამ რომანის, ხოლო მანუჩარმა პროზაული კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვეს. იჯდა პატივცემული გაკვირვებულსათვალიანი ლიტერატურული საზოგადოება პატივცემულ ორკესტრებიან, დაფდაფებიან და რამპებიან დარბაზში და ვერცერთ ნომინანტს და გამარჯვებულს ვერ სცნობდა. მხოლოდ თვითონ იცნობდნენ ერთმანეთს ნომინანტები და დარბაზშიც ერთ ჯგუფად ისხდნენ. დაკვირვებულსათვალიანმა საზოგადოებამ ბოლოს თარგმანის და ლიტერატურული ღვაწლის ნომინანტები იცნო და ოდნავი შვებით ამოისუნთქა. მერე მაგლუსმა თავისი ცხვრები რესტორან "ერექციაში" წარეკა და იქ ვისკით და სენდვიჩებით გაუმასპინძლდა. მანუჩარი ტელევიზიაში წავიდა, მივამონტაჟებ და იქიდან სახლში მოვალო. სვამდა ლოლა და თავის თავში უცნაურ აღმოჩენას აკვირდებოდა: ჩანთაში ხუთიათასლარიანი კონვერტით და საკუთარი რომანით, უფრო ბედნიერად უნდა ეგრძნო თავი, ვიდრე გრძნობდა. ცოტა რომ ჩაუღრმავდა ამ თავისი ბედნიერების ხინჯებს, ყველა ფუჩეჩი და ბურუსი რომ შემოაცალა, ერთი სახელის პირისპირ აღმოჩნდა: ნიკა! ნიკასი ეუხერხულებოდა რაღაცნაირად... როცა მუსიკამ, სასმელმა და რესტორნის რბილდივნებიანმა, მიბნედილ შუქჩრდილებიანმა კუნჭულებმა თავბრუსხვევის საყოველთაო ტალღა მოიტანეს, "წამო შენ ჩემთან", უთხრა ლოლას მაგლუსმა და რესტორნის სვეტებს უკან მიბნელებულ, ყავისფერი ტყავის დივანისკენ გაუძღვა. ჩამოჯდა დივანზე, მოკლე კაბა კიდევ უფრო წამოიწია, შიშველ მუხლებზე ხელი დაირტყა და "დაჯე!", უთხრა ლოლას. ლოლა დაჯდა და ფუჟერში ჩარჩენილი ვისკი ბოლომდე გადაჰკრა მაგლუსისადმი უცნაური, ერთდროულად რიდის, ზიზღის და ლტოლვის გრძნობის გასადღაბნად.

– დღეს ძალიან ლამაზი იყავი. –  დეკოლტე ჩამოუწია და მკერდზე აკოცა მაგლუსმა.

– იცი? – მოწუწუნე ხმით დაიწყო ლოლამ,– ფოიეში ერთ წვერებიან მწერალს ეჭირა ჩემი წიგნი, ტელევიზორში მყავს ეგ ტიპი ნანახი და, ღმერთო ჩემო, პირველი სტრიქონიდანვე რა უტიფარი სისულელეაო, სხვა წვერებიან ტიპებს ეუბნებოდა, ეგ ტიპები სულ ტელევიზორში მყავს ნანახი.

– დაიკიდე, რა! ეგენი აყაყანდებიან, დაწერენ კრიტიკულ წერილებს და მერე წიგნად გამოსცემენ. მადლობა გვითხრან, ჩვენზე პარაზიტობენ. საწერს არ გამოვულევთ მაგათ.

– ეგენი მართლა მკიდია, მაგრამ ნიკა რომ შორთ-ლისტიდან ამოაგდეს, ეგ კი მიტყდება, ცოტა მრცხვენია ნიკასი... - ლოლა იდაყვით გაუბედავად ბლოკავდა მაგლუსის მოფათურე ხელს.

– ეგღა მაკლია, ნიკას შორთ-ლისტში დავატოვებინებდი, იმ დღესვე წავაშლევინე. – მაგლუსმა ყელზე აკოცა და ყურის ბიბილოსკენ აუყვა. მოძალადე ხელი „ტოპიკის“ ქვეშ შეუძვრინა.

– რააა?! – ლოლა წელში გასწორდა და თვალებში ჩააშტერდა მაგლუსს, – შენ ამოაგდებინე ნიკა?

– არა ბიჭო, მაგას შევარჩენდი, მაგულიო და კომკავშირის მდივანიო! მაგან ჯერ კიდევ არ იცის, ვინ გადაიკიდა ჩემი სახით... მოდუნდი, ახლა ჩვენი დროა... ძალიან ლამაზი ხარ და ტკბილი....

– აკი კომპლექსებიანი არ ხარ? – ლოლამ ჯერ დაბალ ხმაზე დაიწყო, წამოიმართა ნელ-ნელა და თანდათან ხმას აუწია, – აკი ყველაფერი უნდა დავიკიდოთ?! შენ რატომ ვერ დაიკიდე ეგ "მაგული" და "გარდაბანი"?... იცი, რეალურად ვის კიდია და ვინაა რეალურად თავისუფალი? ნიკა! სულ კიდიხართ შენ და შენი "ლიტერა"! უმაგრესი წიგნიც დაწერა, ხვალ დაჯდება და კიდევ ისეთს დაწერს, სირამდე რო ვერ შეწვდებით შენ და მთელი შენი მიფსმული კურსი! – ლოლა უკვე ფეხზე წამომხტარი, თითებგაფარჩხული უკიოდა და ისე აკვესებდა გააფთრებულ მწვანე თვალებს,  რომ ის ჩაბნელებული კუთხე მთლიანად განათდა. მაგლუსი  დივანის ნაპირთან მიიკუნჭა და ისე დაიკაკანა, სულ დაავიწყდა „რ“-ების ჩაყლაპვა:

– ამას უყურეთ! ახლა? ახლა გახდა მიფსმული, 5 000 ლარი რომ მოგაგებინა?

– გაიკეთე უკან ეგ  ხუთიათასი, შე მაფიოზა სიაფანდო ახვარო! – დაუკივლა ლოლამ, ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და ჯერ ის კონვერტი მიათხლიშა სახეში მაგლუსს, მერე დაცლილი ფუჟერიც მიაყოლა. – დაახვიეთ, რას მომასკდით! – უყვირა შემოჯარულ ახალგაზრდებს, მერე ისევ მაგლუსს მიუბრუნდა. – თუმცა, არა! მე ეს ფული მძიმე და მონური შრომით გამოვიმუშავე, შენი ატანისთვის მეტიც მეკუთვნის. – კონვერტი ისევ აიღო,  მერე ქორივით ჩაუქროლა ბარს, ერთი ჭიქა კიდევ აიტაცა, კარისკენ გაქანებულმა გზადაგზა გადაჰკრა, ცარიელი ჭიქა კარს მიახალა და ისე გავარდა რესტორნიდან, რომ ადგილიდან დაძვრა ვერავინ გაბედა. 

   დილის ხუთი საათისთვის  მიადგა ლოლა ნიკას ქუჩას, მაგრამ ივლისის ღამის სიცხემ და ქუჩების ხვეულებმა ის ბოლო ჭიქა ვისკი სულ თავში აუშხაპუნეს და აქ გამიჩერეთო, ვარაუდად უთხრა ტაქსისტს - გრძნობდა, რომ სადღაც სახლთან ახლოს იყო. სიბნელეში მარტო დარჩენილმა ხან წინ იარა, ხან უკან, რაღაც ათხრილი მიწის ბორცვი გადაიარა, ქუსლებით მიწაში ჩაერჭო, დიდი გაჭირვებით ამოერჭო ისევ და ორი-სამი ნაბიჯი კიდევ ბარძგალით გადადგა მარჯვნივ. უცებ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, დაბლა მოწყვეტით ჩაფრინდა და ტალახიან თხრილში ამოყო თავი და ტანი. იმ ტალახში ხელით რაღაც ქვა მოძებნა, დაჯდა და დაფიქრდა. მიხვდა, რომ სადღაც ჩავარდა და თვითონ უნდა ამოვიდეს. თუ იყვირებს, მაშინ მთელი ქვეყანა დაინახავს, დღევანდელი "გამარჯვებული" ტალახში როგორ ამოევლო, რაც მის მთვრალ თვალშიც კი საკმაოდ სიმბოლურად გამოიყურებოდა. იმ ცნობილი წვერებიანი ბიძების სტატიების ჰედლაინებიც კი წარმოიდგინა: "რა სიმბოლურია! ამ წიგნის ავტორი რეალურ ტალახშიც ამოევლო". დაახლოებით ნახევარი საათის ფორთხვის და ვარდნის შემდეგ ლოლა მიხვდა, რომ მაშველის გარეშე აქედან ვერ ამოვა. ყველაზე საიმედო და საიდუმლოს შემნახველ მაშველს, მანუჩარს დაურეკა. მანუჩარმა არ უპასუხა. "ფუ, ამონტაჟებს, დებილი!" გადააფურთხა ლოლამ, დაუმესიჯა "თხრილში ვგდივაააარ!!!!!" და მეორე საიმედო მაშველს, ნიკას დაურეკა. ნიკამ მობილში ჩამოილაპარაკა: "ჩერჩეტი ჭუკი!.. არსად წახვიდე და ჩემ მოსვლამდე ახტალაზე იფიქრე". ხუთიოდე წუთში მოვიდა ნიკა, თხრილის ნაპირზე ჩაცუცქდა და ლოლას დააკვირდა:

– არა, ტალახს კი ველოდი გამარჯვებულის მისამართით, მაგრამ ასე ოპერატიულად და ასე ნატურალურს, ნამდვილად არა!

– ამომიყვანე, რა, ნიიკ, გთხოოოვ! – ტალახიანი ხელი ამოუწოდა ლოლამ.

– მოითმინე, ჯერ პროექტი უნდა შევადგინო. – საფეთქლებზე შემოიწყო ხელები ნიკამ.

– რა პროექტი, ნიიკ? თენდება უკვე, ასე არავინ მნახოოს... ეგრევე ფეისბუქზე გამაშეარებენ!

– უი, ეს რა მესმის ჩემი უკომპლექსო იხვის ჭუკისგან! არ გკიდია? პირიქით, ასე უფრო პოპულარული გახდები. პოპულარობა ნებისმიერ ფასად!

– ნიიიკ....კარგი, რააა.

–  მოიცა! აი, პროექტი მოვიფიქრე. – ნიკამ თხრილიდან მავედრებელ, ხელებამოწვდილ  ლოლას რამდენიმე ფოტო გადაუღო ტელეფონით. – ახლა წავალ, ამ ფოტოებს პრესას მივყიდი და მოვალ. – ანუგეშა და შეტრიალდა.

– აუ, ნიიიკ, კარგი, რაააა, შენ ხო არ ხარ ეგეთიიიი?

– არ ვიყავი, მაგრამ გავხდი. ფული მჭირდება, რა გიყო? 

– კარგი, ჰოო... რას აფასებ მაგ ფოტოეეებს? – წკმუტუნზე გადავიდა ლოლა.

– ხუთიათასი ლარის ეკვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში.

– მე მაქვს ზუსტად ხუთიათასი ლარი. – ლოლამ კონვერტი ამოიღო და ნიკას გამოუწოდა.

– უი, რა დამთხვევაა! – ნიკამ კონვერტი ჯიბეში ჩაიდო, ლოლას ტალახიან ხელში ჩაავლო და ამოიყვანა. – ხელი დამისვარე და კულტურული ძეგლის დასვრისთვის კიდევ 50 ლარი ჯარიმა გეკუთვნის. ხომ არ გაქვს ეგეც?

ამ დროს ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა და ტაქსიდან მანუჩარი გადმოხტა.

– აი, ტელევიზიაც მოვიდა! – თქვა ნიკამ, – ღმერთო ჩემო, საიდან გაიგებენ ხოლმე ეს ჟურნალისტები, რა ყნოსვა აქვთ!

   რა ჩერჩეტი იხვი ხარო, მანუმ უთხრა ლოლას და მაგლუსთან რა მოგიხდაო, ჩუმად ჰკითხა. მაგას მერე მოგიყვებიო, ჩუმადვე უპასუხა ლოლამ. ბატონო ჟურნალისტო, ძალიან ძვირფასი ვიდეო მაქვს და ხომ არ დაინტერესდება თქვენი ტელევიზიაო? –  სახლისკენ გზაზე ნიკამ მანუჩარს ის ვიდეო ჩაურთო, სადაც ლოლა ტალახში ამოვლებული კნუტივით ამოკნაოდა თხრილიდან: "ნიიიკ.. კარგი რააა... ამომიყვანე გთხოოვ, გამორთე რა ეგ შენი ნოლი თაობის დედამიწნული ექსპონატიიი!".

– მოიცა, ხო მოგეცი მაგაში ხუთიათასი ლარი! – იყვირა ლოლამ.

– ეგ ფოტოებში. ვიდეოს ცალკე ვყიდი.

–  რა ხუთიათასი?! – შეჩერდა მანუჩარი. – ნიკა, ხუმრობ?  შენ ამას ფული გამოართვი?!

– არა, არ ვხუმრობ, ცხოვრებაში პირველად პროექტი შევადგინე და 5000 ლარი ხუთ წუთში გამოვიმუშავე. ახლა რაღა შემაჩერებს, რა კარგი რამე ყოფილა ეს პროექტი! წავედი, წავედი,  ტელევიზიებს უნდა დავუკავშირდე, ნუ მაცდენთ, დრო  ფულია! – ნიკა წინ წავიდა და კიბეებს ჩქარი ნაბიჯით აუყვა. მანუჩარი დაედევნა და არავის მისცეო, სთხოვა, მაგრად ჩავიჭრები გელასთან ძმობაში, ეგ ვიდეო რომ ნახოსო.

- რა გიყო! –  ხელები გაშალა ნიკამ, – ძმობაც კარგია, ძმისშვილობაც, მაგრამ ფული და წარმატებაა ჩვენი პრიორიტეტები! ეს თქვენ  ჩემგან არ გესწავლებათ.

 ბოლოს მანუჩარმა მურტალოს სახით ჰკითხა, რა ღირს ეგ შენი ტალახიანი ვიდეოო და ნიკამ ხუთიათას ლარად მიჰყიდა. ნიკა გაოცებული იყო, რა წარმატებული პროექტი გამოვიდაო. აფსუს! რამდენი ასეთი პროექტის გაკეთება შემეძლო ცხოვრებაში. რატომ ადრე არ მასწავლეთო?

ლოლა და მანუ კიბის ძირში იდგნენ და ალმაცერი მზერით, გულგატეხილები აჰყურებდნენ.

– მიდით ახლა, დაიბანეთ, მოწესრიგდით და მე გემრიელ საუზმეს გაგიმზადებთ – მდოგვიან სოსისებს ლუდით. ფული მააქვს. – ჯიბეზე დაირტყა ხელი ნიკამ და კიბეს აუყვა....

      საუზმეზე ნიკა ტრიალებდა, სუფრას შლიდა, ლუდს ასხამდა და უსტვენდა. ლოლა და მანუჩარი ნაცემი ძაღლებივით ქვემოდან ახედავდნენ და უგემურად იღეჭებოდნენ. მერე ლუდმა ცოტა ხასიათი გამოუკეთათ და მოცოცხლდნენ. ნიკამ ხან მათი გამარჯვების სადღეგრძელო დალია, ხან თავისი წარმატებული პროექტის, ხან მაგული დელბორაშვილის, რომელიც სამივე მათგანის წარმატების მოტივატორი გახდა:

– მაგული აღარ მიხსენოთ! – წამოიყვირა ლოლამ. –  აუუუ, ისევ უფულოდ დავრჩი, რააა! – უცებ  შუბლზე შემოირტყა ხელი, თითქოს სიზმრიდან გამოერკვა, – სამსახური უნდა ვიშოვო რამე...

– მეც... იმ მონტაჟის ფულით მე კამერას ვერ ვიყიდი. ვაკანსია ჯიზე უნდა შევიხედო.

– რა დამთხვევაა! – შესძახა ნიკამ და ჭიქები შეავსო. – მე მაქვს ორი ვაკანსია!

– რა ვაკანსია? – ერთხმად იკითხეს ახალგაზრდებმა და ლუდი ერთად გადაყლაპეს.

  ნიკა ადგა და მეორე სართულის კიბეს აუყვა. ლოლა და მანუჩარი დამაგნიტებულებივით ადგნენ და მიჰყვნენ. "რა ვაკანსია? რა ვაკანსია?" ეკითხებოდნენ ყოველ საფეხურზე. ნიკა თავის სამუშაო ოთახში შევიდა, მაგიდასთან დადგა, ლოლას და მანუჩარს ანიშნა, დასხედითო.

– განცხადება! – დაბოხებული ხმით დაიწყო. – ღია საზოგადოება "გზააბნეული იხვის ჭუკი" აცხადებს ორ ვაკანსიას ორი გზააბნეული იხვის ჭუკის პოზიციის დასაკავებლად. შესასრულებელი სამუშაო: მწერალ  ნიკოლოზ იაშვილის სამუშაო ოთახში განთავსებული ორი, წითელი და შავი კარადის შიგთავსის დამუშავება და ანალიზი. დაწვრილებითი აღწერილობა: თითოეული კარადა შედგება ხუთი თაროსაგან. თაროებზე, წიგნების სახით, განლაგებულია ქართული და უცხოური ლიტარატურის კლასიკა. ყოველი თაროს წაკითხვის და ჩაბარების შემდეგ შრომითი ანაზღაურება – ათასი ლარი. ყოველი კვირის ბოლოს, შაბათ–კვირას აპლიკანტი იხვის ჭუკები გაივლიან ხუთსაათიან ტრენინგს და ჩააბარებენ  წერილობით და ზეპირ გამოცდას წაკითხულის გაანალიზების და აზროვნების განვითარების მიზნით. სამუშაო პერიოდში იხვის ჭუკები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით და დღეში სამჯერადი, ან რამდენჯერაც მოშივდებათ, იმდენჯერადი კვებით. დედალი იხვის ჭუკი დაიწყებს წითელი კარადით, ხოლო მამალი იხვის ჭუკი – შავი კარადით, რათა წაკითხული ერთმანეთს არ მოუყვნენ და ამით სამუშაო არ გაახალტურონ. პროექტის ხანგრძლივობა: 5–6 თვე. საშუალო სტატისტიკურმა, წარმატებაზე ორიენტირებულმა იხვის ჭუკმა ერთ თაროს სავარაუდოდ უნდა მოანდომოს ერთი თვე, ან ცოტა მეტი – როგორც ხედავთ, ანაზღაურება საკმაოდ სოლიდურია, თვეში 800–1000 ლარი. ჰო, ტრენინგების კურსს წარუძღვება გზააბნეული ჭუკების ახალბედა სპეციალისტი, ხელმოცარული ქართველი მწერალი, ნიკოლოზ იაშვილი. განაცხადები შემოიტანეთ მისამართზე: სამი დაბლიუ, გზააბნეულიიხვისჭუკი.გე.

– აუცილებელი მოთხოვნები? – იკითხა მანუჩარმა.

– სრული სიჩერჩეტე და გზააბნეულობა, მაგ პუნქტში არ გაგიჭირდებათ.

– ვაიმე რა მაგარიააა! – აკივლდა ლოლა და დელფინივით ახტუნავდა ჰაერში. – ამის წაკითხვას რა უნდა, თვეში ერთ თაროს ნაღდად წავიკითხავ.

– დავაი, მოსულა!  მამაჩემის ტვინის ბურღვაც დამთავრდება, "ბიჭო, ერთხელ წიგნით დამენახე სკაიპში", – გამოაჯავრა მამას მანუჩარმა, – და კამერის ფულიც მექნება 5 თვეში.

– არა, თუ არ გინდათ, მე არ გაძალებთ. იხვის ჭუკების მეტი რაა? – თქვა ნიკამ და გავიდა.

- გვინდა, გვინდა!

– ალო, გელა, მუშაობა დავიწყე! – მაშინვე ძმას დაურეკა ლოლამ. – ხუთთვიანი პროექტია, ათასი ლარი თვეში!

ნიკამ ისევ შემოაღო კარი:

– ჯერ არ დაგიწყია! მე ახლა ჩავდივარ სამზარეულოში. შემოიტანეთ განაცხადები და განვიხილავ. პოზიცია მიუთითეთ აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ მიიღება.

     მანუჩარი და ლოლა აივანზე გამოჟრიამულდნენ, სარწეველებში ჩასხდნენ და გაორმაგებული ძალით  გადაქანდ-გადმოქანდნენ. ის თავიანთი 5000-5000 ლარი ასეთი სახით მიღებული, თუ დაბრუნებული, კიდევ უფრო ხიბლავდათ, სინდისს უმშვიდებდათ თითქოს.

– ეს მაგლუსაზე შებერტყილია. – თავი გადააქნია მანუჩარმა, სიგარეტს მოუკიდა და გაღიმებულმა სახურავს ახედა.

– რა მაგლუსა! ეს და პეიჯა რო დახეული ჯინსებით და გრძელი თმებით დადიოდნენ, მაშინ მაგლუსა კომკავშირის მდივანი იყო.

– მაგლუსა ახლაც კომკავშირის მდივანია. – თქვა მანუმ  და სიჩუმე ჩამოვარდა.

– ... და ჩვენ ვიყავით მაგის კომკავშირი, აზრზე ხარ? – ლოლამ და მანუჩარმა ერთმანეთს ფიქრიანად შეხედეს. იმდენხანს უყურეს ერთმანეთს თვალებში და ისეთი ფიქრიანი გაუხდათ თანდათან სახეები, რომ თანაგრძნობისგან წამიერად გაკოლაბორაციონისტებული ძაღლაკი მუცელზე მიხოხდა და ჯერ ერთს აულოკა ფეხის თითები, მერე – მეორეს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE