რეზო თაბუკაშვილის ფილტრი და ინტონაცია


რეზო თაბუკაშვილის ფილტრი და ინტონაცია




პირველი მოთხრობა რომ დაწერა, 20 წელზე მეტის ხნის იყო. ეს მოთხრობა აფხაზეთზეა, ომზე. მაშინ იქ ნამყოფი არ იყო. რეზო თაბუკაშვილი ომში მოგვიანებით მოხვდა, ბოლო დღეებში. 27 სექტემბერს დატოვა სოხუმი, ბარჟით. მას შემდეგ სულ „ომია“, ქვეყანაშიც და მის ტექსტებშიც - ზოგჯერ პირდაპირ, სიკვდილით, ცეცხლით და გამაყრუებელი ხმით, ზოგჯერ კი ძველი იარასავით ძლივს შესამჩნევი და ყრუდ მფეთქავი. ის პირველი მოთხრობა ვაჟა გიგაშვილმა დაუბეჭდა გაზეთ „მამულში“.

რამდენიმე წლის შემდეგ რეზო თაბუკაშვილმა პირველი წიგნიც გამოსცა - „ავტობიოგრაფია პროფილში“ (1999). შემდეგ სხვებიც მიჰყვა: „დაულაგირი: ABC (ანაპურნას საბაზო ბანაკი)“ (2005), „არასაფრენი დღეები“ (2005), „მზეო, არ ამოხვიდე“ (2009), „გემების ჩრდილქვეშ“ (2012), „13 დღე“ (2016), „მესამე თვალი“ (2016). დაწერილი აქვს დოკუმენტური სცენარები - "ქეთევან წამებული" (2003), "კოლაუ ნადირაძე" (2007). კიდევ ამ წლების განმავლობაში იყო რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალი, XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე დატრიალებული ქაოსის მიუხედავად რომ გამოდიოდა და თავს უყრიდა უახლეს ტექსტებს, თარგმანებს, ძველ და ახალ ავტორებს... და კიდევ იყო ბევრი ხეტიალი, როგორც ბავშვობაში დაწყებული გზის გაგრძელება, როგორც წერისთვის აუცილებელი პირობა.

საუბრისას ხშირად ახსენებს „ინტონაციას“ და „ფილტრს“ - რეზო თაბუკაშვილისთვის ეს ორი უმთავრესი ამბავია, როცა წერს. მისთვის ჟანრის ელემენტიც მხოლოდ სათქმელის გასაშლელად საჭირო ხერხია და არა ხელშეუხებელი საზღვარი. ამბობს, რომ მწერალი წერას სწავლობს გზადაგზა - საკუთარ შეცდომებზე, სხვისაზე, ასევე თავისსა და სხვის ოსტატობაზე. მის ცხოვრებაში ყოველთვის არის ადამიანი, ვისაც პირველად აკითხებს თავის ახალ ტექსტს, ვის აზრსაც ითვალისწინებს ან არ ითვალისწინებს, მაგრამ ეს აზრი მაინც ყოველთვის მნიშვნელოვანია. როგორი უნდა იყო წერის დროს? თვითკმარი.

 

„წიგნი სულ მიყვარდა, სულ ვკითხულობდი. ბავშვობაში არ ვწერდი. იტალიაში ვცხოვრობდი, პირველი მოთხრობა რომ დავწერე. მერე უკვე წავიდა და წავიდა. ჩემს აზრებს, განცდებს, ემოციებს ვიწერდი. ბლოკნოტები მქონდა - ლიტერატურისთვის ცალკე, ჩემი „სიბრძნეებისთვის“ ცალკე. მომეწონა წერის პროცესი, მოთხოვნილებად იქცა წერის სურვილი და მაგრად ვბრაზდებოდი ხოლმე, თუ სათქმელი იგვიანებდა, არ მოდიოდა. ჰემინგუეისაც ხომ აქვს ნათქვამი, პირველი წიგნი რა ადვილად იწერებაო. კი, პირველი წიგნი იოლად იწერება, რადგან არ იცი ბოლომდე, რა „შარში“ ხარ, რამდენი რამ გჭირდება, რამდენი რამის გავლა.

წერას რომ იწყებ, უთვალავი არჩევანია, ხომ? და რაზეც არ უნდა წერდე, მთავარია, შენ რას გაუსვამ ხაზს, სად დასვამ აქცენტს... მოკლედ, შენს „ფილტრებში“ ატარებ. ეს „საავტორო ფილტრია“ და ეს მთავარი ამბავია. კიდევ ინტონაცია მგონია მნიშვნელოვანი, პოულობ და აგებ მთელ ამბავს. რა ამბავს ჰყვები, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი ინტონაციით აკეთებ ამას. არასოდეს ჟანრის კანონებით და ჟანრის გამო არ ვიწყებ წერას, არ ვფიქრობ წინასწარ - რა იქნება. მთავარია, ჩემი ინტონაცია, ჩემი სათქმელი დავიჭირო და ამ ამბის გასაშლელად თუ რა ელემენტი შემოვა - დეტექტიური, დოკუმენტური თუ სხვა რამ, ეს უკვე პროცესის ამბავია. ეს ყველაფერი ამბის შესაფუთად გჭირდება, რომ ამბავში შეაძვრინო, შეაპარო საკუთარი ინტონაცია და მუღამი, თორემ თავისთავად, შეიძლება, ამბავიც არ იყოს მთავარი.

ბევრი შთამბეჭდავი ტექსტი წამიკითხავს და ვიცი, რომ რაღაცნაირად თვითკმარი, სავსე უნდა იყო წერის დროს, თუნდაც უარყოფითი ენერგიით, მაგრამ ამის მიღმა რაღაც დიდი სიმშვიდე, ძალა, იმედი და ცოდნა უნდა იყოს. თუ ეს ყველაფერი არ გაქვს დალაგებული, არაფერი გამოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ იმის ცოდნაა, რაზეც წერ - შიგნიდან, დოკუმენტურად. მკითხველს ვერაფერს მოატყუებ და თუნდაც ზღაპარს წერდე, დამაჯერებელი უნდა იყო. რასაკვირველია, ავტორს რაღაც დონეზე შეუძლია საკუთარი ტექსტის შეფასება. პუშკინი რომ წერდა, თავის თავს რომ შეუძახა: «Ай да Пушкин! Ай да сукин сын!» მთლად ამას კი არ ვგულისხმობ, მაგრამ ავტორს შეუძლია იმის მიხვედრა, სად რა როგორ გამოუვიდა, სად გადაამლაშა, სად კარგად იმუშავა. წერის დროს შეფასებასა და მკითხველზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ხანდახან მაინც თავისით იპარება რაღაც და მერე, როცა ვკითხულობ, ვხვდები, რომ ეს კონკრეტულ ვიღაცას მოეწონება, კონკრეტულზე გავიფიქრებ. არის ხოლმე ასეც. თუმცა არის კიდევ კრიტიკოსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწერლისთვისაც და ლიტერატურული პროცესისთვისაც“.

1994 წელს გამოვიდა ჟურნალი “XX საუკუნე”, რამდენიმე წლის შემდეგ - "ახალი საუკუნე", მერე - "New Centure“, უკვე ინგლისურენოვანი ვერსია. უამრავი ტექსტი ითარგმნა ამ გამოცემისთვის. რეზო თაბუკაშვილი სამივე ჟურნალზე მუშაობდა. როგორც ახლა იხსენებს, იმ დროს ეს ჟურნალები სხვადასხვა თაობის მწერლებისთვის ერთგვარი თავშეყრის ადგილი იყო, სადაც იბეჭდებოდა დებიუტიც და უკვე აღიარებული ავტორებიც, სადაც ერთმანეთს იცნობდნენ და ლიტერატურაზე მსჯელობდნენ. როგორც ამბობს, ლიტერატურული გამოცემა ქვეყნის „შიდა ჩემპიონატივითაა“. წარმოიდგინე, ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი არ გქონდეს და პირდაპირ მსოფლიოზე გინდოდეს გასვლა; თუ ახალი ტექსტები არსად დაიბეჭდება, თუ მერე ამ ტექსტებს არ შეაფასებენ კრიტიკოსები, მკითხველები, ვერც ვერავინ გაიზრდება და წინაც ვერ წავალთ; ჩათვალეთ, რომ ლიტერატურული პროცესი ცუდად კი არ მიდის, უბრალოდ, უზარმაზარი ნაწილი აკლია ან სულაც არ არსებობსო.

“XX საუკუნე” ჩვენი ოჯახის ხარჯით გამოდიოდა. “XX საუკუნის” რედაქტორი იყო ზაალ სამადაშვილი, მე - მისი მოადგილე. ჩვენს ოჯახში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ბნელ 90-იანებში. მამაჩემი, ზაალი და მე ვაკეთებდით. დაახლოებით, 10 წელი გამოდიოდა ეს სამივე ჟურნალი. ჩვენს სახლში გადაწყდა „New Centure“-ის გამოცემაც. სტუმრად იყო გია ჭანტურია, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მაშინდელი ხელმძღვანელი. თქვა, ძალიან კარგი ჟურნალი გაქვთ და ინგლისურადაც შეიძლებოდა ყოფილიყოო. ვუთხარი, რომ თუ დაფინანსება იქნება, მე ამის ორგანიზებას გავაკეთებდი. ოთხი ნომერი გამოვიდა. 60 ავტორი ითარგმნა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მეხუთე ნომერიც მზად იყო და მერე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და უკვე შეკრული ნომერი ვეღარ დაფინანსდა. „საარში“ ვბეჭდავდით. მერე დილაუთენია მივდიოდით ვაგზალზე და ვაბარებდით გამავრცელებლებს. ცოტა იყიდებოდა, ვის ჰქონდა ჟურნალის საყიდელი ფული. პრაქტიკულად, სულ საჩუქრად რიგდებოდა.

თითქოს ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს მწერლობას, აგრესიასაც კი იწვევს დაფინანსებაზე ლაპარაკი. არადა, მეტი რა ვართ, სულ ამით არ მოვედით, ან მხოლოდ ამით?.. ამხელა ტრადიცია გვაქვს და დღეს ყველაზე მწირი დაფინანსება ლიტერატურას აქვს. როცა ამბობენ, ყველგან ასეა, მთელ მსოფლიოში არსად აფინანსებენ მწერლებს, გამოცემებსო, არ არის სიმართლე. ჯერ ერთი, რომელ მსოფლიოზეც ლაპარაკობენ, იქ სხვა ცხოვრებაა და სხვა მასშტაბის ბაზარი; მეორეც, დღეს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ლამის მწერლებზე მეტი ლიტერატურული გამოცემა და კრიტიკის ჟურნალები აქვთ. სახელმწიფო დღემდე აფინანსებს მწერლობას, რადგან იცის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

კი, დღეს ფულის ფასი იციან, მაგრამ ეს ფული კულტურის განვითარებას რომ მოახმარონ, ეს არ უნდათ. ომის დროსაც კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი კულტურაა, ტანკებზე დიდი. „ცივი ომის“ მთელ პერიოდში კულტურა იყო ერთ-ერთი იარაღი, რითაც თავიან უპირატესობებს უმტკიცებდნენ ერთმანეთს ეს ქვეყნები. დღეს ამოვარდნილია ეს თემა თამაშის წესებიდან, მარტო აქ კი არა, სხვაგანაც, საქართველო ანარეკლია ხოლმე რაღაცების, ცოტა ბუნდოვანი. მოვა თაობა, რომელიც ამას სხვანაირად შეხედავს და დაალაგებს... ისე, ჩვენ კი ვიყავით ის თაობა, ასე უპირობოდ რომ არ მივიღებდით ყველაფერს. არც მივიღეთ და დავრჩით ასე, რაღაცნაირად გვერდზე, სადღაც შეყრილები...“

ძველი - ახალი, ჩამოსული - წასული - დაბრუნებული... რეზო თაბუკაშვილის რომანებსა და მოთხრობებში სულ არის ორი ან რამდენიმე სამყაროს „კონფლიქტის“ ზონა და ხაზი - შეთავსება და შეუთავსებლობა. ამბობს, რომ თავისთავად, არ შეიძლება რომელიმე ან ძალიან კარგი იყოს ან ძალიან ცუდი - ზოგჯერ ძველი ახალზე გაცილებით ცოცხალი და მჩქეფარეა. მთავარი კი ისაა, რას მიიჩნევ ფასეულად, რა გინდა მიიღო ამ სამყაროსგან და რაზე გინდა თქვა უარი, ძველი გინდა დაანგრიო და ახალი ააშენო, თუ ძველი შეინარჩუნო და ახალიც ააშენო, ან კარი ჩარაზო და აღარაფერი მიიღო. როგორც თავად ამბობს, საით გადადგამ ნაბიჯს, შენი გადასაწყვეტია, გემოვნება ხომ მარტო ის არ არის, როგორ გაცვია, ეს უფრო სამყაროს ხედვა და არჩევანია. დღეს იმდენი პოლიტიკაა ყველაფერში, ამაზე წერა არ მინდაო და იმასაც ფიქრობდა, ომზეც აღარ დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ აქვს სათქმელი, ჯერ კიდევ „მოაქვს“ იმ დროს და წლებს.

 „ლიტერატურას არ აქვს დიდი გავლენა ხალხზე. კი, იყიდება წიგნები, კითხულობენ, მაგრამ ხალხი ძირითადად სხვა რამით არის დაკავებული. ბევრი პოლიტიკაა. ხალხს შეუძლია რაღაც აქცენტების დასმა, უნდა მოინდომოს შემობრუნება. ახლა ყველა ძალიან გამწარებულია. იმ დღეს ტრანსპორტში რაღაც პატარა ინციდენტი მოხდა და ალაპარაკდნენ. ძალიან მწარედ ლაპარაკობდნენ, ბოროტად და ბოღმიანად კი არა, ყველას თავისი სიმწარე ალაპარაკებდა. რთული დრო გამოვიარეთ და იმის გააზრება, რომ „თუ გადარჩი, წინ უნდა იარო“, ვერ მოვასწარით. ჩვენმა თაობამ ეს ნაკლებად იცოდა, ჩვენმა მშობლებმა კიდევ უფრო ცუდად - სულ სხვა ცხოვრებიდან სულ სხვა ცხოვრებაში გადახტნენ, სხვა სიზმარში გაიღვიძეს. ძნელი იყო ამ მომავლის განჭვრეტა, ვერავინ წარმოიდგენდა.

აღარ ვწერდი ხოლმე იმ დროზე. ბევრი აღარ ლაპარაკობს ომზე, ჩემზე მეტი გამოცდილება რომ აქვთ და დიდი მეომრებიც რომ არიან. ეს „დაბრუნებასავით“ არის და ვის უხარია ომში დაბრუნება. ისე, შეიძლება სადღაც ძალიანაც გინდოდეს დაბრუნება, მაგრამ, მოიხედავ და აღარ არის ის ადგილი. წლების განმავლობაში რაღაც საყრდენები გეცლება, გაიხედავ და რომ ფიქრობდი, აქ რაღაც დიდი სიმყარე იყო, საყრდენი და - ბაც! აღარ არის, გაჩეხილია, გამქრალია. და ზუსტად ასეთ დროს ხვდები, რომ წარსული უნდა დატოვო, წინ უნდა იარო. წარსულს დიდი ძალა აქვს, შეუძლია ჩაგითრიოს, წაგიღოს. ამიტომ უნდა დისტანცირდე. შეგიძლია გამოიყენო, როგორც მასალა, მაგრამ არ უნდა დაგიჭიროს.

ომში ცოტა ხნით ვიყავი, მაგრამ საკმარისი იყო, რაც ვნახე. ბევრი კარგიც იყო და ბევრი ისეთიც, მარტო ომში რომ ნახავ. შარშან მივიღე ერთ პროექტში მონაწილეობა - „მწერლები მშვიდობისთვის“. ომის თემაზე ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ დავწერე ომზე. კარგი კრებული გამოვიდა. ეს მოთხრობა და კიდევ რამდენიმე შევა ახალ კრებულში, რომელიც მინდა ამ წელს დავამთავრო. ეს კრებული კარგი სტიმული აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნებოდი ომს. მივხვდი, რომ კიდევ მქონია სათქმელი. ომი „კარგი მასალაა“, მძაფრი და მკვეთრი ემოციები მოაქვს, მაგრამ ცუდია, ყველა ომი ცუდია. სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად უყურებ და სხვადასხვანაირად წერ იმ ამბებზე. წლები თავისას შვება, მაგრამ აფხაზეთი...“

 „აფხაზეთი სულ მესიზმრება...“ ამბობს, რომ ადრე უფრო ხშირად ხედავდა ასეთ სიზმრებს, ახლა ნაკლებად, თუმცა ის არსად წასულა. ახლაც ცხადად წარმოიდგენს ხოლმე სახლს ლიძავაში და მრავალსტუმრიან დიდ ოჯახს, სადაც ძალიან ბედნიერი იყო, სადაც მუდმივად ხედავდა საქმის და ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულს. მისი ოჯახი - რეზო თაბუკაშვილის მშობლები, ბებიები და ბაბუები, მემკვიდრეობა - ალბათ, სხვა შეხვედრის თემა უფროა, რადგან ეს ვრცელი და საინტერესო ისტორიაა, რომელიც, ზედმეტი კვლევის გარეშეც კი, მაგალითად, ყველასთვის ხელმისწვდომ ვიკიპედიაში მე-19 საუკუნიდან იწყება, ცნობილი პედაგოგების ცხოვრებითა და მოღვაწეობით. ჯერ კიდევ სკოლაში დიდი ბაბუის, შალვა თაბუკაშვილის დაწერილი სახელმძღვანელოებით სწავლობდა. მერე იყო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი - სანამ ყველაფერი „აინთხლეოდა“.

„ერთი წლიდან აფხაზეთში ვიზრდებოდი. ლიძავაში, ჩვენს სახლში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა. გასაბერ ნავებში შეგვეძინა ხოლმე. უზარმაზარი აივნები ჰქონდა იმ სახლს და ჩვეულებრივ სადილზე სამ რიგად იშლებოდა სუფრა, დიდიან-პატარიანად იმდენი ხალხი გროვდებოდა. ძალიან მხიარული სახლი იყო, სტუმრიანი. მანდ ვისწავლე ზღვა, მას შემდეგ ასეთი ზღვა არც მინახავს, მართლა არ მინახავს, არადა ნახევარი პლანეტა მაქვს მოვლილი. ჩემი ოჯახის ამბავი... ჩემი ოჯახის ამბავი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბებია და ბაბუა და დიდი სიყვარული. ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო ამ ოჯახში ცხოვრება. და იყო კიდევ ძალიან დიდი შრომის მაგალითები, რომელსაც ვუყურებდით. ბებია სახლში რომ იყო, სულ მუშაობდა. საკუთარ მონოსპექტაკლებს სულ თვითონ წერდა, ძალიან კარგად უჭრიდა სიტყვა, ამ გადასახედიდან შემიძლია ამის თქმა. შესაშური მონოსპექტაკლები აქვს გაკეთებული. სულ მუშაობდა ბაბუაც. და რაც მთავარი იყო, მოსწონდათ, რასაც აკეთებდნენ, ძალით კი არ აკეთებდნენ, უყვარდათ, სიგიჟემდე უყვარდათ. დაფასებაც სხვა იყო, ხალხს მეტი დრო ჰქონდა კულტურისთვის, ხელოვნებისთვის.

ფილოლოგიურზე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და პირველი ორი კურსი გადასარევი დრო იყო. მერე 9 აპრილი მოხდა და მთელი ქვეყანა „ამოვარდა“, ჩემი სწავლაც, ყველაფერი აინთხლა. აქციებზე რამდენჯერმე ვიყავი მისული, მთელი თაობა იქ იყო, პოლიტიკოსებთან არ მქონია შეხება, მაგათ დაძახებაზე არ მივსულვარ და მუდმივადაც არ დავდიოდი. იმ დღეს ჩემმა კლასელმა დამირეკა სახლში, მამა ჰყავდა მაღალი თანამდებობის პირი, არ წახვიდეთ ამაღამ, საშიშიაო. მე და ჩემი ძმაკაცი წავედით. იქ ვიყავი, როცა დაიწყო ის ამბავი. ფარებს შიგნით შევვარდი და მაგრად მირტყეს. მამაჩემიც გალახეს. ლაშა მეცხრე საავადმყოფოში მოხვდა, მე -რესპუბლიკურში. მეც და ლაშაც მკვდრების სიაში ვეწერეთ. მაშინ მობილურები არ იყო, არაფერი, ძლივს გვიპოვეს. მამაჩემმა რომ გაიგო სად ვიყავი, გამოიქცა საავადმყოფოდან და ჩემთან მოვიდა. დაგვიხოცეს გოგოები. აღარ მიყვარს იმ დროის გახსენება და არც იმის განსჯა, სხვანაირად რა შეიძლება მომხდარიყო.

ამ პატარებმა ჩვენ შესახებ არაფერი იციან, წარმოდგენა არ აქვთ ჩვენზე. ვიღაცამ უნდა აუხსნას, სწორად აუხსნას. ვისაც არ ეზარება, წარსულის გინებით იკეთებს კარიერას. რაღაც ბეჭედი დაგვასვეს - საბჭოთა კავშირის დროს თუ დაიბადე, მორჩა! მერე 90-იანები თუ გამოიარე, მორჩა! თითქოს არც თავისუფლები ვიყავით და არც არაფერი კეთდებოდა. თითქოს მერე ყველა ნარკომანი და ყაჩაღი იყო. მეათე კლასში ვიყავი და თემა მოვიდა - მე ვარ საბჭოთა კავშირის მოქალაქე. მე და ჩემმა მეგობარმა დავწერეთ, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ატყდა მთელი ამბავი, ნიშნებს არ გვიწერდნენ. მგონია, რომ თაობები ადრე უფრო იცნობდნენ ერთმანეთს. ბაბუაჩემის ძმაკაცებთან ვმეგობრობდით, ბევრ საერთოს ვპოულობდით, ძალიან ძვირფას რამეებს ვუზიარებდით ერთმანეთს. არც მე მინდა ყოველი მეორე ომზე ლაპარაკობდეს და იმის იქით წინ ვერ წავიდეთ და არაფერი შეიცვალოს. თუმცა ობიექტური, დოკუმენტური ინფორმაცია უნდა გვქონდეს, რადგან სულ არიან ტიპები, რომელთაც პოლიტიკური გათვლები აქვთ ამ თაობებს შორის დაპირისპირებაზე. ერთმანეთის გამოცდილება გამოგვადგებოდა, უკრიტიკოდ მიღებაზე კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ არც „ტორმუზები“ არიან ამაზე. ასეთი ლაპარაკი პატარა კაცების ამბავია, რა“.

იმ თაობამ კი, რომელმაც 90-იანები გამოიარა, იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა, არადა, თითქმის სამი ათეული წელი საკმარისი უნდა ყოფილიყო ბევრი რამის შესაძენად, გასაკეთებლად, ფეხზე დასადგომად. როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობს, რომ არა ის წლები, დღეს გმირობად არ ჩაითვლებოდა ისეთი საქციელი და წესები, რომლებიც, უბრალოდ, კანონებში წერია, რომლებსაც ბუნებრივად უნდა იცავდე და ასრულებდე. იმ წლებმა წაიღო სიმშვიდის, განვითარების, განათლების და კიდევ ბევრი სხვა რამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, 90-იანებმა მოიტანა გამოცდილებაც, რომლის უკეთესად გამოყენებაც შეგვეძლო. შეიძლებოდა უკეთ გააზრება, დასკვნების გაკეთება და ნებისმიერი გახლეჩისა და დაპირისპირების თავიდან აცილება. რადგან დღეს „არ მომწონს“ ისევ უბრალო „არ მომწონს“ და არჩევანის თავისუფლება კი არ არის, არამედ „თუ არ მოგწონს - მტერი ხარ!“ მისი აზრით, იმ წლებმა თემებიც მოიტანა ტექსტებისთვის, ფილმებისთვის, ხელოვნებისთვის და ეს თემები ნიჭიერმა ხალხმა ნიჭიერად გამოიყენა.

„90-იანებმა ბევრი რამ წაართვა ჩვენს თაობას. ყველაზე მთავარი - ჩვენი თაობის ბიჭები და გოგოები. დღეს ყველაზე მეტად ეს ხალხი გვაკლია. ძალიან ხშირად ვგრძნობ მათ არარსებობას. ისე წავიდნენ, შვილებიც კი არ დარჩათ. ესენი რომ დღეს ყოფილიყვნენ, ალბათ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით, სხვანაირი თამაშის წესები იქნებოდა, სხვა მენტალიტეტი. განათლებული, გულწრფელი, ლაღი თაობის ადამიანები, რომლებიც ასე ადვილად არ მიიღებდნენ იმ ნაგავს, რასაც დღემდე ვებრძვით. ხელისუფლება არ უნდა გიყვარდეს, არცერთი ხელისუფლება და მის გამო ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ ადამიანები.

გამმეტებლები სულ ვიყავით. ის „37 წელიც“ რატომ მოხდა, საიდან მოვიდა ამდენი მხეცი? "ფას" - უთხრა ხელისუფლებამ ხალხს და დაიწყო. თუ "ფას" ეუბნები და თან არწმუნებ, რომ არ დაისჯება, პირიქით, დაწინაურდება, ეგრევე იღვიძებს ის გამმეტებელი. რა თქმა უნდა, ყველაში არ იღვიძებს, ზოგს შინაგანი ცენზურა არ აძლევს ამის საშუალებას. დღეს „შინაგანი ცენზურა“ ცუდ რამედ ითვლება, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ის ინტელექტზე, სიღრმეზე, განათლებასა და კეთილშობილებაზე დგას. ასეთ ადამიანს არ შეუძლია ნებისმიერი სისასტიკის ჩადენა. სხვა შემთხვევაში, როგორც კი „ფას“ ისმის, მხეცები თავისუფლდებიან. ბოლო ათწლეულებმაც ეს არ აჩვენა? თუ ეტყვი, „გაჩერდი“, მაშინვე ჩერდებიან. ასეთები მშიშრები არიან და პასუხისმგებლობას გაურბიან.

რაც წაიღო, წაიღო იმ 90-იანებმა, მაგრამ მოიტანა დიდი გამოცდილებაც, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ცუდად და ნაკლებად ვიყენებთ. არადა, შეგვეძლო დღეს ხედვის სხვა ვარიანტებიც გვქონოდა. პიროვნულად, ალბათ, კონკრეტულმა ადამიანებმა უკეთ გამოიყენეს, როგორც მასალა შემოქმედებისთვის. უხეშად რომ ვთქვა, იმ დრომ თემები გააჩინა და მოიტანა. ძალიან ძლიერი ტექსტები დაიწერა, ფილმები გადაიღეს, ხელოვნება უფრო ცოცხალი იყო და უფრო იბრძოდა. ახლა რომ ვფიქრობ, იმ ჩაბნელებულ დროში, თუ რამე აჩერებდა იმ ტყვიებს, თუ რამე ისმოდა სროლის ხმაზე ძლიერად, ცეცხლზე მეტად ათბობდა და ანათებდა, ეს ხელოვნება იყო“.

იწყება და მთავრდება ომები და მაინც ამ ეტაპებს უფრო იმით აფასებენ, რა გაკეთდა და რა შეიქმნა. რეზო თაბუკაშვილი ამბობს, რომ ეს დროები უფრო მოსავლის აღების სეზონებივით არის. მერე ერთად აფასებენ, რომ აი, ამ დროში ეს, ეს და ეს დაიწერა; რომ ყველა დროს თავისი სათქმელი მოაქვს და მაინც, არის რაღაც თემები, რომლებმაც შინაგანად უნდა „მოგქაჩოს“, რომ მასზე წერო, კარგად წერო. დაგეხმაროს, მოერგოს შენს ამბავს და ინტონაციას, მაგრამ ამ თემების ტექსტებში ძალით შეთრევა სწორი არ ჰგონია. ვიღაცებს, რაღაცებს რეალური ცხოვრებიდანაც იღებს ხოლმე, ზოგჯერ თავიც ამოუცნიათ, მაგრამ არ გაბრაზებულან, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, „ბოროტად“ არ წერს. ახლა ისევ ბაბელს თარგმნის, რომელსაც ბევრჯერ მიუბრუნდა და დღემდე განსაკუთრებულად მოსწონს.

„ყველა ტექსტს, თარგმანსაც კი, მაინც შენს საყრდენებს არგებ, საშენო ფილტრში ატარებ და საშენო ინტონაციით ცვლი. მაგალითად, თომას ვულფს მთელი სანათესაო არ ელაპარაკებოდა და მთელი ის პატარა ქალაქი გაებუტა, რომელზეც დაწერა და ამ დროს დაწერა ძალიან მაგარი წიგნი. თუმცა არის რაღაც დელიკატური მომენტები. მაგალითად, ჰემინგუეიმ როცა ფიცჯერალდის ცხოვრების დეტალები აღწერა, ალბათ, მაგასაც ზედმეტი მოუვიდა. ძალიან დიდი ძალა აქვს ტექსტებს. ჩვენ თავზე რომ ავიღოთ, ყველას გვახსოვს, რა გავლენა მოახდინა სხვისმა ტექსტებმა...

სიტყვებს, განსაკუთრებით, პერსონაჟის სიტყვებს აქვს დიდი ძალა, ამიტომ უნდა იყოს ზუსტი და მორგებული, თორემ სიტყვა კი არ გამოვა, არამედ ხმაური, ცუდი ხმაური, ხელის შემშლელი. კი, დღეს ქართულში ბევრი ბარბარიზმია, როცა სპარსული სიტყვები შემოდიოდა, მაშინაც ეგრე იქნებოდა. მერე რუსული სიტყვები იყო, ახლა ინგლისური შემოვიდა. მგონია, ენა მაინც ყველაფერს მოუვლის. სამუშაო პროცესის ნაწილია რედაქტორიც. ამ მხრივ ძალიან დიდი სკოლაა უცხოეთში. თავისთავად უნიკალური მოვლენები არიან. იმავე ტომას ვულფს ნახევარი წიგნი ამოუჭრეს, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს, თვითონაც ძალიან დიდია და დიდი ავტორებიც ემორჩილებიან. სულ მიკვირდა ხოლმე ეს რედაქტორები თვითონ რატომ არ წერდნენ.

ახლა ბაბელს ვთარგმნი. დიდ პატივს ვცემ ამ მწერალს. ბევრჯერ მივუბრუნდი. ისეთი ტექსტები, მიბრუნება რომ აღარ მინდა, აჯობებს იქ დარჩნენ, სადაც არიან. კარგად ვარ, როცა ვწერ. როცა ფორმაში ვარ შესული, დილით გაღვიძება მიხარია. მეჩქარება, რომ დავჯდე და დავწერო. პიესა მხოლოდ ერთხელ დავწერე. მინდოდა, ერთი გოგოს წინაშე, როგორც პიესის ავტორი, ისეც წარვმდგარიყავი. მაინტერესებდა, გამოვიდოდა თუ არა. არ ვიცი, კიდევ დავწერ თუ არა, თუმცა ამ ერთხელ სიამოვნებით ვიმუშავე. კიდევ ჩანაწერებს ვაკეთებ, ეს უფრო განწყობილებებია, და არა ბლოგები. ხანდახან ვიცი ხოლმე გამოხდომები. ახლა ორი მოთხრობა მაქვს უკვე მზად, ერთი „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. როგორც ვთქვი, ამ წლის ბოლომდე მინდა მოთხრობების კრებულიც გავაკეთო. ვნახოთ, ეს პიესაც რას იზამს“.

მოგზაურობა ჩემი ძალააო, ამბობს რეზო თაბუკაშვილი. როგორც კი რაღაც შესაძლებლობა უჩნდება, მაშინვე სამოგზაუროდ მიდის. გარდა იმისა, რომ ბავშვობაში შეძენილი ხეტიალის ჩვევა აქვს, მოგზაურობა საწერადაც სჭირდება. აეროპორტიდანვე იწყებს წერას. თბილისში უფრო გადარჩენისთვის ვმუშაობ, იქ კი სხვა სამყაროა, სხვა დინამიკა, სტიმულიო. ადგენს გარკვეულ რეჟიმს, რომელსაც ყოველთვის იცავს. აქ წერს თუ მსოფლიოს რომელიმე წერტილში, ყოველ ჯერზე ახლიდან იწყებს: უბრალოდ გამოცდილება გეხმარება, რომ ძველი შეცდომები აღარ გაიმეორო, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს მაინც ახლიდან დაწყებააო. მქონდა ცდუნება, საზღვარგარეთ მეცხოვრა, მაგრამ გული მაინც სულ აქეთ მომიწევდა და აკი, ვბრუნდებოდი კიდეცო. სხვა ქვეყანაში როცა არის ყველაზე მეტად ღია კაფეებში წერა უყვარს.

„მიდიხარ და პეიზაჟი იცვლება, ენერგეტიკა და სიმძიმეები გშორდება გზადაგზა. ხვდები, რომ თავისუფლდები. აზიაში - ნეპალსა და ინდოეთში ყოფნის ორი კვირის თავზე მივხვდი, რომ რაღაც ქვები ჩამოვყარე. ფიზიკურად იცვლები და გვერდიდან უყურებ და ხვდები, რომ სულ ტყუილად დაათრევ ამ სიმძიმეებს. ოსტაპ ბენდერი რომ ამბობდა, 22 ტონა ჰაერი აწვება ყველა ადამიანსო და შენ კიდევ ამატებ. აქაურობას ახასიათებს ერთმანეთის მონდომებით „დატვირთვა“ და იქ კიდევ თავისუფლდები და ხედავ, რომ სხვა მუღამი ჩნდება. საერთოდ, მუღამია ყველაფერი - შენი, სხვისი. რაღაცას რომ კითხულობ, მაშინაც იმ ავტორის მუღამებს აფასებ.

დილით ვმუშაობ ხოლმე. „მესამე თვალის“ წერის დროს ნეპალში ვიყავი, მერე - ინდოეთში. კარგად ვიმუშავე, 80-90 პროცენტი იქ დავწერე. „მე-13 დღეს“ ნიუ-იორკში ვწერდი. ცუდ ამბავზე მოგვიწია წასვლა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და კარგადაც ვიმუშავე. ორ წელიწადში დაიწერა ეგ ორივე წიგნი. კარგი პერიოდი იყო. მარტო მოგზაურობაც მიყვარს და სხვებთან ერთადაც. მქონდა იმის ცდუნებაც, რომ საზღვარგარეთ დავრჩენილიყავი. მე და ჩემი ძმა ოჯახებით ვცხოვრობდით იტალიაში აფხაზეთის ომამდე. მაშინ უკვე შვილი მყავდა. ახლა ბაბუა ვარ, ორი შვილიშვილი მყავს. იტალიაში ვიცხოვრე წელიწად-ნახევარი. არ იყო ჩემში და არ მომინდა იქ დარჩენა. თუმცა მშვენიერ, კარგ პირობებში ვიყავით. ჩვენი ოჯახის მეგობრები და ახლობლები გვეხმარებოდნენ. ტონინო გუერა იყო ჩვენი მასპინძელი. მაშინ აქ დაბრუნება მინდოდა, ახლა წასვლა მინდა, მაგრამ სულ წასვლა არა.

ისე, ამ ბოლო დროს იტალიაში ვიყავი მარჯანიშვილის თეატრთან ერთად. გამოვედი, ღია კაფეში დავჯექი და წერა დავიწყე. ჩამოიარა ვიღაც იტალიელმა და მომაძახა - „სპექტაკლო“. ჩათვალა, რომ ვიპრანჭებოდი, ყურადღების მისაქცევად ვიჯექი. ბავშვობიდან დავხეტიალობ. დიდი გზა მარტომ მხოლოდ ერთხელ გავიარე, ანაპურნის საბაზომდე ავედი. ამაზეც დავწერე კიდეც „დაულაგირში“. პირველ ქართულ ექსპედიციასთან ერთად ვიყავი ჰიმალაებში. მერე იყო კატმანდუ და ტიბეტი. ალპინისტი არასოდეს ვყოფილვარ, ხეტიალი მომწონს. ზღვა და მთა, ორივე ძალიან მიყვარს. ბავშვობაში მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს, კარგი ხალხი იყო, ვინც გვატარებდა. ახლაც დადიან, ალბათ, ახლა უფრო ტურისტული გახდა ქვეყანა. მაშინ უფრო ველური ამბები იყო. ჩვენმა თაობამ გემრიელად იბოდიალა კარვებით...“

კი, რეზო თაბუკაშვილს ხეტიალი უყვარს, თუმცა მისი პერსონაჟები მასზე თავზეხელაღებული მოგზაურები არიან - პირველივე გვერდიდან „გიკიდებენ“ და ბოლო გვერდამდე არ გიშვებენ. ეს მოგზაურობა ყველასთვისაა - „შინაგანად გვარიანად დალეწილი ხალხისთვის“ და მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო „საკუთარი ჭინკების“ გაცოცხლება; ხან მატარებლით მიქრი, ხანაც თვითმფრინავსა და გემს აფარებ თავს, გარბიხარ, ბრუნდები და ცდილობ, თვალებში უყურო იმ „ჯოჯოხეთის აჩრდილებს, ნებისმიერ დროს და ადგილას რომ ძერწავენ ადამიანები“ და ელოდები „ნათელი მხარის ხორცშესხმას, რომ ალქაჯები თავისით გაქრნენ...“ და მართლაც ქრებიან.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE