თვალი რომ შტერდება


თვალი რომ შტერდება




აბასთუმანი

 

ქილასავით გამჭვირვალეა ჩემი ტანი.
რძესავით მარყევს ცხოვრება.
ხანგრძლივი თქვეფის შედეგად ორ ნაწილად ვიყოფი.
ისე ადვილად შეუძლია მაქციოს კარაქად,
პურთან და თაფლთან სარეცელსაც გავიზიარებ.

პიტნის ნაყენის ბოლს უცქერს კაცი.
ისე ხარბად ილუკმება,
ლამისაა მთელი აბასთუმანი ჩაყლაპოს.
ადრეა ახალი წელი.
მისი უხეში ულვაშის ღერზე
ნაძვის ხის სათამაშოსავით დავეკიდე.
თითქოს ვიღვრები ნიკოტინიან კარიესში.

ჭლექის სოჭებია ირგვლივ.
სდუმან ყვავები.
ახლა თუ სნეულ ფილტვს ვეამები,
არ ამომანთხევს მწვანე რუ,
დუმფარიდან გატაცებულ პეპელასაც მოვწყვეტ
გომბეშოს ენის ჰორიზონტიდან.

 

 

ირინეს ბაღი

 

დღესაც ოთხმოცდაათიანი წლებით გავიღვიძე.
ყოველდღე ვეძებ ისეთ ტელეფონს,

თითს რომ ჩათხრიდი მრგვალი ფორმის ათივე თვალში,
ნაბახუსევის ხმასავით რომ დაიხრიალებდა.

დილიდან რაიკომში ვრეკავ.
ჭრელჰალსტუხიან კაცებს ვეძებ.
სასწრაფოდ დააბრუნონ ბაღში წითელი მიწა!
აკეცეთ ეს სასაფლაო,
სადაც ათასობით თანატოლის ნესტოები ჩამიტენეთ.
კაბელს გამოჟონილი წიკვინი მესმის, ყურმილი დავკიდო,
ვინმე ტუჩის კუთხეებთან ყავამოთხვრილი ქალისა.

რად გამიქციეთ მებრძოლი სულის ბრინჯაოს კაცი?
რა ტკბილად  ფშვინავდა ფიჭვებში.
სადაა ბეტონის საყვავილეები?!
პაწია თითებით სანაპიროდან დაკრეფილ დიყს რომ ვუხორცებდი.
ახლა თუ აქ ალბერტ ჟანი ჩაივლის ირინესთან ერთად,
ხალიჩასავით ახვეული ქვაფენილი ქარს მივცე თუ ქადასავით ჩაგაყლაპოთ?

კაფეც კი მომირღვიეთ,
სადაც პირველი პაემანი შევიტანე,
ჩემს ჩანთაზე მიხატულ ბაჭიებთან ერთად რომ ვიმორცხვებდი.
გაქურდულია ბაღი.
მალხაზ მაჭავარიანის წყლიან თვალებს თუ ვიპოვი ხანდახან,
უხმოდ რომ გესალმება მდიდარი ღიმილით.

 

 

ბავშვობის შიშები

 

ბავშვობის შიშებზე,
იმ გახურებულ მახათზე მოგიყვებით,
თოთო ბიბილოში რომ გამირჭო
ზედა სართულის მდგმურმა;
კაფანდარა ცოცხის ჩხირზე,
საყურის როლს რომ კარგად ირგებდა;
ჩქარ საქანელაზე -
დედის კალთიდან წყდებოდი თითქოს;
შავ სალოგინეზე,
რომელიც კუბოს ჰგავდა
და შიგ მკვდრები ცხოვრობდნენ;

მიცვალებულის ლილისფერ სახეზე,
ყბა ჩემს თვალწინ,
ჯერ კიდევ თბილს რომ აუკრეს;
მათემატიკის პედაგოგზე,
მის მწარე ალუმინისფერ სახაზავზე;
პედოფილზე, სკოლის კუთხეში
ასოს რომ არხევდა,
სტვენით გვიხმობდა პატარა გოგოებს,
ჩვენ კი კისრისმტვრევით
შინ გავრბოდით;

სოფლის სახლის ძველ ბუფეტზე,
ჩარჩოში გამომწყვდეულ
დიდი ბაბუის მზერაზე,
ხან რომ მიღიმოდა, ხანაც მიბღვერდა;
სტომატოლოგის სკამზე,
მახინჯ ექთანზე,
ხელ-ფეხს რომ მიბამდა;
ნოემბრის თვეზე,
ჭინკა რომ გვსტუმრობდა.
თუ ხილს სარკმელთან არ დავუტოვებდი,
იმ ღამით თვალებსაც ამომთხრიდა;

სხვენზე მოხტუნავე თრიაზე -
თითქოს უსაკურთხო სული დახეტიალობდა;
საკუთარ ჩრდილზე,
რომელიც დასახრჩობად დამყვებოდა;
ჭაში ჩავარდნილ ჩემივე სახეზე,
სათლის რახუნით
რომ ვლამობდი გადარჩენას;
ძაღლის ყმუილზე,
წამიერად ვსამდებოდი
და მივყავდი ორ მკვდარ მეზობელს;

დედის ეჭვიანობაზე მამის მიმართ,
ჩუმ ჩურჩულზე, არპატიებაზე;
შიშები მარტოობაზე;
ქალწულობის შენარჩუნებაზე, ქორწინებამდე;
ვწერ და ვიღიმი.
ვწერ და ვბერდები.
ვწერ და სულ სხვანაირად მეშინია.

 

 

თვალი რომ შტერდება

 

თვალი რომ შტერდება,
წყდები სამყაროს.
გინდა დაწერო რაღაც და ამ დროს
უფროსი შვილი
უინტერესო ოპერას უსმენს.
უმცროსი თმის საშრობს ახრიალებს.
უწლო დისშვილი ოჭივარიდან
ჭუჭყუნით მიქნევს თათებს,
რომ ავიყვანო.
სად არის ამ დროს დედაჩემი?

ამ სახლს რომ ცეცხლი წაეკიდოს,
მხოლოდ მე ჩავიწვები.
ჩემივე შაშხის სუნით
დანაყრდება მთელი ქუჩა.
რატომ ვეძებ აქანდაზს მაცივარში?
დილიდან მოგროვილი მტვერი
ნიავდება საძინებელში.
ეს მამაჩემიც
ოთახიდან ოთახში დადის,
იმ კავებს მთხოვს,
კარგახანია რომ გადავუყარე.

ჯამზე მწოლიარე ხუთიოდე მიქლიო, მკვდარ მზეებს  ჰგვანან.
ბოროტმა მეზობელმა მოგვიკითხა,
ამაოდ რომ ცდილობს
ჩვენს ამოხოცვას.
როდის უნდა შევაწებო სიმშვიდე?
ყავითაც კი დავიმდუღრე არათითი.
ნუთუ ასეთი საჭირო ვარ?
მოდით რა, თავი დამანებეთ.

 

 

ჯვრის აყრა

 

ასე უნდა მომხდარიყო.
არათითზე მოქანავე რგოლი ჯვრის აყრის ცერემონიისათვის გამოვაწყე.
გველებივით ასრიალდნენ  ბრჭყალები კეფის აღმართზე,
ყორნისფერ მინდორში, სადაც ათასობით ნერვებმოგლეჯილი ყვავილი

ითხოვს ქავილით მორწყვას.

ცვილის ფირფიტები მეკიდა ყელში.
ცურისებრი გლანდებიდან წველიდა ერთგულება ოქროს რძეს.
ერთხელ ამოვლებული ჯანჯუხასავით შრებოდა ტანი, ერთ ჭერში.
ყაყაჩოსფრად მოსვრილ ზეწარს რომ ანიავებდნენ ხუნდები წმინდა კვართად,
ვის უნდა ვუამბო ახლა, იმ ფიცგატეხილ სარეცელზე?!

მოძღვრის ბოლო ლოცვის ამოლუღლუღებისთანავე უნდა დათვალო ცოდვები.
მოიძიო საიდუმლო სერობა.
ბართლომეს, ფილიპეს, ყველას სიმშვიდე ანიშნო.
სანამ იესოს ტერფებთან დამხობილი აქვითინდები.
გაათრიო ფრესკიდან იუდა.
იმ ოცდაათვერცხლიან ქისაშივე ჩაუტენო შენივე სიმრუშე.

შინ მხოლოდ შვილის დასაპურებელი კუჭისათვის დაბრუნდე.
ხანდახან მიწაც უნდა აჭამო.
გახრწნილ გულზეც იფიქრო.
იქნებ ხელოვნური სუნთქვებით  გააძლებინონ ცინცხალმა ბაგეებმა.

რამდენი ომი ვათრიე მშვიდობამდე.
საჩვენებელი თითიც მომაჭრა ბრძანებამ.
სიუხეშით რომ იქსოვებოდა ბალავარი.
არაა საჭირო დროის გადაადგილება,
ასე უნდა მომხდარიყო.

 

 

უცხო ვარ

 

უცხო ვარ.
მხოლოდ დაკვირვებულ კაცს შეუძლია
მიპოვოს ძუძუს ქვეშ მიმალული
ჟოლოსფერი ჰემანგიომა.
დედაჩემის ნათითურს ჰგავს ლაქა.
ხანდახან გაფატრული მწყერის სუნი ასდის...

ვიცი, რა წყურვილი კლავს თქვენს მდინარეებს.
დგახართ და უსმენთ საწოლის რყევას.
რა დააშავა იმ იატაკის ჯოხმა,
განთიადისას რომ აჩაჩქუნებინა თავი
კლიმაქსიანმა მეზობელმა?!

ტანს ვფენ გახურებულ აივანზე.
სარჭით ვიჭერ მოხუცი კაცის მზერას,
თავის ქანქარით რომ მანიშნებს
რყევის ამბებზე.
ვხედავ, თუ როგორ ჩადიან დედამიწისკენ
მაწვნის ქილები.
ვხედავ, რა ყოჩაღად ჩაუვლია
წუხანდელ ღამეს.

 

 

მწვანე ლობიო

 

თქვენ ვერც კი შეამჩნიეთ,
როგორ შეაპარა მზერა
სამთითა ნაწნავის ფსკვნილზე,
კერტის მექანიზმი რომ აქანავებდა ვაზის ობობასთან ერთად.
გგონიათ გამოვიწვიე?
მხოლოდ ვარცლი მოვგუდე ჯანმრთელ მუხლებში.
ტანი ვუმტვრიე მწვანე ლობიოს.

ქინძმაც კი დაათრო ჩემი პეშვიდან.
ახლა იმ ბოსტანში შევაცურებ,
სადაც ომბალო ორსულდება
ხაოიანი სტაფილოსაგან.
ვიცი, შეკრთება,
შმაგივით ჩაღეჭავს დაცხრილულ რეჰანს.
სხივი თუ შემიწუხებს,
გპირდებით,
ჩრდილსაც დავუღვრი კალთის სიღრმიდან.

           

 

კაკასხიდი

 

წაბლის ყვავილი ჰყვაოდა მაშინ,
კაკასხიდთან რომ ვცოფავდი ზეკარს.
ვეძებდი საკვებს,
ქათანაცარა  ეკვროდა დანდურს.
აღელვებულმა დავსუსხე ჭინჭრით
თიკნისყურა, კლდეს რომ მოეფარა.

დიდედის ნახსოვარ კოფთაში ვიდექ,
შიგ სთვლემდნენ ხსენის ფუფხები მორცხვად.
წინ ჩამიარა ქალმა და ვჯობდი.
მე ვგავდი ბალბას, ის კი ჯიჯილაყს.
მისი მდევარი კაცი ვლადიკა
თვალებით ჩაძვრა რძის სადინარში.
მიცნო და შეცბა.

ყვიროდა იგი, - დარჩი, ლილია!
მე, ზღვის დონიდან მაღალი ყელით,
მწიფობის თვემდე ველოდი დონდღლაბს.

ქმარი, რომელსაც წყურვილი კლავდა არა ჩემი, არამედ წყლისა,
შუა ყანიდან მიქნევდა ხელებს.
ვიხსნიდი ღილებს თითის სისწრაფით,
მაგრამ პოეტი ვერ მოვაბრუნე.

 

 

ბიოდენები

 

კაკალს რომ სრესვისაგან ცხიმი გინდა გამოადინო, ისე ვსრეს ყოველღამე ბალიშის კუთხეებს. ნაჭრიდან გამოსული იმ ფერადი ქათმების ბუმბული მიკაწრავს ღაწვს, სადღესასწაულოდ რომ ამოხოცა ვინმე უმზითვო ქალმა. მაღლდება ემოცია, ვეღარ ვარკვევ, ვიკაკანო თუ ვიკვნესო.

დედამთილის თვალებივით უკმაყოფილო დილა იღვიძებს ფარდის საზურგედან. აქანდაზს სანამ ხელს სტაცებ, ჯერ ცოცხზე უნდა იფიქრო, დარდისაგან მიმოფენილი ღამის ნამსხვრევები გამოგავო ან ცოცხზევე შემომჯდარი გაფრინდე მოუსავლეთში.

ახლა ყველაზე კდემამოსილი მზესავით უნდა დათბე. არ უნდა შეგნიშნონ მხურვალება, მხოლოდ მწვანე, ხანძარწაკიდებულ ჭინჭრებს უნდა ესმოდეთ შენივე ბიოდენების. ფქვილში ამოსვრილი თითებით მიჭმუჭნულ კაბის გადანაკეცზე მიხატული უბედობა იქანავებს დაღამებამდე, გაშიშვლებამდე.

ლობიო რომ ხარშვას გაათავებს, ზედ მომდგარი აანცებული ლაბი ხელისგულიდან ისე უნდა ამოხვრიპო, მთელი ბოსტნის სიმხურვალე გადაეშვას ხორხის უფსკრულში. მაგიდაზე შემომსხდარი თეფშები ღრუბლებივით უნდა ქათქათებდნენ დასვრის მოლოდინში.

არაფერი არ წაგლეკავს ისე მარტივად, როგორც ერთი თავის დახრა და შენივე ყელს იმ სასაკლაოზე გაყოფ, სადაც წამება მრავალფეროვანია.
როდემდე უნდა მათრიოს ცხოვრებამ შესაწირი ბატკანივით, ნანატრი მამრი თუ იმ ცას არ გამიღებს, სადაც ორ ტანზე მეტი არ იკეტება, რა უნდა მოვიმოქმედო? დავუშვა ხელები და ისე ვცადო ფრენა?
კაკალს რომ სრესვისაგან ცხიმი გინდა გამოადინო, ისე ვსრეს ყოველღამე ბალიშის კუთხეებს.

 

 

რაღაც მაინც მოგინდება

 

რაღაც მაინც მოგინდება.
მოიძიო კამკამა წყარო,
აიღო საკუთარი ტანი, იატაკის ჩვარივით მოწურო. ამოაბრუნო გული,
თვალღიამ იტივტივო მკვდარი ციმორივით.

იმ დროს ვიხსენებ, ნამგლისებრი ჭრილიდან

მწვანე ხანძარი რომ აფრთხობდა მყრალ უჯანგარს.
მწიფე ზღმარტლი მოვგუდე ტუჩებში.
კურკა ისე გამოვწოვე, სანამ ნერვზე ფესვი არ გაიდგა.
ღრძილებიდან ამოკენკილი ნაყოფით გაზარდა შურთხმა ლაპები.

 

რაღაც მაინც მოგინდება.
გამოიხედო ქალწულის თვალებიდან,

პირველი ციკლის დროს დაფეთებული რომ უცქერდი სამყაროს.
გადაახტე დაღლას, როგორც გუბიდან გუბეს.
გამოტოვო ყოველი ტკივილი.

 

შვილები პირიდან იმშობიარო.
ცომმიმხმარ ვარცლში გაბანო.
შენივე ჭირისუფლად შერაცხო ჭიპლარი.
ასწავლო ნაშიერს, ისე არ განიცადონ მამის არდაბრუნება ომიდან,

როგორც დედის მომავალი.
რაღაც მაინც მოგინდება.

 

           

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE