ბოთლით წყალი, სალესი ქვა, სავარცხელი


ბოთლით წყალი, სალესი ქვა, სავარცხელი




გაცეცხლებული მამა ჩამორბის ფერდობზე, გზადაგზა  შიშველი ხელით დაურიდებლად წაწყვეტილ და მერე ერთ კონად მომუჭნულ ჭინჭრის თაიგულს მოაქანებს  ჩვენი კანჭების დასასუსხად, ჩვენ კი პატარა ბრიყვები ფეთებით ველით, როდის მოინაცვლებს ცხენი ადგილს, რომ ღელესთან მის მიერ დაკავებულ ვიწრო ბილიკზე გასვლა შევძლოთ და წყაროს წყლით სავსე ბოთლები მშობლებს ავუტანოთ..

იმ დღეს მშობლებმა ყანა დიდხანს მარგლეს,  მარგვლისას  მოსწყურდათ და  წყაროზე გაგვგზავნეს. წყარო გაღმა, ღელის ზემოთ, დიდი ლეღვის ხის ძირას ამოჩქეფს. ღელესთან ცხენია გრძელი ბაწრით ჩაბმული.  გზის იქით ძოვს და ჩვენც  შეუფერხებლად შუშის ბოთლებს წყაროს წყლით ვავსებთ, სწრაფად ვეშურებით უკან, რომ მშობლებს დროულად ავუტანოთ, მაგრამ ცხენი ახლა პირდაპირ ბილიკზეა  გაბოხირებული,  გასწვრივ ბალახს წიწკნის  და ფეხს არ იცვლის. გვერდის ავლა შეუძლებელია, თან გვერდით შამბია, ჭინჭარი, რას გავაღწევთ, შიგ ყელამდე დავიმალებით.  ხომ დიდია  ცხენი, ჩვენ ბევრად მეტი, უზარმაზარი გვეჩვენება, მისი თვალები გველეშაპის თვალებივით კვესავენ.

უღონოდ ვდგავართ და წინ ნაბიჯს ვერ ვდგამთ.

- ჰეი, რას ელოდებით?! - გვიყვირის  მამა ყანიდან, თაკარა მზეში მომუშავეს, ხორხი უშრება ალბათ წყურვილით...

- მორჩით თამაშს, ამოდით ჩქარა! - გვიყვირის დედაც, რომელიც მამის გვერდით თოხს არ აცდენს და  ხმაშიც უჩვეულო მოუთმენლობა ემჩნევა...

ვერც მშობლებს ვაწვდენდით ხმას და არც ცხენს ესმის ჩვენი ფეთება, ეტყობა, სულ ტყუილია, თითქოს მის თვალში პატარა ადამიანებიც დიდებად ჩანდნენ, არხეინად ძოვს ღელის პირას, ზედ ბილიკთან და ფეხის აჩქარებას არც აპირებს.

რამდენ ხანს ვდგავართ ასე?!

სანამ  ბავშვს შეუძლია ელოდოს  ბილიკზე უხიფათოდ გავლას, სანამ შეიძლება უფროსმაც ითმინოს წყურვილი...

და ამის მერეა, გაცეცხლებული მამა რომ ჭინჭრის კონით ჩამორბის ზემოდან. ღელეში ცხენი ფეთდება და ადგილს ინაცვლებს, ჩვენც ვფეთდებით,  ბოთლები ხელიდან გვიცვივა და მაყვლის ბარდებში მიგორავს...

 

***

იმ დილით, ყანის მარგვლამდე   შინიდან წასულებმა რაც ძაღლების ღავღავსა და ორღობეში ღორების ჩლიქით  გათქვეფილ  ფაფას გავაღწიეთ, რომელიც ვარდისფერ საფენიან და შავად მოკრიალე ფეხსატუცავებს ზემოდან გადაგვდიოდა, სულ სხვა, გაშლილ  სივრცეში, გიგანტური ფიალის ფსკერზე ვიარეთ.

- ეს ზღვის ფსკერია, - ამბობდა მამა, - ადრე ამ ადგილას ზღვა იყო... ნახეთ, რაგვარი ნიადაგია, ჰომუსის ქვეშ ნაცრისფერი ლიპები...

ხელის ერთი შეხება, გადასმა და ჩამოფატრულ კლდეთა დამრეცი ზედაპირიდან  ნაცრისფერი ნაშალი ხვინჭკა ცვივა... ნიჟარებიც იყრება, ოღონდ ისინი იმ ბალახთა ღეროებიდან, რომლებიც ერთი მტკაველი სისქის ჰომუსზე აღმოცენებულა. რა დრო, რამდენი ათასი წელი  დასჭირდა  ამ ნაცრისფერი ქანების ზემოთ მიწის პატარა ფენის ჩამოყალიბებას, ზღვის გაუდაბნოებული კლდეების  მზის ყვავილებით და ბალახ-ბულახით თავის შემკობას.   ჩვენი თმის დასამშვენებელ  სამყურა ბალახთა ვარდისფერ ბურთულა ყვავილებად გადაბიბინებას.

ადრე ხომ შავი და კასპიის ზღვა გაყოფილი არ იყო, ღმერთმა გახსნა თავისი მწყალობელი პეშვი, წყალი დასავლეთით და აღმოსავლეთით გადაღვარა, გამოათავისუფლა კიდევ იმხელა არე, სადაც ერთი დიდი ზღვა თავისუფლად დაეტეოდა, მაგრამ მან წყალი კი არა, ხმელი ისურვა, ეს მიწა  ჩვენ დაგვითმო...

ყვავილთა უთვალავ თაობებად მზისქვეშ აქ უნდა გვეშრიალა, რომ განძარცვული ფოთოლ- ძვალი ამ მიწაში  მტვერივით ჩაგვეცრა და  სამომავლო აღდგომები ერთმანეთისთვის გვეხარებინა...

გაღმა მთები ჩანს. მის ქვემოთ ოთხკუთხა, მწყობრად მოხაზული ნაკვეთებია სიმინდის ყანებად მწვანედ აღაღანებული.

გაღმა სხვისი ყანები, გამოღმა ჩვენი, რომელიც ალბათ ზუსტად ისეთივე დაკუთხვილი, მწვანედ აღაღანებული ჩანს გამოღმიდან, როგორც მათი - გაღმით, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს ყანებს თავზე მთები არ ედგმის.

მოვა მზიანი, ცხელი, ზაფხულის თვეებისგან განურჩევი ოქტომბერი, დიდი  თუ პატარა ნამგლით შევესევით  და ავჩალავთ  ამ ყანას.  ჩალის ქალებს იღლიებთან მიკრულ ზრდასრულ ბალღებს ავართმევთ,  გავფურჩქნით და სამოსს გავხდით, ყანის აქა-იქ მონიშნულ ადგილას მოვისვრით, ადგილ-ადგილ თეთრი ბალღების გორებად წამოვმართავთ და მზისგულზე აელვდებიან, მხიარულად გაიცინ-გაიკრიჭებიან ეს სიმინდის ბალღები, ზოგი წვრილი კიჭებით და ზოგიერთნი მარმარილოსფრად ჩარიწკინებულ ფართო კბილებით. ამ ჩალის ქალებს კი მზისგულზე დავაწვენთ და  ტირიფის წნელებით  შევკონავთ, მერე, წვიმამ რომ არ დაალტოს, კონებს აღვმართავთ, ქოჩოჩით ზემოთ, მჭიდროდ  მივაკრავთ ერთურთს, ამ სიმჭიდროვეში ჩვენც ვეტნევით,  ჩვენც ვეკვრით და ვეწებებით ჩალის კონებს, ნორჩ კანს გვისერავს, გვიშაშრავს მზით გაფიცხებული ჩალა, მაგრამ ვინ დაეძებს, ოღონდ კონას კონა მივუმატოთ, კონებს ფეხი ძლიერად გავადგმევინოთ, ნამგლით ცერად ანასერი მუხლი მიწას მყარად დავაბჯინოთ, წვიმას  ძლიერი ზვინის დადგმა დავასწროთ, ქარმა რომ ვერ გაფანტოს და ქარიშხალმაც ვერ წააქციოს...

სალესი ქვა აგდია სადღაც, და ის ნატეხი ახლა აღარავის ახსოვს, ვალმოხდილი, შრომის იარაღთა პირმომპირავი, ჩვეულებრივ ქვას ჰგავს და ეს კლდის ნატეხი იკარგება, სულ იოლად აირევა, გაიცვლება  უბრალო ქვაში... ან ამ კლდის თავზე ნაცრისფერი ქანების ზემოთ  მინდვრის სიმწვანე გადაუვლის.

 

***

- დეეე, დედუაა... არც დედი, არც დედიკო... -  დედუა...  ეს ,,დედუა“  და მერე შეღერებულზე, სიცილ-ტკრციალით: “უიმე, დედაია!“

ვარდისფერ ყვავილთა გვირგვინი უკვე აღარაფერს ნიშნავს, თმაში ჩასამაგრებელ სავარცხელზე ოცნებას აიკვიატებს გული, ამ მორკალული სავარცხლით შუბლიდან ტალღა თმას წაიღებ და თხემის შუაში ჩაიმაგრებ, ტალღად მოწოლილ თმას შეაკავებ...

ასეთი სავარცხელი ლითონისაც იყიდება - ვერცხლისფერი, მაგრამ მასზე ვინ იოცნებებს, შავი პლასტმასისგან დამზადებულიც კი დიდ ბედნიერებად ჩანს.

დედა ბებიას მიმადენის, პენსიას ის ელის... ბებიაც პენსიას აიღებს - 18 მანეთს და 80 კაპიკის ხურდას მუჭში ჩამიყრის, რომ უნივერმაღის ზედა სართულზე, სადაც გალანტერეაა, მოკრიალებული პარკეტი, დიდი სივრცე და პაწია კოშკებივით ჩამწკრივებული სუნამოები ერთი დიდებული სუნთქვით სუნთქავენ, იქვე, პატარა სექციაში შავი პლასტმასის მორკალული სავარცხელი ვიყიდო.

სულ რამდენჯერმე დავიმაგრებ თმაზე ამ სარჭს და  ბოლოჯერზე მეტს ვეღარ შეძლებს მისი სიმყიფე.  გატყდება  სავარცხელი ორად.

ცოცხალი თავით არ მინდა მისი დათმობა, იქნებ შეწებდეს...

დავაღვენთებ სანთელს, არ შეწებდება, ასანთის ცეცხლზე მოვულღობ განატეხ პირებს - დავატყუპებ, მაინც არ  შეწებდება, მხოლოდ გაიბდღალება...

წყალი გადაღვრილია, სალესი ქვა გადაგდებული... გადავაგდებ  სავარცხელსაც...

გავა დრო და  იმ ადგილას, სადაც სიმინდის ყანა ქარში მწვანე ზღვად ღელავდა, ნამგალთა სალესი ქვით მოპირული ფხები  მცხუნვარე მზეში ელვარებდა,  მშობლებს  ჩალის აქუბვაში ვეხმარებოდით, ტირიფის წკნელებს გარს ვავლებდით მოკონილ ჩალებს, მარმარილოსფერ  ტაროების გვედგა გორები, გაჩნდება ტყე - აკაციის...

- გავჩეხოთ დედა ეს ტყე, აკაცია მარგილებად გამოვიყენოთ, მორღვეული ღობეები შემოვზღუდოთ,  საზღვარი გავამაგროთ,  თუ სიმინდის ყანა  არ გვინდა, ხორბალი დავიბრუნოთ, ჩვენი პური მოვიწიოთ, უკეთესს რას ვინატრებთ... სასჯელია უმუშევრად მოცდენილი მიწა, ველურ კოლტივით გადმოამთაბარებს ღმერთი უცხო ტომებს  და ამ ჩვენს მიწებს დაუსაკუთრებს...

- ვის აქვს ამის ძალა, შვილო, გამოიფიტა ადამიანი... შრომა აღარავის უნდა, მის სიმძიმეს ყველა გაურბის...  ყველას გასაქცევად უჭირავს თვალი...

 

დამბადებელო, ამ ნოყიერ რიადაგეზე ჩვენო დამრგველო, შეგვინდე ეს მცონარობა და ნუ აღმოგვფხვრი, ამოგვძირკვავ ამ წალკოტიდან.

და როს ღრუბლიდან გარდამოხვალ შენი დიდებით,  ანგელოზთა საყვირები  ცელიან ჩონჩხებს კაცთა მკისკენ უფრო ძლიერ გააქეზებენ, სტიქიათა ხანძრები კი მთვრალი კაცივით იბორგებენ და ენებს ჩვენი ქალური, განმკითხველი ენებივით მიმოდასდებენ, ამ მიწიდან გამოგვიხმე,  ჩვენი ფერფლი წამოკრიფე, ხელმეორედ გამოგვძერწე სველი თიხისგან, ხელმეორედ  ჩაგვითქვი სული და კვლავ  მიწაზე დაგვადგინე, ამ აყვავებულ ხეების ქვეშ, სად გამთენიის ჩიტები გიგალობენ გიჟურად და გადარეულად...

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE