„ბოინგი 777“ მიუნხენის აეროპორტში საღამოს 5-ზე დაეშვა. თითქმის რვასაათიანი ფრენის განმავლობაში, უკანასკნელი, მინიმუმ, ორი საათი მხოლოდ სიგარეტზე ვფიქრობდი. ისეთი მწეველისათვის, როგორიც მე ვარ, ტრანსკონტინენტური ფრენები ნამდვილი ტანჯვაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აეროპორტს ხუთი თითივით ვიცნობ, მაინც კარგა ხანს ვიბორიალე, სანამ დერეფანში Camel-ის ლოგოთი დამშვენებულ ოთახს დავინახავდი. სკამზე ჩამოვჯექი, ჩემი კენტი ამოვიღე და უდიდესი სიამოვნებით გავაბოლე. ოთახს დანარჩენი სივრციდან მხოლოდ მინები ჰყოფს და შესაბამისად, ჩემი დისლოკაციის ადგილიდან კარგად მოჩანს, როგორ მოძრაობს მგზავრების ნაკადი. არ ვიცი, ამას სპეციალურად აკეთებენ თუ არა, მაგრამ აეროპორტების მოსაწევი ოთახები სწორედ ის ადგილებია, სადაც ყველაზე ნათლად, თითქმის მატერიალურად შეიგრძნობ, როგორი საშინელი ჩვევის მსხვერპლი ხარ. ირგვლივ ყველაფერი თამბაქოს მძიმე სუნითაა გაჟღენთილი. მინებით გარშემორტყმულ, განათებულ გალიაში ზიხარ და იმაზე ფიქრობ, როგორ საცოდავად გამოიყურები იმ მგზავრების თვალში, რომლებიც არ ეწევიან და ამაყად უქცევენ გვერდს ამ საქათმეს. მოსაწევი ოთახის ვიზიტორებიც კი ერთმანეთს თვალს არიდებენ და ცდილობენ სწრაფად გავიდნენ. ჩემში ასეთ დროს პროტესტის გრძნობა იღვიძებს და მიუხედავად საშინელი სუნის და დამამცირებელი მდგომარეობისა, ხაზგასმულად ფლეგმატურად ვმოქმედებ.
ახლაც, ნება-ნება ვაბოლებ, ფერფლს მაგიდაზე დამონტაჟებულ ლითონის საფერფლეში ვყრი და მინის მიღმა სამყაროს ვათვალიერებ. ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტი ჩემში ბაბილონის გოდოლის ასოციაციას იწვევს. სხვადასხვა ეროვნების, რასის და ტემპერამენტის ადამიანები ცალ-ცალკე, ან ჯგუფურად დადიან, ლითონის სკამებზე სხედან, ზოგი - ყველაზე მოხერხებული, ან ყველაზე გასავათებული წევს კიდეც. მიუხედავად ამისა, ერთი, გამაერთიანებელი მარკერი გააჩნიათ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ყველაფერს გადასწონის - ისინი მგზავრები არიან. ეს მოცემულობა ფარავს ყველანაირ განსხვავებას და ერთ, ჰომოგენურ მასად აქცევს მათ, რითაც საპიენსის მეორე ქვესახეობას - აეროპორტის პერსონალს უპირისპირდებიან.
გამეღიმა, მიუხედავად დაღლილობისა, ჩემს ტვინს შემორჩენოდა მგავს სისულელეებზე ფიქრის რესურსი. ნიუ-იორკში ასტროფიზიკოსების კონფერენციას დავესწარი. სამი დღის განმავლობაში ვუსმენდი ჩემი კოლეგების მოხსენებებს. უამრავი ახალი ინფორმაცია, თამამი თუ კონსერვატიული ხედვების, გონებამახვილური მიგნებების, თუ ათასჯერ გადაღეჭილი თეორიების ფოიერვერკი, მოკლე კოფე-ბრეიკები, რომლებზედაც ადამიანები ზრდილობიანად, თუმცა ცხარედ კამათობდნენ. ახლა სახლში ვბრუნდებოდი და მიუნხენი-თბილისის რეისამდე 3 საათი მქონდა.
ისევ მგზავრების თვალიერებამ გამიტაცა. ზედ „ჩემს“ მინასთან ბედნიერმა ოჯახმა ჩაიარა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ერთი ფერის და ფირმის მოზრდილი ზურგჩანთებით და 10-12 წლის ბავშვები, ქერა, ცისფერთვალება და-ძმა, რომლებიც მშობლების უკან მიჩანჩალებდნენ, ზურგზე კი იგივე ფერის, ოღონდ გაცილებით მომცრო ზურგჩანთები ეკიდათ. ჩაიარა ძალიან მსუქანმა, შუახნის მამაკაცმა, რომელიც ხვნეშოდა და ცხვირსახოცით ოფლიან შუბლს იწმენდდა. მოხდენილმა გოგონამ, მადისაღმძვრელ გავაზე შემოტმასნილი კაბით და კაშკაშა წითელი, გორგოლაჭებიანი ჩემოდნით.
ის იყო მეორე სიგარეტს მოვუკიდე, რომ ჩემი ყურადღება ერთმა მომცრო ტანის, დაახლოებით 60 წლის მამაკაცმა მიიქცია. შავი, ელეგანტური კოსტუმი ეცვა, თუმცა მის სილუეტს საერთოდ არ უხდებოდა. მოკლე ხელები ჰქონდა და კოტიტა თითები. მოდიოდა ნელი, არხეინი ნაბიჯით, ბარგის გარეშე. ევროპელის ნაკვთები ჰქონდა და ჭკვიანი, თაფლისფერი თვალები. ვერაფრით მიხვდებოდით, რა ეროვნების იყო. ასეთი ტიპაჟი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში შეგხვდეთ. არ მახსოვს, რით მიიქცია ჩემი ყურადღება. ალბათ სიარულის მანერით, რომელიც აეროპორტის ჩვეული რიტმიდან აშკარად ამოვარდნილად მომეჩვენა. მამაკაცი იმ მინას გაუსწორდა, რომლის უკანაც ვიჯექი, მოულოდნელად გაჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა. ალბათ ისეთი გამომეტყველება მქონდა, პატარა ბავშვს რომ ცელქობაზე წაასწრებენ. უხერხულობა ვიგრძენი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და უცნობმა თავაზიანად გამიღიმა, მგონი თავიც დამიკრა მოსალმების ნიშნად, მერე მიბრუნდა და ისევ ისეთი, არხეინი ნაბიჯით გააგრძელა სვლა.
სიგარეტი ჩავაქრე და გარეთ გამოვედი. კარგა ხანს უაზროდ ვიბორიალე, Duty Free-ის დახლები ვათვალიერე, პატარა კაფეში ყავა დავლიე და ჩემი გეითისკენ გავემართე. საპასპორტო კონტროლის გასასვლელი დაკეტილი დამხვდა, თუმცა რამდენიმე მგზავრი უკვე მოსულიყო და ელოდნენ. ძირითადად ქართველები. ვიღაც ორმოციოდე წლის, ძალიან გამხდარი, უზომოდ გარუჯული და მოდურად ჩაცმული ქალბატონი ტელეფონზე საუბრობდა და ხაზგასმულად ხმამაღლა ყვებოდა, თუ რა კარგია პარიზი. როგორც ჩანს, დაქალს კლავდა შურით. ტანმაღალი, სპორტული გარეგნობის, თუმცა უკვე სიმსუქნეშეპარული, შავმაისურიანი მამაკაცი კი ბოლთას სცემდა, დროდადრო შუბლზე აწეულ მზის სათვალეს ისწორებდა და გარემოს მტრულად ათვალიერებდა. მგონი იმ გამხდარი ქალბატონის ქმარი იყო.
მე თქვენ გიცნობთ - მომესმა სასიამოვნო, ოდნავ ხრინწიანი ხმა. მოულოდნელობისგან შევკრთი. ის კოსტუმიანი მამაკაცი იყო, სიგარეტის მოწევისას რომ მომესალმა. ჩემს გვერდით იჯდა. აზრზე არ ვიყავი, როგორ და როდის მოვიდა. იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, ქართველი თუ იყო.
ბატონო? - დაბნეულად ვუპასუხე.
მე თქვენ გიცნობთ. არა, უფრო სწორად, ვიცი თქვენს შესახებ. ბატონი დავითი, არა? ცნობილი ფიზიკოსი. - თავაზიანად მომმართა მამაკაცმა.
ჰმ, არცთუ ისე ცნობილი, ყოველ შემთხვევაში იმდენად არა, რომ შემთხვევითი ადამიანები მცნობდნენ - გავიფიქრე და რატომღაც ცუდ ხასიათზე დავდექი.
მაპატიეთ - შეწუხდა უცნობი, თითქოს ჩემი ხასიათის ცვლილება გამოიცნო - ნება მომეცით გაგეცნოთ, ზურაბი - წარმოთქვა რაღაცნაირად პომპეზურად და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩამოვართვი და ძალიან სასიამოვნოა-მეთქი ჩავიბურტყუნე.
ბატონი ზურაბი თავისუფლად, უაქცენტო ქართულით საუბრობდა, თუმცა მისი საუბრის მანერაში მაინც იყო რაღაც უცნაური. არანაირი კილო არ ჰქონდა. ვერ მიხვდებოდი, საქართველოს რომელი რეგიონიდან იყო წარმოშობით. ლიტერატურული ენით და პროფესიონალურად დაყენებული დიქციით მეტყველებდა, ამავე დროს რაღაც უსიცოცხლოდ გამოთქვამდა სიტყვებს. ემიგრანტი იქნება - გავიფიქრე, შეიძლება მეორე, ან სულაც მესამე თაობის, თუმცა ენას სრულყოფილად ფლობს. ყურადღება მივაქციე, რომ გაცნობისას გვარი არ უთქვამს, მარტო სახელი. მეც სახელით მომმართა, თუმცა, ალბათ იცის ჩემი გვარიც. მინდოდა მეკითხა, რა გვარის ბრძანდებით-მეთქი, მაგრამ უტაქტობად მომეჩვენა, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა. შემეძლო დამეფიცა, რომ ეს კაცი ადრე არასდროს მენახა.
შტატებიდან მოფრინავთ არა? ყური მოვკარი, ნიუ-იორკში რაღაც სამეცნიერო კონფერენცია ტარდებოდა, ალბათ მას ესწრებოდით.
თავს დავდებდი, რომ ნიუ-იორკში „რაღაც“ სამეცნიერო კონფერენცია ლამის ყოველ კვირაშია. ჩემი თანამოსაუბრე აშკარად იმაზე გაცილებით ინფორმირებული ჩანდა, ვიდრე უნდოდა თავი მოეჩვენებინა. იქნებ ჟურნალისტია? - გამიელვა თავში. აშკარად არ გამოიყურებოდა, როგორც ჟურნალისტი. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი იყო, რატომ უნდა დაემალა. ჟურნალისტებისთვის ინტერვიუზე უარი არასდროს მითქვამს, შესაბამისად არც კონსპირაციის აუცილებლობა არსებობდა და ისედაც, უნდა ვაღიარო, რომ არც ჟურნალისტებს მოუკლავთ თავი ჩემგან ინტერვიუს აღებით. მთელი კარიერის განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს თუ გავიხსენებდი, როდესაც მოკლე კომენტარი მთხოვეს.
თქვენ საიდან? - ვკითხე უფრო თავაზიანობის გამო.
ოოჰ, ეს ცოტა რთული ამბავია - გაიღიმა ბატონმა ზურაბმა. - მე ბევრს ვმოგზაურობ, ფაქტიურად სულ გზაში ვარ. ხანდახან მავიწყდება კიდეც, საიდან სად მივფრინავ და რატომ - ისევ გაიცინა, ამჯერად უფრო მხიარულად.
რას საქმიანობთ? - ვკითხე მეტი ინტერესით.
დიახ, დიახ - ცოტა დაბნეულად ჩაიბუტბუტა, შემდეგ ისევ თავაზიანად გაიღიმა. - თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონო ჩემო და ზუსტად არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. უფრო სწორად, არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს საქმიანობას. ყველაზე ადეკვატური ალბათ სიტყვა „კომუნიკატორი“ იქნება. სხვადასხვა დავალებებს ვასრულებ, ძირითადად უცნობ ადამიანებს ვხვდები და მათ ჩემი დამკვეთის შეტყობინებებს, სურვილებს ან სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრების მოწვევებს გადავცემ ხოლმე.
ალბათ საინტერესო საქმიანობაა - ვუპასუხე.
მართალს ბრძანებთ - გახალისდა ბატონი ზურაბი. - უამრავ საინტერესო ინდივიდს გადავეყრები ხოლმე. ამაში მართლაც რომ გამიმართლა.
თავს დაბნეულად, სრულიად დეზორიენტირებულად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამოსაუბრე ძალდაუტანებლად და თავაზიანად ლაქლაქებდა, ძალიან დავითრგუნე და ხასიათი კიდევ უფრო გამიფუჭდა. რაღაც იყო ამ შეხვედრასა და ურთიერთობაში ყალბი. თავს ვიმშვიდებდი, მეჩვენება-მეთქი. ზოგადად, სრულიად უცნობ ადამიანებთან კონტაქტი არ მიყვარს, შესაბამისად, ჩვევაც არ მაქვს და არ ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე. რამდენიმე ფრაზის გაცვლა-გამოცვლა რასაკვირველია ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელთანაც მხოლოდ ის გაკავშირებს, რომ ერთ რეისზე მოხვდით? ახლაც, ზუსტად ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. უცნობი თანამგზავრის შემოთავაზებულ თემებზე მხოლოდ შორისდებულებით შემოვიფარგლებოდი, ვერაფრით მოვძებნიდი საპასუხო სიტყვებს. ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რომ ბატონი ზურაბი უზრდელ, ან ცოტა ჭკუასუსტ ინდივიდად ჩამთვლიდა.
აი, ჩასხდომაც იწყება - მხიარულად შესძახა ზურაბმა. - დაგტოვებთ, ბატონო დავით. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, კეთილი მგზავრობა. - სწრაფად, მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმსუბუქით წამოხტა და საპასპორტო კონტროლისკენ გაემართა.
არსად მეჩქარებოდა, დაველოდე, სანამ კონტროლის გასასვლელთან შექუჩებული მგზავრები შეცოტავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიძარი.
ბორტზე ავედი. ხელბარგი არ მქონდა, მარტო ლეპტოპი. ბილეთს დავხედე - 6-ა. ილუმინატორთან - გავიფიქრე და ჩემი ადგილისკენ გავემართე. მგზავრების უმეტესობა ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, სავარძლების ზემოთა კარადებში ხელბარგს ალაგებდნენ, ან უბრალოდ იდგნენ, კაცმა არ იცის რატომ. ასე გაჭირვებით, მორიგე ღიმილით მივიკვლევდი გზას ჩემი სავარძლისკენ. ამ ტიპის აერობუსებში კიდეებზე მხოლოდ ორი რიგია ხოლმე. „ა“ და „ბ“. იქნებ გამმართლებოდა და გვერდითა ადგილი თავისუფალი დარჩენილიყო. ცოტა ხანში ჩემი სავარძლის საზურგესაც მოვკარი თვალი. 6-ბ სამწუხაროდ დაკავებული აღმოჩნდა. ვიღაც უკვე იჯდა.
როგორც იქნა მივაღწიე და მეზობელ სავარძელს დავხედე. იქ ბატონი ზურაბი იჯდა და თვითმფრინავის სარეკლამო ბროშურას ათვალიერებდა. მისი დანახვა რატომღაც არც კი გამკვირვებია.
აი, მეზობლები აღმოვჩნდით - შემომცინა და მაშინვე წამოდგა, თავაზიანად გამატარა და მყისვე საწყისი მდგომარეობა დაიბრუნა. ფრენის დროს დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ იმ წამსვე მივხვდი - ჩემს ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა.
მოვკალათდი, ლეპტოპის ჩანთა სავარძლის ქვემოთ შევაცურე და ხანგრძლივი მგზავრობისთვის ფსიქოლოგიურად განვეწყვე. როგორც იქნა, დანარჩენი მგზავრებიც მოეწყვნენ. ბორტგამცილებლებმა კარები დახურეს, უსაფრთხოების სავალდებულო ინსტრუქტაჟი ჩაატარეს და თვითმფრინავიც დაიძრა. საფრენ ბილიკზე რომ გავიდა, ჯერ დაამუხრუჭა, ძრავებმა ხმას მოუმატეს, შემდეგ პილოტმა მუხრუჭები აუშვა, თვითმფრინავი გაექანა და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ მოვწყდით მიწას.
გადატვირთვის მიუხედავად წამოვიწიე და ილუმინატორში გავიხედე, კარგა ხანს ვუყურებდი, როგორ ვცილდებოდით მიუნხენს. უკვე ბინდდებოდა. თვითმფრინავმა ჯერ რამდენიმე, ჭუჭყისფერი ღრუბლის ნაგლეჯი გაკვეთა, შემდეგ მთლიანად ჩაიმალა და აი, უკვე მათ ზემოთ მიფრინავდა. ქალაქი ბინდში ჩაიკარგა, საყურებელიც აღარაფერი იყო.
თქვენი თეორია ძალიან საინტერესოა, ძალიან - მომესმა ხმა.
უკაცრავად? - ბატონი ზურაბის არსებობა თითქმის დავიწყებული მქონდა.
მინდოდა მეთქვა, რომ თქვენი თეორია ძალიან საინტერესოა - თავაზიანად გაიმეორა ჩემმა თანამგზავრმა.
რომელი თეორია? - შევეკითხე დაბნეულად.
აი, ის - თითი გაატკაცუნა - მულტი სამყაროების შესახებ.
ორიოდე თვის წინ მართლაც გამოქვეყნდა ჩემი სტატია ერთ-ერთ სამეცნიერო გამოცემაში. ეს იყო ეგრეთ წოდებული M თეორიის ზოგიერთი ასპექტის ჩემეული ხედვა. გამოხმაურებაც საკმაოდ პოზიტიური იყო. რეცენზენტებმა შეაქეს ჩემი თამამი და ორიგინალური იდეები, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ვისურვებდი, უფრო ფართო განხილვის საგანი გამხდარიყო.
ეს თეორიაც არაა, ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზებია, ემპირიულ დასკვნებზე დაყრდნობილი, მათემატიკური დასაბუთება არც დამიმთავრებია.
უცებ ვიგრძენი, რომ იმაზე უფრო ენერგიულად ვუპასუხე, ვიდრე მინდოდა. მესიამოვნა და დაახლოებით ისეთი გრძნობა დამეუფლა, მოსწავლეს რომ ექნება მასწავლებლის მხრიდან შექებისას. წამით დამავიწყდა, რომ ჩემ გვერდით ავტორიტეტული პროფესორი კი არა, აეროპორტში შემთხვევით გაცნობილი ვინმე ბატონი ზურაბი იჯდა, რომელსაც ჩემი ჰიპოთეზების შესახებ საერთოდ არაფერი უნდა სცოდნოდა.
კი მაგრამ თქვენ...
არ გაგიკვირდეთ ბატონო დავით, მე, ასე ვთქვათ, მოყვარული ფიზიკოსი გახლავართ, რასაკვირველია, ამ საქმეში ბევრი არაფერი გამეგება, თუმცა საინტერესო, ახალი იდეების შესახებ მუდმივად ვკითხულობ ხოლმე.
ეიფორიამ წამში გამიარა. ისევ ცუდ ხასიათზე დავდექი. უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი თანამგზავრი ნამდვილად არ იყო უბრალო კომუნიკატორი - როგორც საკუთარი თავი წარმომიდგინა. უკვე იმაშიც საფუძვლიანად შემეპარა ეჭვი, რამდენად შემთხვევითი იყო ჩვენი შეხვედრა. ეს კაცი რაღაცას იტყუებოდა და ის ფაქტი, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რაში შეიძლებოდა დაჭირვებოდა ეს კომედია, უფრო მთრგუნავდა.
როგორც ჩანს, ეს სახეზე შემეტყო. ბატონმა ზურაბმა რაღაც დაბნეულად ჩაიბურტყუნა და საუბარი აღარ გაუგრძელებია. რამდენიმე წუთს ჩუმად ვიჯექით, სავარძლების ზემოთ დამონტაჟებულ ტაბლოებზე ღვედის შეკვრის მანიშნებლები ჩაქრა, შესაბამისად, ღვედი შევიხსენი და შევეცადე უფრო მოხერხებული პოზა მიმეღო. შარვლის ჯიბეში რაღაც საგანი ვიგრძენი. სიგარეტი - გამიელვა თავში და უეცრად მივხვდი, რომ საოცრად მინდოდა მოწევა. ჩემი „კენტის“ კოლოფი შარვლის ჯიბიდან ამოვიღე, ერთხანს ვათვალიერე და პიჯაკის ჯიბეში ჩავიდე.
ალბათ ძალიან რთულია, არა? - მომესმა ბატონი ზურაბის თავაზიანი თანაგრძნობით გამსჭვალული ხმა. - ვგულისხმობ, როდესაც ნიკოტინზე ხართ დამოკიდებული, მოწევას კი ვერ ახერხებთ.
დიახ - საშინლად მინდა მოწევა, არა და ფრენა ახლა დაიწყო. ვგეგმავდი, სანამ ბორტზე ამოვიდოდით, გავსულიყავი და მომეწია, მაგრამ თქვენმა გაცნობამ და საუბარმა სულ გადამავიწყა.
ჩემი პასუხი რაღაც სულელურ პრეტენზიას გავდა, რასაც ბატონი ზურაბი რასაკვირველია არ იმსახურებდა, მაგრამ წინანდელი გაღიზიანება არ გამნელებოდა.
უი, მაპატიეთ - მგონი მართლა გულწრფელად შეწუხდა - მე არ ვიცოდი... იცით, თუ ნებას დამრთავთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ...
როგორ უნდა დამეხმაროთ? - ვკითხე გაოცებულმა.
შემიძლია, ნამდვილად შემიძლია დაგეხმაროთ. შეიძლება თქვენთვის ცოტა გაურკვევლად ვლაპარაკობ, მაგრამ შევეცდები ყველაფერი აგიხსნათ.
ჯიბიდან რაღაც პატარა, შავი ფერის მოწყობილობა ამოიღო, წაგრძელებული მართკუთხა ფორმის იყო, სიგრძით 6-7 სანტიმეტრი იქნებოდა, ცალ მხარეს კი რაღაც მუნდშტუკივით ჰქონდა ჩახრახნილი.
აი, ეს აიღეთ, მუნდშტუკი პირში ჩაიდეთ და რამდენიმე წამით ტუჩები და ენა მიაჭირეთ.
ალბათ ელექტროსიგარეტია - გავიფიქრე - თუმცა ასეთი მოდელი მანამდე არ მინახავს. მოწყობილობა გამოვართვი, იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა ვიდრე გამოიყურებოდა. კორპუსი დავათვალიერე, არანაირი წარწერა, არც მწარმოებელი, არც მოდელი, არაფერი. იმასაც კი ვერ მივხვდი, რა მასალისგან იყო დამზადებული.
ნამდვილად ელექტროსიგარეტი იქნება - გავიფიქრე. ელექტროსიგარეტი არასდროს გამომიყენებია, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. თეორიულად რასაკვირველია ვიცოდი. სპირალი გლიცერინს და ნიკოტინის შემცველ სითხეს ააორთქლებს, რომელიც უნდა ჩაისუნთქო. მაგრამ, როგორ უნდა ჩავრთო? ეს რაღაც ძალიან ტექნოლოგიური მოდელი ჩანდა. მუნდშტუკი პირში ჩავიდე, ტუჩები მოვუჭირე და ენაც მივადე. ენაზე მსუბუქი წვა, თუ ჩხვლეტა ვიგრძენი. ორიოდე წამში მოწყობილობამ დაიწრიპინა და სუსტი, ცისფერი შუქით განათდა. როგორც გაირკვა, მისი ცალი წიბო მთელ სიგრძეზე ეკრანი იყო, რომელზეც ახლა რაღაც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი ნიშნები გამოისახა. პირიდან გამოვიღე და დავხედე, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ელექტროსიგარეტი არ იყო.
აბა მომაწოდეთ - მითხრა ზურაბმა და თითქმის უცერემონიოდ გამომართვა. შემდეგ კარგა ხანს ეკრანზე გამოსახულ ნიშნებს ჩაუღრმავდა. ამასობაში მოწყობილობამ კიდევ ერთხელ დაიწრიპინა და ამჯერად მოწითალო შუქით განათდა.
თქვენი ხელი მომაწოდეთ - ისეთი ტონით მითხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია - მორჩილად გავუწიე ხელი. მოწყობილობა მაჯაზე დამადო, ოღონდ მუნდშტუკის საპირისპირო მხრიდან. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ იმ მხარეს ოდნავ გამობურცული, წრიული ფორმის რაღაც იყო, რომელიც ლითონისფრად ბზინავდა. წვის თუ ჩხვლეტის მსგავსი რაღაც ისევ ვიგრძენი. ამჯერად კიდევ უფრო ძლიერად.
აი, ასე - მხიარულად ჩაილაპარაკა ბატონმა ზურაბმა. პრინციპში ჯანმრთელი ხართ, თუ არ ჩავთვლით მცირე დეგენერაციულ ცვლილებებს ხერხემალში, მსუბუქ მიოპიას, ოთხიოდე ქრონიკულ დაავადებას და ასაკობრივ ცვლილებებს, როგორიცაა ორგანიზმის იმუნური სისტემის ეფექტურობის დაქვეითება, კანში კოლაგენის შემცირება და სიქაჩლე საწყის სტადიაში. აი ფილტვები კი, რა გითხრათ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, გაჭვარტლული ბრონქები, გადიდებული ალვეოლები, რომლებიც თითქოს ხმამაღლა ყვირიან - მეტი ჟანგბადი გვინდაო. ჟანგბადის შიმშილი თქვენს შემთხვევაში ნაადრევ ალცჰაიმერს გამოიწვევდა, თუ რასაკვირველია მანამდე ფილტვის კიბო არ მოგკლავდათ. კარგი ინფორმაცია კი ისაა, რომ ნანორობოტები, რომლებიც უკვე თქვენს სისხლში ცირკულირებენ, ყველა ამ პრობლემას მაქსიმუმ რამდენიმე თვეში მოაგვარებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, კოლაგენის დეფიციტსაც ეშველება. რამდენი თვეში 10-15 წლით უფრო ახალგაზრდა გამოჩნდებით. არა მგონია ამ ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინოს. მაქსიმუმ თქვენმა მეგობარმა ქალმა იეჭვიანოს, ან ნაცნობ-მეგობრებმა შურით გაიფიქრონ, რომ რაღაც ძალიან ეფექტურ კოსმეტიკურ საშუალებებს მიაგენით.
ერთხანს ვდუმდი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მერე შევეცადე საკუთარი თავი ხელში ამეყვანა და ხაზგასმულად მშვიდი ტონით დავიწყე:
ბატონო ზურაბ, არ გეჩვენებათ, რომ ეს უკვე ხუმრობაც აღარაა? არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რამე ახალი ფორმატის იუმორისტული შოუა თუ უბრალოდ სარეკლამო აგენტი ხართ, რომელიც ამ სასწაულმოქმედი მოწყობილობის გაყიდვას ცდილობს? ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მე არ გამოგადგებით.
ტირადა რომ დავამთავრე, მაშინვე ვიგრძენი, რომელიღაც იაფფასიანი სერიალის გმირივით ვლაპარაკობდი. შემრცხვა, უცებ იმასაც მივხვდი, რომ ჩემი თანამგზავრის საუბრის არაბუნებრივი, თეატრალური და გულისრევამდე ლიტერატურული ენით მეტყველების მანერა მეც გადმომედო. ამ ფიქრებში იმდენად გავერთე, ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ბატონო ზურაბიც სდუმდა. სახეზე შევხედე და აღმოვაჩინე - სრულიად სერიოზულად, შეიძლება ითქვას გულისხმიერად მაკვირდებოდა. დაახლოებით ისე, ფსიქოთერაპევტები რომ უყურებენ პაციენტებს.
ბატონო დავით, - ნელა, სერიოზული და დამაჯერებელი ტონით დაიწყო. - თქვენ მეცნიერი ბრძანდებით, ფიზიკოსი. თამამი იდეები და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჰიპოთეზები თქვენი სფეროა და რამდენადაც ვხვდები, ამ სფეროში ძალიან წარმატებულიც ხართ. ამიტომ ერთი ჰიპოთეზა მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ. ასე ვთქვათ, მის რეალობას შევაფასებთ. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ სერიოზულად მოეკიდოთ, ან არა და საინტერესო და სახალისო გასართობად ჩათვალოთ, რომელიც მგზავრობის მოსაწყენ საათებს შეავსებს. თანახმა ხართ?
პასუხად მხრები ავიჩეჩე. წამიერი გაბრაზება უკვე გამინელდა და პირიქით, სირცხვილს ვგრძნობდი.
ძალიან კარგი, - უფრო მხიარულად მიპასუხა და საქმეს შეუდგა.
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოწყობილობა, რომელიც თავიდან ელექტროსიგარეტად მიიჩნიეთ, სინამდვილეში ძალიან ჭკვიანური სამედიცინო ხელსაწყოა, რომელმაც სულ ახლახან თქვენი სისხლის და ნერწყვის სრული ანალიზი გააკეთა და შედეგად თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ძალიან დეტალური, ზუსტი ინფორმაცია შეკრიბა. მართალი გითხრათ, ეს როგორ ხდება, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ჩვენი ჰიპოთეზისათვის ტექნიკურ დეტალებს სრულიად არა აქ მნიშვნელობა. ამის შემდეგ, აპარატმა გაააქტიურა და ასე ვთქვათ, შესაბამისად დააპროგრამა სპეციალური ნანორობოტები, რომლებიც ასევე ნანო ზომის ნემსების მეშვეობით თქვენს სხეულში შეიჭრნენ და ახლა უჯრედულ დონეზე ისეთი ცვლილებების ინიცირებას ცდილობენ, რომ თქვენივე ორგანიზმის რესურსებით მოხდეს სასიცოცხლო სისტემების მუშაობის გაუმჯობესება.
საინტერესო ჰიპოთეზაა, თუმცა ძალიან სუსტი - გამეღიმა მე.
რას გულისხმობთ?
იმას, რომ მართალია, ბოლო წლებში ნანოტექნოლოგიებზე დიდი ხმაურია ატეხილი და პრესაც ათას სენსაციას წერს ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კაცობრიობა პირველ ნაბიჯებს დგამს...
გასაგებია, - მხიარულად შემაწყვეტინა. - გულისხმობთ, რომ მსგავსი ტექნოლოგიები არ არსებობს. მართალი ბრძანდებით, ჩვენი ცივილიზაციისათვის საკმაოდ ადრეა, ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება, ორმოცდაათი, ორასი, თუ ორიათასი წელი. მაგრამ, ახლა მივადექით ჩვენი თეორიის ყველაზე საინტერესო და, შეიძლება ითქვას, პიკანტურ ნაწილს.
გისმენთ...
საქმე იმაშია, რომ ეს ხელსაწყო სულაც არაა, ხატოვნად რომ ვთქვათ Made in Earth.
ოპააა! - გავიფიქრე და უფრო მოხერხებულად მოვეწყვე. - ანუ, გულისხმობთ, რომ თქვენ ახლა ჯიბეში გიდევთ აპარატი, რომელიც რომელიღაც უცხოპლანეტური ცივილიზაციის მიერაა წარმოებული და რომლითაც წეღან ჩემი ჯანმრთელობის სრული დიაგნოსტიკა მოახდინეთ?
დიახ, დიახ, სრულიად მართალი ბრძანდებით. თუმცა, მე მთავარი არ მითქვამს. საქმე ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სრულიადაც არ ყოფილა შემთხვევითი, - პომპეზურად განაცხადა ბატონმა ზურაბმა. - როგორც უკვე გითხარით, მე კომუნიკატორი გახლავართ. ჩემი დამკვეთის დავალებებს ვასრულებ და ამჯერად მაქვს პატივი სამეცნიერო კონფერენციაზე მიწვევა გადმოგცეთ. რაც შეეხება ამ იმპროვიზირებულ სამედიცინო პროცედურას, შეგვიძლია თავაზიან საჩუქრად ჩავთვალოთ, რომელიც ასევე ჩემი დამკვეთის თანხმობით ჩაგიტარდათ და მიზნად მისი მხრიდან თქვენდამი კეთილი დამოკიდებულების გამოხატვას ისახავდა.
კარგა ხანს ვდუმდი. სიტუაცია ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული მომეჩვენა. ჯერ კიდევ გაუგებარი იყო, რის მიღწევას ცდილობდა ჩემი თანამგზავრი. იქნებ უბრალოდ გიჟია? ხომ არსებობენ მაკედონელები და ნაპოლეონები? ეს კი უცხოპლანეტელების კომუნიკატორია, რომელიც დედამიწელ ფიზიკოსებს რაღაც სამეცნიერო კონფერენციებზე ეპატიჟება ხოლმე. ალბათ ასეთებიც არსებობენ. თავს ვერ დავდებდი, რომ სულით ავადმყოფების ამოცნობაში რაიმე გამოცდილება მქონდა, მაგრამ შემეძლო დამეფიცა - გიჟს არ ჰგავდა. მეორე მხრივ, ყველაზე ბუნებრივი ჩანდა ჩამეთვალა, რომ ეს მართლა სახალისო და გონებამახვილური ჰიპოთეზაა, რომელიც შესაძლებელია ლოგიკური შეკითხვებით გააქარწყლო. ბოლოს ორივენი ერთად გავიცინებთ. ბატონი ზურაბი კი შეიძლება ვინმე, ჩემთვის უცნობი მეცნიერიც კი აღმოჩნდეს, რომელიც თავისუფალ დროს, კოლეგებთან ურთიერთობისას, ასეთი რებუსებით ერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აზრი სიტუაციიდან ღირსეული გამოსვლის მშვენიერ ვარიანტად მოჩანდა.
როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე, შევეცადე მშვიდად გამეღიმა და ბატონ ზურაბს მივმართე, გთხოვთ განაგრძოთ-მეთქი.
შეგიძლიათ შეკითხვები დამისვათ, დარწმუნებული ვარ უამრავი გაგიჩნდებოდათ. ყველაფერზე გულწრფელად გიპასუხებთ, რაც ჩემს კომპეტენციას არ აღემატება, ან პასუხის უფლებამოსილება მაქვს - მიპასუხა ასევე თავაზიანი ღიმილით.
კარგი. მოდით საკითხს ნაბიჯ-ნაბიჯ ჩავუღრმავდეთ. პირველ რიგში საინტერესოა - ვინაა თქვენი დამკვეთი?
მართალი ბრძანდებით, მთავარი ალბათ მართლაც ესაა. ჩემი დამკვეთი და შესაბამისად თქვენი მიწვევის ორგანიზატორი გახლავთ გალაქტიკური ფედერაციის დიდი სამეცნიერო საბჭოს კოსმოლოგიის ქვეკომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია თავის რეგულარულ სამეცნიერო კონფერენციებზე მიიწვიოს ნებისმიერი მეცნიერი, ვისი ნაშრომებიც საინტერესო აღმოჩნდება, ხოლო ნაშრომში წამოჭრილი პრობლემატიკა თანხვედრაშია დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგთან. ამასთან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიწვიოს იმ ცივილიზაციის წარმომადგენელიც კი, რომელიც არაა ფედერაციის წევრი. არსებობს მესამე კრიტერიუმიც, მიწვეული მეცნიერის ნაშრომში განხილული პრობლემატიკა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფედერაციის ჩაურევლობის დოქტრინის პუნქტ 4/344-224-ის სულისკვეთებას.
ჰმ, ჩაურევლობის დოქტრინა, პუნქტი 4/344... რაღაც. გალაქტიკური ფედერაციის იურიდიული ჯუნგლებიღა გვაკლდა - გავიღიმე მე - კარგი, დოქტრინა დროებით გადავდოთ. ფედერაციის შესახებ უფრო დეტალურად, თუ შეიძლება.
სიამოვნებით. ფედერაციას ოთხასამდე წევრი ცივილიზაცია ჰყავს, რომლებიც მთელ ირმის ნახტომში არიან გაფანტული. მოგეხსენებათ, ჩვენთან არსებობს კარდაშევის სკალა - ცივილიზაციის ტიპები მათი განვითარების მიხედვით. მსგავსი ტიპის, თუმცა ცოტა სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობილი სკალით ხელმძღვანელობს ფედერაციაც. წევრი ცივილიზაცია უნდა იყოს მეორე, ან მესამე ტიპის. ჯერჯერობით მესამე ტიპის ცივილიზაცია ჩვენს გალაქტიკაში არ არსებობს, უფრო სწორად, რაღაც გაგებით მესამე ტიპის ცივილიზაციად შესაძლებელია თვითონ ფედერაცია მივიჩნიოთ. ნულოვანი და პირველი ტიპის ცივილიზაციები კი სწორედ ზემოხსენებული, ჩაურევლობის დოქტრინის სუბიექტები არიან და მათ რიცხვშია ჩვენი პლანეტაც.
თქვენ უკვე რამდენიმეჯერ ახსენეთ ჩვენ, ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ...
უი, რას ბრძანებთ, რასაკვირველია მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორც თქვენ. სულით ხორცამდე დედამიწელი - გაიცინა ბატონმა ზურაბმა.
კარგი, ანუ ოთხასი წევრი, გამოდის ჩვენი გალაქტიკა საკმაოდ მხიარული ადგილია.
უფრო მეტიც, ოთხასი ცივილიზაცია უბრალოდ ფედერაციის წევრები არიან. არაწევრი ცივილიზაციები ათჯერ მეტი რაოდენობით იქნება. ბევრი მათგანი მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს და ნეოლითის ხანას არ გასცილებია. ზოგიც ჩვენსავით ტექნიკური ცივილიზაციის საწყის ფაზაშია. აი, სიცოცხლე რამდენ ადგილასაა, ეს მართლაც არავინ იცის ზუსტად. ამ მიმართულებით ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს და ყოველ წამს ახალ-ახალი ფორმები ხდება ხოლმე ცნობილი.
ტექნიკური ცივილიზაციის საწყისი ფაზა, - მთლად სასიამოვნო შეფასება ვერაა, თავი კლასში ჩარჩენილ ბავშვად ვიგრძენი. - გავიღიმე მე.
სულ ტყუილად, - ენერგიულად შემეკამათა ბატონი ზურაბი. - მოდით, ჩვენი პლანეტის ისტორიის ექსტრაპოლაცია მოვახდინოთ. დედამიწა დაახლოებით ოთხნახევარი მილიარდი წლისაა. სიცოცხლე კი დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, შეიძლება ითქვას - მაშინვე. სამყარო 14 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, The Big Bang - გაიცინა და განაგრძო - შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სამყაროში ბევრია ისეთი პლანეტა, რომლის ისტორიაც ხუთ, ექვს, ათ მილიარდ წელს ითვლის. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კლასში ჩარჩენილები კი არა, უბრალოდ ჯერ კიდევ ჩვილები, სამყაროს ნაბოლარები ვართ, ენერგიით აღსავსე, პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც, მინდა გითხრათ და საკმაოდ სწრაფად ვვითარდებით.
დამამშვიდეთ, - ისევ გავიღიმე. აღმოვაჩინე, რომ ამ თამაშში უკვე სერიოზულად ვიყავი ჩართული. ბატონი ზურაბის პასუხები სრულიად ადეკვატური და ლოგიკური ჩანდა, თუმცა ჯერ არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მეცნიერების არსებული დონისთვის რევოლუციური იქნებოდა. კარგად ინფორმირებული ტიპია. - გავიფიქრე და გენერალური დარტყმისთვის მოვემზადე.
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც შეუძლებელი..
ვიცი, რასაც მეტყვით, ფერმის პარადოქსი არა? - ეშმაკურად გამიღიმა - მართლაც, სად არიან ისინი? რატომ არ ჩანან? ხანდახან გასაოცარია ხოლმე, რატომ ვერ ხვდებიან ჩვენი სასიქადულო მეცნიერები ისეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელიც ხელის გულზე დევს.
რას გულისხმობთ?
იმას, ბატონო დავით, რომ ფერმის პარადოქსის მთელი ხიბლი სწორედაც რომ მის პარადოქსულობაშია. იმას ვგულისხმობ, რომ შეუძლებელია დაფიქრდე და მის ანთროპოგენურობამდე, თუ Aliens-გენურობამდე არ მიხვიდე.
მგონი მივხვდი, რის თქმას ცდილობთ..
რასაკვირველია მიხვდით. ის ფაქტი, რომ ამდენი განვითარებული ცივილიზაციის არსებობის კვალს ვერ ვხედავთ, შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - მათ არ უნდათ, რომ დავინახოთ.
ჰო, მაგრამ ეს არ იქნებოდა ადვილი, მაინც შევამჩნევდით, მაგალითად, ფედერაციის არსებობისთვის აუცილებელი იქნებოდა კომუნიკაცია...
რასაკვირველია აუცილებელია. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ფედერაციის სუბიექტებს შორის კომუნიკაციისათვის ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენება? ეს ხომ წარმოუდგენლად ნელია, სულ რაღაც სინათლის სიჩქარით? გალაქტიკაში, რომლის დიამეტრიც ოცდაათი ათასი პარსეკია? ეს იგივეა, ინტერნეტი რომ ურმების საფუძველზე შექმნა. როგორ იფუნქციონირებს ფედერაცია, თუკი მის სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლას ასობით და ათასობით წელი დასჭირდა? არა, ბატონო დავით, ფედერაციის საკომუნიკაციო სისტემა სულ სხვა პრინციპებზეა აგებული. ტექნიკურ დეტალებს ვერც მე მოგახსენებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ჩვენი ფანტასტები მაგას ჰიპერსივრცეს ეძახიან.
კარგი, დავუშვათ ფედერაციის სუბიექტებს რაღაც სხვა, ჩვენთვის უცნობი საშუალებები გააჩნიათ. დროებით დავივიწყოთ ისიც, რომ ფარდობითობის თეორია გამორიცხავს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას. მაგრამ, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობენ არასუბიექტი წევრებიც, რომელთა ნაწილი მაინც ისეთივე ტექნოლოგიებს ფლობს როგორსაც ჩვენ, ანუ კომუნიკაციისთვის ელექტრომაგნიტურ ტალღებს იყენებს...
აი, მანდ კი ისევ ჩაურევლობის დოქტრინას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც ზღუდავს არა მარტო ვერტიკალურ, არამედ ჰორიზონტალურ კომუნიკაციასაც.
კარგი, - ამოვიოხრე, როგორც ჩანს ამ დოქტრინის შესახებ საუბარს ვერ ავცდებით, ყველაფრის თავი ეს ყოფილა. - ცოტა ირონიულად გამომივიდა.
შევეცდები დოქტრინის ძირითადი ასპექტების შესახებ მოგიყვეთ. მოგეხსენებათ, ორი ისეთი ცივილიზაციის კონტაქტი, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან, ყოველთვის ტრაგიკულად მთავრდება - იმ ცივილიზაციის სრული განადგურებით, რომელიც განვითარების უფრო დაბალ საფეხურზეა. ამის მაგალითები ჩვენს პლანეტაზეც მრავლად გვაქვს. მით უმეტეს, რომ ჩვენს შემთხვევაში განსხვავება მაქსიმუმ რამდენიმე საუკუნეა. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება ისეთი ცივილიზაციების კონტაქტისას, რომელთა შორის განსხვავება რამდენიმე მილიონი წელია. სწორედ ამიტომ, არსებობს ფედერაციის მიერ შემუშავებული და მკაცრად კონტროლირებადი დოქტრინა, რომელიც გულისხმობს, რომ განვითარების მაღალ საფეხურზე (ჩვენი ფედერაციის შემთხვევაში მეორე ტიპის ცივილიზაციები) არა თუ არ უნდა ჩაერიონ ნულოვანი, ან პირველი ტიპის ცივილიზაციების ცხოვრებაში, არამედ საერთოდ უნდა გამორიცხონ კომუნიკაციის შესაძლებლობა. ითვლება, რომ ამით გალაქტიკური თანამეგობრობა უზრუნველყოფს ახალგაზრდა ცივილიზაციების უნიკალურობას და შედეგად გალაქტიკის კულტურულ მრავალფეროვნებას. ეს კი ფედერაციის უმაღლეს ღირებულებადაა მიჩნეული. ამას გარდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საშიშია ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია ფედერაციის არაწევრ სუბიექტებს შორისაც. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, განვითარების დონის მიხედვით მათ შორისაც უზარმაზარი განსხვავებებია. ისინი კი ფედერაციის რეგულაციების და ღირებულებების მიღმა მოქმედებენ. შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ტრაგიკულ შედეგებს მოიტანდა. ზუსტად არ ვიცი როგორ ახერხებენ არაწევრი ცივილიზაციების ელექტრომაგნიტური აქტივობების შენიღბვას, მაგრამ ფაქტია, რომ წარმატებით.
გამოდის, სრულიად ავტონომიურები და თვითმყოფადები ვართ, იმდენად, რომ სულაც კისერი გვიტეხია არა?
ეს ყველაზე რთული საკითხია, რომელზეც დებატები მუდმივად მიმდინარეობს. ბუნებრივია ფედერაცია ცდილობს, ააცილოს ახალგაზრდა ცივილიზაციები კოსმოსურ კატაკლიზმებს და დაიცვას ისინი განადგურებისაგან. ოღონდ, ეს ღონისძიებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩაურევლობის დოქტრინას. რასაკვირველია აქ თვალსაჩინოა გარკვეული კოლიზია და ძალიან ძნელია მათ შორის ბალანსის დაცვა. სწორედ ის, თუ სად უნდა გადიოდეს ზღვარი ამ ორ სიკეთეს შორის გახლავთ პერმანენტული დებატების საგანი.
ვგრძნობდი, უკვე ტყვია-წამალი მითავდებოდა, მაგრამ სასოწარკვეთილ გასროლებს მაინც განვაგრძობდი.
კარდაშევის შკალა ცივილიზაციებს ენერგიის მოხმარების მიხედვით ჰყოფს. მეორე ტიპის ცივილიზაციები უნდა ითვისებდნენ საკუთარი მნათობის ენერგიის უმეტესობას, რაც თავის თავში რაღაც დაისონის სფეროს მსგავს გადაწყვეტას გულისხმობს. აი ასეთი ტოტალური მასშტაბის აქტივობები ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი, მიუხედავად დოქტრინების და ნებისმიერი სხვა სახის რეგულაციის...
სისულელეა, არანაირი მნათობის ენერგიები და გალაქტიკური მასშტაბის მშენებლობები არ ხორციელდება ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ამის აუცილებლობა არ არსებობს წმინდა ტექნოლოგიურად. მეორე - არ გეჩვენებათ, რომ ვარსკვლავების ჩაქრობა, პლანეტების აფეთქება და მსგავსი ტიპის ვანდალიზმი სრულიად მიუღებელია ცივილიზებული არსებისთვის? ეს იმას ემგვანებოდა, რითაც ჩვენი კაცობრიობა ერთობოდა, განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში. ვგულისხმობ, ტბების დაშრობას, მდინარეებისთვის კალაპოტების შეცვლას, ტყეების გაჩეხვას და მსგავს სისულელეებს, რომელთა უმეტესობამაც, მოგეხსენებათ, ჩვენს პლანეტას უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა. არა ბატონო ჩემო, განვითარებული არსებები ასე არ იქცევიან, ისინი ცდილობენ გარემოსთან ჰარმონიაში იცხოვრონ და სამყაროს მყიფე ეკოლოგიური წონასწორობა არ დაარღვიონ.
როგორც ჩანს თქვენს ფედერაციაში სრული მშვიდობა და სოლიდარობაა.
გულისხმობთ ომობენ თუ არა ერთმანეთში? - ჩამეკითხა ბატონი ზურაბი, ისე რომ სიტყვის „თქვენს“ ირონიულ ქვეტექსტს ყურადღება არც კი მიაქცია. - ჰოოო, ეს ჩვენი კინემატოგრაფიის საყვარელი თემაა. უცხო ცივილიზაცია თავს ესხმის ჩვენს პლანეტას, რომ აქაურ რესურსებს დაეპატრონოს. ამისთვის კი გაივლის უამრავ სინათლის წელს, წარმოუდგენელ მანძილს, რომლის გადალახვასაც იმაზე მილიონჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე დედამიწაზე არსებული ნავთობის, გაზის, ნახშირის, ურანის და ასე შედეგ ენერგეტიკული ღირებულებაა.
მასე პრიმიტიულად არ მითქვამს - მეწყინა მე - შეიძლება არსებობდეს მრავალგვარი კონფლიქტი, პოლიტიკური, კულტურული, ღირებულებითი...
არა ბატონო დავით, ეს შეუძლებელია. ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი საბოლოო ჯამში რესურსების დაპატრონების მცდელობაა. ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ახლოა და ხელმისაწვდომი. ყოველთვის ასე იყო. პირველყოფილ ტომს მოსწონდა მეზობლის საძოვრები, თუ ერთ კონტინენტს მეორის რესურსების დაუფლება სურს, სრულიად ერთი და იგივეა - მცირედი ფლუქტუაციები პლანეტარულ მიკრომასშტაბში. ასეთი მიდგომის განზოგადება გალაქტიკურ დონეზე სიბეცე იქნებოდა. აი წარმოიდგინეთ, ორი ცივილიზაცია, რომლებიც ერთმანეთისაგან სულ ახლოს, დავუშვათ ასი სინათლის წლის მანძილზე იმყოფებიან. ირმის ნახტომის სინამდვილეში სრულიად არაორდინალური შემთხვევა იქნებოდა, ფაქტიურად კარის მეზობლები. რა აქვთ ერთმანეთთან გასაყოფი? ირგვლივ პლანეტების 99,999999 პროცენტი სრულიად დაუსახლებელია, მათი ტერაფორმირება კი მილიარდჯერ უფრო ადვილი და იაფი, ვიდრე სხვა ცივილიზაციასთან სამხედრო კონფლიქტი. ეს იმ შემთხვევაშიც კი, კონფლიქტის მორალური-ეთიკური მხარე რომ გამოვრიცხოთ. ეს კი მერწმუნეთ, არანაირად არაა გამოსარიცხი ფაქტორი. ცივილიზაცია, რომელიც საკუთარ თავში ვერ გადალახავს აგრესიას, განსხვავებულის მიმართ შეუწყნარებელ დამოკიდებულებას, ვერ მოახერხებს ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობას - უბრალოდ ვერ მიაღწევს განვითარების ისეთ საფეხურს, რომელიც ვარსკვლავთშორისი მანძილების გადალახვის საშუალებას მისცემდა. ეს ჩვენს პლანეტაზეც თვალსაჩინოა. პოლიტიკურ რუკას გადავხედოთ. ვინ იმარჯვებს ლიბერალური და ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობების ჭიდილში? მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები სწორედაც რომ ლიბერალური ქვეყნები არიან. ხოლო ის საზოგადოებები, სადაც არქაული, ვითომდა მამაპაპური, განსხვავებულის მიუღებლობაზე, არატოლერანტულობაზე, აგრესიაზე დაფუძნებული ღირებულებებია წამყვანი - უკან მიჩანჩალებენ. ასეთი საზოგადოებები ხანდახან უფრო მონოლითურად გამოიყურებიან, მაგრამ არამდგრად, ფეთქებადსაშიშ ფორმაციებს ქმნიან და ომების, სოციალური კატაკლიზმების თუ ზოგადად, თვითგანადგურების რისკები გაცილებით მაღალი აქვთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომლის ექსტრაპოლირებაც ნებისმიერ მასშტაბზეა შესაძლებელი.
საუბარი ბორტგამცილებელმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც სადილი, თუ ვახშამი მოგვიტანა.
დამატებით წყალი და ფორთოხლის წვენი მოითხოვეთ - ჩამჩურჩულა ბატონმა ზურაბმა.
რატომ? - გაკვირვებულმა შევუბრუნე კითხვა.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში უკვე საკმაოდ აქტიური პროცესები დაიწყო, რაც წყალზე და გარკვეულ მინერალებზე მოთხოვნილებას ზრდის. სიგარეტის მოწევის სურვილი ვვარაუდობ, აღარ გაწუხებთ - თავაზიანად ამიხსნა ჩემმა თანამგზავრმა.
უცებ მივხვდი, რომ საშინლად მწყუროდა და არანაკლებ მშიოდა. აი, სიგარეტის მოწევის სურვილს კი მართლაც ვერ ვგრძნობდი. ავიაკომპანიების საჭმელი ასე გემრიელად არასდროს მიჭამია, წყალიც ბლომად დავლიე და ფორთოხლის წვენიც დავაყოლე, როგორც ეს ბატონმა ზურაბმა მირჩია. აღსანიშნავია, რომ ისიც გემრიელად ილუკმებოდა.
მინდოდა პაუზით მესარგებლა და შემდეგი შეკითხვებისთვის მოვმზადებულიყავი, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
მართალია, საუბარი ისე მიგვყავდა, თითქოს უბრალოდ სახალისო თეორიას ვიხილავდით, მაგრამ ზურაბის ბოლო ფრაზამ შემახსენა, რომ ის უცნაური მოწყობილობა ნამდვილად არსებობდა. ჩემი თანამოსაუბრე შემთხვევით არაფერს ამბობდა - ეს უკვე შევამჩნიე. მისი რეკომენდაცია წყალსა და ფორთოხლის წვენთან დაკავშირებით ასევე არ უნდა ყოფილიყო უბრალო წამოცდენა. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ უკვე საკმაოდ დავრწმუნდი მისი ფანტასტიკური შემოთავაზების ჭეშმარიტებაში და დროა არსებულ რეალობას თვალებში ჩავხედო.
„არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში უკვე საკმაოდ აქტიური პროცესები დაიწყო“ - ზუსტად აღვიდგინე მისი ნათქვამი. არ უთქვამს, „დავუშვათ, რომ სამედიცინო პროცედურები მართლა ჩაგიტარდათ და თქვენს ორგანიზმში უკვე საკმაოდ აქტიური პროცესები დაიწყო“. ინფორმაცია, როგორც ფაქტი, ისე მომაწოდა. ის გარემოება, რომ მწყუროდა და სიგარეტის მოწევა მართლა აღარ მინდოდა, არაფრად მივიჩნიე. ბოლოს და ბოლოს პლაცებოს ეფექტი რეალური და ათასჯერ გადამოწმებულია. სამედიცინო კვლევების დროსაც რეგულარულად იყენებენ. ცოტა ხანს კიდევ ვიფიქრე და გადავწყვიტე, ამ საკითხის პედალირება არ მომეხდინა - დაწყებული თამაში გამეგრძელებინა ისე, თითქოს ვერაფერი შევამჩნიე. სხვა უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
ფიქრებმა წამიღო. თანამედროვეობის ცენტრალური შეკითხვა - მარტონი ვართ თუ არა? და თუ მარტონი არ ვართ, როგორია ის, სხვა სიცოცხლე, სხვა ცივილიზაცია, რამდენად განსხვავდება ჩვენგან, მოვახერხებთ თუ არა მასთან ურთიერთობას? პრობლემა არ დგას ტექნიკური სირთულეების სიბრტყეში - ამაში დარწმუნებული ვიყავი. ბოლოს და ბოლოს მათემატიკა უნივერსალურია მთელი სამყაროსთვის, ბუნების კანონებიც. შესაბამისად, გადაულახავი წინააღმდეგობები არ უნდა არსებობდეს. აქ დროს არა აქ მნიშვნელობა. ის, რაც არ ვიცით დღეს, გვეცოდინება ხვალ. ჩვენი ცივილიზაციის განვითარების თავბრუდამხვევ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ მოკლე დროშიც კი. ამისთვის მოტივაცია და მიზანმიმართული ძალისხმევა საკმარისი იქნებოდა. სირთულე სხვაგანაა. მათემატიკის და ფიზიკის კანონებისაგან განსხვავებით, ცივილიზაციის სხვადასხვა ფორმებს შესაძლებელია ჰქონდეთ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული კულტურული ფასეულობები, საზოგადოებრივი მოწყობის ფორმები და კანონები, თუკი „იქ“ ასეთი რამ - საზოგადოება საერთოდ იარსებებს. გარდა ამისა, წარმოდგენა არა გვაქვს, რამდენად უნივერსალურია დარვინისეული ევოლუციის კანონები. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ევოლუციის განსხვავებული ვერსია. ამიტომ ამ მიმართულებით სრულიად უვიცები ვართ. უამრავ მწერალს, ფუტუროლოგს უფიქრია ამ თემაზე. მრავალი მიმართულებით გაშლილა მათი ფანტაზია. დიდთავიანი, დიდთვალებიანი და მელოტი ჰუმანოიდებით დაწყებული, მოაზროვნე ოკეანით დამთავრებული, და მაინც, ეს კონსტრუქციები შესაძლებელია ჩვენი გონებაშეზღუდულობის დემონსტრაცია აღმოჩნდეს, როდესაც განსხვავებულ სიცოცხლეს მართლა შევეჯახებით.
მეორე მხრივ, ფედერაცია, მისი წევრები, კომიტეტები და ქვეკომიტეტები, ჩაურევლობის დოქტრინა... ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად, და ასე ვთქვათ, დედამიწურად ჟღერს. იმდენად ბანალურად, რომ შეიძლება მართალიც კი იყოს. რატომაც არა? სხვა რა საშუალებები შეიძლება არსებობდეს განსხვავებულთა თანაარსებობისა და მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის? ლოგიკას მივყავართ ისეთი კარგად ნაცნობი მექანიზმებისაკენ, როგორიცაა პოლიტიკა და საერთაშორისო სამართალი. რამდენად უნივერსალურია ეს მექანიზმები სამყაროს მასშტაბით? კაცმა არ იცის.
ისევ შემოთავაზებულ ჰიპოთეზას დავუბრუნდი. პასუხები, რომლებიც ბატონმა ზურაბმა გამცა, მწყობრი მომეჩვენა. ყოველ შემთხვევაში მისი ადვილად გამოჭერა და ლოგიკური ქსოვილში შეუსაბამობების დემონსტრირება ადვილი არ ჩანდა. ყველაზე სუსტ რგოლად მაინც ამ ამბავში ჩემი - როგორც აქტორის მონაწილეობა მომეჩვენა. სამეცნიერო კონფერენციაზე მიწვევა? რა სისულელეა. არა, საკუთარი რენომეს ნიველირებასა და გადაჭარბებულ თვითგვემაში ჩემი თავი არასდროს შემიმჩნევია, უფრო პირიქით, მაგრამ, მოდი წარმოვიდგინოთ, რაში სჭირდება ასეთი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების ერთობას ჯერ კიდევ ნულოვან სტადიაზე მყოფი კაცობრიობის რომელიღაც, არც თუ კაშკაშა რეპუტაციის მეცნიერის მიწვევა? რას მისცემს ჩემი მონაწილეობა მათ? ან მე რას მომცემს? ეს ხომ დაახლოებით იგივეა, ნასას სამომავლო გეგმების განხილვას რომ პითეკანტროპი დაასწრო.
სადილი დავამთავრეთ. ბატონი ზურაბი ყავას სვამდა და აშკარად ეტყობოდა - საუბრის გაგრძელებას ინტერესით და აზარტით ელოდა.
მაშ ასე - დავიწყე დინჯად - ვსაუბრობდით ფერმის პარადოქსის თქვენეულ ამოხსნაზე. კერძოდ იმაზე, რომ პარადოქსის მიზეზი გონიერი სიცოცხლის შეგნებულ, მიზანმიმართულ ძალისხმევაში უნდა ვეძებოთ. რა გითხრათ, ვერსია საინტერესოა, თუმცა არცთუ მთლად ორიგინალური. რაც შეეხება მთელს ამ კონსტრუქციაში ჩემს მონაწილეობას...
ვიცი რაც გაწუხებთ - შემაწყვეტინა ზურაბმა - კონფერენციაში თქვენი მონაწილეობა უცნაურად მოგეჩვენათ. არა და, ამის გასაღები თქვენივე კვლევების სპეციფიკაში დევს.
კერძოდ?
როგორც უკვე გითხარით, არსებობს დოქტრინის სპეციალური ნაწილი, რომელიც არეგულირებს ფედერაციის არაწევრი ცივილიზაციების სამეცნიერო წრეებისათვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც გავლენას მოახდენდა ამ ცივილიზაციებში ტექნოლოგიების და ზოგადად, სამეცნიერო აზრის განვითარებაზე, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ბიძგს მისცემდა მათ. მაგრამ არსებობს თემები, რომლებიც წმინდად აკადემიური ხასიათისაა, მათი შესწავლა ვერანაირად ვერ გამოიწვევს ტექნოლოგიური განვითარების აქსელერაციას. უფრო მეტიც, ეს თემები თანაბრად აქტუალურია ნებისმიერი ცივილიზაციისათვის, მიუხედავად მათი განვითარების საფეხურისა. არ ვიცი, რამდენად მოსალოცი ამბავია, შეიძლება ისურვებდით, რომ თქვენი კვლევები უფრო მეტად გამოყენებითი ხასიათისა იყოს, მაგრამ ფედერაციის სამეცნიერო საბჭო დარწმუნებულია - პარალელური სამყაროების შესახებ თქვენი მოსაზრებები სრულიად სტერილურია ამ თვალსაზრისით. ამავე დროს, თემა საინტერესოა, ამ მიმართულებით უამრავი მეცნიერი მუშაობს ირმის ნახტომის სხვადასხვა რეგიონში, მათი კოოპერაცია კი ძალიან წაადგებოდა საქმეს.
ცოტა ხანს ორივე ვდუმდით. ინფორმაციის გასააზრებლად გარკვეული დრო მჭირდებოდა. უნდა ვაღიარო, ჩემი სამეცნიერო საქმიანობის ამ ასპექტზე არასდროს დავფიქრებულვარ. პარალელური სამყაროები, რომელთა შორის პრინციპულად შეუძლებელია არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, ასეთი ცოდნა მართლაც სრულიად არაპრაქტიკულია. არაპრაქტიკული არა იმიტომ, რომ დღესდღეობით არ ვფლობთ სათანადო ცოდნას და ტექნოლოგიებს, არამედ იმიტომ, რომ იგი ასეთივე დარჩება მაშინაც კი, როდესაც ჩვენს სამყაროს საბოლოოდ გაანადგურებს ენტროპიის მორევი და მას მერეც, უკუნითი-უკუნისამდე. ვიკმაყოფილებთ მხოლოდ ცნობისმოყვარეობას და, ასევ თქვათ, პერფექციონიზმს - სურვილს, არ გვქონდეს თეთრი ლაქები საერთო სურათში. იდეა - თავისი არსით გიჟურად ამბიციური და თავხედი - ბოლომდე შევიგრძნოთ, დავინახოთ ამ უდიადესი მექანიზმის ფუნქციონირების სილამაზე...
პოზიტივი კი ალბათ ისაა, რომ ამ სრულიად უსარგებლო ძალისხმევაში მარტო არ ვყოფილვარ, - გავიცინე, თუმცა მგონი ნაღვლიანად გამომივიდა. - ეს ხუმრობით. ისე კი ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში არ გამოგივიდათ ჩემი დარწმუნება.
კარგი, მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ, ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ ამ საკითხს - მიპასუხა ბატონმა ზურაბმა.
გისმენთ...
ნებისმიერი ცივილიზაცია თავისი განვითარების გზაზე უამრავ ეტაპს გაივლის. მაგრამ ეს ეტაპები შესაძლებელია ორ დიდ ჯგუფად, ორ ეპოქად დავყოთ. პირველი ეპოქაა, როდესაც მოაზროვნე არსებები, ანუ ამ ცივილიზაციის სუბიექტები ძირითადად დაკავებულნი არიან საკუთარი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით, უხეშად რომ ვთქვათ, მასლოუს პირამიდის ქვედა ოთხი საფეხურით. შემდეგი ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადო დონეზე. წამოვიდგინოთ, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, საზოგადოებრივი ფორმაციების დახვეწამ მოიტანა, რომ აღარ არსებობს ენერგეტიკული შიმშილის პრობლემა, აღარ არსებობს უსაფრთხოების პრობლემაც, ყოველ შემთხვევაში მაკრომასშტაბში, რადგან ასეთი ცივილიზაცია მულტიპლანეტარული, უფრო მეტიც, მულტივარსკვლავური ტიპის გახლავთ და შესაძლო ლოკალური კატასტროფები მის არსებობას არ ემუქრება. რაღა დარჩა? რა იქნება ის მოტივატორი, ურომლისოდაც ასეთ ცივილიზაციას მოდუნება, სტაგნაცია, შემდეგ კი დეგრადირება დაემუქრებოდა? პასუხი ალბათ ნათელია - ცნობისმოყვარეობა, აი ის უძლიერესი ძრავი, რომელიც არასდროს გაჩერდება, რადგან განჭვრეტად მომავალში მისი სრულად დაკმაყოფილება გამორიცხულია.
უცნაურია, სწორედ ამ თემებზე დავფიქრდი ორიოდე წუთის წინ - ჩავიბუტბუტე მე.
ამიტომ (ზურაბმა ისე გააგრძელა, თითქოს ჩემი კომენტარი არც შეუმჩნევია) მეცნიერება - ოღონდ არა პრაქტიკული, გამოყენებითი თვალსაზრისით, არამედ სამყაროს შეცნობის - უზენაესი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ინსტრუმენტი, ყოველთვის აქტუალურია და ის ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მგონი ვუპასუხე თქვენს შეკითხვას? თუ ვერა, ცოტას კიდევ დავამატებ - მხიარულად გაიღიმა ჩემმა თანამგზავრმა.
ბარემ დაამატეთ...
მეორე სურვილი თუ მისწრაფება, რაც ნებისმიერი ცივილიზაციისთვის ფუნდამენტურია, მისი სიცოცხლის, მისი არსებობის გაგრძელებაა აწ და მარადჟამს. ეს კი მოგეხსენებათ, შეუძლებელია არსებული ცოდნის მიხედვით. რადგან, ჩვენი სამყარო სასრულია. იგი სასრულია ენერგეტიკულად, ერთ მშვენიერ დღეს ყველა ვარსკვლავი ჩაქრება. ენტროპია ანადგურებს ყველაფერს - ხელები გაშალა ზურაბმა.
უკვე მერამდენეჯერ შევამჩნიე - ეს კაცი თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა. ადრე თუ კარგი ფსიქოლოგის უნარ-ჩვევებს და ჩვენი საუბრის ტოპოლოგიის ზუსტ წვდომას ვაბრალებდი, ახლა ნამდვილად შევშფოთდი.
მართალია ეს არ მოხდება მალე, მაგრამ, მოგეხსენებათ, ტერმინი „შორეული მომავალი“ ფარდობითია და დამოკიდებულია განვითარების რომელ საფეხურზე ვიმყოფებით - გააგრძელა ზურაბმა - პირველყოფილი ადამიანისთვის, რომელიც ანტილოპას მოინადირებდა და კარგად დანაყრდებოდა, შორეული მომავალი მეორე დილით იწყებოდა. მაღალგანვითარებული ცივილიზაციისათვის კი სამყაროს ენერგეტიკული სიკვდილი განჭვრეტადი მომავალია.
და რა კავშირის აქვს ყველაფერ ამას ჩემს მიწვევასთან?
პირდაპირი, ბატონო დავით, პირდაპირი. წეღან როდესაც გითხარით, თქვენი კვლევის სფერო აკადემიურია და სრულიად დაცლილი გამოყენებითობისაგან-მეთქი - არ ვიყავი მთლად კორექტული. რასაკვირველია, ეს ასეა და ასეთად დარჩება ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ იქნებ ეს ასე არ არის? იქნებ შეხედულება, რომელიც ფუნდამენტურად მიგვაჩნია და რომელიც სხვადასხვა სამყაროებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეუძლებლობის შესახებ ღაღადებს, მხოლოდ ცოდნის მოცემულ ეტაპზეა ჭეშმარიტება? იქნებ ბევრი მილიარდი წლის შემდეგ გონიერმა არსებებმა შესძლონ და როგორღაც გვერდი აუარონ ჩვენი სამყაროს სიკვდილის გარდაუვალობას? კაცმა არ იცის. და ამ გზაზე გვაქვს კი უფლება, რომელიმე თამამი აზრის, რომელიმე, თუნდაც გიჟური თეორიის იგნორირება მოვახდინოთ? იქნებ ეს სწორედ ის სუსტი მარცვალია, პატარა ნაპერწკალი, რომელიც საბოლოო ჯამში სწორ გზაზე დაგვაყენებს და ამ უდიადეს მიზანთან მიგვიყვანს? და აი, პასუხიც - დაამთავრა ზურაბმა და ყავის ჭიქიდან ბოლო ყლუპიც მოსვა.
ცხადი იყო, ლოგიკურ თამაშში, რომელიც ბატონმა ზურაბმა სამუშაო ჰიპოთეზად შემომთავაზა, ღირსეული მოწინააღმდეგე მყავდა. გასაგებია, უზენაესი გეგმები და ცივილიზაციის მისიები მისი კოზირია, მოდი ახლა მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი უბრალო, პრაქტიკულ საკითხებში მოვსინჯოთ.
ჩაურევლობის დოქტრინას დავუბრუნდეთ - დინჯად დავიწყე - მიუხედავად მისი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების, თქვენი დამკვეთი ფიქრობს, რომ ჩემს შემთხვევაში რისკი არ არსებობს. ვგულისხმობ იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ვერავინ მაიძულებს გავჩუმდე...
ოი, რას ბრძანებთ, ეს ყველაზე მარტივად გადასაწყვეტი საკითხია - შემაწყვეტინა ზურაბმა. - თუ თქვენ კონფერენციაზე მონაწილეობას დათანხმდებით, ასევე მოგიწევთ პირობის მოცემა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება.
გასაგებია, ესე იგი უბრალოდ სიტყვას მოგცემთ და პრობლემაც მოგვარდება - სარკასტულად შევნიშნე.
კი ბატონო, რადგან ფედერაციის იურისდიქცია ამ პლანეტაზე არ ვრცელდება, ვერანაირ კონტრაქტს ვერ შემოგთავაზებთ და ესეც არ იყოს, განა სიტყვა საკმარისი არაა? - ეშმაკური ღიმილი ჩაუდგა თვალებში
არა, მაგას არ ვგულისხმობდი - ვუპასუხე ცოტა დამორცხვებულად - ჩვენ ხომ მაინც, ასე ვთქვათ, ჰიპოთეტურად ვმსჯელობთ, და რა მოხდება, თუ პირობას არ დავიცავ?
არა მგონია ბატონო დავით. ვერ წარმომიდგენია, რომ თქვენ, რესპექტაბელური მეცნიერი, რომელიმე ტელევიზიაში გაიქცევით და იქ სულელურ შოუებში მოყვებით, როგორ გაიცანით თვითმფრინავში არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენელი, რომელიც თქვენთან ერთად ამ, არცთუ უმაღლესი ხარისხის ყავას მიირთმევდა და სამყაროს დასასრულზე გესაუბრებოდათ. სხვას კი ვერაფერს გააკეთებთ, რადგან არანაირი მატერიალური დასაბუთება არ გექნებათ.
აი მანდ ცდებით - ვუპასუხე გამარჯვებულის ტონით - როგორც თქვენ თქვით, ჩემს სისხლში რაღაც ნანორობოტები ცირკულირებენ, რომლებიც, ღმერთმა იცის, რაებს სჩადიან. დედამიწის მედიცინა მგონი არც ისე განუვითარებელია, რომ ვერ აღმოაჩინონ.
ცდებით - მშვიდად მიპასუხა. - ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ნანორობოტები ჭანჭიკებისგან და სპილენძის მავთულებისგან შედგება? ესაა ორგანული მოლეკულებისგან შექმნილი მექანიზმები, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, რომლებიც ამ წამებში აქტიურად ახორციელებენ დასახულ პროგრამებს, შემდეგ კი თვითლიკვიდაციას მოახდენენ. ეს უკვე საკმაოდ მალე მოხდება - ზურაბმა საათს დახედა - ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფრენის დამთავრებამდე ნამდვილად.
ეეჰ, რას ბრძანებთ ბატონო დავით, ჩემი ცოდნა ძალიან ზედაპირულია. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩემს საქმიანობაში მჭირდება, ასე ვთქვათ კლიენტების ცნობისმოყვარეობა რომ დავაკმაყოფილო შესაძლებლობის ფარგლებში. ვისურვებდი, გაცილებით მეტი მცოდნოდა. მაგალითად, წარმოდგენა არა მაქვს როგორ ცხოვრობენ იქ (თითი თვითმფრინავის ჭერისკენ აიშვირა), როგორი ქალაქები აქვთ, თუკი აქვთ ქალაქები. როგორია მათი ყოველდღიური საქმიანობა, რას ჭამენ და სვამენ, თუკი საერთოდ იკვებებიან. უყვართ თუ არა, სძულთ თუ არა და უამრავი, ასე ვთქვათ საყოფაცხოვრებო საკითხი. აი, ეს ყველაფერი მინიმუმ ოთხასზე გაამრავლეთ და მიხვდებით, რა ცოტა ვიცი - თეატრალური ტრაგიზმით დაასრულა მან.
კლიენტი ბევრი გყავთ?
საკმაოდ, და არა მარტო მეცნიერები, სხვათაშორის. ფედერაციის ინტერესის საგანს ჩვენი ტიპის პლანეტებზე არა მარტო ეს სფერო წარმოადგენს. გაცილებით იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეკვეთას სახელოვნებო საზოგადოების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზეც ვიღებ. რასაკვირველია ნებისმიერი კონტაქტი ღრმად სპეციფიურია. მათ შორის უმეტესობა სრულიადაც არ მოთხოვს კარტების გაშლას, ან სადმე დაპატიჟებას. ზოგჯერ კომუნიკაცია ისე მთავრდება, რომ ბოლომდე ინკოგნიტოდ ვრჩები, ხან ჟურნალისტად, ხანაც კი უბრალოდ, ლაქლაქის მოყვარულ მოხუცად.
და თვითმფრინავი? გამონაკლისია, თუ თქვენი სამუშაო გარემო?
უი, რას ბრძანებთ. თვითმფრინავი სწორედაც რომ იდეალური ადგილია. დრო თავზესაყრელი, ხელს არავინ შეგიშლის და არის კიდევ ერთი ფაქტორი - ჩემი პირადი გამოცდილებით აღმოჩენილი.
კერძოდ?
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის ყოფა-ცხოვრებაში უამრავი გარდატეხა მოხდა. ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორი მოქნილები, სწრაფად ადაპტირებადები აღმოვჩნდით. ეს თავბრუდამხვევი ტემპი, ინფორმაციის ნაკადები, ინტერნეტი და სმარტფონები. მაგრამ ის ფაქტი, რომ არსებობს რაღაც ალუმინის ცილინდრი, რაღაც კონსერვის ქილა, რომელიც დაფრინავს, რომლითაც ღრუბლებს ზემოთ ვმოგზაურობთ და ათასობით კილომეტრს სულ რამდენიმე საათში ვფარავთ, მაინც ყველაზე დიდი საოცრება, ყველაზე ძნელად შესაგუებელი ამბავი მგონია. ჰო და, კიდევ სად არის ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი დაუჯერებელი ამბების მოსასმენად იქნება მზად? ასე რომ ნამდვილად, თვითმფრინავი ჩემი საყვარელი ადგილია... ვის არ გადაეყრები აქ...
ერთხანს სდუმდა, თითქოს რაღაც ფიქრებმა გაიტაცა, ნაღვლიანად გაიღიმა, შემდეგ ისევ განაგრძო.
ბუნებრივია, ეს შეხვედრები, როგორც უკვე მოგახსენეთ განსხვავდება ერთმანეთისაგან, განსხვავდებიან ადამიანებიც, ამიტომ ყოველი შეხვედრა წინასწარ მომზადებას მოითხოვს. მათ შორის ენის თვალსაზრისით...
ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ...
რომ ქართველი არა ვარ? ჩემდა სამარცხვინოდ შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ერთი კვირის წინ არცერთი ქართული სიტყვა არ ვიცოდი. ესეც ჩემი პროფესიის სპეციფიკაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს მათ მშობლიურ ენაზე ვესაუბრებოდე.
გამოდის საოცარი, უნიკალური უნარის მქონე პოლიგლოტი ყოფილხართ.
არა, როგორ გეკადრებათ, ენების შესწავლა არასდროს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე, თანაც ასაკი... ამ თემაზე მეტის თქმის უფლებამოსილება არ მაქვს, უბრალოდ ვიტყვი, რომ გარკვეული ტექნოლოგიები არსებობს, რომლებიც ინფორმაციის დიდი მასივების სწრაფად ათვისებაში მეხმარება.
ისევ პაუზა. ჩემს ტვინში არამიწიერი ცივილიზაციების წარმოუდგენლად ჭრელი კალეიდოსკოპი ტრიალებდა. ნეტა როგორია ის ზღვარი, განსხვავებულობის ის უფსკრული, რომლის იქითაც კომუნიკაცია უბრალოდ შეუძლებელი იქნება? სიცოცხლე შესაძლებელია იყოს მრავალგვარი. მოაზროვნე არსებები შესაძლებელია ხედავდნენ ელექტრომაგნიტური სპექტრის სრულიად სხვადასხვა დიაპაზონში. ურთიერთობისთვის არ იყენებდნენ ბგერით ტალღებს, ცოცხლობდნენ სრულიად სხვადასხვა ტემპერატურულ დიაპაზონში და მრავალი სხვა. თუმცა ეს მაინც ტექნიკური საკითხებია, შესაბამისად გადაჭრადი. კომუნიკაციას ეს ხელს არ უნდა უშლიდეს. ფატალურობა სხვა სიბრტყეშია საძიებელი. მაგალითად, ხომ არის შესაძლებელი ასეთი სიცოცხლე არ იყოს ინდივიდუალისტური? იქნებ ზოგი მათგანი ინტეგრირებულია ერთ, მთლიან გონში? აი, ჭიანჭველების ბუდის მოდერნიზებული ვარიანტი, ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით... შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე იყოს უკვდავი ინდივიდის დონეზე? მაგალითად ღმერთი - წარმოდგენილი მხოლობით რიცხვში, არსება-ცივილიზაცია. ალბათ წარმოუდგენლად მოწყენილი, წარმოუდგენლად მარტოსული... რაზე უნდა ვილაპარაკოთ ასეთ შემთხვევებში? რამდენად გამოვიცნობთ მათ სურვილებს, რამდენად ჩავწვდებით მათ ლოგიკას? ან ისინი ჩვენსას? და მაინც როგორები არიან ისინი? ბოლო კითხვა ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვთქვი.
გულისხმობთ რამდენად განსხვავდებიან ჩვენგან ბიოლოგიურად? ბუნებრივია, კულტურული განსხვავებები გასაოცარი იქნება. აი, ბიოლოგიურის კი რა მოგახსენოთ. აქაც გააჩნია, განსხვავებულობის რა მასშტაბს გამოვიყენებთ. ის ფაქტი, რომ ირმის ნახტომში ყველანაირი სიცოცხლე დნმ-ს ეყრდნობა, გვაფიქრებინებს, რომ მინიმუმ ჩვენი გალაქტიკის დასახლება პანსპერმიის საშუალებით მოხდა. ეს კი ფაქტობრივად ყველას ნათესავებად გვაქცევს. გარდა ამისა, დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი მეცნიერი ალბათ მაინც ჩარლზ დარვინი იყო, რაც არ უნდა გეწყინოთ თქვენ - ფიზიკოსებს. ევოლუციის თეორია სავარაუდოდ იმდენად უნივერსალურია, რომ გონიერი სიცოცხლის ფორმები ერთმანეთს საოცრად გვანან. როგორც ჩანს, იგი მართალია ზიგზაგებით, სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა სისწრაფით, მაგრამ მაინც ერთნაირი, ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ხოლმე. ასე რომ, ბატონო დავით, არანაირი მოაზროვნე ღრუბლები და პოეტი კონტინენტები. ყველაფერი ბევრად მოსაწყენად გამოიყურება.
კარგი, თანახმა ვარ - ხელები ავწიე - ჩათვალეთ, მიწვევა მიღებულია. გაუთქმელობის შესახებ პირობაც ასევე. რა მოხდება შემდეგ?
ძალიან კარგი. ამით ჩემი მისია დასრულდება. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დაგირეკავენ, ბატონო დავით. გეტყვიან, რომ ზურაბთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის შესახებ გიკავშირდებიან და დანარჩენ ინსტრუქციებს მოგცემენ. აქვე გეტყვით, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა და როგორ იქნება. ისიც არ ვიცი, მართლა ფიზიკურად გადაადგილდებით სადღაც, თუ ვირტუალური რეალობით დაკმაყოფილდებიან. სად იქნება ეს კონფერენცია, გექნებათ თუ არა დანარჩენ მონაწილეებთან უშუალო კონტაქტი, როგორ განხორციელდება თქვენს შორის კომუნიკაცია და როგორ, რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა კოლეგებთან. ვიცი, სამწუხაროდ ძალიან მწირ ინფორმაციას გაწვდით, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც შემიძლია - მომიბოდიშა ზურაბმა.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. გამთენიის პირი იყო. წვიმდა. მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა თავს მხნედ და ხალისიანად ვგრძნობდი, ზურგიც კი არ მტკიოდა, როგორც ეს დიდხანს, ერთ ადგილზე ჯდომის შემდეგ მჩვევია. საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ ბარგს უნდა დავლოდებოდი. ბატონი ზურაბი მომიახლოვდა.
თუ გინდათ თავაზიან კომპლიმენტად ჩათვალეთ, თუ გინდათ ჭეშმარიტებად. მაგრამ თქვენთან მუშაობა სასიამოვნო იყო. საინტერესო შეკითხვებს სვამდით, შედეგად მგონი იმაზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ვიდრე ამას ჩემი უფლებამოსილება ითვალისწინებს. იმედია მაპატიებენ - მხიარულად გაიღიმა, ხელი ჩამომართვა და სწრაფი, ახალგაზრდული ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ.
მაშ ასე, დავბრუნდი, წინ საკმაოდ დაძაბული კვირა მელოდება. მიტოვებული საქმეები უნდა მოვაწესრიგო, ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდე. ერთ კვირაში კი... ნეტავ მართლა თუ დარეკავს ტელეფონი და უცნობი ხმა მეტყვის, რომ ბატონ ზურაბთან მიღწეული შეთანხმების თაობაზე უნდა საუბარი. ვინ იცის? გავიღიმე და თავი გავიქნიე, თითქოს სულელური აზრების მოშორება მინდოდა, ბარგი ავიღე და აეროპორტიდან გამოვედი. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, ინსტინქტურად დავაპირე მოკიდება. მრავალწლიანი ჩვევა, მოთხოვნილება და იმ ნეტარების მოლოდინი, თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ პირველ ნაფაზს რომ მოაქვს... კოლოფი დავჭმუჭნე და იქვე, ურნაში ჩავაგდე. მოწევის არანაირი სურვილი არ მქონდა. მგონი შევძლებ თავი დავანებო - გავიფიქრე.