რას ამბობს პოეზია


რას ამბობს პოეზია




წინასაახალწლო ელეგია

 

რა უფრო წმინდაა,

პატრიარქის თვალები, რომელშიც საბჭოთა კაგებეს მიწისქვეშა

იზოლატორები ირეკლება,

თუ პოეტის სევდიანი მზერა, რომელშიც ქალაქი დაცურავს,

როგორც მსუქანი თევზი,

რომლის მოუქნელი მოძრაობები და არასანდო სილუეტი აჩენს ლექსებს,

ხოლო ლექსი აჩენს პრობლემებს,

ხოლო პრობლემები ეგზისტენციურ შიშებს,

რაც ალბათ ყველაზე მომგებიანი მიზეზშედეგობრივი კავშირია კაცობრიობის ისტორიაში,

დაახლოებით ისეთი, ექვსი ციფრი რომ გამოიცნო მიყოლებით ლატარეაში,

ანუ ფაქტობრივად ჯეკპოტს ხსნი

და ხსნი საკუთარ თავსაც, იმ ზომამდე,

რომ ყველაფერი დაიტიო,

მსუქანა თევზისხელა ქალაქი, სადაც დიდი ხანია საღათას ძილით სძინავთ მათ,

ვისი თვლემაც კი დანაშაულია,

შენი პერმანენტულად ცარიელი საფულე,

ყოფილი შეყვარებულის სევდიანი მზერა და ა.შ.

 

და მაინც, ვკითხულობ, სად არის თოვლი შარშანწინდელი

და მეგობრები, რომლებიც აღარ არიან მეგობრები.

ისინი მრავალუცნობიან განტოლებებად იქცნენ,

რომლის ამოხსნასაც დრო სჭირდება,

შენ კი დრო არ გაქვს,

ამიტომაც წერ ამ ლექსს

და იგებ,

აგებ

და უგებ დროს.

 

 

რას ამბობს პოეზია

 

რას ამბობს პოეზია?

შერჩა კი მას ძალა რაიმე ქმედითისთვის?

რა შეუძლია მოიმოქმედოს პოეზიამ, როცა შიმშილი რიგითი პარლამენტარივით ვერაგია?

რაზე მეტყველებს ჩემი ენა?

რა ენაზე ვმეტყველებ, როცა შენ გამოგთქვამ?

რაზე მეტყველებს ჩემს ენაზე შემოჭდობილი შენი ენა?

რაზე იმეტყველებენ ქალაქის ქუჩები, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით?

რომელ მოგონებებს წაიკითხავენ ადამიანები ჩვენზე?

რაზე მიუთითებს სიკვდილი?

დავიწყებისკენ?!

რაზე მიუთითებს შენი დაბნეული თვალები

და აჩქარებული პულსაცია?

ნუთუ სიყვარულისკენ?!

უნდა ვუფრთოხდეთ თუ არა გამოწვევებს?

თუ კომფორტის ზონებს თავქუდმოგლეჯილები შევეხიზნოთ?

რას ამბობს თითოეული განთიადი,

რომელიც შენი მომავლისკენ არის დამიზნებული?

ხშირად უნდა ვუსმინოთ

დროებით სხვაგანმყოფ საკუთარ თავებს,

რომლებიც აუცილებლად დაბრუნდებიან

უფრო ძლიერები, უფრო მაღლები, უფრო მიმზიდველები...

და ამინდის პროგნოზს,

ვალუტის კურსსაც უნდა ვადევნოთ თვალი

და თითი აუცილებლად მივაბჯინოთ ცხოვრების პულსაციას,

რომ ნესტიანი გვირაბის ბოლოს სინათლე თუ არა,

ჭიქა ყავა და უფასო ვაიფაის როუტერები მაინც დაგვხვდეს.

 

პოეზია კი - არ ვიცი.

მე არ ვიცი, შერჩა კი მას ძალა რაიმე ქმედითისთვის.

 

 

ჩემი გზა

(ნაწილი მეორე)

 

შენ შეგიძლია იყო მშვიდად

და იფიქრო ჯერდაუწერელ ლექსებზე

და მოსალოდნელ ბედნიერებაზე,

როცა ირგვლივ ყველა მოწყვეტით ეცემა ძირს

და ძალა საკუთარი თავივით ეცლებათ ხელიდან.

ყველანი ერთად აფრიალებენ თეთრ დროშებს

და ყველგან შეგუების აუტანელი სუნი დგას..

 

შენი ორიენტირი კი ფილიგრანულად ზუსტია

და ხელმოცარვების სერია, რომელიც ასე უსინდისოდ მიეწყო ერთმანეთს,

ვერაფერს გაკლებს და ვერც ლიბრად გედება თვალზე.

შენ მტკიცედ დგახარ იქ, სადაც უნდა იდგე.

იქ, სადაც მუდამ ქარიშხალია,

იქ, სადაც ადვილია, ფეხი დაგიცდეს.

 

შენი ლექსების ლირიკული გმირი კი ისევ დაიგეშება ახალ ლექსებში,

სადაც მორიგ წირვას გამოუყვანს ძალაუფლების ცენტრებს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მკლავების და წელის დიამეტრით

ამის წარმოდგენა ცოტა რთულია,

ის ყოველთვის მზად იქნება,

ნონკონფორმიზმის ცივი ოთახებიდან

გადამწყვეტი დარტყმის განსახორცილებლად.

ან შეყვარებულის ნაზ კანს შეეხება,

ან მორიგ ეგზისტენციური ხასიათის მოგზაურობას დაიწყებს

საკუთარი თავის გარშემო,

რათა გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობები,

რადგან მკრეხელობაა, იყო ერთმნიშვნელიანი

მრავალმნიშვნელიანი პროფილის მქონე სამყაროს წინაშე.

ამიტომაც, ის ყოველთვის მიმზიდველია,

მისი მზერა მრავლისმთქმელია და ამავე დროს სევდიანიც,

გოგონები გაგიჟებას არიან მასზე

და ერთი სული აქვთ, გულს როდის გადაუშლიან,

და სიყვარულში როდის გამოუტყდებიან.

 

ამიტომაც, შენ შეგიძლია, იყო მშვიდად და წერო ახალი ლექსები,

ხოლო საკუთარი მნიშვნელობები შეცდომებივით მოგიმრავლდეს.

სამყარო პერსპექტივებითაა დატენილი

და მიზანში ჰყავხარ ამოღებული.

ვერსად წაუხვალ.

ხედავ, მისი ლულა შენი გამხდარი სხეულისკენაა მომართული,

 

ამიტომაც იყავი მშვიდად, ძიების პროცესი გრძელდება

და შენც ჯერჯერობით არსებობ მხოლოდ იმაში,

რასაც ვერ პოულობ,

ხოლო რასაც იპოვი, იქნება დროებითი დასაყრდენი,

სანამ მორიგი გამოწვევები არ მომართავენ შენს სხეულს

ახალი გამარჯვებებისკენ.

 

 

ნაწყვეტი პოემიდან

 

* * *

მე დავიბადე ზუგდიდის ბაზრობასთან ახლოს

და მთელი ბავშვობა ვუყურებდი ადამიანებს,

რომლებსაც სადღაც მიეჩქარებოდათ.

მე კი ვგრძნობდი,

რომ წასასვლელი არსად მქონდა

და ეს იწვევდა სასოწარკვეთის დაბუდებას ჩემს სხეულში

და უფრო მეტად მისგან დაღწევის სურვილს,

რომელსაც ვერ ვახერხებდი

და ეს იქცა ათვლის წერტილად,

და განსაზღვრა ჩემი მომავალი ადგილი სამყაროში.

ამას გვიან მივხვდი, იქამდე კი ტკივილებს ვაგროვებდი,

როგორც ბოთლებს ბავშვობაში, მეგობრებთან ერთად.

ვაგროვებდი იმ დღემდე, სანამ მათ მნიშვნელობას გავიგებდი,

გავაანალიზებდი,

სახელს მოვუძებნიდი

და მათზე წერას დავიწყებდი.

 

იქამდე კი დიდი დრო უნდა გასულიყო,

ერთი ცხოვრება, რომელიც ბუნდოვნად მახსოვს,

და როცა ვცდილობ, შთაგონების ნესმკავი გამოვდო,

მოგონებები სხლტებიან, მემალებიან,

მინიშნებებს მიტოვებენ და ჩემი ფიქრის მონიტორზე

ოცდამეხუთე კადრად ამოხტებიან,

მე კი მინიშნებებს მივყვები

და ჩემდაუნებურად ვქმნი უხერხულ სიტუაციებს.

 

მე არ ვახდენ აღნიშნული სიტუაციის საკრალიზებას

და ფაქტების ჰიპერბოლიზებას,

უბრალოდ საკუთარ ენაზე საუბარს ვსწავლობ.

 

* * *

ის, რაც მაიძულებდა მეწერა, ყოველთვის ჩემთან იყო,

უბრალოდ მაშინ მე არ ვიყავი იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა,

და ამიტომაც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პოეზია.

მე ახლაც მიჭირს მისი  მნიშვნელობების მოხელთება,

მაგრამ ვიცი, რომ მჭირდება,

როგორც პატარა ერებს - მტრის ხატი,

როგორც ქრისტეს - ჯვარი,

როგორც სამხრეთ ამერიკულ სერიალებს - ჰეფი ენდი,

როგორც გაზაფხულს - თბილი საღამოები,

და ამიტომაც გადავწყვიტე,

რომ ყველაფერი, რაც იქნებოდა,

იქნებოდა მოულოდნელი და ზედმიწევნით დაუგეგმავი,

როგორც პოეზია.

 

მე კი იქამდე დაუნდობლად უნდა მომენგრია

თვითკმაყოფილების ზღუდეები,

და მომეხერხებინა ხიდის გადება ჩემსა და სამყაროს მოლიპულ კედელს შორის,

და მიმეღო კოლაფსები ყველაზე მკაცრი დრამატურგიით,

და ეს პროცესი ყოფილიყო განმეორებადი,

როგორც სექსი,

და აუცილებელი, როგორც რეკლამა.

რომ არასოდეს ვყოფილიყავი მაღალი,

რადგან არსებობს აქსიომა, რომელიც უკონტრარგუმენტოა:

„მდაბალნი დაწერენ კარგ ლექსებს,

ხოლო მაღალნი კი იუთუბსა და ყვითელ შოუებში გაილაღებენ.“

ნეტარ არიან ისინი, ვამბობ და მსუბუქი ღიმილი

გადარბის ჩემს ტუჩებზე.

 

* * *

შიში კი იზრდებოდა

და შიმშილზე  უფრო ვერაგი

და მოუხელთებელი ხდებოდა.

ეს აჩენდა ბზარებს ურთიერთობებში

და ამრავლებდა მეგობრებისგან მოქნეულ დანებს ჩვენს ზურგებში.

 

რა უნდა უთხრა მათ,

ვისი ჩაქნეული ხელის შრიალი

ცივი ზამთრის ღამის შავმა ხახამ შთანთქა?!

ისე, რომ  ვერავინ გაიგონა

და ვერავინ შეაწია სიტყვა, რომელიც შედეგს გამოიღებდა

და გაზაფხულს მოიყვანდა მათ გულებში

და ხეებს კვირტებით დახუნძლავდა!

 

ვინ ჩასჭიდებს მათ დაქანცულ სხეულებს

და ცხოვრების ლაბირინთში ბრმად მიმავალს,

საშველის გორგალს ჩუმად ჯიბეში ჩაუდებს?!

ვინ აუხსნის მას,

რომ საშველი უბრალოდ არ არსებობს,

თუნდაც ათასობით ჯვარი გამოიცვალო

და ათასობით ლურსმანმა დაუნდობლად დაფლითოს

შენი სხეულის თითოეული ნაწილი,

რომ ყველას ისე არ უმართლებს, როგორც იმ ერთს,

რომელსაც ხშირად უხმობენ და ეძახიან,

მაგრამ ამაოდ.

რომელმაც პირველივე ცდაზე,

პირველივე ჯერზე,

პირველივე ჯვარზე

უჭკნობი დიდება მოიპოვა.

 

* * *

მე კი ვცდილობ,  შიშის გააზრებას

და ვწერ ამ შიშნარევ სტრიქონებს.

 

ასევე ვიაზრებ, ჩემი ლექსების ლირიკული გმირი,

ჩემს გარდა, უამრავი სხვაცაა,

ვისაც ეს გზა გავლილი აქვს, ან მომავალში გაივლის,

და ისიც ვიცი,

რომ სამყარო კანონზომიერია,

და საბოლოოდ, სანამ ძალა გამოგვეცლება,

ყველა კითხვას უპასუხებს,

მდინარესაც მტრის გვამებით გაავსებს,

და გაცრუებულ იმედსაც ხელახლა ჩასახავს,

როგორც ერთ-ერთმა მამამ ჩაიდინა წიგნ-ბესტსელერში,

რომლის უამრავი კინოვერსია არსებობს.

და მომავლის მოსვლასაც დააყენებს საშველს,

რომელსაც მთელი ერი ასე გულმოდგინეთ ელის.

 

ეს კი გამოიწვევს კოლექტიურ ბედნიერებას,

კოლექტიურ ორგაზმს,

შეზავებულს იმ ყელში ამოსულ იმედგაცრუებებთან,

რომელსაც ის  ახალგაზრდები გრძნობენ,

რომლებიც ბედნიერ ვარსკვლავზე ვერ დაიბადნენ,

რადგან სოციალურ კიბეზე მაღლა მდგომმა მშობლებმა

ეს ადგილები დიდი ხნის წინ დაჯავშნეს.

ახალგაზრდები, რომლებიც  ბრიყვი HR მენეჯერების წინ სხედან

და ათას იდიოტობას ამბობენ, 

სამუშაოს დაწყების სურვილით შეპყრობილნი,

რადგან მათ დიდი ხანია გამოიარეს სასოწარკვეთილების ნესტიანი გვირაბი.

მათ კარგად ახსოვთ სიბნელე და დახუთული ჰაერი

და საკუთარი ოთახის საშიში საგნები,

რომლებიც დღითი დღე უფრო და უფრო მახინჯები ხდებიან.

ახლა კი უკან დასახევი გზა არ აქვთ,

და აწმყოს გლუვ კედლებს ეპოტინებიან,

რათა აძვრნენ მასზე და როგორმე მომავალი დაინახონ.

მათი მომავალი კი  არ არის ისეთივე ნათელი,

როგორც განათება დიდ სავაჭრო ცენტრებში.

ჰო, ეს არ არის გამოსავალი, მეგობრებო.

ეს უბრალოდ ტაიმ-აუტის დროს დაწერილი მორიგი საგალობელია

მათზე, ვინც არასოდეს ყოფილა გადარჩენილი.

 

* * *

და ეს პოემაც შიშზეა,

შიშზე, რომელიც იწერება

და შიშზე, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოვიხელთე.

შიშია მისი ქვაკუთხედი

და მისი ენობრივი საძირკველიც შიშიდან მოდის.

 

მეშინია სიკვდილის,

მეშინია უკვდავების,

მეშინია ზებრა გადასასვლელების,

მეშინია შიმშილის,

მეშინია ვერრეალიზებული საკუთარი თავის -

ამის ძალიან მეშინია.

მეშინია, რომ ერთ დღესაც მარტო აღარ ვიქნები,

მეშინია, რომ ლექსის წერის სურვილი აღარ მექნება

(თუმცა ამ ბოლო დროს ნაკლებად),

მეშინია მეინსტრიმობის

მეშინია, უზომოდ მეშინია,

რომ ერთ დღესაც ჩემი ლექსები სასკოლო პროგრამაში შევა

და ქართველი თინეიჯერები შემიძულებენ,

და ქართველი ფილოლოგები შემიყვარებენ,

და აღმატებითი ფორმებით მომიხსენიებენ.

და თაროებს ჩემი წიგნებით გამოტენიან,

ამიტომ,

და კიდევ ბევრი მიზეზის გამო,

ვწერ ამ პოემას,

ვწერ და  ვფიქრობ საკუთარ ადგილზე სამყაროში,

რომელიც შიშმა განსაზღვრა.

 

 

ციკლიდან ურბანული ჰაიკუები და ტანკები

 

* * *

ჩვენ შეგვიძლია

ვიცხოვროთ საბჭოთა კორპუსებში,

სადაც მეზობლები ჯერ კიდევ საბჭოთა სიზმრებს ხედავენ,

ჩვენ კი ვწერთ ლექსებს

გაზაფხულზე.

 

* * *

მე ოდესღაც ჰანს პრომველი ვიყავი

და ვწერდი ლექსებს მანჰეტენის

მრავალსართულია ცათამჯენიდან.

კარგია,

არასოდეს მეშინოდა სიმაღლის.

 

* * *

არსებობენ ადამიანები, რომლებიც

არ წავლენ რისკზე,

და არასოდეს შეხედავენ თავს

ჩასაფრებულის პოზიციიდან.

ისინი დიდხანს და მოსაწყენად იცხოვრებენ.

 

 

* * *

ერთხელ, როდესაც ძალიან მოვიწყინე,

ჰანს პრომველი გავხდი.

გამიტკბა.

სამი წელი ტყუილში ვაცხოვორებდი მკითხველს.

ახლა მესმის ჩვენი მთავრობის.

 

* * *

როცა ჩემი აივნიდან ვარსკვლავებს ვუყურებ,

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ რეალითი შოუში

მგონია თავი,

თითქოს ასიათასობით თვალი

ლექსის პირდაპირ ეთერში დაბადებას ელოდება.

 

* * *

იყო ბედნიერი,

ეს უკვე პოლიტიკოსის განაცხადია,

დაუჯერებელი, მაგრამ ყველასთვის სასურველი.

 

* * *

იმას, ვინც სიმართლეს

თვალს ვერ უსწორებდა.

ახლა

არავინ უსწორებს თვალს,

სულ არავინ.

 

* * *

დილაა.

სიზმარს ვწყვეტ.

სიზმრის ნარჩენებს ბალიშიდან

ფრთხილად ვიღებ

და შემდეგი ძილისთვის ვინახავ.

 

* * *

მონატრება ნიშნავს

უამრავ კოცნას,

რომლებიც ტუჩებმა ვერ შეიგრძნეს.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE