ოქროს გემი


ოქროს გემი




 

                                                               შემოდგომა

      

მთათა მუხლები აკავებენ სიცოცხლის ტაფობს.

მიწიდან მომსკდარი ვნება სიზმარს შეერია.

იგი ყურძნის მტევნიდან იფეთქებს შუაღამისას.

იგი შენთვის ხარობს.

 

შენივთულია შენი ნაკვთები და მზე ერთმანეთს.

იგი შენთვის ხარობს,

როდესაც არც უწყი ამაზე დანამდვილებით.

 

შემოდგომაა და ცხელი ღვინო ჩაედინება ჩვენს ძარღვებში,

როგორც დაჭრილი ღორის სისხლი რწყავს ბალახის გულისპირს,

როგორც რჩება დრო შენზე სალაპარაკოდ.

 

აქ არის ხე, რომლის ფესვებიც მიწაშია,

იგი თავდება შენს ფეხებთან,

იგი გარბის დროში, როგორც მტევანი,

სიმწიფეს გადამცდარი

გადასცემს ქვას სიტკბოს.

იგი დუმს.

 

შემოდგომაა, შემოდგომაა

და შენი დაბინდული თვალებიდან იფეთქებს შუაღამის სიტკბო.

მას სხვა გზა არ სურს.

 

 

                                                                                 თხოვნა

 

გთხოვ, დამელოდე.

შენი მზერა სუროს ფოთლებიდან კედელზე ასული დუმილია,

ღვთის სადიდებლად რომ მიითვლის ჩვენი ბავშვობის უანგარო ხსოვნას წარსულში,

- როგორც სისხლის სარქველი სკდება გულის აფეთქებისას,

ასევე ფეთქდებიან ჩემი სურვილები შენს მოლოდინში.

 

გთხოვ, დამელოდე,

შენი მზერა სიღრმეში მომლოდინე ნაკადულის სურვილია,

როგორც დაღამებულ ტყეში,

სიჩუმეში გარინდული არსება,

როგორც ბალახებში გაყინული ნამი,

გამთენიის სუნთქვას რომ ელის მიწაზე შერჩენილი

- წვიმის წვეთები ავსებენ ჰაერის სარეცელს.

 

გთხოვ, დამელოდე,

როგორც ვერცხლისფერ ცეცხლზე შეყოვნებული ცხელი გრიგალი,

როგორც ჩვენს შორის მოგუგუნე უხილავი ზვავი,

გრძნობას რომ დააყრუებს,

როგორც ქვაზე ამოსული მოცინარი ჰიაცინტი.

შენი მზერა - ჯოჯოხეთის სამოთხეა.

 

გთხოვ, დამელოდე,

როგორც მზის გარშემო ანთებული სიბნელე

ელოდება დაღამებას.

 

       

                                   ოქროს გემი

                                                                         

ჩემი გულის თავწყაროში ჩაძირულ ოცნების გემს

ამყნობ შენს სიყვარულს.

 

გაზაფხულია, როცა ჩვენს ხელებზე თოვლი დევს

და შენს ნაწნავებთან ვანთებთ ალისფერ აისს.

 

ყინვით გათოშილნი ვუერთდებით

უსასრულოსა და უწყვეტს და დაუსაბამოს შენს ხმაში

და შენს ხმაში ოქრო ხმიანობს.

 

გაზაფხულია,

როცა ზამთარი ხმამაღლა განჭოლავს ჩვენს სხეულებს

და როგორც თოვს,

ისე მიემართება ჩვენი სიტყვები თეთრი გულისაკენ.

როცა ცივა გარშემო როგორც არასდროს

და ჩემი გულის თავწყაროში დარჩენილ ოქროს გემს

შენი სუნთქვა მიიტაცებს.

 

გაზაფხულია, გაზაფხულია,

თოვს და ზამთარია.

 

 

                            სიჩუმის ხმა

 

ბნელი ღამის მკერდზე ჩამოშლილ ვარდს

ჰკოცნის ყინული შენი სიჩუმისა.

 

აამეტყველებ კარდაკარ ყველა იმ გზას,

სადაც მე გელი,

დაორთქლილ მინებზე თითების წარწერით - "მელაპარაკე".

 

და არ არსებობს სურვილი, ფიქრი ან ხმა,

რომელიც განელტვის შენი ოცნების სარკეში ჩამდგარ

                                 უძირო ტკივილს.

-           წარსულის არგამცოცხლებელს.

-           სიტყვების არდამბრუნებელს.

-           შენი მაჯების გარშემო შეუმჩნევლად გარინდულს.

 

და როგორც ზვიგენი, შევცურავ ვარსკვლავებით მოჭედილ  ზღვაში

შენი ქორწინების საპირისპიროდ.

 

                                                           

                                მებადურთა მთვარე

 

საიდუმლო მოძრაობით მებადურთა მზეს აჩენ

ჩვენი სიზმრებისაკენ.

ენაზე სიტყვების დამფარავს გიფარავს სიყვარული.

 

საიდუმლო მოძრაობით ხსნი გზას შენი თვალებისაკენ,

საიდანაც აღარაფერი ბრუნდება.

 

ეს შენი ხელია, რომელზეც მიცურავს თევზი,

ენის დამკარგავი,

სურვილების გამქრობი,

სიმღერის ვერშემძლე.

 

ეს შენი ხელია, რომელსაც გადასცდა ცრემლი,

შენი ყელის სიღრმეებიდან წამოსულ სევდას რომ გაენასკვა.

იგი აანთებს ქარს შენს ნაწნავებთან,

ოქროსფერ კაბის ბალთებს გხსნის

და მებადურთა ჭაობით მოსულ მთვარეზე მე მაწვენს შენთან.

 

ეს შენი ხელია,

საიდუმლო მოძრაობით რომ ჭრის გზას ჩვენი ბავშვობისაკენ

და აკვანში დაბრუნებულ ზღვარს აყოლებს სურვილს.

              

                                                

                            *** - ას

 

ო,..   შენი სახე,

დამალული ხელები,

და გახსნილი გული

როგორ შეერწყა აღმოსავლეთის მირაჟს.

 

ო,..  შენი ფიქრები, ნამქერივით დაფენილი

ჩემს მდუმარე ცხოვრებაზე.

 

ვდგები სისხამ დილით

და ტანთ ვიცვამ შენთან საუბარს.

-           შენი ენის სურნელი დამატყვევებს!

 

იავნანას მიმღერის თბილისის ცივი ცა

და ჩუმად შემომაგებებს ჩემს სიგიჟეს!

 

ო,..  შენი გზები,

აღმოსავლეთიდან დაძრული,

დედამიწის თავზე

ყოველ სულდგმულს რომ ასიცოცხლებს:

ლურჯი ლანდები დაჰყვებიან უძირო ღამის მკრთალ ნათებას - შენს ნათებას.

იგი გამოსტყორცნის, კვლავ და კვლავ, ჩემი მიმართულებით  - შენს ხმას.

 

ო,..  იანვრის ნათება,

ჩემს ძარღვებში მშვიდად გადასული.

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE