პირველი პროფესიონალი ამერიკელი მწერალი და რეპორტიორი კარგი წერილისა თუ რეპორტაჟის დასაწერად მარტოდმარტო მთელ მსოფლიოს უვლიდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი დაწვა საკუთარი სურვილით, რათა ასეთი ადამიანების ფსიქიკას ჩაწვდომოდა და თანაც ამ დაწესებულებაში დამკვიდრებული ძალადობისთვის წერტილი დაესვა. თავის წერილებში ფარდას ხდიდა მამაკაცების შოვინიზმსა და საროსკიპოებსა თუ სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გაბატონებულ ძალადობას.
ეპოქაში, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქალები მხოლოდ სამზარეულოში უნდა ფუსფუსებდნენ და ბავშვებს აჩენდნენ, ხოლო კაცის თანხლების გარეშე მოგზაურობა კარგ ტონად არ მიიჩნეოდა, ის სულ მარტო მოგზაურობდა. ერთხელ ეს თავად ჯოზეფ პულიტცერის თხოვნით გააკეთა და 72 დღეში ჟიულ ვერნის ნოველის გმირის ფიქტობრივი რეკორდი მოხსნა.
ვინც სწრაფად იზრდებოდა, ის...
რეპორტიორი, რომლის სახელი და გვარი იყო ელიზაბეტ კოხნარი, 1864 წლის 5 მაისს, პენსილვანიის შტატში დაიბადა. მამამისს, მიხაილს, წისქვილი და მის ირგვლივ მიწები ჰქონდა. მოგვიანებით ამ ადგილს კოხნარის წისქვილი ეწოდა. ოჯახის უფროსის სამეწარმეო ნიჭის წყალობით ნელისა და მის და-ძმას კარგი ბავშვობა ჰქონდათ.
იდილია მალე დასრულდა: როდესაც ელიზაბეტი 6 წლის გახდა, ბატონი კოხნარი მოულოდნელად გარდაიცვალა, ისე, რომ ანდერძის დაწერაც კი ვერ მოასწრო. ეს გასაგებიცაა: ელიზაბეტის დედა, მარი ჯეინი, მისი მეორე ცოლი იყო და მასთან ,,მხოლოდ“ ხუთი ბავშვი ჰყავდა. ამიტომ მთელი მისი ქონება ეკუთვნოდათ მის პირველ ცოლს და ათ შვილს, მარის კი თავად უნდა გამოემუშავებინა თავისი ბავშვების საკვები ფული. ქალმაც ალბათ იფიქრა, რომ ეს შედარებით გაუადვილდებოდა, თუ მის გვერდით მამაკაცი აღმოჩნდებოდა და ამიტომ კვლავ გათხოვდა. სამწუხაროდ, მისი ახალი ქმარი დიდად შრომისმოყვარე არ აღმოჩნდა, დილიდან საღამომდე ბურნასავით სულ ღვინოში იხჩობდა თავს და ნაცვლად მიხმარებისა ცოლის წვითა და დაგვით გამომუშავებულ ფულს ხარჯავდა.
სახლში ძალადობის აქტებმაც იმატა. საბედნიეროდ, მარი სულაც არა ფიქრობდა ბერწი მსხვერპლი ყოფილიყო. მან, პენსილვანიაში ერთ-ერთმა პირველმა ქალმა, გადაწყვიტა ქმარს გაჰყროდა. და მან ეს დიდწილად ელიზაბეტის წყალობითა და დახმარებით მოახერხა, რომელმაც თავისი მუქარით მამინაცვალი დააშინა.
ელიზაბეტი რთული ოჯახური ვითარების გათვალისწინებით იძულებული გახდა დროზე სწრაფად ,,გაზრდილიყო“ და დედას ბავშვების აღზრდაში მიხმარებოდა. მან მეცადინეობა დაიწყო, რათა მასწავლებლობა შეძლებოდა - ეს ერთ-ერთი ის პროფესია იყო, რომლის შესრულებაც მაშინ ქალს ხელეწიფებოდა. სამწუხაროდ, სწავლა ფინანსური გაჭირვების გამო მალევე შეწყვიტა.
ობლობიდან რეპორტიორობამდე
ოჯახი 1880 წელს უკეთესი ცხოვრების ძიებაში პიტსბურგში გადასახლდა. 1885 წლის იანვარს ადგილობრივ ჟურნალში ,,პიტსბურგის ცნობები“ ელიზაბეტმა წაიკითხა უილსონის სტატია და კინაღამ გაგიჟდა. ჟურნალისტი თავისი სტატიით, რომლის სათაურიც იყო ,,რა სარგებლობა აქვთ გოგოებს“ ("What Girls Are Good For" ) ომს უცხადებდა სუფრაჟისტების (ქალთა გამოსვლები საარჩევნო უფლების მოსაპოვებლად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ინგლისსა და ამერიკაში) მოძრაობას. უილსონი ამტკიცებდა, რომ ქალები ძირითადად უნდა იყვნენ მეუღლეები და დედები, იტრიალონ საოჯახო კერიის ირგვლივ და სულაც არ ინტერესდებოდნენ „მამაკაცური საქმეებით“. ელიზაბეტი განსაკუთრებით შეაძრწუნა ავტორის განცხადებამ იმის შესახებ, რომ თითქოს ის ქალები, რომლებიც მუშაობენ, არიან „მონსტრები“, ბუნებასთან რაღაც შეუსაბამო არსებები.
ამის საპასუხოდ მან დაწერა წერილი, რომელშიც დაუშურებლად გააკრიტიკა სტატიის ავტორი და განაცხადა, რომ ზოგიერთი ქალი, ისეთი, როგორიც მაგალითად, ის, იძულებულია სამუშაოდ გავიდეს, რათა მისი ოჯახის წევრები შიმშილით არ დაიხოცონ. წერილს ხელი მოაწერა, როგორც „მარტოსული ობოლი“ და რედაქციაში გაგზავნა.
წერილის მდიდარმა ლექსიკამ და დაკვირვებათა სიღრმემ ჟურნალის რედაქტორის ყურადღება მიიპყრო. მან წერილიც დაბეჭდა და შემდგომ ნომერში განცხადებაც განათავსა იმის შესახებ, რომ წერილის ავტორი მასთან შესახვედრად მისულიყო. ეს შეხვედრა მართლაც შედგა და მცირე საუბრის შემდეგ რედაქტორი დარწმუნდა, რომ ქალბატონ კოხნარს მისი გაზეთისათვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. მან ქალს აღნიშნული ფსევდონიმით კიდევ ერთი წერილის დაწერა დაავალა.
მისი ფელეტონი ,,ქალთა კროსვორდი“ მკითხველს იმის შესახებ მოუთხრობდა, რაც ავტორმა იცოდა ქალებზე განქორწინების შედეგებზე. წერილი მკითხველმა კარგად მიიღო, ამიტომ რედაქტორმა ელიზაბეტს მუდმივი თანამშრომლობა შესთავაზა. თუმცა ელიზაბეტი ყოყმანობდა. მას არ სურდა გამუდმებით ეწერა მოდის, ჩაის სმის და ბაღჩა-ბაღების მოვლის შესახებ. არადა, მისგან სწორედ ამ სახის წერილებს ელოდნენ. ამიტომ მან რედაქციას პირობა წაუყენა, რომ გაზეთში ის მხოლოდ სოციალურ საკითხებს გააშუქებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან გადავიდოდა სამუშაოდ.
რედაქტორი დათანხმდა ელიზაბეტის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე, თუმცა ერთი შესწორებით - ავტორს წერილები ფსევდონიმით უნდა გამოექვეყნებინა. იმ ეპოქაში ქალს არ შეეძლო პრესაში საკუთარი გვარით წერილების დაბეჭდვა.
ელიზაბეტ კოხნარმა ერთი ხალხური ლექსი გაიხსენა და ახალი ფსევდონიმი „ნელი ბლაი“ იქიდან ისესხა.
მალე გაირკვა, რომ ნელი ძალზე ძვირფასი განძი იყო რედაქციისათვის. მისი პირველი სერიოზული დავალება იყო წერილების სერიის დაწერა ფაბრიკის მუშა ქალების ცხოვრებასა და შრომაზე. მათ გაცილებით დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ, ვიდრე მამაკაცებს, უფროსები ხშირად ამცირებდნენ და ძალადობდნენ მათზე. და მიუხედავად იმისა, რომ ნელიმ ტექსტი პრობლემის კარგად შესწავლის შემდეგ დაწერა, ის მაინც ყველას არ მოეწონა. რედაქტორმა შენიშნა, რომ გაზეთში ძველებურად აღარ მოდიოდა რეკლამები. ისიც გაირკვა, რომ რეკლამებს ძირითადად იმ ფაბრიკების მეპატრონეები იძლეოდნენ, რომელთა შესახებაც ნელი წერდა.
და რათა არასასურველი ჟურნალისტი თავიდან მოეშორებინა, და ამავე დროს მისი ნაწერებით კვლავაც ესარგებლა, ჯერ კიდევ 21 წლის ჟურნალისტი მექსიკაში გაგზავნა კორესპონდენტად. ნელის იქიდან გამოგზავნილი ტექსტები მალე ამ ქვეყნის პრეზიდენტის, პორფირიო დიასის კრიტიკად იქცა. როდესაც მექსიკის ხელმძღვანელობამ გაიგო, რომ ნელი ქვეყნის მთავრობაში არსებული ძალადობის შესახებ წერდა, ჟურნალისტი იძულებული გახდა შეერთებულ შტატებში გაქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში გამოკეტავდნენ. სამშობლოში მას გაცოფებული რედაქტორი ელოდა, რომელმაც ნელი ქალთა მდგომარეობის შესასწავლად გაგზავნა და არა პრეზიდენტის საკრიტიკოდ. მაგრამ არც ნელი აპირებდა ერთ ადგილას დიდხანს ჯდომას.
,,ათი დღე საგიჟეთში“
ნელი ბლაის სწორად მიაჩნდა, რომ ადრინდელი პუბლიკაციები მას შესაძლებლობას მისცემდა სამსახური ეშოვა იმ ქალაქში, სადაც მას გაცილებით მეტი თავისუფლება ექნებოდა. ამიტომ გადავიდა ის 1886 წელს ნიუ-იორკში, სადაც მოეწყო გაზეთ ,,ნიუ-იორკ ვორდლში“, რომლის მთავარი რედაქტორი იყო ჯოზეფ პულიტცერი. ნელიმ გაზეთში მეტად რთული დავალების შეესრულება იკისრა. კერძოდ, მან გაიგო, რომ ფსიქიურად ავადმყოფებისათვის განკუთვნილ სახლში კუნძულ ბლექვილში ხშირი იყო ავადმყოფებზე ძალადობის შემთხვევები. მას რომ ამ თემაზე კარგი წერილი დაეწერა, საიმედო ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა. მისი აღება კი მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუ თავად მოხვდებოდა საგიჟეთში. ეს აზრი გაზეთის მდივანსაც გაუზიარა, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლები ენთუზიაზმით მოეკიდა ამ საქმეს. უფრო მეტიც: მთავარ რედაქტორთან შევიდა და განუცხადა, რომ რადგან ამ ქალს წერილის დასაწერად საგიჟეთში მოსდომებია გამოკეტვა, თავადაც გიჟიაო. მისდა გასაოცრად რედაქტორსაც მოეწონა ნელის გადაწყვეტილება.
ნელი რამდენიმე დღე ემზადებოდა სარკის წინ, რათა მართლა ჭკუაზე გადასულ ადამიანს დამგვანებოდა. თან ქალაქის ყველაზე ღარიბ უბანში გადასახლდა და მეზობლებთან რაღაც სისულელეების მოყოლა დაიწყო, რითიც დაარწმუნა ისინი, რომ ნამდვილად ჭკუასუსტ ქალთან ჰქონდათ საქმე. ბოლოს იმდენი ქნა, რომ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ,,შეშლილი“ ქალი კუნძულ ბლექვილის საგიჟეთში მოათავსა. ექიმებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ქალი ნამდვილად ფსიქიურად შეშლილი იყო.
ამ დაწესებულების ექიმთა დონესა და ამავდროულად ნელის სამსახიობო ტალანტზე ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ სამი გამომცდელი ექიმიდან ვერცერთი ვერ მიხვდა, თუ რა სიმულაციასთან ჰქონდა საქმე. ამრიგად, ნელი ამ დაწესებულების პაციენტი გახდა და საკუთარ ტყავზე გამოსცადა ის, რაც ყურმოკვრით იცოდა. ჭორები ამ საავადმყოფოს შესახებ სრული სიმართლე აღმოჩნდა.
დაწესებულებაში არაადამიანური პირობები იყო შექმნილი - საშინლად ციოდა, პალატებში ვირთხები დასრიალებდნენ, ხოლო პაციენტებს აყროლებულ საჭმელსა და სუნიან წყალს სთავაზობდნენ. ექიმები შუასაუკუნეების მკურნალობის მეთოდებს მიმართავდნენ. მოგვიანებით ნელი რეპორტაჟში წერდა: „ექთნები მცემდნენ ცოცხით და ზურგზე მდგებოდნენ. ერთ დღეს ცემისაგან კბილიც კი ჩამიმტვრიეს. მიგრეხავდნენ ხელებს, მირტყამდნენ წიხლებს, ზეწარს დახრჩობამდე მახვევდნენ ყელზე, რათა არ მეყვირა. შემდეგ მაგდებდნენ საშხაპეში, სადაც ყინულივით ცივი წყალი მელოდებოდა. იქ იმდენ ხანს მაჩერებდნენ, ვიდრე არ დავწყნარდებოდი. ამის შესახებ ვერც ექიმებთან ვჩიოდით, რადგან ექთნები გვაშინებდნენ: თუ ასე მოვიქცეოდით, მომავალში უფრო უარეს დღეს დაგვაყრიდნენ“.
როდესაც საკმარისი მასალა შეაგროვა, თავისუფლებაში გამოსვლა მოისურა. ამ მიზნით ის შეეცადა სამედიცინო პერსონალის დარწმუნებას, რომ უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო. უშედეგოდ. მას არავინ არ უსმენდა. ,,საგიჟეთი კუნძულ ბლექვილზე ნამდვილი მახეა. იქ მოხვედრა ძალზე ადვილია, გამოსვლა კი შეუძლებელი“ - ვკითხულობთ ნელის წიგნში ,,ათი დღე საგიჟეთში“.
როდესაც ათი დღის შემდეგ პულიტცერმა თავისი ნაცნობობის წყალობით შეძლო ჟურნალისტის კუნძულიდან გამოხსნა, ნელი ისე ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ რედაქტორმა შვებულებაში გასვლა და დასვენება შესთავაზა. მაგრამ ეს წინადადება ნელიმ უარყო: ის იმიტომ კი არა მჯდარა ჯოჯოხეთში, რომ ასე დაგვიანებით აღეწერა იქაური ამბები.
ნელის რეპორტაჟებმა მალე წიგნის სახე მიიღო, რომლის სათაურიც გახდა ,,ათი დღე საგიჟეთში“. წიგნი არა მხოლოდ რიგითმა მკითხველმა გამოარჩია, არამედ ნიუ-იორკის ხელისუფლებამაც ყურადღება მიაქცია. ბლექვილის კუნძულზე გაგზავნეს მრავალი კომისია და მაკონტროლებელი, რომელთა დასკვნების საფუძველზე დაწესებულება დაკეტეს, ხოლო მისი თანამშრომლები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
პროცესზე ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ,,ოქროს მოწმე“ ნელი იყო. ჟურნალისტმა ქალმა ყურადღება მხოლოდ იმაზე კი არ გაამახვილა, თუ როგორ ცუდად ექცეოდნენ პაციენტებს, არამედ იმაზე, რომ ბევრი ექიმი თუ ექთანი თავად იყო „ფსიქიურად შეშლილი“; კუნძულ ბლექვილზე ხშირად ხვდებოდნენ საზოგადოებისათვის გამოუდეგარი ქალები, რომლებიც თავიანთი ოჯახისა თუ ქმრებისათვის ზედმეტ ტვირთად ქცეულიყვნენ.
ნელი ბლაის მოღვაწეობის შედეგი მხოლოდ დაწესებულების დახურვა არ ყოფილა. მის წერილებს მოჰყვა დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გადასროლა ფსიქიურად დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ.
72 დღე მსოფლიოს გარშემო
კუნძულ ბლექვილში მომზადებული რეპორტაჟების წყალობით ნელი მყარად დამკვიდრდა გაზეთ „ნიუ-იორკ ვორდლში“, მაგრამ ის მაინც მოუსვენრად იყო და ახალ თავგადასავლებს ეძებდა. ჟიულ ვერნის წიგნის, „80 დღე მსოფლიოს გარშემო“ წაკითხვამ მას ახალი მოგზაურობისა და რეპორტაჟების მომზადებისაკენ უბიძგა. მან განიზრახა მოეხსნა პილ ფოგის ფიქტიური რეკორდი და დედამიწის სფეროსთვის უფრო სწრაფად შემოევლო გარს. როდესაც პულიტცერმა თავისი თანამშრომლის მორიგი წამოწყების შესახებ გაიგო, თავზე ხელი შემოიკრა. ასე ეულად მოგზაური ქალი 1888 წელს საყოველთაო აღშფოთებას გამოიწვევდა. მაგრამ რედაქტორს ინსტინქტი კარნახობდა, რომ ნელის ეს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მის გაზეთს ბრწყინვალე რეკლამას გაუკეთებდა. მან არა მხოლოდ მხარი დაუჭირა ნელის განზრახვის შესრულებაში, არამედ ურჩია კიდეც, რომ გზაში არავითარ ხარჯს არ დარიდებოდა. და მაშინ, როდესაც საშუალო ამერიკელი წელიწადში 800 დოლარს გამოიმუშავებდა, მან ნელის 200 გირვანქა სტერლინგი გამოუწერა (დაახლოებით 1000 დოლარი). ამასთან დაავალა, რეპორტაჟები შესაძლებლობისდა მიხედვით, რაც შეიძლება სწრაფად ეგზავნა.
ახალგაზრდა რეპორტიორის მოგზაურობის შესახებ ხმა მანამდე გავარდა, ვიდრე ის ნიუ-იორკს დატოვებდა. კონკურენტებს არ ეძინათ - გაზეთმა ,,კოსმოპოლიტენმაც“ გადაწყვიტა თავისი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ბისლანდის გაშვება სამოგზაუროდ. მას დავალებული ჰქონდა ნელისთვის დაესწრო.
მოგზაურობაში ნელის ბევრი არაფერი წაუღია - მხოლოდ ერთი ჩემოდანი ჰქონდა თან, როდესაც გემ ,,აუგუსტა ვიქტორიაზე“ ავიდა. მაშინ, როდესაც იმ ეპოქის ქალბატონები სამკაულების, ტანსაცმლისა და ნელსაცხებლების მთელი არსენალით მოგზაურობდნენ, ნელის მოკრძალებული ბარგი თითქმის სენსაციად აღიქმებოდა.
ბლაი მოგზაურობდა მატარებლით, რიქშით, გემით. მან მოირა ინგლისი, საფრანგეთი, ცეილონი, ჩინეთში, იაპონია და სინგაპური. სინგაპურში მან მაიმუნი შეიძინა. ის ხშირად აგზავნიდა კორესპონდენციებს თავისი მოგზაურობის შესახებ „ნიუ-იორკ ვორდლსი“. გაზეთის მკითხველები კი მოუთმენლად ელოდნენ ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას. პულიტცერმა კონკურსიც კი გამოაცხადა და ჯილდოს დაპირდა იმ მკითხველს, ვინც ზუსტად გამოიცნობდა იმ დღესა და საათს, როცა მისი თანამშრომელი თავის დავალებას დაასრულებდა. გამარჯვებული ევროპაში მოგზაურობით დაჯილდოვდებოდა.
ნელიმ მოგზაურობა დაგეგმილზე ორი დღით გვიან, 25 იანვარს დაასრულა. დაგვიანების მიზეზი გახდა წყნარ ოკეანეში ამოვარდნილი ქარიშხალი. ჯოზეფ პულიტცერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჟურნალისტს თავისი მიზანი დროზე დაესრულებინა. ექსპრესი, რომელსაც „მის ნელი ბლაი“ ეწოდებოდა, ბოლო სადგურში მივიდა სტარტიდან 72 დღის, 6 საათისა და 11 წუთის შემდეგ. გაზეთ ,,კოსმოპოლიტენის“ მიერ დაფინანსებულმა ჟურნალისტმა კი ამას 4 დღით მეტი მოანდომა.
ქორწინება ომის შემდეგ
სამშობლოში დაბრუნებულ ნელის, როგორც გმირს, ისე შეეგებნენ. მან მოგზაურობის შესახებ, როგორც აღვნიშნეთ, წიგნიც დაწერა, მაგრამ წარმატებები მის მატერიალურ მდგომარეობას არ დატყობია. ნელი დაფასებას ვერ გრძნობდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვადასხვა მამაკაცის მიერ შეთავაზებულ მატრიმონიალურ წინადადებებს აქამდე ჯიუტად უკუაგდებდა, თავისი ისტორიული მოგზაურობიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, 1895 წელს, თანხმობა განუცხადა თავისზე 42 წლით უფროსს, მილიონერ რობერტ სეამანს.
ცნობილი არაა, თუ როგორ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი. ზოგი წერს, ბანკეტზეო, ზოგი - მატარებელშიო. სამწუხაროდ, ფინანსური მაგნატი ამის შემდეგ მალევე დაავადდა და იმქვეყნად წერილი წაიღო. მისი ბიზნესი (ძირითადად სამზარეულოს ტექნიკის წარმოება) ნელის დარჩა. თუმცა გამოუცდელობისა და ბიზნესის კანონების უცოდინრობის გამო, ბლაი მალე გაკოტრდა.
ბედს ენება, რომ ნელი ჟურნალისტიკას დაბრუნებოდა. ამასთან, მან რეპორტიორობას კვლავ მოჰკიდა ხელი მეტად საინტერესო დროს: როდესაც ის მეგობართან შვებულებას ატარებდა ავსტრიაში, სწორედ ამ დროს ატყდა მსოფლიო ომი. და სულ მალე ნათელი გახდა, რომ ნაცვლად დასვენებისა, მას მორიგი სარისკო დავალებების შესრულება მოუწევდა.
ბლაი გახდა პირველი სამხედრო კორესპონდენტი ავსტრიასა და სერბეთს შორის. ის დააპატიმრეს და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა დასდეს ბრალად. ნელი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქმეში „ნიუ-იორკ ივნინგ ჯორნალის“ რედაქცია ჩაერია, სადაც ნელის საკუთარი რუბრიკა მიჰყავდა. მისი წერილები ეხებოდა სუფრაჟისტების მოძრაობას. მან აღწერა 1913 წელს მოწყობილი ქალთა გამოსვლები და კვლავ სკანდალში გაეხვია, რადგან თავისი წერილი ასე დაასათაურა: ,,სუფრაჟისტები მამაკაცებზე მაღლა დგანან“.
ნელი ბლაი 1922 წლამდე მოღვაწეობდა; ამ წელს მას ფილტვების ანთება დაემართა და 57 წლისა ან ანთებამ გადაიყოლა კიდეც. დასაფლავების დღეს „ნიუ-იორკ ივნინგ ჯორნალმა“ მას წერილი მიუძღვნა და ის, როგორც ამერიკის პირველი რეპორტიორი ქალი, ისე მოიხსენია.
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა