ნატო დავითაშვილის „სამყაროები“


ნატო დავითაშვილის „სამყაროები“




ნატო დავითაშვილის ბოლო წიგნი “დაბრუნება – ადამიანები და სხვები” წელს „საბას“ ფინალში გავიდა. როცა „ახალი საუნჯის“ ეს ნომერი გამოვა, „საბა“ შეიძლება ჩავლილი იყოს. რა თქმა უნდა, არავინ იცის, გაიმარჯვებს თუ არა, თუმცა მისთვის ამ ამბავში მთავარი ის იყო, რომ რაღაც დაიძრა, რაღაც შეიცვალა ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ქართველი ავტორების სასიკეთოდ.

"ამბავი ლილე იროელისა" ათ წელზე მეტი ხნის წინ წავიკითხე. რამდენადაც არაფერს ამბობდა ავტორის ფსევდონიმი, იმდენად მეტის ლაპარაკი შეიძლებოდა თავად ავტორზე. იმ დროს ისიც კი თქვეს, რომ "ლილე" ვიღაც "ცნობილმა" დაწერა, რადგან თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომელიმე ახალბედას ასე სცოდნოდა მითოლოგია და მერე ეს ცოდნა ასე ოსტატურად ექცია მხატვრულ ტექსტად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ყოველწუთს შუქი აღარ მიდოდა და უფრო ხშირად გაიგონებდი "დისისა" თუ "მარველს", ფენტეზი მაინც უცხო და მიუღებელი იყო, ჟანრის სახელწოდებაც კი, რომლის თარგმნასაც ყველა თავის „წმინდა მოვალეობად“ მიიჩნევდა.

“იროელთა ქრონიკებში” სულ ექვსი წიგნი შევიდა: „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, “აიას გზა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“ და „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ნატო დავითაშვილი ახლა მეშვიდე წიგნზე მუშაობს, რომელსაც „და ავსულთა გაჩნდა სპა“ ერქმევა, ამით დაასრულებს კიდეც ქრონიკებს. ბოლო ორ წელიწადში სამი წიგნი გამოსცა, სრულიად ახალი და ორიგინალური სამყაროებით: "ორსის ორდენის სამხეცე", “მთვარის შვილობილები” და “დაბრუნება – ადამიანები და სხვები” - ეს ბოლო წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკაა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უნდოდა თავისი შვილისთვის ქართული მითოლოგია ესწავლებინა. ვერსად იპოვა წიგნი, რომლითაც ამას შეძლებდა. ბავშვისთვის რთული აღმოჩნდა ძველ მითოლოგიურ ენციკლოპედიებსა თუ ლექსიკონებში „ჩამწყვდეული“ პერსონაჟების შეყვარება. სამაგიეროდ, იცოდა ტროლები და ორკები, ჰერკულესის ამბებს უყვებოდა.

„იმ დროს გამომცემლობაში ვმუშაობდი და რამდენიმე ფოლკლორისტს ვთხოვე, მოდი, სიუჟეტებს მოგიგონებთ და დაწერეთ, ქართულ მითოლოგიას მოარგეთ-მეთქი. ერთმა მითხრა, ეს არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა ლიტერატურაში, ალბათ, ფინანსურად მომგებიანი იქნება და შენთან ერთად რატომ უნდა გავაკეთოო. ძალიან გულსატკენი იყო. გააკეთე, ოღონდ გააკეთე და ნუ იქნება ჩემთან ერთად-მეთქი. ბოლოს მივხვდი, რომ ბავშვი იზრდება და არაფერი ჩანს. ჩემმა ქმარმაც მითხრა, ხომ ხედავ, შენ მეტი ამას მაინც არავინ გააკეთებს, მიდი, რა, დაწერეო. ჩემი ქმარი, ალექს ფეიქრიშვილი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის დიდი მოყვარულია. თარგმნის კიდეც. სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების კრებული გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“, მასში მისი ხუთი თარგმანია შესული“.

40 წლის იყო, მითოლოგიის სწავლა რომ დაიწყო. კითხულობდა ყველაფერს, სამეცნიერო კვლევებს, ფოლკლორისა და მითოლოგიის გამოცემებს, და არა მხოლოდ ქართულს. იცოდა, რომ დევი არსებობს, კოპალა არსებობს, მაგრამ რა აცვია კოპალას, რა იარაღი აქვს, სად არიან იახსარი და ღვთის შვილები, რა უნარები აქვთ - ეს ყველაფერი უნდა გაეგო. რკინის დამუშავება ესწავლა, მინანქრის, რამდენნაირი სევადა არსებობს, კოშკი როგორ შენდება, რომელი ისარი რა მანძილზე მიდის. შეცდომა არ უნდა დაეშვა. პირველი წიგნი 2007-ში გამოვიდა - „ამბავი ლილე იროელისა“ ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით.

2006 წელს უკვე მზად მქონდა პირველი წიგნი. თუმცა ოთხმა თუ ხუთმა გამომცემლობამ უარი მითხრა დაბეჭდვაზე. თან ყველას ვიცნობდი, ზოგმა მეგობრულად, ზოგმა ფენტეზის კანონებს არ ითვალისწინებო. ამას მეუბნებოდა ის, ვინც პირველი ფენტეზი, რაც წაიკითხა, ჩემი წიგნი იყო. ან: შენი პერსონაჟი მოტივირებული არ არისო. არ ვიცი, რამდენად კორექტული ვიქნები, ამას რომ ვიტყვი, მაგრამ თხუნელა რომ დადის და ეძებს, ვინ უქნას თავზე, ის არის მოტივირებული და არ არის ლილე, რომელმაც სამყარო უნდა იხსნას?.. მე მესმის, რომ მათ უარს სხვა მიზეზები ჰქონდა. ეს ჟანრი აბსოლუტურად უცნობი იყო ქართული საგამომცემლო გარემოსთვის; ძალიან თავისუფლად ვექცეოდი ქართულ მითოლოგიას და კაციშვილმა არ იცოდა, ვინ ვიყავი; 400-500-გვერდიანი წიგნის დაბეჭდვა არ იყო იოლი ბიზნესისთვის. ბოლოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა მცირე ტირაჟით. ბაკური და თინა ლონდონში იყვნენ ფესტივალზე. ეს ჩემი დაწუნებული წიგნის ამონაბეჭდი სახლში, მაგიდაზე დატოვეს. მათმა შვილმა აიღო, წაიკითხა და ლონდონში ურეკავს, სად არის მეორე ნაწილიო. არ ვაპირებდი გაგრძელებას, ზარმაცი ვარ შინაგანად, თუმცა ამბავი მაინტერესებს. ხაფანგი დავუგე ჩემს თავს, კართან მივიყვანე და დავტოვე. მერე თვითონაც მაინტერესებდა ამ კარის გაღება“.

მეორე წიგნი 2008 წელს დაწერა. „გია ქარჩხაძის გამომცემლობას“ ჰქონდა კონკურსი „ოქროს ბუმბული“, იქ მიიტანა და მერე აღარც გახსენებია. 29 დეკემბერს დაურეკეს, დაჯილდოებაზე ხომ მოხვალო. გაიმარჯვა. გია ქარჩხაძემ გამოსცა ეს წიგნი, რომელსაც უკვე ნატო დავითაშვილი ეწერა. კარგად ახსოვს ის დღეც, როცა 2007 წლის წიგნის ფესტივალზე მივიდა და დაინახა, როგორ ყიდულობდა ვიღაც მის პირველ წიგნს. შორიდან უყურებდა და უხაროდა, უკვე მარტო აღარ იყო. მეორე წიგნის მერე უფრო თავდაჯერებული გახდა და გადაწყვიტა, ის სამყაროები, რაც მის თავში ტრიალებდა, გარეთ გამოეტანა. თუ პირველ წიგნზე ფიქრობდა, რომ მთავარი იყო მითოლოგიის ბავშვამდე მიტანა, ახლა უკვე ის სამყარო იყო მთავარი, რომლის კარიც პირველმა შეაღო საქართველოში და სადაც სხვებსაც დიდი მონდომებით ეპატიჟებოდა.

 „ზოგადად ძალიან არაამბიციური ვარ. რაღაც სიუჟეტებს ხმამაღლა ვყვები ხოლმე, იქნებ ვიღაცამ დაწეროს. ჩემნაირად მაინც ხომ ვერ დაწერს, თავისებურად დაწეროს და კარგია, ორივე თუ იქნება. ერთხელ პაატა შამუგიამ მითხრა, ამ იდეას ტელევიზიით რომ ჰყვები ხმამაღლა, ვინმემ რომ გააკეთოსო?.. ოღონდ გააკეთონ-მეთქი. საერთოდ, ზოგადი რაც არის, ის უფრო მიხარია ხოლმე, ვიდრე ჩემი კონკრეტული ამბავი. პრაქტიკული ადამიანი ვარ, მაგალითად, ახლა საქართველოში ამ ჟანრის განვითარება უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ჩემი რომელიმე კონკრეტული წიგნის წარმატება. სამეცნიერო ფანტასტიკასაც კი უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ფენტეზის - აქ კი არა, სხვაგანაც, დიდი ტრადიცია რომ აქვთ. თუმცა „სატახტოთა თამაშებზე“ მთელმა მსოფლიომ აღვარღვარა ცრემლები. გიჟებივით ელოდებოდნენ იმ 10 სერიას“.

ვიღაც თუ ამბობს, რომ ფენტეზი არასერიოზულია, რეალობიდან გაქცევა და დამალვაა, ნატო დავითაშვილისთვის ეს პირიქითაა - შეიძლება, რეალობას ყველაზე კარგად სწორედ ფენტეზი და საიფაი ასახავდეს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა რეჟიმია, როცა სისტემა ადამიანების თავისუფალ ნებას ებრძვის. ასე მოხდა საბჭოთა კავშირშიც, როცა სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ავტორები გაჩნდნენ. თუმცა ფენტეზი არ განვითარდა, ახალი სამყაროს გამოგონება მაინც დაუშვებელი აღმოჩნდა. მისთვის ეს ჟანრები თავისუფალი და ორიგინალური აზროვნების სიმბოლოა. სხვანაირად ფიქრს იწყებ, როცა უამრავი სამყაროს ვერსია გიდევს ხელისგულზეო, ამბობს.

„ძალიან საინტერესო ამბავს ჰყვება გეიმანი. ჩინეთში იმართებოდა დიდი კონფერენცია ფანტასტიკაზე. ადრე მსგავსი არაფერი იყო. ჩავიდა და იკითხა, რა ხდება, რა მოგივიდათ, რამ გაგაგიჟათო.. უთხრეს, ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შესანიშნავად გამეორება, მაგრამ ახალს, ინოვაციურს ვერაფერს ვაკეთებთო. წავიდნენ იმ კომპანიებში, ჩვენს მომავალს რომ ქმნიან - გუგლი და სხვა - პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რომ მუშაობენ და აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი, ეს ნოვატორები ფანტასტიკისა და ფენტეზის მკითხველები არიან. რამდენმა ამოიცნო თავი „სატახტოთა თამაშებში“, რა ხდებოდა იქ ისეთი, რაც შეიძლება აქ, ჩვენ გვერდით არ ხდებოდეს ან არ მომხდარა“? პირდაპირ რომ დაწერო, შეიძლება ჯვარს გაცვან, მაგრამ ფენტეზიში ამას თავისუფლად გააკეთებ. რა არის სტრუგაცკის „ძნელია ღმერთობა“? ბერიას პროტოტიპიც კი ჰყავს. „სტალკერი“ რა არის? ვინმემ იმ წლებში ასე ასახა საბჭოთა სინამდვილე? შეიძლება ოდესღაც ფენტეზი იყო გაქცევა, მაგრამ არა ახლა. თუ დაუკვირდები, მხატვრული პროზა პატარავდება, მოკლე ტექსტები იწერება, დიდებიც, მაგრამ ტენდენცია შემცირებისკენ მიდის, ადამიანს აღარ აქვს დრო დიდი ტექსტების წასაკითხად. და ამ დროს ფენტეზი იზრდება, მკითხველი მეტ ტექსტს მოითხოვს. „მთავრის შვილობილებზე“ მეკითხებიან, მეორე როდის იქნებაო, არადა, მე დავასრულე იქვე ის ტექსტი“.

ნატო დავითაშვილი ამბობს, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ბედნიერი და ბევრი რამისგან თავისუფალიც. ისე თავისუფალი, რომ კომკავშირში მიღება გამორჩათ. კომაროვის სკოლა დაამთავრა. საბუთები რომ მიიტანა უმაღლესში, გაირკვა, რომ კომკავშირელი არ არის. გაიქცა კომაროვში, და უთხრეს: მარტო შენ კი არა, მთელ სკოლას არ იღებენ, არც ერთი კომკავშირელი არ არისო. თუმცა ეს არ ნიშნავდა რეალობის არდანახვას და არშემჩნევას. იშვიათად გადიოდა საინტერესო ფილმი და ისიც მხოლოდ ოფიცერთა და კინოს სახლებში. „სტალკერი“ იქ ნახა პირველად და ამან ყველაზე მეტად იმოქმედა. პიონერთა სასახლის მწერალთა წრეზე წაიკითხა აკუტაგავა პირველად. იქ გაიგო პირველად, „უსიერ ტყეში“ რომ არსებობდა და რას ნიშნავდა „გოდოს მოლოდინი“. თუმცა ამბობს, რომ ბევრმა წიგნმა, ფილმმა თუ ინფორმაციამაც გვერდი აუარა იმ თაობას.

„რეჟიმი, შიში ადამიანის ფსიქიკას ცვლის. ჩემი მეგობრის მამა ჰყვებოდა, რომ მამამისი დაიჭირეს და გადაასახლეს, დედამისი გზაში მოკვდა, მის სანახავად ციმბირში რომ მიდიოდა. ორი ძმა მოუკვდა, ეს დაუხვრიტეს, ის დაუხვრიტეს... და სტალინი რომ მოკვდა, ტიროდა. მართლა მეგონა, რომ ამ კაცის სიკვდილით ჩვენი ცხოვრება დამთავრდაო. ბაბუაჩემი ვასილ დავითაშვილი პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი იყო. არ წავიდა ემიგრაციაში, ბოლომდე იბრძოდა. რამდენჯერმე გადაასახლეს და გამოიქცა, სოლოვეცკიდან გამოიქცა. საფრანგეთში გამოსცეს გაზეთი, სადაც აღწერილი იყო, როგორ აწამეს ვასილ დავითაშვილი. ყურის ბარაბანი გაუხვრიტეს, ორ საათში ერთხელ სცემდნენ. ასე მოკლეს კაცი, რომელიც რესპუბლიკის მთავარი ეკონომისტი იყო, განათლებული, გერმანულის მცოდნე. მის პირად საქმეში რვა თვის შვილის სურათიც კი იყო ჩაკერებული“.

ნატო დავითაშვილი მეშვიდე წელია, სკოლაში მუშაობს. აღმოჩნდა, იქ მისი მკითხველებიც იყვნენ და როცა მასწავლებლობა შესთავაზეს, იფიქრა, ალბათ, მათემატიკა უნდა ვასწავლოო. კომაროვის შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ასპირანტურაც, მაგრამ დისერტაციამდე აღარ მისულა. ბიზნესი, კომპიუტერები და წიგნი უფრო მაინტერესებდაო. ბიზნესს ცოტა გვიან დავუბრუნდეთ, მანამდე კი სკოლა, სადაც უთხრეს, მათემატიკა არა, მითოლოგია უნდა ასწავლოო. სასწავლო გეგმაში არის მითოლოგია და ფოლკლორი და სწორედ ამას მოარგო თავისი პროგრამაც. 260 მოსწავლე ჰყავს.

„ბავშვებს ძალიან მოსწონთ იმის გააზრება, რომ ეს ზღაპარი არ არის და ამის იქით სხვა რაღაცას ხედავენ. კარგი თაობაა, მაგრამ რთულია მათთან ურთიერთობა. ბევრი რამ უნდა იცოდე, თორემ უცხო იქნები. მათთან ერთად კინოში დავდივარ; ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს და ხანდახან ვუგებ კიდეც, თვითონაც გეიმერების ოჯახიდან ვარ. პრინციპული სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. ორობით კოდზე ისე დაგელაპარაკებიან, როგორც ხუთს რომ ხუთი მიუმატო და აქაც ჩვენგან განსხვავდებიან. პასუხი ასეთია - კი ათია, მაგრამ გააჩნია, რომელ სისტემაში... ხშირად მართლა დიდ გასაჭირში არიან. ვგრძნობ, როგორ ვექაჩები მე აქეთ და იქით კიდევ - გარემო. ამ დროს როგორ უნდა გიყვარდეს ბავშვი, რომ ისე არ გადმოქაჩო, რომ დააზიანო. რამდენჯერ ხელები ამიწევია, რომ მას თავისი გარემოს მიმართ პატივისცემა არ დაეკარგა“.

ცდილობს, ძალიან ფრთხილი იყოს, თუმცა არის საკითხები, რომელთა მიმართაც შეუპოვარია. იმ დროს, როცა ხელებაწეული დგას, იცის, რომ მხოლოდ ცოდნის მიცემა, ინფორმაციის მიწოდება და ამ ყველაფრის გააზრებაში დახმარება შეუძლია. სთავაზობს, თავიანთი ამბები და პერსონაჟები მოიფიქრონ. რადგან ძალიან იოლია ვიღაც უცხოს შეძულება, გარიყვა, მაგრამ როცა ის შენი პერსონაჟია, შენ ასწავლი, აცოცხლებ, ხიფათს დაატეხ და იქიდან უნდა გამოიყვანო, იოლად ვეღარ იმეტებ, მის მიმართ გრძნობა გიჩნდება. სად ჩავარდება, რა მოუვა, ამაზე ფიქრი, სხვა ადამიანად აქცევთ. რატომ სძულთ? არ იცნობენ და მის მიმართ გრძნობა არ აქვთ. თუ გაიცნობ, მიუახლოვდები, მერე სხვანაირად ფიქრს იწყებ, „უცხო“ აღარ არის.

„ახლა ისევ ცდილობენ, რაღაც ჩარჩოებში შეგვტენონ და რაღაც „ბუა“ გამოიგონონ. გუშინ, რაც ამ ფილმის პრემიერაზე თბილისში ხდებოდა, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ კიდევ კარგი, ესენი არ კითხულობენ, თორემ კოცონზე ხალხის დაწვას ისევ დაიწყებდნენ-მეთქი. მარტო ურსულა ლე გიუნის წიგნები რომ წაიკითხონ... ადამიანებს სქესი საერთოდ არ აქვთ, ერთმანეთს რომ ხვდებიან, მაშინ წყვეტენ, რომელი ქალი იყოს და რომელი კაცი. პერსონაჟი ამბობს, ხუთი შვილი მყავს, სამის დედა ვარ და ორის მამაო. მე არ ვიცი, რა დაემართა იმ ხალხს, ვინც ჩემი თაობის იყო, ვისაც ვიცნობდი, ვინც იმ კინოსახლის ჩვენებებზე დადიოდა და ხელით გადაბეჭდილ წიგნებს კითხულობდა. ალბათ, უფრო ძალაუფლების ამბავია. უბედურება ისაა, რომ აგრესიულები არიან, საშიშები. ფსევდოპატრიოტები, ფსევდოპროფესიონალები. მითხარი, შსს-მ როგორ უნდა დაადგინოს, ფილმში პორნოგრაფია არის თუ არა. „ენკავედემ ყველაფერი იცის“-მდე გვინდა მისვლა. და ის, რომ ვიღაცას ცენზურის დაბრუნება უნდა, საბჭოთა კავშირის და სულაც სტალინის, ეს მეორე უბედურებაა - ისტორიის არცოდნა, უახლესი ისტორიის, სადაც ცენზურა, რეჟიმი, სისტემა ყველას კართან მიდის. მათ ჰგონიათ, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ სხვებს შეეხებათ“.

ბევრი ინფორმაცია მისთვის გავლენის საფრთხე კი არა, ინსპირაციის შესაძლებლობაა. უყვარს ეს დრო, როცა ყველაფრის ნახვა და წაკითხვაა შესაძლებელი. მოსწავლეებსაც ამას ეუბნება, იკითხეთ ბევრი, არა მხოლოდ ქართული და არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა. მიაჩნია, რომ პროფესიული ლიტერატურების გარეშე მწერლის შესაძლებლობები ძალიან მწირია. ადამიანის გლობალურ აზროვნებას კი საიფაი და ფენტეზიც უწყობს ხელს. მისთვის ამ თაობის მთელი ამბავი ის არის, რომ მათ ხელი მიუწვდებათ ყველაფერზე, რაც ახლა იქმნება, ისინი მთელი სამყაროს შვილები არიან, დედამიწელები.

„ინსტიტუტი, რომელიც სულიერებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ არ იქნება თანადროული და არ ილაპარაკებს სხვა ენით, უბრალოდ, დაკარგავს ამ ხალხს. „კუპრში მოხარშვის“ შიშით დღეს ამ თაობას ვერაფერს გააკეთებინებ. მასკულტურა ბევრ სფეროში გადასწონის ამ მხარეს. რელიგია მეუბნება, რომ ვიღაც სუპერგმირია და მხოლოდ მისი იმედი უნდა მქონდეს, მასკულტურა კი ამბობს, რომ სუპერგმირი ყველა ადამიანშია, შენ თვითონ ხარ სუპერგმირი. არ მინდა „სუპერგმირების თამაშობები“, დაანებონ თავი, დაუტოვონ ეს საქმე „დისის“ და „მარველს“, კარგად გამოსდით. ერთხელ ჩემს შვილს ვუთხარი, მე ყველაფერს ვერ გასწავლი, შეუძლებელია დედამ, მასწავლებელმა, ყველაფერი გასწავლოს. აი, ამ წიგნებში წერია ყველაფერი და მივეცი ჩემი წიგნები. ცხრა-ათი წლის იქნებოდა. წაიკითხა და მადლობა მითხრა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე, მისი დაბადების შემდეგ. ახლა 20 წლის არის, ილიაუნიში სწავლობს და „საქართველოს ბანკმა“ ინოვაციური ინფორმაციული საბანკო ტექნოლოგიების მენეჯერად აიყვანა. არ ვზღუდავდი, 14 წლიდან ონლაინ მუშაობდა უცხოელებთან. ამ ბავშვებს კიდევ სხვანაირად მოწყობილი ტვინი აქვთ, სხვანაირი კრეატიულობა. არც მხოლოდ ჰუმანიტარულ და არც მხოლოდ ტექნიკურ მიმართულებას არ ირჩევენ, რაღაც სხვას იგონებენ და აკეთებენ, ხვალინდელ ცხოვრებას სხვანაირად გეგმავენ“.

მიაჩნია, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანია, დამოუკიდებელი და მისი დაჩაგვრა არც თუ ისე იოლია. თუმცა რთული არ არის იმის წარმოდგენაც, დღეს და აქ, რა პრობლემების წინაშე დგანან ადამიანები, გოგოები, ქალები, რასთან ბრძოლა უხდებათ, როგორ იბრძვიან და ზოგჯერ როგორ ნებდებიან. სკოლა რომ დაამთავრა, უკვე მათემატიკაში ამზადებდა აბიტურიენტებს. ინსტიტუტის შემდეგ სამი წელი მუშაობდა „ალგორითმში“. იქ მიიტანეს პირველად კომპიუტერები და საგამომცემლო პროგრამები იქ ნახა პირველად. 1990 წლიდან უკვე საკუთარი გამომცემლობა ჰქონდა და ეს გრძელდებოდა 2008 წლამდე.

 „თავიდან რუსთაველზე ვიყავით და მიტინგი რომ ჩაივლიდა, სულ მცირე, სამი კაცი თვლიდა, რომ თან ეს კომპიუტერები უნდა გაეყოლებინა ხელს. არასოდეს გამიტანებია. რამდეჯერ მოტაცებული გოგო გამოქცევიათ და შემოვარდნილა ჩვენთან. კარი გადამიკეტია და არ შემომიშვია ის ტიპები. დათმობა არ შემეძლო და ამან მიშველა. ასეთ დახვედრას ქალისგან, გოგოსგან არ ელოდნენ ხოლმე. ალბათ, ფიქრობდნენ, ვიღაცის ვიღაცაა, თორემ ამას როგორ გაბედავსო. ჩემს მოსწავლეებსაც სულ ამას ვეუბნები: მოძალადის არ შეგეშინდეთ! არ შეგეშინდეთ! მაშინ კომპიუტერები სულ ორ კომპანიაში იყო. ჩემს გამომცემლობაში გააკეთეს მალაზონიებმა ქართული პასპორტი. მე ვიჯექი კომპიუტერთან. ძალიან მალე შეიცვალა ყველაფერი. ჩემთან კეთდებოდა გაზეთი, სადაც უნდოდათ, დაებეჭდათ სტატია, რომ კომპიუტერი ეშმაკის მანქანაა. დაახვიეთ ახლა აქედან-მეთქი. ბოლოს მარჯანიშვილზე, წიგნის სახლში დავასრულე მუშაობა, კარები რომ აჭედეს, 2008 წელს. იმ წელს ყველაფერი თავზე დამემხო: დედა გარდამეცვალა, სამსახური ჩამოინგრა, ქვეყანაში ომი იყო. თანამშრომლებს ვუთხარი, ვინც სადაც სხედხართ და რა ტექნიკაც გაქვთ წინ, წაიღეთ, მეტს ვეღარ ვიმუშავებთ“.

თბილისის ომის დროს სამსახურში ვერ დადიოდა და „დინოზავრი დინდინელა“ დაწერა, უბრალოდ, წიგნად აქცია, თორემ ამ ამბავს ხშირად უყვებოდა ბავშვებს. ცოტა ხნის წინ საავტორო უფლებების სააგენტოს შეკვეთით დაწერა „ჭიამაია მემე“, სადაც ბავშვებს იოლად უჩვენებს საავტორო უფლებების არსს. როცა ბავშვები ეკითხებიან, თუ რატომ უნდა ისწავლონ, მაგალითად, კოპალა რაში გამოადგებათ, შეკითხვითვე პასუხობს: მზად ხართ, აიღოთ პასუხისმგებლობა და გაწყვიტოთ ის ჯაჭვი, რაც ქართული მითოლოგიის არსებობისთვისაა საჭირო? - ჩვენ რატომ, მას?.. თუ არ ისწავლით, ეს თქვენ იქნებით, თქვენ დაამთავრებთ... გააკეთებთ? - არა, მას!..

ბავშვებთან რომ შევდივარ, ვეუბნები: აბა, ხელები დურბინდივით მიიდეთ თვალებზე, რას ხედავთ? მხოლოდ თქვენ, მას... აბა, ახლა გაშალეთ ხელები, რას ხედავთ? ყველაფერს, მას... ვუხსნი, რომ ეს არის სწავლა, „ყველაფრის დანახვა“. საიფაის მწერალი წერს მომავალს, შენ კითხულობ მომავალს და საკუთარ თავს ხედავ მომავლიდან წარსულში. ფენტეზის ამბავი მთლად საოცრებაა - აქ ახალი სამყარო უნდა შექმნა. საიფაიში ტექნოლოგიურ სამყაროს ქმნი და ის მაინც ამ სამყაროს გაგრძელებაა, ფენტეზიში კი სრულიად ახალი სამყაროა, ურთიერთობები, ფიზიკაც კი. მტრისას, თუ რაღაც შეგეშალა და ფეხი გადაგიბრუნდა, ისეთი კირკიტები არიან.. მაგალითად, კოპალამ ისროლა ისარი და აი, იმ მთას გადაავლო. მეუბნებიან, ეს ისარი ამ მანძილზე არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ისრები შესწავლილი მაქვს სულხან-საბათი დაწყებული, თუ სადმე რამე ეწერა. ვეუბნები, გვერდით კოპალას ყვავი რომ ელაპარაკება, ეს არ გაწუხებს და ისარი 10 მეტრით იქით თუ დავარდა, ეს შენთვის მტკივნეულია? არსებობს კანონები. ნარნიაში რომ ლომი ლაპარაკობს, ვიცი, რომ იქ ლომები და ცხოველები ლაპარაკობენ. თუმცა „წითელქუდაში“ რომ მგელი ლაპარაკობს, ეს ვიცი, რომ ზღაპარია. ყველაფერი შეგიძლია მოიფიქრო, მაგრამ იმ სამყაროს ლოგიკას არ უნდა გადაუხვიო, ზღაპარი არ უნდა იყოს, რადგან ეგ უკვე სხვა ჟანრია. ერთ სამხედრო პირს ვიცნობ, ჩემი მკითხველია. ავღანეთში რომ მიდის, ჩემი წიგნები მიაქვს. „ლილე“ თილისმასავით დააქვს და მერე იქ სხვებსაც აკითხებს. რაღაც რომ მავიწყდება ხოლმე, მაგას ვწერ, აი, ის იქ რომ იყო, რა ერქვა, რა ქნა?..“

პირველი ჩნდება სათაური. ახლაც ჩამოწერილი აქვს ოთხი-ხუთი სათაური. აი, იმ ბუნდოვან იდეას, ამორფულ სხეულს, რომელიც გონებაში ტრიალებს, ჯერ სახელს არქმევს, როგორც „პირველად იყო სიტყვა“. აზრზე არ არის, რა ხდება, რა მოხდება. მაგრამ იცის სახელი და კიდევ ყოველთვის იცის ფინალი. ძირითადად, ჭურჭლის რეცხვის დროს ალაგებს თავში რაღაცებს. ახლაც აქვს რამდენიმე სათაური: „სიზმარი, შენ რომ ცხადი გეგონა“, „ლურჯი ჩიტის ამბავი“... ადრე სათაურები უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე წიგნები, ახლა პირიქით არის. პოლიტკორექტულობის გამო კი არაფერი დამიწერია და ვერც დავწერო.

ვხუმრობ ხოლმე, კარგი, თურმე „სერიოზულ“ წიგნებს არ ვწერ, ეს ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი პერსონაჟები მყავს - ჩემი გოგოები თავს არავის დააჩაგვრინებენ, ჩემი ბიჭები კი არ იკადრებენ და სხვას არ დაჩაგრავენ. თვითნასწავლი მწერალი ვარ, ჩემს ნაწერებზეც ვსწავლობდი და სხვის ტექსტებზე. წერას რომ ვიწყებ, უნდა დავინახო მთელი ეს სტრუქტურა, არქიტექტურა. „ლილეში“ ნაწნავივით არის თხრობა, რამდენიმე ამბავი ერთმანეთს სცილდება და უახლოვდება; „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ორი წრფეა, პარალელურად მიდის მთის აქეთ და მთის იქით. რა ხდება: „მთვარის შვილობილებში“ მთავარი ცენტრია, გული და მერე ყვავილის ფოთლებივით იშლება ამბები. ჯერ უნდა მქონდეს არქიტექტურულად გააზრებული ნახაზი, ბლოკ-სქემა, პროგრამირებაში რომ არის. პირველად ეს უნდა დავინახო და რაც მეტად საინტერესოა ეს ნახაზი, მით მეტად საინტერესოა შინაარსიც მერე“.

მისთვის ყოველი ახალი სამყარო ახალი გამოცდილებაა, რომელიც ზოგჯერ ისე მოქმედებს, როგორც ნამდვილი. „მთვარის შვილობილებში“ ზოგჯერ „უჩემოდ“ მოქმედებდნენ პერსონაჟები და ლამის მხოლოდ თვალს ვადევნებდი, ვის სად მიიყვანდა ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ან პირიქით, ძალაუფლებისგან გაქცევაო. აქტიურად როცა მუშაობს, შეიძლება დღეში 20 გვერდიც კი დაწეროს. არის ჩავარდნებიც, როცა ტექსტთან მიბრუნება უჭირს. და მერე უცებ ჩნდება ნიშნები. მაგალითად, მიდის სადღაც და მის თვალწინ იმ სიმბოლოებით სავსე კედელი აღმოჩნდება, რაზეც წერს; ჩართავს ტელევიზორს და ამ თემაზე გადაცემაა; ნაცნობი ბუკინისტი ურეკავს და ეუბნება, ნატო, საინტერესო წიგნი მაქვს და ეს წიგნი იმაზე აღმოჩნდება, რაზეც წერს.

და არის ალექსი - ჰა, არ უნდა წამაკითხო?.. როდის წავიკითხავ?.. სად არის ახალ ტექსტი?.. რა, 20 გვერდზე მეტი არ დაგიწერია?.. ვეუბნები ხოლმე, როგორ გაგიმართლა, საქართველოში ერთადერთი ქალი წერს ფენტეზის და ისიც შენი ცოლია-მეთქი. ხედავს ყველა შეცდომას, გავლენას, ყველაფერი ახსოვს. მას არ გამოეპარება ის, რაც შეიძლება ყველაზე მაგარ რედაქტორსაც გამორჩეს - იდეის თუ სიუჟეტის ორიგინალურობა. სათაური მაქვს-მეთქი და „სიზმარი, შენ რომ ცხადი გეგონა“-ს იდეაზე რომ ვუთხარი, იქვე მომიყვა დაახლოები სამი წიგნის, ერთი ფილმის და ორი სერიალის შინაარსს ამავე თემაზე. ასეთი საუბრის დროს ნელ-ნელა ვაყალიბებ ჩემი იდეის ორიგინალურობას, გზადაგზა ვცვლი, რომ ჩემი სიუჟეტი სხვა იყოს. სოფელში რომ მივდივართ დასასვენებლად, დაახლოებიორი კვირა ინტენსიურად ვლაპარაკობთ მაზე. არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამე შემეშალოს“.

„იროელთა ქრონიკების“ გაგრძელებას აღარ აპირებს. ამ ქრონიკებმა მოიცვა მითოლოგია, ახალი სამყაროები და გამოუვიდა; მერე კვესტები აინტერესებდა, ისიც შეძლო; მერე დრაკონებზე ფიქრობდა, როგორ დაეწერა, რომ თან ორიგინალური ყოფილიყო და თან „დრაკონებს დრაკონობა არ დაეკარგათ“. „დრაკონმცოდნეებმაც“ კი აღიარეს, რომ გამოუვიდა... და სხვა სამყაროს დროც დადგა - ნელ-ნელა გამოჩნდა აბელ ნასან მურის, უდაბნოს ქვიშით დაფარული მისტიკური ქალაქის კონტურები, საიდაც ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ მთვარის შვილობილები. ამბობს, რომ ამ წიგნმა დიდი სიკეთე გაუკეთა, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი, ის დრო, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„თავიდან იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ გემო დავკარგე, ვჭამდი და ვერაფერს ვგრძნობდი. რაღაც დროის მერე, პირველად პიტნის ჩაის გემო აღვიქვი... და შემრცხვა. როგორი სასიამოვნოა ეს სამყარო, რამდენი კარგია და ამ კარგს უნდა ჩაებღაუჭო. სკოლაც კი არ გამიცდენია, ჩვეულებრივ ვატარებდი გაკვეთილებს. ცხოვრების წესი არ შემიცვლია. ბავშვებთან ყოფნა ჩემთვის იოლი იყო. თუმცა რაღაც სხვანაირად ვიყავი, შინაგანი ემოციები აქ, სადღაც ყელში მიგროვდებოდა და მტკიოდა. მერე პიტნის გემო მოვიდა და დავწყნარდი. ოპერაციამდე გავიარე რაღაც დრო. ჯერ მითხრეს - არის, მერე - არ არის, მერე მითხრეს - არის და გავიკეთე ოპერაცია, ცოტა ხანში მეუბნებიან, რომ ისევ არის და კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გავიკეთო. შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ეს ყველაფერი პროზაული ამბავია. მეხუთე ოპერაცია რომ გავიკეთე, „დაბრუნებას“ ვწერდი. სამი დღით შევწყვიტე მუშაობა, წავედი, გავიკეთე ოპერაცია, მოვედი და გავაგრძელე. ზოგჯერ ჩემი თავისთვის შემიძახებია, აბა, ნატო, მიხედე წესიერად ახლა შენს ემოციებს, საყვარელი ადამიანები გიყურებენ. „მთვარის შვილობილები“ გამოვიდა დიაგნოზის და პირველი ოპერაციის დროს. არავისთვის მითქვამს, არ ეფიქრათ, რომ ამის გამოყენება და რაღაც შეღავათები მინდა. ამაზე მხოლოდ ორი თვის წინ ვილაპარაკე პირველად, როცა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კვირეული იყო. მიმაჩნია, რომ უნდა იცოდნენ, ეს დიაგნოზი განაჩენი მართლა არ არის. ყველა სხვადასხვანაირად იქცევა ამ დროს, მაგრამ ყოჩაღად უნდა იყვნენ, შეუძლიათ, ყველაფერს აჯობონ, პოზიტიური განწყობა უნდა ჰქონდეთ“.

ბოლო ორ წელიწადში სამი წიგნი დაწერა, მეხუთე ოპერაცია გაიკეთა და კიბოც დაამარცხა. ახლა უბრალოდ, „კარგად უნდა მოიქცეს“, საკუთარ თავს ხელი შეუწყოს და გადასხვაფერებულ, პრიორიტეტებშეცვლილ სამყაროში გააგრძელოს წერა და ცხოვრება. წერას რომ იწყებს, პირველ გვერდებს ხმამაღლა კითხულობს, ერთი ათჯერ მაინც. როგორ მიდის რიტმი, ტემპი, წინადადებები, მუსიკა უნდა დაიმახსოვროს, რომ არსად ამოვარდეს.

„ისეთ ხასიათზე ვწერდი „დაბრუნებას“, რომ თავს ვგრძნობდი მეცხრე ცაზე. ეს სამეცნიერო ფანტასტიკა იყო და გამომდიოდა. ვიღლები ხოლმე, ქიმიოთერაპიამ იცის ეს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება და რაკი ვიცი, რატომაცაა, არ ვაქცევ ყურადღებას. ვთქვი, რომ დავამთავრე. ალექსიც მომყვებოდა ფეხდაფეხ და მითხრა,  ვიცი, რომ დაიღალე, მაგრამ სამუშაო კიდევ გაქვს, არ მოგატყუებო. დაახლოებით ერთი კვირა, ყოველდღე 4-4 საათს ვწერდი. ეს მოთხრობები ერთმანეთში გადადის, ფაქტობრივად, იზის ცხოვრებიდან თუ შევხედავთ, ერთი რომანია. ყველა ჩემი წიგნი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს ჩემი სამყაროა, აი, მანდაც პეპლები რომ გაფრინდებიან ორსის სამყაროში. ამ სამყაროზე მთელი წიგნი დავწერე - „ორსის ორდენის სამხეცე“. მომავლის სამყაროებში მოხვედრა ადრე უფრო მინდოდა, ახლა მეშინია. ახლა უფრო რაციონალურად ვუყურებ რადიაციულ გამოსხივებასა თუ კოსმოსში მოგზაურობისთვის რეალურად საჭირო დროს. ისე, იმედი მომეცა ტელეპორტაციის ამბავი რომ გავიგე. მართალია, ჯერ მხოლოდ რაღაც უმცირესი ელემენტის პორტირება შეძლეს, მაგრამ თუ ამ გზით განვითარდება ყველაფერი, ბრეგვაძე როგორც ამბობს, „თუ ღმერთს უნდა, რა დოუშლის“.

ყველაზე კარგად ზაფხულში მუშაობს. ყველა წიგნი თავისი ძმის აგარაკზე აქვს დაწერილი, წეროვანში. აივანზე ზის და წერს. აქ რასაც შეიძლება მთელი წელი მოუნდეს, იქ ორ თვეში ამთავრებს, რადგან ყველა ხელს უწყობს. ამბობს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას სხვა ცოდნა და მომზადება უნდა, ფენტეზისთვის კი სხვა ცოდნაა საჭიროო. ნებისმიერი რამის გამოიყენება შეუძლია - ცრურწმენები, მისტიკა, ქალაქური ლეგენდები... რაღაც სისულელეში შეიძლება იპოვოს ფენტეზის მარცვალი. ხშირად რეალური ამბავი ხდება ინსპირაცია. ასე მოვიდა მექოლგეთა და ჭაშნაგირთა ამბავიც, ვირუსულად გავრცელებული საჯარო მოხელის ფოტოდან, „მექოლგე“ რომ მიჰყვებოდა. გამოფენაზე ნახა ლურჯი სუფრა და „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ დაწერა. ბოლო პერიოდში უფრო „მიზნობრივ“ ლიტერატურას კითხულობს ხოლმე.

„სულ ვეუბნებოდი ალექსს, ოდესმე ისე „გავიზრდები“, სამეცნიერო ფანტასტიკასაც დავწერ-მეთქი. მთელი იმ მძიმე პერიოდის შემდეგ მომავალზე ფიქრი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ახლა კვანტური ფიზიკის რაღაც კვლევებს ვკითხულობ. „ორსის ორდენის სამხეცეზეც“ ტელეპორტების, შავი ხვრელების შესახებ ინფორმაციებმა მომცა ინსპირაცია. კარგი სამეცნიერო ფანტასტიკა ასეთია, თუ მცოდნე წაიკითხავს, ყველაფერს მიხვდება და - თუ საკითხში გაურკვეველი, უბრალოდ, ისიამოვნებს. ყველა არც „მარსელს“ და „დიუნს“ კითხულობს, არც „ბნელ კოშკს“. ცოტა გვიან წავიკითხე კოტე ჯანდიერის გლობალიზაცია“ და მივხვდი, რომ ასე ოსტატურად და „უბრალოდ“ წერაც შეიძლება. ახალგაზრდობაში რჩეულიშვილი მომწონდა, მისი გმირები ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ, ჩემი ენით საუბრობდნენ და მეც მხოლოდ მათან მინდოდა მეგობრობა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ოთარ ჭილაძეს, მაგრამ ეს უფრო გააზრებული პატივისცემა და მოწონებაა. მახსოვს, ბესო ხვედელიძის თაგვის გემო რომ წავიკითხე, რაღაც დროის განმავლობაში ფიზიკურად ვგრძნობდი, პირში მქონდა ეს გემო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ტექსტების ფიზიკურად აღქმა. როცა ახალი სამყაროს შექმნას ვიწყებ, სუნი მომდის, სიმხურვალეს ვგრძნობ, ტუჩები მისკდება. „ნისლებსა და ნისლებს მიღმაექვს თვეში დავწერე და შემდეგ ორი თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი. ახლა ვისწავლე მართვა“. მაშინ ახალი იყო და ვერ ვეთიშებოდი“.

ეს გამოგონილი სამყაროები ზოგჯერ ძალიან შორს არის და უნდოდა, იქ, მომავალში მისი ადგილიც ყოფილიყო. ამიტომაც ვიღაც ფიროსმანის ნახატს ყიდულობს; ხომ შეიძლება, მომავალში რომელიღაც პლანეტაზე ქართველიც აღმოჩნდეს, ისე, როგორც გოგი ბედია, და მისი ბედი მნიშვნელოვანია ნატო დავითაშვილისთვის. პერსონაჟის სახელები და სათაურებიც, თითქოს სამაგრებია, რომლებიც ავტორის თანამედროვეობასა და მომავალში ყოფნის სურვილებს იჭერს. არასდროს ნერვიულობს გამოცემულ წიგნზე. მაგაზე რომ ვინერვიულო, წელიწადში ერთი წიგნის დაწერას კი ვეღარ მოვასწრებო. ამბობს, რომ მისი ცხოვრება შედგება სამი კომპონენტისგან - ოჯახი, სკოლა და წერა. ისე, მეტსაც შევძლებდი, ჯერ საინტერესო ვერაფერი მოვიფიქრეო.

 „ქრონიკების მეშვიდე, ბოლო წიგნში ახალ რასებზე ვლაპარაკობ. შინაარსით ეს პირველი წიგნი გამოდის. მომავლიდან წარსულის დანახვაზე რომ ვამბობდი, აქაც ეს გამომივიდა. ისე დავწერე ექვსი წიგნი, რომ წარსული ვერ დავინახე. ვისაც არ წაუკითხავს ნატო დავითაშვილი, ვურჩევ, ამ წიგნით დაიწყოს. ისევ ქართული მითოსური სამყარო იქნება, ჯერ ქაჯებიც რომ არ არიან, ის დრო. წელს ვერ მოესწრება, ალბათ მომავალ წელს გამოვა. კიდევ ეს წიგნი დამჭირდა კომპიუტერული თამაშისთვის, რომლის გაკეთებასაც ერთი ძალიან საინტერესო ჯგუფი აპირებს. ფილმი, სერიალი, ანიმაცია, გრაფიკა ძალიან ძვირია, ყველაზე რეალური კომპიუტერული თამაში აღმოჩნდა... მინდა, რომ ბევრმა დაწეროს ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა. მე ყველაზე მეტად ველოდები ახალი სამყაროების დაბადებას. „ინსომნია რო ტარდებოდა, ერთმა მწერალმა მითხრა, რას ექაჩები სხვებს, არ გირჩევნია, მარტო შენ წეროო? არ მირჩევნია, არანაირად. სტამბოლში ვიყავი წიგნების დასაბეჭდად და იქ არის სტამბების მთელი ქალაქი. ერთს ვკითხე, არ სჯობს, სხვადასხვა ადგილას რომ იყოთ-მეთქი? არაო, თუ ვინმეს რამის დაბეჭდვა უნდა, ყველა აქ მოდის და აქ გაცილებით მეტი შანსია, კლიენტი ჩვენთანაც შემოვიდესო. ასეა აქაც, მეტი ავტორი ნიშნავს მეტ წიგნს, მეტ პოპულარობას, მეტ მკითხველს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა“.

ბოლო წლებმა დაარწმუნა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ძველებურად შეუძლია მუშაობა. არავის გაურბის და ნებისმიერთან სათანამშრომლოდ მზად არის. როცა ქრონიკების მეშვიდე წიგნს დაასრულებს, უნდა, ყველა ერთად გამოსცეს, ერთი კონცეფციის ქვეშ. ამბობს, რომ წიგნი გამომცემელმა უნდა გამოსცეს და კიდევ ამბობს, რომ ნატო დავითაშვილის ცხოვრებაზე საინტერესო ნატო დავითაშვილის წიგნებია...

ბოლოს „მთვარის შვილობილები“ წავიკითხე და მგონია, რომ კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები აბელ ნასან მურსა და მის უდაბნოს შვილობილებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მასშტაბურ მოზაიკას, გამორჩეულს და ორიგინალურს - ნატოს დავითაშვილის კიდევ ერთ, შთამბეჭდავ სამყაროს. რაც შეეხება ცხოვრებას, „ხშირად პეპლის ფრთებისგან გაჩენილი ნიავი ყველაფერს თავიდან დასალაგებელს გვიხდის. ეს იმიტომ, რომ დაუსრულებელი წიგნები ვართ და ჩვენი მწერლები, არ ვიცი, ჩვენდა სასიკეთოდ თუ უბრალოდ თავის შესაქცევად, სულ უფრო და უფრო მოულოდნელობებით სავსე თავებს იგონებენ...“ („მთვარის შვილობილები“).

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE