ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა


ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა




                                                                    I

 

სრული სიამოვნება რომ არ მიეცა, მოხუცმა სპირიტომ, სოფელ ტისის მდიდარმა მეპურემ, თავისი ქონება ძმისშვილ დეფენდენტე საპორის ერთი პირობით დაუტოვა: ხუთი წლის მანძილზე, ყოველ დილით, ღარიბებისთვის ორმოცდაათი კილო ახალგამომცხვარი პური უნდა დაერიგებინა, რაც გამოსაჩენ ადგილას უნდა გაეკეთებინა. სიცოცხლეშივე იცინებდა ბიძა ალბათ, ყველაზე ურწმუნო და ღვთისმგმობელ ძმისშვილს ისედაც ურწმუნო და ურჩ მაცხოვრებლებს შორის პურის დარიგების პროცესში რომ წარმოიდგენდა.

დეფენდენტე, ერთადერთი შთამომავალი, საცხობში ბავშვობიდან იყო ნამუშევარი და სპირიტოს ქონების მოპოვებაში არც არასოდეს შეჰპარვია ეჭვი. ბიძის ასეთი გადაწყვეტილება სასოწარკვეთილებაში კი აგდებდა, მაგრამ რა უნდა ექნა?! ღუმელს და ყველაფერს ხომ არ გადააგდებდა?! ბუზღუნ-ბუზღუნით პასუხისმგებლობა ბოლოს მაინც აიღო და ანდერძის შესასრულებლად ნაკლებად გამორჩეული ადგილი შეარჩია - საცხობის უკანა ეზო.

დეფენდენტე პურს, როგორც დაბარებული ჰქონდა, ყოველ დილას ადრიანად წონიდა, კალათს ავსებდა და დამშეულ ადამიანებს ურიგებდა, თუმცა ამას ბიძის მიმართ უპატივცემულოდ, გინებითა და ცუდი სიტყვებით ასრულებდა. ორმოცდაათი კილო პურის ასე დარიგება მისთვის სულელობა და არანორმალურობა იყო.

ანდერძის მეთვალყურე, ნოტარიუსი სტიფოლო ამ ყველაფრის სანახავად ადრიანად იშვიათად მიდიოდა. მისი დასწრება, პრინციპში, ზედმეტი იყო. მათხოვრებზე უკეთ პირობის შესრულებას აბა ვინ შეამოწმებდა?! უკმაყოფილო დეფენდენტემ საბოლოოდ ასეთი გამოსავალი მოძებნა: დიდი კალათი, რომელშიც ორმოცდაათი კილო ახალგამომცხვარი პური ჩააწყო, კედელთან ახლოს დადო. მანამდე, სხვებისგან მალულად, კედელში პატარა ფანჯარა გამოჭრა, რომელიც გარედან სრულიად შეუმჩნეველი იყო. პურის დარიგებას რომ დაიწყებდა, ცოტა ხანში იქაურობას ცოლსა და მომსახურე ბიჭს გადააბარებდა, თვითონ კი, მაღაზიასა და საცხობში საქმე მაქვსო, იტყოდა და წავიდოდა. სინამდვილეში, სარდაფში ჩავიდოდა, სკამზე ავიდოდა, მის მიერ ჩასმულ იმ ფანჯარას გამოაღებდა, რომელიც ეზოს მხრიდან მიწასთან ახლოს იყო და რომლის იქითაც კალათი იდო, ჭილის ნაწილს მოხსნიდა და ჩუმ-ჩუმად იმდენ პურს გამოაძრობდა, რამდენსაც მოახერხებდა. ღარიბები ვერაფერს ხვდებოდნენ, რადგან პური ისეთი სისწრაფით რიგდებოდა, რომ კალათიც მალე იცლებოდა.

პირველ დღეებში დეფენდენტეს მეგობრები მაღვიძარას მართავდნენ, ადრიანად რომ მისულიყვნენ და მისი ამ ახალი ფუნქციისთვის თვალყური ედევნებინათ; ეზოს შესასვლელთან ჯგუფურად დგებოდნენ და დამცინავი სახეებით წარმოთქვამდნენ:

- ღმერთმა გადაგიხადოს! სამოთხეში იმზადებ, ჰო, ადგილს? რა მაგარი ბიჭია ეს ჩვენი ქველმოქმედი!

- იმ ლეშის სულისთვის, თორემ!.. - პასუხობდა დეფენდენტე და პურს შეჯგუფებულ ღარიბებში ისროდა, რომლებიც ჰაერშივე იჭერდნენ მას; პასუხობდა და თან გულში ხითხითებდა, იმ გაჭირვებულებსა და გარდაცვლილ ბიძას ასე მოხერხებულად რომ პარავდა.

 

                                        II

 

იმავე ზაფხულს, მოხუცმა განდეგილმა სილვესტრომ გაიგო თუ არა, იმ სოფელში ღვთიური ცოტა რამეაო, გადმოვიდა და ახლოს დასახლდა. ტისიდან ათ კილომეტრში, ერთ განმარტოებულ გორაკზე ეკლესიის ნანგრევები იყო, უფრო სწორად, დარჩენილი ლოდები. სილვესტრომ ძველი ნაგებობიდან შემორჩენილი კედლის კუთხე იპოვა და მის უკან მოთავსდა; ღამით იქ იძინებდა, დღისით კი ერთ ლოდზე ადიოდა და ღვთის სადიდებლად ლოცვებს წარმოთქვამდა, ბალახითა და კარუბით იკვებებოდა. იქვე ახლოს წყაროც მოჩუხჩუხებდა.

ამ მაღალი ადგილიდან სილვესტრო ტისის სახლებს კარგად ხედავდა. ზოგის მხოლოდ სახურავი ჩანდა. მის წინაშე ასევე ფოსას, ანდრონისა და ლიმენას დასახლებებიც იშლებოდა. განდეგილი ვინმეს იქ გამოჩენას ამაოდ ელოდა. მის მიერ ცოდვილთა გამო წარმოთქმული მხურვალე ლოცვები მაღლა ცაში ყოველგვარი შედეგის გარეშე ადიოდა, მაგრამ ქვეყნის შემქმნელის დიდებას მაინც აგრძელებდა, მარხვასაც მიჰყვებოდა, და ჩიტებთან საუბარს, რაოდენ მოსაწყენიც არ უნდა ყოფილიყო, არ წყვეტდა. არსად ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ორი ბიჭი შეამჩნია მხოლოდ ერთ საღამოს, მას რომ უთვალთვალებდნენ; სიყვარულით დაუძახა, მოდითო, მაგრამ ისინი გაიქცნენ.

 

                                         III

 

შუაღამობით გლეხები მიტოვებული ეკლესიისკენ უცნაურ სინათლეს ამჩნევდნენ. სინათლე ტყის ხანძარს ჰგავდა, მაგრამ შუქი თეთრი ჰქონდა, თანაც მსუბუქად ციმციმებდა. საცხობში მომუშავე ფრიჯიმელიკამ ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო და ერთ საღამოს იქაურობის სანახავად წავიდა, თუმცა გზაზე მისი მოტოციკლეტი გაფუჭდა და ვინ იცის, რატომ, ფეხით გაგრძელება აღარ მოინდომა. უკან რომ დაბრუნდა, გლეხებს უთხრა, უზარმაზარი შუქი, რომელიც არც ცეცხლს ჰგავდა და არც ნათურას, განდეგილის გორაკიდან ცაში ადიოდაო. მათაც, ღვთის სინათლე იქნებოდაო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ირწმუნეს.

ტისიდანაც კარგად ჩანდა, როგორ ამოდიოდა ზოგჯერ ეს შუქი, მაგრამ განდეგილის არსებობა და მისი უცნაურობები მალე ყველასთვის ჩვეულებრივი რამ გახდა და რელიგიური რომც ყოფილიყო, ყურადღება იმდენად აღარ ექცეოდა. ამ თემაზე ისე საუბრობდნენ, თითქოს დიდი ხნის შემჩნეული ჰქონდათ ყველაფერი და მის გარჩევას არც ფიქრობდნენ. „განდეგილთან ცეცხლი ამოდის“, ისე ჩვეულებრივად ითქმოდა ხოლმე, როგორც „ამაღამ იწვიმებს“ ან „ქარი ამოვარდება“.

ხალხისთვის ეს ყველაფერი რაღაც უმნიშვნელოს რომ წარმოადგენდა, სილვესტროს მარტო დატოვებითაც დამტკიცდა, და მასთან სალოცავად მისვლა ხომ მთლად სასცილო რამ იქნებოდა!

 

                                        IV

 

ერთ დილას, დეფენდენტე საპორი ღარიბებს პურს რომ ურიგებდა, ეზოში ძაღლი შევიდა; მაწანწალას ჰგავდა და საკმაოდ დიდი ზომის იყო, ბეწვი უხეში ჰქონდა, სახე კი - ლმობიერი. ძაღლმა რიგში მდგარი მათხოვრები გაიარა, კალათს მიუახლოვდა, ერთი პური აიღო და ეზოდან ნელ-ნელა გავიდა, მაგრამ ქურდივით კი არა, მშვიდად, თითქოს მისი წილის წასაღებად იყო მოსული.

- ეი, ფიდო! მოდი აქ, საზიზღარო ცხოველო! - უყვირა დეფენდენტემ და გამოეკიდა. - ქურდები ისედაც ბევრნი არიან და ძაღლები მაკლია ახლა კიდევ!

მაგრამ ძაღლი უკვე ეზოს გარეთ იყო გასული. მეორე დღესაც იგივე განმეორდა - ისევ ის ძაღლი მოვიდა და ისევ ისე მოიქცა. ამჯერად მეპურე ძაღლს გზამდე დაედევნა და ქვები დაუშინა, მაგრამ ვერცერთი ვერ მოახვედრა. საინტერესო ის იყო, რომ ქურდობა ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს ხდებოდა. საოცარი იყო მართლაც ძაღლის მიერ პურის აღების მეთოდი, ანუ როგორ ზუსტად არჩევდა ის ქურდობის დროს; ისე ზუსტად, რომ გაქცევაც არ სჭირდებოდა, ეზოდან მშვიდად გადიოდა. ტყვიაც რომ ესროლათ, ისე შორს იყო უკვე წასული, ეს ტყვია ვერც კი მიუსწრებდა. ყოველ დილას ღარიბებს შორის ისეთი სიცილის ხმა ისმოდა, რომ  მეპურე სიბრაზისგან ჭკუიდან გადადიოდა.

გაბრაზებული დეფენდენტე ერთ დღეს ეზოს გასასვლელთან კეტით ხელში ბოძის უკან დაიმალა, მაგრამ უშედეგოდ: ძაღლი მხიარულ მათხოვრებს შორის მშვიდად, წყნარად შევიდა და თავისი მიზანი კვლავ ისე შეასრულა, თითქოს პური ჩვეულებრივ ეკუთვნოდა. მათხოვრებიც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდნენ და თან სანახაობით ერთობოდნენ.

- დღესაც მოახერხა! - თქვა გზაზე განმარტოებით მჯდომმა მაწანწალამ.

- სადაა? სადაა? - იძახდა დეფენდენტე სამალავიდან.

- შეხედეთ, შეხედეთ, როგორ იბრძვის შესვლაზე! - უთითებდა მაწანწალა და მეპურის სიბრაზეზე იცინოდა.

სინამდვილეში, ძაღლი სულაც არ იბრძოდა. პური ყბებით ეჭირა და ეზოდან ისე მშვიდად გადიოდა, გეგონებოდათ, სინდისი სუფთა აქვსო.

თვალი დაეხუჭა? არა, დეფენდენტე ასეთ ხუმრობას ნამდვილად ვერ აიტანდა. უფრო და უფრო ბრაზდებოდა, ეზოში მის დაჭერას რომ ვერ ახერხებდა. სულ ფიქრობდა, კიდევ თუ დაბრუნდება, აუცილებლად გარეთ გავაგდებო. შეიძლება, ძაღლი არც კი იყო მაწანწალა და პატრონი ჰყავდა, რომელიც აჭმევდა კიდეც, მაგრამ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. იმ ძაღლის ყურებასა და თვალყურის დევნაში მეპურე სარდაფში ჩასვლას იგვიანებდა და ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლებ პურს იღებდა, ფულიც ფულად მიუდიოდა.

ეზოს შემოსასვლელში მოწამლული პურის დადებაც უშედეგო გამოდგა. ძაღლმა მისი სუნი შორიდან იგრძნო და არც კი გაეკარა, პირდაპირ კალათისკენ გაემართა. ყოველ შემთხვევაში, ვინც დაინახა, ასე თქვა.

 

                                              V

 

თავისი გეგმა კარგად რომ განეხორციელებინა, დეფენდენტე საპორი გზის საპირისპირო მხარეს, ერთი სახლის კართან ველოსიპედით დადგა და ხელში სანადირო თოფი დაიჭირა. ველოსიპედი ცხოველის დასადევნებლად სჭირდებოდა, ორლულიანი თოფი კი - მის მოსაკლავად, ოღონდ თუ აღმოაჩენდა, რომ პატრონი არ ჰყავდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაკლისის გამორთმევას აპირებდა და მიზეზად ისიც ეყოფოდა, რომ ეთქვა, ღარიბებისთვის მისაცემი პურები შემიჭამაო.

საიდან და რანაირად მოდიოდა აქ ძაღლი? საოცრება იყო პირდაპირ! მეპურემ, მიუხედავად იმისა, რომ სულ თვალებდაჭყეტილი იყო, მაინც ვერ შენიშნა, ეზოში როგორ შემოვიდა. ბოლოს, ყბებში გაჩრილი პურით მშვიდად რომ ტოვებდა იქაურობას, მაშინ დაინახა. ეზოდან სიცილის მწველი ექო გაისმა. დეფენდენტე ცხოველის იმ ადგილიდან გაცლას დაელოდა, მის დაფრთხობას მოერიდა, მერე ველოსიპედს შემოაჯდა და დაედევნა. ეგონა, ძაღლი სადმე ახლოს შეჩერდება და პურს შეჭამსო, მაგრამ არა, ცხოველი გზას აგრძელებდა; ეგონა ასევე, ცოტას გაივლის და სადმე სახლში შევაო, მაგრამ მაინც არაფერი, ძაღლს პური ყბებით ეჭირა და გზას მშვიდად, კედელ-კედელ მიუყვებოდა, მის დაყნოსვასაც არ ცდილობდა, არც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდოდა, როგორც ძაღლებს სჩვევიათ ხოლმე, არც რაიმეს მიმართ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა. მიდიოდა მშვიდად და უკანაც არ იხედებოდა. სად აპირებდა შეჩერებას, აბა? დეფენდენტემ რუხ ცას ახედა. მგონი, წვიმასაც იწყებდა.

წმინდა აგნესას მოედანი გადაიარეს; დაწყებითი სკოლა, სადგური, სამრეცხაო უკან დაიტოვეს... ქალაქის ბოლოს იყვნენ უკვე მისულები და სპორტული მოედანიც ჩამოტოვებული ჰქონდათ, რომ ერთ დასახლებაში შევიდნენ. ეზოდან რაც გამოვიდა, ძაღლს უკან ერთხელაც არ მიუხედავს; სულ არ აინტერესებდა იმის გაგება, ვინმე მიჰყვებოდა თუ არა. იმედი იმისა, რომ მას პატრონი ჰყავდა, დეფენდენტეს უკვე უქრებოდა. უეჭველი მაწანწალა იყო, აი, ისეთი, გლეხების ეზოებში რომ შედიან და ქათმებს იპარავენ, ხბოებს გლეჯენ, მოხუცებს აშინებენ, მერე სოფლებში დაძრწიან და დაავადებებს ავრცელებენ.

ალბათ ერთადერთი გამოსავალი მისი თოფით მოკვლა იყო, მაგრამ რომ ესროლა, უნდა გაჩერებულიყო, ველოსიპედიდან ჩამოსულიყო და მხრიდან თოფი ჩამოეღო. ცხოველი ნაბიჯს მაინც არ უჩქარებდა. ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ საპორიმ მაინც დევნა არჩია.

 

                                                   VI

 

იარეს, იარეს და აი, ტყეც გამოჩნდა! ძაღლმა გზიდან გადაუხვია და ერთ ვიწრო ბილიკს მოქნილად აუყვა. რამდენი გაიარეს უკვე? ალბათ, რვა ან ცხრა კილომეტრი. რატომ არ ჩერდება ძაღლი საჭმელად? რას ელოდება? იქნებ პური ვინმესთვის მიაქვს? მალე ბილიკი დაქანებული შეიქნა და ველოსიპედს სვლა გაუძნელდა. საბედნიეროდ, ცხოველმა ნაბიჯი შეანელა და დეფენდენტეც ველოსიპედიდან ჩამოხტა, ფეხით სვლა განაგრძო, მაგრამ დაწევა მაინც ვერ მოახერხა.

ამდენი დევნა უკვე მობეზრებული ჰქონდა და თოფის სროლას აპირებდა, რომ მოშიშვლებულ აღმართზე ერთი დიდი ლოდი დაინახა. ლოდზე კაცი იყო დაჩოქილი. დეფენდენტეს გონებაში განდეგილმა, ღამის სინათლეებმა და ყველა გაგონილმა მოსაზრებამ გაუელვა. ძაღლი მინდორს მშვიდად აუყვა, ის კი თოფით ხელში ორმოცდაათი მეტრის მოშორებით გაჩერდა და თვალთვალი დაიწყო. განდეგილმა ლოცვა შეწყვიტა და ლოდიდან ძაღლისკენ გასაკვირი მოქნილობით გადაიხარა. ცხოველმა პური კუდის ქნევით ფეხებთან დაუდო. კაცმა აიღო, პატარა ნაწილი მოტეხა, მკერდზე ჯვარედინად გადაკიდებულ ჩანთაში ჩაიდო და დანარჩენი ძაღლს ღიმილით დაუბრუნა.

განდეგილი პატარა კაცი იყო, გამხდარი, სასიამოვნო შესახედავი, ბავშვური სიცელქით სახეზე. ტანზე ტომარასავით სამოსი ეცვა. დეფენდენტემ ძალა მოიკრიბა და ყველაფერზე პასუხის მისაღებად წინ გადაუდგა.

- კეთილი იყოს შენი ფეხი, ძმაო! - მიმართა სილვესტრომ, როგორც კი დაინახა. - საიდან აქეთ? სანადიროდ ხომ არ იყავი?

- სიმართლე გითხრათ, - უპასუხა მკაცრად საპორიმ. - სანადიროდ ვარ წამოსული, მაგრამ უფრო ერთ ძაღლზე, რომელიც ყოველდღე...

- აჰ, ეს შენ ხარ, საარსებოდ ყოველდღე რომ გემრიელ პურს მიგზავნი? - ლაპარაკი შეაწყვეტინა განდეგილმა. - ღვთის პურია ეს. მართალია, ამოდენა პატივისცემა მე არ მეკუთვნის...

- გემრიელი? ვიცი, რომ გემრიელია. ყოველთვის ახალგამომცხვარია. ჩემი ხელობა მე კარგად გამომდის, ბატონო!.. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მომპაროთ!

სილვესტრო ბალახს დააშტერდა.

- მესმის... - თქვა მოწყენილმა. - მართალი ხარ, რომ ჩივი... მაგრამ მე არ ვიცოდი... გამოდის, რომ გალეონე ქალაქში აღარ უნდა წავიდეს... ჩემთან მეყოლება სულ... სინდისი ძაღლსაც სუფთა უნდა ჰქონდეს... აღარ მოგაკითხავს, გპირდები!

- ოჰ, არა... - თქვა მეპურემ, ცოტა რომ დამშვიდდა. - ასე თუა, ძაღლს შეუძლია მოსვლა. ის დაწყევლილი ანდერძი დამიტოვეს, ყოველდღე ორმოცდაათ კილო პურს რომ მაყრევინებს... ღარიბებს უნდა დავურიგო, იმ ნაძირლებს, არაფრის გამკეთებლებს... და ერთი პურიც თუ აქამდე მოაღწევს... ერთი ღარიბით მეტს თუ ნაკლებს, რა მნიშვნელობა აქვს!

- ღმერთი გადაგიხდის, ძმაო!.. ანდერძის მიხედვით აკეთებ ამას თუ არა, შენ მაინც წყალობას სჩადი.

- მაგრამ მე მაინც ყველას დიდი სიამოვნებით დავურიგებდი.

- ვიცი, რატომაც ამბობ ასე... თქვენში, ადამიანებში ყოველთვის რაღაცნაირი სირცხვილის გრძნობა ძევს. ცუდ თვისებებს გამოხატავთ, მაგრამ შინაგანად თქვენ კარგი უფრო გახასიათებთ. ასეა რატომღაც ეს სამყარო.

ის სალანძღავი სიტყვები, რომლებიც დეფენდენტეს მომზადებული ჰქონდა, ვეღარ წარმოთქვა, აღარ გამოუვიდა; უხერხულობა იყო თუ იმედგაცრუება, გაბრაზება ვერ მოახერხა, თუმცა ის აზრი, რომ მთელ დასახლებაში განდეგილთან ურთიერთობა მხოლოდ მას შეეძლო, ძალიან მოეწონა.

იფიქრა, - განდეგილი ბევრი არაფერია, რაც არის, ის არის, ვერაფერ მოგებას ვერ ნახავ, მაგრამ რაღაცას ხომ მაინც შეიძლება ხელი გამოვკრა. აი, მაგალითად, ვთქვათ, და რამე სასწაული მოხდა, განდეგილს წმინდანად ხომ აღიარებენ?! ჰოდა, აქ დიდ ცერემონიას გამართავენ. ღვთისმსახურები, ეკლესიის წარმომადგენლები და თანამდებობის პირები დაესწრებიან. მე განდეგილთან საიდუმლო ურთიერთობა რომ მექნება, შეიძლება ხელი სოფლის თავობასაც კი გამოვკრა. ჰოდა, რატომაც არა?!

- რა ლამაზი თოფი გაქვს! - უთხრა სილვესტრომ და მოულოდნელად გამოართვა. უცებ ტყვია გავარდა, რომელმაც მთელი ბარი გააყრუა; და ეს დეფენდენტეს გარეშე მოხდა. თითი ჩახმახისთვის მას არ გამოუკრავს.

- არ გეშინია, ასე დატენილი თოფით რომ დადიხარ? - ჰკითხა განდეგილმა.

- ბავშვი კი არ ვარ! - ცოტა წყენით უპასუხა მეპურემ.

- მართალია. - გააგრძელა სილვესტრომ და თოფი დაუბრუნა. - და მართალია, რომ ტისის ეკლესიაში კვირაობით ადგილის მოძებნა არ უჭირთ? გავიგე, ცოტა ხალვათობაა...

- ხელისგულივით ცარიელია იქაურობა. - გულახდილად უპასუხა მეპურემ, მერე შეასწორა, - ეჰ, ცოტანი ვართ უკვე, ვისაც ღვთის ჯერ კიდევ გვწამს.

- და წირვაზე? რამდენი ესწრებით წირვას ჩვეულებრივ? შენ და კიდევ რამდენი?

- კვირაობით, ალბათ - ოცდაათამდე, საშობაოდ კი ორმოცდაათამდე ვაღწევთ.

- და მითხარი, ტისში ღმერთს აგინებენ?

- ქრისტეს აგინებენ, და საკმაოდ იოლადაც!

განდეგილმა შეხედა და თავი გააქნია.

- გამოდის, ცოტას სწამს ღმერთი...

- ცოტას? - თქვა დეფენდენტემ და გულში ჩაიცინა. - თითზე

ჩამოსათვლელები არიან!

- და შენი შვილები? უშვებ მათ ეკლესიაში?

- ღმერთი სადაცაა, მეც იქ ვუშვებ. ნათვლა, აღსარება, ზიარება!..

- მართლა? პატარასაც?

- რა თქმა უნდა! ჩემს მეორე შვილს აქვს... - და ლაპარაკი შეწყვიტა. მიხვდა, რომ აჭარბებდა.

- აბა, ძალიან კარგი მამა ყოფილხარ შენ, შესანიშნავიც! - მკვეთრი ხმით უთხრა განდეგილმა (მაგრამ ასე რატომ იცინის?). - ისევ მოდი ჩემს სანახავად, ძმაო! ახლა წადი, ღმერთთან ერთად გევლოს! - თქვა და პირჯვარი გადასახა.

დეფენდენტემ მოულოდნელობისგან აღარ იცოდა, რა ექნა, ვეღარაფერი უპასუხა. სანამ გონს მოვიდოდა, თავი ოდნავ დასწია და პირჯვარი გადაიწერა. საბედნიეროდ, ამის დამნახავი, ძაღლის გარდა, იქ არავინ იყო.

 

                                                    VII

 

განდეგილთან საიდუმლო ურთიერთობა ძალიან ლამაზი რამ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დეფენდენტეს ოცნების განხორციელებით შემოიფარგლებოდა, ანუ სოფლის თავის თანამდებობის დაკავების სურვილით. სინამდვილეში, ახლა თვალების კარგად გახელა სჭირდებოდა. პურს, მისი ნების მიხედვით იყო თუ არა, არიგებდა და ამას სხვების თვალწინ აკეთებდა, მაგრამ პირჯვარსაც იწერსო, რომ ეთქვათ?! კიდევ კარგი, განდეგილთან საიდუმლო შეხვედრის შესახებ არავინ იცოდა, თორემ რა უნდა ექნა? მართლა კი არ სწამდა ღმერთის! ძაღლის საქმე კიდევ როგორ უნდა მოეგვარებინა? ყოველდღიური პურის გაგზავნაზე უარს ვეღარ იტყოდა; არადა, მათხოვრებს მერე სალაპარაკოს რა გამოულევდა?!

სწორედ ამიტომ, მეორე დღეს, სანამ მზე ამოვიდოდა, დეფენდენტე სახლთან ახლოს იმ გზაზე გავიდა, რომელიც გორაკებიდან ჩამოდიოდა. როგორც კი გალეონე გამოჩნდა, სტვენით დაუძახა. ძაღლმა იცნო და მიუახლოვდა. მან პურით ხელში, ღუმელის ახლოს და ფიცრის ქვეშ, იქ, სადაც შეშას აწყობდა, ადგილი მიუთითა და უთხრა:

- დღეიდან აქედან წაიღებ შენს პურს!

გალეონე, როგორც მითითებული ჰქონდა, თავისი წილი პურის წასაღებად მეორე დღეს მართლა მოვიდა. დეფენდენტეს ის არც კი დაუნახავს, ისე აიღო თავისი ულუფა და წავიდა. ღარიბებმა შენიშნეს მხოლოდ, რომ მიდიოდა. მეპურე შეშის საწყობთან პურს ყოველდღე, მზის ამოსვლამდე დებდა, და განდეგილის ძაღლსაც მიჰქონდა, თანაც ახლა, შემოდგომა რომ იწყებოდა და დღეები იკლებდა, დილის ჩრდილებში ის ნაკლებად გამოირჩეოდა. დეფენდენტე საპორი ასე მშვიდად ცხოვრობდა და ღარიბებზე გასაცემი პურის კალათიდან რაღაც ნაწილის ჩუმად გამოღებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა.

 

                                          VIII

 

გავიდა კვირები, თვეები და დადგა ზამთარი თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით: ფანჯრებზე მიკრული თოვლის ფიფქები, ბუხრებიდან ამომავალი კვამლი, ჩათბუნული ადამიანები, სიცივისგან აბუზული ბეღურები...

ერთ ყინულივით ცივ და ვარსკვლავიან ღამეს მიტოვებული ეკლესიისკენ ისეთი დიდი, თეთრი შუქი გამოჩნდა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის ენახა. ტისში განგაში ატყდა: ხალხი საწოლიდან გადმოცვივდა, კარ-ფანჯრები გაიღო, შეძახილები ერთმანეთში აირია, ქუჩებში ფაციფუცი დაიწყო... როცა დარწმუნდნენ, სილვესტროს ჩვეული განათებაა და სხვა არაფერი, რაც ღმერთის გამოჩენასთან იქნება დაკავშირებულიო, შეიკეტეს ფანჯრები და ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულები და ტყუილად აფორიაქებულები კვლავ თბილ საბნებში შეძვრნენ.

მეორე დღეს, ვინ იცის, ვინ თქვა, მაგრამ ხმა კი გავარდა, იმ ღამით სილვესტრო სიცივისგან მომკვდარაო.

 

                                            IX

 

რადგანაც კანონს გვერდს ვერ აუვლიდნენ, მესაფლავე, ერთი მუშა და ორი მიწისმთხრელი განდეგილის დასამარხად გორაკისკენ გაემართნენ. მათ თან მღვდელი ტაბია გაჰყვა, რომლისთვისაც განდეგილი ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს არც კი წარმოადგენდა. მისულებმა წესი რომ შეასრულეს, კუბო ვირშებმულ ეტლზე შემოდეს. ხუთივემ ნახა, მკვდარი სილვესტრო თოვლზე რომ იყო დაგდებული და ხელები გადაჯვარედინებული, თვალები კი დახუჭული რომ ჰქონდა; ზუსტად ისე იყო, როგორც წმინდანები არიან ხოლმე. მის გვერდით ძაღლი გალეონე იჯდა და ტიროდა.

ცხედარი კუბოში ჩაასვენეს, ლოცვები თქვეს და საკურთხევლის შემორჩენილი ნაწილის ქვეშ დამარხეს. მერე საფლავს ხის ჯვარი დაასვეს და ქალაქში დაბრუნდნენ, ძაღლი კი იქვე მოკუნტული დატოვეს. სოფელში მათთვის არავის უკითხავს რამე.

გალეონე აღარ გამოჩენილა. მეორე დილით, დეფენდენტე პურის დასადებად რომ მივიდა, ნახა, ის ძველი, წინა დღის პური ისევ იქ იდო. შემდეგ დღესაც იგივე მდგომარეობა დახვდა, გამხმარ პურს ჭიანჭველები დასეოდნენ, დაეხვრიტათ და გვირაბებით აევსოთ. გავიდა რამდენიმე დღე და აღარც საპორის უფიქრია მეტი ამის შესახებ.

 

                                           X

 

ორი კვირის შემდეგ, როცა დეფენდენტე კაფე „ჩინიოში“ მეწარმე ლუჩონისა და კავალერ ბერნარდისთან ერთად კარტს თამაშობდა, ერთმა ახალგაზრდამ მოულოდნელად, შეხედეთ, ის ძაღლი მოაბიჯებსო, წამოიძახა.

დეფენდენტე სკამიდან ელდანაკრავივით წამოვარდა, ფანჯარას მივარდა და მზერა დაძაბა. ერთი შეუხედავი, გამხდარი ძაღლი გზაზე მოაბიჯებდა და აქეთ-იქით ისე ქანაობდა, რომ გეგონებოდათ, თავი მოღრანცული აქვსო. განდეგილის ძაღლი შიმშლით კვდება ალბათ... როგორც საპორის ახსოვდა, უფრო მსხვილი და მსუქანი იყო, მაგრამ ორკვირიანი შიმშლილობის შემდეგ, ვინ იცის, ცხოველი რა დღეში ჩავარდებოდა?! მეპურეს აზრით, მის წინ სწორედ ის ძაღლი იყო, მთელი ხნის განმავლობაში საფლავზე რომ იწვა და ტიროდა. ცხოველი შიმშილს დანებდა ალბათ, იქაურობა მიატოვა და სოფელში პურის საძებნელად ჩამოვიდა.

- ეს ძაღლი მალე გათავდება. - თქვა დეფენდენტემ და

სხვებისთვის თავისი ინდიფერენტულობა რომ დაენახვებინა, ჩაიცინა.

- ნამდვილად არ მინდა, ის რომ იყოს. - ყბამოქცევით

ჩაიცინა ლუჩონიმაც და გაშლილი კარტები დახურა.

- ის, ვინ?

- არ მინდა, - გაიმეორა ლუჩონიმ. - განდეგილის ძაღლი

რომ იყოს.

კავალერ ბერნარდისმა გააზრება დააგვიანა და უცნაურად წამოიძახა:

- მაგრამ ეს ცხოველი მე უკვე სადღაც ვნახე. ნამდვილად 

მყავს ნანახი აქეთ. შენი ხომ არაა, დეფენდენტე?

- ჩემი საიდან უნდა იყოს?!

- არ მინდა ვცდებოდე, მაგრამ მგონი შენს საცხობთან მყავს

ნანახი. - დაუდასტურა ბერნარდისმა.

საპორიმ უხერხულობა იგრძნო:

- იმდენი ძაღლი დაწანწალებს მაინც!.. შეიძლება, მართალიც ხარ, მაგრამ მე არ მახსოვს.

ლუჩონი ფიქრებმა წაიღო, და უცებ, თითქოს საკუთარ თავთან საუბრობსო, თქვა:

- კი, კი, განდეგილის ძაღლი უნდა იყოს.

- და რატომ? - ჩაცინებით იკითხა ისევ მეპურემ. - რატომ

უნდა იყოს მაინცდამაინც განდეგილის?

- ჰგავს, გესმის? სიგამხდრით ჰგავს. დაუკვირდი, აბა!

დიდი ხანი იწვა საფლავზე... საერთოდ, ძაღლებს ასეთი რამ სჩვევიათ ხოლმე. მოშივდა მერე და... აი, ჩამოვიდა სოფელშიც!

მეპურე გაჩუმდა. ამასობაში, ცხოველმა აქეთ-იქით მიმოიხედა და ვიტრინის მიღმა მსხდომ სამ მამაკაცს მიაშტერდა. მეპურემ ცხვირს ჩაუბერა.

- კი. დავიფიცებ, რომ მე ეს ძაღლი არაერთხელ მინახავს და

თანაც, შენს საცხობთან. - თქვა ბერნარდისმა და დეფენდენტეს შეხედა.

- შეიძლება... - უპასუხა მეპურემ. - მაგრამ მე, სწორედ რომ

არ მახსოვს!

ლუჩონიმ ეშმაკურად ჩაიცინა:

- მე ასეთი ძაღლი, მსოფლიოში არსებული ოქროც რომ მომცენ, მაინც არ მეყოლება.

- ცოფიანია? - ჰკითხა ბერნარდისმა. - შენი აზრით,

ცოფიანია?

- რა ცოფიანი?! ასეთი ძაღლი მე არ მომეჩვეოდა-მეთქი...

ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა!

- როგორ თუ ღმერთი ნახა?

- განდეგილის ძაღლი არ იყო? მასთან ერთად არ იყო, როცა

ის შუქი ელავდა? ყველამ კარგად იცის იმ შუქის შესახებ. და ძაღლი მასთან არ იყო? შენ გგონია, მე არ მინახავს ის შუქი? გგონია, რომ ასეთი სანახაობის დროს მეძინა? - თქვა და გემრიელად გაიცინა.

- რა სისულელეა! - წამოიძახა კავალერმა. - ვინ იცის, რა

შუქი იყო! ღმერთი კი არა!.. ამ ღამითაც ანათებდა...

- ამ ღამით? - ჰკითხა დეფედენტემ ცოტა იმედიანად.

- ჩემი თვალით ვნახე. ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც

მაშინ, მაგრამ საკმაოდ ელავდა.

- დარწმუნებული ხარ? ამ ღამით იყო?

- ჰო. ზუსტად ისეთი ფორმის, როგორიც ადრე... ღმერთის

გინდოდა, რომ ყოფილიყო?

ლუჩონის ეშმაკური სახე ჰქონდა:

-   და ვინ გეუბნება, რომ ამ ღამის შუქი მისთვის არ იყო?

- მისთვის? ვისთვის?

- ძაღლისთვის, ნამდვილად! შეიძლება, ღვთის

მაგივრად თავად განდეგილი იყო სამოთხედან ჩამოსული. ხედავდა ალბათ, ძაღლი საფლავზე რომ იყო დაწოლილი და იფიქრა, საცოდავი, რა დღეშიაო!.. ჩამოვიდა მერე, მისთვის რომ ეთქვა, გეყოფა ახლა ტირილი და წადი, საჭმელი იშოვე რამეო.

- მაგრამ აქაური ძაღლი თუ არის?! - დაიჟინა ბერნარდისმა. -

სინდისს ვფიცავ, საცხობთან ვნახე, როგორ დაწრიალებდა.

 

                                                   XI

 

დეფენდენტეს გონება მთლად აერია. რა არასასიამოვნო სიტუაცია შეიქნა! რაც უფრო აკვირდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ცხოველი განდეგილის იყო. სანერვიულო არაფერი იყო, რა თქმა უნდა; მაგრამ ყოველდღე უნდა დაუდოს პური ისევ? დაფიქრდა: - მე ახლა ამას საჭმელი რომ არ მივცე, მოპარვას ხომ დაიწყებს ეზოში?! აბა, როგორ მოვიქცე? ფეხისკვრით გავაგდო? გავაგდო ძაღლი, რომელმაც, რაც არ უნდა იყოს, ღმერთი ნახა?! და მე რა ვიცი ამ საიდუმლოების? იოლი საქმე არაა. ჯერ ისაა გასარკვევი, წინა ღამეს განდეგილის სული გალეონეს მართლა თუ გამოეცხადა. და რა უთხრა? რაღაცნაირად მოაჯადოვა კიდეც? ვინ იცის, იქნებ, ძაღლს ახლა ადამიანების ენა ესმის?! შეიძლება, ერთ დღეს, ადამიანივით ლაპარაკიც დაიწყოს! ღმერთი სადაცაა, იქ ყველაფერია მაინც მოსალოდნელი. ბევრჯერ მსმენია ასეთების შესახებ.

დეფენდენტე სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა... რომ გაიგონ, როგორ ეშინია!

სანამ სახლში დაბრუნდებოდა, შეშის საწყობთან მივიდა. ფიცრის ქვეშ თხუთმეტი დღის წინ დადებული პური აღარ დახვდა. ესე იგი, ძაღლი მოსულა და ჭიანჭველებიანი პური წაუღია?

 

                                                XII

 

მიუხედავად იმისა, რომ დეფენდენტე იმედოვნებდა, ძაღლი არც მეორე და არც მესამე დილას არ მოსულა. სილვესტროს სიკვდილით მეგობრობის გამოყენების ყოველგვარი იმედი უკვე გამქრალი იყო. ამ შემთხვევაში, ძაღლი, უკეთესი იქნებოდა, თუ აღარ გამოჩნდებოდა, მაგრამ მეპურე შეშის საწყობთან მაინც მიდიოდა და ფიცრის ქვეშ მიტოვებულ პურს რომ ხედავდა, იმედი უცრუვდებოდა.

დეფენდენტე კიდევ უფრო ცუდად შეიქნა, გალეონე სამი დღის შემდეგ რომ ნახა - მოედნაზე მოწყენილი მიაბიჯებდა, სიცივეში, და სულ აღარ იყო ისეთი, როგორც მაშინ, კაფედან დანახვისას. ახლა ფეხზე მაგრად იდგა, აღარ ქანაობდა; უფრო გამხდარი კი იყო, მაგრამ ბეწვი ნაკლებად უხეში ჰქონდა, ყურებიც დაცქვეტოდა და კუდიც ასწეოდა. ვინ აჭმევდა ნეტა? საპორიმ ირგვლივ მიმოიხედა. ხალხი გულგრილად მიდი-მოდიოდა, თითქოს ცხოველს ვერც კი ამჩნევდა.

თორმეტ საათამდე დეფენდენტემ ფიცრის ქვეშ ახალი პური დადო, მაგრამ ახლა უკვე ყველის ნაჭერთან ერთად. ძაღლი მაინც არ გამოჩენილა.

გალეონე დღითიდღე ძლიერდებოდა, მშვენდებოდა. ძველი ბეწვი სცვიოდა და ახალი, პრიალა ამოსდიოდა. ისეთი ხდებოდა, როგორც თავადების ძაღლები იყვნენ ხოლმე. ესე იგი, გამოდის, რომ ვიღაც უვლიდა, ყურადღებას აქცევდა; და ასეთი შეიძლება, არაერთიც ყოფილიყო ერთდოულად, ერთმანეთისგან მალულადაც კი. ეგონათ ალბათ, ცხოველს ბევრი რამ აქვს ნანახი და მისი მოვლით ღვთის მადლს მოვიპოვებთო. ნუთუ, მთელი ტისი იყო ამ საქმით დაინტერესებული? ყოველი ოჯახი ცდილობდა საღამოობით ძაღლის თავისკენ მიზიდვასა და გემრიელი ლუკმის მიცემას?

ალბათ ამიტომ არ მიდიოდა გალეონე პურის ასაღებად, სხვებთან უფრო კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ არავინ საუბრობდა ამაზე, სიტყვაც არავის სცდებოდა. განდეგილის თემაზე, თუ ვინმე შემთხვევით რამეს იტყოდა, თემას მაშინვე ცვლიდნენ; და როცა ძაღლი გზაზე გამოჩნდებოდა, ისე იყურებოდნენ, სხვათა შორის, თითქოს უმნიშვნელო ყოფილიყო ის მათთვის. დეფენდენტეს ფიქრი ტანჯავდა: - ნუთუ მისი აზრი ვინმე უფრო გაბედულმა მოიპარა და რაღაც გამოსავლისთვის ძაღლს ჩუმად დაეპატრონა?

 

                                         XIII

 

ღმერთი ენახა თუ არა, გალეონე მაინც უცნაური ძაღლი ჩანდა. რაღაცნაირად, ადამიანივით შემდგარი დადიოდა. შემოივლიდა ეზოებს, სახლებს, მაღაზიებს, სასადილოებს... იდგა და ხალხს ყურადღებით ათვალიერებდა; შებრუნდებოდა მერე და გზას წყნარად აგრძელებდა.

რა იმალებოდა იმ თვინიერი და მელანქოლიური თვალების მიღმა? ქვეყნის მქმნელის სახე ჩაჰსახოდა თითქოს!... აცახცახებული ხელები მას ტორტების ნაჭრებსა და ქათმის ბარკლებს სთავაზობდნენ. გამძაღარი გალეონე ადამიანებს თვალებში უყურებდა, თითქოს მათ ფიქრებს კითხულობსო. ვერავინ იკავებდა თავს მის წინაშე. სხვა მაწანწალა ძაღლებს თუ ჯოხის ქნევით აგდებდნენ, მასთან მსგავს რამეს ვერავინ ბედავდა. გალეონეს ყველას პატივს სცემდა.

ადამიანებმა თანდათან რაღაც შეთქმულებასავით შექმნილ წრეში ამოყვეს თავი, მაგრამ ამის აღიარებას ვერავინ ბედავდა, ერთმანეთს ვერ უტყდებოდნენ. დიდი ხნის მეგობრებიც კი ისე საუბრობდნენ, თითქოს პასუხის ამოკითხვასა და მონაწილის ამოცნობას ერთიმეორეში ეძებდნენ; და ამგვარ ვითარებაში პირველს თავი ვის უნდა წარმოეჩინა?! ამიტომაც გაბედულ ნაბიჯს ვერავინ დგამდა, იყვნენ თავისთვის. ლუჩონი... ის იყო მხოლოდ, თემას წარბშეუხრელად რომ ეხებოდა.

- აი, აი, მოაბიჯებს ჩვენი კეთილი ძაღლიც, ღმერთი რომ ნახა! - წამოიძახებდა, როგორც კი გალეონეს დაინახავდა, და იმ ადამიანებს დასცინოდა, მასზე თვალის არიდებას რომ ცდილობდნენ.

ზოგიერთები ისე იქცეოდნენ, თითქოს საქმის ვითარებაში ვერც ერკვეოდნენ და დაბნეულები თავის ქნევით განმარტებას ითხოვდნენ, მერე კი იტყოდნენ:

- სასაცილოა პირდაპირ! ჭორიკანა ქალების მოგონილი იქნება ნამდვილად!

ჩუმად ყოფნა, ან მეტიც - მეწარმე ლუჩონის სიცილის აყოლა მისი მხარდაჭერა უფრო გამოდიოდა, ამიტომ საუბარს სულელურ ხუმრობად თვლიდნენ და სხვა თემაზე გადაიოდნენ, მაგრამ კავალერი ბერნარდისი თუ იქნებოდა, სულ პასუხობდა:

- განდეგილის კი არა, ერთი ჩვეულებრივი ძაღლია. ტისში დაწანწალებს, წლებია; ყოველდღე ვხედავდი ადრე, საცხობს რომ უტრიალებდა!

 

                                         XIV

 

ერთ დღეს დეფენდენტე სარდაფში ჩვეული საქმიანობის შესასრულებლად რომ ჩავიდა და ფანჯარა გამოაღო, ყვირილი შემოესმა. ცოლისა და მომსახურე ბიჭის ხმა ისმოდა, რიგში მდგომი მათხოვრების დაწყნარებას რომ ცდილობდნენ. უკვე გამოცდილმა საპორიმ კალათს ქვედა მხარე გაუხსნა და ახალგამომცხვარმა პურებმა ტომარაში სწრაფად იწყეს ცვენა. ამ საქმეში იყო ჩართული, რომ თვალის კუთხიდან შეამჩნია, რაღაც შავი, ნახევრად ჩრდილში მყოფი შეინძრა. ელდანაკრავივით მობრუნდა და მის წინ მშვიდად მდგარი ძაღლი დაინახა.

გალეონეს იმ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში თვალები ფოსფორისებურად უბრწყინავდა. იდგა ასე სარდაფის კართან და ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. დეფენდენტე საპორი მოულოდნელობისგან გაქვავდა.

- გალეონე, გალეონე!.. - თბილი ხმით უთხრა მერე. – მოდი,

გალეონე... - და ერთი პური გადაუგდო.

ცხოველმა, თითქოს უკვე მობეზრებული აქვსო, პურს არც კი დახედა, შებრუნდა და კიბისკენ გაემართა.

მარტო დარჩენილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული დეფენდენტე გარეთ გამოვიდა.

 

                                            XV

                                                                      

ძაღლმა, რომელმაც ღმერთი ნახა, ვინ იცის, რა საიდუმლოებების შესწავლა მოახერხა! ადამიანები ერთმანეთს უყურებენ, თითქოს რაღაც ხელის ჩასაჭიდს ეძებენო, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ერთმა კი გაიფიქრა, მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა მგონი, თორემ სხვებიც იტყოდნენ რამესო, და გაჩერდა.

გალეონე შინაურულად გრძნობდა თავს ყველასთან. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა. სახლებს, დუქნებსა და მაღაზიებს სტუმრობდა. არც ელოდებოდნენ, ადამიანების წინაშე ისე ჩნდებოდა. დადგებოდა კუთხეში და მშვიდად იყურებოდა, იქაურობას ყნოსავდა. ღამითაც, როცა სხვა ძაღლებს ეძინათ, მისი ჩრდილი თეთრ კედლებს მიუყვებოდა; მშვიდი და მოქნილი ნაბიჯებით მიდიოდა. სახლი არ ჰქონდა? არც საძაღლე?

ადამიანები თავს მარტო აღარ გრძნობდნენ, მაშინაც კი, როცა სახლში ჩარაზულები იყვნენ. ყოველთვის ესმოდათ გალეონეს ფეხის ხმა, მსუბუქად და დინჯად რომ მიაბიჯებდა ბალახზე, ტროტუარზე, გზაზე, ქვიშაზე... - ბუკ, ბუკ, ბუკ. - ისმოდა ხან აქ, ხან იქ. გალეონე არასოდეს ბრაზობდა, ყოველთვის მშვიდად დადიოდა.

- არაფერია, ალბათ მე შემეშალა ანგარიში, - უთხრა

გამყიდველმა მეუღლეს, ფულის გამო რომ წაეჩხუბა.

- მოკლედ, ამჯერად, თვალებს დავხუჭავ და გაპატიებ,

მომავალში კი... - გამოუცხადა საცხობში მომუშავე ფრიჯიმელიკამ დამხმარე ბიჭს, მის გათავისუფლებაზე უარის თქმა რომ მოუწია.

- საერთო ჯამში, ერთი ლამაზი ქალია! - მანამდე

გამოხატული აზრის საწინააღმდეგოდ, მოულოდნელად დაასრულა ქალბატონმა ბირანძემ, მასწავლებელს რომ ესაუბრებოდა სოფლისთავის ცოლზე.

- ბუკ ბუკ, ბუკ... - ისმოდა ყველგან მაწანწალა ძაღლის

ნაბიჯები. შეიძლება, დაეყეფა კიდეც, თუ ძაღლს, ჩრდილს, პეპელას ან მთვარეს დაინახავდა, არ იყო გამორიცხული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უყეფდა ადამიანს, თუკი მის მიერ ჩადენილი ბოროტების შესახებ ამბავს არ გაიგებდა.

გალეონე მოულოდნელად ბუღალტერ ფედერიჩის საწყობშიც გაჩნდა, სადაც ის მის უფროსს, საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელს ანონიმურ წერილს უწერდა და აფრთხილებდა, მოანგარიშე როსის დივერსანტებთან აქვს კავშირიო.

- ბუღალტერო, რას წერ? - ეკითხებოდნენ თითქოს

გალეონეს დიდი და დინჯი თვალები.

ფედერიჩიმ თბილი სახით კარისკენ მიუთითა:

- ჰე, ლამაზო, წადი ახლა გარეთ! - და გულში წარმოქმნილი

საყვედურების თქმა ვეღარ გაუბედა. მერე გასასვლელთან დადგა, მიაყურადა, ცხოველმა იქაურობა თუ დატოვაო, და ბოლოს, მეტი სიფრთხილისთვის, წერილი ცეცხლში შეაგდო.

გალეონე შემთხვევით გაჩნდა ასევე ხის კიბის ძირას, რომელიც ლამაზი, მაგრამ უსირცხვილო ქალის, ფლორას ბინას უკავშირდებოდა. შუაღამე იყო უკვე, თუმცა კიბის საფეხურები მაინც აჭრიჭინდნენ მებაღე გუიდოს, ხუთი შვილის მამის ფეხქვეშ. გალეონეს დიდმა, დინჯმა თვალებმა აქაც იწყეს ბრჭყვიალი.

- ჯანდაბა! - წამოიძახა კაცმა ხმამაღლა, ცხოველის

დაჟინებული მზერა რომ იგრძნო. - სიბნელეში ყოველთვის შეიძლება შეცდე, ეს ხომ ნოტარიუსის სახლი არ არის! - და ძირს უცებ ჩავიდა.

საყვედურის მსგავსი ყეფა დაიწყო მაშინაც, პინინი და ჯონფა საწყობში ველოსიპედის მოსაპარავად რომ შევიდნენ.

- ტონი, მგონი ვიღაც მოდის! - წაიჩურჩულა შეშინებულმა პინინმა.

- მეც შემომესმა. - თქვა ჯონფამაც. - სჯობს, გავიქცეთ! - და ვერც კი მოახრხეს რაიმეს მოპარვა, ისე გავარდნენ გარეთ.

საცხობის კედელთან ზოგჯერ სწორედ იმ დროს გაისმის მისი გაბმული ყმული, როცა დეფენდენტე კარს ორჯერ კეტავს და ცარიელი ტომრით ღარიბებისთვის განკუთვნილი პურის მოსაპარად სარდაფისკენ მიემართება. მეპურე სიბრაზისგან კბილებს აკრაჭუნებს:

- როგორ ხვდება ეს საძაგელი ძაღლი?! - მაგრამ მერე,

ხელების მაღლა აწევას რომ ცდილობს, თავში ისევ უელვებს: - ვინმესთან რომ დამაბეზღოს, მთელ ჩემს ქონებას დავკარგავ!.. - და ცარიელი, დაკეცილი ტომრით იღლიაში კიბეებზე ასვლას იწყებს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ყველაფერი? ეს ძაღლი აღარ წავა აქედან? და რომ დარჩეს ქალაქში, რამდენი წელი იცოცხლებს კიდევ? იქნებ მისი თავიდან მოცილების რამე მეთოდი არსებობდეს?!

 

                                              XVI

 

საქმე ისაა, რომ საუკუნეების მანძილზე უყურადღებოდ დარჩენილ ეკლესიაში ხალხმა ნელ-ნელა იწყო სიარული. კვირაობით, წირვაზე, დიდი ხნის მეგობარი ქალები ერთმანეთს შეხვდნენ. ყოველ მათგანს თავისი სათქმელი აღმოაჩნდა:

- რას გეტყვი, იცი? ამ სიცივეში, ეს ერთადერთი ადგილია,

სადაც თბილად შემიძლია ვიყო. კედლებია სქელი და ზაფხულში დაგროვილ სითბოს ახლა გამოყოფს!

მეორემაც:

- მართლაც რომ დალოცვილია მღვდელი ტაბია. იაპონური

მცენარის თესლებს დამპირდა... ხომ იცი, ყვითელი, ლამაზი ფოთლები რომ აქვს? სხვანაირად არ შეიძლება... ეკლესიაში თუ არ გამოვჩნდი, ბრაზდება; ჰგონია, თუ ვივიწყებ...

მესამეც კიდევ:

-  გესმით, ქალბატონო ერმინია? ისეთი მინდა მოვქარგო,

საკურთხეველს რომ აფარია. სახლში წაღება არ შეიძლება, მსგავსის გასაკეთებლად, ამიტომ აქ მოვდივარ, ვაკვირდები, უკეთ რომ შევისწავლო; და რომ იცოდეთ, ეს იოლი საქმე არ არის!

ქალები ერთმანეთისას ისმენდნენ, იღიმებოდნენ, და თითოეული საკუთარი ამბავით თავის მოწონებას ცდილობდა.

მერე, - მღვდელი ტაბია გვიყურებს! - ერთმანეთს მოსწავლეებივით გადაუჩურჩულებდნენ და წირვის წიგნში თავით ჩაძვრებოდნენ.

მიზეზის გარეშე არავინ მოდიოდა. ქალბატონ ერმელინდას, მაგალითად, ეკლესიის ორღანისტის გარდა სხვა ვერავინ ეპოვა, მისი შვილისთვის სიმღერა რომ ესწავლებინა, მუსიკაზე ასე ძლიერ რომ იყო გატაცებული, და ახლა, სწორედ, მის მოსასმენად იყო აქ მოსული; მსახური ქალი დედას შეხვედრის ადგილს ეკლესიაში უნიშნავდა, რადგან სახლში მისი ნახვა ქმარს აღარ უნდოდა; ექიმის ცოლიც კი, ზუსტად რამდენიმე წუთის წინ, მოედნაზე ფეხი რომ გადაუბრუნდა, დასასვენებლად ეკლესიაში შევიდა. უფრო იქით, საკურთხევლისკენ, მაგრამ გვერდით მხარეებში, მტვრისგან განაცრისფერებულ და ჩრდილში მოქცეულ კონფესიონალურ კაბინებთან რამდენიმე კაცი ბოძივით იდგა. დონ ტაბიაც საკურთხევლიდან განცვიფრებული იყურებოდა და წარმოსათქმელ სიტყვებს ძლივს პოულობდა.

გალეონე გარეთ, მზის გულზე ისე იწვა, თითქოს დამსახურებულად ისვენებსო. წირვის დასასრულს კი ეკლესიიდან გამოსულებს ბეწვის შეურხევლად დაუწყო ყურება. ქალები გამოვიდნენ და სხვადასხვა მხარეს ისე გაემართნენ, ძაღლი ვერც შეამჩნიეს, მაგრამ კუთხეში მოხვევამდე, ზურგში ორი წვეტიანი მახვილივით ჩხვლეტა კი იგრძნეს.

 

                                                 XVII

 

სხვა ძაღლის ჩრდილიც, გალეონეს რომ ჰგავდეს, ადამიანს შიშში ჩააგდებს. იქ, სადაც ხალხია, მაგალითად, ბაზარში ან საღამოს, სეირნობისას, ეს ოთხფეხა ცხოველი არსად არაფერს აკლდება; და აბსოლუტური სიამოვნება ეტყობა მათგან განსხვავებით, ვინც მარტო და თავისთვისაა. ხალხი სახელს ეძახის, საჭმელს სთავაზობს...

- ეჰ, ის ძველი, ლამაზი დრო!.. - წამოიძახებენ ხოლმე ადამიანები, ისე, დაუფიქრებლად, დაუზუსტებლად. ყველა ხვდება, ეს როგორი წამოძახილიცაა. ლამაზ დროში იგულისხმება, როცა ყველაფრის კეთება შეიძლება, რასაც მოინდომებ, იქნება ის გართობა, რაიმეს მოპარვა თუ კვირაობით შუადღემდე ლოგინზე გორაობა. მაღაზიაში ახლა ყველაფერს ზუსტად წონიან, მომსახურე გოგოს აღარ სცემენ; კარმინე ესპოზიტომ თავის სააგენტოში ყველაფერი შეფუთა და ქალაქში გადავიდა; უფროსი ვენარიელო მოწყენილობითა და ტყუილად ყოფნით არაქათგამოცლილი კარაბინიერების ყაზარმის წინ მზეზე წამოწვა, ქურდები კი გავანადგურეო, მშვიდად იყო; როგორც მანამდე, დღეს აღარც იგინებიან ისე... ყველას რაღაცის შიში აქვს, ყველა ფრთხილობს, სადმე ძაღლი არ იმალებოდეს.

დღეს ვინღა ბედავს ასე თავისუფლად ყოფნას?! ვიღას შესწევს იმის გამბედაობა, რომ გალეონეს ფეხი მოუქნიოს ან ერთი მოწამლული კატლეტი გადაუგდოს?! არადა, ყველას სურვილი ესაა! არც ღვთის სამსახურში მყოფებს შეუძლიათ რამის კეთება. ლოგიკის მიხედვით, ისინი გალეონეს მხარეს უნდა იყვნენ და ვინმეს ყურადღების მისაქცევად მიაბარონ, მაგრამ...

ერთ ქარიშხლიან და წვიმიან ღამეს ისეთი ელვა და ჭექა-ქუხილი იყო, გეგონებოდათ, სამყარო იქცევაო. დეფენდენტე საპორის ძალიან კარგი, კურდღელივით ყურთასმენა ჰქონდა და ჭექა-ქუხილის ხმა ხელს სულაც არ უშლიდა რაიმეს გაგონებაში. ეზოში ქურდები უნდა ყოფილიყვნენ...

დეფენდენტე ლოგინიდან წამოვარდა, თოფს ხელი სტაცა და ფანჯრის დარაბებიდან ჭვრიტინი დაიწყო. ორი ტიპი შეამჩნია, საწყობის კარის გაღებას რომ ცდილობდნენ. გაელვებაზე თვალი მოჰკრა, შუა ეზოში, იმ თავსხმა წვიმაში დიდი, შავი ძაღლი გაუნძრევლად იწვა. ის უნდა ყოფილიყო, ის დაწყევლილი! იმ ორი ბანდიტის ხელის შესაშლელად იყო ალბათ მოსული.

დეფენდენტე სიბრაზემ მოიცვა, ჩახმახი გამოსწია, დარაბის ჭრილში ლულა გაჰყო, ელვის ახალ განათებას დაელოდა და ძაღლს დაუმიზნა.

პირველი ნასროლი მთლად გრუხუნში აირია.

- ქურდი, ქურდი! - დაიწყო ყვირილი მეპურემ.

თოფი ისევ დატენა, ისროლა და ქშენა-ქშენით სხვა ოთახებში

გავარდა. ბრახუნსა და ყვირილზე ლოგინებიდან მისი ცოლი, შვილები და მოსამსახურე ბიჭი წამოვარდნენ. ყველა შეშინებული იყო.

- ბატონო დეფენდენტე! - გაისმა ეზოდან. - იცოდეთ, რომ

თქვენ ძაღლი მოკალით!

ამ სამყაროში შეცდომის დაშვება შესაძლებელია, მით უმეტეს, ასეთ ღამეში... და გალეონეც გაშეშებული ეგდო წყლის გუბეში. ტყვიას მისთვის შუბლი გაეხვრიტა, მაშინვე მოეკლა, აღარ ინძრეოდა. დეფენდენტე მის სანახავად არც კი გასულა. ის მხოლოდ საწყობის კარის შესამოწმებლად ჩავიდა, ქურდებს ხომ არ გაუტეხიათო. მერე, თითქოს არაფერი მომხდარაო, ყველას მშვიდობიანი ღამე უსურვა და საბანში შეძვრა. - როგორც იქნა! - გაიფიქრა და ღრმა ძილისთვის მოემზადა, თუმცა თვალის მოხუჭვა ვერანაირად ვერ მოახერხა.

 

                                            XVIII

 

დილით, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ორმა მოსამსახურე ბიჭმა მკვდარი ძაღლი ეზოდან გაიტანა და მინდვრისკენ დასამარხად წაიღო. დეფენდენტეს მათთვის არ უთქვამს, ეს ამბავი არავის გააგებინოთო, ხალხში ეჭვის წარმოშობას მოერიდა, თავის თავზე ლაპარაკის აცილებას შეეცადა.

ვინ გაახმაურა აბა ეს ფაქტი? საღამოს, მეპურე კაფეში როგორც კი შევიდა, მაშინვე მიხვდა, ყველამ ყველაფერი რომ იცოდა. ყავას სვამდნენ და უყურებდნენ, მაგრამ თვალს ერთ წამშივე სწყვეტდნენ, მისი აფორიაქება რომ არ გამოეწვიათ.

- ვისროლეთ ღამით, არა?! - უთხრა მოულოდნელად

ბერნარდისმა, როგორც კი მიესალმა. - დიდი შერკინება გქონია ამ ღამით საცხობში.

- ვინ იცის, ვინ იყვნენ?! - უპასუხა დეფენდენტემ. - საწყობის

გატეხვა უნდოდათ იმ ბანდიტებს, ქურდბაცაცებს! ისე ვისროლე, ბრმად...

- ბრმად? - ჰკითხა ლუჩონიმ ცბიერი ხმით. - და რატომ არ

ესროლე პირდაპირ, თუკი უკვე ისროდი?

- რა უნდა დამენახა იმ სიბნელეში?! კარზე ფხაჭუნი

გავიგონე და ისე ვისროლე, სხვათა შორის.

- და ასე... ასე იმქვეყნად გაუშვი საცოდავი, უდანაშაულო

ცხოველი...

- ჰო, მართლა!.. - თქვა მეპურემ, თითქოს ფიქრებში

ყოფილიყო გართული. - ძაღლს გავარტყი. ვინ იცის, ეზოში როგორ შემოვიდა?! ჩემთან ძაღლები საერთოდ ვერ შემოდიან.

რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მას მიაჩერდა. მექაღალდე ტრევალია ადგა და გასასვლელისკენ გაემართა:

- ეჰ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ბატონებო! - მერე, თითქმის მარცვლებად, - მშვიდობიანი საღამო თქვენც, ბატონო საპორი! - თქვა და გავიდა.

- დიდი პატივია! - უპასუხა მეპურემ და ზურგი შეაქცია.

რისი თქმა უნდოდა იმ დებილს? ბრალად დებდნენ, განდეგილის ძაღლი მოკალიო, იმის მაგივრად, რომ კმაყოფილები დარჩენილიყვნენ! ყველას ჩამოაშორა ის მაწანწალა, გაათავისუფლა მისგან და ახლა კიდევ ცხვირს უბზუებდნენ! რა ემართებოდათ?! ერთხელ მაინც ყოფილიყვნენ გულახდილები!

ბერნარდისმა სცადა, აეხსნა:

- იცი, დეფენდენტე, ზოგი ამბობს, უკეთესი იქნებოდა, ის

ცხოველი არ მოეკლაო.

- და რატომ? ძალით ხომ არ მიქნია?

- ძალით ქენი თუ არა, ნახე, ძაღლი განდეგილის იყო,

ამბობენ, და თან ამბობენ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდაო; და იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება... კი იცი, რასაც ნიშნავს ამგვარი ლაპარაკი!..

- მე რა ვიცი განდეგილების ძაღლები? ჩემი გასამართლება

უნდათ მაგ სულელებს? - და გაცინება სცადა.

მაშინ ლუჩონიმ დაილაპარაკა:

- მშვიდად, მშვიდად, ბიჭებო! ვინ თქვა განდეგილის

ძაღლიაო? ვინ გაავრცელა ეს სისულელე?

დეფენდენტე:

- თვითონ თუ არ იციან! - და მხრები აიჩეჩა.

ჩაერია კავალერიც:

- ზუსტად ისინი ამბობენ, ვინც ამ დილით დამარხა, მარცხენა ყურის წვერზე თეთრი ლაქა ჰქონდაო.

- და შავი იყო მთლად?

- ჰო, შავი. - უპასუხა ერთმა იქ მდგომმა.

- დიდი ზომის და ფომფორა კუდით?

- ზუსტად!

- ანუ განდეგილის ძაღლი? ამის თქმა გინდათ?

- დაიხ, განდეგილის.

- შეხედეთ, ეგერ მოდის ის თქვენი ძაღლი! - წამოიძახა

ლუჩონიმ და ხელი ქუჩისკენ გაიშვირა. - შეხედეთ, წინანდელზე მეტი ჯანმრთელი და ცოცხალია!

დეფენდენტე ცარცივით გაფითრდა. გალეონე თავისი მოქნილი ტანით გზაზე მოაბიჯებდა; ერთი წამით კაფეს ვიტრინასთან შეჩერდა, მის მიღმა მყოფ მამაკაცებს დააკვირდა და მერე გზა მშვიდად გააგრძელა.

 

                                          XIX

 

რატომ აქვთ მათხოვრებს იმის შეგრძენება, რომ თითქოს დილაობით ჩვეულებრივზე მეტ პურს იღებენ? რატომ არის მათი ყუთები დღეს სავსე, როცა წლების მანძილზე შიგ ფულის ნასახი არ იდო? რატომ დადიან ბავშვები ახლა სიამოვნებით სკოლაში, როცა აქამდე მოუთვინიერებლები იყვნენ? რატომ რჩება ყურძენი ვაზზე რთველამდე, თუკი მანამდე იპარავდნენ? რატომ აღარ ესვრიან ქვებსა და გაფუჭებულ გოგრებს მარტინოს კუზზე? რატომ ეს და ყველაფერი სხვა? რატომ ხდება დღეს ასე და სხვა დროს არ ხდებოდა? არავინ არაფერს აღიარებს. ტისის მაცხოვრებლებს არაფერი სცდებათ. მათი ტუჩებიდან სიმართლე არასოდეს გამოდის. ძაღლის ეშინიათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ უკბენს, არამედ ცუდ აზრს შეიქმნის მათზე.

დეფენდენტე შხამს აფრქვევს. მონობა იყო. მოსვენება ღამითაც არ შეიძლებოდა. რამხელა ტვირთია ღმერთი მისთვის, ვისაც მისი არსებობა არ უნდა; და ღმერთი აქ რაღაც ზღაპარივით კი არ იყო ეკლესიის სანთელსა და საკმეველს შორის, არამედ სახლებში ტრიალებდა, ძაღლის სახით აქეთ-იქით დადიოდა და თავის სათქმელს ამბობდა.

ქვეყნის მქმნელის ერთი ნამცეცი, სულის ერთი შებერვა იყო გალეონეში ჩასახული, რომლის თვალებითაც ის სამყაროს ხედავდა და ანგარიშს უწევდა.

ძაღლი რომ დაბერდებოდა? ძალადაკარგული წლების მანძილზე ერთ კუთხეში რომ დარჩებოდა, თავს აღარავის შეაწყენდა?

და წლები გადიოდა... ეკლესია სამუშაო დღეებშიც სავსე იყო. გოგოები კოლონებს შორის სასეირნოდ აღარ დადიოდნენ და შუაღამისას ჯარისკაცებთან ერთად აღარ კისკისებდნენ. დეფენდენტემ, ის ძველი კალათი რომ დაუზიანდა, ახალი იყიდა, მაგრამ საიდუმლო კარს პურის მოსაპარად აღარ აღებდა, ვერც ბედავდა, სანამ გალეონე აქეთ-იქით წრიალებდა. ოფიცერ ვენარიელოს ახლა კარაბინიერების ყაზარმაში ჭილის სავარძელში ჩაფლულს ეძინა.

გავიდა წლები და ძაღლი გალეონე დაბერდა, მაგრამ მაინც მოქნილად დადიოდა, თუმცა ნელა, სანამ ერთ დღეს უკანა ფეხების პარალიზი არ დაემართა და სიარული ვეღარ შეძლო.

საბედნიეროდ, ეს ინციდენტი მას მოედანზე შეემთხვა, საკათედრო ტაძრის კედელთან რომ ეძინა, რომლიდანაც მიწა მდინარემდე დაქანებულად ჩადიოდა. ეს ადგილი და პოზიცია მისთვის ჰიგიენური თვალსაზრისით კარგი იყო, რადგან ბუნებრივი მოთხოვნილებებით არაფერს სვრიდა და პირდაპირ მდინარეს უერთდებოდა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ იქაურობა ქარისა და წვიმისაგან არ იფარებოდა.

ახლაც, ბუნებრივია, არავინ შეიმჩნია ძაღლის იქ არსებობა, თუმცა ყველა ხედავდა. მისი მტანჯველი მდგომარეობით, ცოტა არ იყოს, რაღაც იმედიც გაუჩნდათ. ძაღლი, უპირველეს ყოვლისა, აქეთ-იქით ვეღარ ივლიდა, ერთი მეტრითაც ვეღარ გადაადგილდებოდა, მეტიც, ვინ მისცემდა მას საკვებს ყველას თვალწინ? ვინ აღიარებდა პირველი ცხოველთან საიდუმლო კავშირს? ვინ ჩაიგდებდა თავს სასაცილო მდგომარეობაში? აქედან გამომდინარე, ყველა იმედოვნებდა, რომ გალეონე შიმშილით მაინც მოკვდებოდა.

სადილის წინ კაცები მოედნის ირგვლივ, ტროტუარზე სეირნობდნენ და ჩვეულებრივ, უმნიშვნელო თემებზე ლაპარაკობდნენ, როგორიც იყო, მაგალითად: კბილის ექიმის ახალი ექთანი, ნადირობა, ტყვიების ფასი, ბოლოს ნაჩვენები ფილმი... მოსეირნეები თავიანთი პიჯაკების ბოლოებით ძაღლის ცხვირს ედებოდნენ, რომელიც სასიკვდილოდ სუნთქავდა და კედლის კიდიდან გადავარდნას რისკავდა. ადამიანები ცხოველს ზემოთ ულამაზეს პეიზაჟს ხედავდნენ, მდინარეზე მზის ჩასვლა რომ ისახებოდა. რვა საათისთვის ჩრდილოეთიდან დიდი ღრუბლები წამოვიდა, მოედანზე წვიმა დაუშვა და იქაურობა დაცარიელდა.

მაგრამ შუაღამისას, ძლიერი წვიმის დროს, სახლების გასწვრივ საიდუმლო შეთქმულების მონაწილეებივით ჩრდილებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ქურდულად, წელში მოხვრითა და დიდი ნახტომებით მოედნისკენ გაემართნენ. იქ სვეტებსა და კოლონებს ამოეფარნენ და შესაფერის მომენტს დაელოდნენ. ლამპიონები იმ დროს ნაკლებად ანათებენ და იქაურობას მეტწილად ბნელში ტოვებენ. ადამიანის რამდენი ფიგურაა? ალბათ, ათამდე. ძაღლისთვის საჭმელი მიაქვთ, მაგრამ თითოეული ისე აკეთებს, რომ შეუცნობელი იყოს. ძაღლს არ სძინავს, კედელთან ახლოს, ხევის შავ ფონზე წევს. ორი მწვანე და ფოსფორისებური თვალი ისევ ანათებს. დროგამოშვებით მისი გაბმული კვნესა ისმის, რომელიც მოედანზე ექოსავით გადადის.

ერთიც გამოჩნდა... სახეზე გრძელი შარფი შემოეხვია, ველოსიპედისტის ქუდი შუბლზე კარგად ჩამოეწია; როგორც იქნა, ძაღლს მიუახლოვდა. არავინ გამოსულა მის შესაცნობად. ისედაც, ყველას საკუთარი თავის გამოჩენის ეშინოდა.

ერთმანეთის მიყოლებით, გრძელი ინტერვალებით, შეხვედრების თავიდან აცილების მიზნით, ამოუცნობმა პირებმა საკათედრო ტაძრის კედელზე რაღაცები დადეს. ყმუილი შეწყდა.

დილით გალეონემ წყალგაუმტარი პლედის ქვეშ გაიღვიძა. გვერდით, კედელზე ღვთისგან ნაბოძებივით ყველაფერი იდო: პური, ყველი, ხორცის ნაჭრები, რძით სავსე ჯამიც კი.

 

                                          XX

 

გალეონეს სიარული რომ აღარ შეეძლო, მოსახლეობამ თითქოს ამოისუნთქა, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ხანმოკლე ილუზია იყო. კედლის კიდიდან ძაღლის ორი თვალი ყველაფერს უყურებდა. ტისის უმეტესი ნაწილი მისი ყურადღების ქვეშ მაინც იმყოფებოდა. და ვინ იცოდა, თუ რამდენად მწველი იყო ეს გამოხედვა?! გარეუბნებში არსებულ სახლებსაც კი, გალეონეს მხედველობის გარეთ რომ იყო, ყმუილის ხმა წვდებოდა. ახლა ძველი ჩვევები ისევ უნდა დაებრუნებინათ? ძაღლის გამო უკვე ბევრი რამ იყო შეცვლილი და ეს გაუთვითცნობიერებელი ცრურწმენა წლების მანძილზე მთელი ყურადღებით ინახებოდა! დეფენდენტეც კი, რომლის საცხობი ცხოველის თვალთახედვიდან საკმაოდ შორს იყო, გინების ჩვევას არ დაბრუნებია და სარდაფის ფანჯრიდან არც პურის მოპარვა უცდია.

გალეონე ახლა წინანდელზე უფრო მეტს ჭამდა და გაუნძრევლად წოლის გამო, ღორივით სუქდებოდა. ვინ იცის, რამდენი ხნის სიცოცხლე ჰქონდა კიდევ დარჩენილი! სიცივეების დასაწყისში რაღაცის იმედი ისევ გაჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ წყალგაუმტარი ქსოვილი ეფარა, ძაღლს ქარი მაინც უბერავდა და შეიძლებოდა გაციებულიყო.

ყველა ილუზია ამჟამადაც იმ საძაგელმა ლუჩონიმ დაარღვია. ერთ საღამოს, კაფეში, ნადირობის ამბავს რომ ჰყვებოდა, თქვა, დიდი ხნის წინ, ღამე თოვლში გავატარე, რის შედეგადაც ძაღლს ცოფი დაემართა და იძულებული შევიქენი მომეკლა, გული ახლაც მიტირის, რომ ვიხსენებო.

- და ის ძაღლი!.. - კავალერი ბერნარდისი იყო, სულ რომ

არასასურველ თემებს ეხებოდა. -  ის ძაღლი, პარალიზებული რომ წევს ეკლესიის კედელთან და ზოგიერთი დებილი საჭმელს აჭმევს, ჩვენთვის საშიში არ იქნება?

- ისიც ცოფიანი რომ გახდეს? - ჰკითხა დეფენდენტემ. –

მაინც ვეღარ ინძრევა, და!

- და ვინ გითხრა?! - უპასუხა ლუჩონიმ. - ცოფი

ძალას მატებს. არ გამიკვირდება, ერთ დღეს თხასავით ხტუნვა რომ დაიწყოს.

ბერნარდისი უსიტყვოდ დარჩა: - ჰო, მაშინ...

- ოჰ, მე სულაც არ მაინტერესებს! ერთი ნამდვილი

მეგობარი ყოველთვის თან მყავს. - თქვა ლუჩონიმ და ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო.

- შენ, შენ! - თქვა ბერნარდისმა. - შენ რომ ჩემსავით სამი

შვილი გყავდეს, დამიჯერე, სულერთი მართლა არ იქნება, პირიქით!..

-  მე გითხარით და ახლა თქვენ იფიქრეთ!.. -  თქვა

მეწარმემ და პისტოლეტის ტარი სახელოზე ჩამოისვა.

 

                                                 XXI

 

რამდენი წელი გავიდა განდეგილის სიკვდილიდან? სამი, ოთხი, ხუთი... ვინმეს თუ ახსოვს, ნეტა?! ნოემბრის დასაწყისისთვის ძაღლის დასაბინავებლად ხის ყუთი თითქმის მზად იყო. რადგანაც დიდ თანხებს არ უკავშირდებოდა და მოკლე დროშიც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ, თემა სოფლის საბჭოს სხდომაზეც განიხილეს. ძაღლის მოკვლის ან სადმე, სხვა ადგილას გადაყვანის შესახებ, საქმე იოლად რომ მოეგვარებინათ, წინადადება არავის წამოუყენებია. ხის საძაღლის გაკეთება და მისი წითლად შეღებვა დურგალ სტეფანოს დაავალეს, ეკლესიის კედლებთან ცოტა შესაფერისი რომ ყოფილიყო.

- რა უაზრობაა! რა სისულელეა! - ამბობდა ყველა, თითქოს

მათ არ ეკუთვნოდათ ეს აზრი.

და ეს რას ნიშნავდა? ძაღლისადმი შიში, რომელსაც ღმერთი ჰყავდა ნანახი, უკვე საიდუმლო აღარ იყო?

მაგრამ საძაღლის გაკეთების იდეა აღარ განხორციელებულა. ნოემბრის დასაწყისში, დილის ოთხ საათზე, საცხობში სამუშაოდ მიმავალმა ბიჭმა, ეკლესიის კედელთან რომ გაიარა, რაღაც შავი, უმოძრაოდ დადებული დაინახა; მიუახლოვდა, შეეხო და საცხობისკენ მოჰკურცხლა.

- კიდევ რაღა მოხდა? - იკითხა დეფენდენტემ, აქოშინებული

ბიჭი რომ დაინახა.

- მოკვდა, მოკვდა! - ბლუკუნებდა ბიჭი.

- ვინ მოკვდა?

- ის ძაღლი. ძირს დაგდებული ვნახე და ქვასავით მაგარი

იყო.

ამოისუნთქეს? სიხარულით ცას ეწივნენ? ღვთის ის

არასასურველი ნაწილი, მართალია, როგორც იქნა, გამქრალიყო,  დიდი ხანიც დაეყო უკვე მათთან ერთად. უკან დაბრუნება და თავიდან დაწყება როგორ შეიძლებოდა? იმ წლებში ახალგაზრდებს სხვანაირი ჩვევები ჰქონდათ უკვე გამომუშავებული. კვირის წირვა ყველაფრის შემდეგ მათთვის ამოსუნთქვასავით იყო, სულიერი თავისუფლებასავით; და ის გინებაც ახლა უკვე სხვანაირად ჟღერდა, უფრო ყალბი წამოძახილივით ისმოდა. ამოსუნთქვას ელოდნენ, და პირიქით მოხდა...

და მერე: ის ძველი ჩვეულებები რომ წამოეწყოთ ისევ, ესენი აღიარებასავით არ გამოუვიდოდათ? ამდენი იწვალეს, რომ დაემალათ, და ახლა სირცხვილის გრძნობა მზის სინათლეზე უნდა გამოეტანათ? ქალაქს მთელი ცხოვრება და ჩვევები ერთი ძაღლის გამო შეეცვალა? სად არ იცინებდნენ ამაზე!

და მაინც: სად უნდა დაემარხათ ცხოველი? პარკში? არა, არა, სოფლის გულში არასოდეს! ხალხს უკვე საკმარისადაც ჰქონდა მისგან ნანახი. კანალიზაციაში? ადამიანებმა ერთმანეთს გადახედეს, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.

- კანონი ამის უფლებას არ იძლევა! - შენიშნა ბოლოს საბჭოს

წარმომადგენელმა, უხერხულობიდან რომ გამოსულიყო. კრემაცია მოეხდინათ? და მერე რამე ინფექცია რომ გამოეწვია? მაშინ სადმე სოფელში უნდა დაემარხათ, და აი, სწორი გადაწყვეტილებაც ეს იქნებოდა! მაგრამ რომელ სოფელში? ამის ნებას ვინ დართავდა? წინააღმდეგობას გაუწევდნენ, არავის ენდომებოდა მკვდარი ძაღლის თავისთან დამარხვა.

და განდეგილთან ახლოს?

ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა, ერთ პატარა ყუთში ჩადეს, ეტლზე შედეს და გორაკისკენ წაიღეს. კვირა დღე იყო, და გართობის მიზნით ბევრი უკან გაჰყვა. ქალებითა და კაცებით დატვირთული ექვსი-შვიდი ეტლი დაიძრა. ხალხი თავს ძალას ატანდა და მხიარულ ხასიათზე ყოფნას ცდილობდა. მზე სანამ ამოვიდოდა, გაციებული მინდვრები და შიშველი ხეები რა თქმა უნდა ლამაზ სანახაობას ვერ ქმნიდნენ.

გორაკს რომ მიუახლოვდნენ, ეტლებიდან ჩამოვიდნენ და ძველი ეკლესიის ნანგრევებისკენ გზას ფეხით აუყვნენ. ბავშვები წინ მირბოდნენ.

- დედა, დედა! - ისმოდა ზემოდან ყვირილი. - ჩქარა!

მოდით, ნახეთ!

ნაბიჯს აუჩქარეს, სილვესტორის საფლავს მიუახლოვდნენ. იმ დღის მერე, რაც ის დაასაფლავეს, იქ არავინ ასულა. ხის ჯვრის ძირას, ზუსტად განდეგილის თავზე ერთი პატარა ჩონჩხი ესვენა. თოვლს, ქარსა და წვიმას ის მთლად გაენადგურებინა, ძაფივით დაეწვრილებინა და გაეთეთრებინა.

ძაღლის ჩონჩხი...   

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ                                           

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE