დედლაინი


დედლაინი




  დედლაინი სიკვდილივითაა - მასზე ფიქრი გაშინებს, მაგრამ როგორც კი მოვა და გადააბიჯებ, დამშვიდდები, მიხვდები, რომ არც ისეთი საგანგაშო ყოფილა. დედლაინამდე დრო ძალიან სწრაფად გადის. ორი კვირა რომ გქონდეს დარჩენილი, გინდაც ერთი თვე, ან სამი წელი, ან თუნდაც ხუთი - ეს დრო ისე ჩაიქროლებს, ვერც კი გაიგებ, როგორ აორთქლდა. სამაგიეროდ, ბოლო წუთებია უძვირფასესი. დრო უკიდურესად ნელდება, ბევრდება, უსასრულოდ იწელება თუ  საერთოდ იკარგება მისი აღქმა და გეუფლება შეგრძნება, რომ ყველაფერს მოასწრებ. საუკეთესო იდეები და გადაწყვეტები მოგდის თავში და არცერთის დათმობა არ გსურს. ბოლო წუთებში ყოველი წამი მნიშვნელოვანია.

15:52:01

  ოთახში შემორბის გაფითრებული მენეჯერი და გეუბნება, რომ დედლაინამდე 8 წუთიღა დარჩა, გასაგზავნი პრეზენტაცია კი ჯერ მზად არ არის. კლავიატურა თითებში გადნება, წამში 200 სიტყვას კრეფ და 20 სლაიდს აწყობ. ამ დროს ვერ იხსენებ, როგორ არის ინგლისურად უწყისი და ურთიერთშეთანხმება, სავარაუდოდ, არც იცოდი. სასწრაფოდ ეძებ ონლაინ ლექსიკონს, მაგრამ ინტერნეტი არ მუშაობს. პროგრამისტს ეძახი, ის ჰაბს არესტარტებს და შენ საჭირო სიტყვებს თარგმნი.

15:52:02

  გახსენდება ფოტო, რომელიც შემდეგ სლაიდს იდეალურად შეეფერება. გახსენდება, მაგრამ არ იცი, როგორ იპოვო, რადგან მხოლოდ ერთხელ გაქვს ნანახი და ვერ ხვდები - სად. რა ეწერა? როგორ უნდა დასერჩო? სხვა ფოტო გამორიცხულია! სად? ფეისბუქში? გუგლში? საფეხბურთო ჟურნალში? ბაბუაშენის ნაჩუქარ კატალოგში? გამოფენაზე? მინსკის მეტროში, სარეკლამო აბრაზე? ამ დროს ტელეფონი გირეკავს, უცხო ნომერია. აპირებ, არ უპასუხო, მაგრამ უცებ ძალიან ინტერესდები, ვინ შეიძლება იყოს და ხმის გათიშვის ნაცვლად, პასუხობ. უცნობი მამაკაცის ხმა გეუბნება, რომ შენი ნომერი იმ ქალის ბოლო დარეკილებში აღმოაჩინა, რომელსაც ტელეფონი მის მანქანაში დარჩა. წამით იძაბები, რადგან საუბარი აშკარად შენს მეუღლეზეა, მერე კი ხვდები, რომ ხაზზე უბრალოდ ტაქსის მძღოლია და სანერვიულო არაფერი გაქვს. ოფისის მისამართს ეუბნები და შეხვედრას უთქვამ  ზუსტად 9 წუთში. თან გიხარია - ცოლის დაბადების დღე მოდის და შენ მოგიწევდა ახალი სმარტფონის ყიდვა. მენეჯერის შუბლიდან ცივი ოფლი წვეთავს და გესმის, როგორ ეცემა იატაკზე წკაპუნით.

15:52:14

  ფოტოს პოულობ! ის მართლა იდეალურად ერგება სლაიდს და ამ გამარჯვებას გულში ზეიმობ. შემდეგ სლაიდზე გადადიხარ, ტექსტს უკირკიტებ და ერთ წინადადებაში ერთ სიტყვას 6-ჯერ უცვლი ადგილს. მენეჯერს უფროსი მენეჯერი ურეკავს და ისე უყვირის, მთელ ოთახში ისმის ღრიალის ექო. გახსენდება, რომ დილიდან არ მოგიფსამს და შარდის ბუშტი გისკდება. ტუალეტისკენ მიდიხარ, დერეფნის ბოლოს. დაკავებულია. როგორც იქნა, თავისუფლდება, შერბიხარ და უნიტაზს გულმოდგინედ უმიზნებ. გგონია, რომ ყვითელი სითხის ნაკადი აღარასდროს შეწყდება - 3 ლიტრით თავისუფლდები. შვებით სუნთქავ, მაგრამ ატყობ, რომ მაინც ძალიან დაძაბული ხარ და ხვდები - პრეზენტაციის მშვიდად დასასრულებლად, ახლა საუკეთესო გადაწყვეტილება მასტურბაციაა. იხსენებ ბოლო სექსს ცოლთან. არ ვარგა. იხსენებ ბოლო შემთხვევით სექსს მივლინებაში. ნელ-ნელა გიდგება. წარმოიდგენ ფავორიტ ვიდეოებს პორნჰაბის კოლექციიდან და უკვე მზად ხარ. ანძრევ. გონებაში ერთმანეთს ენაცვლებიან მოყვარული და პროფესიონალი პორნოვარსკვლავები, შენი ცოლი და მინსკელი ოფიციანტი. ამ დროს მათ შორის საიდანღაც გამოერევა კონკურენტი კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც შენზე მეტი ხელფასი აქვს და ფანტაზიას გიბინდავს. ცდილობ, თავი დააღწიო და იქვე მისი ცოლი გახსენდება, უზარმაზარი მკერდითა და მოტკეცილი კაბით. ხელში მათრახს აჭერინებ და აიძულებ, სამუშაო მაგიდაზე გადაკუზულ ქმარს ურტყას. მის ჯინაზე უფრო ძლიერად ანძრევ. ათავებ. გათხუპნულ უნიტაზის ღილაკს ტუალეტის ქაღალდით წმინდავ და პერანგს შარვალში იტანიებ.

15:52:35

  ოთახში დაწყნარებული შედიხარ. ზუსტად იცი, რომ მოასწრებ. მენეჯერი საკუთარ ტუჩებს იჭამს და ფრჩხილებს აყოლებს. მომდევნო 6 სლაიდს რეკორდული სისწრაფით აწყობ, თავს Power Point-ის მეფედ გრძნობ. რამე მუსიკა მოუხდებოდა ამ ტემპში მუშაობას. სად არის ყურსასმენები? ხმამაღლა ვერ ჩართავ, აკრძალულია ოფისში. სად არის? გახსოვს, რომ აქ გედო, ბლოკნოტებთან. ალბათ ვინმემ ითხოვა, მაგრამ ბრაზდები, დაუკითხავად რომ მოკიდეს ხელი და ოთახში ყველას ეკითხები, ვინ აიღო შენი ლურჯი ყურსასმენები. მაგრამ აქედან არც არავის აუღია და არც დაუნახავთ, ვინ აიღო. მენეჯერი მაშინვე გთავაზობს თავისას, მაგრამ უარს ეუბნები - შენ შენი გინდა. ჯერ მეზობელ დეპარტამენტებში ეძებ, მერე ყველა სართულს შემოირბენ, ყველა უჯრას და თაროს ათვალიერებ, იჭყიტები მითინგ რუმებში, ბუღალტერთანაც კი შედიხარ, დაცვას აწიოკებ, მანქანას ჩხრეკ საბარგულიანად, გადიხარ კაფეში, სადაც ლანჩზე იყავი, მაგრამ არსად არ არის. ხელჩაქნეული ბრუნდები, უკვე ყველა იმედი გადაწურული გაქვს და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ხედავ ყურსასმენებს, მაგიდაზე, ზუსტად იქ, სადაც გეგულებოდა - ბლოკნოტებთან. იკეთებ, მუსიკას რთავ და კიდევ 6 სლაიდს ანადგურებ.

15:52:52

  რატომ დაგავიწყდა, რომ დღეს იმ ხუჭუჭა გოგოს დაბადების დღეა, გაყიდვების დეპარტამენტიდან? პრინციპში, ალბათ არც იცოდი. ბუშტს გაძლევენ, გთხოვენ გაბერო და სამზარეულოში ჩახვიდე ერთი ნაჭერი ტორტის საჭმელად. საერთო მხიარულებას ჭრელი ბუშტით ხელში უერთდები, სხვებთან ერთად მღერი Happy Birthday-ს ქართულ ვერსიას და საკვანძო მომენტში სახელი გავიწყდება, თუმცა არ იმჩნევ და პირს მაინც აღებ უხმოდ. იუბილარს გაჭყლეტვამდე ეხუტები და უსურვებ, კიდევ მის 150 დაბადების დღეს შეხვდეთ ერთად. ტორტი უკიდურესად უგემურია, მაგრამ აქებ, მეორე ნაჭერსაც ითხოვ და დაწვრილებით კითხულობ, სად შეუკვეთეს, რა ღირდა, შეკვეთიდან რამდენ ხანში ამზადებენ, თვითონ მოაქვთ, თუ უნდა წამოიღო. შამპანურის ბოთლი იხსნება. იუბილარს ყველა სათითაოდ ადღეგრძელებს.

15:53:27

  მენეჯერი წყობიდან გამოდის და შედის, გამოდის და შედის. ამ დროს გაფიქრდება დეტალი, რომელიც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზენტაციაში. რაღაცების გადაწყობა გიწევს, მაგრამ სხვა რა გზაა. თავდაჯერება გემატება, სლაიდებს ადგილებს უცვლი, შესწორებები შეგაქვს. ძალიან კარგი გამოდის! ამ თვის ბონუსი გარანტირებული გაქვს და ბიჭებთან ერთი კაი სუფრა შენზეა. ისე, რამდენი ხანია არ გინახავს ბიჭები? გუშინაც გირეკავდა ბავშვობის ძმაკაცი, შეხვედრიდან ვერ უპასუხე და მერე გადარეკვა დაგავიწყდა. თავს დამნაშავედ გრძნობ და მის ნომერს კრეფ, სანამ ისევ ამოგვარდნია თავიდან. ებოდიშები, უხსნი, როგორი დაკავებული ხარ და როგორ გენატრება, მერე ბოლო 3 თვის სიახლეებს ცვლით. იგებ, რომ მისი და ისევ ორსულადაა, იგებს, რომ მამაშენმა თვალის ოპერაცია გაიკეთა და კარგადაა, იგებ, რომ მისი სახლის წინ ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს და ხედი უფუჭდება, იგებს, რომ ბოლო ფეხსაცმელი, რომელიც ცოლმა გიყიდა, პატარა გაქვს და აღარც იცვლება, იგებ, რომ სესხების ლარიზაცია გაიზარდა, იგებს, რომ ფოსტალიონს მოუწერე ხელი მეზობლის მაგივრად, რომელიც პარკინგის ჯარიმებს არ იხდის და ფოსტალიონს ემალება, იგებ, რომ სპარტაკმა კარადები წაიღო, იგებს, რომ ქეთინოს შვილმა გაიგო, მამამისი რომ მამამისი არ არის, იგებ, რომ გენოს სულ 2 ზედა აქვს, მეტი არა, იგებს რომ ტატიანა ქმარს გაშორდა, იგებ, რომ ბარსას მერვედფინალში ჩარჩენას დიდი კუში აქვს, მაგრამ შანსიც დიდია, იგებ, რომ სტამბული-თბილისი დღეს 16:55-ზე დაეშვება. გახურებული ტელეფონი მხარსა და ყურს შორის გაქვს მოქცეული, გვერდულად უყურებ ლეპტოპს, ამთავრებ აქამდე აწყობილი სლაიდების გადალაგებას და ხვდები, რომ პრეზენტაციის 25% უკვე მზად გაქვს.

15:54:12

  იჭედები. ინფორმაცია გჭირდება, რომელიც მხოლოდ უფროს მენეჯერს აქვს, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ, არ გამოვა - მიხვდება, რომ მზად არ ხართ და იღრიალებს. შენც იცოდი, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებ. მოწევა გინდა, მაგრამ ოფისში არ ეწევიან. უკვე გარეთ ხარ, როცა აღმოაჩენ, რომ ჯიბეში ცარიელი კოლოფი გიდევს. მარკეტში შედიხარ. შენ წინ მხოლოდ ერთი კაცია, მაგრამ ქეში არ ჰყოფნის, ბარათით ვერ იხდის, სათვალეს იკეთებს, პინ-კოდს ეძებს ტელეფონში, ვერ პოულობს, ყველაფერს აბრუნებს და მიდის. შენ მარტივად იხდი და გარეთ გამოდიხარ. ეწევი. ითვლი, რამდენ ფულს დაზოგავდი, რომ არ ეწეოდე. დღეში მინიმუმ ერთი კოლოფი გჭირდება, რაც 10 დღეში 60 ლარია, ანუ თვეში 180, წელიწადში კი 2160 ლარი. ბევრია. რომ გაანახევრო და დღეში საშუალოდ 10 ღერზე დახვიდე, 2 წელიწადში დაზოგავ 2160 ლარს და ამ ფულით შეგიძლია სამოგზაუროდაც კი წახვიდე სადმე... მაგალითად ბერლინში!

15:54:41

  - რა დროს მოწევა იყო?! - წითელი ბარათივით წითელი გხვდება მენეჯერი და თვალებიდან სასოწარკვეთილი მრისხანება ეღვრება, - შენ ძალიან ხომ არ აგივარდა თავში პატარა წარმატებები და ხომ არ გათავხედდი?! ამ დედლაინს თუ გადავაცილებთ, მე შენ ხელს აღარ დაგაფარებ არც დაგვიანებებზე, არც ადრე გასვლებზე და არც სიგარეტის მოსაწევად ჩასვლებზე დღეში ათჯერ!

  „ეს ყლე ნახე რა!“ - ფიქრობ და მზად ხარ, მთელი საგვარეულო აგინო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ლიფტში იმ კვლევის შედეგები გაგახსენდა, რომელიც გჭირდებოდა და სასწრაფოდ უნდა შეყარო პრეზენტაციაში. ცდილობ, კონცენტრირდე და არაფერი გამოგრჩეს, მაგრამ აღელვების გამო მაინც გიწყდება აზრი და მნიშვნელოვანი დეტალები გიფრინდება თავიდან. საშინლად ბრაზდები. „ამის დედას შევეცი! ეს როგორ გამიბედა, რაღაც ნახევარი წუთის გამო?! არც კი... თან თანამშრომლების თანდასწრებით!.. ამის დედაც მოვტყან, ამ პრეზენტაციასაც შევეცი და ამ სამსახურსაც! ერთი წელია, ხელფასის მომატებას მპირდებიან და სად არის, აბა? დაწინაურებაზეც ხმას არ იღებენ. არ გავარტყი აქაურობას? შემიძლია დღესვე წავიდე!“ - ფიქრობ განრისხებული და jobs.ge-ზე შედიხარ, გინდა დარწმუნდე, რომ უკეთესი სამსახურის მოძებნა არ გაგიჭირდება. შენი შესაფერისი ვაკანსიები ბევრია, მაგრამ ყველგან მკაცრად ითხოვენ ინგლისურის კარგად ცოდნას. არა უშავს, შეგიძლია CV-ში ჩაწერო, რომ თავისუფლად ლაპარაკობ და თუ აგიყვანენ, მერე სწრაფ კურსებზე ივლი. მთავარია, რომ მეტი ხელფასი გექნება და ასეთი არაკაცების ატანა არ მოგიწევს ოფისში, ვითომ რო გემეგობრებიან და მეორე წუთში შეუძლიათ გაგწირონ. ამ დროს მენეჯერი უახლოვდება შენს მაგიდას და ცხელ ყავას გიდგამს. აღიარებს, რომ ზედმეტად გამოვიდა წყობიდან, რადგან ძალიან ნერვიულობს შესაძლო დაგვიანებაზე და გებოდიშება. გეკითხება, ხო ყველაფერი კარგად მიდის. ჯერ თვალს არიდებ, ყავას სულს უბერავ, ერთ ყლუპს სინჯავ, მერე მენეჯერს უღიმი და ეუბნები:

  - ყველაფერი რიგზეა, ვასწრებთ!

15:55:12

  ოთახში ის ხუჭუჭა გოგო შემოდის, რომლის სახელიც ისევ არ გახსოვს - იუბილარი. ხელში ძალიან საყვარელი ბიგლი უჭირავს, ლეკვი. ყვება, რომ თაყვანისმცემელმა მოუყვანა საჩუქრად, მაგრამ სახლში ვერ წაიყვანს, რადგან დედამისს ალერგია აქვს და უნდა, სასწრაფოდ გააჩუქოს, სანამ შეუყვარდება. შენ ძაღლებზე დიდად არ გიჟდები, მაგრამ უცებ გენიალური იდეა მოგდის - ცოლის მოახლოებული დაბადების დღე გახსენდება, ის კი უკვე რამდენი ხანია ოცნებობს ძაღლზე. საჩუქრის ფულსაც დაზოგავ - ეტყვი, რომ უყიდე და რას გაიგებს. ბიგლის იბარებ. ხუჭუჭა აღფრთოვანებულია შენი მყისიერი გადაწყვეტილებით, გულში ალბათ შინაური ცხოველების უდიდეს მოყვარულად გნათლავს, ხმამაღლა კი ას მადლობას გეუბნება და შენც რაღა დაგრჩენია - თავმდაბალი ღიმილით უნდა შეიფერო. გიმხელს, რომ თვითონ ალბათ პრინცესუკას დაარქმევდა, მაგრამ შენ შეგიძლია, რაც გინდა ის დაუძახო და გთხოვს, რომ მერე, ხანდახან, ფოტოები აჩვენო ხოლმე. ბოლოჯერ ეხუტება ლეკვს, შენც გეხუტება გაჭყლეტვამდე და გტოვებთ. შორიახლოს ვეტ. კლინიკა გეგულება, ბიგლის გვერდით სავარძელზე ათავსებ და მანქანას ქოქავ. ჯანმრთელს ჰგავს, მაგრამ მაინც ხომ უნდა გადაამოწმო. უღებ სისხლის საერთო ანალიზს და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციურ სინჯებს, უკეთებ იმუნიზაციას, უდგენ ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებელს, უტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას და გამორიცხავ კენჭების, სიმსივნეების, კისტების, ჰემატომების, ან ანთებითი პროცესების არსებობას მის ორგანიზმში. მერე აბანავებენ, აშრობენ და ამუშავებენ ეგზოპარაზიტებზე - მხოლოდ შეფუთვაღა აკლია საჩუქარს.

15:55:50

  ტვინიც და თითებიც ელვის სისწრაფით გიმუშავებს. პრეზენტაციის ნახევარზე მეტი უკვე მზად არის და გრძნობ, რომ რაღაც საოცრება გამოგივა. უფროსებიც აღფრთოვანდებიან და კლიენტიც. ახალ თანამშრომლებს ონბორდინგებზე ამის მიხედვით აუხსნიან, რა უნდა აკეთონ და როგორები უნდა გახდნენ. ლექტორები სტუდენტებს აჩვენებენ სამაგალითოდ. პრეზენტაციების მუზეუმი რომ არსებობდეს, იქ გამოფენდნენ უიშვიათეს ექსპონატად და ფოტოებს გადაიღებდნენ მის ფონზე. ბონუსზე ხომ საუბარიც ზედმეტია, იქნებ ორმაგი ხელფასიც კი ჩაგერიცხოს ამ თვის ბოლოს... მაგრამ თვის ბოლომდე ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი, ანგარიშზე კი თითქმის აღარაფერი. ინტერნეტ ბანკს ხსნი და ბალანსს ამოწმებ. ხოო, ეს შეიძლება მარტო ლანჩებს და სიგარეტსაც კი ვერ გაწვდეს ამ დღეებში. ბარსელონას კარგი კუში გახსენდება, ბავშვობის ძმაკაცმა რომ გირჩია. იქნებ მოიგო? აბა ამ თანხას რომ გაუფრთხილდე, რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერზე იმყოფინებ. სასწრაფოდ შედიხარ ონლაინ კაზინოში და ხელფასამდე დარჩენილი ფულის ნახევარი შეგაქვს – სჯობს, ახლავე დადო, მერე შეიძლება კუში დავარდეს. საკუთარ ბედში და ძმაკაცის ალღოში დარწმუნებული აკეთებ ტოტალიზატორის ბილეთს და უკვე წარმოგიდგენია, საღამოს რამხელა სიამოვნებით უგულშემატკივრებ მესის ტრავმის გამო დასუსტებული ბარსას გავარდნას. ამასობაში ხვდები, რომ ფულის მეორე ნახევრის დატოვებასაც არ აქვს აზრი, სჯობს, გარისკო და პოკერი ითამაშო. მთლიანად რიცხავ. თავიდანვე გიმართლებს, ორი დამა მოგდის და ფლოპზე მესამეც, ვიღაც თევზი ოლ-ინზე მოგყვება და ჩიპებს აორმაგებ. ფრთხილად აგრძელებ, რამდენჯერმე კარგ კარტსაც კი ყრი, ერთხელ ბლეფობ და გამოგდის, მერე მოგდის ორი ტუზი და ფლოპზე მესამეც, ოლ-ინს შედიხარ, მაგრამ მეტოქე სტრიტს კრავს და გიგებს. დარჩენილ ხურდებს სლოტებში აგებ - მარწყვები იღბლიანად არ ლაგდებიან.

15:56:39

  მენეჯერი გახსენებს, რომ დედლაინამდე 4 წუთიღა დარჩა. არ უსმენ, წაგებაზე  გწყდება გული, საკმაოდ არ გესიამოვნა 0-ზე რომ დარჩი, მაგრამ საღამოს მოგების იმედი გამხნევებს. მთელი ყურადღება სლაიდებზე გადაგაქვს და კიდევ რამდენიმეს უღებ ბოლოს. ამ დროს ბანკისგან სარეკლამო მესიჯი მოგდის.

  „გადაიღალე? აიღე სამოგზაურო სესხი რამდენიმე წამში და დასვენება არ აგცდება. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს Boga.net და შეავსე განაცხადი.

 ამ შეტყობინებას ნიშნად ღებულობ, დაუყოვნებლივ შედიხარ საიტზე და მოკლე განაცხადს ავსებ. მაშინვე მოგდის მეორე მესიჯი, რომელიც უკვე სესხის დამტკიცებას გიდასტურებს. სახეზე ბედნიერი ღიმილი გეკვრება. ბერლინი? რა თქმა უნდა!

15:57:02

  ასეთ ევროპაში პირველად ხარ, ყველაფერი გაყლევებს. პირღია ათვალიერებ ქუჩებს და ადამიანებს, ფოტოებს უღებ ძეგლებს, შენობებს და ნახატებს შენობებზე, იღებ სელფებს და ინსტაგრამს ბომბავ. დამტვრეული ინგლისურით ესაუბრები ოფიციანტებს და სინჯავ ასნაირ სარდელს, იჭყიპები ლუდით. მოსაწევს ყიდულობ შემხვედრი ბარიგებისგან. გაოცებს, რომ ქუჩებში მარიხუანას სუნი დგას და შენც ეწევი, მაგრამ ხვდები, რომ ტრუხა პლანი შემოგაჩეჩეს. მერე გასწავლიან, რომ ხარისხიანი გორლიცერის პარკთან უნდა იყიდო. იქ პოულობ მაროკოელ ჯიგრებს, საუკეთესოს გაძლევენ, იქვე პარკში ეწევი და გიჟივით მოწეულს თავი ცოტა ხანი მზესუმზირა გგონია. სინჯავ მუსტაფას შაურმას. გახარებს Primark-ის სიიაფე და ყიდულობ ტანსაცმელს ზაფხულისთვის, ზამთრისთვის, სამსახურისთვის, ქორწილებისთვის, პანაშვიდებისთვის, სავარჯიშოდ, საქმიანი შეხვედრებისთვის, ცოლისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ არ გყავს და ყიდულობ შავებსაც, კლუბებში რომ შეგიშვან. ღამე ბერგჰაინის 1500 კაციან რიგში დგახარ დარწმუნებული, რომ შიგნით მოხვდები, მაგრამ კართან ფეისკონტროლი მაინც გიწუნებს. სხვა რიგში ჩადგომა გეზარება და ურიგო სტრიპტიზ-ბარს პოულობ, რომელიც სინამდვილეში BDSM კლუბი აღმოჩნდება და დაკუნუთლი  ნიღბიანი კაცები სხვა ნიღბიან კაცებს გატყნავენ თავზე. მაინც ახერხებ, იპოვო საშენო გოგო, რომელიც თოკებით გაბაწრული ჰკიდია ჭერზე და სასმელზე პატიჟებ, ის კი კეტამინს გთავაზობს და იყნოსავ და მსუბუქდები და სამყაროს ცენტრი გეკარგება, მაგრამ ასწორებს. გოგო შენთან სასტუმროში მიგყავს და თანახმაა, რომ მოგცეს, მაგრამ სანაცვლოდ გთხოვს, რომ შენც მისცე და ჩანთიდან უზარმაზარ სტრეპონს აძრობს. შენ გეშინია, მაგრამ თან იცი - ამას სამსახურში ვერავინ გაიგებს.

15:58:06

  ჯდომისგან უკვე ტრაკი გტკივა, მაგრამ ახლა ადგომა არ შეიძლება - პრეზენტაციის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია! ბოლო სლაიდები შთამბეჭდავად უნდა მიამთავრო. წარმოუდგენელ სიჩქარეს ანვითარებ, პრეზენტაციების აწყობა რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, დოპინგ-ტესტზე შეგამოწმებდნენ. ახლოს ხარ კულმინაციასთან, პარალელურად კი მენეჯერი ცოფებს ყრის, მერე კრეფს და თავიდან ყრის - ჩაშლილი ბიუჯეტი მზად ეგულებოდა და ახლა ირკვევა, რომ ბუღალტერიაში თურმე ხვალ ჰგონიათ დედლაინი. ციფრების გარეშე ყველაფერს აზრი დაეკარგება. რა გაეწყობა - უნდა დაელოდოთ. მენეჯერი ლოცვას აძლიერებს, შენ კიდევ ერთი ღერის მოსაწევად გადიხარ გარეთ. საფერფლის გარშემო შეკრებილი თანამშრომლები იმ სერიალზე ლაპარაკობენ, რომლის ბოლო სეზონიც გამოდის მალე, შენ კი არცერთი ეპიზოდი არ გინახავს. მხოლოდ ის იცი, რომ სადღაც გამოგონილ კონტინენტზე ვითარდება სიუჟეტი, მთავარი გმირები სულ მოულოდნელად კვდებიან, ყველა ყველას ტყნავს, ზამთრის ეშინიათ, მგონი დრაკონებსაც ტყნავენ და ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა საერთოდ არაფერი იცის, მერე მასაც კლავენ, მაგრამ ცოცხლდება. ოთახში გადაწყვეტილებით ბრუნდები - სანამ ბიუჯეტს ელოდებით, Game of Throne-ის შვიდივე სეზონს უყურებ!

15:59:05

  მენეჯერის სახე შუქნიშანს ემსგავსება და მონაცვლეობით ანათებს, ხან წითლად, ხან ყვითლად, ხან შავად, ოღონდ ეს იმდენად სწრაფად ხდება, ეჭვი გაქვს, რომ შეიძლება გადაიწვას. საბედნიეროდ ჩაშლილი ბიუჯეტი მოდის - პირადად გულამოვარდნილ მთავარ ბუღალტერს შემოაქვს ფლეშკაზე ჩაწერილი. ალუბალივით ათავსებ ბოლოსწინა სლაიდზე (სულ ბოლოზე მადლობა უნდა ეწეროს დიდი ასოებით) და მენეჯერს ფერი უბრუნდება. ახლა ერთხელაც უნდა გადაუაროთ თავიდან. შესაშურად გამართული პრეზენტაციაა, მხოლოდ მინიმალური შესწორებები შეგაქვთ და ერთ სლაიდზე დავობთ, მაგრამ არწმუნებ, რომ ასე სჯობს, სამაგიეროდ, მისი გემოვნებით არჩევ ფონტს ბოლო მადლობისთვის.

16:00:00

  - გაგზავნილია! - თვალები უბრწყინავს მენეჯერს და უნდა, რომ ჩაგეხუტოს, მაგრამ ამ დროს ტელეფონი გირეკავს, უცხო ნომერია. პასუხობ და მამაკაცის ხმა გეუბნება:

  - ისა, უკაცრავად, მოვედი მე, თქვენი მეუღლის ტელეფონი მოვიტანე.

  ჯერ კიდევ თბილი ყავის ბოლო ყლუპს სვამ, მენეჯერს ღიმილით უჭახუნებ ჭიქას შუბლზე და ლეპტოპს ხურავ.

  ამჯერადაც გადარჩი, მაგრამ ერთხელაც ვერ გადარჩები - გადააბიჯებ დედლაინს და დამშვიდდები, მიხვდები, რომ არც ისეთი საგანგაშო ყოფილა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE