დონბასის გარგარი


დონბასის გარგარი




უკრაინელი პოეტი, კინოსცენარისტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა 1985 წელს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ პერვომაისკში. აჟამად ცხოვრობს კიევში.

ავტორია პოეტური კრებულების „როგორც მოდა“ (2009) და „დონბასის გარგარები“ (2015). პირველი დაჯილდოვდა სამი სხვადასხვა ეროვნული პრემიით, ხოლო მეორე - ნიუ-იორკის International Poetic Award of the Kovalev Foundation-ის მიერ და მოხვდა „Forbes“-ის რეიტინგში „10 საუკეთესო უკრაინული წიგნი ომზე“.

თანასცენარისტია ფილმების „სახლი ‘სიტყვა’“ (უკრაინა) და „Some Men Must Die“ (შვეიცარია-უკრაინა). მისი პიესა, „კედელი“ იდგმება ივან ფრანკოს სახელობის ეროვნულ აკადემიურ თეატრში.

მისი ლექსები ნათარგმნია 18 ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, შვედურად, რუსულად და ივრითზე.

 

დონბასის გარგარი

 

(პოემის ფრაგმენტები)

 

                    იქ, სადაც გარგარი აღარ იზრდება, იწყება რუსეთი

 

სახის ნახშირი

 

ზღვის ლურჯი თვალით

და სელის თმით

გახუნებულით

დგას მაღაროში

მუხლებამდე სწვდება წყალი და

დროშა კი არა

მამაა ჩემი.

 

პირისახე მიუგავს ნახშირს

მინდვრის შვიტას 

წარღვნამდელი ანაბეჭდით

გაქელილით საუკუნეთა განმავლობაში

ზღვას ამყარებს მარილი

ხოლო ბალახს - ნახშირი

მამა კი ვაციწვერასავით

ჭაღარავდება

მამაკაცია

მამაკაცები კი არ ტირიან -

რეკლამაში ასე ამბობენ

თუმცა მაღარომ მის ლოყებზე

გააჩინა ბევრი თხრილი

და ნახშირი მოპოვებული

მისი სახიდან

დაიწვა დონბასის ღუმელებში

და კოცონებში

 

სადღაც მაღლა

მიწაყრილია

აბზეკილა მიწაყრილი

როგორც სფინქსი როგორც დრაკონი

რომ დაიცვას საკუთარი ტუტანჰამონი

 

და მხოლოდ მე ვარ რომელმაც ვიცი

რომ მიწაყრილი შუაგულ სტეპში

საცობებია იმ ბოთლების

მამა რომ სვამდა

და ფერფლია

მოწეული სიგარეტების

 

 

მკერდის მიწაყრილები

 

წვრილი ჯაგნარი -

ეს ფანქრებია სხვადასხვა ფერის

ჩარჭობილი გზის გაყოლებაზე

ზოგჯერ კრაზი ჩაივლის ხოლმე

სტეპს გადაკვეთს და დაზოლილი ტყისაკენ მიდის...

დონბასი! დონბასი!

უშიშინებს მზეს მილი ყურში

 

შენ კი გაცვია

სპეცტანსაცმელი

და ნახშირის გაყიდვების აგენტივით

დგახარ და აფრქვევ

სურნელს სხვადასხვა რეაგენტების:

 

მე ქალი ვარ

წყალი ჩემი სტიქია არის

ეს არაა მხოლოდ ჩაის მოდუღება

ან ჭურჭლის რეცხვა!

მართალია მაღაროში არ მიჰყავთ ქალი

მაგრამ მიჰყავთ ფაბრიკაში

რომელიც ნახშირს ამუშავებს

მე ვრეცხავ ნახშირს

ისე თითქოს ვიბანდე ნაწნავს

ვაქუცმაცებ ნახშირს თითქოს 

კარტოფილს ვჭრიდე

ან ხორცს ვატარებ

ხორცსაკეპში ფაბრიკის და

ზეთით ვანელებ

ანუ ზემოდან ვასხამ ამ ბორშს

ჩემს რეაგენტებს

 

მისმინე, ეს კომპლიმენტები

დონბასელი გოგონების სილამაზეზე

სულაც არაა აზრსმოკლებული

თუკი ნახავ ამ ფაბრიკა-ქარხნებს

თუ ჩაეშვები მაღაროებში

თუ იბანავებ შხამიან წყლებში

სალექარების

სადაც ამ ჩემი ბორშის სითხეს

ასხამენ ხოლმე

თუ აძვრები მიწაყრილზე

და მის ქვეშეთში გადაეშვები

უფრო სწორად - მის სწორ ნაწლავში

ხოლო მანამდე

დაინახავ გარგარებს - ნაზებს და მოთეთროებს

შემოდგომით კი

ცას გაკიდული ვაგონეტების სიმაღლიდან -

ყვითელთმიანებს
 

გარგარები ჩაჩქანებში

 

დაჭკნენ დონბასის გარგარები

ცის ელფერი უთვალავი მოედოთ კანზე

გარგარებმა ჩაჩქანები ჩამოიფხატეს

და გაზაფხული წავიდა უკვე

 

ოცნი იყვნენ

სუყველანი გულადები და

ოცდაათ წლამდე ასაკის ყველა

მიწასთან რომ გასწორდნენ გახდნენ

კვლავ ოცი თუმცა

ამ ტოლობის გამსწორებელი არავინ დარჩა

 

ფოლადის ტროსზე

როგორც ძაფზე ისე ეკიდნენ

ლიფტში იდგნენ

როგორც ნოეს კიდობანში

თან წარღვნის შემდეგ

 

ტონა ბეტონი

დაეცა ლიფტს და

გადაცვივდნენ

და გაბრტყელდნენ

დაბლა ვარდნისას

უცებ გახდნენ თავისუფლები

ვით გარგარის ხეები

ფესვებმოგლეჯილები

 

ოცნი იყვნენ და

კვლავ ოცნი გახდნენ

დაეტოლნენ ერთიმეორეს

სწორდებოდა

როცა მათი 

საფლავის რიგი

მხოლოდ მამამ ვერ მოასწრო

გატოლებოდა

ნახშირთან წახრილი გაშეშდა იგი

ხოლო ისინი ადიოდნენ მაღლა და მაღლა

რეზინის ჩექმებით

გამოცლილი მათარებით

მათარებივით სხეულებით

ადიოდნენ იქ -

ანგელოზებთან...

ბებიები კი შვილიშვილებს

ახლა ზღაპრებს უყვებან

გარგარებზე ჩაჩქანიანზე

 

 

ჩემი ბებოს ზღაპარი

 

როცა ცრემლი

ქვის მარილად იქცევა ხოლმე

როცა მუცლის ზღვა

მაღარო ხდება

მამონტები იხოცებიან

და გულღია სულიერები იბადებიან

ისინი ცვლიან გაბედულებას ბოთლ არაყზე და

ეწყობიან სამუშაოზე

 

მოიცადე!

შენ მაღარო გადაგყლაპავს

შავგვრემანო 

ქვის ლამაზმანო

მოიცადე!

ის გაგიჩენს იცოდე მკვდარ ზღვას

და სამოცი სანტიმეტრი არ ექნება მას წელის ზომა

ძუძუები კი წელამდე დაეკიდება

არ შეხვიდე მასში რადგან

შეიძლება ვეღარ დაბრუნდე

როგორც ბავშვი დედაში რომელსაც

აღარა სურს მშობიარობა

 

კაცი მასში ჩაყვინთა და

ცრემლით ხელში დაბრუნდა უკან

კაცმა მასში მეორეჯერაც ჩაყვინთა და

ცრემლით ხელში დაბრუნდა უკან

კაცმა მასში მესამეჯერაც ჩაყვინთა და

ნახშირით სავსე ხელებმა იგი

ჩაითრიეს მიწისქვეშა ზღვის

ღრმაზე ღრმა ფსკერზე

 

გარგარის ხეებმა კი ხელები

ცისკენ გაშალეს

გარგარებმა დაიხურეს

ჩაჩქანები ნარინჯისფერი

და ახლა როცა მიირთმევ გარგარს

ნახშირის ნატეხს პოულობ შიგნით -

დასასრულს ზღაპრის

 

 

ანგელოზების წიგნი

 

შენი კბილები - ჭიანი და ჩაშავებული

ისე როგორც ეს მიწაყრილები

შენი თვალები - ნაცრისფერი და წვის შეგრძნებით

ისე როგორც ფესვებივით ამოთხრილი

ალჩევსკის კვამლი

რომ იზრდება ზემოთკენ როგორც

ტირიფის ხე და

ეგუება ყველაფერს ირგვლივ

- მე ჯანმრთელობა არ მივარგა

მაგრამ არაა საჭირო რომ თანაგრძნობას გამოხატავდეთ

მე უბრალო ბალახ-ბულახის

მოპოვებით კი არა ვარ დაკავებული

არამედ ვეძებ

მიწაში და ცაში

ქვაბალახს:

ოდესღაც აქ ზღვა იყო და

იზრდებოდნენ ბალახები ვეებერთელა

ანგელოზები ისხდნენ მათზე და ქანაობდნენ

ბალახები კი უსმენდნენ იმათ მუსაიფს

იმახსოვრებდნენ სიტყვებს და მერე

იპრესებოდნენ ტორფად რომელიც

თავის თავიდან წურავდა ტენს და

სუყველაფრის არსი ხდებოდა

მწვანე ტოტებით იფარებოდა

ხოლო მორები

ეს სიტყვები ანგელოზური

ქარს ვერ მოჰქონდა

და ამიტომ მსუბუქდებოდა

და ნახშირის სახეს იღებდა

ამიტომაა რომ დღეს მაღარო თითოეული  - 

არის წიგნი

ანგელოზების სიტყვებით და

მისი ფურცლები

ქურებში იწვის

და არის სანთლები ვეებერთელა -

გაფანტული სადღაც სტეპებში

 

ამიტომაა რომ დონბასის ქარხნებს ასდის 

ფერადი კვამლი 

და საჯარო სივრცეების

აკრძალვები მოწევაზე

აქ არ ვრცელდება

ქარხნის შიდა მოედნები ხომ სახლებია მაღაროელთა

სახლში კი როგორც მოგეხსენებათ

თუ მოუნდა გაბოლება

გააბოლებს ულვაშა კატაც

 

ვაგონი კი მოჰქრის: ტრა-ტა,

ტრა-ტა-ტა,  ტრა-ტააა...

 

 

--------------------------

 

სიბერისაგან

 

მოკვდნენ ბებია და ბაბუა

ერთ დღეს მოკვდნენ

ერთ საათში

ლამის ერთ წუთში -

ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან

 

ჩაბარდნენ პატრონს მათი ქათამი

თხა და ძაღლი

(კატა სახლში არც კი ყოფილა)

ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან 

 

ჩამოიშალა მათი სახლი

ნანგრევებად იქცა ფარდული 

სარდაფს მიწა ზედ ეყრებოდა

ხოლო ხალხი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი 

ჩამოიქცა სიბერისაგან

 

მოვიდნენ ბებიას და ბაბუას დასამარხად მათიანები

ორსული ოლია

მთვრალი სერგეი

სამი წლის სონია

და ისინიც დაიხოცნენ

ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან

 

ყვითელი ფოთლები ცივმა ქარმა ააფრიალა

და მათ ქვეშ დაფლა ბებია, ბაბუა, ოლია, სერგეი და სონია,

რომლებიც მოკვდნენ სიბერისაგან 

 

 

სარიტუალო მომსახურება

 

ბუჩქს წააგავს ეს ტერორისტი

ქარში თრთის და უკანასკნელი ფოთოლი სწყდება

ნესტოებიდან ორთქლს უშვებს - სუნთქავს

სურდა ბუჩქი ყოფილიყო და

ეს ვერ გათვალა

 

თოვლს ცდილობს ჰგავდეს ეს ტერორისტი

ფუმფულა და თეთრია, მაგრამ

თბილი აქვს კანი. ვერ გათვალა ეს მომენტი და

ვერ მოაჩვენებს ხალხსაც თავს თოვლად

 

ლამაზ გოგოს ჰგავს ეს ტერორისტი

მიღიმის და იმედი აქვს, რომ დავკოცნი და

შესაძლოა მის ტერორიზმს 

უფრო ღრმადაც კი  გამოვიკვლევ,

მაგრამ მე მიყვარს ბიჭები და

ესეც ისაა, რაც ვერ გათვალა.

 

ეს ტერორისტი იმ კატაფალკით მიდის, რომელსაც

“სარიტუალო მომსახურება” აწერია და

მართლაც, მისი მომსახურება არის ასეთი

და თავადაც არ უხარია

და წევს კუბოში

ისე ფერმკრთალი როგორც მკვდარი

და გაცივდა როგორც თოვლი

და არ სუნთქავს როგორც ბუჩქი

საკუთარ გულსაც კი ასწავლა გაჩერება ბლოკპოსტებზე,

საკუთარ გულსაც კი ასწავლა გაჩერება

და გაუჩერდა კიდეც სრულიად მოულოდნელად

 

ეს ტერორისტი არის სრულიად იდეალური

თუ ვირწმუნებთ რომ ადამიანი კი არ არის

არამედ მხოლოდ ტერორისტია

 

 

გაუპარსავი ფეხი

 

გავიპარსე ერთი ფეხი, მეორე კი გადამავიწყდა

გამოვიპრანჭე მექანიკურად

თეთრი კოფთა

მოკლე კაბა

შავი საყურე

წითელი ტუჩი

და წავედი სამუშაო შეხვედრაზე

დავჯექი და გადავიდე ფეხი ფეხზე -

გაპარსული გაუპარსავზე

 

- უი! შენ ხომ ფემინისტი ხარ! - მეუბნებიან, -

და განზრახ არ გაიპარსე, ვხვდებით, ფეხები

კოლეგებო, გთხოვთ რომ იყოთ ობიექტურნი

აგერ მარჯვენა - გაპარსულია, მარცხენა კი - არა, ასე რომ

ვერ იტყვით რომ

ორივე ფეხი გასაპარსია

მარცხენას ბეწვი მოსდებია

მარჯვენა კი პრიალაა და სალუქია

ერთი მართლაც ფემინისტური, ბანჯგვლიანია

ხოლო მეორე - პატრიარქალური - აბრეშუმივით

 

- მათი ასე შეთავსება სად გაგონილა? - აღშფოთებას გამოხატავს ქალების გუნდი

- გარეთ ასე სიარული სად გაგონილა? - არ აკლებენ აღშფოთებას სხვა ქალბატონებიც

 

სახლში ვბრუნდები და ვუყვები ჩემს მამაკაცს ამის შესახებ

თან ერთი ფეხი მეორეზე მაქვს გადადებული

ფემინისტური პატრიარქალურზე

მერე პირიქით

პატრიარქალური ფემინისტურზე

ჩემი კაცი კი მიცუცქდება დაბლა, ფეხებთან

კოცნის მათ და თან ჩამჩურჩულებს:

 

„ჩემო კარგო, მე მიყვარხარ

ამ ცხოვრების ხარ შენ არსი

შიშველიც და ტანჩაცმულიც

გაპარსულიც, გასაპარსიც“

 

 

როგორ ავაწყოთ ქალი

 

სამეცადინოდ

ჯერ მიყიდეს პაწაწინა პირამიდა და

კონუსს ვაცვამდი სხვადასხვა რგოლებს

წითელი, ყვითელი, მწვანე, წითელი...

შემდეგ კონსტრუქტორს ვაწყობდი ხოლმე -

სახლებს, მანქანებს და ერთ ტანკს კიდევ

ამის მერე კი რადიომიმღები დავუშალე ბაბუას და

ავაწყვე ისევ:

არაფერი დამიკარგავს

არც გამიტეხავს

და რათა სივრცე შემეგრძნო კარგად

მთელ ქალაქს ფეხით შემოვუარე

ხოლო მერე წრე დავარტყი ველოსიპედით

წითელი, ყვითელი, მწვანე, წითელი...

 

შემდეგ ვსწავლობდი ანატომიას:

ძვლები, სახსრები,

კუნთები, გრძნობათა ორგანოები

და ორგანო ემოციების -

ტვინს ვგულისხმობ, ის არ გეგონოთ რაც გაიფიქრეთ

 

ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ

გამართულად

ლამაზად, ზუსტად

დავწოლოდი

ქალს ისე რომ

არასოდეს არ გამეტეხა

 

ი. ბ.-სთვის

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE