1.
ზღვისპირა ქალაქში, სადაც დავიბადე, მეტსახელად კარაბოკს მეძახდნენ. პატარაობაში, ქარბუქის ამოვარდნისას, ამ სიტყვას დამახინჯებით გავყვიროდი მთელი ხმით. გამვლელები მასხრად მიგდებდნენ და ჩემივე ტონით მაჯავრებდნენ - გამარჯობა, კარაბოკ, ქარიშხლების მახარობელო! მე მათ დაცინვას აინუნშიც არ ვაგდებდი და სანაპიროს ვრცელ ფერდობზე შეფენილ ქალაქს გავყურებდი. აქედან მშვენიერი ხედი იშლებოდა. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენას ინდუსტრიული გაგრძელება რომ არ მოჰყოლოდა, უთუოდ საკურორტო ზონად გამოაცხადებდნენ. საგაზეთო ჯიხურთან მუდამ ომნიბუსი იდგა და ეჟვნების მოსაწყენი ჟღარუნი გაისმოდა. შორს ქარხნის გამჭვარტლული მილები მოჩანდა, რომლის თავზე კვამლის ფენები სახელდახელოდ განლაგებულ ღრუბლებს ერეოდა და რძისფერი ცა მღვრიედ შეფერილიყო. მოახალშენეები იქ იყვნენ დასაქმებულნი და ყველაზე ფართო და გაშლილი გზებიც იქითკენ მიემართებოდა, მოსახვევებში განლაგებული მრუდე სარკეები გზის ზედაპირს რომ ირეკლავდა და მყიფე ასფალტის ბრჭყვიალი თვალში საცემი ხდებოდა.
მიყვარდა ეს ქალაქი და სხვაგან ცხოვრებას ვერც წარმოვიდგენდი. ზღვის გამოქვაბულებში ნიჟარებს ვპოულობდი, მერე გორაზე ავდიოდი და ზეცის თვალთვალით ვტკბებოდი. ეს დამოკიდებულება დიდობაშიც გამყვა. ერთი ხანობა ქვანახშირის საბადოზე ვმუშაობდი, მაგრამ გული ვერაფრით დავუდე. შვებულება როცა მოაწევდა, სხვები თუ აგარაკებზე გარბოდნენ კისრისტეხით, მე ქალაქში დარჩენას ვამჯობინებდი. თავი მარტვილად წარმომედგინა, რომელსაც უმიზეზოდ სჯიან, მაგრამ საყვედურიც არ დასცდება. უმუშევრად დარჩენილი ძველ ბიჭებს დავუახლოვდი, იმათ მარაქაში გავერიე. საქმის დაჭერა მათთან მერჩივნა, რადგან ცხოვრების დანიშნულებაზე ძველებური წარმოდგენა შემერყა და ამის შესახებ ჯობდა მათ დავლაპარაკებოდი, ვინც მისი ყველა წვრილმანი იცოდა. ქალაქის იატაკქვეშეთს ბილწი აბდია განაგებდა, მსოფლიო ბოროტების გაძლიერებაში თავისი მოკრძალებული წვლილი რომ შეჰქონდა. ნაიარევი სახით იმ ქვეყნიდან მოსულს ჰგავდა, სადაც ჭრილობებს მარილით იშუშებენ. მაგრამ ერთხელაც გარეუბნის ჩიხში იპოვეს ჩაცხრილური. ზედ მთელი მჭიდი დაეცალათ. ჭირისუფლებმა სხეული ძლივს შეაკოწიწეს და ყველაფერზე იზრუნეს, რათა ჯეროვანი პატივით დაეკრძალათ. იგი თავისივე ოფისის დარბაზიდან გაასვენეს. კუბო დარბაზის შუაგულში იდგა, გარშემო კი შავად შეღებილი სკამები შემოეჯარათ, მაღალი საზურგეებით სამგლოვიარო განწყობას კიდევ უფრო რომ ეხამებოდა. მორთმეულ ყვავილებს, კედელთან რომ აეზვინათ, თვლა აღარ ჰქონდა. ოლეანდრების გვირგვინი პრეფექტურიდანაც კი გამოგზავნეს, ოღონდაც მისი თანამშრომლები არ გამოჩენილან. ოფისის დარბაზში ავეჯეულობა ძუნწად და მკვეთრად გამოხატული დანიშნულების მიხედვით ელაგა. ნეონით განათებულ მაგიდებს ზედაპირი შავად უბრჭყვიალებდათ. ეტყობა ბილწ აბდიას მოსწონდა თანამედროვე, უშველებელი ოფისები, რომლის სარკმლიდანაც მზით გამთბარი მიწა მოჩანდა.მოკლედ ყველაფერი საქმიანად იყო გადაწყვეტილი. ჭირისუფლებს კოპწია პიჯაკები ემოსათ. გვერდს კი მეძავებივით გამოწყობილი ლამაზმანები უმშვენებდნენ, აურაცხელი კაპრიზებით გამბეზრებელნი. შუადღემ რომ მოატანა, მიცვალებული მოთქმით და ვაი-ვიშით წააჩაქჩაქეს სასაფლაოსკენ. ლეგენდარული კაცი, ოდესღაც მთელ დასახლებას შიშის ზარს რომ ცემდა, ფერწასული და უბადრუკი განისვენებდა ყველას თვალწინ. თავჩაქინდრული პროცესიის წევრები, მისი მრავალი საქმის შემსწრენი, მდუმარედ მიჰყვებოდნენ უკან. რუხ პალტოებში გამოწყობილთ დანა პირს არ უხსნიდათ, ხოლო გზაზე დაცვენილი ჭადრის ფოთლები გაუფერულებულ ვარსკვლავებს ჰგავდა.
ყველაზე მეტად ერთი ახალგაზრდა კაცი გოდებდა. ჯიბეში ტუჩის გარმონი ედო, თვალები კი ცრემლებისგან დაოსებოდა. ვინ არის მეთქი, ვიკითხე. სოლომონი ჰქვია, შორეულ ნათესავად ერგებოდა განსვენებულს, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარდაო. პოეტია და ძალიან სევდიან ლექსებს წერსო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მას ხომ გვერდით მუდამ ისეთი ხალხი ჰყავდა _ გაიძვერა და შერყეული. აბდიას დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგანაც ისეთ უმსგავსო საქმეებზე აწერდა ხელს, რომ მეტსახელად ბილწი შეარქვეს. მან უკანასკნელი დიდი ძარცვა მაშინ ჩაიდინა, პრეფექტურის თავმჯდომარის ქალიშვილს სიყვარულში რომ გამოუტყდა. ძვირფასო, მე ხომ ქუჩის ბიჭი ვარ, შენ თავს ნებით არავინ გამატანს, ამიტომაც შუაღამისას გაგიტაცებო, დაუყვავა. იმან კიდევ, საშინლად ღრმა ძილი ვიციო, გაუმხილა დადარდიანებულმა.
_ შენ ნუ ინაღვლებ! _ დაამშვიდა ბილწმა აბდიამ _ ოღონდაც ოთახების ზუსტი განლაგება დამიხაზე, ხოლო შესასვლელთან ფანჯრის ანჯამა არ ჩარაზო!
ისიც გულდასმით შეუდგა ხაზვას. ეს სასტუმროო, ეს დერეფანიო, ესეც მამაჩემის საძინებელი, ლოგინის გვერდით სეიფი რომ უდგასო. ჩემი ოთახი კი აქ არის, სიხარულით შესციცინა გულისწორს და ფანქრით ყველაზე დიდი კვადრატზე მიუთითა, მაგრამ ბილწი აბდია ისეთი ინტერესით აშკარად აღარ უგდებდა ყურს. იმ ღამეს სეიფი გაიტანა და ქალაქში კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ოფიციალურად არც პრეფექტურის თავმჯდომარეს გაუღია ხმა. თან ქალიშვილის რეპუტაციას უფრთხილდებოდა, თან თავისას, მექრთამის იარლიყი რომ არ მიჰკერებოდა. ეტყობა, სეიფში დიდ ფულს ინახავდა.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მითქმა-მოთქმა მიწყდა, ბილწი აბდია კაბრიოლეტით მოადგა კათედრალური ბარს და მისი მუდმივი სტუმარიც შეიქმნა. პრეფექტურის თავმჯდომარის ბრიყვი ქალიშვილი ისევ აეტორღიალა ძველ ყაჩაღს, რომელიც თავის მართლებას მოჰყვა, სიბნელეში ოთახები ამერია და შემთხვევით მამაშენის საძინებელში მოვხვდიო. მამაშენი ძილში შფოთავდა და გაღვიძების შემთხვევაში მთელ გეგმებს ჩაგვიშლიდა, რაღა დამრჩენოდა, შენს მაგივრად სეიფი წავაყოლეო. შუაღამისას ხმაური ამტყდარა, მაგრამ ბილწი აგნია ამ დროს სამშვიდობოს იყო გასული. მე და შენ ნაპირზე აღარ დაგვედგომებოდა, ძვირფასო! _ სევდიანი ტონით განაგრძო თავისი თავგადასავალი _ ამიტომაც კუნძულის ძებნა დავიწყე, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით და კიდევ ორიოდე პალმა. მივაგენი კიდეც, თუმცა ნავის ფსკერზე ნახვრეტი ყოფილა და ჩაძირვისას სეიფი და მშვენიერი ხალიჩაც ზღვის სიღრმეში ჩაიყოლაო. კუნძული ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ მე მაინც აქეთ გამოვცურე, სადაც შენ მეგულებოდი. მებადურებმა უგონო მდგომარეობაში მიპოვეს და დიდხანს მასულიერებდნენ, მთელი ეს დრო კი შენზე ვფიქრობდი _ მჭმუნვარედ გაასრულა თავისი თავგადასავალი.
_ უგონოდ მყოფიც? _ თანაგრძნობით ჰკითხა უზომოდ აღტაცებულმა პრეფექტის ქალიშვილმა, მომხიბვლელი ტყუილი რომ ურჩევნოდა ცივ და მკაცრ სინამდვილეს, ძირითადად პირქუშ ზამთარში რომ ავლენს თავის ერთადერთ და წარუშლელ სახეს.
_ ჰო, ჰო! _ აბეზრად მოიშორა ცნობისმოყვარე გოგო.
_ ის ხალიჩაც ჩვენგან წაიღე?
_ ის ხალიჩა, საყვარელო, მდიდარი მექარავნისგან შევიძინე, ცხოვრების მოლიპულ გზებზე ფიანდაზად რომ დამეგო შენთვის! _ ბრაზით მიუგო ცნობილმა ყაჩაღმა, რადგან საუბარი დაკითხვას დაემსგავსა.
ამის გაგონებაზე სატრფო მას გულითადად გადაეხვია და სანამ თვალებით შორეულ კუნძულს დაეძებდა ჰორიზონტზე, იქნება გამოჩნდეს და როგორმე განვსაზღვრო, ჩემი სიყვარულით რა მანძილი გადაფარაო, ბილწი აბდია ბუტბუტს განაგრძობდა:
_ დავბერდი და ძველებურად აღარც თვალი მიჭრის. ჩემს მეხსიერებასაც რაღაც სასტიკი სენი შეეყარა, რომელიც დავიწყებას იწვევს და სანამ ახალ-ახალ ფრაგმენტებს ანადგურებს, ძველის გახსენებას ვცდილობ. ვგრძნობ, სადღაც შუა გზაზე შევხვდებით და მერე აღარაფერი მემახსოვრება. მხოლოდ შენი სიახლოვე მომანიჭებს შვებას!
ბილწი აბდია დადუმდა. წარსულის გაუგებრობა სულ ორიოდე სიტყვით მოგვარდა, მაგრამ მსახვრალ ბედისწერას ვერსად გაექცა. ალბათ მასზე შური პრეფექტმა იძია. ამის შემდეგ ჩემს თავს ქუჩის წინამძღოლთა ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განვიხილავდი. ყოველ შემთხვევაში მათ წრეში მინდოდა ტრიალი, რათა სხვებს ჩემი რიდი ჰქონოდათ. აგდებული ლაპარაკიც მჩვეოდა და ვიღაც-ვიღაცეების გაწირვაც შემეძლო. თანაც ასეთი საქციელი ჩემში სინდისის ქენჯნას სულაც არ გამოიწვევდა. ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს დავძლევდი და გეზს ვერავინ შემაცვლევინებდა. ყველაზე დაუმორჩილებელი კაციც კი ემორჩილება კანონს, რომელიც მისაღებად მიაჩნია. მთავარი იყო იმ რაიონშიც გამეკეთებინა განაცხადი, სადაც ბილწი აბდია იშვა. იქ ერთი-ორი თანამოაზრე მეგულებოდა და ორიოდე სიტყვა დავუტოვე, მართალია დანაკარგი აუნაზღაურებელია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანს მეთქი. მჯეროდა, ნათქვამს დანარჩენებს სწორად მიაწვდიდნენ. ტახტზე პრეტენზია სხვებსაც ხომ ექნებოდათ.
2.
მე იატაკქვეშეთის მეფის სახელის გარეშეც იოლას გავიდოდი. იგი სინამდვილეში სხვა რამისთვის მჭირდებოდა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ულამაზეს ანაზე შემივარდა გული, ანა-პრინცესას რომ ეძახდნენ. ეს ნატიფი და მშვენიერი გოგონა ბობოლა ჩინოვნიკის შვილიშვილი გახლდათ. მამამისი სახელოვანი ოფიცერი იყო, რომელიც საზღვაო ბრძოლებში დაიღუპა. მამინაცვალი კი კათედრალურ ბარს ფლობდა სანაპიროზე, ცემენტის ჯებირები, ზედ განლაგებული ტიხრებით და ძგიდეებით, ზღვაში რომ ჰქონდა გადაშვერილი და ლუდთან ერთად შეგეძლო იატაკის ღრიჭოებში ტალღების ლიცლიცისთვის მიგედევნებინა თვალი. მეორე მხარეს ნაშალი ფერდობი მოჩანდა, რომლის კიდეზე ვეება მომწვანო ქვა ეგდო და ეს კუშტი და ძუნწი დეკორაცია იქაურობას მიუწვდომელ სახეს ძენდა.
ნეტავ რატომ უწოდეს იმ ბარს კათედრალური? ალბათ მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მართლაც, ყველაზე მეტი მიმსვლელი იქ იყრიდა თავს. ანა-პრინცესაც ხშირად სტუმრობდა იქაურობას. კათედრასავით ამაღლებულ ადგილას მდგარი მაგიდა, გამორჩეული სტუმრისთვის იყო განკუთვნილი. იქ თითქმის არავინ მჯდარა. ყოველ შემთხვევაში, მე არავინ მინახავს. იგი იმხელა ადგილს იკავებდა, ერთი ორკესტრი თავისუფლად ჩაეტეოდა, მაგრამ ინტერიერს მაინც არ ცვლიდნენ. დანარჩენ სტუმრებს თვალყურის მიდევნებაღა დარჩენოდათ, რადგან ეს მაგიდა იერარქიის უმაღლეს საფეხურს წააგავდა.
ანა-პრინცესა კიბეზე როცა ჩამოდიოდა, ჰოლში აუცილებლად უნდა გაევლო, რადგან ბარს სხვა გამოსასვლელი არც ჰქონდა. ამ დროს მისი თვალთვალით ვტკბებოდი. ერთხელაც იქ მისვლა ვერ მოვასწარი, თითქოს მნიშვნელოვანი რამ გამომეტოვებინოს, თუმცა, კარგი შემთხვევა კი მომეცა ანა-პრინცესას ჩემ გრძნობებში გამოვტყდომოდი. მაგიდის გვერდით, სადაც ანა-პრინცესა იკავებდა ადგილს, პრიალა კედელზე ნახატი ეკიდა. ზედ მწვანე ტბორი იყო გამოსახული შავი და წვრილი მრუდეებით, თითქოს ჭავლები ლიცლიცებენო. მბჟუტავი ბრები, მზის ბატარეებივით სისუსტის გამომხატველნი, თავის განუზომელ უმწეობაზე მიუთითებდნენ და მყუდრო სიბნელესაც ძლივს უმკლავდებოდნენ.
ანა-პრინცესა თუ კარგ ხასიათზე იყო, მისთვის იშვიათი შეზღუდვები არც კი არსებობდა. დიდად არ ცნობდა ნორმებს, საზოგადოებაში რომ იყო მიღებული. მის ყველა თაყვანისმცემელს დიდი ჯაფა ადგა. რამე მკაცრად რომ ეთქვათ, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდნენ. იგი შეპასუხებას ვერ აიტანდა. ზოგადად ცივი დახვედრა მისი სტილი იყო, ნირწამხდარი რომ დაეტოვებინე. იმ დღესაც მრავლისმეტყველი და გულისხმიერი მზერით მომაჩერდა, მაგრამ გონებით სადღაც წარმტაც მინდვრებში დაჰქროდა, ქარების სათარეშოდ ქცეულ ველებზე, ზედ ჩალის ზვინები რომ გაემწკრივებინათ. მამამისიც ხელის გულზე ატარებდა, მაგრამ არც მამინაცვალს დაუკლია რამე. წინაპართა ეშხმა და სილამაზემ, რაც მას გენებით გადმოჰყვა, თავისი ჭეშმარიტი გამოხატულება მაინც ანა-პრინცესას გარეგნობაში ჰპოვა. მამინაცვალს მისი ბარში ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასე კლიენტი მატულობდა. უკადრებელს არავინ ჰკადრებდა და ყოველგვარი უხერხულობა გამორიცხული იყო. მის ყურებას მართლაც არაფერი ჯობდა. გამაოგნებლად წარმტაცი თვალები ჰქონდა, რომელსაც ისე შემოგანათებდა, თითქოს საგმირო საქმეებისკენ მიგიხმობსო. იგი ბევრს მოსწონდა და შეიძლება ითქვას, რომ შორეული ქარხნისა და ახლო მდებარე დოკის თანამშრომლები საღამოს საათებსა და დასვენების დღეებს იმ ბარში მისი მიზეზით ატარებდნენ, ხოლო ზოგიერთნი ალბათ შვებულებასაც კი.
იმ დღეს ანა-პრინცესა გამომწვევად გამოიყურებოდა, მაისური მჭიდროდ ეკვროდა და მოაჯირთან მდებარე სავარძელში მოკალათებულიყო, საიდანაც ქუჩაც მოჩანდა და ზღვაც. ამ მხრივ ძალზე მოხერხებული ადგილი შეერჩია. მამაკაცების მოსაბეზრებელ თვალთვალს სახეს არიდებდა, რადგან ასეთი საქციელი იმთავითვე დიდ სისულელედ მიაჩნდა. ჭავლების ხმაური უჯობდა თაყვანისმცემელთა გაუთავებელ ლაყბობას და შანსონის მელოდიასაც კი, მჭახე ბგერებს რომ ფენდა ირგვლივ. მისი თვალები უცნაური სევდით იყო გამსჭვალული, რომელსაც არავის უზიარებდა. მე ვგრძნობდი, რომ უზომოდ მიყვარდა და თუ მის გულს ვერ მოვიგებდი, ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. სიცოცხლე, რაც არ უნდა ხანგრძლივი ყოფილიყო იგი, მხოლოდ გაჭიანურებულ ტანჯვად იქცეოდა. თუმცა, ეს მისთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ისედაც ყველაფერს ხვდებოდა. მე მას შევყურებდი, შორიახლოს კი მედუზების მლაშე და ბლანტი სამყარო ჭაობის მომწვანო წყალივით ესხმებოდა ნაპირს, გაყოლებაზე ზვირთცემისგან შელესილ გამოქვაბულებს რომ მალავდა. ეს გამოქვაბულები ნიჟარებით პირთამდე იყო სავსე განძის ვეება სკივრებივით. მისი ხილვა ანა-პრინცესას აღტაცებაში მოიყვანდა. ერთხელ ვაჩუქე კიდეც საუკეთესო ნიჟარების ასხმა.
_ რა მოსაწყენი ვინმე ხარ, კარაბოკ, ლამის არის მთქნარება ამიტყდეს! _ მისაყვედურა მან.
_ ვგიჟდები შენზე! _ ყეყეჩივით ვუღიმოდი მე.
_ ვიცი! _ მკაცრად მიპასუხა მან, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
_ მასწავლე, როგორ უნდა მოვიგო შენი გული!
_ მორჩი, კარაბოკ, მე სხვა გეგმები მაქვს, აქედან წასვლა მინდა უცხოეთში, უფრო მეტიც, გადახვეწა!
იმ დღეს დიდხანს და გულითადად ვისაუბრეთ.
2.
მოკლედ, მშვიდობით იყო ყველაფერი, სანამ სოლომონი გამოჩნდებოდა _ პოეტი კლარნეტით, ბილწი აბდიას შორეული ნათესავი, დაკრძალვის დღეს ყველაზე გულმხურვალედ ვინც გლოვობდა გარდაცვლილ კრიმინალს. ცოტა ხნით გვესტუმრა, მაგრამ საკმარისად დავიზაფრე. ეს ამბებიც მაშინ დაიწყო, ბარში რომ შემოვიდა პირველად და ჩემი გულისწორი ათასგვარი აბდაუბდით გააბრუა. მან პირდაპირ გამორჩეულ მაგიდას მიაშურა და ამით ყველას ყურადღება მიიპყრო. მიმტანმა წყნარად წაუკითხა შინაგანაწესი, რომ აქ მხოლოდ გამორჩეულ პიროვნებას შეეძლო დაბრძანება, ასეთი კი ჩვენ ქალაქში პრეფექტი თუ იქნებოდა, და კიდევ ერთი-ორი ვინმე, კარგა ხნის წინ რომ გადაიხვეწნენ უცხოეთში. ერთი მათგანი ხომ არ ხართო, ჰკითხა მორიდებით. სოლომონმა რაღაც უპასუხა, რის მერეც მიმტანი უხმოდ გასცილდა და ლანგრით შეზავებული ვისკი და სათითესავით მომცრო ჭიქა მიუტანა, ბროლის რომ იყო და აბაჟურის შუქზე ბზინავდა. საჭმელიც შესანიშნავი სერვიზით მიართვა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩურჩული მთელ დარბაზს მოედო.
ცოტა ხნის მერე სოლომონი წამოდგა და ესტრადის სცენას მიუახლოვდა, კლავიშებზე რაღაც მელოდია აკრიფა, ისე რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია, შემდეგ ისევ თავისი კლარნეტი ამოიღო და შთაბერა. პაპსას უკრავდა, მაგრამ სხვებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სწორადაც იქცეოდა. რა საჭირო იყო ძლიერი კომპოზიციების შეთავაზება, როცა უბრალო მიბაძვითაც მშვენივრად გადიოდა ფონს. რიტმს აყოლილი მანდილოსნები გატაცებით ცეკვავდნენ, როგორმე მისი ყურადღება რომ მიეპყროთ. მოაჯირთან მდებარე პალმაც ისე იყო გადმოზნექილი, თითქოს ისიც საცეკვაოდ ემზადებაო. ენერგიით აღსავსე სოლომონს მგლოვიარე ნათესავის აღარაფერი ეტყობოდა. იგი მთელი არსებით მხიარულობდა. დროდადრო ანა-პრინცესას ისეთი თვალებით გადმოხედავდა, თითქოს ქალი კი არა, ტორტის ნაჭერი ყოფილიყოს. მისი დაუცხრომელი სწრაფვა განცვიფრებას იწვევდა, სივრცე კი მშვენიერ მუსიკას გაევსო. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს წააწყდა, რის შემდეგაც ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა.
_ კარაბოკ, თქვენ ხართ! ხომ არ დამეწვეოდით თქვენ მშვენიერ მეწყვილესთან ერთად?
_ მე მეწყვილე არა ვარ! _ წყენით აიჩეჩა მხრები ანა-პრინცესამ.
_ მაშ, როგორ მოგმართოთ? _ გაეღიმა სოლომონს.
_ როგორც დამოუკიდებელ ლედის! _ მბრძანებლური ტონით უპასუხა ანა-პრინცესამ, რაზეც ორივეს გაგვეცინა.
ბილწი აბდიას დაკრძალვიდან მახსოვხარო, გამიმეორა მან და თავის მაგიდასთან ისევ დაჟინებით მიგვიპატიჟა. მე გულთბილი მოკითხვით შემოვიფარგლე, მაგრამ ანა-პრინცესას შევატყვე, გული მიუწევდა და ჩვენც იქით გადავინაცვლეთ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, ხვალინდელი ფერფლი დღევანდელი დღის მოსაგონრად. მე განცდებით ვიყავი დამძიმებული და ჩემ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ასანთის სველი ღერებივით ცეცხლის დანთების ამაო მცდელობას ჰგავდა.
_ ჩვენი ლამაზი სამშობლოსი ვთქვათ, თავის მშვენიერ პრინცესასთან ერთად!
თქვა მან და ჭიქა მოიყუდა. ანა-პრინცესამ ღიმილი შეაგება, ხოლო სოლომონმა საჭიროდ ჩათვალა, თავისი სადღეგრძელო განევრცო.
_ ჩვენ ყოველთვის გვყავდა კეთილმოსურნეები, რომლებიც გასაჭირის ჟამს ჩვენს მეფეებს ემუდარებოდნენ, სხვა გზას რომ დადგომოდნენ, მაგრამ ბრძოლების გარდა დაცვის ალტერნატიური მექანიზმები სამწუხაროდ არ არსებობდა. ისევ მოვლენ დიდი ქვეყნები და ჩვენს სახელმწიფოებრიობას თავის ნებაზე გადააკეთებენ. რაიმე ხელშესავლებ მიზეზს კი ყოველთვის მოძებნიან იმის ასახსნელად, რომ მხოლოდ სიკეთე ამოძრავებთ. დანარჩენი უბრალოდ გაშუქების საგანია. ისტორიული სურათები რომც გაუცოცხლო, მტერი მაინც იმართლებს თავს. დარღვეული საზღვრების თანაფარდობა ყოველთვის უფრო გამძლეთა მხარეს იქნება. ჩვენ მუდამ ვიტყვით, ისტორიის ბედი გვაღელვებსო, კეთილმოსურნენიც მუდამ გვირჩევენ, ნუ იქნებით ასეთი კატეგორიულნიო! _ ამ სიტყვებზე ხელი ჩაიქნია, ერთხანს ჭიქის შიგთავსს ჩაჰყურებდა და მერე ცოტაოდენი შესვა.
_ მშვენიერი დაკვრა გცოდნიათ! _ თემის გადატანა სცადა ანა-პრინცესამ _ რას საქმიანობთ?
_ ლექსებს ვწერ, მეტაფორები როგორღაც თავისით მოდის, ჩაწერას ვერც კი ვასწრებ!
_ ვგიჟდები ლიტერატურაზე! _ სიამოვნებით განაგრძობდა ანა-პრინცესა ჩემს განადგურებას.
_ ეჰ, სადღაა ლიტერატურა? _ შეიცხადა სოლომონმა, თავის თანამოსახელე ბიბლიური ბრძენივით რომ მოჰქონდა თავი _ მწერლობა უღრან ტყეში მიტოვებულ ქოხს დაემგვანა, სადაც აღარავინ ჩერდება ღამის გასათევად.
_ ნუთუ დღეს აღარ იწერება რაიმე მნიშვნელოვანი?
_ ნამდვილი ლიტერატურა ცხოვრების ასახვის ამაო მცდელობაა. მას აღარავინ წარმოაჩენს!
დარწმუნებული ვარ, სოლომონი თავს რითაც იწონებდა, უსარგებლო ცოდნა იყო, მხოლოდ კროსვორდების შესავსებად რომ ივარგებდა. ისე, მოწესრიგებული ტიპი კი ჩანდა, სიზუსტეს ზედმიწევნით რომ იცავს.
_ თოვს! _ თქვა სოლომონმა, რომელიც სარკმლისკენ იყურებოდა.
_ ფიფქები ნაძვის ზანზალაკებს ჰგავს, მაგრამ ეს უბრალოდ წვრილი წვიმაა! _ ვთქვი მე _ თუმცა ამინდი მართლაც თოვლისა გეგონება.
სოლომონმა ხელსაწმენდი აიღო და წვრილი კალმით ზედ წააწერა _ თოვლის ამინდი.
_ ლექსს წერთ? _ ჰკითხა ანა-პრინცესამ ოდნავ მკაცრი, მაგრამ საყვარელი ტონით _ არასოდეს მინახავს ლექსის წერის პროცესი!
ცოტა ხანში სოლომონმა ტექსტი თვითონვე წაიკითხა, არა მგონია, ჩემი კალიგრაფიის გარჩევა შეძლოთო;
მოთოვს, ისეთი ნისლია.
ბუხარს დავანთებთ უთუოდ.
ჩანს, შარშანდელი ზამთარი
არც წელს ჩაივლის უთოვლოდ...
_ სულ ესაა? _ ისეთი ხმით ვთქვი მე, სიხარულის ნიშნად ამოოხვრა რომ ჩვევიათ.
_ განა ეს საკმარისი არ არის განწყობისთვის! _ აღფრთოვანდა ანა-პრინცესა, თითქოს სოლომონის მიმართ პატივისცემის გამოხატვას მაიძულებდა, არადა, შავ დღეს დამაყრიდა. მის გულში სოლომონს განსაკუთრებული ადგილი დაეკავებინა. თუმცა, დანარჩენებთან შედარებით უპირატესობას მანიჭებდა, მაგრამ პრივილეგიებით რაც არ უნდა გავენებევრებინე, სოლომონის ტოლი და სწორი მაინც ვეღარ გავხდებოდი. მისი გულის მოგება ამაო შრომა იყო. ვნანობდი, მაგიდასთან გადაპატიჟებას რომ დავთანხმდი. ასეთ დაუდევრობას ჩემს თავს ვერ ვპატიობდი. შემეძლო ანა მომეტაცა, მაგრამ სინდისის ქენჯნა საშველს აღარ მომცემდა. მე და სოლომონის ხასიათს შორის საშინელი შეუსაბამობა იყო. თუმცა ჩვენივე განსხვავება გვაერთიანებდა. მიზანი ორივეს ერთი გაგვაჩნდა _ ანა-პრინცესა. აწი ღამეების თევა მოსაწყენად გაჭიანურდებოდა. ცხოვრება ფერფლის კოშკივით თვალდახელშუა მეშლებოდა, სანამ ნაცარტუტად არ იქცა. ჩემი სევდა განუზომელი იყო.
მეზობელი სუფრიდან ნაცნობმა მიხმო და დიდხანს მიყვებოდა რაღაც უმნიშვნელოს. ისედაც ასეთ დღეში ვიყავი, ის კი დროს მაკარგვინებდა. სუფრას რომ მივუბრუნდი, ჩემი მისვლა ვერც კი შენიშნეს. სოლომონი შთამბეჭდავად ლაპარაკობდა. ეტყობა, სხვა რომ დააჯერო, ჯერ შენ თვითონ უნდა გჯეროდეს. სათნო ლაპარაკი კი იცოდა ოხერმა, თითქოს ძირტკბილათი იკვებებაო. ჩემი დრო სავალალოდ იწურებოდა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. ისინი გაუმჭვირ ნისლში ისხდნენ და მხოლოდ ერთმანეთს ამჩნევდნენ. სოლომონი ზედიზედ ამჟღავნებდა საუკეთესო თვისებებს და ჩემთან შედარებით უამრავი უპირატესობით წარმოჩინდა. საკმარისი იყო, სურვილის ნატამალი აღძვროდა, მისი გონება მაშინვე უზარმაზარ მანქანასავით ერთვებოდა მის სრულყოფაში მოსაყვანად. თავს იმ საქმის მესვეურად მიიჩნევდა, ადამიანთა ურთიერთობა რომ ერქვა. მისი ყოველი წვრილმანი და ავან-ჩავანი იცოდა. გამჭრიახი ხედვა ჰქონდა, მაგრამ მთელ თავის ნიჭიერებას გაიძვერობას ახმარდა. ერთ მომენტში გაკვრით აღნიშნა, თავისუფალ დროს შექსპირის კითხვაში ვატარებო, რამაც ანა-პრინცესაზე გაუგონარი შთაბეჭდილება მოახდინა.
_ ძილის დროა, ანა-პრინცესა! _ განუცხადა მამინაცვალმა, რომელიც ზურგიდან მოგვდგომოდა.
_ ნება მომეცით, კიბემდე მიგაცილოთ! _ თქვა სოლომონმა და ფეხზე წამოდგა.
_ რამდენს ბედავს! _ ბრაზით აღმოვთქვი, როცა გაგვეცალნენ.
_ წამლების ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის? _ მკითხა მან.
_ არა, მუზები ეწვივნენ! _ ვუპასუხე მკვახედ.
_ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თითქმის ყველამ რომ იცის!
_ ბრძანე!
_ ეგ კაცი ბილწი აბდიას მემკვიდრედ სცნეს!
_ მაშ დიდი ფული დარჩენია!
_ ჰო, მაგრამ მარტო ეგ არ არის!
_ კიდევ რაო?
_ იატაკქვეშეთის მეფედაც აღიარეს!
_ ეგ ამბები როდისღა მოხდა?
_ ბილწ აბდიას ორმოცზე.
_ მე რატომ არ ვიცოდი?
_ არავის უნდოდა, ეს შენთვის პირველს ეთქვა!
_ სოლომონიც ბილწ აბდიას ბედს გაიზიარებს!
_ არა მგონია, პრეფექტთან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა. რამდენიმე ძვირფასი ნივთიც დაუბრუნა. ჩვენო, უთქვამს პრეფექტისთვის, ერთი მონეტის ორი მხარე ვართო. დღესასწაულზეც ერთად აპირებენ სიტყვით გამოსვლას, მოსახლეობას ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა ახარონ! _ თქვა და წავიდა.
_ მაშ, პოეტი ხარ!
მივმართე გამომწვევი ტონით სუფრასთან მობრუნებულ სოლომონს.
_ პოეტი შექსპირი იყო!
როგორღაც გულგრილად მომიგო მან. ჩემზე აყოლა არც უცდია.
4.
მომდევნო საღამოს კათედრალურ ბარში ანა-პრინცესა ატირებული დამხვდა. ვიღაც მაწანწალა მოაჯირს იქიდან მთელი ხმით გაჰყვიროდა:
_ ქალი უნდა დაამარცხო, ეს მათ გამო დავკარგეთ სამოთხე!
ანას შემხედვარე ერთიანად ავილეწე. სოლომონმა რამე ხომ არ აკადრა-მეთქი. ვიღაცებმა, აშკარა გამოსარჩლებას რომ გაურბოდნენ, ძველმანებში გამოწყობილ მოხუცზე მიმანიშნეს.
_ ქალაქი კაენის კურთხევაა! _ გაჰყვიროდა მჭახედ და ნელ-ნელა გვშორდებოდა. მე მოაჯირს გადავევლე და ზღვისკენ მიმავალ მაწანწალას ბრაზით შევუძახე;
_ ჰეი, რა დღეში ხარ!
მან ლუდის ბოთლი სულმოუთქმელად მოიყუდა. ყველანი მოაჯირთან აიტუზნენ და ყური მოგვიგდეს. ცნობისმოყვარეობის წადილი ჰკლავდათ. მაწანწალამ სმით გული რომ იჯერა, თუმცა ლუდი უმეტესად წვერზე ეღვრებოდა, მე მომიბრუნდა:
_ ჰეი, ამპარტავნების საძვალევ! _ გამომაჯავრა მან და საჩვენებელი თითი გორაკისკენ გაიშვირა _ აგერ ის ქვა, შენი დაცემის ერთგული მოწმე, თავის მწვანე თვალს არ გაშორებს!
ლამის იყო, თვალთ დამიბნელდა. მოხუცის ნათქვამმა ჩემზე საშინლად იმოქმედა. ალბათ სიყვარულს დავკარგავ-მეთქი და ამაზე მიმანიშნებს, გამიელვა გონებაში. ყველანი, ვინც ჩვენ ყურს გვიგდებდა, ასეთები კი ბლომად იყვნენ, იმ ქვას მიაშტერდნენ, უმაღლეს თხემზე რომ იდო და მთვარის ქვეშ გაშოტილ ხვლიკს წააგავდა, ზედ კი ვარსკვლავები აენთნენ, თითქოს მოკლე ჩართვისას ნაპერწკლები გაცვივდაო. მერე ყრუდ გავიგონე, ზოგიერთებს სიცილი როგორ წასკდათ. ისინიც კი, ვის თვალშიც რაღაცას წარმოვადგენდი, ამ ჩია მოხუცს განცვიფრებით შესჩერებოდნენ და მის მიმართ პატივისცემით განწყობილებს ნდობით აღსავსე თვალები ჰქონდათ.
_ რაო, ჯადოქარო, ქადაგად დავარდი? _ შევძახე მხნედ, მაგრამ იხტიბარი გატეხილი მქონდა. მოხუცმა თვალებში რომ ჩამხედა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შიგ სულში მაკვირდებოდა გამადიდებელი შუშით. ხელი რომ ვკარი, ბუმბულივით მჩატე აღმოჩნდა. ძირს წაქცეული ქვიშის ნახჭებში ამოიგანგლა. მერე ზლაზვნით წამოდგა, ქუდი დაიბერტყა და გზა უთქმელად განაგრძო. მე კი დიდხანს ვიდექი მონუსხული. ფიქრებიდან ანა-პრინცესამ გამომაფხიზლა, თავისი ნაზი ხელებით რომ მანჯღრევდა და პირველად მიყურებდა მოწყალე თვალით. რა გჭირსო, მკითხა საყვედურის ტონით, მაგრამ ჩემი მზერა არაფრისმთქმელი იყო. მხოლოდ ცივად გავუღიმე და გავშორდი. მერე კარგა ხანს ვიარე ზღვის ნაპირზე, მრისხანებით ვივსებოდი და ზღვასაც თითქოს მკვდარი თევზები გამოერიყოს.
ბარში რომ მოვბრუნდი, სოლომონი ანა-პრინცესას ანეკდოტს უყვებოდა, თან დროდადრო ტრაბახობდა, აქ რატომ არ ვიყავი, ის მაწანწალა ზღვაში რომ გადამეგდოო. ანა-პრინცესაც მხიარული კისკისით აჯილდოებდა მის წარმოსახულ გმირობას, რომელსაც გადაჭარბებულად აფასებდა. მე კი თითქოს მეხი დამტყდომოდა. არა მგონია, ასე დიდხანს გამექაჩა. შევყურებდი ანას ვალდებულებებით გატანჯული მზერით და ხმას არ ვიღებდი. ჩემი თავგანწირვა ამდენ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, მას კი ალბათ გულის მოგების ჩემეულ მეთოდზე ბავშვივით ეცინებოდა. სოლომონი ლაღობდა და თვალებში ეტყობოდა, ანა-პრინცესა მისი ზრუნვის მთავარი საგანი რომ გამხდარიყო. იგი ახირებით ცხოვრობდა, მე კი დამაჯერებლობა მაკლდა და ისღა დამრჩენოდა, აქედან გადავბარგებულიყავი. სოლომონთან ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან გაიმარჯვა მთავარ ფრონტზე, ანა-პრინცესას გული რომ იყო.
5.
იმ დღიდან გუნება მომეშხამა და კარგა ხანს უმოქმედოდ ვიყავი. დღეები დღეებს ენაცვლებოდა, მე კი ნირწამხდარი დავაბიჯებდი ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში რუხ და პირქუშ შენობებს შორის და არავის დანახვა არ მინდოდა. ბევრი მოვიმდურე კიდეც, ისე ჩაგვივლი, არც კი გვესალმებიო. როგორ ამეხსნა მათთვის, რომ ვერავის ვამჩნევდი. სანამ ის ქვა ფერდობზე იდო, მოსვენება აღარ მექნებოდა. არადა ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან მოჩანდა, თვალში შორიდანვე გეცემოდა თავისი მუქი, მწვანედ მბზინვარე და შუშასავით გამჭვირვალე შეფერილობით. მე კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი ყველა წარუმატებლობის მიზეზი გახლდათ. ამიტომაც მისი თავიდან მოშორება განვიზრახე და რახან თავადვე გავბეზრდი ჩემი უნიათო მცდელობებით, გადავწყვიტე, რამე მეღონა. ვიცოდი, შორს რომ მთები მოჩანდა, სადღაც იქით უფსკრული იყო. ამ ქვას იქ გადავისვრი, გავიფიქრე მე და ხარების დაქირავება გადავწყვიტე, რისთვისაც ცოტაოდენი ფული დამჭირდებოდა. სანაპიროს ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ნიჟარები მოვხვეტე, ჯიბეები გავივსე და ბუკინისტების ქუჩას მივადექი. შემსყიდველს ფასზე მოვურიგდი და ქუჩას გამოვუყევი. “ტექსტების შედგენა” დიდი ასოებით ეწერა ერთგან. უცებ სოლომონს მოვკარი თვალი, იქ მდგარ კაშნემოხვეულ კაცს რაღაცაზე გაურიგდა და ფურცელი გამოართვა. თურმე გროშების საზღაურად ათასნაირ ტექსტებს ადგენდა. მრავალი წიგნი ჰქონია გადაღეჭილი და კალამი კარგად უჭრიდა.
_ სოლომონს შენგან რა უნდოდა? _ ვკითხე კაშნემოხვეულ კაცს.
თავიდან მხრები აიჩეჩა, მაგრამ გულითადი საუბრის მერე გამომიტყდა:
_ წერილი დავუწერე საყვარელი ქალისთვის, მის გულს აუცილებლად მოინადირებს!
სოლომონი მისი კლიენტი ყოფილა. ხან რის დაწერას თხოვდა და ხან რის. ბილწ აბდიასაც წერილები თურმე მან შეუდგინა, რითაც ასე შეაყვარა თავი, ხოლო როცა ანდერძით დიდძალი ქონება ერგო, ამ კაცს გასამრჯელო უმნიშვნელო გროშებით აუნაზღაურა. პატრიოტულ სადღეგრძელოებსაც მე ვუწერო, თქვა.
_ ლექსებს?
_ რა თქმა უნდა. ბოლოს თოვლზე დავუწერე. არც ვიცი რაში ჭირდებოდა. მე კი ეგ საქმე კარგად გამომდის. წინადადების გამართვა საუკეთესო ფილოლოგივით შემიძლია. შენც დაგიწერ რამეს ერთი ფუნთუშის ფასად! _ შემომთავაზა მან.
ფუნთუშები ისე მივართვი. სოლომონის შარლატანობა ჩემთვის რაკი ცნობილი გახდა, იმედი მომეცა. მაშ ჯერ კიდევ არ ყოფილა ბევრი რამ დაკარგული. დროის დაკარგვაც აღარ მინდოდა და მეურმეს მივადექი, ქალაქის გარეუბანში რომ ცხოვრობდა. იმ მიდამოს სოფელი უფრო ეთქმოდა, რომელსაც, სადაცაა, ქალაქი შესანსლავდა. ასეთი მიწები მოუნელებია. მეურმეს წყვილი ხარი ჰყავდა. ხშირად დამინახავს, ბაზარზე ვეება ქვევრებს რომ ეზიდებოდა. მამამისს მამაჩემთან ძველი ნაცნობობა აკავშირებდა, მაგრამ ჩვენი დრო როცა დადგა, ეს ურთიერთობები მინავლდა. მის სამოსახლოს მშვენიერი მდებარეობა ჰქონდა, მაღალზე იყო, ფუნიკულიორის ანძისთვის ზედგამოჭრილ ადგილას. როცა გამოვეცნაურე, ამაოდ ცდილობდა ჩემი სტუმრობის მიზეზის გამოცნობას. მამები გავიხსენეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხილის და მოსავლის საკითხი გაცილებით მეტად აღელვებდა.
_ ნეტავი იმ დროს! _ ხელი ჩაიქნია მან _ მოსავალიც უხვად მოგვდიოდა და ხეებიც მეტ ნაყოფს იძლეოდნენ. სარფიანი დრო იყო. აგერ იმ მსხლის დახუნძლული ტოტები ლამის ზედ დაგვმხობოდა. ერთს თუ მოწყვეტდი, ათი ცვიოდა. მსხალს ბოლომდე არც კი ვჭამდით. ერთს ჩავკბეჩდით და შორს მოვისროდით. მერე ახალს მოვწყვეტდით. ალბათ ამიტომაც დავისაჯეთ უნაყოფობით...
_ უფსკრული შორს არის? _ გავაწყვეტინე მე.
_ ერთი დღის სავალზეა.
_ შენი ურემი და ხარები დამჭირდება, იქით რაღაც მაქვს წასაღები.
_ ზეპირად იციან ეგ მხარე! _ ხარებზე მიმანიშნა _ წელიწადში ხუთჯერ მაინც მიხდება იქაურობის მოხილვა. ერთხელ ჩამოვრჩი კიდეც და შინ როცა მოვედი, აქ დამიხვდნენ, თავლის ზღურბლთან მელოდნენ უდრტვინველად. თვითონ გამოეგნოთ გზა.
მოკლედ, უარი არ უთქვამს. არც მე მითქვამს უარი საზღაურზე და სულ მალე ხარებს წინ გამოვუძეხი. ქვას რომ მივუახლოვდი, დაღამებას დაველოდე. არ მინდოდა ვინმეს დავენახე. ზედმეტ მითქმა-მოთქმას ვერიდებოდი. ჩვეულებრივი ქვა აღმოჩნდა, ოღონდ სიმძიმით და ზომებით ლოდი უფრო ეთქმოდა. ზურმუხტისფერი ზედაპირით იყო დაფარული, თითქოს შუშის მასალისგან ჩამოასხესო. შიშის და წინათგრძნობის არავითარი შეგრძნება არ გამჩენია. იმ მოხუცმა იქნებ სულაც გამაბითურა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მისი გამოხედვა თვალებიდან არ მშორდებოდა, საიქიოს სანახებიდან მოსულს ჰგავდა, რაც მის სიტყვებს უფრო დამაჯერებელს ხდიდა.
აქედანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. მთავარ მოედანს ტრამვაის რელსები შუაზე კვეთდა, რომლის გასწვრივაც ბილიკები ნატეხი ქვებით მოეკირწყლათ. შორს პრეფექტურის შენობა თეთრად ბზინავდა. დიდი ხანი არ გასულა, რაც შეღებეს. პრეფექტურის შენობა ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობა იყო. გამბედავად შესული იქ არავინ მინახავს, ყოყმანით თუ მიიწევდნენ წინ. მე კი ხშირად მჩვეოდა იქ გატრეტილს ყიალი. მის ირგვლივ მდებარე ტრიალი მინდვრები რუხ შენობებს დაეკავებინა. თვალსაჩინოებასავით იყვნენ აღმართულნი. დიდი ტერიტორია მომცრო ნაკვეთებად დაენაწევრებინათ, თითქოს ზეწარი ნაკუწებად აქციესო. უსახური ქუჩები მდუმარებას მოეცვა. მხოლოდ მერიასთან ირეოდა რამდენიმე კაცი, ლოზუნგები ეპყრათ ხელში და რაღაც მნიშვნელოვანს აპროტესტებდნენ. მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩანდა, ერთობ ჩახლართულ ამბავში რომ იყვნენ ჩართულნი. ერთგან მწვანე კომბინიზონებში გამოწყობილი მუშები მუყაოს ყუთებს ზიდავდნენ საწყობში. მთელი სათავსო რომ გაძეძგეს, ლანდები მიყუჩდნენ. შეღამებისას უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. უსწორმასწორო ქალაქი ვარსკვლავებით მოოჭვილ ზეცას რაღაც სამხილებს სთავაზობდა, თითქოს ჩემსკენ უთითებდა _ აი, გამოუსწორებელი ავაზაკი, რომელიც ბედისწერასთან შეჭიდებას ლამობსო.
ქვას დავწვდი. ზედ გადაღვრილი მთვარის შუქი შეფერილობას ოდნავ უცვლიდა. ქვა მიწას ისე ჩაზრდოდა, როგორც ხის ბუმბერაზი ფესვი, ნიადაგის სიღრმეს რომ საჭიროებს გასამაგრებლად და ადვილი დასაძლევი არ გამოდგა. ტოტების დახმარებით კარგა ხანს მოვუნდი მის ურემზე აგორებას, მერე კი ქალაქის საპირისპირო მიმართულებით გავემართე. მოშორებით ერთ ადგილზე დავბანაკდი და დილამდე მკვდარივით მეძინა. ალიონზე ადრიანად წამოვდექი და მსვლელობა განვაგრძე. გზა თვალუწვდენელი გამოდგა. შეძლებისდაგვარად ვჩქარობდი, რადგან მირჩევნოდა, საქმეს მალე მოვრჩენილიყავი. დროდადრო ქვას გადავხედავდი ხოლმე, როგორც მძინარე ბედისწერას, ჩემივე საზიდი რომ გამხდარიყო. მას ფრთხილად უნდა მოვპყრობოდი, სანამ უფსკრულში არ გადავუძახებდი.
კარგა ხნის მერე მწყემსი შემომხვდა, ურიცხვ ფარას რომ მოუძღოდა. ახოვანი იყო და თავადი უფრო გეგონებოდა, ცხვართა ბატონი. შორიახლოს მორჩილი მსახური მოჰყვებოდა და მწყემსის უპირატესობას კიდევ უფრო თვალში საცემს ხდიდა.
_ ქალაქი შორს არის? _ კბილებში გამოცრა მან.
სხვა დროს ასეთ შემთხვევაში ორიოდე ცხვარს მაინც შევაწერდი, მაგრამ ახლა ეს ფიქრადაც არ მომსვლია. ერთი სული მქონდა გავცლოდი და ჩემი გზა განმეგრძო. მზეს ავხედე და შთამაგონებლად ვუპასუხე:
_ შეუჩერებლად თუ ივლი, საღამოს მიხვალ!
_ მდელოები არის ქალაქის სიახლოვეს, ფარა რომ სადმე დავაყენო?
_ პირველად მიდიხარ? _ გავეპასუხე ცივად.
_ ჰო!
_ მდელოების მეტი რა არის!
_ დღესასწაული ახლოვდება, ცხვრის სარფიანად გაყიდვას ვგეგმავ!
დღესასწაულის შესახებ მაშინღა გამახსენდა. ზემოთ, კაკლიანში დიდი ზეიმი იმართებოდა ხოლმე. ადრე არასოდეს გამომიტოვებია. ხვალისთვის იქნებ მიმესწრო კიდეც.
_ რომ მოვბრუნდები, ერთ ცხვარს მეც შევიძენ და გოლგოთის ტაძრის ეზოში დავტოვებ! _ ვთქვი მე.
ის მთები გამახსენდა, საიდანაც ვიყავი წარმოშობით. ამ საუბარს ცხვარი და ხარები ყურადღებით უსმენდნენ, თუმცა აზრი დიდად ვერ გამოჰქონდათ. მსუბუქი ნიავი ჩვენ ფერხთით ბალახებს აშრიალებდა.
_ უფსკრული შორს არის? _ ჩემი შეკითხვის ჯერი დადგა.
_ იქ რა დაგრჩენია? _ დაეჭვებით მიპასუხა მან და ურემზე დადებულ ქვას გადახედა.
_ საქმე მაქვს!
_ საღამომდე მიაღწევ, თუკი არ შეჩერდები!
6.
ამ სიტყვებზე ერთმანეთს დავცილდით და ჩვენ ჩვენს ვრცელსა და მოსაწყენ გზას გავუდექით. ხეშეში ხეები გამოშვერილი მერქნებით ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს გზის გასწვრივ ფეხმძიმე ქალები იდგნენ და მემშვიდობებოდნენ. ყველაზე მართებული საქციელი ალბათ ეს იყო, რადგან უკვე სხვაგან ვიყავი და ეს ქვეყანა მე აღარ მეკუთვნოდა. შორეულ სახლებს თავიანთი პატრონები ჰყავდათ, რომელთა ეზოებს მყეფარე ძაღლები დარაჯობდნენ.
შებინდებისას, უფსკრულის სიახლოვეს, ფართო გზა წვრილმა ბილიკმა შეცვალა. აღარც ვარსკვლავები ჩანდა, რაც იმის დამადასტურებელი იყო, რომ ყინვის ცა გაციებული გულებით მოეჭედათ. ნისლი გაფანტვის მოლოდინში გარინდებული სამყაროს გაუგებრობას ჰგავდა. ყველა ნიშნის მიხედვით ნათელი ღამე უნდა მდგარიყო. იმ შეთქმულივით ვიქცეოდი, დილაადრიან რომ შედგომია საქმეს. შიში და ხიფათი შეგრძნებებად ენაცვლებოდა ერთმანეთს. თუმცა თავგამოდებამ შედეგი გამოიღო. წამიც და უფსკრულის პირას ვიდექი მარტოსული და მიზანმიმართული. ანა-პრინცესა მომაგონდა. იქნებ ყველაფერი ჯერ კიდევ არც იყო დაკარგული. ნიჟარების გამოქვაბულები ხომ უნდა მეჩვენებინა მისთვის და იქნებ ჩემზე გული მობრუნებოდა.
ურმიდან ქვის გადმოგორებას დიდხანს მოვუნდი. როგორც იქნა ქვა გადმოცურდა და ფერდობზე დაგორდა, მაგრამ საკუთარმა ინერციამ სიმძიმის ცენტრი ვერ გადაძალა და ზედ კიდესთან გაჩერდა. ასე რომ დამეტოვებინა, ვერ მოვისვენებდი. მე ქვის გამონაშვერს ორივე ხელით ჩავებღაუჭე და მთელი სხეულით მივაწექი. აქ კი სავალალო შეცდომა დავუშვი. გამონაშვერი მოიმსხვრა და მუჭებში მარილის კრისტალის მსგავსი ნაფშვენები შემრჩა. თავი ვეღარ შევიმაგრე და ჰაერში აღმოვჩნდი. ჩემი შეშლილი და შეძრწუნებული მზერა წამით ხარებს გადააწყდა. ისინი მიყურებდნენ არაფრისმთქმელი თვალებით, როგორც ბალახს, ბუჩქს ან რომელიმე ხეს გახედავდნენ. ალბათ ისღა აინტერესებდათ, მე უნდა დამლოდებოდნენ, თუ ზლაზვნით გაყოლოდნენ შინისკენ მიმავალ გზას, უჩემოდაც მშვენივრად რომ გაიკვლევდნენ. ლამის სული შემიგუბდა, იმდენ ხანს ვეშვებოდი. ჰაერში მტვრის ორ მწვანე სვეტს ვტოვებდი, თითქოს ხის გრძელ კიბეს საფეხურები ჩამოეშალაო. ბოლოს სასტიკად დამტვრეული ქარაფის ძირში აღმოვჩნდი, არც კი ვიცი, რა დრო იყო გასული, გონზე რომ მოვედი და ზემოდან ყორნების მხიარული ყრანტალი შემომესმა. ღამე იყო, საშინელი ტკივილი მტანჯავდა, რომელიც ნელ-ნელა სხვა შეგრძნებებმა შეცვალა. ეტყობა ამ დროს სისხლში რაღაც ისეთი ნივთიერება გამოიყოფა, ტკივილს რომ უგულებელყოფს. თხემის კიდეზე შერჩენილი მწვანე ქვა კი, როგორც ვეება თვალი, მართლაც დასცქეროდა ჩემს დაცემას. ის გაძვალტყავებული მაწანწალა წინასწარმეტყველი აღმოჩნდა.
შორეულმა ქოხმახებმა, სადღაც შორს ჯერაც რომ მოჩანდა, ჩამქრალი ნათურებით ზურგი მაქციეს. ამან დამთრგუნველად იმოქმედა. მერე მთვარე გამოჩნდა, თითქოს აბაჟურიანი ლამფა მაგიდას დაჰკანკალებსო. ცა გადაიწმინდა და ვარსკვლავები სამყაროს გაფანტულ ყურადღებასავით აკიაფდა, რომლის მოკრებასაც ოქროს მნათობი ამაოდ ცდილობდა, ისევე, როგორც მე ვცდილობდი, ბოლო წამები ხელიდან არ გამსხლტომოდა და ჩემს გონებაში მთელი სისავსით აღბეჭდილიყო. ცხადად შევიგრძენი, რომ ცხოვრების რაღაც მძიმე და იდუმალ გამოვლინებას შევეხეთქე და დანდობის იმედი აღარ უნდა მქონოდა. არადა, შემთხვევით რომ გადავრჩენილიყავი, მიწის იმ მცირე ნაგლეჯს, რომელზედაც ვიწექი, გულში ჩავიკრავდი და მის ყოველ ბელტს ცრემლით მოვრწყავდი. ჩემ წინ გადაშლილი პეიზაჟი მხოლოდ ერთი მომცრო ფრაგმენტით ამოიწურებოდა, გობელენზე დატანებული გამოსახულების მსგავსი რომ იყო. გარიჟრაჟზე იქაურობა ჩიტების ჭიკჭიკით ამეტყველდებოდა, რომელსაც სავარაუდოდ მე ვეღარ გავიგონებდი. ჩემთვის გარემოს ხმები აქტუალობას დაკარგავდნენ, თითქოს ყავლი გასვლიათო, ხოლო სათქმელის მაღალფარდოვნების გამო აზრი ბუნდოვანი დარჩებოდა.
საშინლად მწყდებოდა გული იმ მრავალი გაცდენილი წუთის გამო, რისგანაც ჩემი სიცოცხლე შედგებოდა და უკან ვეღარ დავაბრუნებდი. ჩემს მონაცემებს წარსული თავის შემადგენლობაში მიითვლიდა. იგი ღრჭიალით გამოხურულ მძიმე კარიბჭეს წააგავდა, რომელსაც ვეღარასდროს შევაღებდი. დრო მოგონებებისთვისაც კი ცოტა მრჩებოდა. წამით ბავშვობის ის ეპიზოდი გამახსენდა, როცა უფროსები გაღვიძების ნებას არ მრთავდნენ, სხვებისთვის ძილი რომ არ დამეფრთხო. ეტყობა, გარდასულ დროსაც იმ სიძვირფასით ვიგონებთ, როგორი გულწრფელებიც ვიყავით მაშინ, ადვილად როცა ვუშვებდით გამოუსწორებელ შეცდომებს. ნამდვილი სინანული თურმე მაშინ გეწვევა, როცა აცნობიერებ, ყველანი სიკვდილის წინაშე რომ ვდგავართ, ოღონდაც სხვადასხვა მანძილის დაშორებით. ეს განსხვავება კი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს, არც ისე მნიშვნელოვანი გამოვა. როცა სამყაროდან გავდივართ, იგი ილუზიად იქცევა, კავშირის გაწყვეტა კი რეალობის აღქმას გვაკარგვინებს. საზოგადოება ადამიანის განადგურების პროცესს მისი ბიოგრაფიის შემადგენელ ნაწილად აღიქვამს და ისევე მშვიდად ადევნებს თვალყურს, თითქოს თოჯინების თეატრში დადგმულ სპექტაკლს ესწრებოდეს, რომლის სიუჟეტი რეჟისორმა წინასწარ განსაზღვრა და შეცვლა აღარავის ძალუძს. ჩვენ ყველაზე მეტად სათანადოობა გვაკლდა. მასშტაბურ მოვლენებს ვგრძნობდით, მაგრამ წვრილმანებს ვერ ვამჩნევდით. გვჯეროდა, რომ საბოლოოდ სიკეთე ბოროტებას გაემიჯნებოდა, მაგრამ არ ვიცოდით, ჩვენ საით მხარეს აღმოვჩნდებოდით. ცხოვრება კი თავისი გზით გაგრძელდებოდა. მერე მეც მომიკითხავდნენ, როგორღაც მომაგნებდნენ და მომხდარზეც ჯეროვნად იმსჯელებდნენ. მცირე ხნით ალბათ ანა-პრინცესაც გამიხსენებდა, დანარჩენი დრო კი სოლომონთან ერთად მხიარულებისთვის დასჭირდებოდა. სოლომონი შარლატანი კი იყო, თუმცა, ინსტრუმენტზე ჯადოქარივით უკრავდა. ამას ვერ დაუკარგავდი. ჰანგებით აღსავსე გარემო საკმარისი იქნებოდა ბედნიერების შესაგრძნობად. მე კი უკვე აღარაფერი მესაქმებოდა ამ სამყაროს ორომტრიალთან, ან იქნებ ახლის დასაწყისთან ვიდექი?! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ყველაფერი გაუფერულდებოდა. ცა და მიწა ერთმანეთს შეერეოდნენ.