საკუთარი თავის დევნა


საკუთარი თავის დევნა




ის არასოდეს არის მტკიცებითი და არსად  ისმის მენტორული ტონი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება სხვა პოეტებთან. ის თითქოს გეპატიჟებათ იმ სევდაში, რომელიც  “ყოველთვის დროულია”, სადაც თავს რაღაცა დროის მანძილზე მყუდროდ გრძნობთ, სანამ გააცნობიერებთ, რომ უფსკრულის პირას ხართ. ის ამბობს,  რომ პოეზია “ირჩევს მხოლოდ არამდგრადებს,  ვინც მუდამ იცვლება”, მაგრამ მისი ცვლილება უფრო  სიარულს ჰგავს, რომელშიც თქვენც შეგიყოლათ  შეუმჩნევლად, თითქოს მშვიდი მუსიკის ფონზე,  რაღაც მომენტში კი აღმოაჩინეთ, რომ ნაპირს დიდ მანძილზე მოშორებიხართ და მარტო დარჩით მასთან და მის უფსკრულებთან. ის ამჩნევს ყოფით საგნებს, მაგრამ საგნებზე კი არ გესაუბრებათ, არამედ იყენებს მათ იმისათვის, რომ არსის შესახებ ილაპარაკოს, ამ ნივთების და მათგან შექმნილი ფიზიკური ბარიერების იქით არსებულ სიცარიელეში გადაგახედოთ. ესაა კათარზისის ამსახველი ლექსები. სადაც ხეებს დედამიწა სწყდება, რომელიც მერე ფუყე მუცლიდან იბერტყავს მათ ნარჩენებს, სადაც სიცარიელე საკუთარი თავისგანაც კი იცლება და “სრულყოფილ არაფერში აღარ ხდება არაფერი” (ისტორიის ბოლო გაკვეთილი’’).  და ყველაფერი ისევ და ისევ მეორდება: უსასრულო გამოფიტვა, სიცარიელის  დიდ სივრცეში ადამიანის ლივლივი, სადაც მართლაც არაფერი ხდება, სრულიად არაფერი.

ამ შეგრძნებებს გიჩენთ  პირველივე გვერდებიდან ზვიად რატიანის ახალი წიგნი, “კოცონი მდინარესთან”, რომელიც ეს-ესაა დაბეჭდა გამომცემლობა “ინტელექტმა”, ყდაზე საბინე პიუკერტის ძალიან საინტერესო ნახატით, სადაც უკანა ფლანგზე  კონვენციურობას, ფოკუსს, ცხოვრებას ზურგშექცეული  კაცი ილანდება.

ბროდსკი მარკ სტრენდზე დაწერილ რეცენზიაში წერს: “მე მინდა,  ძალიან დიდი  ყურადღებით მოეკიდოთ არა იმიტომ, რომ მისი ლექსები რთულია (ანუ ჰერმეტული და ბნელი), არამედ იმიტომ, რომ ისინი ვითარდებიან სიზმრის ლოგიკით, რაც ცოტა უფრო მეტად ამაღლებულ ყურადღებას მოითხოვს. ხშირად მისი სტროფები გვაგონებენ სიზმრად ნანახი ფილმის შენელებულ კადრებს… გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა მოახერხა, სიზმარში კამერა შეეთრია და თუ მკითხველი უფრო მკაცრია და მას სიურეალისტად მიიჩნევს, მე  ის რეალისტი დეტექტივი მგონია, რომელიც სდევნის საკუთარ თავს და წუხილს სათავემდე მიჰყვება”. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ზვიად რატიანზეც.  და ალბათ სწორედ ამიტომაც  ახლანდელი რატიანის გაგება ცოტა უფრო რთულია, ვიდრე ძველის, რადგან ზოგჯერ ვერ ასწრებ, მისდიო სიზმრის სიუჟეტს, რომელიც ფანტასმაგორიული ხილვა კი არა, როგორც ბროდსკი ამბობს, საკუთარი თავის დევნაა მხოლოდ.

მისი მთავარი თემა კითხვებია. ის არ გვაძლევს მზა დასკვნებს, მხოლოდ თავის დაკვირვებებს აღწერს და  შეკითხვებს სვამს. ერთი შეხედვით თითქოს ტრივიალური და უფერულია ზოგი მისი მსჯელობა გამოტოვებულ საფეხურებზე, მაგრამ ლექსი მოულოდნელად იცვლის მიმართულებას და სასოწარკვეთილების ფინალი აქ უკვე სულ სხვა, მკვეთრი ფერებით ღებავს მას. თითოეული სტროფი  კი პრობლემიდან მოწყვეტა და დიდ, გაურკვეველ სივრცეში გადაშვებაა:

“ან უარესი:

ჩავვარდე და არსად დავეცე,

უსასრულოდ გაგრძელდეს ვარდნა,

ან უარესი:

აღარ დარჩეს აღარცერთი საფეხური,

აღარ იყოს მოაჯირი, სართულები, კედლები, ფანჯრები,

მე კი ასვლას განვაგრძობდე,

მე კი ასვლას განვაგრძობდე.

მე კი ასვლას განვაგრძობდე...” (“კიბე, რომელსაც დავაკვდები”)

უმეტეს შემთხვევაში ისე ხდება, რომ მკითხველი ეჩვევა  ავტორის ერთსა და იმავე ხმას, იმ ფართო ან ვიწრო ხეობას, რომელსაც პოეტი მისდევს, ზოგჯერ კი ტოვებს ძველ გზას და სრულიად ახალ მიმართულებას ირჩევს. ზვიად რატიანის ლექსების გმირს  ძველი გზა არ დაუტოვებია. ის გაირინდა სიცარიელეში, გნებავთ, ბეწვის ხიდზე, გნებავთ, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე და კათარზისის ეს საფეხური აქცია ცხოვრებად, რომელსაც ნელა - უჯრედ-უჯრედ აღწერს.

ალბათ ყველაზე ხშირად პოეტები უბედურებაზე, სევდასა და ტკივილზე წერენ, მაგრამ იშვიათია უბედურების ასეთი სარკასტული იუმორით ფორმულირება: “უბედურებამ აღიარა ჩემი სახელი, ალბათ წამებით გამოტეხეს. ვერ ვიჯერებ, რომ ნებით გამცა.” (“რწმენა, იმედი, სიყვარული”).   რატიანი ისე აგვარებს ლექსის წერის პროცესს,  რომ რეალობის ტრანსფორმაციას არ ახდენს.

ადრე ვწერდი მასზე, რომ მისი ტექსტები მონანიების პოეზიაა, ავტორი წერს იმას, რასაც ვერ ეუბნება ადამიანებს. ასე გგონია, რომ ლირიკული გმირი თავს იმართლებს და საინტერესო ფსიქოლოგიურ პრეფერენციებს უშვებს რეალური ცხოვრების წინაშე.  მკითხველს პოეტურად ნიშნეულ ხედვებს სთავაზობს  და სწორედ ამ პასაჟით ერთ-ერთ ფასეულ შტრიხს იძენს მისი შემოქმედება.

დღეს მის ლექსებში რაღაცნაირი ტრაგიკული სიმშვიდე დგას, თითქოს სიკვდილი თავისებურ სიცოცხლედ იქცა,  კათარზისის თავგადასავლად, უცნაურ ბიოგრაფიად.  და ამ სიკვდილში კიდევ სხვა სიკვდილის მოლოდინი რაღაც ბუნდოვან, სიმშვიდეში გაზავებულ  ისტერიას ბადებს, რადგან “ბედნიერებაა სიკვდილით სიკვდილი და არა ამით - არა ამდენი რამით ერთად, როცა ბოლომდე არცერთი გიმეტებს”, ან “იღვიძე ტკბილად, მსუბუქი იყოს უცხო ცა შენთვის, ნათელში იყოს შენი სხეული”.

მისთვის დრო პრობლემას არ წარმოადგენს. ქრონოლოგიას შინაგანი ლოგიკით ალაგებს. სტრიქონიდან სტრიქონში განსხვავებულ ნაბიჯებს დგამს, ხანდახან მათ შორის შემაერთებელ ხიდსაც კი ამტვრევს, თითქოს უნდა, რომ უკვე საკმაოდ ღრმად შეტყუებული მკითხველი თავიდან მოიცილოს და მარტო დარჩეს. მისი მცდელობა, იგრძნოს შვება, ამაოა, რადგან გამოსავალს მაინც ვერსად ხედავს: “მხოლოდ ტაბლოზე რიგრიგობით ენთებიან სახელები: წარსული. აწმყო. მომავალი. სიკვდილი. ახლა.”

ან “შენ ჯერ კიდევ იმართები მომავლიდან, რომელიც გამოგრჩა,

რომელსაც ისე ჩაურბინე, ვერც შენიშნე, ის ჩარჩა წარსულში”.

კრებულის მეორე ნაწილი უსათაურო ლექსებისგან შედგება. ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს  ტექსტი ტექსტში გადადის, ერთდება, შეედინება, არეულია მისი ფიქრებივით,  მეტაფორებივით. ესაა, ფაქტობრივად, ,,ქარი მიწაში’’. კრებული თითქოს თანდათან გიჟდება და ბოდვას იწყებს. იმდენად, რომ რაღაც ხნით მის ლექსებს, გგონია,  ხმა უწყდება და ამ ფონზე მოულოდნელად  ჩნდება ზვიად რატიანის მიერ თარგმნილ ავტორთა ტექსტები: ტედ ჰიუზი, მარკ სტრენდი, რობერტ ჰასი, ჩესლავ მილოში... მათი ამ კონტექსტში ნახვა უცნაურ ასოციაციებს გიჩენს. ესაა ემოციური პერფორმანსი, პოეტური არანჟირება. პოეტთა ეს გუნდი თითქოს ხმას აძლევს კრებულის ავტორს, ეხმიანება თუ ეხმარება მას.

ის ხანდახან მეტისმეტად რადიკალურია - დაუნდობლად იჭრის რეალობას,  და ამით მასთან ერთად  მის სამყაროში შეყოლილ მკითხველს იკვეთს, ხან კი სუსტი, სასოწარკვეთილი და საკუთარ თავში ჩაკეტილია. ასეთ დროს ტექსტი პირქუშდება, პოეტური სახეები მხოლოდ ალაგ-ალაგ ანათებენ ბრჭყვიალა ქვებივით.  სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს კი ხანდახან სიცოცხლის სასარგებლოდ ხრის. სწორედ ასეთ მომენტებში პოულობს ამ ნაბიჯის გამართლებას, რომელიც აგრძნობინებს, რომ: “გარეთ ერთი ხე ტყეს შრიალებდა”. მე ვიტყოდი, რომ  “კოცონი მდინარესთან” სწორედ ასეთი ერთი ხეა...

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE