კოღო


კოღო




  იოვანე მოქანცული მონასტრის გალავნიდან ღამის უკუნს უყურებდა. ღამის უკუნიც უბრუნებდა იოვანეს მზერას იმისი იმედით, რომ პირქუში ბერი პირველი დაახამხამებდა, მაგრამ იოვანეს ბოლო ორმოცი წელია, რაც თვალები ერთ უცვლელ მდგომარეობაში ჰქონდა - ნახევრად გახელილი.

სხვა ბერებს თავ-თავის კელიებში ეძინათ და ერთმანეთთან შეუთანხმებლად წყნარად, ერთი სიმშვიდით სუნთქავდნენ. მხოლოდ განაპირა სენაკიდან მოდიოდა ხშირ-ხშირი, შფოთიანი სუნთქვა. მორჩილი თეოფანე ჩვიდმეტი წლისა იყო და სიზმრებში მაცდურები მარტივად უძვრებოდნენ, ხოლო კვირადღეს, როცა ეშმაკები ღმერთს ჯოჯოხეთში ჰყავს გამოკეტილი, თეოფანეს სარკმელში მთვარე აღწევდა და ახლა ის უხშირებდა გულისცემას. თუმცა ამ დღეს ცაზე არამხოლოდ მთვარე, არამედ ერთი გაქცეული ვარსკვლავიც კი არ გამოჩენილა. გალავანზე აღმართულ დროშას ღამის ნიავი არხევდა, მერე კი იოვანე მოქანცულის მოსასხამს ეხებოდა მსუბუქად, რაც იმისი ერთადერთი მანიშნებელი იყო, რომ ბერი გალავნის ნაწილად ჯერ კიდევ არ ქცეულა. ნიავი ნელ-ნელა ძლიერდებოდა, დროშა ფრიალებდა და თეოფანეც უფრო შფოთავდა ძილში. ხოლო როცა უცებ მოვარდნილმა ქარმა დროშა მოწყვიტა და გაიტაცა, ხოლო უხამსი სიზმრისგან შეცბუნებულმა თეოფანემ ცივ ოფლში გაიღვიძა, ღამემ საბოლოოდ გადაწყვიტა იოვანესთან დამარცხების აღიარება და უკუნის სიშორეში სინათლის წერტილი გამოაჩინა. იოვანემ ცოტა ხანი უყურა სინათლეს, ხოლო როცა დარწმუნდა რომ თვალები არ ატყუებდნენ, შებრუნდა მონასტრის სიღრმეში.

ბრუნდებოდა ძმა ბასილი.

ბრუნდებოდა ძმა ბასილი და მკერდზე რამდენიმე თოკით შეკრული, რამდენიმე ნაჭერში გახვეული ფუთა ეკიდა. ფუთაში ვერცხლის პატარა ზარდახშა ჰქონდა, ხოლო ამ ზარდახშაში იყო ის, რისთვისაც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, შუა იანვარში იოვანე დაქანცულმა კონსტანტინოპოლს მიავლინა.

ქრისტესშობიდან 33 წელს, ხოლო სიკვდილიდან სულ რამდენიმე საათში იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა ( რომელსაც სხვა მოციქულები გვარით არ მოიხსენიებდნენ) ქრისტეს სხეული ჯვრიდან ჩამოხსნეს, გაახვიეს სუდარაში და წაასვენეს აკლდამაში. დაკრძალვის წინ იოსებ არიმათიელმა ქრისტეს სისხლი ააგროვა ფიალაში, რომელსაც მოგვიანებით წმინდა გრაალის სახელი მიეცა, და რომელსაც მთელი საქრისტიანო თავდადებით ეძებდა.

მაგრამ მამა ბასილის თავის ფუთაში გრაალი არ მოჰქონდა. ჯერ ერთი, გრაალზე ზედმეტად ბევრი მეფე, რაინდი, ბერი და ორდენი ნადირობდა. უმწიკვლო სულის კაცნიც უმსგავსო საქმეებამდე დასულან, სიწმინდე რომ ხელში ჩაეგდოთ. ის მეორე, გრაალის ძებნას საუკუნეები დასჭირდებოდა, საიდუმლო საძმოების შექმნა, ეზოთერიკისა და ცაზე ვარსკვლავთა გადაადგილების მეცნიერებათა დასწავლა. ვარსკვლავები კი არ იყო სანდო საქმე, თუნდაც ასეთი კუნაპეტი ღამეების წყალობითაც. და მესამე - ბევრმა არ იცოდა, რომ როცა იოსებ არიმათიელი აკლდამას შიგნიდან აწყობდა, უფალს ჩვენსას მკლავზე დედალი კოღო დააჯდა და სათანადო დატირების შემდეგ გაციებულ კანში ნესტარი ჩაასო. ნიკოდიმოსმა კოღო დაინახა და უმალვე აწია ხელი მწერის მოსაგერიებლად, მაგრამ გასრესვა ვეღარ გაბედა რამეთუ კოღო უკვე მაცხოვრის სისხლით იყო სავსე. ნიკოდიმოსმა (რომელსაც ჯიბეში მუდამ ეყარა თხილი მაგრამ მოციქულები არც ამას წერენ) კოღოს თხილის ნაჭუჭის ნახევარი დააფარა, ფრთხილად მოხსნა ქრისტეს მკლავიდან და მერე მეორე ნაჭუჭიც მიაკრო. მაცხოვრის დაღუპვისდა გამო უიმედობისა და სიმწრისგან დამძიმებულმა იოსებ არიმათიელმა აღარ ჰკითხა ნიკოდიმოსს, რა მიზეზით ახტა იგი მოულოდნელად, როცა იოსები აკლდამიდან გამოვიდა, ან თუნდაც ზურგს უკან რას მალავდა. თუმცა, რომც ეკითხა, საფიქრალია, რომ ნიკოდიმოსი სხვა პასუხს მოიფიქრებდა. ასეა თუ ისე, იმ საღამოს, დაახლოებით ექვსის ნახევარზე სამყაროში გაჩნდა ქრისტიანული სამყაროს კიდევ ერთი რელიკვია, რომელსაც განსაკუთრებით ჩახედული თეოლოგები მცირე გრაალის სახელით იცნობენ.

 თხილის ნაჭუჭი ნიკოდიმოსმა ძაფით შეკრა და გულსაკიდში შეინახა. ორიოდე თვის მერე, მოციქულმა გაბედა და გახსნა ნაჭუჭები. ძალიან აღარც გაკვირვებია, როცა კოღო ცოცხალი აღმოჩნდა. ბოლო-ბოლო მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალებით დაინახავ, როგორ ამაღლდა ცაში ის, რომელიც ორმოციოდე დღის წინ მკვდრეთითაც აღდგა, ერთი უკვდავი კოღო მაგდენად შთამბეჭდავი ვეღარ იქნება. და სწორედ ეს დღეა უკანასკნელი წერტილი, როცა აპოკრიფული ტექსტები მცირე გრაალის ადგილსამყოფელს ასახელებენ. აქედან ნაჭუჭისა და კოღოს ისტორია უკვალოდ იკარგება. მართალია, კი ტივტივდება ხოლმე რომელიმე ხალხების სიმღერებში და შაირებში, მაგრამ შაირები უტიფარ გულთა გასახარებელი ხელოვნებაა და მათზე დაყრდნობა, მითუმეტეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც უფლის სისხლის პოვნაა, რომელიმე ბიწიერ ფუნდუკში შეგვაგორებს, სადაც ხორხოცით დაგვცინებენ კიდეც ასეთი გულუბრყვილობისთვის. ამიტომაა, რომ დიდი ხანი იყო, რაც აღარავინ ეძებდა მცირე გრაალს და ნელ-ნელა უფლის სისხლზე მონადირეთა მეხსიერებიდანაც ამოიშალა. 

მამა ბასილი უკვე ჭიშკარს იყო მომდგარი. ცოტა ხანი ცხენიდან არ ჩამოდიოდა, შავ გალავანს ათვალიერებდა. მერე კი ხელი ფრთხილად მიიტანა მკერდთან და ფუთას დაადო. ზარდახშიდან რამდენიმე ავმა ზრახვამ გამოაღწია, ფუთა გამოარღვია და მამა ბასილის მკერდში შეძვრა. “ყველას სძინავს” - გაიფიქრა მამა ბასილიმ. “გზა რომ გავაგრძელო ჩემი, ეგონებათ რომ ბერძნებმა დამიჭირეს და ცოლი შემრთეს, ან გამატყავეს. დამივიწყებენ მალე და ვერც… მაგრამ ამ დროს, მამა ბასილის სულში ძრომიალისას, ავი ზრახვები 50-ე ფსალმუნს გადააწყდნენ. წმინდა სინათლით იფეთქა ბერის სულში წლობით ნაწრთობმა ფსალმუნმა და ავი ზრახვები ადგილზე გადაბუგა. ჩამოხტა ცხენიდან მამა ბასილი, მიუახლოვდა მონასტრის ჭიშკარს და როგორც კი მესამედ დააკაკუნა, ზუსტად იმ წამს შესრულდა მეორმოცე წელი დღიდან, როცა იოვანე მოქანცულმა მცირე გრაალის შესახებ შეიტყო.

 

იმ დროს იოვანე უდაბნოში მარხულობდა, მზისგან დაბუგულ ქვებზე ლესავდა თავისი სულის სიმტკიცეს. გამოქვაბულებში ეძინა, საათობით იჯდა კლდეების ჩრდილში, ქვიშაში გველხოკერების სრიალში ღმერთის სიტყვების გრამატიკას ეძებდა.

ქვების ძირში დაბუდებული უწმინდური სულები ღამით ზედაპირზე გამოდიოდნენ და აფთრის ხმებით იწყებდნე ყეფას. გარიჟრაჟზე კი, როცა მზე ამოსვლას იწყებდა, ისეთი ადგილებიდან იწყებდნენ მანჭვასა და როკვას, რომ პირდაპირ იოვანეს წინ ბილწ ჩრდილებს ეცეკვათ. მაგრამ იოვანეს სული დილის ცასავით აუღელვებული იყო. ერთხელაც კი, როცა ექვსკიდურა მაცდურებმა ყველა ხელი ჩაიქნიეს ბერის შეცბუნებაზე, იოვანემ ხორციელი შეამჩნია შორს. დიდხანს ახლოვდებოდა ადამიანი, იმდენად დიდხანს რომ ბერი დარწმუნდა - ეშმაკი ვერ იქნებოდა. ეშმაკებს მაგდენი მოთმინება არ ჰქონდათ. მგზავრი ჩრდილში შემოვიდა და იოვანეს წინ დადგა.

- კაპადოკიაში ვიყავი, ხე ვნახე გამხმარი. - თქვა მგზავრმა მისალმების მაგიერ. - ბაღი იყო ირგვლივ ქლიავის. ყვაოდა ყველაფერი. ეს ხე კი იდგა ამ სიმწვანეში და ასი წლის ბერიკაცის ძვლებივით თრთოდა.

იოვანემ ამოხედა მგზავრს. უცნაური ტანისამოსი ეცვა. ტყავის ქამრებით ჰქონდა მკერდი გადაჭიმული. დაშნა ეკიდა მხარზე.

- ალექსანდრიიდან მოვდივარ - გააგრძელა მგზავრმა. კოშკურა მაქვს იქ. ვარსკვლავებს ვაკვირდები. კაბადონის გეომეტრიას ვხაზავ ქვიშაში. სამყაროს ვითვლი.

უნდა ეპასუხა იოვანეს მაგრამ მრავალთვიანი უტყვობის შემდეგ ყელმა ხმა ვეღარ ამოუშვა.

- რამ მოგიყვანა აქ - ჰკითხა იოვანემ, მას შემდეგ რაც მგზავრის გამოწოდებული მათარიდან მოსვა.

- კაპადოკიაში ქლიავის ხე ვნახე, გამხმარი. არ უნდა ყოფილიყო გამხმარი. ხომ გეუბნები, სამყაროს ვითვლი მეთქი. თუ რამე ხდება აქ, ჩვენს სამყაროში, მიზეზი უდევს უკან. ყოველთვის ასეა. ეს ხე კი არცერთი წესით არ უნდა ყოფილიყო გამხმარი. გამოთვლა დავიწყე, რატომ გახმა. აღმოჩნდა, რომ ფესვები თხუნელამ დაუკვნიტა. არ იქცევიან თხუნელები ეგრე. დავიწყე თხუნელას გათხრილი გვირაბების დათვლა. აღმოჩნდა, რომ სხვა გვირაბებს უერთდებოდა. არც ეგრე უნდა ხდებოდეს. მერე წყალი გავუშვი იმ გვირაბებში. ქალაქის ახლოს კლდიდან დაიწყო გადმოჟონვა. ხვდები, რას ვამბობ?

იოვანემ თავი გააქნია.

- რას ვამბობ და ერთხელ ერთ დღეს რაღაცა მოხდა. არასწორად მოხდა, არ უნდა მომხდარიყო ეგრე. უკან-უკან რომ მიყვები იმ ხის კვალს, იმასა ჰგავს, ნიადაგის ქვეშ ჩადებულ თოკს რომ ამოქაჩავ ნელ-ნელა. აქამდე ყველა უჩვეულო გაფუჭების პირველმიზეზები დათვლილი გვქონდა. აი, მეფის შვილი რატომ მოკვდა - იმიტომ რომ ათას სამასი წლის წინ ჭა გაჭრეს წმინდა ადგილას. ტაძარი რატომ ჩამოინგრა? - იმიტომ რომ ორი საუკუნის წინ ერთმა მღვდელთმთავარმა მწყემსი ბიჭი შეაცდინა.  მდინარე რატომ აზვავდა - იმიტომ რომ დიდი წვიმა მოვიდა გუშინწინ. მაგრამ ამ გამხმარი ხის ამბავი რომ დავითვალე, სულ სხვა რამე ვიპოვე.

- რა იპოვე? - ჰკითხა იოვანემ.

- სისხლი ვიპოვე. შენი ღმერთის სისხლი. - უპასუხა მგზავრმა და იმწამს ყველა მხრიდან აფთრების ხარხარის ხმა გაისმა.

 

***

 

“წრეზე დადის ყველა” - უყვებოდა მგზავრი იოვანეს. ეს ჩემმა მასწავლებელმა დაითვალა და მითხრა. ყველაფერი და ყველა წრეზე დადის. ადამიანები, საგნები, მნათობებიც. იმას მეუბნებოდა ჩემი მასწავლებელი, ღმერთიც კი წრეზე დადის, ოღონდ ეგ იმიტორო ბოლთას სცემსო. იმ გამხმარი ქლიავის ამბავი უკან-უკან რომ დავითვალე, გამოვიდა რომ პირველმიზეზი შენი ღმერთის დაკარგული სისხლი იყო. ოღონდ ის არა, სხვები რომ ეძებენ. იმას ცალკე ვითვლით, ყოველ წამს მიმართულებას იცვლის, ერთი ბიბლიოთეკა გვაქვს ნახაზებით გავსებული და შვიდასი კაცი ყარაულობს მთელ მიწაზე იმის გამოჩენას. მაგრამ ეს მეორე სისხლი თავის წრეზე მიდის. არსად უხვევს, არსად იკარგება. არ ვიცი, ახლა სად არის, ან სად იქნება. მარტო ის დავითვალე რომ ერთი დღეა, როცა იმ დაკარგული სისხლის გზას ვიღაცა სხვა ხორციელის გზა უახლოვდება. არ კვეთს, მაგრამ ძალიან ძალიან ახლოს მიდის. დავთვალე, გამოვყევი იმ ხორციელის წრეს და აგერ, შენ მოგადექი.

 

იოვანე ჩუმად იყო.

 

 ვიცი მე, რომ ალბათ წმინდა კაცად იქცევი, თუ უდაბნოში განაგრძობ ყოფნას. ნეტარი რამე იქნება. სამყაროს მტვერი არ გეკრობა. უბრალოდ ისიც უნდა იცოდე, რომ აქ, ამ შენი უტყვად ჯდომის ადგილას იმოდენა სიწმინდე კი არა, დაკარგული მერცხალიც არ გამოიფრენს. წასვლა მოგიწევს, ღვაწლი მოგიწევს. თუ ხვალ, მზე რომ ამოვა, კვლავაც აქ იქენი, ჩათვალე რო სამარადჟამოდ დაკარგე.

 

ჩუმად იჯდა იოვანე.

მგზავრიც ელოდა ცოტა ხანი, ელოდა. მერე კი თავი დააქნია თავისთვის, და გააგრძელა გზა.

 

საღამოსკენ კლდეზე ჩრდილები მოქუჩდა. ჩრდილებიდან ავსულები ამოიზარდნენ და დაიწყეს ჩვეული როკვა. კისკისებდნენ, ყირაზე გადადიოდნენ და გმინავდნენ. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ასე, როცა ერთ ერთმა უჟმურმა, ადამიანის თმის ნაწნავები რომ გადმოსდიოდა პირიდან შემთხვევით შეამჩნია რომ კლდის ძირი ცარიელი იყო. უფრო ახლოს მივიდა, დააკვირდა.

იოვანე აღარ ჩანდა.

გაწყრა უჟმური, გასივდა უჟმური, ყველა ლანძღვა ერთიანად მოადგა ყელში, მაგრამ სიტყვები არ ეყო და ბაყაყი გადმოაფურთხა. მერე კი შეტრიალდა და ისე წავიდა, რომ სხვა ავსულებს არც არაფერი უთხრა.

 

 

***

 

რვა წლის წინ, როცა მონასტერს მწარე  შიმშილობა დაეცა, ძმა ბასილიმ მახლობელ მდინარეში დიდი ორაგული დაიჭირა. მეოთხე დღე შიმშილობდნენ ბერები, როცა ბასილიმ ღვთის საჩუქრის შესახებ ამცნო. სანამ ორაგული იხარშებოდა, საძმო სატრაპეზოს მაგიდის ირგვლივ იჯდა და საკუჭნაოდან გამოსული ოხშივარით ივსებდა მოთმინებას. ახლანდელი ბერებიდან მხოლოდ მორჩილი თეოფანე არ ესწრებოდა ამ ამბავს. ცხრა წლის იყო მაშინ და მონასტრიდან აღმოსავლეთით მეოთხე სოფელში კალიებს აჩხუბებდა ერთმანეთთან. ჯერ არც მამამისი გაუთელია აწყვეტილ კამეჩს, და არც დედა დამუნჯებულა სიმწრისგან. თეოფანეც კი არ ერქვა ჯერ - ბაჭუას ეძახდნენ და მთელი სამყარო მარტო ორი კალიის ჭიდაობისგან შედგებოდა. ოთხი სოფლით დასავლეთით და რვა წლით გვიან კი, მონასტრის სატრაპეზოში მამა ბასილიმ ზუსტად იმ წერტილში დაასვენა აბრეშუმის ძაფებით შეკრული თხილის ნაჭუჭი, სადაც ოდესღაც მოხარშული თევზი იდო. ადგილებიც ისე იყო განაწილებული როგორც რვა წლის წინ და თეოფანე ისევ არ ესწრებოდა საიდუმლოებას. უბრალოდ ამჯერად კალიებთან თამაშის სანაცვლოდ, მთელი ღამის ნაფორიაქებს, გარიჟრაჟზე მიეძინა და ბერებმაც აღარ გააღვიძეს.

 

ვერავინ ბედავდა საუბრის დაწყებას. სატრაპეზოში მხოლოდ მამა ევლამპის ნაავადმყოფარი სუნთქვის ხრიალი ისმოდა. დანარჩენი ბერები გარინდებულები უყურებდნენ თხილის ნაჭუჭს, თითქოს ელოდნენ რომ თავისით გაიხსნებოდა.

- არ დადის ჩემს გონებამდე. როგორ შეიძლება ისე დატრიალებულიყო ცარგვალი რომ აქ, ამ კუშტ სატრაპეზოში, ჩვენს ცოდვით სავსე და უღირს თვალთა წინ აღმოჩენილიყო თუნდაც ერთი წვეთი უფლისა ჩვენისა.. - ჩაილაპარაკა არსენ მედავითნემ.

მამა ამბროსი შეიშმუშნა. არ მოეწონა არსენის სიტყვები. არ თვლიდა, რომ მთლად ასე უღირსები იყვნენ. ბოლო-ბოლო ორმოცი წელი შეახარჯეს ამ პატარა თხილის მოძიებას. საძმოდან ვიღაცები ვერც მოესწრნენ, ვიღაცებმა ვერ გაუძლეს და წავიდნენ. და ვინც აქ დარჩა ბოლომდე, რატომ გამოდიან უღისნი? - ამას ფიქრობდა მამა ამბროსი, მაგრამ ხმამაღლა კი ეს თქვა.

- უფალი მოწყალეა.

მამა ევლამპი გადმოიხარა მაგიდაზე.

- უფლის ნების გარეშე წვიმის ერთი წვეთიც კი არ ეცემა მიწაზე. უფლის ნებით მოხვდა მისი სისხლი აქ. ახლა მთავარია იმას მივხვდეთ, ვინაა ღირსი რათა ნაჭუჭი გახსნას.

- რა ფიქრებია ეს? - თქვა მედავითნე არსენმა. - რას ამბობ ძმაო ევლამპი, რა გახსნაზე საუბრობ?

- შენ რას ამბობ მაშ? - მიუტრიალდა მამა ევლამპი.

ყველა მედავითნეს უყურებდა. არსენმა ნერწვი გადაყლაპა და წამოიწია.

- ჩვენ ცხოვრების ბოლომდე მარტო იმისი მადლიერნიც უნდა ვიყვეთ რომ ამ ნაჭუჭის ახლო ვსხედვართ, საუკუნეები გამოხდა და არავის გაუბედნია ასეთი რამე და რა სინდისით უნდა გავხსნათ ჩვენ? ლუსკუმა უნდა ავუგოთ და დავაბრძანოთ მონასტრის მიჩუმებულ საიდუმლო ნაწილას, ვაი რომ რამე არვინ გაბედოს მოტაცება ანდაც წარყვნა.

- შიში გალაპარაკებს, ძმაო არსენ - თქვა მამა ამბროსიმ. - რწმენა კი არა. ტალანტების დამმარხველად არ გაქციოს, იფრთხილე.

- როცა კონსტანტინოპოლიდან წერილი მოვიწერე - დაიწყო მამა ბასილიმ. - წერილი რომ მოვიწერე კონსტანტინოპოლიდან, იმისი იმედით გამოვგზავნე რომ სანამ ჩამოვაბრძანებდი სისხლის წვეთს უფლისა ჩვენისა, უკვე მოითათბირებდით როგორ მოვქცეულვიყავით.

- ძმაო ბასილი, ბრალს გვდებ რამეში თუ ? - ამოღო ხმა აქამდე ფიქრებში ჩაძირულმა მამა ევსტათემ.

- მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სანამ მშიერ-მწყურვალი მხეცებს გავურბოდი, სანამ საიდუმლოდ მეკობრეთა გემით ვკვეთდი ზღვას, სანამ ბერძენ ქურდებსა ავაზაკებს ვემალებოდი ქუჩა-ქუჩა, სანამ ღმერთო შემინდე და ტყუილითა და ცრუ დაპირებებით თვალდაოსებულ სალოსს ჩვეულებრივი თხილი შევტყუე წმინდა საგნის მაგიერ, მაგ დროში რამე გადაწყვეტილების შემზადება მაინც შეგეძლოთ.

ბერები ჩუმად ისხდნენ.

- გული გაგიუხეშა ერში მოგზაურობამ როგორც ვხედავ, ძმაო ბასილი. - თქვა მამა ევსტათემ. მაგრამ მართალიც ხარ. სტუმრად უდიდესი სიწმინდე მოდიოდა ჩვენთან, ჩვენ კი ისევ საკუთარი სულების გადარჩენაზე ვზრუნდავდით. ასე რომ შენ ყველაზე მეტად ხარ ღირსი რათა გადაწყვიტო, როგორ მოვიქცეთ. შევინახოთ, თუ არა. გავხსნათ, თუ დავმარხოთ.

მამა ბასილიმ გულისჯიბიდან თუთუნი ამოიღო და კბილზე დაიდო.

- არ ვარ ღირსი. და შენც მართალი ხარ, ძმაო ევსტათე. ოთხი წელი ქვეყნად ბოდიალი საკმარისი აღმოჩნდა, რათა შემომძარცვოდა ყოველი, რაც ბერისთვის ჯერ არს. ზედმეტად ბევრი საერო ცოდვა დამიგროვდა. წესით მუხლებზე უნდა ვიდგე და ვქვითინებდე თქვენს წინაშე. მაგრამ არც ეგ მინდა. არ ითხოვს ჩემი გული მონანიებას. აღარ მაწუხებს. მაგრამ თუ გაინტერესებს, ზუსტადაც ერის კაცის თვალით გეტყვი. მთელი საქრისტიანო უფლის სისხლს ეძებს. კათოლიკეთ რაზმები დათარეშობენ მთელს მსოფლიოში, ყოველ ქვას აყირავებენ, ყველა ქოთანში იჭყიტებიან. თან განა მხოლოდ კათოლიკენი? ჩემს გზაზე არაბთა და ინდოთა ქარავნებიც შემხვედრია, რომლებსაც ვარსკვლავთმრიცხველნი აჰკიდებოდნენ, ყველას თავისი გამოთვლილი გზისა სწამს, იმათ ჰგონიათ, რომ რაკი ერთ ფიალა ქრისტეს სისხლს იპოვიან, ის უფრო დიდი მონაპოვარი იქნება ვიდრე ერთი წვეთი. მე მკითხე და გეტყვი, რომ ადამიანური სისულელეა ეგ. ღმერთის აზომვა და აწონვა ვის გაუგია. თან ეგრეც რომ იყოს, ისინი ჯერ კიდევ ძებნაში არიან, ჩვენ კი აგერ, წინ გვიდევს. მოკლედ რომ მოვუქციო, იმისი თქმა მინდა რომ მთელს სამყაროს შეგვიძლია გავაგონოთ ხმა, რომ უფლის სისხლი აქ არი, ამ მიწაზე. ყველას ეცოდინება, რომ ღმერთმა ეს კუნჭული გამოარჩია, არა კათოლიკენი, არცა ბერძენნი, არც ებრაელნი და არცა რომელიმე შორეული მიწები არამედ აგერ, ჩვენ, ერთი ბეწო ხალხი. ამიტომაც, ძმაო არსენი. არ მჯერა მე შენი შიშისა. არ შეიძლება ასეთი სიწმინდის სამყაროსგან დამალვა. მითუმეტეს, რომ თუკი მომლოცველთა ზღვანი მოგვაწყდებიან, ჩვენი მიდგებული და უპატრონო სოფლებიც ჩაისუნთქავენ ცოტა, ვის საყუდელი დასჭირდება, ვის საგზალი..

- მეც მაგას ვამბობ, ძმაო ბასილი - უპასუხა მედავითნემ - წარმოიდგინე რომ მთელი საქრისტიანო დაიწყებს აქ სიარულს. ზღვა ხალხი მოვა. შენ იფიქრე ახლა, იმ ზღვაში რამდენი ავი თევზი იქნება, რამდენი მზაკვარი, ურჯულო, მარტო იმ ზრახვით მოსული რომ იქილიკოს ჩვენს სიწმინდეზე, როგორ გამოარჩევ კეთილ მარცვალს მავნესაგან, რას ეტყვი ღმერთს?

- ღმერთს ჩემი და შენი დაცვა რომ სჭირდებოდეს, ძმაო არსენი, რამენაირად დილითვე შეგვატყობინებდა, არ ფიქრობ? - თქვა მამა ბასილიმ, და სანამ მედავითნე მკრეხელობაში ამხელდა, მამა ამბროსიმ შეაწყვეტინა საუბარი :

- მე მგონია.. - თქვა მამა ამბროსიმ. - მე მგონია, რომ მაგ საკითხის გადაწყვეტა უფრო მარტივადაც შეგვიძლია. ექვსნი ვართ ამ ოთახში. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. აქამდე ერთად მოვედით. ამიერიდანაც ერთად გვიწევს ყოფნა. მე მგონი, რომ თუ ყველა თითო სიტყვას იტყვის, დასტურისა ან უარყოფის, მერე კი დავთვლით და უმეტესი რაც იქნება, ისე მოვიქცევით, სამართლიანიც გამოდგება და არც შუღლს ჩამოაგდებს ჩვენში.

- რა სიტყვებია ეს,მამა ამბროსი.. - გაუფართოვდა თვალები მედავითნეს? - საღვთო საქმის გადაწყვეტას კენჭისყრით ამბობ? შევიშალეთ ყველანი თუ რა დაგვემართა?

- სამართლიანობას ვამბობ. - მოუჭრა მამა ამბროსიმ და სხვა ბერებს გადახედა.

მაშ მოდი ასე. ვისაც სჯერა, რომ ნაჭუჭის ამბავი უნდა გავთქვათ, ხელები აწიონ იმათ.

მამა ბასილიმ, ევლამპიმ და თავად ამბროსიმ ხელები აწიეს. მედავითნე არსენი მრისხანედ იყურებოდა ოთახის კუთხიდან. მამა ევსტათეს მაგიდაზე ეწყო ხელები. ხოლო მონასტრის წინამძღვარი, იოვანე დაქანცული სიბნელეში იჯდა ჩუმად და მთელი ეს დრო თხილის ნაჭუჭისგან თვალი არ მოუცილებია. მამა ამბროსი ახლა მიხვდა, რომ იოვანე სულ დაავიწყდა და მისი ადგილი დაიკავა. თუმცა იოვანეს დავიწყება ძნელი არ იყო. ცოტა უნდა დაგეძაბა კიდეც მხედველობა, ბნელ ოთახში კედლიდან რომ გამოგერჩია.

- ძმა ევსტათე. - თქვა ყრუ ხმით წინამძღვარმა. - შენ რატომ არ აწიე ხელი?

- მე კი მხიბლავს ის აზრი, მამა იოვანე, რომ საქრისტიანოს მექად შევიქმნებით. არ მგონი რომ არ ვიყოთ ღირსები. უბრალოდ სწორი თქვა მედავითნე არსენმა. ათასი ჯურის ხალხი მოვა აქ და ღმერთს კი ვერ დააკლებენ რამეს, მაგრამ აი ჩვენს ხალხს კი წარყვნიან. სოფლებს ბაზრობებად აქცევენ, სათამაშო სახლებს და სხვა სიბილწეებს შემოიტანენ.

- ძმაო ევსტათე, რატომ გგონია რომ უფლის სისხლის სანახავად გამგზავრებულ მომლოცველობას იმისი ერთი სული აქვს რომ გზადაგზა იყომარბაზოს? - წამოიძახა მამა ბასილიმ.

- ეშმაკი ყველას ებრძვის ვინც წმინდა გზაზეა შემდგარი - უპასუხა ევსტათემ

- მაშ შენ სულაც დავიწყებული ეყოლები - ჩაილაპარაკა მამა ბასილიმ და სანამ ევსტათე შეეპასუხებოდა, მამა ამბროსი წამოიწია.

- ქრისტე დაფარულად არ მოსულა და არც წასულა, ძმაო ევსტათე. არ გგონია, რომ ათი კაცის სულის გადარჩენა ერთის წარწყმედას გადაწონის?

მედავითნემ ოთახის ბოლოდან შემოსძახა:

- ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი?

- არა არა, სულ სხვა რამეზეა ახლა ეგ იგავი და ნუ რევ ამ ამბავში - მიუტრიალდა მამა ამბროსი და მერე ისევ ევსტათეს დაუბრუნდა.

- გომბიო მაზის მკერდზე- წამოიძახა უცებ მამა ევლამპიმ. ყველა გაჩუმდა და შეტრიალდნენ მისკენ.

მამა ევლამპი მძიმედ წამოიწია და გადმოეყრდნო მაგიდას.

- წინა წელს რომ სიცივე ავიკიდე თუ გახსოვთ? მეთქი მომირჩება მალე. მაგრამ გამიგრძელდა ერთი კვირა, ორი კვირა. მერმე ხველება გამიძნელდა. ღამ-ღამობით სუნთქვა დამიმძიმდა. არ ვიღებდი ყურად, მაგრამ აგერ, ბოლო თვეა და ყოველ დახველებაზე ფილტვის კოლტებს ვაგდებ. გომბიო მაზის მკერდზე და მიჭამს ნელა-ნელა.

- რას ამბობ, ძმაო ევლამპი?

- იმას, რომ ჩემი ამბავი კი იცით. ან თუ არა, ვიტყვი, რომ თორმეტისა რომ შევიქენი მაშინ მიპოვა მამა იოვანემ. თორმეტი წლისა წამოვედი სახლიდან, ჯერ ათასგან ვიარეთ, მერე კი ათასი დღე ეს საყუდელი ვაშენეთ.

- ძმაო ევლამპი… - ევსტათემ ამოიღო ხმა - არ კი მინდა რომ შენი ამბავი შევაჩერო, მაგრამ ისე გამოდის რომ მაგ მონაყოლით ორმოცდათორმეტი წლისა შეიქმენი წელს.

- სწორედაც მაგას ვამბობ.- დააქნია ევლამპიმ თავი. - და არც დაგძრახავ, თუ სხვანაირად გგონია. ძვლები ნაადრევად დამიჩანჩალაკდა, კანი ნაადრევად მომიმჩვარდა. გომბეშო მაზის მკერდზე, გეუბნები აკი. წლებია რაც ჩემს ფილტვებში იზრდებოდა, ჩემს წილ ჰაერს  იპარავდა. ახლა კი ვზივარ ასე და ვფიქრობ, ეგება და ღმერთმა აქამდე მარტო იმიტომ მაცოცხლა, რომ კიდევ ერთხელ მოევლინა სასწაული, ეგება და ჩემი სენის გადევნა შეეძლოს წმინდა სისხლს.. მაგრამ რომც არ იყოს ასე, ბალღობას როგორც კი გადმოვაბიჯე, მთელი ცხოვრებაა, ამ თხილის კაკლის გამოჩენას ველოდი. ველოდი და ველოდი. ახლა კიდე, როცა აგერ აქ დევს, მეუბნებით რომ არც კი გავხსნითო. თვეები დამრჩა მე. ეგება კვირებიც კი. და არ მომაკვდინოთ ისე, რომ მთელი ცხოვრების მწყურვალს მარტო შორიდან დამანახოთ წყარო წმინდა.და თუ იქ მისულს, უფალი მკითხავს რომ რად ჩაიდინე ისეთი ცოდვა, რად ქენი არსაქმნელიო, იმასთან პასუხგასაცემი უკვე მე ვიქნები.

ჩუმად ისხდნენ ბერები. მხოლოდ მედავითნე არსენი ცმუკავდა.

- ძმებო. წმინდა მამანო. - თქვა მამა ბასილიმ. - არ არის ჩვენი რწმენა სიმხდალის რწმენა. და არც ჩვენი ღმერთია წარმართთა ბომონი, გადაცდომად რომ ჩაგვითვალოს ამოდენა სიყვარული და სასტიკი სასჯელი მოგვივლინოს. ძმა ევლამპი, სარკმელებს ქაღალდი ააკარი. ძმა ამბროსი, დახედე სადმე ღრიჭო არ იყოს გასაძრომი, ძმა ევსტათე, შენ სანთლები აანთე, მე კი ნაჭუჭს გავხსნი.

- მკრეხელობ ბასილი! დაიყვირა მედავითნემ. - აღარ ხარ შენ ბერი! თუთუნს ღეჭავ, სამყარო მტვერი აიკიდე ფეხზე, აღარ ხარ ბერი!

- სამაგიეროდ მე ხომ ვარ - წამოდგა ამბროსი.- მე გავხსნი.

- ეშმაკი გჭამს და სიამაყე მამა ამბროსი, ადრეც უნდა მეთქვა, პირჯვარსაც კი არ იწერ როგორც წესია, ლოცვებზე აგვიანებ, განა ვერ ვამჩნევ მე! თქვი რამე , მამა იოვანე! თქვი რამე, გეენაში გინდა რომ მთელი მონასტერი ჩავარდეს? ამოიღე ხმა რა ბრძენკაცობას თამაშობ! - ყვიროდა არსენი, მაგრამ აღარავინ უსმენდა. - წაუღიხართ ჯანდაბასაც და ეშმაკებსაც! არ ვიქნები ამ ცოდვის ოთახში მე! ჯოჯოხეთში დაიღუპებით ყველანი, შენ პირველი იქნები მამა ევლამპი, ჯოჯოხეთში დაიღუპებით და მე არც გადმოგხედავთ!

გაიჭახუნა კარი მედავითნემ და გაიქცა.

რვა წლის წინ ზუსტად ამ დროს, დღის ამ საათში სატრაპეზოს მაგიდაზე მოხარშული ორაგულისგან მხოლოდ ფხებიღა იყო დარჩენილი. მამა ევსტათე სარკმელში იყურებოდა, მამა ამბროსი თევზის ჩონჩხს ათვალიერებდა, მამა ბასილი თვალდახუჭული იჯდა მაგიდასთან, მამა ევლამპი სარკმლიდან შემოსულ სხივს ეთამაშებოდა ფეხით, მედავითნე არსენი კიბეებზე ჩარბოდა, ფსალმუნები რომ გადაემეორებინა, იოვანე დაქანცული კუთხის სიბნელიდან იყურებოდა, ოთხი სოფლით აღმოსავლეთით ბიჭუა კამეჩებს ერეკებოდა ეზოში. ოთხი სოფლით დასავლეთით და რვა წლის შემდეგ კი მამა ამბროსიმ შეხსნა თხილის კაკალს აბრეშუმის ძაფები და ორი ნახევარი ნელ-ნელა დააშორა ერთმანეთს.

ჯერ არაფერი მომხდარა. სატრაპეზოში შემორჩენილ სინათლეზე თავად ნაჭუჭიც ძლივს ჩანდა, არათუ შიგთავსი. ბერები მხოლოდ სიშავეს ხედავდნენ, თითქოს თორმეტი საუკუნის განმავლობაში ნაგროვები სიბნელე ამ ნაჭუჭების შიგნით შედედდა. მერე კი, როგორც კი მამა ამბროსის მწარე ეჭვის პირველი მარცვალი აეწვა სულში, ნაჭუჭების კუნაპეტი აკლდამიდან კოღომ ფეხი გამოყო. მწერმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფრთები შეარხია ოდნავ. მცირე წერტილად ჩანდა კოღო, მაგრამ როცა ღრიჭოდან შემოჭრილი სხივის სინათლეში მოექცა, უკვე ყველამ დაინახა, რომ გამჭვირვალე მუცელი სისხლით ჰქონდა სავსე. მამა ბასილიმ სუნთქვა შეანელა, მამა ამბროსიმ სულაც შეწყვიტა, მამა ევლამპის ცრემლები აუგორდა ქუთუთოებზე, ხოლო მამა ევსტათემ გონებაში ანგელოზთა სახელების ჩამოთვლა დაიწყო, რათა საიდანმე გამკრთალ შფოთიან ფიქრს კოღო არ დაეფრთხო.

 

იოვანე მოქანცული ყველაზე მოშორებით იდგა, მზერა კოღოზე გაეშტერებინა, მისი მეხსიერების თვალი კი უდაბნოს სივრცეში მიმავალ ალექსანდრიელ ვარსკვლავთმრიცხველს უყურებდა. ცდილობდა იოვანე ზუსტად იმ წამის გახსენებას, როცა განდეგილობის მიტოვება გადაწყვიტა. ბოლო აზრის დაჭერას, რის შემდეგაც წამოდგა და გზას გაუდგა. მაგრამ ყველაფერი ბუნდოვნებასა და ქვიშის ქარებში იყო ჩაკარგული. გონებაში მხოლოდ მგზავრის უსასრულოდ მილევადი აჩრდილი ლივლივებდა და სუსტი ფიქრი იმაზე, რომ ვარსკვლავთმრიცხველი მაცდური ეშმაკი ვერ იქნებოდა. ეშმაკებს მაგდენი მოთმინება არ აქვთ.

 

ამ დროს მამა ევსტათეს ანგელოზების სახელები დაუმთავრდა და უნებლიეთ თავის მძაღე გულძმარვაზე გაეფიქრა. კოღო შეტოკდა და იმწამსვე ქარმა სარკმელზე მიწებებული ქაღალდიც ააფრიალა.

- ქარი! - დაიყვირა მამა ევლამპიმ.

მამა ბასილი მივარდა შესასწორებლად, სხვემა კი მაშინვე მაგიდას დაუბრუნეს მზერა.

კოღო აღარ იჯდა.

რამდენიმე ამოსუნთქვა დასჭირდათ ბერებს, რათა დაეჯერებინათ რომ მწერი გაქრა. მერე კი მამა ევლამპიმ ძმებს წყლიანი თვალებით ახედა და გულამოსკვნით დაიყვირა:

- მალე!

სატრაპეზო ორ წამში ალიაქოთში გაეხვია.

- სარკმელი !აეფარე! ყვიროდა ევსტათე

- აქ არის! ყვიროდა ბასილი

- მოიცა დავკარგე! ყვიროდა კიდევ რომელიღაცა

- მალე!

- მოძვრა! მიაფარე რამე

- მალე, ბასილი!

- არ შეეხო!

- მალე!

- სარკმელთან! მიაფარეთ ვინმემ! სასწრფოდ! კოღო ღმერთო უფალო, კოღო!

- გარეთ! გარეთ გაფრინდა!!

რამდენიმე წამი ელდა დაცემულები იდგნენ ბერები. სარკმელზე ფურცელი ფარფატებდა. ძალიან ხმაურიანად ფარფატებდა, დასცინოდა თითქოს.

- სასწრაფოდ, გარეთ ყველა! - დაიყვირა მამა ბასილიმ.

ბერები კარიდან გაიყარნენ, ჩაირბინეს კიბეებზე და აქეთ-იქით მორთეს სირბილი.

იქით არის! სხვა კოღოა! მალე იქით! დავიჭირე! არ არის ეგ კოღო! გაიქეცი! დაეწიე!

 

მხოლოდ იოვანე დაქანცული დარჩა სატრაპეზოში. სარკმელიდან ჩანდა, როგორ გარბოდა ოთხი შავი წერტილი სულ უფრო და უფრო შორს მონასტრისგან.

იოვანე კი იდგა გაუნძრევლად. გადახსნილ ნაჭუჭებს უყურებდა მაგიდაზე. გადმოატრიალა ერთი, ჩახედა. ნაჭუჭი ცარიელი იყო.

მერე კი შეტრიალდა, იქვე კედელში გამოთლილ გრძელ სკამს მიუახლოვდა, დაწვა, დახუჭა ბოლომდე თვალები და დაიძინა.

 

 

მორჩილმა თეოფანემ საღამოსკენ გაიღვიძა. გამოძინებული ჩვილის ხასიათზე იყო. გონება დაწმენდილი და მშვიდი ჰქონდა. გაიზმორა თეოფანე და გარეთ გავიდა. მზის სითბო ფრთხილად ერეოდა მსუბუქ ნიავში და თეოფანეს სახეს ნაზად ეხებოდა.

“ - რა კარგი დღეა.” ფიქრობდა მორჩილი.

უმიზეზო , მშვიდი სიხარულით იყო თეოფანეს გული სავსე. კალიები ჭრიჭინებდნენ, საქონლის ზარის ხმა მოდიოდა გორაკის გადაღმიდან. მორჩილს შუბლზე კოღო დააჯდა, მაგრამ სანამ უკბენდა, მიიტყიპა და ხელი ტანისამოსზე შეიწმინდა.

მზე ქვების ჩრდილებს ძალიან გრძლად წელავდა.

“რა ლამაზი დღეა” - ფიქრობდა თეოფანე.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE