...რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები
ამონარიდი გალაკტიონის ლექსიდან - ,,მთაწმინდის მთვარე’’
წარმოდგენილი ციკლი გალაკტიონის სხვადასხვა პერიოდის
ცალკეული ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა;
ეს არის რობაის ფორმით პოეტის სულიერი პორტრეტის
დახატვის მოკრძალებული მცდელობა...
1.
დედაო ღვთისავ!.. გევედრები, წმიდა ღვთისმშობელს,
ვდგავარ მლოცველი და სანთლები ცრემლებს იშრობენ...
ისევ მაწვალებს თვითმკვლელობის ფიქრი მტანჯველი, -
მე რომ მეგონა, სამუდამოდ ჩამოვიშორე...
2.
განა დიადი პოეტები ცოტა შობილა,
ვინც ტანჯვა-ჯვარცმით საუკუნო შუქი მოფინა
ღირსებასა და სიამაყეს?.. ვინაც სიკვდილი, -
დამცირება და დამონებას რომ ამჯობინა...
3.
ამ ქვეყანაზე შემიყვარა, რადგან არავინ,
მიუსაფარმა მარტოობის დავდგი კარავი...
ახლა არყოფნა იქნებოდა ჩემთვის წყალობა, -
მომწყინდა ყოფა - უსახური და შემზარავი...
4.
პურს - მეპურე და ენატრება მეტივეს - ტივი,
და ჩემი ქნარიც მწუხარებით მოთქვამს და ტირის...
ნუთუ ეს არის საქართველო?! - დაკარგულს ვდარდობ, -
მაინც აქამდე არ დაშლილა იმედის ტინი...
5.
ვადევნებ თვალყურს, ჩემ გარშემო, ვინც მრავლად არის,
და მეც მზვერავენ, გზა საით მაქვს, ან კიდევ ქარი
სად გადამისვრის...სად შევაღებ დაგმანულ კარებს,-
თუ ჩამირაზეს, გასასვლელიც ღია მაქვს კარი...
6.
არ შემრჩა ძალა, უსინდისო მტრები ავლაგმო,
ჩასაფრებული მითვალთვალებ მიწყივ თარნაკო...
მსურს, მივახალო პირში - წყნარად, გაიძვერებო, -
არ გაქვთ უფლება, რომ ხმამაღლა მელაპარაკოთ!..
7.
დავკარგე მამა, დედის სითბო, ფშანის ციმციმი,
რიონის პირას მორბენალი ბიჭი, კვიცივით...
ყველაზე მეტად მენატრება ჩემი ბავშვური, -
და სამუდამოდ დაკარგული, ლაღი სიცილი...
8.
მე მაძლიერებს აღმაფრენა, ცნობისწადილი,
ჩემი საუზმე ლექსებია, ვახშამ-სადილიც...
ჩავრაზე კარი და ლოგინზე ვწევარ გულაღმა, -
შიმშილს გაუძლო, გაცილებით არის ადვილი...
9.
მავანი განგებ წყალს იგუბებს პირში... მანამდეც
ვერ შეიმჩნიეს სიბნელეში, ცას რომ ვანათებ...
ნეტავ ვიცოდე, ამ სიბრმავის რაა მიზეზი, -
ან რამე ხერხი - გულწრფელად რომ ალაპარაკდნენ...
10.
ეს გულგრილობა მტანჯველი და გასაოცარი,
დამყვება ყველგან უსასტიკეს, უნდო დროსავით...
გასაოცარი არის მართლაც და საკვირველი, -
შურსა და მტრობას გადავურჩი, მეფე-მგოსანი...
11.
ბობოქრობს ცეცხლი ჭეშმარიტი შემოქმედების,
და მეც მივკაფავ ეკლიან გზას, მსგავსად დენდების...
არა, არ ვიცი, რას მიპირებს ეს ბრბო ბოროტი, -
თუმცა ცოცხალი უმწეობას არ დავნებდები...
12.
ნუთუ არაფერს გეუბნებათ ჩემი სახელი,
ერთი პიასტრიც აღარა მაქვს, არც ფეხსაცმელი...
უკანასკნელიც კი გავყიდე ერთხელ შარვალი, -
ვერ შევეგუე საკუთარ თავს - ჯიბეგაფხეკილს...
13.
ოცნებებშიც რომ გადავლახო ცხრა მთა და ცხრა ზღვა,
ვიცი, ვერასდროს ავცილდები იმ მიჯნა-საზღვარს,
სადაც ჩიტივით მომწყვდეულა კაცობრიობა, -
ცოდვებისაგან რომ ვერ განბანს მირონის თავსხმაც...
14.
რასაც უფალი ჩამჩურჩულებს, მეც სისხლით ვიწერ,
ო, როგორ მინდა იმ შორეულ ღრუბლებზე ვიწვე...
რადგან სიკვდილის წყურვილი მკლავს, ვამბობ ხმამაღლა:
მთელ დედამიწას დაუნდობელ დუელში ვიწვევ!..
15.
ვდგავარ ძლიერი, რომ ეგონათ გადამიარეს,
დრო ვერ მიშუშებს გაუტეხელ სულის იარებს...
მარტოობაში საბოლოოდ ვპოვე სიმშვიდე, -
და ამიტომაც გავურბივარ ადამიანებს...
16.
ვარ იმ ორდენის კავალერი... (ბრბოს გავერიდე)
მარტოობამ რომ მომანიჭა... რადგან ვერ ვითმენ,
ეს სამიკიტნო ხომ საწყლების აფთიაქია? -
მეც საწყალი ვარ, წამლისათვის უნდა შევიდე...
17.
ბევრს უნდა ჩემი დავიწყება და შეჩერება,
შემომწოლია მწუხარება გულს გლეტჩერებად...
ვეღარ ვისწავლე მტერ-მოყვარის რადგან გარჩევა, -
მტერი - მოყვარედ, ხან მოყვარე - მტრად მეჩვენება...
18.
მეფობს სიბნელე-უმეცრება, ვეძებ სინათლეს,
ჩემი სამშობლოს გაბრწყინება ბევრჯერ ვინატრე...
ფხიზლობს გადიად მოვლენილი გადამთიელი, -
და არც ადარდებს, შეჩვენებულს, შენი სიმართლე...
19.
ბევრჯერ მომწყურდა მშობლიური, ტკბილი ჰანგები,
მსურს, გავიგონო სიმართლის ხმა გაათმაგებით...
უსამართლობას ვერასოდეს შევეგუები, -
ნუთუ ეს არის საქართველო? - ჩემგან ნაქები...
20.
ჩემი დემონის ცეცხლიანი თვალების გარდა,
ვერაფერს ვხედავ... ბინდისფერი ეშვება ფარდა...
უკვე სხეულიც დამეღალა ტანჯვით, სიცოცხლით, -
საკუთარ ნებით ვდგავარ ახლა სამარის კართან...
21.
მდუღარე ტვინიც დაიღალა გამოცანებით,
ვერ ვთოკავ ნერვებს... სხეულს მიწვავს სისხლის ალები...
და მიხარია, შევაჩერო მოუსვენარი
ეს გულის ცემა... ბნელმა შთანთქას ჩემი თვალები...
22.
ნდობით მიცქერის, უმთავრესი ჩემთვის რაც არი,
წრფელი თაობა... თუმც აწმყოსი მახრჩობს ბაწარი...
მჯერა, შეძლებენ მომავალში ახალგაზრდები, -
რის გაკეთებაც მინდოდა და ვერ მოვასწარი...
23.
დიდი ხანია სიკვდილს ვეძებ და გახელებით,
გზადაკარგული დევნილივით დავეხეტები...
რადგან ვერავის მოვაწონე ქვეყნად სიმართლე, -
შეკაზმული მყავს ბობოქარი, ,,ლურჯა ცხენები’’...
24.
ბედკრულ ცხოვრებას ვეუბნები, რას მემართლები,
ვდგავარ ხატებთან ნამთვრალევი, ღამენათევი...
დღემ ჩაიარა ჩინებულად: ჩემი მეორე, -
შინაგანი ,,მე’’ იყო მშვიდი, იყო ნათელი...
25.
რიგზეა თითქოს ყველაფერი... დარდი მატულობს,
ხედავ თვალნათლივ უტიფარი, რასაც კადრულობს...
ფრთხილად იყავი, გატუნია, აღარ მოტყუვდე, -
ცას გაუმხილე, ჩუმი ნატვრით, რასაც ნატრულობ...
26.
არ მრჩება ძირი, აღარც შვილი და აღარც ცოლი,
გარშემო ვრცელი უდაბნოა, გიხსენებ თრთოლვით...
ეწადათ ჩემი სამუდამოდ დასამარება, -
მაგრამ შენ მყავდი საიმედოდ, ძვირფასო ოლი!..
27.
არ ვარ ბუნებით შურიანი და არც ბოროტი,
ოლოლ, ყველაფერს გავუძლებდი, გვერდით მყოლოდი...
ვებრძვი ცხოვრებას, რომ არ გავხდე გულღვარძლიანი, -
თუმცა სამყარო დამთრგუნველი, მანგრევს ბოლომდის...
28.
ირგვლივ წყვდიადი ისადგურებს და გზაც არა ჩანს,
თავსაც ვიმხნევებ, რადგან ჩემში რწმენა გადარჩა:
ყოჩაღი ბიჭი გამოდექი შენ, გალაკტიონ! —
დონ კიხოტი ხარ და თბილისი - შენი ლამანჩა...
29.
უნდა ვერიდო ღვინოს, მინდა ვიყო ფხიზელი,
თუმცა არ მყოფნის სითამამე, მტანჯავს სიზმრები....
ფხიზელი ვტოვებ მე დიდებულ შთაბეჭდილებას, -
სიმთვრალე ბევრი სისულელის არის მიზეზი...
30.
ხომ მაქვს უფლებაც, რომ ხანდახან ღვინო დავლიო,
აქ დასაძრახი რაღა არის ან სახვალიო?...
არ მტოვებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, -
ნაბახუსევზე გავუღიმებ მზეს და ალიონს...
31.
გერქვას მწერალი, ჩვენში ნიშნავს თავის გაწირვას,
გრძნობდე ეპოქის მაჯისცემას, იქცე არწივად...
სალამი, ჩემო მომავალო, გაბრწყინებულო, -
უკეთურებამ ვეღარ შესძლო ჩემი ჩაძირვა...
32.
მოვა დიდება, რაშიც ეჭვი არ მეპარება,
მგოსნის გვირგვინი მომანიჭა ტანჯვა-წამებამ...
ლიტერატურას ამშვენებდა უწინ სინდისი, -
მისი გაქრობა-დავიწყება დამენანება...
33.
ისეთი დროა, არვის ახსოვს მგონი ბავშვობაც,
რასაც სჯობს გულის გაჩერება, სისხლის გაშრობა...
რაღაც იმსხვრევა დაუნდობლად, მართლაც სასტიკად, -
ვაი, ვირებმა მოინდომონ ლამის რაშობა...
34.
ეს სულიერი კატასტროფა გვიტევს, მგონია,
რა არის მასთან მარტოობა, მელანქოლია...
დაემსგავსება ყველაფერი პირქუშ უდაბნოს, -
აპოკალიფსის მხედრებს ვხედავ, ჩემო ოლია!...
35.
თავისუფალი უნდა იყო, მართლაც ქარივით,
გულმტკიცე, როგორც უძველესი ხმალი ხალიბის...
თავს ნუ იტყუებ! მთავარია თავისუფლება, -
თუნდაც იყავი უცნობი და სულით ყარიბი...
36.
სამარადისო, საოცარი, უზარმაზარი,
ტანჯვა-წამების ხელთუქმნელი დავდგი ტაძარი...
ჩემ გარდა შესვლა, იქ არავის არ შეუძლია, -
ის არის ჩემი სულიერი განძის საცავი...
37.
ფრთებს გავშლი მშვიდად, თუმც ვერასდროს ვიქნები მშვიდი,
,,რა უნდა ვუთხრა პოეტების დაკარგულ სინდისს:
ყურს არვინ უგდებს, ვის სცალია, რა დროს ჩანგია’’, -
ძაღლი ყეფს, ვხედავ, ქარავანი თავის გზით მიდის...