გიორგი ლობჟანიძე: მოდი, თავიდან შენზე ვისაუბროთ. ვინ არის პოეტი აჰმედ ალ-მულა, საიდან იწყება და საით მიდის? როგორი იყო მისი ბავშვობა და რა ძირითადმა ფაქტორებმა იქონია ზეგავლენა მის ჩამოყალიბებაზე?
აჰმედ ალ-მულა: დავიბადე 1961 წელს, ციხესიმაგრე ალ-ქუთში, იმ დროისათვის პატარა ქალაქის, ალ-ჰაფუფის გულში, პალმის ნარგავების წიაღში, და ეს არის საუდის არაბეთის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციის, ალ-აჰსას სამარკო ნიშანი, რომელსაც ისტორიულად არაბეთის ნახევარკუნძულს უწოდებენ. ვიზრდებოდი რელიგიურ ოჯახში, სადაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ისლამურ მეცნიერებებსა და სასულიერო წიგნებს. მე კი ფეხბურთის მოყვარული გამოვდექი. ბევრს ვეთამაშებოდი ხეებს და ამ თამაშ-თამაშში ცხოვრებას ვკითხულობდი. ასევე დიდი გატაცებით ვკითხულობდი ძნელად საშოვნელ მხატვრულ ლიტერატურასაც და რაც უფრო ძნელად საშოვნელი იყო, მით უფრო დიდი სიხარბითა და სიყვარულით ვეწაფებოდი.
ჩემი სოფლური ბავშვობა ჩემს ქალაქურ ბავშვობას აჭარბებს. დედა იყო მისი სახლი, მამა - მისი ჯავშანი და მღელვარებანი - მისი გრძელი მისამართი. წიგნის ბორტზე ათი წლის ასაკში აღმოვჩნდი, რომელმაც სამყაროდან შორს გამაქანა, საკუთარი თავიდანაც კი ისე მომწყვიტა, რომ გვიანღა გავაცნობიერე ჩემი არყოფნა, ერთი პრობლემის წყალობით, რომელიც არასოდეს მავიწყდება: ეს იყო წიგნი, რომლის მერეც საერთოდ ვუფრთხოდი ნებისმიერი წიგნის კითხვის წამოწყებას მანამ, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ მისთვის მგზავრობის დაღლილობა ღირდა.
პირველდაწყებითი განათლების საფეხურები ჩემს მშობლიურ ქალაქში გავიარე. შემდეგ იქიდან ქვეყნის დედაქალაქში, ერ-რიადში გადავედი, რათა საუნივერსიტეტო დონეზე სწავლა ალ-საუდის სამეფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც 1982 წელს დავასრულე და ვიქეცი წიგნების ფრთხილ მეგობრად, არა იმ წიგნებისა, რომლებსაც სასწავლო პროცესისას გამოიყენებდნენ, არამედ იმათი, რომელთაგანაც ჭეშმარიტებები მოდიოდა და მოჟონავდა და რომლებიც ძირითადად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდანვე გამომქონდა ხოლმე.
შემოქმედების ლინგვისტური ბუნების შესაბამისად, როგორც უმეტესად ხდება, ლექსების წერა მეც მზამზარეულ და მემკვიდრეობით მიღებულ ფორმებში (კლასიკური არაბული კასიდით) წამოვიწყე. უნივერსიტეტში კი არაბული პოეტური რევოლუციის ლიდერთა შემოქმედების ნაყოფსაც ვეზიარე. ესენი იყვნენ: ბადრ შაქირ ას-საიაბი, სარგუნ ბოლუსი, სალაჰ ფაიკი (ერაყი), ადონისი (სირია), უნსა ალ-ჰაჯი და იუსუფ ალ-ხალი (ლიბანი), სალაჰ აბდ ას-საბური და ამალ დუნკული (ეგვიპტე), საუდის არაბეთიდან კი მუჰამად ათ-თაბუთი და სხვები, ბუნებრივია, სხვადასხვა ენიდან თარგმნილ პოეტურ ნიმუშებთან ერთად.
ლიტერატურულ პერიოდიკაში ბეჭდვა 1980 წლიდან დავიწყე და ამავე პერიოდში განვიცადე ჩემი ადრეული კასიდების ფორმისა და შინაარსის ცვლილებაც. რაღაც ტექსტები დავბეჭდე გაზეთებში, მერე კი ეს ყველაფერი დავწვი, 1990 წელს და ამის შემდეგ, 1995 წელს გავბედე ჩემი პირველი წიგნის - „ჩრდილი იმსხვრევა“ - გამოცემა, იმაში დარწმუნებულმა, რომ ვერლიბრი (სიტყვასიტყვით: პროზაული კასიდა - გ. ლ.) სხვა ყველაფერზე უკეთესად გამომხატავდა. ხოლო ყველაფერი, რაც წავიკითხე და რაც გადავიტანე, წარმოადგენს ჩემს გამოცდილებას და მას საჭრეთელივით ამოჰკვეთს. კლასიკური კასიდების შემდგომ, თავისუფალ, რიტმულ მონაკვეთებად დაშლილ ლექსებს ვწერდი, ამან კი თავისთავად მიმიყვანა ვერლიბრამდე, რომელიც თავიდან არ მეპუებოდა, ვიდრე ორივე ერთად არ დავნებდით პოეზიას. და აი, მე-10 პოეტური კრებულის გამოცემის შემდეგ მივეშურები ახალ-ახალი პოეტური ინსტრუმენტების მოსასინჯად იმ სივრცეებში, სადაც აქამდე ფეხი არ დამიდგამს, თუნდაც ეს სივრცეები უერთდებოდნენ იმას, რაც თვითონაც არ ვიცი.
ჩემი ლექსები ამწამიერის, დღევანდელი დღის შვილები არიან, თემატურად და ემოციურად, და ისინი გარდასულ ჟამს არანაირად არ ეკუთვნიან, თუ არა მხოლოდ ცოცხალი სიტყვით. ენაში კი სიტყვა ადამიანის საჭრეთლით იკვეთება და მისი არსებობის საწუხარით არის ჩამომძიმებული.
გ. ლ. თანამედროვე მსოფლიოში ბევრი არაბული ქვეყანაა. განსხვავდება თუ არა ერთი არაბული ქვეყნის თანამედროვე პოეზია მეორე არაბული ქვეყნის პოეზიისაგან და რა გამოარჩევს დანარჩენი არაბული ქვეყნების პოეტური შემოქმედებიდან, ვთქვათ, შენი მშობლიური საუდის არაბეთის დღევანდელ პოეზიას?
ა. ა. არაბულ პოეზიას (რომელიც სალიტერატურო არაბულზე იქმნება და არა - ამა თუ იმ ქვეყნის ლოკალურ დიალექტზე), - ძველადაც და ახლაც, - კრავს და აერთიანებს ერთი ენა ყველა არაბულ ქვეყანაში.
ჩვენს ეპოქაში, ყველა უწინდელ ეპოქაზე მეტად, ხვდება ერთმანეთს ყოველ არაბულ ქვეყანაში შექმნილი არაბული პოეზია. გლობალიზაციისა და გახელებული კომუნიკაციის წყალობით, შესაძლებელია წავიკითხოთ ბაღდადში, ერ-რიადში, ბეირუთში, კაიროში დაწერილი პოეზია, ჩავიდეთ მაღრიბამდეც კი და, დავინახავთ, რომ ეს პოეტური ნიმუშები ერთმანეთს ხვდებიან ენაში, თუმცა ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმ მარკერებით, რომელიც ნიშანდობლივია ამა თუ იმ პოეტისათვის და არა - ადგილისათვის, საიდანაც ეს ლექსები მოდიან.
საუდის არაბეთში მრავალი და ძალზე მნიშვნელოვანი პოეტური გამოცდილებაა, გეოგრაფიულ და ისტორიულ მიზეზთა გამო. გამოცდილებანი, რომელთაგან თითოეული ჰგავს იმ ნიმუშებს, რომლებიც წარმოიშვებიან ხოლმე არაბეთის ნახევარკუნძულის მსგავს ისეთ იზოლირებულ კუნძულებზე, ვერც ტერიტორიულად რომ ვერ აჭარბებენ ამ კუნძულს და არც მასზე უფრო ვრცელი და მძიმე პოეტური მემკვიდრეობა გააჩნიათ; მემკვიდრეობა, რომელიც დღევანდლამდე აქტიურია და გამოხატვის უნარიანი. ამიტომაც, დღევანდელ საუდის არაბეთში პოეტი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ფლობს გამოცდილებას, რომელსაც წარსულის გადალახვა და სათქმელის პირდაპირ თქმა შეუძლია. ვფიქრობ, გლობალიზაციისა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გავრცელების ეპოქაში შეიცვალა პოეტური რუკა და მისი მყარი საძირკველი და გადაიწია ახალ-ახალი ჰორიზონტებისაკენ, რათა მისი სახეცვლილებების მოწმენი შევიქნათ.
გ. ლ. არაბულ პოეზიას ძალიან დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ეს გარემოება თანამედროვე პოეტს დაბრკოლებად ეღობება. თუ - პირიქით, სთავაზობს მას შესაძლებლობას ახალ-ახალი შემოქმედებითი გზების მისაგნებად?
ა. ა. ბუნებრივია, რომ წარსულის მემკვიდრეობა აღმატებულია თავისი გამძლეობითა და დროთა მიჯნებს ლახავს მომავლისკენ. უმაღლესი პოეტური იდეა, - ჩემი აზრით, და ამასვე ეყრდნობოდნენ ძველი პოეტებიც, - არის ის, რომ წარსულს ლმობიერად უნდა გავცდეთ და მხოლოდ მაშინ, როცა მისი გადალახვის აუცილებლობას გავიცნობიერებთ. და ეს არის პრინციპი, რაზეც, უკვე საუკუნეებია, თანხმდებიან. ყოველ „ახალ“ პოეტს კი უნდა ახსოვდეს: იმისათვის, რომ იყო პოეტი, წადი უდაბნოში (შემეცნებით სიმარტოვეში), ჯერ დაიზეპირე პოეტური ტექსტები და მერე დაივიწყე. ჯერ პოეტური ინსტრუმენტის ფლობა, მერე პოეტის ეულად მოგზაურობა თავისი პოეტური ვინაობის აღმოსაჩენად და შემდეგ ამისი გამოხატვა ისეთი ენით, რომელიც მხოლოდ მისი იქნება ამ სამყაროში - აი, ეს არის პოეტად ყოფნის საფუძველი.
გ. ლ. რას იტყოდი ჩვენი დროის არაბ მკითხველზე? დღევანდელ არაბებს აინტერესებთ პოეზია?
ა. ა. თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში არაბებში ზეპირად გავრცელებულ ერთ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ: პოეზია არაბთა სამფლობელოა. იმის მიუხედავად, რომ რაღაც დროს, ამ ანდაზას, ისევე, როგორც სხვა ხალხურ ანდაზებს, მეც კი ხან ერთი, ხან საპირისპირო აზრით მოვიშველიებ ხოლმე, მაინც შეიძლება იმისი თქმა, რომ ლიტერატურის კითხვა საზოგადოებრივ წეს-ჩვეულებათა შედეგია, რომელიც ყვავის მყარ და გულდამშვიდებულ საზოგადოებებში და რომელთაც თავის ყველაზე უმაღლეს პრიორიტეტებად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებული შესაძლებლობა აქვთ დღევანდელი მეთოდებით. არაბული სამყარო კი ისეთი მოვლენების შუაგულშია, რომ მას სჭირდება დრო, რათა ადამიანმა მყარად იგრძნოს თავი ამ მოვლენებში და პოეზიის კითხვისათვის აუცილებელი სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა მოიპოვოს.
გ. ლ. შენი აზრით, რა არის თანამედროვე არაბული პოეზიის მთავარი პრობლემა?
ა. ა. არ შემიძლია იმის მარტივად თქმა, რომ არსებობს რომელიმე ერთი პრობლემა, რომლის პირისპირაც დგას თანამედროვე არაბული პოეზია. და ეგებ იმის გამოც, რომ ვფიქრობ, პრობლემები, რომელთაც ის აწყდება, სინამდვილეში გამოწვევებია, რის წინაშეც არის ნებისმიერი ხალხის პოეზია.
თანამედროვე ადამიანს უამრავი საცდური ებრძვის და ართობს მას სამომხმარებლო პროდუქციით, რომელიც ხან ატყუებს მას და ხან კი იმონებს.
საჭიროა უფრო მეტი პოეზია ადამიანის ცხოვრებაში, საჭიროა მან მაგალითებით აღზარდოს პიროვნებაც და ამავე დროს უფრო აქტიურად არსებობდეს საზოგადოებრივ სივრცეში. აი, სწორედ მაშინ გახდება შესაძლებელი თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული და ფანატიზმისაგან თავისუფალი ურთიერთშეხვედრაცა და თანამშრომლობაც.
გ. ლ. რა შეგიძლია გვითხრა თანამედროვე საუდის არაბეთის კინემატოგრაფზე?
ა. ა. მთელი ჩემი ცხოვრება პოეზიის გვერდით მქონდა კიდევ ერთი ინტერესი, რომელიც ჩემს ყურადღებას კულტურულ საქმიანობას მიაპყრობდა და ეს არის კინემატოგრაფით ჩემი გატაცება, გემოვნებისა და მიმართულებების სხვადასხვაობის მიუხედავად. ამიტომაც დავაარსე პირველი კინოფესტივალი საუდის არაბეთში, რომელიც 2008 წლიდან ტარდება. დღეს კი უკვე სრულყოფილ გუნდთან ერთად ვმუშაობ, რომელიც მეექვსე კინოფესტივალს ამზადებს და ის 2020 წლის აპრილში გაიმართება საუდის არაბეთის მეფის, აბდ ალ-აზიზის ცენტრში.
შემიძლია ვთქვა, რომ კინო დღეს არის არაბული ბედაური და მისი მომავალი ასპარეზია. მას შემდეგ, რაც საუდელი კინომოღვაწე პატარ-პატარა ოცნებებს ელოლიავებოდა და ქარის წისქვილებს ებრძოდა, აი, დღეს ვხედავთ, რომ სრულდება მისი ბევრი ნატვრა ამ მიწაზე, რამდენადაც კულტურის სამინისტრომ დააფუძნა კინემატოგრაფიის სექტორი, რომელიც გეგმავს საუდის არაბეთის კინომომავალს, ამ ქვეყნის კულტურა და მისი მემკვიდრეობა რომ უნდა გამოხატოს. და ამ გეგმის უეჭველი განხორცილების პირობებში, დარწმუნებული ვარ, საუდის არაბეთის კინემატოგრაფი მსოფლიოს ძალიან მალე გააოცებს.