ბანერი


ბანერი




                                   მოქმედი  პირები:

ირაკლი - რეჟისორი, სატელევიზიო არხზე მუშაობს

ირინა - ირაკლის მეუღლე, არქეოლოგი

გუჯა - ბიზნესმენი

ლელა - გუჯას ცოლი

ყველა გმირი ერთი ასაკისაა, ორმოცდაათ წელს მიტანებული

 

                                   პირველი  მოქმედება

 

მთაწმინდის უბნის მაღალჭერიანი ბინა. გემოვნებით გაწყობილი. დიდი ხნის გაურემონტებელი. სიძველის კვალი დაჰკრავს. დიდი ოთახი და სამზარეულო გაერთიანებულია. ირაკლი ტახტზეა ჩამომჯდარი. ირინა სამზარეულოში ნამცხვარს აცხობს.

 

ირაკლი - მოგიხდა უჩემობა.

ირინა - შენზეც იმავეს ვიტყოდი.

ირაკლი - ახურებ... კაი დანგრეული ვარ.

ირინა - სვამდი?

ირაკლი - არა... უფრო ვბრაზობდი და ვბორგავდი.

ირინა - ეგ გამოგდის.

იარაკლი - ბორგვა?

ირინა - ბრაზობა.

ირაკლი - სხვა თვისებებითაც ვარ ცნობილი.

ირინა - ვიცი.

ირაკლი - ჰოდა, შენც ისევ მაგ თვალით გამამხედე.

ირინა (ჩაიცინებს) - სულ დურბინდით არ გჭვრეტდი, თანაც ვარდისფერლინზიანებით?

ირაკლი - წარსულ დროში ნუ მელაპარაკები... მერედა, გაწმინდე ეს შენი ჭოგრიტი და გადაფანტე შავი ღრუბლები.

ირინა  (ყავას ასხამს ჭიქაში. დაღლილად.) - კარგი რა...

(პაუზა)

ირაკლი - გაწვალებენ ბავშვები?

ირინა - (ყავა მოაქვს.  დაბალ მაგიდაზე უდებს ტახტთან) - უფრო გიო, მაგრამ მიფრთხილდება ისიც... გაღვიძებისას გვაქვს ბოი, ბალიში მომიქნია დღეს.

ირაკლი - ანა?

ირინა - ანა ჩაცმული და, სკოლისაკენ ჰერი-ჰერი, გამზადებული დამხვდა.

ირაკლი - ჰო, ანა წესრიგა გვყავს, დედიკოს გოგოა... გიო ხომ არ ზარმაცობს?

ირინა - არა, ცოტა იმ გოგომ აგვიბნია ტვინი, მაგრამ ყოჩაღ, კარგად სწავლობს. დაინახა, რომ დაუფასდა და... მძიმე ასაკი კი აქვს...

ირაკლი - (  წამოდგება ფეხზე ჭიქით ხელში) ... და როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მამა, ის გასულია მომსახურების არედან, მოხეულია... შენი გადაწყვეტილებაა, ჩემო... (პაუზის შემდეგ მოსვამს ყავას).

ირინა  (ირონიულად) - ძალით ვერ დაამთავრე?

ირაკლი - მართალი ხარ... ჩემო სიცოცხლე. ჩემი სიცოცხლე ხარ, აბა, რა ხარ?.. მაგრამ არაო და, ძალას ვერ დაგატან.

ირინა  - აღარ გააგრძელო. ნათქვამი გვაქვს ყველაფერი.

ირაკლი (გაბრაზებით) - რა ყველაფერი?..  რომ ატრაკებ და უკან არ იხევ?

ირინა - ისევ თავიდან... არ ვატრაკებ, დავიღალე!..  არ გინდა არაფრის გამოცვლა. ჰოდა მიდი,  იარე ამ შენს გზაზე...

ირაკლი  - ოცდასამი წლის თავზე აღმოაჩინე , რომელი გზითაც მივაბოტებ? აქამდე სხვა შარაზე და ჰაივეიზე მხედავდი გადებულს?... შენ და ბავშვები ხართ ეს „ჩემი გზა“... რას მახსნევინებ...

ირინა    - გეყო... ცოტა ვილაპარაკეთ?.. ხომ ვხედავ, რომ შენც დაიღალე...

ირაკლი  - ცდები, მე არ და ვერ ვიღლები... შენ ხომ იცი (ჩაიცინებს).

ირინა - ნუღარ მახსნევინებ, გთხოვ.

იარაკლი (აგრესიულად ჩაიქნევს ხელს) - გეყო... მორჩა.

ირინა - ჰოდა, მორჩა... სხვა თემაზე ვართ შეხვედრილები.

ირაკლი - (მოსვამს.  დამშვიდებულად.) - რაო, რა გვინდაო?

ირინა - აი, მოვლენ და იტყვიან.

ირაკლი (ბრაზი არა აქვს განელებული. თავიდან აინთება ) - რას გვეტყვიან?!  მხეცი კალგოტკები და ტყვიაგაუმტარი, უმაღლესი ხარისხის ლიფები გამოიფინება თქვენს თავზე, ბანერზე,  ახუიტელნი ნაშებზე, სულ ტოპ-მოდელებზე ზედ დამკვდარი, ნაკლებს რავა გაკადრებთო?!.. შალვიკა პაპა კი გლიჯავდა ეგრევე დუპლეტს თავისი ლებოს თოფიდან.

ირინა - წყალი ჩაუვიდათ გუშინ ჩვენგან. გამოსაცვლელია მილები.

ირაკლი - შენი უარი ვერ დაიჯერეს?.. ვაჭრობის იმედზე არიან?

ირინა - კი ვუთხარი და...

ირაკლი - რა ხალხია?

ირინა - რა გითხრა?.. არც შესახლებულან დაბლა ბინაში ჯერ. რემონტს მორჩნენ. ეზიდებიან ავეჯს.

ირაკლი  (ბრაზობს ) - ...  და პირდაპირ ბანერი მოითხოვეს თავზე გვირგვინად დასადგმელად?

ირინა  - არ მანერვიულო, გთხოვ, ისედაც სიმწრით მიჭირავს თავი... (ნამცხვარს მიუბრუნდება) ცოლი იყო ამოსული გუშინ, ლელა ჰქვია, თუ არ ვცდები: ჩემი ქმარი მოვა ხვალ, თქვენ თქვენსას დაუძახეთ და დავილაპარაკოთო.

ირაკლი - სადაურები არიან?

ირინა - არ ვიცი, არ მიკითხავს და აქცენტზე ვერ მივხვდი.

ირაკლი - დაბერილი ტუჩებით, ფიტნეს კლუბში ნავარჯიშები, დაღლილი მზერით მართავს უზარმაზარ ჯიპს და...

ირინა - რომ იცოდე - არა... ნუ , ოდნავ დაბერილი არის.

ირაკლი - იციან, რომ  პაპაჩემის აშენებულია ეს სახლი?

ირინა - ამდენის თქმა ვერ მოვასწარი. ცოტა ხნით შემოირბინა, ყავაც არ დალია. შეხვედრაზე შევთანხმდით.

ირაკლი -  ბავშვებს უთხარი ჩვენ შესახებ?

ირინა - თვითონაც ხვდებიან. დიდები არიან.

ირაკლი - გიოს გავუარე სკოლაში გუშინ. დავაპირე ლაპარაკი, მაგრამ ამიცილა, არ გამაგრძელებინა... არ უნდათ დაჯერება... მეც ვერ მჯერა...

ირინა (თემას გამოცვლის) - ... ცოტაც და  მზად იქნება ჩემი ნამცხვარიც (გაზქურასთან ფუსფუსებს).

ირაკლი - ... ცოტაც და, წესით, ისინიც უნდა მოვიდნენ (კედლის საათს ახედავს). გრაფინი მომეცი, ღვინოს ჩამოვასხამ. ანდრომ გამოაგზავნა კახეთიდან და გუდის ყველი ზღაპარი.

ზარის ხმა. ირინა კარს აღებს. ლელა და გუჯა შემოდიან.

გუჯა - კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს ოჯახში.

ირაკლი - გამარჯობა (ხელს ართმევს გუჯას. ლელას თავს უკრავს.)

ერთმანეთს ესალმებიან.

ლელა (თვალს მოავლებს ოთახს) - რა კარგია ძველი გარემო, სურნელიც კი რომ არის შემორჩენილი... დღემდე ვგიჟდები.

გუჯა (ჩაიბურტყუნებს) - ჰო, ძველი კარგია...

ირინა - დაბრძანდით... ჩაი, ყავა?.. ნამცხვარი გამოვაცხვე. ამბობენ, გემრიელი გამომდის.

ირაკლი - ღვინო არ მიდის ნამცხვარზე. კახეთიდან გამომიგზავნა ძმაკაცმა და თუ ინებებთ...

გუჯა - მე სიამოვნებით.

ირაკლი - ირინ, გუდაც დაგვიჭერი.

ლელა - მე ყავას დავლევ ( დადის ოთახში. ბუხარზე შემოდებულ ფოტოებს ათვალიერებს). როგორი სხვა იერები ჰქონდათ ადრე ხალხს... თქვენი წინაპრები არიან?

ირინა - ჩემი და ირაკლისაც... აი,  ირაკლის პაპა, შალვა, მან ააშენა ეს სახლი (ფოტოზე ანიშინებს).

ლელა - გევხართ (ირაკლის გამოხედავს).

გუჯა (ისიც მივა ბუხართან, ფოტოს დახედავს.) - მართლა გევხართ... ჯიში, ძამიკო, ჯიშიო, როგორც იტყოდნენ...

ლელა - და დღეს რა სასაცილოები არიან, მშრალ ხიდზე რომ ყიდულობენ ძველ ფოტოებს... აი, ასეთი გარეგნობის, ლამაზად გამოწყობილი ადამიანების ფოტოებს და სახლში რომ დებენ გამოსაჩენ ადგილას, ვითომ მათი შთამომავალნი არიან...

ირაკლი - ჰო, ამბის გარეშე ხალხია და... (შეწყვეტს) ამ დროს  ყველას აქვს თავისი ამბავი.

გუჯა - ზოგს დიდად არ მოსწონს საკუთარი „ამბავი“ და სხვისას იბრალებს.

ლელა - ბებიაჩემის ძველისძველი განჯინა წამოვიღე. ისე მოუხდა დიდ ოთახს... სულ თავიდან გავარემონტებინე,  პეტლები ჰქონდა  ჩამომძვრალი და ერთი კარიც მოტეხილი... ორი ათასი დამიჯდა. ძალიან მეძვირეები გახდნენ ხელოსნები...

გუჯა - ყველაფერი გაძვირდა... მშვენიერი ღვინოა. მე ჩემსას გაგასინჯებთ შემდეგზე. თუ მეზობლობაა... „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“... ხომ გაგიგონიათ?

ლელა - ანგელოზებზე შევიშალე სადარბაზოში. უფრო მაგ ენჯელებმა გადამაწყვეტინეს ამ ბინის ყიდვა... რომ შემოვედი ამხელა, უზარმაზარ სადარბაზოში და თითქოს შემომეგებნენ ციდან (ხელებს შეართებს და ნეტარად აიხედავს ჭერში).

ირაკლი - იტალიელი კედლის მხატვრები ჩამოაყვანინა პაპამ სპეციალურად. ცოლს გაუკეთა საჩუქარი სახლის სახით... ეტყობა, ბევრი ცოდვის სანაცვლოდ (ჩაიცინებს და ღვინოს მოსვამს.)

გუჯა - ქალი ძვირი გიჯდება... ფულს არ ვგულისხმობ. ერთ, პატარა გადახვევას უთუს ბირად გიჯენს (გაეღიმება, ლელას გახედავს. ლელა გადაიკისკისებს.)

ლელა - თქვენ გაძლებას ვერაფრით გამოისყიდით... მითუმეტეს, შენსას, გუჯიკო (კისკისი)... ისეთი მყავს, ისეთი...

გუჯა - ჰო, კარგი, გეყო... ჩვენ რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ? (სიცილით მიურტყამს ჭიქას ირაკლის.)

ირაკლი - გეთანხმები ბოლომდე.  ნეკნი ხომ წაიღეს და გულზეც უნდათ დაპატრონება.

გუჯა - კი, მტაცებლები არიან, ვერ დაანაყრებ...

ლელა - ახლა შენ გაჩუმდი!.. თქვენ რომ ხართ - ტიფასა. ყოველდღე ძეგლი უნდა დაგვიდგათ (ირინას მოიშველიებს დამხმარედ).

ირინა - მართლა ბევრს გვამადლიან საკუთარ თავს...

ირაკლი - ორი-ორზე გავიყავით?.. გოგოებო, გაგიმარჯოთ!

გუჯა - გაუმარჯოთ ჩვენს მშვენიერ ქალბატონებს!

ლელა - ამ ნამცხვრის რეცეპტი მინდა, თუ სეკრეტი არ არის. გადავირიე, ისე მომეწონა.

ირინა - ჩაგაწერინებთ.

გუჯა - მაშინდელი გადასახედიდანაც კაი ძვირი დაუჯდებოდა პაპათქვენს ამ სახლის აშენება. თავადებს ფული არ ჰქონდათ და... რა მოხელე-ნაჩალნიკი... ფოტოზე ვნახე, ოფიცრის ფორმაშია.

ირაკლი - სამხედრო იყო, გემის კაპიტანი... ფარტმა გაუმართლა. ადესაში ბანკი მოხსნა.

გუჯა (დაბნეულად) - ბანკი გაიტანა?

ირაკლი - არა. კარტში მოიგო.

გუჯა - ჰო, თორემ სულ ბანკი და სესხბანკი... მეც რამდენჯერ შემომთავაზეს - გავხსნათ, გახსენიო, მარა, არა... არ არის ჩემი ბიზნესი...

ირაკლი - ჰო, ბანკები ტეხასში ტეხასელებმა უნდა გატეხონ.

გუჯა - ბატონო?

ირაკლი - არაფერი, ფილმიდან არის.

ლელა (ირინას) - ჩვენი ბიჭები ერთ კლასში რომ სწავლობენ... (ოდნავ უცნაური დაკვირვებით).

ირინა - მართლა? კარგია.

ლელა - ყველა ვარიანტში მთაწმინდაზე ვაპირებდით სახლის ყიდვას და თემურიკოც აქვე შევიყვანეთ სკოლაში სამი თვის წინ... სანამ უცხოეთში გაგვიშვია.

ირინა - კარგი სკოლაა. მთავარია, ბავშვმა მოინდომოს სწავლა.

ლელა - მართალია, მთავარია, ბავშვი რას იზამს, თორემ... ხულიგნობაც ყოფილა მანდ... დღეს ბულინგს რომ ეძახიან (მრავალმნიშვნელოვნად).

ირინა (ჩაილაპარაკებს)  - ამ ასაკში ყველგან ხდება.

ლელა - ხოო ... (ხელებს დაილაგებს მუხლებზე).

გუჯას ტელეფონი რეკავს.

გუჯა - არა-თქვა. მაგას რომ გონია... ბებია უჭყავის... კარგი, მაცალე საქმეზე ვარ. მე თვითონ დაველაპარაკები.... (ტელეფონს გათიშავს, ჯიბეში ჩაიდებს და საქმიანად მიუბრუნდება ირაკლის) რა ხდება ტელევიზიაში?

ირაკლი  - როგორ?

გუჯა - არა... ვიცი, რომ ტელევიზიაში მუშაობთ და ფილმებს იღებთ დოკუმენტურებს.

ირაკლი - კი, შეკვეთა მაქვს აღებული. უცხოელები არიან, ბრიტანელების დაკვეთაა. ბუნების დაცვის პროექტია. ჩვენი ნაკრძალების დაცვა, მოვლა და ასე შემდეგ.

გუჯა - გაჩეხეს ქვეყანა... ვინც მაგით შოულობს ფულს!... შვილები არ ჰყავთ, თუ არ უყვართ?!.. გადარიცხული მაქვს მასეთ ფონდებში ბლომად.

ირაკლი - ფულიც სჭირდება და გარჯაც, თორემ...

გუჯა - ... თორემ „თუ ფეხშიშველამ არ გაიარე ცვრიან ბალახზე, რაა მამული...“ ეჰ, სადღა აქვთ ეგ გაგება.

ირაკლი - ჰოდა, ეგ გაგებაა მთავარი...

ირინა (შეაწყვეტინებს) - მე არქეოლოგი ვარ.  გათხრებისას, მიწის ჩიჩქნისას, წარსულთან ძლიერი  კავშირი მყარდება. ყოველი ნაპოვნი ნივთი, ძველ ამბავს გიყვება ახლებურად. შავ-თეთრი ფირივით , კადრებად შეგიძლია აღიდგინო მათი შემქმნელის ყოფა, შრომა...

ირაკლი (გააწყვეტინებს. ირონიულად.) - ...შრომით დაღლა, მერე ცოტა დალევა და კონფლიქტი ოჯახში...

ირინა  (ირაკლის გახედავს) - რომ იცოდე, ამასაც დაინახავ, თუ მოინდომე... გაყვები ნივთს, მის გამკეთებელსაც დაინახავ... და ოჯახში უთანხმოებაც იკითხება ნაკეთობაში,  თუ კარგად დააკვირდები...

გუჯა (ნიშნის მოგებით) - მაი კინოა უკვე.

ირაკლი - უფრო მწერლობა.

ირინა - არც ერთი ვარ, არც მეორე, მაგრამ... მოკლედ, ნაპოვნი ნივთი თავისას გიყვება.

ირაკლი (ისევ ირონიულად) - ბრაზიანად გაკეთებულის გამორჩევაც შეგიძლია?

ირინა - კი, ირაკლი, შემიძლია.

ირაკლი - და რაო? ცოლთან ნაჩხუბარი სხვა ჯანით ზილავს კაცი თიხას და ოდნავ უხეში გამოსდის?..

ირინა - საქმეს სიმშვიდე სჭირდება.

ირაკლი - ბრაზიც მოსულა, ხანდახან უხდება საქმეს, გემრიელ შტრიხებს მატებს.

გუჯა - ბიზნესშიც ეგრეა... არ იქნები აგრესიული და შეგჭამენ.

ლელა - თქვენ როდის დაოჯახდით... და როგორ გაიცანით ერთმანეთი, თუ სენსიტიური თემა არ არის?

ირინა - ოცდაათის ვიყავით, გიო, რომ გაგვიჩნდა.

ლელა - უი, ჩვენც ზუსტად... ცოტა დაგვიგვიანდა... ერთი თაობა ვართ... და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ირინა (ირაკლის გახედავს) - ორივე გაშორებულები ვიყავით პირველ ქორწინებაში. შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. საერთო მეგობრებთან შევხვდით და...

ირაკლი -  ... და აგირიე ტვინი ლამაზ გოგოს...

ირინა (ჩაეცინება) - არა... კარგი იყავი მართლა...

გუჯა - ახლა რა, სიბერე შემოგვეპარა თუ რა?!.. ბეჭებზე დავდებთ ამ ახალგაზრდებს...

ლელა - ჩემმა გუჯიკომ არც აცია, არც აცხელა, ჩამაგდო მანქანაში და მომიტაცა... მეც მიყვარდა შორიდან, მაგრამ ვერ ვბედავდი... დიდხანს არ გვიჩნდებოდა ბავშვი, თემურიკო... ჩემი სინათლე... (სიგარეტს გააბოლებს). წინა ქორწინებიდან გყავთ შვილები?

ირინა - არა.

(პაუზა. ირინა სამზარეულოში ტრიალებს).

ლელა - ...დედა, რა ქალაქია მილანი!.. ხაართ ნამყოფი?

ირინა - არა.

ლელა - მსოფლიო მოდის დედაქალაქია, და სწორედ მანდედან ჩამოგვაქვს ყველაფერი საუკეთესო...

გუჯა - პარიზიდანაც...

ირინა   - პარიზში წავედით მე და ირაკლი გაცნობიდან რამდენიმე დღეში. ორივეს გვქონდა შენგენის ვიზა. გავიპარეთ სუფრიდან და მოვხიეთ... მაშინ სხვა პარიზი იყო.

ირაკლი - პარიზი ყოველთვის პარიზია.

გუჯა - იქაც ბევრი იცვლება. ხშირად მიწევს სიარული და, გადაშავდა პარიზი. შეჭამეს არაბებმა. ჩხუბიც მომიწია მანქანის გაჩერებისას... თავხედობენ ნამეტანი და გასდით... ბევრის უფლებას აძლევენ ეს ფრანგები.

ლელა - ბავშვები ჯობია ამერიკაში გავუშვათ სასწავლებლად. კი შორია, მაგრამ თემურიკოს იქ შევურჩიეთ უნივერსიტეტი.

გუჯა - სწავლაში ფული არ უნდა დაინანო, თორემ იქნებიან მთელი ცხოვრება  ვიღაცების მომსახურებაში... ძვირი გახდა განათლება, მაგრამ მაგისთვის ვშვები ამ ბიზნესს... მთავარია, უკან უნდა მოუნდეთ დაბრუნება... არ მოინდომებს თემურიკო და ჩამოვათრევ ყურით..

ლელა (გაღიზიანებულად) - არ დასჭირდება თემურიკოს არაფრის შეხსენება.

ირინა - ძვირია, მართლა ძალიან ძვირია. ჩვენმა გიომ იყოჩაღა, სრული გრანტით მოეწყო გერმანიის უნივერსიტეტში, გაისად მიდის, თორემ მთელი სახლიც რომ გაგვეყიდა, მხოლოდ ერთ წელიწადს თუ გავქაჩავდით.

ლელა (დაძაბულად) - გიოზე მითხრა თემურიკომ... კარგად სწავლობსო და... ლიდერი, ყოჩიაო სკოლაში.

ირინა - მძიმე ასაკი აქვთ. მანერვიულებს ბევრს. ყველაფერზე პროტესტს აცხადებს... (უფრო თავისთვის)  თუმცა, უკვე დიდი ბიჭია...

ლელა - აგრესია და... ეს ბულინგია თურმე სკოლაში გამძვინვარებული...

ირინა  (ცერად გახედავს) - ყველგან ხდება.

გუჯა - ბიჭებმა ცოტა უნდა იჩხუბონ, აბა...

ლელა - ჩვენი თემურიკო ისეთი უკონფლიქტოა და... პოზიტიური...

გუჯა (გაბრაზებით) - რას ნიშნავს პოზიტიური... ვაჟკაცია და თუ საჩხუბარია, იჩხუბებს, მა რა უნდა ქნას?..

ლელა - ...ჰოდა... (ვერ დაამთავრებს).

გუჯა (ბუხართან მივა. ფოტოს დახედავს.) - ეს აფხაზეთის ომის არის? (ირაკლის ჰკითხავს. ის თავს დაუკრავს.) ეჰ, რა ბიჭები დავკარგეთ... მეც ვიყავი, ორგანოებში ვმუშაობდი მაშინ, ლაბრასთან ვიდექით...

ლელა (ბუხრის გვერდით, კედელზე დაკიდებულ, კიდეებჩამომტვრეულ პატარა თეფშთან მივა) - ეს რა მშვენიერებაა!

ირინა - ჩემი პირველი ნაპოვნია... სტუდენტობისას, ბოლნისის გათხრებში ვიპოვე... არც ისეთი ძველი და სამუზეუმო ექსპონატი აღმოჩნდა და მაჩუქეს, გამომატანეს სამახსოვროდ.

ლელა - ნეტა რა ხელმა შექმნა... შესანიშნავია... შეიძლება ჩამოვხსნა?

ირინა - მე ჩამოვიღებ (მოხსნის კედლიდან და მაგიდაზე დადებს. ლელა ფრთხილობს ხელის შეხებას. აღტაცებული აკვირდება.)

ირაკლი - ეს თეფში  ნამდვილად არ არის ბრაზიან გულზე გაკეთებული... გარკვეული გვაქვს მისი ამბავი. ბედნიერი, მრავალშვილიანი ოჯახის მამამ შეთიხა გემოზე (ირინას გაუღიმებს.)

ირინა - ან დედამ...

ირაკლი - ჰო, ამ თემაზე არ ვდაობთ. ცოლ-ქმარმა ერთად შეთიხა და გამოწვა ღუმელთან მყუდროდ მოკალათებულმა.

გუჯა (ჩაფიქრებით)  - სად გაქრა სიმყუდროვე?.. მუდმივი დავიდარაბა არის ყოფაშიც და ბიზნესშიც... იქ, საქმეში მოსულა, სხვანაირად არც გამოგივა რამე, მაგრამ ამ ერთ ციდა სიცოცხლეში  რა გაჩხუბებს, ადამიანო?.. (ღვინოს დაისხამს.)

ლელა  (ნიშნის მოგებით) - უფროსებს ჭკუა არ ყოფნით... მაგრამ ბავშვებშია საშიში და ხშირი აგრესია... აი... თქვენთვის არ მოუყოლია გიოს?  (ირინას მიმართავს.)

ირინა - რა?

ლელა - არ მინდოდა მეთქვა... პატარა უთანხმოება მოსვლიათ ერთმანეთში...

გუჯა - ვის?

ლელა - არაფერი, გუჯიკო... წაკამათდნენ... თემურიკო ახალი გადასულია, არავის იცნობს... უკონფლიქტოა ძალიან, ხომ გითხარით, მაგრამ ვიღაც ბიჭს, გიოს მეგობარს გაუბრაზებია და დაურტყამს მისთვის თემურიკოს... იმ ბიჭს კი გიო გამოსარჩლებია...

გუჯა - წარბგახეთქილი რომ მოვიდა სახლში, მოპედიდან გადმოვვარდიო?..

ლელა - ჰო, აღარ გითხარი.

გუჯა - რას მიმალავ, ქალო?!

ლელა - არაფერი ისეთი...

ირაკლი - და რაო, როგორ მოხდაო?

ლელა - რაღაც უმიზეზო მიზეზით წაჩხუბებულან თემურიკო და გიოს მეგობარი... და მერე... გიო ყველაზე გამოსული ბიჭია სკოლაში... თემურიკოსგან ვიცი...  და... დიდობენ კიდევ... და გარჩევა დაიწყეს... და ბულინგი...

გუჯა - რა ბულინგი, გოგო?

ლელა - არაფერი... წაიჩხუბეს და შერიგდნენ მერე.

ირაკლი - იცით, რომ შერიგდნენ?

ლელა - კი, აბა... მერე მანდატურიც ჩარეულა, პატრულს იძახებდა. დირექტორმა არ ქნა...

გუჯა - მერე?

ლელა - რახან თემურიკოს ჰქონდა წარბი გახეთქილი... გინდა თუ არა, გვითხარი, ვინ დაგარტყაო...

გუჯა - მერე?

ლელა - თემურიკომ - კიბეზე დავეციო... ვერ გატეხეს...

ირინა (სამზარეულოში მაგიდას წმენდს. ჩაილაპარაკებს) - გიო არაფერს გვიყვება სახლში.

ირაკლი - რა გინდა, ჯიგრულად, ბიჭურად გაიცნეს ერთმანეთი... თითქმის ყველა ძმაკაცთან ნაჩხუბარი ვარ...

ლელა (ირონიულად) - და ურტყამდით თქვენს ძმაკაცებს?

ირაკლი (დაბნეულად) - ნუ... ისინიც მირტყამდნენ...

გუჯა (ლელას) - აქამდე უნდა გეთქვა ჩემთვის... ჰო, მართალი ხართ (ირაკლის მიარტყამს ბეჭზე ხელს), კაცურად გაიცნეს ერთმანეთი.

ირინა (ოდნავ არეულად. დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს) - ირაკლის პაპამ, შალვიკამ, თავისი მეგობარი დაჭრა დუელში...

ირაკლი - არ იყო ის მეგობარი, პადლეცი იყო. ძლივს გადარჩა.

გუჯა - რა ქნა ამისთანა?

ირაკლი - მეგობრობის ამბავი იყო. შალვიკას ძმაკაცთან ერთად ყოფილა ის ჩემისა რუსეთის რომელიღაც კაბაკში. იქ სხვა დივიზიის სამხედროები დაუგესლია მთვრალს, ჩხუბი წამოუწყია და საქმე-საქმეზე როცა მიდგა, თავად გამქრალა, გაქცეულა... შალვიკას ძმაკაცი კაზაკებმა აჩეხეს ხმლებით...

ლელა - აი, პარიზის ქუჩებში რომ დავდივარ, სულ სამი მუშკეტერი, დარტანიანი და კონსტანცია ბონასიე მელანდება... იმდენი ვიტირე ბავშვობაში... რა კარგია ბაიარსკი მაგ როლში.

გუჯა - სადღაა მაგ პარიზი. აგერ, ბოლო ჩასვლაზე, ტავარი იყო შესარჩევი... ყველაზე ცნობილი ფირმაა მანდ და მთელ მსოფლიოშიც, და აქაც შემოვიტანე უკვე... და კაცი იყო ის მენეჯერი თუ ქალი, ვერ გევერკვიე დღემდე... არ გავდა არცერთს.

ირაკლი (სიცილით)  - დუელში გამოსაწვევი ვერ იყო?

გუჯა (ისიც იცინის)  - რაის დუელი... მარა, საუკეთესო საქონელი კი აქვთ, მონიკა ბელუჩიც მათი სახეა და კიდო...

ირაკლი - ...ძუძუ?

გუჯა - ვერ გავიგე?

ირაკლი - ლიფების ფირმა არ არის?

ლელა (ირინას) - ბიუსგალტერები, ტრიკოტაჟი, ანჟელიკას ლიფები, კალგოტკები, უმაღლესი ხარისხის... და სწორედ მაგის ბანერი გვინდა...

ირაკლი - ბანერზე სალაპარაკო გვაქვს...

ლელა - აი, ნახეთ... (ჩანთიდან იღებს ალბომს და ირინას აწვდის. კედლიდან ჩამოღებულ თეფშს ხელს გაჰკრავს. თეფში მაგიდიდან გადმოვარდება და ტყდება.) - ვაი!

ირინა - ვაი! (დამტვრეული თეფშის ნატეხებს აგროვებს.)

ირაკლი და გუჯაც მივლენ მაგიდასთან.

ირაკლი - დაწებდება? (ირინა გაშეშებული დგას. ხელისგულებზე თეფშის ნატეხები უჭირავს.)

გუჯა - რა უხერხულია... (ირინას) რა ცუდად გამოვიდა...

ლელა - დედა... ცუდად ვარ... შაქარმა დამიწია... (თვალებგადაკარკლული გადავარდება სავარძელზე).

გუჯა - ტკბილი, ჩქარა!

ირაკლი - ირინ... ჰეი, ირინ! (ირინა გათიშულია. დამსხვრეულ თეფშს დაჰყურებს) რამე ტკბილი გვაქვს სახლში?

გუჯა - ნამცხვარი არ წავა... ან შოკოლადი ან თაფლი.

ირინა (გონს მოეგება დუნედ) - თაფლი მაქვს რაჭული (ნატეხებით ხელში სამზარეულოში გადის. ცოტა ხანში ბრუნდება. თაფლის ქილას და კოვზს აწვდის ირაკლის).

გუჯა - მე მომეცით (ართმევს. კრიჭას უღებს ლელას.) სუპის კოვზი ხომ არ გაქვთ?.. ლელა! ლელა! (დაჰყვირის).

ირინა ისევ ოდნავ დაბნეულია. ირაკლის მოაქვს კოვზი. გუჯა ამოუსვამს ქილაში და პირში ჩაუდებს ლელას. ლელას თავიდან ხველა აუტყდება, კინაღამ დაიხრჩობა. გუჯა და ირაკლი შეახმარენ ხელს,  კომფორტულად მოათავსებენ სავარძელში. ცოტა ხანში გონს მოვა.

ლელა (ამოილაპარაკებს) - მეგონა მოვკვდი...

გუჯა (ნერვიულად ადგას თავზე) - ხომ გაიკეთე ინსულინი?!

ლელა - მოვკვდი... (გამოცოცხლდება) სირცხვილით მოვკვდი... ეს რა დამემართა...

გუჯა (აღელვებული ადგას თავზე) - ეგ არაფერი, გადავიხდით მაგისას, კაცო...

ირაკლი - შენ აქ ქარვასლაში ხომ არ გგონია თავი?!

გუჯა (ბრაზიანად შემოუტრიალდება.) - ე, როგორ?.. ერთი გახეთქილი წარბი კიდევ თქვენზეა...

ირაკლი - წამო, გავიდეთ.

გუჯა (პიჯაკს იხდის) - წამო!

ლელა (ისტერიულად) - ეგ არ მოხდება...  ამას მე ვამბობ, ქალი! (დემონსტრაციულად დგება ოთახის შუაში და თმას იშლის. დგას.)

ირინა დაბნეული უყურებს ფეხზე წამომხტარ ლელას. ირაკლი და გუჯაც მას მისჩერებიან.

გუჯა (პირველი მოეგება გონს) - კარგი, დაწყნარდი... შაქარმა იცის (ირაკლის და ირინას გახედავს).

ლელა (როლშია შესული. შაქრის შემოტევა აქვს.) - წვეთი, წვეთი სისხლი არ დაიღვრება აქ!.. მე ვამბობ, დედა და ქალი!...

გუჯა - ე, გოგო! (მივა, მიეფერება.) ლელა!.. აქ ვართ!.. აბა, შემომხედე. დამშვიდდი.

ირაკლი - ლელა, დაწყნარდი...

ლელა (აზრზე მოვა.) - უკაცრავად (სავარძელში ჩაჯდება).  შაქარმა იცის... ბოდიში, ავირიე.

ირინა - რა გირჩევნიათ, რომ მოგცეთ?

ლელა - არა, მადლობა, გადამიარა... უი, ეს რა ვქენი!.. (თეფში გაახსენდება და სახეზე აიფარებს ხელებს).

ირინა - ეგ არაფერი... ეგ არაფერი... დიდ ნატეხებად დატყდა, შევაწებებ...

გუჯა  (ირაკლისთან მივა.) - უკაცრავად, გავცეცხლდი.

ირაკლი - მეც ბოდიშს გიხდით (ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს.)

გუჯას ტელეფონი რეკავს.

გუჯა (ლელას) - დედაშენია. მეცხრედ რეკავს... (ყურმილს მიიდებს.) გისმენ, ლაურა... სად ხარ?.. არ ისმის... ჰო, საცობებია ყველგან... რა არ შეიძლება?.. ვაკეში ცხოვრება?.. მართალი ხარ, მართალი (ტელეფონს მოიშორებს და დემონსტრაციულად დაიგმინებს)... აქ არის ლელა, აქ... ცუდად ისმის, ლაურა... (გათიშავს) შემჭამა ამ ქალმა... (ლელას) შენ რატომ არ გირეკავს? სულ ჩემი ნომერი აქვს აკრეფილი...

ლელა (გამოცოცხლდება) - აბა, ზმუკი!.. ლაურა დედაა ჩემი (ირინას მიმართავს)... და მთელი ოჯახის დედაა! (გუჯას უყურებს გაბრაზებით.) კი დავტოვეთ მარტო...

გუჯა - ისე ამბობ, თითქოს უდაბნოში დავტოვეთ... ვაკეში, ოთხოთახიანში...

ლელა - მაგრამ მარტოა. თითქოს გავექეცით, ეგრე გამოდის და სწყინს...

გუჯა - რა სწყინს, ქალო?.. კატუშა იქ ყავს, ბავშვებიც სულ მასთან არიან, ჩვენც... მე დღეში ზუსტად ოცდარვა საათი სატელეფონო ხაზზე ვყევარ მუდმივ რეჟიმში... ჯანზეა, ჯვარი სწერია...

ლელა - ჰოდა, ეწეროს... (გაბუსხულია).

გუჯა (ირაკლის) - ვაკის პარკს ცხრა წრეს ურტყამს, სადაქალო გაიჩინა იქ... ბიზნეს-წერტილები აქვს ოხრად, ტყავს აძრობს მუშახელს...

ლელა (წამოდგება სკამიდან. გაკაპასებით.) - რა თქმა არის?!. არა, რა თქმა არის ეს?!

გუჯა - არაფერი ცუდი, ლელა, დამშვიდდი... უბრალოდ, იცის საქმე და ბევრ ახალგაზრდას რომ შეშურდება, ისეთ ჯანზეა... რა ვთქვი ცუდად?.. ნუ გადამრევ ახლა შენ (აფეთქდება ბოლოს)... (ტელეფონი  ისევ რეკავს) აჰა, დედაშენია! (ლელას)  რაო, რა მოხდა?.. რამე ხომ არ  დაგიშავდა?.. რა გჭირთ დედა-შვილს? (ისევ ლელას გახედავს).

ლელა (დაფეთებულია) - რა მოხდა?

გუჯა - დაწყნარდი, არაფერი სერიოზული... ჰო, ლაური... დაიმტვრა მანქანა?.. ვისი ბრალი იყო?... პატარა ავარია მოსვლია (ლელას) .

ლელა - დედა!

გუჯა - არაფერი... მიარტყა თუ მიარტყეს პატარაზე... (აგრძელებს ტელეფონზე ლაპარაკს) არ დაძრა მანქანა, ლაურა, ჰო, დაზღვევას და პატრულს გამოუძახე.... საქმეზე ვართ და მოვიდეთ?.. კარგი, მე გამოვუძახებ დაზღვევას (გათიშავს ტელეფონს).  გადამრევს ეს ქალი.

ლელა (ნაწყენად) - გეყოფა დედაჩემის აუგად მოხსენიება... (მერე უცბად გამოცოცხლდება) რამე ხომ არ დაიშავა?

გუჯა - არა, კაცო... საცობში ოდნავ მიასკდნენ ერთმანეთს.

ლელა - მიასკდნენ?!

გუჯა (აყვირდება) - ნუ შემშლი ახლა!.. არაფერი-თქვა... კიოდა, ანგრევდა იქაურობას.

ლელა - წავედით!

გუჯა (ტელეფონი ისევ რეკავს) - გისმენ, ლაურა... მოვიდეთ?.. ვინ არის?.. პატარა გოგოს მიჯახებია (ლელას)... კარგი, ნუ გაუჯავრდები... ვიცი, რომ არ იციან ბავშვებმა ტარება... კაი... გამოგიძახებ დაზღვევას... რაა?.. უკვე მანდ არიან?.. ყოჩაღ, ეს ქალი, დაუწიოკებია იქაურობა  (თავისთვის)... ნუ მოიშლი ნერვებს... კაი... (გათიშავს ტელეფონს.) ბოდიში (ირაკლის მიმართავს).

ლელა  (ირინას) - თქვენ დედა გყავთ?.. ანუ... ზოგადად ცოცხალი... კი არა...

ირინა (დარდიანია. თეფშის ნატეხებს ათამაშებს ხელში.) კი... არა (გონს მოეგება) შარშან გარდამეცვალა (ისევ ჩაფიქრდება).

ირაკლი (გუჯას) - იშვიათი ადამიანი იყო ლენა, ირინას დედა... წელიწადიც არ გასულა ჯერ... მისი ხსოვნისა ვთქვათ (ჭიქას მიურტყამს).

გუჯა - ნათელში ამყოფოს.

ირაკლი და გუჯა განზე გადიან. მათი საუბარი არ ესმით ქალებს.

ირაკლი - ვმეგობრობდით,  უშეცდომო ქალი იყო.  ოცდათვრამეტი წლის ასაკში დაქვრივდა. გულით გარდაიცვალა ირინას მამა. და მას შემდეგ  სამ შვილს მარტოკა ზრდიდა, აღარ გათხოვილა... აი, ბუხარზეა მისი ფოტო, რა სილამაზის ქალია.

გუჯა (ჩაფიქრებით. ოდნავ უხერხულად. ბუხართან მივლენ.) ჰო, იყვნენ ადრე ქალები...

ირაკლი - დღესაც არიან...

გუჯა - მართალია, მართალი...

ირაკლი  (რაღაც წამოუფრენს) - ჰოდა, სწორედ მანდ ვბრაზობ ხოლმე, რომ: აი, ადრე იყო და ახლა - ვეღარ... რას ნიშნავს ვეღარ?!. (სასმელი მოეკიდა. გაღიზიანებულია.) რა, მაშინ ქაჩავდნენ  და დღეს - ვერა?..  ზუსტად იგივე ჩათლახობებთან ჰქონდათ ჩხუბი და შეხება... მარტო ქალზე არ ვამბობ... ნაღდი არის და იქნება სანამ ვართ, ვერ გადაშენდება, სანამ ბრუნავს...  საკვებსაც და საყრდენსაც მანდ ვეძებ და ვპოულობ...  დანახვა უნდა  და კაი დაძახება...  და ჰა, მოდი გავთხაროთ!.. (გაეცინება. დამშვიდებული ღიმილით გააგრძელებს.),  და ისეთივე კარგი თეფში გამოვწვათ და კოხტა ყალიბი მოვარგოთ, როგორიც  იმ ტკბილად მოღუღუნე ცოლ-ქმარმა  გააკეთა ღუმელთან ერთად შრომისას უთვალავი წლის წინ (გატეხილი თეფშისკენ გაიშვერს ხელს. ირინას უყურებს).

გუჯა - მართალი ხართ... დეფიციტში იყო და იქნება ყოველთვის მაი კაი გამონათებები, მარა, კიდევ რომ იქნება, ხომ ვიცით (ღიმილით მიმართავს ირაკლის. მხარზე მიარტყამს ხელს.).

ირაკლი - ჰო, გავტოპე... უბრალოდ, ძალიან იშვიათი და უცხო ხილი გახდა... არადა, არ არის უცხო...

გუჯა - მაგას თუ უცადე, როდის ჩამოივლის და დაგიქნევს ხელს: „აბა, მომყევიო...“, დიდხანს მოგიწევს ლოდინი... დასწრებაზეა ყველაფერი... და ეგ კარგი და გადასარევიც დასწრებაზეა, არ უნდა გაუშვა მომენტი, თუ არა...

ირაკლი (დაასწრებს. სიცილით.) -  ... другого шанса не будет.

გუჯა - ფილმიდან არის ეგეც?

ირაკლი - კი... მოდი... (დალევას აპირებს)

ლელა - გეყოთ ახლა... აქეიფდით ხომ?

გუჯა - ღმერთმა არ მოგვიშალოს ქეიფი... ძვირფას და კარგ სიტყვას ვამბობდით, მაინცდამაინც მაგ დროს რომ იცით ხოლმე ქალებმა  ჩარევა...

ლელა - დაგვისხით ჩვენც.

ირაკლი - ირინა არ სვამს.

ლელა - ვითომ რატომ?

ირაკლი - უფრო სწორად - ვერ. ალერგიულია.

ირინა მორჩილად დაუკრავს თავს.

ლელა - მე დამისხით, არ მწყენს, ნუ გეშინიათ... გუჯაც გამომითვრია გემოზე (გადაიკისკისებს).

გუჯა (მიდის და უსხამს ღვინოს)  - ბევრი კარგი რომ არის დაკარგული და მისი ანარეკლის პოვნაც რომ გვიჭირს დღევანდელ ყოფაში, აი, მაგის სადღეგრძელოს ვსვამდით ქალბატონი ლენას მოსაგონარში...

ლელა  - ნათელში იყოს თქვენი დედიკოს სული (ირინას მიმართავს).

გუჯა - მარა, სულ წარსულს რომ ვსდიოთ... სხვა რიტმია დღეს, სხვა ფხას და ჩაჭიდებას ითხოვს დღევანდელობა... გამოტოვებ ერთ ნაბიჯს და ხედავ, რომ ჩაგიქროლეს შენმა კონკურენტებმა, პაკაო, მოგაძახებენ მომავლიდან...

ირაკლი - ერთი მაგათი შუბაც...

გუჯა - არ არის მასე. საჭირო ხალხია ეგენი. სტიმულსაც გაძლევენ და ბრძოლისთვისაც განგაწყობენ.

ირაკლი (გამოერკვევა ფიქრებიდან) - მართალი ხართ, драка-ა მთელი ცხოვრება.

გუჯა - ჩემს საქმეში ეგრეა ირაკლი, ამ თვალით ვუყურებთ ერთმანეთს... მტრობას არ ვგულისხმობ მაინცადამაინც, თამაშის წესებია ასეთი...

ირაკლი - ბევრნაირი თამაშის წესი არსებობს (ჩაფიქრებით. მერე გამხიარულდება.) მაგრამ ყველა თამაშს ფარტი, იღბალი სჭირდება... შალვიკა პაპას რომ გაუგორა ყისმათიანად ადესაში, ისეთი.

გუჯა (ტელეფონი რეკავს) - ...რაო, ლაურა?.. რას იზამ, უზრდელები არიან დღევანდელი გოგოები... ვინ?..   პატრულია უზრდელი?.. შენი ბრალი არისო?..                 (გმინავს. ტელეფონს ყურიდან იშორებს.)... თუ შენი ბრალია, დაზღვევა აანაზღაურებს... კაი, რა მოხდა, შეიძლება შენც ვერ მოუხვიე სათანადოდ... მე რაღას გიბედავ?!.  დამშვიდდი, ლაურა... დაუძახე პატრულს, მესმის მისი ხმა... გამარჯობათ, ბატონო... გუჯა გახლავართ... მომისმინე წუთი, დამშვიდდით... თქვენ რაღა დაგემართათ?..  ასაკოვანი ქალია... არ არის საჭირო დამატებითი ეკიპაჟის გამოძახება...  არ ვართ უცხო ხალხი... მე გიხდით ბოდიშს... კაი, დამალაპარაკეთ ლაურას... (გაბრაზებულია). მისმინე აქეთ ლაურა. ახლა გაჩუმდები, რასაც და როგორც იტყვიან, ისე გააკეთებ, და ხმა, კრინტი და პატრულთან შეწინააღმდეგება   არ გავიგო!.. გესმის!.. ხო გაიგე კარქათ!.. ხო, ასე... დამშვიდდი და დადუმდი, ისუნთქე ღრმად... (ტელეფონის მუჭში დამსხვრევა უნდა).

ლელა - ნუ უწყრები მასე (გუჯას. შემდეგ ირინას მიუბრუნდება) გიყურებთ და ვკვდები... რაფერ გაგიტეხეთ გული...

ირინა (ჩაიცინებს) - თეფში... ეგ არაფერი. არ იდარდოთ, გთხოვთ... გამორჩეულად მიყვარდა  სხვა ნაპოვნი ნივთებიდან. ალბათ, პირველი რომ იყო, იმიტომ... თან დედაჩემმა შავი ღვინო დაასხა ზედ, სახლში როცა მოვქროლდი ნადავლით. ზურგჩანთაც არ მქონდა მოხსნილი, დედას ეგრევე ვაჩვენე. მეგობარი ჰყავდა სტუმრად, ლალიკო, კარგად მახსოვს. შავ ღვინოს სვამდნენ, აი, ამ მაგიდასთან ისხდნენ...  ახალგაზრდები იყვნენ... და, მოლოცვის ნიშნად, თითო ჭიქა ღვინო დააღვარეს  თეფშს დედაჩემმა და ლალიკომ, მონათლესავით... ნახეთ, ამ ნატეხზე კიდევ ეტყობა მელნისფერი ლაქა... (ლელა მძიმედ ჩაქინდრავს თავს) ხომ გითხარით, გთხოვეთ, არ იდარდოთ-მეთქი... უნდა გატეხილიყო ბოლო-ბოლო. არ შეიძლება საგანთან ასე მიბმა... ბევრს ველოლიავებოდი, სულ შიში მქონდა, არ გამტყდარიყო, კედლიდან არ ჩამოვარდნილიყო... ჰოდა, არ უნდა გქონდეს შიში, თორემ გატყდება ადრე თუ გვიან... და გატყდა.  

გუჯა - ...ჰო, ბოლო-ბოლო ყველაფერი ინგრევა.

ლელა  (ზევით აიხედავს) - უი, თქვენი ჭერი ჩვენსაზე მაღალია.

ირინა - კი, ოჯახი აქ ცხოვრობდა, ქვევით...

ლელა (გამომწვევად) -  ქვევით პრისლუგა ოყო განთავსებული?

ირინა - არა... ძიძები, ბავშვების მომვლელები, ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ... ადრე იყო ეს...

ირაკლი  (გააწყვეტინებს) - რევოლუციამდე, ხალხი ბნელი რომ იყო და ბავშვები განუვითარებლები...

ირინა (გააგრძელებს) - მარანი ჰქონდათ კიდევ დაბლა, ბევრი ჭურით, მერე ამოქოლეს და სარდაფად გადააკეთეს, რომელიც ახლა თქვენ გეკუთვნით მთლიანად... როგორც შევთანხმდით.

ლელა - სამაგიეროდ, აივანი გაქვთ უშველებელი.

ირაკლი - ეს სახლი, და გაყოლებაზე რამდენიმე, ისტორიულ ნაგებობებად არის გამოცხადებული. თორემ დაანგრევდნენ დიდი ხანია და აქანე კორპუსს ჩადგამდნენ და იქანე რაცხა უშველებელ სიმახინჯეს.

ლელა (ისევ გამომწვევად) - მთლიანად სახლი არაფრით დათმეთ, მხოლოდ ქვედა სართულის გაყიდვას დათანხმდით...

ირინა - არც ქვედა სართულის გაყიდვას ვაპირებდით, მაგრამ...

ირაკლი - ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ აქ და კიდევ მათმა...

ლელა (არ დაამთავრებინებს) - ... არადა, რომ შევხედე ამ მშვენიერ ნაგებობას, პირდაპირ ბანერი დავინახე მის თავზე და ჩვენი ფირმის რეკლამა ზედ.

ირაკლი - ბანერი არ იქნება.

გუჯა - ყველაფერს აქვს თავისი ფასი.

ირაკლი - ეგ გამოთქმა ძალიან არ მიყვარს...

ირინა  (ჩაერთვება) - უი, ბოდიში, სულ ამომივარდა თავიდან, წყალი რომ ჩამოგსვლიათ გუშინ ჩვენგან.

ლელა - თავიდან მომიწია შტუკატურების და სანტეხნიკების გამოძახება.

ირაკლი - გადავიხდით.

გუჯა - არა გრცხვენიათ... მეზობლები ვართ. წვრილმანია.

ლელა - პირდაპირ მეზობლებსაც შევთავაზეთ ბანერი და - არავითარი წინააღმდეგობა, სიამოვნებითაც დაგვთანხმდნენ.

ირაკლი - ვიცნობ, კარგი ხალხია... მერე? რა უდგას წინ?

ლელა - მაგრამ ჩვენსაზე... თქვენსაზე ბევრად უკეთ იყურება. ყველა ტოჩკიდან მოჩანს.

ირაკლი - არ გამოვა ეგ საქმე...

გუჯა - რამე ცუდი და იაფფასიანი კი არ შემომაქვს... მილანშიც, პარიზშიც, და ზოგადად მთელ მსოფლიოში წამყვანი ფირმაა...

ლელა (ირინას) - აი, გადაათვალიერეთ (ალბომს აწვდის), ვინც კი ტოპ-მოდელი და ლამაზი მსახიობი ქალია, ზედაა გამოჭიმული...

გუჯა (ლელას)  - გახსოვს, პარიზში, მთლად ტროკადეროსთან, რამხელა ბანერი იყო გაკრული შარლი სტერონით... მომკალი და, მირჩევნია ბელუჩის (ირაკლის).

ირაკლი - ორივე კაია, ქერა და შავგვრემანი...

გუჯა - ჰო, დაავლებდა კაცი ხელს და კარგ პაეზდკას მოიწყობდა ერთი... არა, ორი კვირით მაინც...

ირაკლი (სიცილით) - მეტითაც შეიძლება...

გუჯა - მულენ რუჟში ვიყავით ძმაკაცები... არაფრად ვარგოდნენ ვარიეტეს გოგოები... დაფასავით მკერდი ჰქონდათ ან გაკეთებული...

ლელა - აბა, გეყოფათ ახლა!

ირინა - მართლა გაჩუმდით!

ირაკლი - ესთეტიკურ სილამაზეზე ვლაპარაკობთ... თქვენ რა იფიქრეთ? (ირონიულად)

ირინა (ლელას) - და, ვაკიდან რატომ წამოხვედით?

ლელა (პაუზა. გუჯას გახედავს ცერად) - ცალ-ცალკე ვამჯობინეთ ყოფნა (ბრაზიანად აგრძელებს გუჯას  ბურღვას თვალებით). დედაჩემი ლაურა და მისი და, კატუშა, ტყუპები არიან, სულ მარტოკები დავტოვეთ...

გუჯა (სარკასტულად) - ტყუპები, თანაც ერთუჯრედიანი... თუ როგორც არის, მოკლედ -  ორი ერთნაირი... თან ხმაურია აბაშიძეზე, რა ფანჯარაც არ უნდა დააყენო ზვუკაიზოლატორიანი,  სულ ღმუილია მოტოციკლების და ამ ფირმა  სპორტული მანქანების... აფუჭებენ შვილებს. არ შეიძლება ასიათასიანი მანქანა აჩუქო თვრამეტი წლისას... გონიათ, კარგს უკეთებენ ბავშვებს... ისე დაბღუიან, იმ სისწრაფით, რაკეტასავით მანქანებით, რომ... ჯვარი სწერიათ.

ლელა (ირინას) - ჩვენ თემურიკოს საერთოდ არ ვანებივრებთ. ჰქონდეს ისეთივე, ჩვეულებრივი აიფონი, როგორც სხვებს... არ არის აუცილებელი, სულ ბოლო მოდელებით და ვერტუს ტელეფონით იმარიაჟოს... ცუდი ტონია. თავმდაბლობა -  უპირველეს ყოვლისა.

ირინა - თვრამეტი წლის რომ გავხდი, ბიძაჩემმა, მამას ძმამ, თავისი ზაპოროჟეცი მაჩუქა.  დაქალებთან ერთად გავღებეთ სხვადასხვა ფერად  და ამ აჭრელებული მანქანით მთელი საქართველო გვქონდა მოვლილი... როგორ ვეტეოდით შიგ ამდენნი?

ირაკლი - მახსოვს ეგ შენი მხიარული მანქანა... ერთიმეორეზე საუკეთესო გოგოები დაქროდნენ ქალაქის ქუჩებში, საჭეს ირინა მართავდა, და გვიჩქარებდნენ გულისცემას ბირჟაზე მდგომ ბიჭებს... მაგრამ მაშინ შორიდან ვიცნობდი  ირინას (გუჯას).  

ირინა  - ერთ პახოდში შევხვდით ერთმანეთს (ლელას მიუბრუნდება). ჩვენ ხთის ხეობიდან ვეშვებოდით, ეხლა რუსის სალდათი რომ დგას, ესენი ადიოდნენ. მეც შორიდან ვიცნობდი მაშინ ირაკლის... გოგოებიც გახლდნენ (ირაკლის). ნინა და მისი სამეგობრო გყავდათ მთაში წამოყვანილი... მახსოვს, მახსოვს (ნიშნის მოგებით. გაცინებით.)

ირაკლი - მეც მახსოვს... თქვენც გახლდნენ...

ირინა - მე გათხოვილი ვიყავი უკვე... სხვაგანაც ბევრჯერ შევხვედრივართ, მაგრამ მაშინ რა ვიცოდით... (ლელას)

ირაკლი (ბრაზნარევად)  - ...რომ ოცდასამი წელიწადი ერთად ვიქნებოდით, ორი შვილი გვეყოლებოდა და ერთი ხელის მოსმით... ჰოპა! (ტაშს მემოჰკრავს).

ირინა - ეს უკვე სხვა ფილმიდან არის.

ირაკლი (გაღიზიანებულია) - ერთი ფილმია თავიდან ბოლომდე...

გუჯა (ირაკლის. ცდილობს განმუხტოს სიტუაცია). - ტელევიზიაში კარგად იხდიან ფილმებში?

ირაკლი (ისევ გაღიზიანებულია). - საკმარისად... (მოეშვება, ღვინოს დაასხამს) არა, ცოტას. უცხოელების შეკვეთა თუ არის, კიდევ ნორმალურად, ეგეც კაპიკებია...

ლელა - და, ახალგაზრდების ბულინგზე არ გინდათ  გადაიღოთ?.. მიმაჩნია, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგევართ... ისეთი ტრავმა მიიღო ჩემმა თემურიკომ... ჯერ ბიჭებისგან, მერე მანდატურის და დირექტორის დაკითხვისას... მაგრამ გაუძლო ბავშვმა, ვერ გატეხეს ვერაფრით... და რომ ეთქვა?  (მრავალმნიშვნელოვნად).

ირინა (გაბრაზდება) - რა, აწამეს?.. რომ ეთქვა, რა?.. იქნებ თქვენი თემურიკოს წამოწყებული იყო ეგ ჩხუბი?.. და მოხვდა წარბში, როგორც ხდება ხოლმე, ბიჭურ ამბავში...

ლელა - მე ვთვლი... ისეთი წნეხი და ტანჯვა გამოიარა ბავშვმა, ზეწოლა... რომ ეთქვა... ქურდული გაგებით ხომ არ ვზრდით შვილებს?

გუჯა დააპირებს სიტყვის თქმას, მაგრამ ირინა გააჩუმებს.

ირინა (აგრესიულია)  - რა შუაშია ქურდული?.. ეთქვა მერე... თუ თქვენ მასე თვლით მართებულად...

გუჯა - გეყოფათ... რაებს ლაპარაკობ? (ლელას)... ისე,  მე ვიცი, რასაც გადიან დაკითხვისას... იოლად დასავიწყებელი არ იქნება თემურიკოსთვის.

ირინა (განერვიულებულია) - რომ ეთქვა, მოეშვებოდა?.. მერე მოეყოლა... არ ვამბობდი აქამდე, ირაკლისთვისაც არ მითქვამს.  მომიყვა ამ ამბავს გიო. მეზობლად რომ შემოსახლდით, მაშინ მომიყვა... თქვენს თემურიკოზე მითხრა, ვიცნობო. ჩხუბი მოგვივიდაო. ახალი გადმოსული იყო და ერთ ჩვენ  უწყინარ კლასელს, მიხოს (ვიცნობ მე მაგ ბავშვს), მიადგა და დაჩაგრაო. ჯერ მობილურზე დაუცინია: „ ეს რა ბანძობა გაქვს, სხვა ვერ გიყიდესო?..“  მერე მშობლებზეც გადასულა: „ თუმცა, შენი მშობლები როგორი მანქანითაც დადიან, ეგეთივე ტელეფონიც გაქვსო“ ...   დამამახსოვრდა ფრაზები... და გიომაც გლიჯა...

ლელა (ფეხზე წამოხტება. გუჯას ხელის მოძრაობით გააჩუმებს) - რას ნიშნავს „გლიჯა“?.. აი, მართლა უნდა ეთქვა თემურიკის... სხვა დროა უკვე და მორჩა ძველებური ხედვა... აუცილებლად, აუცილებლად უნდა ეთქვა და მერე ვნახავდით...

ირინა (ისიც ფეხზეა წამომხტარი) - რას ვნახავდით?.. ვერტუს  არ ყიდულობთ ბავშვისთვის, მაგრამ ოცნებად აქვს და მაგ გადმოსახედიდან აფასებს ადამიანებს - მობილურებით... იჩივლეთ, თუ გნებავთ... ბანერი კი არ დაიდგმება!..

გუჯა - ბანერი ბიზნესია, არაფერი პირადული...

ირაკლი - ეს გამოთქმაც ძალიან არ მიყვარს.

გუჯა - აბა, დუელებით ვარჩიოთ საქმე?.. ისე, არავის გაუუქმებია...

ირაკლი - რითიც გინდა, სადაც გინდა!..

გუჯა - შენ ამოირჩევ,  თუ... როგორ არის მანდ წესები?

ირაკლი - შენთვის დამითმია...

ქალები ერთ ხმაში აყვირდებიან: ამხელა კაცებს სხვა ენა ვერ გამოგიძებნიათ?!.. შვილებს რა მაგალითს აძლევთ!..  თქვენ გიყურებენ!..

ლელა (შემრიგებლურად. სავარძელში ჯდება.) - რომელი  ცივილური გარჩევა ეს არის?!..

ირინა  (ბოლთას ცემს. ანერვიულებულია.  სულს მოითქვამს და ჩაილაპარაკებს.) – „ცივილური“  სამოქალაქოს ნიშნავს.

ლელა  (ისიც ფეხზე წამოდგება.  აფორიაქებულია.) - ჰოდა, სწორედ მაგას ვამბობ, რომელი ქალაქური მენტალიტეტით, და ზოგადად, თანამედროვე ხედვით მიდგომაა საკითხთან?

პაუზა.

ირაკლი მიდის და ახალ დოქს ავსებს ბოციდან.

ირინა (გაღიზიანებულია) - არ უნდა მორჩე დალევას, თუ საქმეს სჭირდება და ძირძველი ტრადიციაა ჭიქით ხელში ამბის მოგვარება?

ირაკლი (თავიდან დაიბნევა) - ... თითო ჭიქა კარგი ღვინო... რამ გაგადელა?

ირინა (პაუზის შემდეგ) - გიკვირს?.. შემოგვეფლითა ეს შენი ოცდასამი წელი...

ირაკლი - ისე,  „ჩვენი ოცდასამი წელი“... კარგი მომენტი შეარჩიე.

ირინა (აკრეფილი აქვს. დაღლილად.) - რაღა მომენტი!.. ბანერი არის ჩვენი პრობლემა?!.  მანდ იმარხება ძაღლის თუ დრაკონის თავი?..  ( გაიცინებს) დაიდგას რა... (მშვიდად).

გუჯა - ...მერიაშიც შეთანხმებული ვარ და ბანერების ფირმასთანაც, საუკეთესო პირობებში...

ირინა (გუჯას)  - თქვენთვის არ მითქვამს... ერთი მაგ ბანერის!.. (ჩაფიქრებით) აქცენტებზეა ლაპარაკი, რაზე როგორ  ვიხარჯებით და ამ დროს, ხელებში გვექცევა...

ირაკლი (გაღიზიანებული. გააწყვეტინებს.) - ... თუ გვემტვრევა და გვეფშხვნება ხელებში შენი თეფშივით?!.. 

ლელა - მკლავს ამ თეფშის ამბავი...

ირაკლი - მეტაფორა იყო... მივამსგავსე... 

გუჯა - ისე, რამე გამოფენის, მუზეუმის, სულ ძველ-ძველად გაკეთებული და მერე ყოჩაღად ნაპოვნი ნივთების გამოფენის რეკლამა რომ იყოს მიხატული ამ ბანერზე, მაშინ არა უშავს, მოსულა?

ირინა (ირაკლის. სიცილით.) - სწორი კითხვაა, უპასუხე.

ირაკლი (ბრაზს იკავებს) - მაბრაზებ (ირინას)... არ მოსულა. ისევ ეს თეფში ავიღოთ, ზედ რომ მიახატო რამე, ხომ სხვაა უკვე?... (გუჯას. ის დაკვირვებით უყურებს.)

ირინა (ჩაცინებით) - ეგ პოსტმოდერნიზმია.

ირაკლი -  არა, ის ახლიდან გადახატვაა დედნისგან განსხვავებული შტრიხებით... ლექციები წავიკითხოთ?..  და ეს  არის - „აქ იყო ვოვა“...  შენ ხომ მაინც იცი, რასაც ვამბობ?.. კარგი დრო გამოძებნე ასამხედრებლად.

ირინა  - ამორძალი ვარ ძველი! დაგავიწყდა? ისარს ისარში ვაჯენ ნასკაკუ...

გუჯა (სიცილით) - კაცებს გულებს გვიხვრიტავთ თქვენი ისრებით  ეს ამორძალი გოგოები და კმაყოფილი ხართ ნანადირევით...

ლელა - ვინ ვინ მოინადირა და ხეირობს ომახიანად,  ვიცი კარგად! (ნიშნის მოგებით).

ირინა  - მოკლედ, ვერ გავრკვეულვართ, ვინ მონადირეა და ვინ მსხვერპლი...

ირაკლი - დასწრებაზეა ეგ ამბავი...

პაუზა.

ირინა (ჩაფიქრედება. ირაკლის მიმართავს.) -  ცოტა მყოფნის, ხომ იცი... და როცა იცი, რომ ცოტა მყოფნის და ეგრევე შემიძლია დაგიფასო და გვერდში დაგიდგე, რატომ გამირთულე ამხელაზე საქმე?

ირაკლი - ეხლა გავარჩიოთ?

ირინა - გარჩეული გვაქვს.

ირაკლი - ეგრე ადვილად... არ ტყდება თეფშები და არ იდგმება ბანერები (დარდიანად ჩაეღიმება).

ლელა - ძალიან ადვილად დაამონტაჟებენ...

გუჯა (ლელას) - სხვას ამბობენ ესენი.

ლელა (გაბუსხულად. სავარძელში ჩაჯდება.) - მაინც ვერ  მივხვდი არსებულ პრობლემას... ხომ არ ვანგრევთ? უკვე აშენებულს ვანვითარებთ თანამედროვე...

ირაკლი - ლელა,  როგორ გგონია, დროს  ვებრძვით?..  რაც ცოცხალია, ყველაფერი თანამედროვეა... ჩვენი სახლი შეადარეთ ახალაშენებულ ნაგებობებს და  დაინახავთ, რომელი უფრო სუნთქავს დღევანდელი ჰაერით... თუ რიტმით... მოკლედ...

ლელა - ჩვენს დროში...

ირინა (გააწყვეტინებს. მშვიდად.) - მოკლედ, ბევრი რამე იკარგება ამ ჩვენს დროში. ხშირად მტერივით ექცევიან მათთვის უცხო, სხვებისთვის კი ძვირფასს ამბებს და ფესვებიანად ცდილობენ განადგურებას, ამას ამბობს ირაკლი და თავის წილ  ძვირფასს იცავს... მოვა დრო, თქვენც მოგიწევთ თქვენი ბანერის დაცვა... მაგრამ კართაგენი უნდა დაინგრეს! (გაიცინებს).

ირაკლი (ირინას)  - და შენ სად ხარ ამასობაში?

ირინა - აქ ვარ, ირაკლი, რა, ვეღარ დამინახე?!..

ლელა - კართაგენი არ ვიცი, მაგრამ დანგრევას აღმშენებლობა სჯობს... მგონი შეუდავებელი თემაა.

გუჯა - მითუმეტეს, არავის „ფესვებს“ ჩვენ არ ვერჩით. ერთი უწყინარი საქმეა... აი, ნახავთ, გავა დრო და ჩემი ბიჭი როცა შესთავაზებს თქვენს შვილს ბანერის დადგმას, აზრადაც არ მოუვა თავში თქვენს გიოს  უარის თქმა.

ირინა - აი, მანდ კი ცდებით. გიომ იცის ფასი და ანამაც, ჩვენმა გოგომ... ანდა, რატომ უნდა შესთავაზოს ისევ თქვენმა შვილმა ჩვენს შვილებს „სარფიანი გარიგება?“  რა, მუდამ გაშმაგებით ფულის გამოდნობის ხანა იქნება?

გუჯა (ჩაცინებით)  - ეჰ, ფული სულ იქნება და მისი „გამომდნობებიც“.

ირაკლი - მაგას ვერ წაუხვალ, იყო და იქნება... მაგრამ ბევრი სხვა მუღამებიც არის და იქნება...

გუჯა - ფულის შოვნაც მუღამია.

ირაკლი - ფულის წინააღმდეგი როგორ ვარ? პირიქით, მჭირდება ხოშიანად, მაგრამ... მუღამები კიდევ სხვა რამეა, ფულის გარეშეც იშოვება, ძებნა უნდა, გაჩითვა და მერე მოფრთხილებით ჩაკაიფება (გაიცინებს).

გუჯა - ყველა თავისას უფრთხილდება.

ირინა - ეგრეც უნდა, უბრალოდ, ერთი მეორეს არ უნდა უშლიდეს ხელს...

ლელა (ჩაცინებით) - ეგრე სად არის.

ირინა - აქ არის.

გუჯა - რაც გაწირულია, თავისით კვდება, ვერაფერს უზამ.

ირაკლი - რაც გაწირულია - ხო...

გუჯა (ჩაცინებით) - რაც არა - დაკარგულია...

ირაკლი - არ იკარგება ადვილად...   ისე გამოგყავთ, რომ თქვენ ცოცხალს იცავთ და ჩვენ მკვდარს... არადა, ცოცხალი სწორედ რომ  ჩვენკენ არის, ხელის შეშველება სჭირდება მხოლოდ... „დრო გვაჩვენებს“... (გაწელილად წარმოთქვამს)  ბევრი  ქლიავობა მანახა ამ ორმოცდაათი წლის განმავლობაში დრომ ახალის სახელით.

გუჯა - მაინც ხომ განახა?

ირაკლი - ჰოდა, რომ ვნახე, მაგიტომ გეუბნები.

ირინა  (გაიცინებს) - ირაკლი,  რაღაც დაკარგვის შიშით დამუნათებულებს მიგვამსგავსეს. აქაოდა, „აქ არ დაიდგომება, დასრულდა ჩვენიო...“  ვგევართ მაგ ხალხს, წარსულის გადმონაშთებს? (ირონიით გახედავს ლელას და გუჯას).

ლელა - ძალიან ძნელი გახდა თბილისში ცხოვრება. ყველა ქალაქგარეთ აპირებს დაბინავებას, მართლა არ დაიდგომება.

გუჯა (ცვირსახოცით მოიწმენდს შუბლიდან ოფლს) - ჰაერიც აღარ არის და ამ პრობკებმა მთელი ნერვები წაიღეს... წყნეთს ვამთავრებ ახლა. იქ მინდა ავყარო ოჯახი ლაურიან-კატუშიანად... მე კი დავრჩები ქალაქში (ლელას ენას გამოუყოფს).

ლელა - ისევ მაბრაზებ. არ ჭირდება დედაჩემს შენი აგარაკები. იქით აგიშენებს თუ მოისურვა.

ირაკლი - ჩვენც გვაქვს გეგმად კახეთში გადაბარგება. მიწა ვიყიდეთ სოფელში,  სახლს, კარ-მიდამოს ვაწყობთ ნელ-ნელა, პატარა ვენახიც გავაშენეთ, ხეხილი დავრგეთ.

ლელა - და იქ რა უნდა ქნათ?

გუჯა - სოფლის მეურნეობაში კარგი ფულის ამოწევა შეიძლება.

ირაკლი - ჯერ არ ვიცი. ჩემგან ფერმერი არა მგონია გამოვიდეს. ირინას აქვს თავისი გეგმები.

ლელა - ტურიზმია ახლა ძალიან კარგი. თან კახეთში ღვინოც არის და ხორციც და კაი საჭმელიც. გიჟდებიან უცხოელები.

გუჯა - მართალია, ყველაზე რეალური ბიზნესია დღეს.

ირაკლი - ბიზნესისთვის - არა.  აქედან წასასვლელი ადგილი რომ გვქონდეს.

ლელა - ხომ უნდა იცხოვროთ რამეთი... ირინა, ჩურჩხელა.... ან ყველი  რომ დაამხეცოთ, მაგრად გაგეყიდებათ. ევროპულად დამზადებული, თვარა, გუდას ვერ აჯობებთ იქაურებს.

ირინა  (სიცილით) - გაგვისტუმრეთ უკვე?

გუჯა (ირინას)  - ცუდად გვეუბნებით. მეზობლობა გვაკავშირებს, იმედი მაქვს დიდი ხნით... ისე, კახეთშიც გეპატიჟებით ჩვენსას. ნუშის პლანტაციები ჩავყარე გარე კახეთში, კარგი სპეციალისტი ხალხი შევკრიბე, ვნახოთ, პირველ მოსავალს ველი...  სავენახე მიწაზეც მაქვს თვალი დადგმული. მევაჭრება გლეხი, მაგრამ გავტეხავ მალე... (შეცბუნდება)  ცოტას კი არ ვთავაზობ, მარა ხარბობს,  ხო იცით გლეხის ამბავი, ბევრად მეტს ითხოვს, თან თავად არ სურს მუშაობა.

ირაკლი  (გუჯას) - კარგი საქმეა. მიწას შრომა უნდა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...

ირინა ( იცინის) - მონიკა ბელუჩის  ან შარლი სტერონის კაი, ერთი უდაჩნი ბანერი შუა ვენახში, თუ ნუშის პლანტაციებში დარჭობილი მაგრად აუწევს შრომისუნარიანობას იქაურ გლეხს.

გუჯა (ისიც გაიცინებს) - სწორი მარკეტინგული გათვლაა.

ირინა - გეგმას გადაამეტებენ უეჭველი.

ლელა - უცხოური ბაზარიც გამონახული გვაქვს...

ირაკლი - ბაზარი კარგია, თანაც უცხოური, მაგრამ ჩვენ შორის  სულ სხვა „ბაზარია“ (გაიცინებს).

ირინა (ირონიულად) - ბაზარი აკონტროლებს სიტუაციას.

ირაკლი ( ისიც ირონიულად) - ყველამ თავის „ბაზარს“ მიხედოს.

ირინა - რა გინდა? მიხედული აქვთ თავიანთი ბაზრისთვის.

ირაკლი (გაღიზიანებულია) - და რას ამბობ, რომ ჩვენ ვერ დავალაგეთ ჩვენი?..

ირინა - არ გიწვევ ირაკლი, მაგრამ დალაგებული ვერ გვაქვს მაინცდამაინც...

ირაკლი - დავალაგებთ...

ირინა - როდის? გადის ცხოვრება, პატარები აღარ ვართ...

ირაკლი (გაღიზიანებით) - დავალაგებთ-მეთქი...  და ბებრად კიდევ ვერ მნახავ ვერასდროს...

გუჯა -  ციფრები გვაშინებს ოდნავ, თორე, ჯვარი გვწერია, ვართ ახალგაზრდულად...  ჩვენი მშობლები რომ გვახსოვს ჩვენს ასაკში, ბევრად უფროსულად გამოიყურებოდნენ...

ლელა - ისე, მართალი ხარ, გუჯიკო. შენს ნათქვამზე, ლაურა წარმომიდგა თვალწინ ჩემხელა და შიშის ზარმა დამიარა (კისკისი)... დედას შიში და რიდი სულ მქონდა (შეცბება უცბად და მრისხანედ  გადახედავს ყველას).

გუჯა  - ლაურას შიში მოვიშორე თუ არა, ვერ ვიტყვი ახლაც... (შეატყობს, რომ ლელა გააფთრებულ პასუხს აპირებს), მაგრამ რიდი სულ მაქვს და მექნება მარად (შემრიგებლურად გაუღიმებს). 

გარედან ფეიერვერკების გაუთავებელი გრუხუნი გაისმის.

ირაკლი - ომივით ქეიფობენ.  სოხუმის დაბომბვის ხმებია.

ლელა  (უკმაყოფილოდ) - ქეიფობენ, ცუდს არაფერს აკეთებენ.

გუჯა - ბავშვის დაბადების დღეზე მეც შევუკვეთე ზალპები... მარა ზომიერად. მართალია ირაკლი (ლელას), არ უნდა გააღიზიანო ხალხი - იშოვე- შეირგე...

ლელა (გუჯაზე ნაწყენი) - მეც მაგას ვამბობ, არ სჭირდება აფიშირება და ტრაბახი წარმატებულობას...

ირაკლი  (გაცინებით) - ეხლა მართლა არ გადამრიოთ, სხვისი ქეიფი და დროს ტარება როგორ უნდა მაღიზიანებდეს, მაგრამ რაღაც გიჟური არის ამ ისტერიულ ფეირვერკებში, თანაც აქ, მთაწმინდაზე შემაწუხებლად ისმის.

ირინა - ჰო, ძალიან დამღლელია. თქვენ თვითონ მიხვდებით ცოტა ხანში, ფუნიკულიორიდან გაუთავებელი დაბათქუნება რომ დაგირღვევთ ძილს.

ლელა (ირონიულად) - ლამაზად კი მოჩანს ღამღამობით მამადავითზე  მათი გადაფეთქვები... საამო საცქერია.

ირინა - კი, ოღონდ, ხმას რომ ჩაუწიონ, კარგი იქნება... თქვენ კიდევ ერთ-ორ ჯანიან მიტინგს არ მოსწრებიხართ, ფუნიკულიორიდან მოქეიფე სალუტები რომ გაყრუებს და რუსთაველიდან ვინმე მგზნებარედ აღტყინებული პატრიოტის თუ პარტიელის მეგაფონიდან კრეშენდოდ შემონაძახი როცა გიკეთებს კანტროლკას... ა, მაშინ ნახავთ...

გუჯა (სიცილით) - ყოველივე მაი რომ მცოდნოდა, ფასს დავაკლებინებდი მაკლერს საგრძნობად.

ლელა ( წახუმრებით) - და, ყოველივე ზემოთ თქმულის საკომპენსაციოდ, ერთი ბანერი გვეკუთვნის.

გუჯა (უხერხულად) - რა გახდა ერთი ბანერი... მთელი ქალაქი სავსეა, ადგილი არ დატოვეს სარეკლამო თუ ურეკლამო,  უშლის ვინმეს?... კაი (მოეშვება), თქვენი კუჭისა იყოს. აგერ, ა, მოპირდაპირე სახლზე დავდგამ მაგ ბანერს თავისი შერონით და მონიკათი ერთად.

ირინა - მთავარია, ღამღამობით არ იციმციმოს... თქვენს ძილსაც ვუფრთხილდები.

ლელა - მშვენიერი, კარგი მოლაპარაკება გამოგვივიდა მათთან, როგორც ადრე მოგახსენეთ.

ირინა - ძალიანაც კარგი, გიპოვიათ, რასაც ეძებდით.

ლელა (ფეხზე წამოდგება) - უალტერნატივო არაფერი არ არის. საკმაოდ პერსპექტიული წინადადებით ვიყავით მოსული თქვენთან.

ირინა - გმადლობთ შემოთავაზებისთვის.

ლელა  (დემონსტრაციულად მოიხურავს პალტოს) -კარგად ბრძანდებოდეთ.

ირინა - სულ კარგად.

გუჯა (ირაკლისთან მივა, ხელს გაუწვდის) - ხომ გითხარი, არაფერი პირადული... ხდება ხოლმე, რომ გგონია,  ჰოპა, რა უდგას წინ...  და, არ გამოდის საქმე ... ვერაფრით.

ირაკლი - ჰო, „არა შეჯდა მწყერი ხესა“...  ხდება ხოლმე. კარგად (ჩამოართმევს ხელს).

გუჯა და ლელა გადიან. ირაკლი სკამზე ზის ჩაფიქრებული. ირინა ჭიქებს, თეფშებს გაიტანს სამზარეულოში. უკან ბრუნდება  და მძიმედ  ეშვება სავარძელში. მცირე პაუზის შემდეგ ირაკლის გახედავს:

ირინა  ( ჩაცინებით) - ა, ირაკლი, რას იტყვი... დაგვენთხლა თავზე ბანერი.

ირაკლი (პაუზის შემდეგ. ისიც გაიცინებს) - გავაჯვით კახეთში!

ჩაბნელდა სცენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE