ამერიკელი პოეტი ელიზაბეთ ბიშოპი თავისი სახეობრივი აზროვნებით ლექსებში ვიზუალური სახე-ხატების შექმნის ოსტატად ითვლება და ეს მართლაც ასეა, თუმცა მისი ნაწარმოებების განსაკუთრებული მუსიკალური ჟღერადობაც ყოველთვის იპყრობს მკითხველის სმენას. მის ლექსებზე არამარტო ბლუზის ჟანრის სიმღერებია დაწერილი, არამედ საოპერო ნომრებიც და, მთლიანობაში, მისი პოეზია რიტმის განსაკუთრებული შეგრძნების გამოხატულებაა, სადაც ის - რიტმულობა - ყოველთვის შესაბამისობაშია ლექსის სტრუქტურისა და თემის სხვა ასპექტებთან.
თვალშისაცემად ძლიერია მუსიკალური ელემენტი მის 4 ნაწილიან ნაწარმოებში „სიმღერები ფერადკანიანი მომღერლისათვის“, რომელიც შესულია 1946 წელს გამოცემულ მის პირველ კრებულში „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, რომელმაც მეორე კრებულთან („ცივი გაზაფხული“) ერთად 1955 წელს პულიცერის პრემია მოიპოვა. როცა მას ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, ეს ლექსები წინასწარგანზრახულად ხომ არ შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოებებისთვის, უპასუხა, რომ მართლაც ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე ვინმე მათ მელოდიებად გადააქცევდა. მაშინ მან ამ სიმღერების პოტენციური შემსრულებელიც დაასახელა (აღიარა, რომ მომღერლად ჯაზის ცნობილი აფროამერიკელი შემსრულებელი, ბილი ჰოლიდეი ჰყავდა წარმოდგენილი).
ოთხივე ლექსი, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად, მიანიშნებს პოეტის უნარზე, გაითავისოს აფროამერიკელი ქალების ბედი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში და მათი სათქმელი მათთვისვე დამახასიათებელი რიტმით, მსუბუქი და ხშირად იუმორით შეზავებული ტონებით გადმოსცეს. ოთხივე „სიმღერაში“ აღწერილია აფროამერიკელი ქალების ყოფა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მათი ბრძოლა თვითგამოხატვისა და სოციალური წნეხისგან გათავისუფლებისათვის საკუთარი იდენტობის დასადგენად. აქვე ისმის ანტისაომარი განწყობებიც, რაც ამ ამერიკელი პოეტის მძაფრი სოციალური თემატიკის ლექსებს კიდევ ერთ ღირსებას სძენს.
I
თოკზე სარეცხია გაფენილი,
არ არის ჩემი.
რასაც ვხედავ, იმ ნივთებიდან
მე არ მეკუთვნის არაფერი.
მეზობლებს შეუძენიათ რადიო ანტენით,
ჩვენ გვაქვს პატარა, პორტატული.
მათ საკუჭნაოსთვის დიდი სივრცე აქვთ,
ჩვენ გვაქვს ერთადერთი ჩემოდანი.
მე ვეუბნები: „ლე როი, მითხარი, რა ვალები გვაქვს?
რაღაც ისე ვერ არის, ვეღარაფერი გამიგია,
რაც უფრო მეტი გვაქვს, მით მეტს ვხარჯავთ...“
ის მხოლოდ მპასუხობს: „იყოს, როგორცაა. რაც არის, არის“.
ლე როი, შენ ახლა საკმაოდ ბევრ ფულს აკეთებ.
ვზივარ, გავყურებ უკანა ეზოს, - სურათი მძიმეა.
რა შეგვრჩა მისი მოტანილი დოლარების და ცენტების ფასად?
- ბოთლების გროვას ვხედავ ღობესთან.
ლე როი ერთგული და კეთილია,
მაგრამ ბუნებით ეჭვიანი ნამდვილად არის.
ბევრი სიმწარე გამოიარა. რაც დარჩა, უნდა, რომ ისიც იგემოს.
ხოლო თუკი მე გავაპროტესტებ
ლე როი მეტყვის წარბშეყრილი:
„საყვარელო, როცა მე შოულობს, მე ხარჯავს კიდეც.
სამყარო დიდია და კიდევ გაიზრდება...
უნდა წავიდე, სამსახური ეძებოს სხვა ქალაქში.“
ლე როი, საკმაოდ ბევრ ფულს აკეთებ უმაგისოდაც.
II
დადგა დრო, გაწყდეს კავშირი.
მაშ, ასე - კავშირი დასრულდა.
სხვა მეგობრებთან წავიდა, დამეხსნა.
არ არის საჭირო, ნუ ეცდება გამოსწორებას.
ეს ყველაფერი მისი ბრალია.
მის სახეს ვხედავ წვიმისა და სიბნელის მიღმა,
ქუჩის გადაღმა ფლორენსის ბარში.
სვამს. გარს აკრავს თბილი და ვარდისფრად მფეთქავი ჰაერი,
პიკოლოს[1] აკომპანემენტით ავსებული.
დადგა დრო, გაწყდეს კავშირი.
შემთხვევით შემხვდა ექიმ ვარელას[2] გვერდით მიმავალი
და მაშინ ორჯერ ვატაკე ქოლგა.
შეიძლება ეს ჩემი ბრალია,
მაგრამ დადგა დრო, გაწყდეს კავშირი.
ჰო, წაბრძანდი, ღვინო დალიე, როგორმე თავი გაისულელე.
პიკოლო დაკვრას გააგრძელებს.
შენმა უაზრო მიეთ-მოეთმა საკმაოზე მეტად დამღალა.
დროა, საკუთარი გზა ვიპოვო.
საღამოს გადის ჩემი ავტობუსი.
შორეულ შოსეს გავუყვები, სველსა და შავ შოსეს,
ვივლი, ვივლი და არ დავბრუნდები.
ავტობუსით წასვლას ვაპირებ.
ვინმე სხვა უნდა ვიპოვო, მონოგამი.
დადგა დრო, გაწყდეს კავშირი.
სამგზავროდ თხუთმეტი დოლარი ვისესხე,
ამ ფულით სადაც მინდა, იქ წავალ.
რადგან ყველაფერი მისი ბრალია, რაც მოხდა,
დადგა დრო, გაწყდეს კავშირი.
III
იავნანა. იავ, ნანა.
დიდები და პატარები
მოსასვენებლად ჩაძირულან არყოფნაში.
ზღვაში უზარმაზარი გემი იძირება. კვდება.
ტყვია აქვს მკერდში მოხვედრილი.
იავნანა. იავ, ნანა.
დაე, აღდგნენ ერები,
დაე, დაემხონ ერები.
აკვნის ჩრდილი კედელზე
უზარმაზარ გალიას ხატავს.
იავნანა. იავ, ნანა.
იძინე, ძილი გააგრძელე.
ომი სულ მალე დამთავრდება.
გადააგდე ეგ სულელური, უწყინარი სათამაშო,
ამოირჩიე, საიდან გინდა შეხედო მთვარეს.
იავნანა. იავ, ნანა.
თუ გეტყვიან, რომ
საღი აზრი არ გაგაჩნია,
არ გაუწიო წინააღმდეგობა; თავი დაანებე,
ვერაფერს მოიგებ.
იავნანა. იავ, ნანა.
დიდები და პატარები
მოსასვენებლად ჩაძირულან არყოფნაში.
ზღვაში უზარმაზარი გემი იძირება. კვდება.
ტყვია აქვს მკერდში მოხვედრილი.
IV
რა არის, ნეტავ, რა ანათებს ფოთლების ჩრდილში,
ჩამუქებული ფოთლების ჩრდილში?
ისე ანათებს, როგორც ცრემლი დარდიანი კაცის თვალებში
რაღაცა ბრწყინავს განუწყვეტლივ ფოთლების ჩრდილში.
რა არის, ნეტავ, დილის ცვარ-ნამი თუ ცრემლის ღვარი?
ცვარ-ნამი არის თუ ცრემლის ღვარი?
ერთ ადგილას წლობით დაღვრილი,
დამძიმებული ცვარ-ნამის ღვარი.
ცვარ-ნამი მალე წვეთვას იწყებს, მიწას ეცემა,
ძირს დაგორდება და დაეცემა.
ეს, შეიძლება, ცრემლის ღვარი არ არის სულაც.
შეხედე, ნახე, როგორ გორავს, როგორ ეცემა.
უსმინე მისი დაცემის ხმას დაბლა, მიწაზე,
უსმინე, ყველგან ისმის სინაზე.
ეს ცრემლნარევი არ არის საზი,
მონოტონურად სცემდეს მიწაზე.
შეხედე, ცვარი მარცვლებივით აყრია მიწას,
შავი თესლი მოშავო მიწას.
შეხედე, ფესვი გაუდგია ვით სარეველას,
როგორც ჩანს, ცვარმა სისწრაფეში აჯობა ბალახს.
მანათობელ თესლის მარცვლებს გაუდგამთ ფესვი,
საიდუმლოდ გაუდგამთ ფესვი,
ნეტავ, რომელი უცნაური ყვავილი, ხილი
ამოიზრდება ამ ფესვიდან? იქნებ, ხეხილი?
ხილი იქნება თუ ყვავილი? არა, არც ერთი. სახე იქნება.
არ გაგიკვირდეთ, სახე იქნება.
ამ გაუხარელ, ბნელ ადგილას რაც დაითესა
თითო მარცვალი თითო სახედ გადაიქცევა.
როგორც ჯარი, თავსდამტყდარი სიზმარში,
სახეები მოჯარდება სიზმრიდან,
ბნელზე ბნელი, ბუნდოვანი სიზმარი.
სახეები - მეტისმეტად ნამდვილი.
[2] ანტონიო დრაუზიო
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა