მიქელ-გაბრიელი


მიქელ-გაბრიელი




ჩემი სიყვარული

 

არსად წასულა, არ გამქრალა, აქ არის ისევ,

მას მიტოვება არ უცდია, კვლავ ჩემთან სძინავს,

ვერთობით ისევ, ძველებურად ვიგონებთ კითხვებს,

შენს არყოფნაში მოსვენებას არ ვაძლევთ ფიქრსაც,

 

ვისწავლეთ უკვე განშორების სიმწარეც, სიტკბოც,

დროებაც უკვე შეეხიზნა გაცრეცილ ღამეს,

წარმოიდგინე, ჩვენ არაფერს, არაფერს ვითხოვთ,

უბრალოდ სიტყვებს გამუქებულ ვარსკვლავებს ვამთხვევთ.

 

ვსეირნობთ ისევ ძველი გზებით და მხოლოდ ღამით

გვაცვია თბილად, ვეგუებით მოვარდნილ ქარბუქს,

ვჩერდებით ჩუმად, კოცნას ვგზავნით სულ ერთი წამით,

და წვიმა გვისწრებს, უშენობის ფერებში გართულს.

 

მოვდივართ სახლში, ისევ ისე, იგივე საათს

ვიძინებთ, სიზმრებს ველოდებით ნამგზავრი თვალით,

არავის ვუშვებთ, არ ვიკარებთ ბედისგან სარკაზმს,

რომ ჩვენთან არ ხარ, თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით.

 

რაც არის - არის, დავრჩით მარტო, ასეა წესი,

არსად წასულა, არ გამქრალა, აქ არის - ჩემთან,

მე მას ერთგულად ვეფერები, ის დამრჩა ერთი,

მე ვწვები თავთით, ის თავს მადებს კრძალულად ფეხთან.

 

 

მიქელ-გაბრიელი

(შოთა ჩანტლაძეს)

 

მზიანი ამინდი გამოდის, გავდივარ,

ისევ მესალმება ქუჩა ცარიელი,

დავეშვი, შუაგულ ქალაქში გავრბივარ,

ფეხებზე მკიდია მიქელ-გაბრიელი.

 

მეც მოვიტყუები ცოტას და გავივლი

და ვითომ არ ვიმჩნევ გუშინდელ შავ ღრუბელს.

არ არის სიმღერა. უკვე არს ჩავლილი,

და მეც ვუერთდები ცხოვრებით გართულებს,

 

ჩავივლი ამ ქუჩებს, თითქოს გასართობად,

თან ზეცას ვუყურებ შიშით დაყოლილზე,

ღრუბლებმა იციან წამში თავსდადგომა,

მრისხანე ცოლივით, - სხვასთან დაწოლილზე,

 

მზიანმა ამინდმა გამათბო, დავდივარ,

აღარც სახლში მისვლა არ მინდა რატომღაც,

აღარც მკითხულობენ საეჭვოდ სახლიდან,

არ მჯერა, ვალებიც თავისით გასწორდა.

 

ამ მზიან ამინდში ხალისით დავდივარ,

ქუჩაც აღარ არის უკვე ცარიელი,

ფიქრებშიც მომშორდა ღრუბელი თავიდან,

ფეხებზე მკიდია მიქელ-გაბრიელი.

 

 

* * *

 

დაწყვეტილ დარდებს ათამაშებს ქარი მსუბუქად,

ღრუბელი გავლით თავზე მადგას და მერე მიდის,

ღამეა, სადღაც ჩხუბი მესმის, ხმები ქუჩურად,

მე კი მარტო ვარ, უძილობას არავინ მიშლის.

 

უკვე მეათე თვითმფრინავი დავთვალე ცაში,

ზმუილით მიჰქრის, ვარსკვლავებში უჩინარდება,

ათასი ფიქრი უმიზეზოდ მეყრება წყალში,

უკავშირდება გამგზავრებას, უპირატესად.

 

არადა ამ დროს ვმოგზაურობ მე ჩემს ეზოში,

ღრუბელი მიდის, სხვა ღრუბელი მადგება თავზე,

დაწყვეტილ დარდებს მხარში უდგას ქუჩის დებოში,

და მეც არ მძინავს, არ ვეცლები ამ ფიქრებს განზე.

 

ისევ ისე ვარ, გარკვეული არ მაქვს დარჩენა,

არც წასვლას უჩანს ამ ეზოდან სურვილი დიდი

მხოლოდ ღრუბლებში მიწერია ღამით გაფრენა,

მარტო ვარ, სადღაც დაკარგულა, სიბნელის გიდი,

 

 

ისევ ისე ვარ, ვმოგზაურობ ღრუბლებში ღამით,

მარტო ვარ, მხოლოდ ქუჩის ხმები აფრთხობენ ფიქრებს,

ჩემს თავს ვაშინებ სიმყარისთვის სახლიდან წასვლით,

სახლიდან წასვლით სულ ახლიდან დარჩენას ვიწყებ.

 

 

სექტემბრის ლოდინი

 

ზაფხული. შუქი მაქვს ჩამქრალი ოთახში,

მწერების ბზუილი, ნერვების თამაში,

სავარძელს ჩამჯდარი, ჩემს მუდმივ პოზაში,

აგვისტოს ვაცილებ, გეგმებით - თაბახში,

წუთები, საათი, დღეები, კვირა და

მოვა სექტემბერი, ფერებით ლამაზი,

კვლავაც მოუხდება სიგრილე ნიადაგს,

ეზოს დაგროვდება ფოთლების ნაზავი.

ზაფხული ჩაივლის, წაიღებს სიცხეებს,

მწერებიც დროებით სადღაცას კვდებიან

(მწერები სახლობენ ყინულის ციხეებს

და შემდეგ მომდევნო ზაფხულში ჩნდებიან).

ზაფხული, აგვისტო და ცხელი ოთახი,

გვიანი ღამისგან საჩუქრად ნიავი,

სავარძელს ჩამჯდარი, ჩემს მუდმივ პოზაში,

სექტემბრის ლოდინი, აგვისტოს წრიალი.

 

 

* * *           

 

ქუჩა. კორპუსი. მერე ისევ დიდი კორპუსი.

ჩრდილი, ის არა, მზისგან როა, ბეტონის ჩრდილი,

ასფალტი, შავი მანქანებით უხვად მორთული,

ადამიანიც, უფრო სწორად, ეს არის ჩრჩილი.

სიცხე. ნაგავი და ბუნკერში სტუმარი მორცხვი.

ხმაური, ლანძღვა და მძღოლების მორიგი დრამა,

საყვირის ხმებით, გინებით და ნახაზი სწორი,

რომელიც თვითონ დახაზეს და უეცრად გაქრა.

მთები, ჩამოთხრით გაყიდული და უცბად რღვევა,

ბუნების წიხლი, ზურგშექცევა, სტიქია დიდი,

ჩრდილების თეატრს უნაყოფო კანონთა მზერა

ვერაფერს აკლებს, ფარდას ისევ დაეტყო სისხლი.

ქუჩაც, კორპუსიც, შემდეგ ისევ დიდი კორპუსიც,

ჩრდილიც კი არა, მზისგან როა, ბეტონის ჩრდილიც,

ასფალტიც, შავი მანქანის ქვეშ ჩუმად მორწყული,

ადამიანთან ერთად გლოვობს და ისიც ტირის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE