ახალი სფუნ რივერი


ახალი სფუნ რივერი




„ტრაგედია, რომელიც უძველესი დროიდან იქმნებოდა, ყოველთვის იყო   ყველაზე სევდიანი, ყველაზე ზნეობრივი და ყველაზე სასარგებლო პოეზია;  ამიტომაც თქვა არისტოტელემ, რომ მას გააჩნია ძალა... გაწმინდოს გონება ასეთი თუ ამგვარი ვნებებისაგან. ბუნებაც თავის საშუალებებით ამართლებს მის მოსაზრებას: რადგანაც მკურნალობისას მელანქოლიური შეფერილობისა და არსის საგნები გამოიყენება მელანქოლიის წინააღმდეგ; მჟავე - მჟავის წინააღმდეგ, მარილი კი  მარილიანი იუმორის გასაქარწყლებლად“

 

მილტონი

 

„ხუმრობა,  რომელსაც მე ვაღიარებ, არაა  ღვთაებრივად სასტიკი, ის  არც სიყვარულს და არც მშვენიერებას არ დასცინის“.

 

ანატოლ ფრანსი

 

 

სიმშვიდის ხეობა

 

სადღაა  ბედნიერების იმედი,

სადღაა მეგობრობის რწმენა,

სადღაა სიყვარულის ერთგულება,

სადღაა  დალოცვილი მშვიდობა, რომელიც არასოდეს მოვა.

სადღაა დარდები, ასე რომ გვაწუხებდა  სიცოცხლეში,

სადღაა ომები, რომლებიც არასდროს არ შეწყვეტილა,

სადღაა სიცილი  ცრემლის დენამდე,

სადღა არიან  დღეების დასალიერს გამომშრალი ცრემლები?

სულ ყველაფერი გაუჩინარდა სიმშვიდის ხეობაში,

სამაროვნებში, გორაკის თავზე.

 

ხრიოკ მიწაზე დაითესა მათი ბედნიერება 

და გამოხმა მისი ფესვები.

წყალივით იყო მათი რწმენა,

აბზინდის ვარსკვლავი  ჩავარდა მასში.

კოკასავით დაიმსხვრა მათი ერთგულება,

როგორც მათხოვრის ცარიელი ფინჯანი,

გაშეშებული ხელებით რომ ეჭირა დღეთა მანძილზე.

მათი სიმშვიდე ზაფხულივით მოდიოდა და კვლავ მიდიოდა.

მათი ბრძოლა და მათი სიცილი

რიგრიგობით გადადიოდა მდუმარებიდან ხმაურში და ისევ უკან.

ღამის ხმაურში, რომელიც ყვირის და თან არ ყვირის -

ყველაფერი, ყველაფერი  გაუჩინარდა

სიმშვიდის ხეობაში...

სამაროვნებში, გორაკის თავზე.

 

აღარაა უკვე არც გამარჯვება და არც დამარცხება;

არც სიცრუე და არც ერთგულება;

აღარაა უკვე არც სიყვარულის ნიჭი;

არც ის, ვისაც სიხარულით იღებენ

და არც ის, ვისაც  უარყოფენ.

აქ უკვე იმათ ვეღარ იპოვით,

აქ უკვე აღარაა სურვილები,

არც ჭრილობა და არც განკურნება.

არც გეგმა და აღარც შენება.

არც გარჯა და არც ქორწინება,

არც მკვლელობა, არც ნადირობა, არც ვნება.

არც შური, არც ანგარება,

აღარც სურვილი ჭამის თუ მარხვის.

უარი ან თანხმობა.

ქმედება თუ თავშეკავება.

უკან შეყუჟვა  თუ წარმოჩენა,

ყველა ნაბიჯის ანგარებით გადადგმა თუ

ცხოვრება სარგებელზე ფიქრის გარეშე;

თუ ბრძოლა სულის შინაგანი სიმართლისათვის.

ისინი განირთხნენ ამ მიწის ტვირთქვეშ,

სამაროვნებში, გორაკის ფერხთით,

სიმშვიდის ხეობის გაღმა ნაპირზე.

 

***

სად არიან გულით უბიწონი,

სად არიან ბედნიერების მომნიჭებელნი,

სად არიან თანაგრძნობით სახედაცვარულნი,

სად არიან სიმართლით თვალებაელვარებულნი,

სად არიან ერთი შეხებით  სასიცოცხლო ძალის მომცემნი,

სად არიან კოცნამოუწყინებელი ბაგეები,

რომელთაც არასდროს წამოსცდებოდათ სიავე;

სად არიან შეყვარებულები, მომღერლები, მეოცნებენი,

რომლებმაც იცოდნენ  ყოველი დაფარული საიდუმლო ბაღების,

რომლებიც უკვდავი სიტყვებით აღწერეს?

ისინი აფრინდნენ ზღვიდან  ზეცისკენ,

თეთრფრთიანი არწივებივით

და ცის ნათელში გაუფერულდნენ.

 

ყველაფერი, ყველაფერი  გაუჩინარდა,

სიმშვიდის ხეობაში,

სამაროვნებში, გორაკის თავზე.

 

სადღაა უფსკრული, რომელიც უნდა ამოიქოლოს,

სადღაა სიკვდილის გასაღები,  რომელიც უნდა გადატყდეს?

სად არის აღთქმის კიდობანი,

სად არიან მლოცველები ოქროს წმინდა  თასებით,

სადღაა  ცეცხლით აელვარებული შუშის ზღვა?

სად არიან სიქველისმძებნელნი,

და მდინარეებში წმინდა წყლის ხილვები,

ქალაქი, რომელსაც მზე აღარ სჭირდება,

მარადიული სიცოცხლე სადღა?

ყური დაუგდეთ!  ჩვენთანაა იმედი მათი,

სოფლად, გორაკზე, სამაროვნების გაყოლებაზე,

სიმშვიდის ხეობის გაღმა ნაპირზე!

 

 

ფირნიშების მხატვარი

 

როცა რივერი გადაიქცა გზაჯვარედინად,

ჩიკაგოს  ტვინის ურჩხულისებრ აბლაბუდაში,

სწორედ აბრები, მე რომ ვხატავდი,

მიგვანიშნებდა, რაც მართავდა

მთელ ამერიკას:

„ხმა პატრიკ ქელის  და შემცირებულ გადასახადებს“;

„მე ვარ კაცისთვის, მე ვარ სიგარა“;

„ეს მოდგმა ვეღარ იხილავს სიკვდილს,

ყური დაუგდეთ  მღვდელ  ვალენტაინს“;

„სიჯანსაღე“ მიირთვით და იცოცხლეთ დიდხანს“;

„ფლოსის კევი და ჯანსაღი კბილი“;

„სულ ოცდახუთი  დოლარი და სრული დაკრძალვა“;

„დაიზღვიე შენი სიცოცხლე“;

„სამი პროცენტი შენი ფულისთვის“;

„ჩვენს ავტომატთან დაგელოდებით“.

და თუკი სადმე უკეთესი არის სამყარო,

მტკიცებულებად ფირნიშები,

გთხოვთ, დამანახოთ.

 

 

ედით ბელლი

 

ქალბატონ მიდლტონს ღრიჭოდ ჰქონდა კარი მუდამდღე,

რომ ჩასწვდომოდა გამვლელების საიდუმლოებს,

ხოლო  კესლერი, მრეცხავი ქალი,

ბალიშებზე და ხელსახოცებზე  გადმოსული პიქტოგრამებით ხვდებოდა ამბებს,

მე კი ყურებზე წამოცმული ყურსასმენებით

საკუჭნაოში, თრეინერის აფთიაქის უკანა მხარეს,

ვაყურადებდი სფუნ რივერის ყველა ჭორ-მართალს,

სანამ  ჩავრთავდი და გამოვრთავდი სადენს ტკაცუნით:

ამბებს, ვინ იყო ბედნიერი, ვინ - უბედური;

ვის უყვარდა და ვის არ უყვარდა;

ვინ ბავშვს ელოდა,  ვინ კიდევ - ქორწილს;

ვინ იყო სადღაც შეხვედრაზე, ვინ - ჩიკაგოში;

ვინ იყო კეთილი, და ვინ - ბოროტი;

ვინ იყო მტერი და ვინ - მოყვარე;

ვინ - ძებნილი და ვინ დამსმენი, ვინ მატყუარა,

ფულის მშოვნელი ვინ იყო და ვინ - ყომარბაზი.

და ვამბობ, მცნება - არ განიკითხო,

სადღაც გარდაქრა ტელეფონის სადენებიდან.

 

 

თომას დეგესი

 

წლების მანძილზე მხოლოდ მე და ჩემი დამხმარე...

ჩვენი ნიჩბებით, მე ასევე, - ჭიშკრის გამღებიც!

ხოლო გარედან ყველას ზაფრავდა შემოსასვლელი,

უბედურთაც და უსახლკაროთაც,

გადათელილებს, უპოვარებს და  ავადმყოფებს,

უსასოოებს თუ ძალგაცლილებს -

განურჩევლად ზაფრავდა ყველას, ყველაზე მშვიდი სახლის ჭიშკარი.

ახლა კი უკვე კარიბჭესთან, ახალ ოფისში,

ისმის ხმაური მბეჭდავების და სტენოგრაფების,

საანგარიშო მანქანების და მოკარნახე თანამშრომლების,

კარადების და კაბინეტების რკინის კარების;

შესვენებაზე მიმავალთ თუ მომავალთ ისევ,

კვლავაც ისევე, როგორც ძველად, ზაფრავს სულ  ყველას,

ყველაზე მშვიდი სახლის ჭიშკარი.

უბრალოდ ადრე - ბოლო წერტილს სვამდა  ნიჩაბი, -

ახლა საბეჭდი მანქანა და ბარათთა ყუთი!

 

 

ბრუნო ბინი

 

როგორც კი ცხენი ჩაანაცვლა ავტომობილმა,

გადავაკეთე საჯინიბო უმალ ფარეხად

და ვმუშაობდი მძღოლად დროდადრო.

მაგრამ რა გითხრათ, წუთისოფელში არაფერი შეცვლილა ამით,

ვერაფერს ცვლიდა უფრო სწრაფი ტრიალი ბორბლის:

პოლიციელი თუკი ცხენით  მისდევდა ეტლებს,

მოტოციკლეტით დასდევს უკვე ავტომობილებს;

მიქრიხარ სწრაფად, მაგრამ  ვიღაც უფრო ჩქარია;

ქარდაკრულ  ცხენებს შეენაცვლა გახვრეტილი საბურავები;

და ნაცვლად თავლის, თივის და ქერის,

არის რეზინა, გასაღები, საწვავი, ზეთი;

და თუკი შოლტი აღარ ტყლაშუნობს,

ისმის მუხრუჭის ღრჭიალი და ძრავის ღმუილი,

და სამაროვნებს, მდინარის გაღმა, დასაკარგავში თვალსმიფარებულს, 

კვლავ სწრაფად აღწევ ავტომობილით!

 

 

მაიკლ გალაჰერი

 

ადვილი იყო, რომ ეთრია ჩემი სახელი

რედაქტორ  უედონს,  მშრალი კანონის მედგარ მიმდევარს;

რედაქტორ ვუდის, დაფასებული საქმოსნების ხელის ბიჭუნას;

რედაქტორ ლინდბლუმს, სულით  საჭურისს:

ერთი მითხარით, ვინ აძლევდა სავანეს ქურდებს და  მაწანწალებს?

ჰო, გალაჰერი!

ვინ აპურებდა მათ უფასოდ და კათხა ლუდით?

ჰო, გალაჰერი!

ვინ უდგებოდა მეძავებსა და ფლიდებს თავდებში?

ჰო, გალაჰერი!

ვინ მფარველობდა  წითელ  ფარნებს და ყომარბაზებს,

მრბოლელებსა და მოცეკვავეებს?

ჰო, გალაჰერი!

ვინ იყოს ის, ვინც თავს არასდროს არ იმართლებდა?

მათ არასდროს არ პასუხობდა?

ჰო, გალაჰერი!

ვინაც მიცნობდით მე, - ათასებმა, - კარგად იცოდით,

რომ ცილს მწამებდნენ,

არავინ იცნობთ მათ ჩემდარად, ვინაც კი იცნობთ, 

როგორც უსაზღვრო  თავმომწონეებს, პირფერებსა და სიცრუის წყაროს.

შემინდე, ქრისტე ნაზარეველო, შედარებისთვის,

მაგრამ შენ და მე დაგვადუმა მსგავსმა მიზეზმა,

შენ, როგორც ცხვარი, ამაო დავის უარმყოფელი,

მე კი როგორც თხა, გამოხლართული სფუნ რივერის ნაგავსაყრელში,

საკუთარი თვალით მხილველი, როგორ მოჰფინეს მწიგნობარებმა

ჩირქი და მწუთხი მთლიანად ქალაქს

და გაიმეტეს ბუზების და სახადებისთვის.

მაგრამ ვინ შევა სასუფეველში უწინარეს ამ ლეშიმჭამელთა?

ჰო, გალაჰერი!

და ვინ თქვა ასე?

იესომ, ქალაქ ნაზარეთიდან!

 

 

ჯეი ჰაუკინსი

 

გამოჩნდა ჯეი! სათაურების კითხვა-კითხვით მოსიარულე!

დამცა მანქანამ და გავაფრთხე სული, სანამდე

ჩავიკითხავდი გოგოს მკვლელზე  რაღაც სტატიას!

წლების მანძილზე დავეძებდი გაზეთის სტენდებს,

ველოდებოდი ჩიკაგოდან ცინცხალ გაზეთებს,

ცნობის ფურცლების ჟინით შეძრული:

ფხვნილს ვიყნოსავდი  საშინელი სიახლეების,

ვიგებდი სირცხვილს, სიძულვილს და  მკვლელობის ამბავს:

რომელ გვირაბში მოხდა თავდასხმა, რამდენი ბოთლი რომი იპოვეს;

ვის წაუყენეს ბრალი ან სადღაც, თუ ვინ ჩაქოლეს;

ვის მიუსაჯეს ყულფი განსჯის გასრულებისას;

თუ რომელ მმართველს ან ჩინოვნიკს აჰკიდეს ბრალი

გამოძალვაში, ქრთამში, ანდა მითვისებაში.

ვისი სურათი გამომზეურდა გაყრისას ანდა სიყვარულისას

(აღარასოდეს არ ყოფილან კეთილშობილნი, -

განა მიზანზე იტყოდნენ უარს,

განა სურათებს არ დაბეჭდავდნენ?)

სულ ყველაფერზე,  სიძულვილზე, ძებნაზე, და დანაკარგებზე,

ომზე, ტყუილზე, მოპარვაზე და  სიხარბეზე,

ვინ მოკლეს ანდა  ვინ ჩამოახრჩვეს.

და გეკითხებით, თუკი ცხოვრება არის აღსავსე

მშვენიერებით, სიკეთით და შემოქმედებით,

რატომ არასდროს წერენ ამაზე?

 

 

სანტექნიკოსი აიბეთსონი

 

როგორც მხატვარმა, სფუნ რივერის პეიზაჟების,

ვერავითარი ხეირი ვნახე:

რადგან მათ სძულდათ ხელოვნება და სწამდათ შრომა;  

ვეღარ იტანდნენ მშვენიერებას, არჩევდნენ ხეირს;

და იმეტებდნენ გასარიყად ტანჯულებს სულით,

ბედნიერ კაცს კი მოსაკლავად დასდევდნენ მუდამ.

და შიმშილისგან მიმიყვანეს სიკვდილის პირას.

ასე დავიწყე,  სფუნ რივერში, შრომა გამწმენდად,

გამწმენდად მისი სასიკვდილო ნაგავისაგან,

მილებითა და ფაიფურის აბაზანებით,

არხებითა და სასიცოცხლო წყლების დინებით:

მაგრამ ო, რივერ, სადღა არის სანტექნიკოსი,

ვინაც გაწმინდავს თქვენს გულგრილობას,

თქვენს სიმხეცეს და მომხვეჭელობას,

ყვითლად შეფერილს ბაქტერიებით

და ზნეობრივი ნარწყევებით ამბიონიდან?

ვინ გაგიწმინდავს იმ ზიზღის არხებს

სფუნ რივერ, რამაც ასერიგად   დაგაავადა?

 

 

ჰაუარდ ლემსონი

 

ყინულს არ ძალუძს იცახცახოს  სიცივისაგან,

აღარც ლოდები ინავლებიან ნაკვერცხლის ალში.

დახუჭულ თვალებს აღარა აქვთ უკვე ცრემლები;

დაგმანულ ყურებს აღარ ესმით რამე სიავე;

ლაფში დაფლული გულისათვის უცხოა ტანჯვა;

დადუმებული ენა  არ წუხს დაკარგულისთვის;

დაკრეფილ ხელებს კარგად ძალუძთ უსაქმოდ ყოფნა;

სუნთქვაგამქრალი მკერდიდან აღარ მოისმის ოხვრა.

მშვენიერება შეიძლება გახუნდეს, მაგრამ 

მას ვერ იხილავს დახუჭული თვალები უკვე;

დახუჭულ თვალებს აღარ ძალუძთ მისი დანახვა;

კი შეუძლია მწუხარებას  კივილი, მაგრამ

დაგმანულ ყურებს არ ეყურებათ,

კი არის საქმე, მაგრამ დაკრეფილ ხელებს უკვე აღარ სჭირდებათ;

არ აქვს სათქმელი დაბმულ ენას  აღარაფერი.

დედამიწა კი ბრუნავს და ბრუნავს,

ხეებით, ქვებით,  ქედებით და ნაკადულებით -

და მეც იმავეს ვოცნებობ, რასაც სამაროვნები!

 

 

ოლაფ ლინდბლუმი

 

აქ ვარ, ახალი „სფუნ რივერის“ გამომცემელი,

ამერიკაში ბედისა და თავისუფლების

მოსაპოვებლად ჩამოსული კაცის მემკვიდრე -

მუდამ რომ ვგრძნობდი საკუთარ სავალს.

ჟირონდისტების სახელგანთქმული  დოქტრინების გამოქვეყნებით

ვამრავლებდი და უფრო ვზრდიდი  გაზეთის ბრუნვას,

შემდეგ კი ვყიდდი სარეკლამოდ ძირითად გვერდებს.

ნელთბილ რეფორმებს მხარს ვუჭერდი, გადამხდელივით

და ვთაღლითობდი გადახდისას თავად საკმაოდ.

ქურდბაცაცებს და ძარცვა-გლეჯვას ვებრძოდი თითქოს,

თავად კი მიწის ქურდობაში ვიყავ ჩაფლული,

და  ისტორიას ვჭედდი ყალბი სიახლეებით,

მხოლოდ ჩემს ხელში მოყუჩებულ ტელეგრაფიით.

თავისუფალი პრესა იყო მხოლოდ ჩემთვის და ჩემთა მსგავსთათვის.

ფულიანების საძმოების წინაგამძღოლი,

ხოლო მშრომელთა საძმოების მუდამ მოქიშპე,

მიზეზი მათი მკვლელობის და დატუსაღების.

მუდამ ვექილი გაიძვერა იურისტების.

დუქნებისა და სათამაშო სახლების მტერი,

მაგრამ ბანკების უკანა მხარეს, საკუჭნაოში მოწყობილის საკნის მფარველი.

ხელმიუწვდომი და უჩინარი,

გაუმაძღარი ფულის კეთებით,

კეთილშობილი ქრისტიანი და

რედაქტორი ახალი ერის!

 

 

ქალაქისთავი მარსთონი

 

რაც თავი მახსოვს, ვინც კი იყო ქალაქისთავი,

სულ ყველას ბრალი წარედგინა, როგორც გამფლანგველს,

ან მეოცნებე მატყუარას, ქურდს და ყალთაბანდს -

მე კი როდესაც მოვკალათდი იმ სავარძელში,

მშვენიერი განზრახვა მქონდა: მსურდა, შეეგრძნო ხალხს ფულის სიტკბო,

დამნაშავეებს შეხებოდათ სამართლის თითი.

როდესაც „ლეჯერს“ ძველებურად სურდა გაყიდვა

მიწის - პარკისთვის, წინ აღვუდექი!

შემდეგ ყველაზე ძალმოსილ ღორებს

გამოვაცალე დინგიდან ლაფი. ჰოდა, თუ იცით, რა მოხდა მერე?

ქურდობისა და ძარცვა-გლეჯის ტალღამ იფეთქა - 

გაზეთ „ლაჯერის“  წინა გვერდებზე!

გაუთავებლად - აკრძალული სასმელები და თაღლითები და

ყომარბაზები, სიავის ბუდე!

ეკლესიებშიც მორთეს ლაქლაქი,

და მოსამართლემ აღმართა ხელი ჩემს წინააღმდეგ.

მათ გაუტეხეს სახელი ქალაქს, მეც გამიტეხეს -

მიმასიკვდილეს საკუთარი გზის გასაკაფად.

ჰო, ყაჩაღების თამაშია, ჩემო კარგებო,

რასაც სახელად უწოდებენ - დემოკრატის!

 

ინგლისურიდან სთარგმნა ქარდა ქარდუხმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE