მეოთხე პირის ნიშანი


მეოთხე პირის ნიშანი




მამას

 

ყინვებში, თბილ წყლებში, შებინდებისას იხვები სხდებიან

 

შიგნით ტბებია, ჩალებია, გარეთ - ოთახი,

თბილი კედლები, ჩვენ, ყველანი და ვინ რა იცის,

რომ ტბები შიგნით, ვარსკვლავები, მინუს ათამდე –

ხელწერით, ბეჭდით, ავტოგრაფით, კოპირაიტით.

 

ვარსკვლავებამდე დროა, დროში - გზაა, ფეხებში –

თოვლის ქვიშები, შორს - წნორები, თვალში - ჩიტები,

მორჩა, ღამდება, ცას უსმინე, შენს თავს შეხედე,

ასეთ სიჩუმეს შენ და მინუს ათი სჭირდებით.

 

შეხედე, მისი ნაწილი ხარ, ისე ჩუმი ხარ,

ცივა, არ გცივა, კი არ გცივა, ეს ხარ, ცივი ხარ,

მიდი, ერთხელაც ჩაისუნთქე, ვიდრე ლურჯი ცა

გაყინულია და იხვები, ფრთების წივილით,

 

კოსმოსს შუაზე გადაჭრიან, ეს სილურჯეა

სისხლში წასული, კანიდან და სისხლძარღვებიდან,

ჩვენ არ მოვკვდებით, ერთი თუ ვთქვით, ერთი თუ გვჯერა.

გარშემო უკვე ვარსკვლავები იბადებიან.

 

 

კამა და კარტოფილი

 

ბალახის ღერია, სპირალის ორნამენტის

ხორცისფერ ბალიშებში, ძალიან ცუდი დრო აქვს -

არ იცის, იკვებება, არსებობს, მდგომარეობს,

წამიერებაში ჩაშლილი მუდმივობაც

 

ათჯერ აქვს გაზომილი - ნისლები, ელიფსები,

ჩვიდმეტი მილიარდი, როგორი სარისკოა,

მაგრამ რა სასწაულად გადარჩა ყველა მისი

პირდაპირი ხაზის წინაპარი სპორა -

 

სიცოცხლის პატრონია, სივრცისა და დროის

პატარა გადაკვეთა, ცოტაც და სულ რომ არც კი,

ისეთი უჩვეულო, როგორც ეს შესაძლოა,

ალტერნატიული - უსასრულობაში.

 

სულ მცირე დაკვირვება და უცებ ამ ობიექტს:

ა) აღქმა შეუძლია;

ბ) ბრძოლა ერთი დღისთვის.

არადა, კარგად ვიცით, ორ წამში რა მოხდება,

ისიც რომ ვიცოდეთ, რომ არაფერი ვიცით -

 

მოწყდება, ჩაეჭრება და ირგვლივ, სათოფეზე,

დადგება სურნელება კამის და კარტოფილის.

 

 

მეოთხე პირის ნიშანი

 

ჩვენ სულ სამნი ვართ, ჩვენი ციცქნა, ჩვენი ძირულა

მწვერვალებიდან, საკუთარი თავის წინაშე,

ვზომავთ ერთმანეთს, მერე რა რომ ზედაპირულად,

და სიღრმეშიც რომ ჩავიხედოთ, რას დავინახავთ?

 

რა ჩანს საერთოდ? მიკროსკოპში - მოლეკულები,

შორს - დაკარგული მეგობარი, ის კი ერთხელაც

მთაზე ავიდა, გარკვეული მოვლენებისთვის

ხუთი ათასი მეტრიდან რომ გადმოეხედა,

 

მაგრამ იმ მთიდან რა ჩანს, თუნდაც ერთი ნისლიც რომ

არ მიეფაროს? ნისლეულის იქით მიაგნეს

შავ სუბსტანციას, ერთ ადგილას რომ ჩაიზნიქა

და დრო და სივრცე რომ ეყოლა, როგორც სიამის

 

ტყუპი. სამნი ვართ, დღიდან დღემდე, როგორც კარიდან

კარში, დავდივართ და სამ პირში ბრუნავს სამყარო,

რადგან ყურება ერთდროულად სამი თვალით ან

ერთად სამი გზით სიარული - შანსი არ არის.

 

ან თვალებშიც რომ შევაღწიოთ, იქიდან რა ჩანს?

ვსვამთ და ხანდახან ჩაყლაპვამდე პირში ვიჩერებთ

კადრებს, სიტყვებიც, სამი პირის, ფუჟერის მსგავსად,

სხვადასხვა სიგრძის მომრგვალებულ ფორმებს იძენენ.

 

მერე რა მოხდა? გამოვხატავთ და საერთოდაც,

ჩვენ სიტყვები გვაქვს, ძაღლს - თვალები, ჩიტებს - სიმართლე,

ცამდე მართლები ქვები ვიცით და პლანეტები -

ცაშიც მართლები, არაფერი არ ჩანს იმათგან,

 

მკვდრები არიან. ნეტა ერთი, ვიღაც გვაბოლებს,

რომ ცას ხვრელი აქვს, მარსს - ორბიტა, ჩვენ - ბილიკები,

ბილიკებს - ეკოსისტემები, ზუსტად ამ დროს კი

ეს ყველაფერი შეიძლება პირიქითაა

 

და რელიგიამ, მაგალითად, თავი იპოვა,

რევოლუციის უკან რაღაც პირადულია,

საუკეთესო, რაც აქამდე შევქმენით, მხოლოდ

შეცდომებისგან და ხელებში ვმალავთ მურიან

 

სახეებს, სინდისს სიკეთეში ვაწობთ ზეთივით,

სიმართლეები მწვანილივით დავახარისხეთ,

რადგან სწორი გზის ერთადერთი ორიენტირი

მცდარი გზებია და ამიტომ შეცვლის მხარეს ვართ

 

და ვცვლით და ვცვლით და ვცვლით და ვცვლით და

გზა მაინც არ ჩანს,

სინდისს კი ისიც შეგვიძლია პირნათლად ვუთხრათ:

ნაკლები ძაბვა - ელექტრომწყემსს, კანონს და ჩარჩოს,

რომ თაობების როტაციას მსუბუქად ურტყას

 

და ათი ლარი - გატარებულ, თბილ-თბილ ძროხაში,

სივრცე - პარკინგში, მაცივარში - მკვდარი ჩიტები,

ბრუნვა-ტრიალში ეს სამყარო ჩვენში მოვხარშეთ

და ახლა ვინმეს შემოშვება გაგვიჭირდება.

 

ის კი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფართოა

მისი გაგება (თუ რამე ჩანს, რამის გამო ჩანს)

და ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ, როცა არ ვტყუით,

ათასნაირად შეიძლება ახსნაც, ამოხსნაც.

 

ახლა მთავარზე: სადღაც აქვე დედლაინია

და მერე რა, რომ ყველაფერი მართლა მძიმე ჩანს,

ჩვენ სულ სამნი ვართ და ისეთი ერთნაირები,

ვიღაც მეოთხე ჭეშმარიტად გაიცინებდა.

 

შობა

 

აიღე, შენი სხეულია:

ორი თვალი, ერთი – მარცხენა,

გახსნი და შენი სადგურიდან

გალაქტიკაც უკვე მზადაა

გზაზე დაიქცეს, დაუყევი,

დაკიდებულ ხიდს რომ გაცდები,

მარცხნივ გადადი, მანდ გულია,

ყველაფერი მაგას გადააქვს.

 

აიღე, შენი სიცოცხლეა,

დრო – კუდივით და გზა, რომელსაც

მხოლოდ ბოლო და თავი უჩანს

და ხელები, ვისზეც ხელები

ერთი შეხებით გიხორცდება,

სიყვარული – რაც კი მოგეცა,

ტკივილი – ცა რომ დაგილურჯა,

შიში – რასაც კარგავ, ელევი.

 

აიღე, შენი სიკვდილია,

როგორც ჩრდილი, ანუ, ღალატი

უკვე არაფერ შუაშია

და ეს ჯვარიც – თანდაყოლილი

(რამდენიცა ვართ, იმდენივე) –

რაც გვასწავლე, რასაც მანამდე

ჩვენგან სწავლობდი, სულ ასეა,

სულ მივდივართ, რაც კი მოვედით.

 

აიღე ყველა მაგალითი,

ყველა ტვირთი და თქვი: მერე რა,

თუ მაინც გიყვარს, მაინც ეძებ,

მაინც ღირდა... ერთი სუნთქვა და

დაიწყო. ნახე, რა ტკბილია

სიჩუმეში შენი ტირილი

და რა მწარეა, მით უმეტეს,

როცა ღმერთსაც ასე უყვარხარ.

 

კატის იგავი

 

მე გავაკეთე ეს გისოსი, რკინად ვაქციე

მიწა და ჩავსვი, ეს ფანჯარაც მე გავაკეთე

და ჩავამტვრიე ძველისძველი ტექნოლოგიით.

 

მე გავაკეთე, ქუჩაში რომ ლურჯი ტაქსია

და შავი კატაც, ტაქსის წინ რომ გზა გადაკვეთა,

უსწორმასწორო შენობებით შემოღობილი,

 

მე გავაკეთე, უფრო სწორედ, მე გავაcatე.

 

ვინც მყავს, პირადი სამყაროა, ეჭვის გარეშე,

მანამდე თავი გამოვიცხე, როგორც კრემბრულე,

ესა ვარ, ცოტას - გულს ვიკეთებ, თანაც გავერთე:

 

ოზონი - ხვრელი, წყალი - დენი, ღინღლი - ბალიში,

ეს ამინდებიც ჩემთანაა დამზადებული

და მგონი, წარღვნის რიმეიკიც მე შემიკვეთეს.

 

ბალანსი: კატას რძე დარჩება, მე კი – სიკეთე.

 

მას არ ჰყავს მამა, როგორც წესი, გაცილდა წვრილშვილს,

ვიდრე მუცელში ულვაშები დაეტყობოდათ

და დაიკარგა აჩრდილების სამეგობროში.

 

მე კი ვაკეთებთ მილიონებს, გაქურდვის შიში

მერევა ხოლმე ბნელით მოცულ აგარაკებზე

და ზოგჯერ ვეღარ გამიგია, იცი, არ ვიცი,

რა მინდა, ღმერთო, ახლა რა ვქნა, რა გავაკეთო?

 

სისულელეა მოღალატე კატის იგავიც,

რის მიხედვითაც, სადმე უნდა წასულიყავი.

 

ყელში ამომდის სიგარეტიც, ხოლო ხელებში

მორიგი ღერი. ამასაც რომ ვეღარ შევეშვი.

 

მეტალო პლასტმასი

 

დათბა (როგორღაც მოგწონს, როცა ორი მინა ყოფს

სითბოს ყინვისგან), ღვინოც მოგწონს, ოდნავ უკეთეს

ზაფხულს იხსენებ, გაზაფხული თითქოს არც იყო,

დაბერდი, უკვე გაგაბრუა, შეშას უკეთებ.

 

გარეთ - ხეები, როცა გძინავს, სულში ძვრებიან

და აღმა-დაღმა დააფრენენ სახლებს, სახეებს,

ახლა ღუმელში რომ შეყარე, მათი ძვლებია,

ნიავზე ხრჩოლავს, ნაცარია გამოსაღები.

 

ამბობ, ძროხები, ეს მსუქანი, ზანტი ირმები,

მარტო ერთ პატრონს ენდობიან, სხვები, სულ ასე

ინდიფერენტულ თვალებში ვართ ჩაკეტილები,

ვიდრე პატრონი არ ჩაკეტავთ საყინულეში.

 

იხსენებ ვარდებს, ცინიკურად, უნდა იჩქარო

ყველას მოწყვეტა, მზეს ვენიდან სისხლი აუღო

და ცარიელი ლარნაკი დევს, როგორც სინჯარა.

ხვალ დილით ნაცარს გამოიღებ, ხეებს გაუყოფ.

 

 

რუსიკო

 

გარშემო, როცა ჩამოდიხარ, მხოლოდ გვერდითი

მოვლენებია (ამას მალე გადავეჩვიე.

ერთად გაგვზარდეს, წელიწადში, სადღაც, ერთი თვე

ერთად ვიყავით, ჩვენ - დანარჩენ თერთმეტს გვერჩია).

 

ეს დღეც... შორია საღამომდე, ღმერთი არსებობს -

მამას მივყვები სამსახურში და აქ ისრები

უფრო სწრაფია, ბოლოს ჩრდილიც მივლის გარშემო,

შინ შენთან ყოფნა მელოდება: ქუჩა, ჭიშკარი...

 

მხვდები და ზედაც არ მიყურებ: ”მოდი, დაჯექი”.

მშობლიურია, საშიშია, სხვაა, ჰაერი

ისე წითლდება, მუნჯი კინოს პერსონაჟებით

გარემოცული ოდნავღა ჩანს ჩვენი საერთო

 

პაპის ცხედარი (მკვდრები ვიცი, დაბადებიდან

დამყვა სახლი და სასაფლაო, მაგრამ არცერთხელ

დაკავშირება არ მიცდია, მაგრამ ვკვდებით და

რაკი ასეა, მკვდრები სახლშიც შემოაღწევენ)...

 

ასე მოგვიკვდა პაპა, მერე მაღლა ავიდა,

კედელზე, იყო ორი ჩარჩო, ერთი - ფიცრის და

მეორე - შუშის, ჩარჩოები იყო იქიდან

მოყოლებული და სახეებს ხშირად იცვლიდა.

 

შენ წამოიწყე ეს თამაში, მე - ჩამოგხსენით

და შენს ჩარჩოზეც წლებმა მტვერი დადო თოვლივით

(სადღა მეგლოვეთ, მკვლელი გავხდი, ორი ფურცელი

მე ამოვხიე სამყაროდან), მაგრამ დროდადრო

 

გხედავ, ხელებზე ხელებს მკიდებ, პირში მომლაშო

ცრემლის ღერი მაქვს გარჭობილი: ”შეხედე, აქ რაც

ზმნებია, ყველა დაბრუნდება საწყის ფორმაში,

ჩვენი შეხვედრაც დაბრუნდება, რომელიც გაქრა”.

 

სიზმარში ვტირი, არც კი ვიცი, მძინავს თუ მართლა

უნდა დავიხრჩო, სინანული ყელის სისქე მაქვს.

ზიხარ მფარველი ანგელოზი ჩემს სასთუმალთან

და იმეორებ: ”ყველაფერი კარგად იქნება”.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE