ლევან ბერძენიშვილის ათასი ცხოვრება


ლევან ბერძენიშვილის ათასი ცხოვრება




 

"ყოველთვის, როდესაც მორდოვეთი, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო და პოლიტიკური ბანაკი ЖХ-385/3-5 მახსენდება, ავტომატურად მეცხადება ერთი და იგივე ხატი, როგორც მიქელანჯელო ანტონიონის, ან რომელიმე სხვა ძალიან კარგი რეჟისორის მიერ უძრავი კამერით გადაღებული კადრი: ორნი ვდგავართ აკრძალულ ზონასთან, თითქმის ვეხებით მავთულხლართს, პირდაპირ აღმართული კოშკიდან შინაგანი ჯარების ყურადღებიანი ჯარისკაცი და სახელგანთქმული ავტომატის, კალაშნიკოვის ლულა გვიმზერს, ცივა, თოვს, ბნელა..." - არ ვიცი, ანტონიონის ხსენებამ იმოქმედა თუ მავთულხლართებმა, მხოლოდ ამ სიტყვების წაკითხვისას წარმოვიდგინე პირველად ამ ტექსტის ავტორი საპატიმროში, სიცივეში, გულაგში - ხმას და გამოსახულებას რომ გაასწორებ სამონტაჟოში, ისე „გასწორდა“ ყველაფერი.

ამის შემდეგ, როცა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციებსა და პოდკასტებს ვუსმენ, როცა ლიტერატურის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ვკითხულობ, პოლიტიკასა თუ პროტესტზე მის გამოსვლებს ვუყურებ, სულ ვხედავ მავთულხლართებს, სიბნელეს, სიცივეს, კალაშნიკოვის ლულას...

ასეთია ლევან ბერძენიშვილის "წმინდა წყვდიადი" - წმინდა დოკუმენტური, წმინდა ავტობიოგრაფიული წიგნი, იმდენი ამბით და სიცოცხლით სავსე, რომ თითქოს ხელიდან გისხლტება ყველა ის უბედურება, რასაც გულაგი იტევდა. თუმცა სინამდვილეში არაფერი გისხლტება და მხედველობიდანაც არაფერი გეპარება, არც „შიზოში“ გამოკეტილი კვირები, არც შიმშილი და ტოტალური უსამართლობა და არც ბარაშევოს ზონის სხვა სისასტიკე თუ სიმახინჯე.

საქართველოშიც რომ გადაიღებენ დიდ კინოს, ნამდვილ კინოს დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიან ბრძოლაზე, პოლიტპატიმრებზე, გულაგზე, იმედია, ამას ნაწილობრივ მაინც „წმინდა წყვდიადის“ მიხედვით გააკეთებენ, რადგან დღემდე ამაზე ნამდვილი, ამაზე მართალი, ამაზე ყველა თვალსაზრისით ადამიანური და თან სიყვარულით, იმედით სავსე ტექსტი არ დაწერილა, მით უმეტეს, არ დაუწერია ქართველ პოლიტპატიმარს.

მთელი ცხოვრება როგორ კარგადაც უნდა „დამალულიყო“ თარგმანებში, „წმინდა წყვდიადი“ დიდი ოსტატობით დაწერილი დიდი წიგნია. ორი მოწვევის პარლამენტარი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, არისტოფანეს, ესქილეს, ევრიპიდეს, ჰომეროსის და სხვათა ბრწყინვალე მთარგმნელი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი ახალ წიგნზე მუშაობს და ეს ლაპარაკიც, რაღაც ნაწილი მაინც, ამ წიგნისთვის რამდენიმე ამბის „ზეპირმეტყველებით გამოცდაა“...

ჰო, "წმინდა წყვდიადი" სხვა წიგნებს არ ჰგავს.

„წაკითხული მაქვს უამრავი რამ გულაგზე, ციხესა და უბედურებაზე და ვიცი ყველას ერთი ნაკლი - ყველა ტირის. ერთმა, იტალიელმა მწერალმა, პრიმო ლევიმ დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი, „თუ ეს ადამიანია“ და მას არ აქვს ეს ნაკლი. იქ იმდენი იუმორია, რამდენიც ჩემთან არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მხიარული წიგნი დამეწერა ციხეზე. არ ვიცი, როგორ გამოვიდა, ასე მინდოდა...“

ბატონო ლევან, „წმინდა წყვდიადი“ არის ავტობიოგრაფია, დოკუმენტური პროზა, თუმცა ამ წიგნზე მხატვრული შეიძლება ძალიან ცოტა რამ წამიკითხავს. იქ კი წერია სათაურის ამბავიც, „ვალზეც“ და ამ 15 კაცის „დაძახებაზეც“, მაგრამ მაინც როდის და როგორ აეწყო ეს ყველაფერი?

„არაფერი ისეთი მხატვრული არ არის, როგორიც ავტობიოგრაფიები, იმიტომ, რომ არსად იმდენი გამონაგონი არ არის, რამდენიც ავტობიოგრაფიებშიო - ფრანგებმა თქვეს ადრე. მე არ ვფიქრობდი ამ წიგნზე. არაფრის წერას არ ვაპირებდი. მით უმეტეს, წიგნის. მოხდა ასეთი რამ: ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვმუშაობ ძალიან სერიოზულ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია National Endowment for Demmocracy, სადაც ვარ Senior Fellow - უფროსი მეცნიერ-მუშაკი. მაქვს დიდი ვალდებულებები, მაგრამ რაღაცებს ამერიკელები სხვანაირად უყურებენ, ჩვენ სხვანაირად. ჩვენ სხვანაირად გარკვეული ხალხი ვართ, ყოფილი კომუნისტური სისტემის ხალხი - მოკლე გზებს ვპოულობთ ხოლმე. მალე ვამთავრებდი საქმეს და ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. აღმოვაჩინე, რომ დეფიციტი მაქვს პირუკუ, ანუ - დრო მაქვს ჭარბი და არ მაქვს წიგნები. აქ როცა ვარ, გამოვიღებ ბერძნულს და ვიწყებ თარგმნას. 2009 წელია და ინტერნეტიც სხვანაირია, შეზღუდულია, ახლა რომ ყრია ყველაფერი, ისე არ არის. ამასობაში ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“ შემომთავაზა, რამეს თუ დაგვიწერ, აი, ამ ზომისას, თითო ნომერში დაგიბეჭდავთო. მაშინ მოვიფიქრე და დავიწყე წერა. ასე რომ, ეს ამბავი, ვალი რომ მაქვს და რაღაც, ეს არის უკანა რიცხვით დაწერილი მხატვრული გამართლება იმისა, რომ ალბათ, ვალი მქონდა“.

ანუ საავადმყოფოში არ მოხვედრილხართ?

„საავადმყოფოში როგორ არ მოვხვდი. საავადმყოფოში მოვხვდი. და იქ არკადიზე რომ დავწერე, იმან არაფერს არ დაუძახა. მართლა მქონდა მაგ ერთი კაცის ვალი. დანარჩენების ვალს მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდი. იმან იმას დაუძახა, ეგ არ მომხდარა. ეს „არკადი“ ხომ მქონდა, ავიღე და გავუგზავნე ჟურნალს. ასეთები კიდევ გამოგვიგზავნეო. მეც დავიწყე. მარსელ პრუსტს დავესესხე ძალიან უკუღმართულად. პრუსტი ამბობს, სუნი, გემო აღძრავს მოგონებებს, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა სცადო მისი გამოწვევაო. მე არ დავუჯერე მაგ ნაწილში - რომ არ უნდა სცადო. ვფიქრობ, ეს ზონის ამბები - ზოგიერთი მახსოვს, ზოგიერთი არ მახსოვს, გახსენება მინდა. შემიძლია, დათოს დავურეკო, იქნებ რამე ახსოვდეს, მაგრამ ძირითადად დათოს გათავისუფლების შემდეგი ხალხია... და უცებ მომაფიქრდა, რომ არის ზონის გახსენების უებარი საშუალება: ის, რაც ზონაში იყო და მერე არ ყოფილა - ჩეფირი! გავაკეთე. დავლიე. ვენაცვალე მარსელ პრუსტს, კარგი მწერალია. დავლიე თუ არა, მთელი ზონა განათდა, ყველაფერი გამახსენდა! ისეთი რამეები გამახსენდა, რომლებიც არაფრით არ მეგონა, თუ მახსოვდა. ვწერე და ვწერე, ვწერე და ვწერე და ვწერე, ვერ გამაჩერა ვერავინ. წიგნი, რაც დავბეჭდე, იმის მეათედია, რაც დავწერე. ბევრი დავწერე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფრის დაბეჭდვა არ შეიძლებოდა“.

არც ახლა?

„არც ახლა. იმიტომ, რომ არის რაღაცა, ისეთი... ერთხელ მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ არის ისეთი სიმართლე, რომ თქმის მომენტში გრძნობ, ვერ აღიქვამენ, როგორც სიმართლეს და არჩევ სათქმელის შეფერადებას ან ტყუილის თქმასო...“

ან ართქმას?

„ან ართქმას. ძალიან ბევრი რამაა ასეთი. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ეს ითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე და ასე შემდეგ... მაგრამ ქართულად ხომ იბეჭდებოდა. ჯონი ლაშქარაშვილზე რომ დავწერე, ხომ წაიკითხავდა? რაც დაიბეჭდა, ისიც ეწყინა და წარმოგიდგენიათ, მე რაც მეწერა, ის რომ დაბეჭდილიყო, სულ გაგიჟდებოდა. შეიძლება, არ უნდოდა, მის წარსულზე ყოფილიყო, თუმცა კი დასამალი რა იყო. ისე, ჩემი წიგნის მკითხველები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ის პერსონაჟები, რომლებსაც, ჩემი ჭკუით, ძეგლი დავუდგი. თუმცა არიან მადლიერებიც. მაგალითად, ვადიმ იანკოვი მადლიერი დამრჩა. ერთი-ორი ამბავი გავასწორე, იმიტომ, რომ დათომ მითხრა, მეტისმეტად მკაცრია ვიღაცის მიმართო და სხვა... მე თვითონაც მქონდა შინაგანი ცენზურა ჩართული, ამიტომ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა, დაიბეჭდა ამ ჟურნალში და ამოიწურა. წიგნის გამოცემა შემომთავაზა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. ამიტომ არის, რომ პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა. გამომცემელმა უცებ დაინახა და „ჩაავლო“. კიდევ კარგი, ასე მოხდა, ყველაფერს თავისი ამბავი აქვს. როდესაც დავაწყვეთ ერთად, ჩავხედე და მივხვდი: არ დამთავრდა წიგნი. წიგნმა მოითხოვა ცვლილებები და მაშინ წავიდა ეს პროცესიც. დათოს თავი დაემატა, ხოლო ჩემს თავზე არაფერი მეწერა“.

 

„პეპი“

„გამოვიდა წიგნი და მეუბნება ზურაბ ქარუმიძე, ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი კაცი, რომ ერთი მწერალი ქალია კანადაში, გიჟდება შენს წიგნზე და დაუკავშირდიო. ეს აღმოჩნდა ელენე ბოჭორიშვილი, „პეპი“. რუსულენოვანი, კანადაში მცხოვრები ქართველი მწერალი, ცნობილი მთელ მსოფლიოში. დავუკავშირდი პეპის. დავმეგობრდით, ჯერ ინტერნეტმეგობრობა აგვიტყდა და რომ ჩამოვიდა და გავიცანი, მერე სულ გადავირიე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთელი ცხოვრება მეგობრები ვართ. პეპი მეუბნება, რომ ეს უნდა გამოქვეყნდეს მთელ მსოფლიოში. მე ცხოვრებაში არ მიფიქრია ამაზე. პეპიმ თქვა, მე მყავს აგენტი, დაგაკავშირებ მასთანო და დამაკავშირა. კიდევ ერთი მეგობარი ვიშოვე ამ სიბერეში. საერთოდ, მაგრად გამიმართლა ქალებში. სიბერეში ვიშოვე თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე - ჩემი მეგობრები არიან, თან  - თანაპარტიელები, ძალიან ახლო მეგობრები. სიბერეში ვიპოვე პეპი და სიბერეში პეპიმ მაპოვნინა გალინა დურსტოფი, ჩემი აგენტი, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია“.

 

თარგმანი

„რუსულად თარგმნა აღმოჩნდა რთული, რამდენიმემ სცადა, არ გამოვიდა. ბოლოს პეპიმ მითხრა, შენ თარგმნეო. სინამდვილეში თარგმნა თვითონ, მე ვკითხულობდი და ვაზუსტებდი, ზოგჯერ რაღაცას რომ დაწერ, იცი, რისი თქმაც გინდოდა, მაგრამ მკითხველს სხვაგვარად ესმის და ეს თარგმანის დროს კარგად ჩანს. მოკლედ, რამდენიმე ასეთი ადგილი გასწორდა და უცებ პეპიმ აღმოაჩინა, რომ ამ წიგნს აქვს სტრუქტურა. ეს ხომ არასდროს არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ყველა თავს აქვს რაღაც ერთნაირი სქემა და თუ რამე იყო დარღვეული, ისიც გასწორდა. მოიკლა თავი და არაფრით არ მიაწერა თავისი სახელი და გვარი. აწერია, რომ ჩემი თარგმანია. ამერიკელებმა სცადეს ქართულიდან თარგმნა, არაფერი გამოვიდა. რაკი ლევან ბერძენიშვილი ეწერა, რუსული ჩაითვალა ავტორიზებულ, ორიგინალის ტოლფასად და დაიწყეს რუსულიდან თარგმნა. ამას მიკეთებდა თურმე პეპი, ასეთი გულშემატკივარი აღმოჩნდა. თითქოს უნდა გიკვირდეს, მაგრამ ქართველია, ქართველებს გვაქვს ხანდახან ასეთი ამბები“.

 

გამოხმაურება

„ძალიან ლამაზი გამოცემაა რუსული, მაგრამ არ წაიკითხა არავინ, იმიტომ, რომ რუსეთში თურმე ანტისაბჭოთა ლიტერატურა აქტუალური არ არის. თან გამოცემული არ იყო, რომ მეორე დღეს იდო „ფლიბუსტაზე“ და ვისაც აინტერესებდა, უფასოდ წაათრია იქიდან. წიგნის დიდი ნაწილი შარშან, ფრანკფურტის ბაზრობაზე ჩამოიტანა გამომცემლობამ და იქვე გაყიდა. მოკლედ, რუსული რომ გამოჩნდა, მერე ჩაჯდა ჩემი აგენტი და გააკეთებინა გერმანული, იტალიური, ინგლისური, რომელიც გამოიცა ამერიკაშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ახლა გამოდის უნგრულ, სერბულ, რუმინულ და ფრანგულ ენებზე. საქართველოშიც კი არ ყოფილა ცუდი რეცენზია. მე ვიცი ხალხი, რომელსაც უბრალოდ, არ ვუყვარვარ, ვიცი ხალხი, რომელიც ვერ მიტანს და ვეზიზღები. არ ვიცი, გამოეპარათ თუ რა, საქართველოში ამ წიგნმა მომიტანა განსაკუთრებული სიხარული. როცა ეს გამოდიოდა, სერიოზულ დაპირისპირებაში ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირველი კეთილი სიტყვა წიგნზე გავიგონე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისგან. ჯერ იყო და გიგი უგულავამ შემომითვალა ციხიდან, წავიკითხეო, მერე დავით კირკიტაძემ“.

 

სათაური

„სათაური სხვადასხვა ენაზე გამოვიდა ძალიან მაგარი. რუსულადაც ხომ კარგია: Святая Тьма. ინგლისურად - Sacred Darkness, იტალიურად - la Santa Tenebra - რომ დავინახე, ჩემი თავი, მე თვითონ მომეწონა. ქართულ გამოცემაში ქვესათაური არ გვქონდა. პეპიმ შემომთავაზა - Последние дни Гулага, რომელიც მომაკვდინებელი სათაურია. 90-იანი წლების რუსეთი რომ ყოფილიყო. მაშინ მილიონები გამოიცემოდა, ნაღდად ვიცი, დავაგვიანე. თუმცა არ ვთვლი, რომ მე თვითონ დავაგვიანე წიგნის ამბავში. მაშინ რომ დამეწერა, ტკივილი იმდენად დიდია, იუმორის თავი არ მექნებოდა. ამ წიგნში რაც არის აღწერილი, არაფერი არ არის გამოგონილი, ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ გადაფარული იყო შიმშილით, გამწარებით, ისეთი სიმწარეები მაქვს ნანახი, რომელიც არც დავწერე. არ დავწერე უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ შეშინებული ვიყავი - ჩემიანებს არ სწყენოდათ. არის ისეთი რამეები, რომელიც ჩემმა ცოლმა არ უნდა წაიკითხოს, არადა, ჩემი ცოლი არის ჩემი პირველი მკითხველი, რედაქტორი, მაგას ვენდობი. ჩემი წიგნების ნაწილს, რომელიც მას არ წაუკითხავს, როგორც რედაქტორს,  ეტყობა კიდეც ეს...“

ერთხელ თქვით, რომ წერა არ გიყვართ. რატომ?

„წერა არ მიყვარს, ჰო, მე მიყვარს ლაპარაკი. ეს ქართველების ამბავია. სოკრატე არ წერდა პრინციპულად. ჩემი ყველაზე საყვარელი მასწავლებელი, ირაკლი შენგელაია მადარებდა სოკრატეს გარეგნულად. მისი ბიუსტი ხომ არსებობს. ცხვირით, რაღაცით გავხარო. მერაბ მამარდაშვილსაც ქართველ სოკრატეს ეძახდნენ. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, არ წერდა, პედაგოგი იყო. მეც შინაგანად ვარ პედაგოგი, დედაჩემიც პედაგოგი იყო - ძალიან მაგარი ქალი. ჩემს სასამართლოზე ისეთი სიტყვით გამოვიდა, მოსამართლემ უთხრა, თუ სამართალია, ამათ მაგივრად ახლა თქვენ უნდა გიჭერდეთო. რა თქმა უნდა, როგორც ყველამ, ბავშვობაში დავიწყე წერა. ახლაც მახსოვს, როგორ იწყებოდა ჩემი მოთხრობა: "გემის ჭვინტზე იდგა გოგონა..." ეს იპოვა დედაჩემმა, დამახია თავზე, ამიკრძალა წერა. მითხრა, ხარ უნიჭო, არ გესმისო, და მე დავიჯერე. მერე დიდი ხნის განმავლობაში დავიმალე თარგმანში. ახლაც, ხუთი წუთი თუ მიჩნდება, ეგრევე რაღაცას ვთარგმნი. მეზიზღება აკადემიური წერა, თუმცა ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომი მაქვს, პროფესორი ისე ვერ გავხდებოდი. რაც შეეხება ლიტერატურაზე ჩემს წიგნებს, კაცი მყავს, გიორგი ჭეიშვილი, რომელიც შიფრავს ჩემს რადიოგადაცემებს, ლექციებს, მერე მაძლევს, ვკითხულობ, ვასწორებ. მაგრამ ყველა ამ წიგნს აქვს ნაკლი - ის არ არის დაწერილი, როგორც წიგნი... მქონდა გრძნობა, რომ მე არ უნდა ვწერო, იმიტომ, რომ „იმან“ ამიკრძალა, ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა, ვინც მყავდა. მერე ციხეში მოვხვდი და ამ ყველაფერზე რომ ვყვებოდი, ტიპები მეხვეწებოდნენ, დაწერე, დაწერეო. დავწერე და მივხვდი, რომ წერა შეიძლება“.

ამ აღიარებამ, თარგმანებმა, ყველაფერმა - არ გაგიჩინათ გაგრძელების სურვილი?

„კი, კი, გამიჩინა და უკვე ვწერ“.

ასევე დოკუმენტურს?

„ასევე დოკუმენტურს. წინასწარ დავარქვი „გულაგამდე და გულაგის შემდეგ“ - ეს იქნება ჩემი ცხოვრება დაპატიმრებამდე და გათავისუფლების შემდეგ“.

გათავისუფლებიდან დღემდე თუ რაღაც პერიოდამდე?

„რაღაც პერიოდამდე მივალ, ალბათ. არ ვიცი, სად გავჩერდები. ბევრია. ბევრი რამაა საინტერესო. იმდენი რაღაც მაქვს მოსაყოლი. მე ვიცი, საიდან მაქვს ეს, რატომ მიყვარს ბევრი ლაპარაკი - ყველა მყავდა მთხრობელი. მამაჩემი იყო ბრწყინვალე მთხრობელი, მაგრამ სულ სხვა სტილში. ფანტაზია არა, მაგრამ ამბების მაგარი მოყოლა იცოდა. ბებია მყავდა, წარმოსახვა ჰქონდა საოცარი. მე სულ ვამბობ, რომ წარმოსახვას ავითარებს წიგნები. ბებიაჩემს ერთი წიგნი არ ექნებოდა წაკითხული, მაგრამ დაიბადა წარმოსახვის ფანტასტიკური უნარით. პირველი გილდიის ვაჭრების ოჯახიდან იყო. ბაბუაჩემმა საერთოდაც მაგიტომ მოიყვანა ცოლად, მაგრამ იმათ არაფერი არ მისცეს. სასტუმრო „რუსთავი“ რომ იყო და მერე კონტროლის პალატა, ის შენობა მათ ეკუთვნოდათ. მამაჩემი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ყოველ შაბათ-კვირას გარბოდა ჩოხატაურში მიწის საჩიჩქნად. დედამისი ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს არის "სუდია", ვარიანტი არაა, ისე იქცევაო“.

ბავშვობიდან დაიწყებთ თუ სტუდენტობიდან? „რესპუბლიკურ პარტიაზეც“ დაწერთ?..

„რამდენიმე ეპიზოდი მინდა ბავშვობიდანაც. ერთი-ორი სტატია მაქვს დაწერილი, წონაში რომ დავიკელი, მაგ დროზე. მენანება, არ მინდა, დაიკარგოს, იმიტომ, რომ ჩემთვის ძვირფასია ჩემი სიდედრის გამო. ვაღრმავებ ახლა მაგ მიმართულებით. ჩემი სიდედრი წელს გარდაიცვალა. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა...“

და თქვენი დიდი მხარდამჭერიც იყო.

„მხარდამჭერიც და ბოლო წლებში მხოლოდ მე ვუყვარდი. ძალიან მაგარი ქალი იყო. სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა: „ესაა თქვენი გუმანიზმი?..“ მახსოვს, მოსამართლე შოკში ჩავარდა, რა გჭირთ ამ ქალებსო, თუ დედა, თუ სიდედრიო. გადაირია. ამ კაცს დახვრეტილი ჰყავდა მთელი საქართველო. ეს იყო თვითმფრინავის საქმის მოსამართლე, გერსამია. ჩვენს განაჩენზე ხმა აუკანკალდა. თვითონ ეს სასამართლო პროცესი ძაან მაგარი იყო. ვწერ ამაზეც. ისეთი მაგარი ამბები ხდებოდა. სხვათა შორის, ადრე ამაზე არ მიფიქრია. სულ ციხე, ციხე და ის, რაც მანამდე იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, და ახლა მაგაზე დაწერას ვაპირებ. სულ ვთარგმნი და ზაფხულში უფრო ვიცლი, ლექციები რომ არ მაქვს.

უცებ ვიგრძენი, რომ უნდა გავაგრძელო „წმინდა წყვდიადი“. დავიწყე რაღაცების ჩაწერა და მეორე დღეს მომდის პეპის წერილი, შენ უნდა გააგრძელო გულაგის წერა, ეგ გაყიდის პირველ წიგნსაც და თავის თავსაცო. მივწერე, შენ შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ გუშინ დავიწყე-მეთქი. კომპიუტერში ვწერ, თან ახლა ისეთი კომპიუტერი მაქვს, მე მგონი, თვითონ წერს. მთელი ცხოვრება ტექნიკის ფანი ვარ. მაგის გამო ვსწავლობდი გეპეიში. მათემატიკა მიყვარდა. ავტომატიკა და მექანიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე კურსზე დავანებე თავი და უნივერსიტეტში ჩავაბარე“.

 

მათემატიკა

„ისეთი ვირული გარემოცვა იყო „გეპეიში“... უნდა დავწერო ამაზე ახალ წიგნში აუცილებლად. მათემატიკაში ბავშვობიდან არა მიშავდა. მეზობლად ცხოვრობდა დიდი მათემატიკოსი, თბილისელი კაცი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება. ამ კაცმა მოსწავლეები აიყვანა და ვეხმარებოდი. ჯერ 50 მანეთი მქონდა ხელფასი, მერე - 100. მათემატიკაში ძალიან გავძლიერდი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიადა მაქვს მოგებული, მაგრამ საფრანგეთში არ გამიშვეს. რუსი გაუშვეს, რომელმაც წააგო. ის ამოცანები მერე კოლმოგოროვმა ჩამოიტანა და მე ამოვხსენი, საათი მაჩუქა. დიდი კაცი იყო ანდრეი კოლმოგოროვი. მაგან მასწავლა ერთი დიდი სიბრძნე - მითხრა, არ დაიმახსოვრო ფორმულები, ყველაფერი, რაც წიგნში წერია ამოიგდე თავიდან. დაიმახსოვრე მარტო ის, რაც არსად არ წერია და უნიკალურია. მანამდე ყველაფერს ვიმახსოვრებდი. ამან ძალიან გამომცვალა“.

 

უნივერსიტეტი

„ვსწავლობ გეპეიში და არ მაინტერესებს ლექცია. მათემატიკას მასწავლის რუხაძე. ჩუმად ვკითხულობ წიგნს. ეს ახლაც მახასიათებს, სადმე მოსაწყენ ადგილას თუ ვარ, ჩუმად ვკითხულობ ხოლმე. დამადგა თავზე და ამართვა წიგნი. ასწია ზევით, ასი კაცი მაინც არის აუდიტორიაში: „წიგნს კითხულობს“. ატყდა სიცილი. გადაწყვიტა, ბოლო ლურსმანი დააჭედოს ჩემს კუბოს, გადაშალა და გაგიჟდა თვითონაც: „ლექსებს კითხულობს!“ მთლად ლექსები არ იყო, მეტერლინკის "ლურჯ ფრინველს" ვკითხულობდი, მაგრამ გადაირია ხალხი, დაიხოცა სიცილით. ამის მერე ჩხუბი მომიხდა უფროსკურსელებთან. გაზეთი გავაკეთე და ერთ-ერთმა, კამათში რომ ვერ მომიგო, ცოლი მოიყვანა, ამას გაეცი პასუხი, ფილოლოგიაო. იმან მითხრა რაღაცაზე, მასე არ უთქვამს რისმაგსო. მე ვკითხე, რისმაგი რა არის-მეთქი. რისმაგი არის ადამიანიო და წავედი უნივერსიტეტში რისმაგის სანახავად. წავედი უნივერსიტეტში გეპეის მესამე კორპუსიდან, გაჯერებული ოფლის, შარდის, კაცების და სიბინძურის სუნიდან, შევდივარ მარმარილოს პირველ კორპუსში, და უცებ - შანელის სუნი, გოგოები, და ვიფიქრე, ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო, გეპეიში რამ წაგიყვანა... მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიყავი მხოლოდ ქალთა გარემოცვაში. ჩემი სკოლა ბათუმში ყოფილი ქალთა სკოლა იყო, ყველა მასწავლებელი ქალი იყო. ერთი კაცი შემოვიდა და ვერ აიტანეს. მერე უნივერსიტეტში ვიყავი ბედნიერი, ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი ბედნიერი, პარლამენტი და ციხე არ იყო მარტო კარგი, განსაკუთრებით პარლამენტი, საშინელება იყო“.

 

„საბა“

„წმინდა წყვდიადში“ „საბა“ ვერ ავიღე. კი, მეწყინა. სხვათაშორის, ეგ ამბავიც აუცილებლად აღმოჩნდება ახალ წიგნში. მაშინ მაჯობა პაატა ქურდაძემ. ვიცი მთელი ისტორია და ამიტომ შევეგუე მაგ ამბავს, გადავიტანე. თრომბის ამბავი მქონდა, თრომბი დამემართა. მოვიდა ერთი სასწრაფო, ეგრევე მორფი გამიკეთეს, არ მიშველა. დაიწყეს ლოცვა. გავაგდე ესენი. გამოიძახეს მეორე, იმათმაც ლოცვა დაიწყეს და იმათაც გამიკეთეს რაღაცა, გამჭყიპეს, ვერ მიჩერებენ ამ ტკივილს. ჩემმა რძალმა, რომელიც ექიმია, მოიყვანა ერთი თავზეხელაღებული კაცი, სვანი ექიმი, რომელმაც დააძრო ჯიბიდან ლანცეტი, გამიჭრა ფეხი, ჩავარდა ხელებით შიგნით, მოგლიჯა რაღაცები, ჭკუაზე არ ვარ, ისეთი ტკივილი მაქვს, ეგ საერთოდ არ გამიგია. ამის შემდეგ ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს საავადმყოფოში. უცებ, ჰოპ და გაქრა ტკივილი. ოთხი ნარკოტიკი მქონდა მიღებული და ყველა ამოქმედდა. სამი დღე ვიყავი ეიფორიაში. საავადმყოფოში ვწევარ და ვიცი, რომ მაძლევენ „საბას“, მითხრეს. გამოვიდა ტელევიზორში მანანა ღარიბაშვილი, ჩემი ჯგუფელი. ვიფიქრე, დამცინის, მეხუმრება, ამიტყდა სიცილი. შემოვარდნენ ექიმები. ვეუბნები, იხუმრა მანანამ, „საბა“ მე მომცეს და ის კი ამბობს, ქურდაძეო... არადა, მაგის იმედზე ვიყავი, 4 ათასი ლარი იყო მაშინ პრემია და იმ საავადმყოფოს ხარჯს ფარავდა. „საბა“ ლიტერატურულ ესეებში მაქვს მიღებული“.

 

პარტია

„ერთმა რუსმა მწერალმა თქვა თავის თავზე ის, რაც შეიძლება ჩვენზეც ითქვას: Без меня народ не полный! ჩვენ გარეშე არ წყდება არცერთი დიდი საკითხი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ჩვენი გულუბრყვილობის ამბავია. არა, საკმაოდ გააზრებულად ხდებოდა ხოლმე. კარგია, რომ შევარდნაძის წინააღმდეგ ვიბრძოლეთ, კარგია, რომ შევარდნაძესთან ერთად ასლანსაც ვებრძოდით, ძაან კარგია, რომ მერე მიშას ვებრძოლეთ... ყოველთვის მართალი ვიყავით. ყველაფერი ძველდება და ისინი ვერ გრძნობენ ხოლმე. პატარა პარტია ვართ, ნაკლები ვალდებულებებით და მეტად ვგრძნობთ, რაღაც რომ იცვლება, რაღაც რომ ძველდება. პოლიტიკოსი ვალდებულია, რომ თვითონაც შეიცვალოს, მარადიული არაფერია. კარგი პარტიაა „რესპუბლიკური პარტია“, არ ვართ ძალიან პოპულარული, მაგრამ არ შეგრცხვება, ევროპაში ყველაზე ღირსეული პარტიის ნაწილი ვართ, ყველაზე ნორმალური ხალხი ვართ“.

 

ოთხი დღის წინ გაათავისუფლეს თქვენი ძმისშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან. აქციების ზოგი მონაწილე ისევ საკანში რჩება, ალბათ ესენიც არ იქნებიან ბოლო პატიმრები. რამ უნდა გაამხნევოს, რამ უნდა უშველოს ადამიანს იმ დროს, რკინის კარი რომ დაიხურება?

„ძირითადად, გამხნევება სჭირდებათ, სანამ იქ აღმოჩნდებიან. რამდენადაც მე მივხვდი, თვითონ პატიმრობა არაფერი არ არის, არის პატიმრობის შიში. ადამიანს აქვს გაურკვეველი წარმოდგენა პატიმრობაზე, სიკვდილივითაა. როგორც კი დაგიჭერენ, იმწუთას მიხვდები, რომ არაფერიც არ ყოფილა, გრძელდება ცხოვრება ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, ციხის გარეთ... ადამიანს საკმარისად აქვს სულიერი ძალები, რომ გადაიტანოს ნებისმიერი პატიმრობა, თუკი რაიმე იდეას ემსახურება. ცოტა იდეალისტი თუ არის, ცოტა იუმორის გრძნობა თუ აქვს, პატიმრობა არის სახალისო საქმიანობა. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ თქვა, ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდებაო. მე მაშინ ვუთხარი - სერვანტესი, თუნდაც ჩვენი გურამიშვილი, დოსტოევსკი, ჩამოვუთვალე ერთი-ორი. მერე ვინ თქვა, რომ ეგენი ჭკვიანები იყვნენო. არის ხალხი, ვისთვისაც ეს სიკვდილია და არის ხალხი, ვინც ძალიან პატარა რამისთვისაც წავა ციხეში. ჩემმა ძმისშვილმა თქვა, მირჩევნია ახლა ჩავჯდე 15 დღე, ვიდრე მომავალი არ მქონდესო. ამ ახალგაზრდებს ასე იოლად ვეღარ შეაშინებენ, მათ აქვთ იდეა, უკეთეს ქვეყანაში უნდათ იცხოვრონ. გოეთემ თქვა, მხოლოდ ის იმსახურებს სიცოცხლეს და თავისუფლებას, ვინც ყოველდღე ამისთვის საბრძოლველად გადის სახლიდანო“.

თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ ორი თაობის ახალგაზრდებს - ახლა ვისაც ასწავლით და თქვენ როცა იყავით ახალგაზრდა... რომელი სჯობს?

„დღევანდელი გვჯობია ჩვენ ბევრი თვალსაზრისით. საბჭოთა ახალგაზრდობას ჰქონდა ძალიან სერიოზული შიში და საბჭოთა ახალგაზრდობაში ვაჟკაცი იყო, ალბათ, ძალიან ცოტა. იმ დროს ხელოვნება იყო, უკაცრავად და, ჩვარი. ძალიან ბევრი იყო ეზოპეს ენა. ეზოპე მშვენიერი ავტორია თავის ამბავში, მაგრამ ეზოპეს ენა რომ გჭირდება იმის სათქმელად, რომ სამშობლო გიყვარს, ეს სერიოზული უბედურებაა. მახსოვს, მე ვიყავი ახალგაზრდა და უნივერსიტეტში მოვიდა ცნობილი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. ის არ ითვლებოდა ოფიციოზის პოეტად, სინამდვილეში კი იყო, მაგრამ ვითომ არ იყო და მან წაიკითხა ლექსი: ეს გზა მეც ვიცი, საითკენ მიდის... გაივლის ქარელს... გაივლის რაღაცას... იმას... ამას... შენ გზა მითხარი, ის გზა, რომელიც... ეს გზა მეც ვიცი, საითკენ მიდის... იმ დარბაზში, ეს იყო უნივერსიტეტის კლუბი, სადაც ეტევა დაახლოებით ხუთასი კაცი, იყო სამი ათასამდე ადამიანი და დაინგრა იქაურობა. რა თქვა ასეთი? სამშობლო მიყვარსო და ისიც კი ვერ თქვა. მე ვთვლი, რომ ეს არის იმ ეპოქის ლექსი, ის არასდროს არ ყოფილა პოეზია, ,,სამშობლო მიყვარს“ არ არის პოეზია, მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონდა, იმიტომ, რომ ეს იყო მინიშნება“.

და რა უნდა ექნათ?

„ვის, მწერლებს? რაც მე ვქენი, უნდა ჩამჯდარიყვნენ. მაგაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ტყუილში არ უნდა იცხოვრო. ან ლენინზე ლექსები მაინც არ უნდა დაეწერათ. თუ საყვედურზეა ლაპარაკი, ეს საყვედური ყველას ეკუთვნის, დიდებსაც და პატარებსაც:“.

მოდი, ასე ვთქვათ, არ უნდა ეწერათ 70-80-იანებში მაინც, თუ არც 30-40-იანებში და დაეჭირ-დაეხვრიტათ? ერთმნიშვნელოვანი იყო ყველა დროში არწერა?

„არ არის ერთმნიშვნელოვანი ნამდვილად. ვიცი, ვინც შეიძლება იგულისხმებოდეს და მე გალაკტიონი არ მემეტება დასახვრეტად, მიუხედავად იმისა, რომ არამარტო სტალინზე და ბერიაზე წერდა, კანდიდ ჩარკვიანზეც აქვს დაწერილი“.

იქნებ ეს თავის გადარჩენის პროცესია, „ადამიანური ამბავი“, რაღაც გზაზე დგები, რაღაც "ირთვება", ცოლსაც ვერ წერდა წერილებს...

„შეიძლება. ეს გზა იწყება პატარათი და მერე კვდება ძალიან სერიოზულად დიდი რამ. როცა გალაკტიონი კომპრომისზე წავიდა, დაკარგა პოეტური უნარი. როგორც კი სტალინი მოკვდა, მაშინვე დაწერა - „ქარი დასცხრა სიბობოქრის, შავი ზღვიდან სიო მოქრის, მე გიცქერი, როგორც ოქროს, ჩამავალ მზეს, ჩამავალს...“ - ნამდვილი პოეზია. გალაქტიონი დაინდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში საფრთხეს ვერ ხედავდნენ. გალაკტიონი არის მილიარდჯერ უფრო დიდი პოეტი, ალბათ, ვიდრე მისი ბიძაშვილი, მაგრამ ის საშიში იყო. სტალინს შესანიშნავი ყნოსვა ჰქონდა. გალაკტიონი, ჩემი აზრით, არის მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი სახელი, ვაჟა-ფშაველა მაინც მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. გალაკტიონი არის ფენომენი იმ თვალსაზრისით, რომ იგი არ იქნებოდა საერთოდ არცერთი ხელისუფლების გულწრფელი მეხოტბე, "ქართულ ოცნებაში" ვერ იქნებოდა, "ნაციონალებში" ვერ იქნებოდა, ის ვერავისი ვერ იქნებოდა. ეს იმათ ესმოდათ. ამიტომ თვლიდნენ. რომ არ არის საშიში. გალაკტიონი იყო ხელისუფლებისგან, ადამიანებისგან, სახელმწიფოსგან განრიდებული კაცი. აქაც ცდებოდნენ, გალაკტიონი, ასეთი უძლურიც კი, ცოლს რომ წერილებს ვერ წერს, საშიში იყო, თავისთვის ხომ მაინც ჩაწერს ხანდახან დღიურში - "ასეც არ შეიძლება, ამხანაგო სტალინ".

თუმცა „სანიმუშო“ საბჭოთა მოქალაქედ ვერ აქციეს...

„ვერ აქციეს, მაგდენიც არ შეეძლოთ ახლა... ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, სხვა რა უნდა მეკეთებინა, ვიჯექი და ვკითხულობდი. მიხეილ ჯავახიშვილი მთავრობას სთხოვდა, გამიშვით, მე ჩამოვიყვან ჩოლოყაშვილს და დახვრიტეთო. ყველას ხომ ვერ მოიშორებ, ვინღა დარჩება... აი, ტიციანმა არ დალია ბერიას სადღეგრძელოო, მაგრამ სანამ ამას იზამდა, იმდენი ქნა, ნეტა არ გვენახა საერთოდ. თავისი მეგობრების გინება მოუწია, თავისი სტუმრების გინება. გალაკტიონი არ აქტიურობდა. გამსახურდიამ რომ „მთვარის მოტაცება“ დაწერა, ქართველი მწერლები მის დახვრეტას ითხოვდნენ, რიგში ჩადგნენ „მაღალი სახელები“.

„იმ“ დროის დაბრუნების შანსი არის?

„არა, „იმ“ დროის დაბრუნების შანსი არ არის, იმიტომ, რომ „ეს“ დრო მოვიდა; იმიტომ, რომ მაშინ საქართველომ ვერ აითვისა თავისუფლების ჰაერი, ცოტა იყო ის. ჩვენ ახლა დიდი ხანია, ვართ თავისუფლებაში, ეს დიდია. ამ ახალგაზრდობას ახლა ვეღარსად დააბრუნებ. ბედნიერებაა, რომ ახალ თაობას არ უწევს კომპრომისზე წასვლა. მათ შეიძლება გაუჩნდეთ ილუზია, 40-50 წლის წინ რომ ეცხოვრათ, მაშინაც ასეთები იქნებოდნენ, მაგრამ ამაში ჩვენ არ უნდა შევცდეთ. მე კი შემიძლია ვთქვა, რა მერჩივნა იმ ეპოქაში... მაშინაც იყვნენ ვაჟკაცები, რომლებსაც ძალიან სწრაფად გაუსწორდნენ... როდესაც ვიჯექი უშიშროებაში, გამაკვირვა იმან, რომ ბადით იყო დაფარული კიბის უჯრედები. დავინტერესდი, რატომ იყო. გაირკვა, როცა ოცდაათიან წლებში ერთ-ერთი პატიმარი, კერძოდ, უფროსი ბიძინა რამიშვილი (მისი შვილიშვილი, უმცროსი ბიძინა რამიშვილი ,,რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს) როცა დააპატიმრეს, ამ კიბიდან გადახტა და თავი მოიკლა. არავინ არ დააბეზღა, და მისი სახელი არ შეიბღალა. ეს მაგალითებიც არის, ძალიან ცოტა... ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ ქვეყანაში, იქ ვეღარ დაბრუნდებიან. რატომ გაგვასწრო ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროპის გზაზე, რატომ აირჩიეს ის გზა, რომელიც სწორი აღმოჩნდა და ჩვენ რატომ ვერ ავირჩიეთ? იმიტომ, რომ იქ ცოცხალი იყო თავისუფლების სული, ცოცხალი იყო ის ხალხი, თავისუფალი რომ დაიბადა“.

ჩვენი მეზობლები, ახლო მეზობლები - იქ ახლაც „სხვა დროა“.

„ვფიქრობ, რომ იქაც უკვდავი არაფერი არ არის. არისტოტელე, მოგეხსენებათ, იყო ყველაზე პოზიტიური ფილოსოფოსი. რასაც ხედავდა, იმას აღწერდა ხოლმე. ერთხელ თქვა დიდი სიბრძნე, რომელიც თავისი სიღრმით იმდენად მარტივია, ყველას ეჩვენება, რომ არაფერს არ ნიშნავს. მან თქვა, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუა ტანი და დასასრული. როდესაც ასეთი რამ გესმის, ფიქრობ, ამას მეც ვიტყოდი, ყველა იტყოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც აქვს დასაწყისი, დასასრული; ქრისტიანობასაც აქვს დასაწყისი, დასასრული; ყველაფერს აქვს. ასე რომ შეხედავ, იმწუთას მიხვდები, რა საშინელი ძალის ნათქვამია, და შიშსაც აქვს რაღაცნაირი დასასრული. ეს ახალგაზრდები არ არიან კმაყოფილები იმით, რაც აქვთ. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, რაღაცნაირი ტიპის დემოკრატია, ბევრი სისტემა არ გვაქვს და ახლა გადის ცუდი ხელისუფლებით გამოცდას. მინდა გითხრა, ვუძლებთ. რითი ვუძლებთ? ახალი რესურსი გამოჩნდა ამ ახალგაზრდების სახით. თორემ პოლიტიკური სისტემა არ არის ძლიერი, არც ოპოზიციაა ძლიერი. გამოჩნდნენ შვილები. ეს მაგათი შვილებიც არიან. ისე არ არის, რომ მარტო ჩვენი შვილები არიან, ცუდი კაცები რომ არიან, მაგათი შვილებიც კარგები არიან, ამაშია საქმე, მემკვიდრეობით კი ვერ გადასცემენ თავიანთ არაკაცობას. ქვეყანა სხვაგან წავიდა. ეს ახალგაზრდობა იმხელა გაიზარდა, არჩევნებზე მივა და ეს ცვლილებას გამოიწვევს“.

არჩევნებზე, კი, მაგრამ პოლიტიკაში როდის მოვლენ?

„პოლიტიკაშიც მალე მოვლენ, მათი ასაკი უნდა მოვიდეს. მე ვთვლი, რომ ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული და ვინც, თუნდაც ერთი დღე, იქ იცხოვრა, სანამ ფიზიკურად არ წავალთ, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება, იმიტომ, რომ ჩვენს რიგებში ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც ეს მონური სულისკვეთება ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. ახლა ახალგაზრდობა ზრდის ხელისუფლებას და გარყვნის მას თავისუფლებით. ეს პოლიციელი ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება, რომ ბრძანებები მოდის ისეთი, რომ უფერულდება, უქმდება, როგორც ადამიანი და ყველა არ არის ამისთვის მზად. ისინი „ფუჭდებიან“. ასე „გააფუჭა“ ირანის ახალგაზრდობამ ირანის შაჰის საიდუმლო ძალები. მართალია, ეს ახალგაზრდები თავისუფლების იდეით კი არა, სულ სხვა იდეით იყვნენ, მაგრამ ახალგაზრდული ენერგიაა ეს. მათ „გააშავეს“ ქვეყანა, ჩვენ უნდა „გავათეთროთ“. ჩვენი ახალგაზრდები „თეთრები“ არიან, მადლობა ღმერთს. მარტო ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ ახალგაზრდების უკან პოლიტიკოსები დგანან. შეიძლება, იქ ჩემი ძმისშვილი დგას, მაგრამ ის ჩემი პარტია არ არის. ჩემი გავლენა პარტიული კი არ არის, შეიძლება მხოლოდ ისაა, რომ კარგი ხალხი ვიყავით ოჯახში. ის აკვიატება, რომ ამათ უკან პოლიტიკოსები დგანან, ზედმეტი შეფასება ამ პოლიტიკოსების, არ შეგვიძლია ამდენი, ბატონო, უფრო სურვილია, ასე იოლი იქნებოდა. ამბობენ, ცოტა არიან, დაილევიანო. რა დალევს ახალგაზრდობას, ასეთი სისულელე შეიძლება თქვა მარტო მაშინ, როცა თავისუფალი აზროვნების გეშინია“.

ბოლო რამდენიმე ათწლეულს მაინც ვიცნობთ, შევესწარით. რომ წარმოვიდგინოთ და განვავრცოთ რაღაც პრინციპით მთელ დროზე - ეს ვართ? სულ ასეთები ვართ?

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ისტორიაში ისეთი, თავიდან რომ გადაიწერებოდა ხოლმე და ჩვენ გვყავდა ისტორიკოსები, რომლებმაც ეს მოახერხეს. ჩვენ ვმალავთ ბევრ რამეს თამარის ეპოქაზე, დემეტრე თავდადებული გმირად გამოვაცხადეთ, ჩვენ ვერ დავმალეთ მე-17 საუკუნის ტრაგედია, არ გვინდა ვილაპარაკოთ აბაშიძის გზაზე და ასე შემდეგ... მონობის პროცესზე. როგორც კი ვინმეს წამოსცდება, რომ დედებს ყიდდნენ და ცხენებს ყიდულობდნენო, იმწუთას ჩაახშობენ, რა სისულელეა, რას ამბობ, ეგეთი არასოდეს მომხდარაო. ანუ საქართველოს აქვს შერჩევითი ისტორია. არამარტო შერჩევითი სამართალი, ისტორიაც შერჩევითი აქვს“.

ეგეც ნიშანი არ არის?

„რა თქმა უნდა, ეგეც ნიშანია. ნაპოლეონმა ერთხელ თქვა, ისტორია არის შეთანხმებული ტყუილიო. ჩვენც ბევრი რამ გვაქვს ასეთი და იყო ვაჟკაცობაც, ბრძოლაც. დავით აღმაშენებლის უბედურება არის ის, რომ იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს ასეთი ტიპის მეფეების გენერირება შეეძლო. მისი მეოთხედი რომ ყოფილიყო მისი შვილი და თამარი  - მეათედი მაინც, გვეშველებოდა. დავით აღმაშენებელი აღმოჩნდა იმხელა, უსაშველოდ იმხელა... როგორც რუსთაველი, რომ მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, წერას სანამ დავიწყებდით, გურამიშვილამდე. გურამიშვილიც ხომ რუსთაველი არ არის, მაგრამ რაღაც არის. რუსთაველი იყო „კატასტროფა“, დავით აღმაშენებელი აღმოჩნდა ასეთივე „კატასტროფა“, როგორ გალაკტიონი აღმოჩნდა „კატასტროფა“, ატომური ბომბის ამოფრქვევის შემდეგ რომ მოცარიელდება ყველაფერი... სკოლაში რომ მივედი, დამხვდა შვიდი ქართველი მწერალი კედელზე. ერთ დღეს მოხდა საოცრება და ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ჩამოხსნა ბესიკის პორტრეტი და დაკიდა გალაკტიონი, რომელიც იქ არ იყო. მე ვასახელებ ოთხს, ოთხი „ასისთავი“ - რუსთაველი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი. ჩემი აზრით, ეს არის დღემდე, რაც არის, გაუძლებს ყველაფერს. არ მჯერა, რომ ჩვენ ოდესმე ისე წინ წავიდეთ, რომ აქ ვინმე გამოვცვალოთ. ბარათაშვილის არ უმართლებს დღემდე. ყველაზე ინტელექტუალური, ყველაზე ფილოსოფიური ქართველი პოეტი ქართველებს არ უყვართ. ნამდვილი ამბავია, რომ არ უყვართ, არ შეეშალათ - 50 კაცში არ მოახვედრეს“

ყველაზე კარგი საქმე, რაც გიკეთებიათ, რასაც სულ გააკეთებთ?

„ლექციების კითხვა. განსაკუთრებით - საჯარო ლექციების. მე თუ დავინახე, რომ ბავშვები იატაკზე სხედან, ესე იგი, ცხოვრება შედგა. როცა ვხედავ ინტერესს, ვხედავ სიყვარულით სავსე თვალებს, ეს არის ყველაფერი. ლექცია რა არის? სიყვარულის გამოცხადება ერთმანეთის მიმართ. მე მყავდა მასწავლებელი, აკაკი ურუშაძე, კათედრის გამგე იყო. ბერძნულ ტექსტს რომ ამბობდა, ხელებით ეფერებოდა სიტყვებს. ეს იყო ისეთი სიყვარული, ვგიჟდებოდი. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის ლექციების კითხვას მოუტანია. არც თარგმანს, არც წიგნს, ამხელა სიხარული არ მოაქვს. დაბადებულები ვართ ჩვენ ამისთვის. ეს ჩვენი ნაციონალური „უბედურებაა“, ქართველებს გვიყვარს ჭკუის სწავლება. ციხეში სომხები ისხდნენ და სწავლობდნენ, ქართველები ასწავლიდნენ. მე რომ ჩავედი, მთელმა ზონამ ფრანგული იცოდა. ქართველი მაღალაშვილი იჯდა და იმან ასწავლა ყველას. მე რომ წამოვედი, მათემატიკოსმა ვადიმ იანკოვმა, რომელმაც ცოტა ბერძნული იცოდა, ოთხი წიგნი გამოსცა ანტიკურ ფილოსოფიაში, ისე გავუღრმავე ცოდნა“.

თქვენ რა ისწავლეთ?

„მე ციხეში ვისწავლე ყველაზე მთავარი: შევედი ქართველი ნაციონალისტი და გამოვედი ლიბერალი. ციხეში გავიგე, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მეგონა. ისეთი რამეები მახსოვს ჩემს თავზე, გახსენებაც კი მრცხვენია. ციხეში რომ წავედი, კაი ქართველი პატრიოტი ვიყავი, რუკებზე მქონდა მოხატული მთელი ტერიტორიები, ერთადერთი - რეიგანის ბებია რომ ქართველი იყო, ამაზე მეცინებოდა. აკაკი ბაქრაძემ, ამ კარგმა კაცმაც კი დაწერა სტატია „ნაკლული ქართველობის სევდა“, წარმოგიდგენიათ? ყოველთვის იყო ეს, სანამ დამოკიდებულებაში რაღაც არ შეიცვალა. ახლაც ძალიან ცოტანი ვართ ლიბერალები. ბევრისთვის ეს სიტყვა ახლაც სალანძღავია“.

რა სჭირდება მწერალს, კარგად რომ წეროს?

„რამდენიმე რამ არის აუცილებელი. პირველი, როგორც გალაკტიონმა თქვა, ნიჭი, ანუ ეს არის ძალიან სპეციფიკური რამ. მერე, მწერალი უნდა იყოს დაუნდობელი, ანუ მან უნდა „გაიმეტოს“, მან ისეთი რამ უნდა გაბედოს, რაც მე, მაგალითად, ვამბობ, რომ ვერ გავბედე და არ ვარ მწერალი. დავწერე რაღაცები და ვერ გავბედე. მაგალითად, ფოლკნერმა დედამისი გამოაჭენა მთელ მსოფლიოში, დედა დაკარგა, მაგრამ ის იყო ფოლკნერი. განსაკუთრებული თავხედობა, სითამამე, გამბედაობა, ვაჟკაცობა - ეს ბევრი პროფესიისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მწერლისთვის უპირველესია. ჩემი აზრით, გადამწყვეტია წარმოსახვა. ეს ბუნებითაც ჩნდება, მაგრამ წიგნების კითხვაც აჩენს, თუმცა წიგნები ზოგჯერ მწერლისთვის საშიშია, საჭიროა ზომიერება. ისეთი კაციც კი, როგორიც იყო აინშტაინი, ამბობდა, კითხვა საშიშია, ბევრ კითხვას მეცნიერების დრო მიაქვს, კითხვა უფრო სასიამოვნოაო. უნდა შეიზღუდოს მწერალი, როგორღაც. ამ ბოლო დროს შეინიშნება „ნაკითხი“ მწერლების მოზღვავება, რომელთა ტექსტებშიც კომპილაციებს უფრო ხედავ მერე. სადაა ზღვარი, არავინ იცის. და უმნიშვნელოვანესი, მწერლობის საფუძველი არის სიყვარული, ყველაფერი უნდა უყვარდეს, ისე ვერ დაწერს. მერე ეს მის ნიჭზეა დამოკიდებული, ამ ყველაფერს სატირით გამოხატავს, პირდაპირ, თუ  - უელბეკივით უკუღმა, სულერთია.  მთავარია - უყვარდეს“.

თქვენ ხშირად გესხმიან თავს - იქნება ეს პოლიტიკა, ლიტერატურა, ნებისმიერი რამ - როგორ უძლებთ, რთულია?

„ადვილი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი ამ იმუნიტეტს იმუშავებს ცხოვრების განმავლობაში. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი, ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც სფეროში რამეს წარმოადგენს, იძენს როგორც მეგობრებს, ისე მტრებს. „ცუდას რად უნდა მტერობა...“ - ეს ნამდვილი ამბავია. როდესაც პირველად წავიკითხე, რომ მე ვარ კაგებეს აგენტი, ძალიან მეწყინა, მერე შევეგუე. ვიცი, რომ არ ვარ. ვისაც ჰგონია, მე იმას როგორ ვუშველო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა ჩემზე, რუსეთის აგენტიაო. მერე თვითონ თქვა, ვიხუმრეო, მერე ბოდიში მომიხადა და ტიპები არიან, ამბობენ, არა, მაინც აგენტიაო. ახლა არ ამბობს ასე, იმიტომ, რომ ასე სჭირდება, მაგრამ ისინი, ის ტიპები ამბობენ, ხომ ვიცით, რომ აგენტი არისო. მე რა შემიძლია. არის გამჯდარი საოცარი ამბავი, რომ მე ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში რაღაც მონაწილეობა მივიღე. მასთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა, არასდროს, არც პარლამენტში ვყოფილვარ მაგ დროს. ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ქალი მოდის და გაიღიმა, რომ დამინახა, უკვე ველოდები, ბატონო ლევან, თქვენ ლექციას მოვუსმინე ან რაღაც ასეთი, და - „სიკვდილი და კუბო შენ! შენ მოკალი ზვიადი!“ თურმე თავის თავს გაუღიმა: კარგია რომ დავინახე, ახლა ამას ვეტყვი, რაც საჭიროაო. საინტერესოა, რომ მაინცდამაინც ქალის ის ტიპაჟი მომეწონება ხოლმე, რომელიც ზვიადისტი აღმოჩნდება და გამომლანძღავს. ზოგჯერ მეტყვიან, ამან ის დაწერა, იმან ის დაწერა, უპასუხე. ვის ვუპასუხო, რა ვუპასუხო - რომ „აქლემი არ ვარ“?

აბა, რა არის სწორი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? თან ინტერნეტია, ყველაფერი რჩება.

„ყველაზე სწორი არის „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“! მე ვიცი ერთი საიდუმლო საკუთარ თავზე. ხომ რამდენი რამ გამიკეთებია: ქვეყანა მაქვს თარგმნილი - გაშლილი ხელებით ვზომავ ხოლმე გამოცემულ წიგნებს. ლექციები მაქვს ჩატარებული, ალბათ რეკორდსმენი ვარ საქართველოში. კიდევ ბევრი რაღაც, მაგრამ... როგორც კი მკითხავენ, ვინ ხარ, იმ წუთში ვამბობ: ციხე! ვიჯექი! ჩემი ცხოვრების 7 წელი - 4 დაპატიმრებამდე, 3 პატიმრობაში - წაიღო მთლიანად ამ საქმემ. ის 4 წელი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ის სამი - შიშით, ძრწოლით... და მაინც რაღაც ვთქვით, რაღაც გავბედეთ. მე ვთვლი, რომ ეს შვიდი წელი მე მივეცი ჩემს ქვეყანას, ჩემს თავსაც და ჩემს ოჯახსაც, რომ მომავალში რამე ყოფილიყო, ჩემი ქვეყნის სამსახურში მაქვს ეს დრო გატარებული. როცა ვინმე მხვდება და მეკითხება, ვინ ხარ? ვამბობ: Former political prisoner. Gulag! ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. არ ეგონოს ვინმეს, რომ მართლა პროფესორი და ისა ვარ, მთავარი უნდა იცოდეს, მთავარი ესაა. არც ის, რომ წიგნი დავწერე და ვთარგმნე, არც ის, რომ ლექცია წავიკითხე. ესქილემ თავის ავტოეპიტაფიაში ჩაწერა, რომ მარათონის ბრძოლაში მონაწილეობდა. არც დრამატურგია უხსენებია და არც არაფერი. ვიღაც რომ გამაჩერებს და მეტყვის, მიყვარხარ, ჩემთან სელფის გადაიღებს, მერე მოვდივარ და სახლში ვყვები, დღეს გამაჩერეს ქუჩაში ამდენჯერ. ადამიანი არის აღიარება. ადამიანს სჭირდება აღიარება და მე ეს მაქვს ჭარბად! და „ასავალ-დასავალს“ არ ვკითხულობ, აგერ დამირეკეს და მითხრეს, „მარშზე“ ილაპარაკეო. „მარშზე“ რა მალაპარაკებს, რა უნდა ვილაპარაკო „მარშზე“?!

 

წიგნი

„წიგნები მკითხველისთვის იძლევა თავდაჯერებულობას, წიგნი ავითარებს წარმოსახვას. წიგნს შეუძლია შეგაყვაროს სიცოცხლე. რაც წიგნს არ შეუძლია, წიგნი ვერ გაგხდის იმაზე უკეთესს, რაც შენ ხარ, წიგნი ამ მხრივ არ არის ძლიერი მეგობარი. როცა ამბობენ, რომ ამხანაგი სტალინი ბევრ წიგნს კითხულობდა, ვხვდებით, რომ სამწუხაროდ, ბევრი წიგნის კითხვა არაა საშველი. კითხვა დეპრესიის მტერია, ავადმყოფობის. ხომ ამბობენ ამერიკელები, გაციების დროს წამლებით ერთ კვირაში განიკურნები, უწამლოდ 7 დღეშიო, მე ვამატებ, „ვეფხისტყაოსნის“ კითხვით ოთხ დღეში, განსაკუთრებით შველის ავთანდილის ანდერძი. წიგნს სიცოცხლის შეყვარება შეუძლია. წიგნი ადამიანს ერთი ცხოვრების მაგივრად ათასი ცხოვრებით აცხოვრებს!..“

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE