ანა (ფრაგმენტი რომანიდან)


ანა (ფრაგმენტი რომანიდან)




ამ რომანის გმირები ბავშვები არიან. მასში აღწერილია განადგურებული და მიწასთან გასწორებული სიცილია.

2020 წელი, აპოკალიფსური მდგომარეობა.

ბელგიაში წამოქმნილი ვირუსი „წითელა“ მთელ ევროპას მოედო და  რამდენიმე თვეში ამოწყვიტა ყველა ზრდასრული ადამიანი, მხოლოდ ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ შიმშილობის და დაავადებების გამო მოსიარულე ჩონჩხებად გადაიქცნენ. მიუხედავად ამისა, მაინც იბრძვიან არსებობისთვის. ერთმანეთის მკვლელობაზეც კი მიდიან, რათა გამოიკვებონ, იარსებონ. ფეხით გადიან კილომეტრებს ლუკმა-პურის ძებნაში. მიტოვებული სახლებიდან გააქვთ ტანისამოსი და ყველაფერი ის, რისი გამოყენებაც შესაძლებელია. ყველგან  მიცვალებულთა ცხედრები ყრია.

ნაწარმოების მთავარი გმირია 13 წლის მამაცი და შეუპოვარი გოგონა ანა. მას კარგად ახსოვს, თუ როგორ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად სიცილიაში - მშვიდად, არ უჭირდათ, უყურებდნენ ტელეგადაცემებს, მიირთმევდნენ პიცას, დასეირნობდნენ მანქანით... მას შემდეგ, რაც მისი მშობლები კვდებიან, ანას გასაზრდელად რჩება ოთხი წლის ძმა, ასტორი. ანა დაეხეტება გადახრუკულ მინდვრებზე, მისტერიულ ტყეებში, სახლებისა და მაღაზიების ნანგრევებში, უკაცრიელ ქალაქებში და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გადაარჩინოს, დააპუროს და სამშვიდობოს გაიყვანოს თავისი ძმა. გოგონა დედის დანატოვარი დღიურით ხელმძღვანელობს, რომელშიც მშობელი ურჩევს, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში, როგორ გადალახოს ესა თუ ის პრობლემა, და უპირველეს ყოვლისა, მიხედოს ძმას.

 

და-ძმამ ოთხი დღის წინ დატოვა ქალაქი ჩეფალუ. გამგზავრებამდე პიეტროს ცხედარი ბაწრებით აიტანეს გზაზე, მარკეტის ურიკაში  ჩაასვენეს და ზღვისპირამდე მიაგორეს. სილა ამოთხარეს, შიგ ჩამარხეს და ზედ ნავი გადაახურეს.

ანა ხანდახან უკან მიიხედავდა, პიეტროს ეძებდა, მაგრამ მხოლოდ ძმა, ასტორი მიჰყვებოდა ფეხისთრევით და ძაღლი კოკოლონე ყნოსვა-ყნოსვით. ცხოვრებისგან იმედგაცრუებული გოგონა ზოგჯერ ხელს წაავლებდა ყელზე ჩამოკიდებულ ნაჩუქარ ვარსკვლავს და მაგრად მოუჭერდა, სანამ მისი წვეტები არ შეესობოდა და ტკივილს არ იგრძნობდა. პიეტროზე ფიქრი სულს უწვავდა და ხორცს უგლეჯდა. ახლა ხვდებოდა სიყვარულის არსს და იმას, თუ რატომ იყო დედა რომანების კითხვით გატაცებული. სიყვარულს მაშინ გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ. სიყვარულს დანაკლისის დროს განიცდი.

პიეტროს გარეშე ანასთვის სამყარო მდუმარე და საშიში შეიქმნა. ადრე თუ ხალისიანი იყო იგი, ახლა დამაყრუებელი და დამანგრეველი გახდა. აგონიაში ჩავარდნილი გოგონა იტანჯებოდა, ვერ პოულობდა პასუხს, თუ რა უაზროდ და სულელურად გაქრა პიეტრო მისი ცხოვრებიდან. ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს ვიღაც დაჰყურებდა ზემოდან, აკვირდებოდა, რომ რაიმე ახალი, მკაცრი სასჯელი გამოეგონებინა მისთვის. ცდიდა, რამდენ ხანს გაძლებდა. იმ ვიღაცამ ჯერ მამა წაართვა, მერე - დედა და დატოვა პატარა ძმით ხელში. ბოლოს პიეტროს შეახვედრა, მაგრამ ისიც წაართვა, თითქოს დასცინა. ზაზუნასავით არბენინა ცხოვრებისეული მოვალეობებით. არ მისცა საშუალება აერჩია, მარცხნივ წასულიყო თუ მარჯვნივ.

ანას გონებაში პიეტროს ნათქვამი ამოუტივტივდა: „სამყარო არ არსებობს. იგი მხოლოდ კოშმარია, რომლიდანაც ვერ ვახერხებთ გამოფხიზლებას“.

მესინამდე ასი კილომეტრი რჩებოდა. მისი ანგარიშით სამი-ოთხი დღე მაინც იქნებოდა საჭირო კიდევ. გზატკეცილი დაუსრულებელი ჩანდა. ერთი და იგივე მოსაწყენი პეიზაჟი ზოგჯერ გრძელი გაუთავებელი გვირაბებით იცვლებოდა. გზაზე არავინ შეხვედრიათ. ანამ ძმას გადახედა. ბიჭი თავდახრილი მიდიოდა და ჯოხს მიახოხებდა ასფალტზე. ისე დაღლილიყვნენ, ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდნენ, სიტყვებიც ემძიმებოდათ.

- როგორაა საქმე?

ბავშვმა ზღვისკენ გაიხედა. ნისლიანი დილა იყო. წყალი ნაპირს ეხეთქებოდა...

- რომ გეკითხები, უნდა მიპასუხო!

ასტორმა ამოიფრუტუნა და ფეხების ბაკუნით წინ გავარდა.

და-ძმას შორის ურთიერთობა პიეტროს სიკვდილის შემდეგ დაიძაბა. თუ და გაუბრაზდებოდა, ბიჭი საერთოდ გარბოდა და სადმე იმალებოდა. - თითქოს ჩემი ბრალი იყოს პიეტროს სიკვდილი. - ფიქრობდა ანა.

მიუახლოვდა ასტორს და ხელი მხარზე დაადო. - გშია?

ბავშვმა თავი გაუქნია უარის ნიშნად.

- მე კი მშია. - ჩამოჯდა გზის პირას და ზურგჩანთიდან ამოიღო თევზის ორი კონსერვი, მათგან ერთი ძაღლისთვის და ბოთლით წყალი.

კოკოლონე კუდის ქნევით მოკალათდა მის გვერდით. პირიდან დორბლი ჩამოსდიოდა. ანამ ასფალტზე დაუყარა კონსერვის ხორცი. ძაღლმა ერთ წამში გადასანსლა. გოგონამ მერე თავისი გახსნა, გადაწურა ზეთი და დანით დაიწყო ჭამა.

ასტორი განუწყვეტლივ უბრახუნებდა ჯოხს გზატკეცილის ბარიერს.

- შეწყვიტე ახლავე! - უსაყვედურა დამ.

ბიჭმა კი ნერვიულობისგან კეფაზე თმა მოიქაჩა.

ანა ღელავდა, ასტორმა ლაპარაკი და თმის გლეჯა დაიწყო. საკუთარ თავთან წამოძახილებით და ხმამაღლა სიცილით დიდხანს გაუგებრად ბურტყუნებდა.

პიეტროსთან ურთიერთობის დროს ბიჭი უფრო კონტაქტური იყო. დიდებივით საუბრობდნენ. ბავშვური თემები დავიწყებული ჰქონდა. ახლა კი ისევ დაბრუნდა მის გონებაში ქვების სროლა, ჯოხის ბრახუნი, მკვდარი მწერები, გრძელთმიანი ხვლიკები...

- პიეტროს წითელა შეეყარა და მაინც მოკვდებოდა, - გასძახა მას დამ და შორს მოისროლა კონსერვის ცარიელი კოლოფი, -  მე და შენ მაინც უნდა წავიდეთ წინ!

- არა, ჩვენ სამნი ვართ! - ასტორმა ძაღლისკენ მიუთითა.

- მართლა არ გინდა? - გაუწოდა თევზის კოლოფი ანამ.

- ცოტა.

რა ეშველებოდა ასტორს, ანა რომ მომკვდარიყო! დას რვეულში ჩაწერილი მითითებები რომ დაეტოვებინა, არც კი გადაშლიდა წასაკითხად. გზაზე ტრაფარეტების წაკითხვაზეც უარს ამბობდა. საჭმელსაც ვერ იპოვიდა, ოდნავ მაინც რომ დაენაყრებინა კუჭი.

შუადღისას, ნაცრისფერი დაბერილი ღრუბლებით დაიფარა ცა და კოკისპირული წვიმა დაიწყო. ციოდა. გზატკეცილიდან მოჩანდა ცასავით მუქი და გააფთრებული ზღვა, რომელიც აქაფებული ეხეთქებოდა შავ კლდეებს. როგორც იქნა, დატოვეს გზატკეცილი და სრულიად სველები შევიდნენ გორაკზე გაშენებულ დასახლებაში. მთის ერთი ფერდი მეწყერს ჩამოეტანა და სახლები დაენგრია, გზები დაეფარა და ხეები ამოეგლიჯა. მჩქეფარე წვიმა ნანგრევებს შორის მიედინებოდა, სანაპიროსთან ადიდებულ მდინარეს უერთდებოდა და ზღვაც ტალახდებოდა.

დასახლებაშიც არ მოიძებნებოდა ცოცხალი ადამიანი. და-ძმა აგავებით გარშემორტყმულ ვილას მიადგა. მხოლოდ ის იდგა ფეხზე, ყველა სახლი დანგრეული იყო. ერთ დროს მისი თეთრი კედლები დღეს კვამლით იყო გამურული. საწოლ ოთახში დაობებული შპალერი ფენა-ფენად ჩამოშლილიყო. სახლს არცერთი ფანჯარა მთელი არ შერჩენოდა და ცივი ქარი ყველა მხრიდან უბერავდა. სამზარეულოში ცეცხლი დაანთეს გასათბობად და ტანისამოსი გასაშრობად ჩამოჰკიდეს. საჭმელი არ ჰქონდათ და ისე იყვნენ დაღლილები, რომ მაშინვე ჩაეძინათ. ბნელ ოთახში დანთებული ცეცხლი მათ სხეულს ათბობდა.

დილით, ადრე გააგრძელეს გზა. აღარ წვიმდა, მაგრამ მოქუფრული ცა მაინც იმუქრებოდა. რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩამონგრეულ ვიადუკს მიადგნენ, რომლის შემორჩენილი სვეტების ქვეშ მიედინებოდა კალაპოტიდან გადმოსული მდინარე. ამოყირავებული სატვირთო მანქანის წყვილ-წყვილი საბურავები ატალახიანებული წყლიდან ამოშვერილიყო.

მთის ფერდზე გაშენებული ხშირი ეკლიანი ტყე უნდა გაევლოთ. მდინარე მომძლავრებულიყო და ვერ გადადიოდნენ. შემაღლებულ ადგილზე წაქცეული ვერხვის ხე დაინახეს. ანა წონასწორობის დაცვით პირველი გადავიდა. ასტორი და ძაღლი კი ოთხით გაჰყვნენ მას.

ჯერჯერობით არ წვიმდა, თითქოს ელოდებოდა გზატკეცილზე მათ ასვლას. პარკინგის ადგილზე მიტოვებული „ვოლვო“ დაინახეს და ჩასხდნენ. მანქანის ახლოს საფრთხის მომასწავებელი სამკუთხედი იდო. ძაღლი უკანა სავარძელზე წამოწვა, ასტორი კი - მძღოლის ადგილის გვერდით. უცებ, წვიმამ მანქანას დასცხო და ჩანჩქერივით დაიწყო ვარდნა საქარე მინაზე. ანამ ავტომობილში ნაპოვნ ჩანთებში ჩაჰყო თავი, საჭმელს ეძებდა, მაგრამ სამზარეულოსთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი რამ ნახა - რეცეპტების წიგნი. „წნევის ქვაბებში მოსამზადებელი კერძები“ - აიღო და გარეთ მოისროლა. გოგონას შუაღამით გამოეღვიძა, მოსაშარდად გადმოვიდა. შორს შუქი ანათებდა. იფიქრა, ალბათ სადმე ცეცხლიაო. მანქანაში რომ დაბრუნებდა, ასტორი გაღვიძებული დახვდა.

- მშია.

- არც კი იფიქრო, ახლა დაიძინე და ხვალ რაღაცას მოვძებნით!

- რატომ არ ვბრუნდებით სახლში?

- იმიტომ რომ კონტინენტზე უნდა გადავიდეთ.

- მე სახლში მომწონდა დარჩენა.

- მეც, მაგრამ აი, ნახავ, სხვა ადგილას ყოფნა უფრო მოგეწონება.

- შენ რა იცი?

- ვიცი. ახლა დაიძინე! - მკლავები მაგრად მოხვია პატარა ძმას.

მეორე დღეს მზის სხივებს იისფერი ღრუბლები გაეპო, მაგრამ ქარი ცივად იგრძნობოდა სველ ტანსაცმელზე.

ანას თანდათან ეჭვი იპყრობდა მესინას სრუტის გადალახვასთან დაკავშირებით. არ იცოდა, რამხელა იყო, მდინარეს ჰგავდა თუ ზღვას. რით უნდა გადაელახათ, ცურვით თუ ნავით.

მიუახლოვდნენ ქალაქ პატის გადასახვევს. მარჯვნივ მთა-გორაკები ამობურცულიყო. მარცხენა მხარე სახლების სახურავებით იყო გადაჭედილი. ქვევით კი ზღვა ბობოქრობდა. დატოვეს გზატკეცილი, მასზე მიტოვებული დამწვარი მანქანები და დაადგნენ ქალაქში შემავალ გზას. ცოტა ხნის შემდეგ, ანას ხმაური შემოესმა, შეჩერდა და უკან მოიხედა.

- გესმის?

ასტორმა ჰაერი ჩაისუნთქა და ძირს ყურადღებით დაიხედა. ასფალტი გუგუნებდა, თითქოს მიწისძვრა იყო. უცებ, ხეს ყვავების ჯგუფი მოწყდა და ცაში აფრინდა. კოკოლონემ ყურები ცქვიტა და ღრენა დაიწყო. მოულოდნელად, მოსახვევიდან ფლოქვების ბრახუნით ნახირი გამოვარდა და გზა ძროხებით გაივსო. ანამ ძმას ხელი სტაცა და ბარიერს იქით ჩაიმალა. ერთ წუთში გამოჩნდა ჯოხებით შეიარაღებული ათიოდე ბავშვი, რომლებიც ყვირილითა და სტვენით მოსდევდნენ პირუტყვს. ასტორი პირდაღებული მისჩერებოდა ამ სანახაობას. უცებ, ისიც გადახტა გზაზე და ყვირილი მორთო. მას კოკოლონეც აჰყვა ყეფით.

- სად მიდიან? - წამოიძახა ანამ და გაიქცა ისიც.

ნახირმა გზა გადაჭრა და პარკინგის მოედნისკენ  გადაინაცვლა, საიდანაც ბავშვებმა ყვირილით გადევნეს მიტოვებული და კარჩამტვრეული სავაჭრო ცენტრის “მეფე არტუ“-სკენ. ეს იყო ერთი დიდი ციხე-სიმაგრის მსგავსი ვარდისფერი კოშკურებიანი შენობა. მონადირეებმა ნახირი შიგნით შედენეს. პირუტყვმა ყველაფერს გადაუარა და ფეხით გათელა. დაანგრია სარეკლამო ჯიხურები, დახლები, სკამები, მაგიდები. ჩაამტვრია ტანსაცმლის მაღაზიის და ბარის ვიტრინები. ზოგი ძროხა იქცეოდა, სხვები კი ფლოქვებით ზედ გადადიოდნენ. მათ უკან ბავშვები მოჰყვებოდნენ ფარნებით ხელში და ჩაბნელებულ დერეფნებს ანათებდნენ. შუქი ეცემოდა მაღაზიების წარწერებსაც. დაკოჭლებული, დაჭრილი და დაშინებული ნახირი მიადგა წრიულ ადგილს, რომელსაც მოაჯირი არ ჰქონდა, მარცხენა და მარჯვენა მხარე კი ბარიერით იყო ჩაკეტილი. საქონელი შეუჩერებლად გადაეშვა ქვედა სართულზე. ბავშვები მათ ისე დაესივნენ, როგორც პირველყოფილი ადამიანები მამონტებზე ნადირობისას, უბრალოდ ტყის მაგივრად ეს ყველაფერი სავაჭრო ცენტრში ხდებოდა. ძროხები  თევზის მაღაზიის სარეკლამო პრეზენტაციისთვის დადებულ ნავს და აუზის სქელ მინას დაასკდნენ, სადაც ადრე ორი ცისფერ ზვიგენი ცურავდა.

მტვრისგან და კვამლისგან გაბრუებული ანაც გამოჩნდა დერეფანში. შეშფოთებულმა გადმოიხედა ზევიდან და  წელში გადატეხილი და თავდამტვრეული საქონელი დაინახა. ზოგი გადმოვარდნისთანავე მომკვდარიყო, ზოგი კი სულს ღაფავდა. ქვევიდან  განავლის, სისხლის და ბენზინის საშინელი სუნი ამოდიოდა. ძონძებში გახვეული ბავშვების ჯარი ყვიროდა ექსკალატორებზე, შემაღლებულ ადგილებზე, დერეფნებში. თმები ყველას წელამდე ჰქონდა ჩამოშვებული და სახე  შავად დაეხაზათ. ყვიროდნენ, ხელებს ირტყამდნენ მკერდზე, აბაკუნებდნენ ფეხებს და თავიანთი ხმით პირუტყვის ბღავილს  აჭარბებდნენ. ზოგი ბავშვი მთასავით დაგროვებულ ხორცზე ავიდა ყვირილით. ზოგმა კეტი დასცხო თავში ჯერ კიდევ ცოცხალ საქონელს...

- ასაკით ყველა პატარაა. - გაიფიქრა ანამ და ამ არეულობაში ძმის ძებნა დაიწყო. დერეფანი გაკვამლული იყო. ადამიანები ბუნდოვნად მოჩანდნენ და ერთმანეთში ირეოდნენ. სიბნელეში ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ანა მკვდარ სხეულებს შორის ასტორს ეძებდა. კიბეებზე ასასვლელ ბარიერს იდაყვი ჰკრა და ზევით ავიდა. ასტორიც იქ ნახა, დაფეთებული სახეს ისრესდა.

- შენ მე არ უნდა მომშორდე, გესმის? არ უნდა გამეპარო! - ჰკრა მუჯლუგუნი ძმას, მერე კი მაგრად მიიხუტა.

- ნახე, რა ქნეს? ნახე? ძროხები ქვევით გადაყარეს. - ასტორი ცახცახებდა, ძალიან ღელავდა.

- ესე იგი შენ ჩემი არ...

უცებ, დერეფანში კოკოლონეს ყეფა გაისმა. ძაღლი ტელეფონების მაღაზიის ვიტრინას მიკვროდა, ბალანი ყალყზე დადგომოდა და იღრინებოდა. ბავშვების ჯგუფს მიემწყვდია იგი და წვეტიანი ჯოხებით აწვებოდნენ. ანა მისკენ გაიქცა. - დაანებეთ თავი, კეთილი ძაღლია! - ხელით აჩვენა ბავშვებს დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ ერთმა სხვებზე უფრო თამამმა ბიჭმა მოინდომა ძაღლისთვის დაერტყა. გაღიზიანებული კოკოლონე მას დაეტაკა და მკლავით დაითრია. ანამ ძაღლს ხელი ყელში ჩაავლო და უკან გამოსწია.

ირგვლივ ყველა აღელვებული ჩანდა, შეშინებული. მაკაკებივით ყვიროდნენ, ღრიალებდნენ, ისრებით იმუქრებოდნენ. - ასტორ, ასტორ! სად ხარ? - იყვირა ანამ და თან ძაღლს ჩაებღაუჭა.

ასტორი დისკენ გაიქცა.

- გააჩუმე ძაღლი ახლავე, თორემ მოგვკლავენ ესენი! - უყვირა ანამ.

ბიჭმა კოკოლონეს საჯდომზე ჰკრა, წააქცია და ხელები მოჰხვია.

უცებ, ბავშვების ჯგუფი შუაზე გაიყო, რათა ერთი ძალიან გამხდარი ქერა გოგო გაეტარებინათ, რომელმაც მლოცველივით გაიშვირა ხელები წინ. მწვანე ჩარჩოში ჩასმული მზის სათვალეები სახის მეტ ნაწილს უფარავდა. დაფლეთილი ჩექმებიდან გამხდარი ფეხები უჩანდა. კუბოკრული ქვედაწელი და გაზეთილი ქურქი ეცვა.

ყველა გაჩუმდა.

ანამ ძალდატანებით გაიღიმა და ძაღლს ხელი გადაუსვა, - არაა ავი, კეთილია.

- კეთილია? - იკითხა დაეჭვებულმა გოგონამ და მკლავდაგლეჯოლ ბავშვზე მიუთითა, - ცუდია!

- არა, არა, კეთილია.

ქერა გოგო ძაღლს მიუახლოვდა თავზე ხელის გადასასმელად. მის ირგვლივ მყოფნი მზად იყვნენ ისრები დაეშინათ ცხოველისთვის. ანამ თვალები დახუჭა იმის მოლოდინში, რომ ძაღლი ხელს წააჭამდა გოგოს, მაგრამ ცხოველი მიაჩერდა, დაიგრძელა კისერი და დაყნოსა.

მწვანესათვალეებიანმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თითები ცხვირთან მიიტანა და ირგვლივ მიმოიხედა კმაყოფილმა. - კეთილია! - უთხრა სხვებს, რომლებიც სუნთქვაშეკრულნი იყურებოდნენ. -კეთილია! - დაიყვირა ყველამ და სიცილი დაიწყეს. მხოლოდ ის საცოდავი ბავშვი, რომელსაც ძაღლმა ხელზე უკბინა, არ იყო მის სიკეთეში დარწმუნებული. ანა მიხვდა, ეს ბავშვები ისე პატარები იყვნენ, რომ არაფერი იცოდნენ ძაღლებისთვის დამახასიათებელი მეგობრული თვისებების შესახებ ან შეიძლება, დავიწყებულიც ჰქონდათ.

პატის მონადირეებმა სავაჭრო ცენტრის პარკინგის მოედანზე ხორცი შეწვეს. ზოგი დაკლულ პირუტყვს მიათრევდა, ზოგი ხორცს ჭრიდა, ზოგი ცეცხლს უკეთებდა. წვავდნენ ტანსაცმელს, ფიცრებს, დალეწილ ავეჯს...

მოედანზე ქარი აქეთ-იქით აფრიალებდა ცელოფნის პარკებს, ქაღალდებს, ფოთლებს. ფორთოხლისფერი მრგვალი მზე კი თანდათან ქრებოდა გადახრუკული გორაკების უკან.

ცაში ამავალი კვამლის დანახვაზე ბავშვების სხვა ჯგუფებიც მოდიოდა. პარკინგის მოედანი აივსო ადამიანების შავი ფიგურებით. ყველა რიგში იდგა შემწვარი ხორცის მოლოდინში. ანა და ასტორიც მათთან იყვნენ. ორი დღის უჭმელებს, ხორცის სუნზე გონება ებინდებოდათ. კოკოლონეც აფორიაქებულიყო. და-ძმას ბაწარი მოება მისთვის ყელზე და არ იშორებდნენ. თავიდან ძაღლს გაქცევა უნდოდა, მაგრამ ბოლოს დანებდა. ანა და ასტორი ყურადღების ცენტრში სწორედ მისი წყალობით მოხვდნენ. ძაღლს ახლოს არავინ ეკარებოდა. ყველა მისგან მოშორებით იდგა, მაგრამ აღიზიანებდნენ ხელების მოძრაობით და უჩვეულო ხმების გამოცემით. ასტორი მკერდწამოწეული იდგა და თავი ისე მოჰქონდა, თითქოს არავის აქცევდა ყურადღებას. ანას ეცინებოდა მასზე. პირველად ხედავდა სიამაყისგან გაბღენძილ ძმას.

ბოლოს და ბოლოს, მათი რიგი მოვიდა და გადასცეს სამი უზარმაზარი, თითქმის დამწვარი ხორცის ნაჭერი, რომლიდანაც ქონი წვეთავდა, შიგნით კი ისევ სისხლიანი იყო. ჩამოჯდნენ ცემენტის კედელზე და ხმაამოუღებლად დაგლიჯეს.

- როგორია? - ჰკითხა ანამ ძმას.

ასტორმა სავსე პირით გაუგებრად ჩაილუღლუღა და წამიერად ცისკენ ასწია თვალები.

გოგონამ ყელზე დაკიდებული ვარსკვლავი მოიძებნა, ამოსწია ტანისამოსიდან და ხელში გადააბრუნ-გადმოაბრუნა. პიეტრო გაახსენდა... მის გარეშე ყველანაირ პრობლემას აუდიოდა, მაგრამ ახლა სასიამოვნო რამ ხდებოდა. უნდოდა ისიც იქ ყოფილიყო, ხორცს შეჭამდნენ ერთად, გაერთობოდნენ. პიეტროს იქ არყოფნა ანას დიდ მოწყენილობაში აგდებდა. გაახსენდა, აივნიდან რომ მოისროლეს აქოთებული პოლიპი. გაეცინა...

- კიდევ მინდა. - ჰკრა იდაყვი ასტორმა.

- წამოდი, ვნახოთ... - ანა ასადგომად მოემზადა, მაგრამ უცებ, მის წინ მწვანესათვალეებიანი ქერათმიანი გოგონა გაჩნდა. ერთ ხელში ფარანი ეჭირა, მეორეში - მსხვილი, თითქმის დამწვარი ბარკალი.

- მადლობა! - ანას ეგონა, მე მაძლევსო, მაგრამ გოგონამ ძაღლს გადაუგდო, რომელმაც თათებში მოიმწყვდია და ერთ წამში დაგლიჯა.

- კარგია. - მიუთითა ქერამ ძაღლისკენ.

- კი, კარგია.  - ანას ვერ გაეგო, ძაღლზე ამბობდა თუ ხორცზე.

- ჩემია! - ისევ მიუთითა ძაღლზე.

- რა?

- ჩემია!

- არა, ძაღლი ჩემია! - მკერდზე მიირტყა ხელი წარბშეკრულმა ანამ და სიბრაზისგან ტუჩები მოკუმა.

- კეთილია. ჩემია!

- კი, კეთილია, მაგრამ ჩემია! - ისევ მიირტყა ხელი მკერდზე.

ასტორმა ყურში ჩასჩურჩულა დას: - ამას კოკოლონე უნდა.

- გაიღიმე, თითქოს არაფერი ხდება!

ბიჭმა უზომოდ მოაღო პირი და უსწორმასწორო კბილები გამოაჩინა. - ძაღლი ჩვენია.

ქერა გოგომ სათვალეები აიწია. მარჯვენა თვალი გაყინულივით სხვა მხარეს უყურებდა.

- ძაღლია ჩვენია? ჩემია? - იმეორებდა კეფის ფხანით.

- წავიდეთ. - ჩასჩურჩულა ანამ ასტორს და კოკოლონეს ბაწარი მოჰქაჩა.

- სად წავიდეთ?

- სულერთია, ოღონდაც აქაურობას მოვშორდეთ, სანამ ეს გოგო რამეს გადაწყვეტს.

- ხორცი აღარ უნდა ვჭამოთ?

- დაანებე ხორცს თავი და გავიქცეთ დროზე, თუმცა არა, არა, ნელა წავიდეთ, თითქოს მშვიდად მივდივართ, ვითომ არაფერი მომხდარა.

და-ძმა სიბნელეში ჩუმად გაიპარა. როგორც კი გაშორდნენ ადგილს, ნაბიჯს მოუმატეს და გაიქცნენ.

პატიდან მესინამდე ჩასვლას ორ დღეს მოუნდნენ. ფეხით იარეს აისიდან დაისამდე. ერთი ღამე გზატკეცილთან ახლოს მიტოვებულ სახლში გაათენეს, რომლის პირველ სართულზე დასაქმების ოფისი იყო ერთ დროს, მეორეზე - საცხოვრებელი ბინა. სამზარეულოში შევიდნენ და უჯრები გადმოქექეს საჭმლის მოსაძებნად. მხოლოდ წვნიანის მოსამზადებელი დაობებული კუბები ნახეს და წყალში გახსნეს. ჩამოხსნეს ფარდები, გაეხვივნენ შიგ და ისე დაიძინეს.

მგზავრობის ბოლო დღეს ცივი ქარი უბერავდა. ცა ლურჯი იყო და ჰაერი - სუფთა. გზატკეცილი კვეთდა ხეეებითა და მცენარეებით გაშენებულ გორაკებს და ჩაბნელებულ გვირაბებში იჭრებოდა. მესინასთან ახლოს მიტოვებული მანქანების რიგი იყო. მანქანებში  ჩატოვებულ ჩემოდნებში თბილი პულოვერები, მაისურები და ქურთუკები ნახეს. აიარეს აღმართი და ბოლოს და ბოლოს, თვალწინ გადაეშალათ ულამაზესი პეიზაჟი, რომლის ნახვას თვეების მანძილზე ელოდნენ - მესინას სრუტე.

ანამ და ასტორმა სიხარულისგან ხტუნვა და ხელჩაკიდებული ტრიალი დაიწყეს. - ჩვენ შევძელით! ჩვენ შევძელით!

იქვე სატვირთო მანქანა იდგა და მის თავზე ავარდნენ, რათა უკეთესად დაენახათ პეიზაჟი.

კუნძული სახლის სახურავების ზოლით მთავრდებოდა. მის იქით კი პორტი იწყებოდა. ლურჯი ზღვის მეორე ნაპირზე მუქი ფერის ჯაჭვისებურად განლაგებული გორაკები მოჩანდა - კალაბრია, იტალიის კონტინენტი. ორივე ნაპირი ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ გეგონებოდათ, მხოლოდ ერთი მდინარე ჰყოფს მათო. ანას მანამდე უსაზღვრო ეგონა ზღვა და მისი გადაკვეთა - შეუძლებელი, მაგრამ ახლა, როცა თვალწინ გადაეშალა ყველაფერი, დარწმუნდა, რომ გადაცურავდა.

გზის დარჩენილი ნაწილი სწრაფად გაიარეს. მხოლოდ ცოტა ხნით შეჩერდნენ სულის მოსათქმელად. გადაუხვიეს გზატკეცილიდან და ქალაქის გზას ჩაუყვნენ. გზა თანდათან შეივსო სახლებით, მაღაზიებით, ბენზინგასამართი სადგურებით, შუქნიშნებით.

მესინა მანქანებით იყო გადაჭედილი. ვერცერთ კუთხე-კუნჭულს თავისუფალს ვერ ნახავდით. ანა და ასტორი აღარ განიცდიდნენ სიკვდილის შიშს ზღვის დანახვაზე, როგორც პალერმოში. აქ ბუნება ქალაქს დაუფლებოდა, სხვა ადგილებისაგან განსხვავებით. დახეთქილი ასფალტიდან ხეეები და მცენარეები აღმოცენებულიყო. მაყვლის ეკლიანი ბუჩქები მოსდებოდა იქაურობას. ქუჩები და ტროტუარები მიწითა და ფოთლებით დაფარულიყო. ლიანები მოსავდა ერთ დროს ყვავილებით მორთულ სახლების ფასადებს. იქაურობა ცხოველებით იყო სავსე. ქალაქის მონუმენტები ცხვრის ფარაში ჩაფლულიყო. წვერებიანი თხები სანაგვე ყუთებზე ასულიყვნენ. ფრინველები დაბუდებულიყვნენ მიტოვებულ სახლებში. ცხენები კვიცებთან ერთად დარბოდნენ მანქანებს შორის. მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობით შემოსაღვრული პორტი მეტყველებდა იმ დღეების ძალადობაზე, რომელმაც კარანტინში მოაქცია ქალაქი. ქარს კი მოჰქონდა ზღვის მარილიანი ჰაერი და ლამაზად მოჩანდა აქაფებული ტალღები.

უკვე გვიან იყო და სრუტის გადალახვა მეორე დღისთვის დაგეგმეს. მანამდე საჭმელი ეძებეს მიტოვებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. გადაღლილები შევიდნენ ერთ ლამაზ სახლში, რომელსაც მარმარილოს შესასვლელი ამშვენებდა, სადარაჯო და რკინის ლიფტის ბოქსი. ბოლო სართულზე ღია ბინა ნახეს. ზართან ახლოს, კარის ფირფიტაზე ეწერა: „ოჯახი ჯენტილი“. მანსარდი სავსე იყო სურათებით, ჩარჩოებით, ავეჯით და ყვავილებით მოქარგული დივნებით. ფანჯრებიდან ზღვა მოჩანდა. საწოლ ოთახში ადამიანის ორ ჩონჩხს წააწყდნენ. სასტუმრო ოთახში კი, მაგიდაზე, შავი ყურძნის მომჭკნარი მტევნები ნახეს. ღამურები ჩამოკიდებულიყვნენ ბროლის ჭაღზე. სამზარეულოში აღარაფერი იყო, მაგრამ ერთ-ერთ კარადაში მაინც იპოვეს რამდენიმე არაალკოჰოლური სასმელი, თხილი, პისტაკი და ერთი პანდორო, რომელიც ძაღლსაც გაუნაწილეს. ბოლოს, დივნებზე წამოწვნენ. ასტორს მაშინვე ჩაეძინა. ანა ხავერდის ბალიშებს მიეყრდნო და თანდათან ჩასთვლიმა, მაგრამ მაინც ესმოდა ტალღების ხმა. ისე, ხშირად იღვიძებდა კოშმარული სიზმრების გამო.

კალაბრიას შესახებ არაფერი იცოდა. თავის თავს ეკითხებოდა, თუ რას ელოდა იმ მიწაზე, ნახავდა ვირუსისგან გადარჩენილ დიდებს? თუ იქაც მხოლოდ ბავშვები იყვნენ შემორჩენილნი? წარმოიდგინა, რომ თითქოს იქაურმა მოსახლეობამ არ მიიღო ისინი. „წადით, წადით აქედან!“ - ჩაესმა ხმა.

უცებ, ძალიან მოენატრა თავისი სახლი, ტყე, ნორმანების კოშკი... გონებაში ამოუტივტივდა მარტოობაში გატარებული ოთხი წელი, შობას რომ აღნიშნავდა, ქუჩა-ქუჩა რომ დადიოდა და გადაწყვეტილებებს მარტო იღებდა.

მეორე დღეს შეიძლებოდა ყველაფერი კარგისკენ შეცვლილიყო ან თუნდაც, ცუდისკენ.

ოთახში ჰაერის უკმარისობა შეიქნა.

ფანჯარა გააღო და აივანზე გავიდა. თმა ქარს მიუშვირა. სიცივისგან აკანკალებული მოაჯირს დაეყრდნო. ღამე იყო ბნელი,

ვარსკვლავების გარეშე. იქით კალაბრიაც სიბნელეში ჩაძირულიყო. - დიდი იმედი არ გქონდეს! - გაიფიქრა.

უცებ, შორს, რაღაც სინათლე დაინახა, რიტმულად ინთებოდა და ქრებოდა, თითქოს მისი ფიქრები გაეგონა ვინმეს. - რაღაც ნიშანია...

დიდხანს უყურებდა იმ შუქს ანა და თან მკლავებს ისრესდა. - ვის შეუძლია ასეთი რამის გაკეთება? მხოლოდ დიდებს.

შევიდა სახლში, დივნის კუთხეზე ჩამოჯდა, ძმასთან ახლოს. ასტორს სახე მიეჭირა საზურგეზე და ისე ეძინა, ლოყებზე ქსოვილის ხაზები დატყობოდა. ანამ ფრთხილად ჩასძახა, - ასტორ, ასტორ...

ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა. - რა იყო?

- მიყვარხარ.

ბიჭმა დაამთქნარა და ენა მოისვა ტუჩებზე.

- სიზმარში იყავი?

- ჰო.

- რა გესიზმრა?

- სოსისიანი პურები.

- შენ მე გიყვარვარ? - ამოსუნთქვით ჰკითხა დამ.

ბავშვმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ცხვირი მოიქავა.

- მაშინ, ჩაიწიე.

მიუწვა ძმას გვერდით და ჩაეძინა.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE