სივრცული ოდისეა ოპტიკური ილუზიებით


სივრცული ოდისეა ოპტიკური ილუზიებით




ზურა აფხაზის (აფხაზაშვილი) ნამუშევრები თბილისურ გამოფენებზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა როგორც იმედის მომცემი ახალგაზრდა მხატვრის საინტერესო ექსპერიმენტები, სადაც შთაბეჭდილებას ახდენდა ექსპრესია, მხატვრის თავისუფალი მიდგომა მასშტაბებისა და მასალისადმი. ასეთ შემთხვევებში რთულად პროგნოზირებადია ხოლმე, როგორ განვითარდება ხელოვანის გზა, მივა ის საკუთარ ხელოვნებასთან, თუ მოგვიანებით მას გაიხსენებენ როგორც ნიჭიერი დასაწყისის მქონეს, რომელიც დასაწყისად დარჩა. გალერეების აუდიტორია დიდხანს ატარებდა  ამ ორაზროვან დამოკიდებულებას ზურა აფხაზის მიმართ. აშკარა იყო ავტორის ტალანტი, თუმცა ის თავს ჯერ სრულად არ ავლენდა. სერია “Own LHC” უკვე სხვა ეტაპია, ამჯერად ფორმირების დასრულებული პროცესის შედეგი, რომელმაც ზურა აფხაზი სერიოზულ მხატვრად წარმოადგინა, მხატვრული აზროვნების სიღრმე და  მკაფიოდ განსაზღვრული სტილი აჩვენა.

ზურა აფხაზის ნამუშევრების განსაკუთრებულობას დიდწილად განსაზღვრავს მათი შექმნის რთული პროცედურა. თითოეული მათგანის აგება თავგადასავალივით მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერი ცნობილი და მხატვრობისთვის ტრადიციული ტექნოლოგიური ხერხი ხელახლა აღმოჩენილი და თავისებურად შეცვლილია, იქნება ეს დაფქვილი ჭვარტლისგან მიღებული პიგმენტი, თუ შოლკოგრაფიის ტექნიკის თავისებური გამოყენება. სერია “Own LHC” თავისი ეფექტური გამოსახულებებით, ტექნიკური პროგრესით და ფიზიკური კოსმოლოგიით არის ინსპირირებული და ბირთვული კვლევების ლაბორატორიის არტისტულ ვერსიას ქმნის. ძირითადი მიმართება კი რა თქმა უნდა ისეთი მარადიულად ამაღელვებელი თემაა, როგორიცაა ადამიანის მუდმივი მიჯაჭვულობა შეუცნობელ კოსმოსთან, მისი მუდმივი მონუსხულობა ცის სიღრმითა და მასში შეღწევის ვნებით. აქ ენერგიის ტრანსფორმაციაზე მომუშავე გიგანტური აგრეგატები თვითონ ემსგავსებიან კოსმოსურ ამოუცნობ სხეულებსა თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ნაჩვენებ უცნობი დანიშნულების ხომალდების ინტერიერებს. სერიის მთავარი თემა სივრცე და უსასრულობაა, არცერთი გამოსახული ობიექტი დასრულებულ კომპოზიციურ განლაგებად არ გამოისახება კონკრეტულ სივრცეში, ფონი აქ ყველგან ღია და თავისუფალი სივრცეა, თითქოს ფრაგმენტი ვრცელი და უსასრულო სურათიდან. სერია „გალა გალერეაში“ იყო ნაჩვენები და ცალკე აღნიშვნის ღირსია ექსპოზიცია, რომელიც  ამ გალერეის სპეციფიური სივრცის ნიუანსური გააზრებით აიგო. მართალია, იმავე სერიის რამდენიმე ძალიან საინტერესო ნამუშევარი აქ ვეღარ მოთავსდა, მაგრამ იდეისა და მხატვრული დინამიკის სრულად ჩვენებისათვის ამას ხელი არ შეუშლია. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო დიდი ფორმატის (300X 215) შავ ტილოს, რომელიც მონოქრომულად აღიქმება ცენტრში  განათებული ერთი აქცენტით, რომელიც ანონიმური კოსმოსური სხეულის ელიფსურ ორბიტას ემსგავსება და ბრუნვის ილუზიას ქმნის.  თუმცა ეს ნამუშევარი არ არის მონოქრომული პირდაპირი გაგებით, აქ ერთი დომინანტური  ფერი სწორხაზოვნად არ არის გამოყენებული. როგორც მონოქრომული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშების შემთხვევაში ხდება, აქაც მთავარია ზედაპირის სიღრმე და მოცულობა, ტექნიკური შესრულებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ გააზრებულად თანმიმდევრული. ზედაპირი დაფარულია დაახლოებით A4 ფორმატის პერგამენტის ქაღალდით და შემდეგ დამუშავებულია საღებავით. პერგამენტის ფურცლების ბაზა ქმნის გაბუნდოვანებულ ბადეს, რომლის გრაფიკული ფონი ცენტრში უფრო მკაფიოა და კიდეებისკენ ნაკლებად გარჩევადი. ამ ფენებით აგებული „კოსმოსური“ სიღრმის მოცულობა ილუზორულად კიდევ უფრო გაზრდილია. ცენტრში მყოფი განათებული ორბიტა და მთლიანად ასევე ნათელი წერტილებით დაფარული ფართობი გამოსახულებას  ზემგრძნობელობითი აპარატურით დაფიქსირებულ კოსმოსის სურათს ამსგავსებს. ეს არის სივრცე  მხოლოდ ციური სხეულებითა და უსასრულობით, ადამიანის გარეშე, თუმცა ადამიანის მიერ აღქმული და მუდმივი ფიქრისა და შემეცნების საგნად მყოფი. გალერეის იმავე სეგმენტში თეთრი-მონაცრისფრო გრადაციების ნამუშევარია, ასევე გაფანტული ნაწილაკებით აგებული მოცულობა, ამჯერად უკვე გეომეტრიული ფორმისა და პირობითად მანქანური დეტალი, დიაგონალურად შეჭრილი სივრცეში.

ექსპოზიციით განვითარებული ადამიანისა და სივრცის ურთიერთობა სკულპტურულ ობიექტში გავრცელდა, რომელშიც სარკის ჰორიზონტალური ფონი ირეკლავს მასზე დადებულ მეორე გამჭვირვალე ფირფიტაზე გამოსახულ შავ სილუეტს. ეს ობიექტი გალერეის ინტერიერის სახასიათო დეტალს ითვალისწინებს, - ამ სივრცეში იატაკის ორი დონეა და ეს ექსპონატიც ზუსტად მათ საზღვარზეა დამონტაჟებული, როგორც სერიის ნაწილების იდეური მაკავშირებელი. ეს ადამიანის ერთადერთი გამოსახულებაა მთელ სერიაში და სიმბოლურად იკითხება როგორც უსასრულო სამყაროში ლევიტაციურ მდგომარეობაში მყოფი არსება მყარი საყრდენების გარეშე და გარემოცული საკუთარი ძიების შედეგად მიღებული კონსტრუქციებითა და ამოუცნობი და არაპორგნოზირებადი სივრცით.

ექსპოზიციის მეორე ნაწილს დაახლოებით ერთი ფორმატის, საშუალო ზომის (160 X135 ან 150X130) ნამუშევრები შეადგენს, - მანდალას მოტივი და ინდუსტრიული ინტერიერები.  

წრიული ფორმის ძრავის აბსტრაგირებული, უტრირებული გამოსახულება ტრადიციული მანდალას განყენებული და კონცენტრირებულად ინტენსიური ენერგიის ილუსტრაციებია. ფაქტურული დამუშავებით გამორჩეული ტილო ცენტრიდან კიდეებისკენ წამოსული სხივებით (150 X125)  ისევე შავ-ნაცრისფერია, როგორც მთლიანად სერია, თუმცა განსაკუთრებული აქ შავის ის ხარისხი და სიღრმეა, რასაც ეს ხავერდისებური, თითქოს მოცულობითიანი „ჭვარტლი“ ქმნის. სხივების ნაკადი უკიდურესად ინტენსიურია და ოპტიკური ილუზიის პრინციპზე აგებული ნამუშევრების მსგავსად უსასრულო მოძრაობად აღიქმება. ამ შემთხვევაში დინამიკა ცენტრიდან კიდეებისკენ, მზის სხივების იმიტაციით გამოისახება. ასევე მოძრაობის ილუზორული ეფექტისაა კომპოზიციები, სადაც ირიბად შეჭრილი ბორბლები უსასრულო ბრუნვის შთაბეჭდილებას ქმნიან. ტექნიკური შესრულების თავისებურება გამოარჩევს ინდუსტრიული ნაგებობის განზოგადებულ ინტერიერებს, სადაც თეთრი აგურის კედლების ფონი და მის ფონზე მოცულობაში აგებული საინჟინრო კონსტრუქციებია. მხატვარი კონცეფციაში განმარტავს, რომ მისი ინტერესი წარმოიშვა Cern-ის ლაბორატორიის როგორც იმიჯებითა და კონსტრუქციებით, ასევე ზოგადად კვლევების მასშტაბებით, მიზნებით და ა.შ. „გამოფენის სახელწოდებაში გამოყენებული აბრევიატურა, ერთი მხრივ, ავტორის შთაგონების წყაროზე მიანიშნებს, მეორე მხრივ კი ავტორის ერთგვარი თამაშია, რომელიც კოსმოსის ან კონკრეტული ლაბორატორიის კვლევების გაცნობას ან ილუსტრირებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ საკუთარ ლაბორატორიას, სამყაროს გვთავაზობს, სადაც უკვე ნაცნობი იმიჯები ახლებურ ურთიერთმიმართებაშია და თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერპრეტაციის, წაკითხვის საშუალებას სთავაზობს.“ მისი ინდივიდუალური მიდგომა შავ-თეთრის განსაკუთრებული ურთიერთმიმართების, ამ კლასიკური კონტრასტის თავისებური გააზრების შედეგად არის ჩამოყალიბებული. ამ ორი ფერის კონტრასტულობა კონფლიქტურად არ იკითხება, ნაცრისფერი თავისი მრავალნაირი ტონალური გრადაციით და ზოგან გაზეთის ბეჭდური ეფექტის გამოყენებით, დოკუმენტური გამოსახულების შთაბეჭდილებას ერთგვარად უმატებს ფსევდო არქივის საიდუმლო მასალების ასოციაციებს. სერია ზოგადად იმგვარად აღიქმება, თითქოს რომელიმე კონკრეტული მხატვრული ტექსტის ილუსტრაციები იყოს, ან ხელოვნური ინტელექტის თემით განსაზღვრული ფილმის კადრირება. რა თქმა უნდა, თემა არ არის ახალი და ახლოს არის პოპულარული ფანტასტიკის ჟანრის დასურათებასთან, მაგრამ ორიგინალურად განისაზღვრება მხატვრის სრულიად განსხვავებული და თვითმყოფადი ხედვით. ზურა აფხაზაშვილის მხატვრობა აბსტრაქციის განსაკუთრებული ფორმაა, სადაც ფიგურატიული ელემენტები მკაფიო აქცენტებად ჩნდებიან და არტისტის ნება მუშაობს სივრცის ნებასთან. მასშტაბური აგრეგატების გამოსახვით მიღწეული ეფექტი ერთგვარად ენათესავება ბერნდ და ჰილა ბეხერების ცნობილ პროექტს, სადაც ისინი გერმანიის ინდუსტრიული არქიტექტურის გაქრობის გზაზე მყოფ ნაშთებს აფიქსირებდნენ და მათი ფოტოგრაფიების კომპოზიციური პრინციპი უცნაური ფორმის კონსტრუქციების მასალის სიმძიმესა და სიდიდეს ეყრდნობოდა. მასშტაბი და კოსმოსური ხომალდების ესთეტიკა თავისთავად გულისხმობს მასიურობასაც, თუმცა მხატვრის აქ განხილულ ნამუშევრებში მასა ცენტრალური განმსაზღვრელი არ არის, ის თითქოს უწონადობის მდგომარეობაშია და სერიის მნიშვნელოვანი მახასიათებელიც იმ სივრცის ეფექტია, სადაც გრავიტაცია არ მუშაობს.

ვისთვისაც ნაცნობია ზურა აფხაზაშვილის წინა პერიოდის ნამუშევრები, ადვილად დაინახავს მისი, როგორც მხატვრის განვითარების გზას. პირველივე გამოფენებიდან ის გამოჩნდა როგორც ექსპერიმენტატორი მუდმივი ძიების პროცესში, სერია “Own LHC” კი ყოველმხრივ გააზრებული პროექტია, სადაც კონცეპტუალური მხარე სრულად ეთანხმება და რეალიზდება ვიზუალურ შედეგებში.

 

2014

 

ილუსტრაცია:

ზურა აფხაზი. Own LHC. სერია. შერეული ტექნიკა. © გალა გალერეა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE