შოტლანდიური თვე


შოტლანდიური თვე




პირველი კადრი წესით ასეთი უნდა ყოფილიყო: ჩემოდნებით ხელში მოხრეშილ ბილიკზე მივაბიჯებ, კართან ვყოვნდები, ზარს ვრეკავ და კარს შავად ჩაცმული მოსამსახურე მიღებს. მოთხრობები და ფილმები უმეტეს შემთხვევაში ხომ სწორედ ასე იწყება ხოლმე და თვითმფრინავში მჯდომმა მეც ასე წარმოვიდგინე. გარე სამყაროს წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცნობ, მაქვს კი უფლება ვამტკიცებდე, ცხოვრებას ვიცნობ-მეთქი?
      ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ ქვეყნიერებაზე ძალიან ბევრი ცვლილება ხდება, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეუძლია დაიტიოს. მარტო ჩემი კი არა, ვერავის წარმოსახვა ამას ვერ შეძლებს, თუ შთაგონება არ ეწვია, თუ ხილვები არ დაეწყო. ამ  ყველაფერს სხვა ახსნაც შეიძლება მოეძებნოს - ღმერთთან თამაში - ის ჩვენ წარმოსახვის უნარით გვაჯილდოებს, ამავდროულად კი ნებას არ გვაძლევს ყველაზე ბანალური მოვლენები ვიწინასწარმეტყველოთ. გამოდის, რომ ხელში ბლაგვ დანას, ქაღალდის ჩაქუჩს, შუშის ლურსმანს გვაჩეჩებს და მათ ანაბარა გვტოვებს. არ არის გამორიცხული,  რომ წარმოსახვამ რაღაცნაირად ამოწუროს რეალობა - ის, რაც წარმოდგენილია, აღარ მოხდეს, ანდა პირიქით - მოხდეს მხოლოდ წარმოუდგენელი რამეები. ამას კი იმით ავხსნიდი, რომ ორივე მათგანის სათავე - წარმოსახვისაც და სინამდვილისაც - ჭეშმარიტებაა. ვფიქრობ და ზიარჭურჭელი წარმომიდგება თვალწინ. 
ან იქნებ მარტო მე დამიჩლუნგდა წარმოსახვა? იქნებ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც შესწევთ ძალა, მოსალოდნელი უმცირეს დეტალებში წარმოიდგინონ და თავს გადასახდენი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეიგრძნონ? ნათელმხილველები. პასიანსების მშრალი, ავტორიტარული სიბრძნე.
ქალბატონმა - მოდით, პირობითად მას ქალბატონი სკოტსმენი დავარქვათ - თავისი ლონდონელი მეგობრების საშუალებით ხმა გაავრცელა, ვინმე მწერალს შევიკედლებ და სიტყვაძუნწი მწერლური კომპანიის სანაცვლოდ (მწერლები ხომ უმეტესად გულჩათხრობილი ხალხია) შემოქმედებითი მუშაობისთვის პირობებს შევუქმნიო. ოღონდ, მწერალი ქალი უნდა ყოფილიყო, თანაც - პოლონელი.
სწორედ ამ გზით მოვხვდი მასთან და ყველაფერი, რაც აქ დამხვდა, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა. მსგავსი ცვალებადი ამინდი ცხოვრებაში არ მინახავს. ბუხრის თავზე შემოდგმული პატარა რადიოდან BBC-ის მესამე არხი ისეთი ჩუმი და გაუგებარი ბუტბუტით გადმოსცემდა ამინდის პროგნოზს, თითქოს საკუთარ სიმართლეში ეჭვი თავადვე ეპარებოდა. ყოველი სეირნობის წინ ხელი ჩვეული მოძრაობით მოსინჯავდა ხოლმე ქოლგის ტარს. ლურჯი, მოწმენდილი ცისთვის ერთი თვის განმავლობაში თვალი არ მომიკრავს; აქა-იქ ხის კენწეროებთან ჩასაფრებული ღრუბლები წამში მოედებოდნენ სივრცეს და მოულოდნელად იწყებოდა წვიმა, თუნდაც სულ ცოტა ხნით, თუნდაც მარტო საჩვენებლად. 
- მებაღემ ფეხი მოიტეხა და სახლს ელექტროღუმლებით ვათბობთ. - ეს ერთ-ერთი პირველი წინადადება იყო, რომელიც ჩემმა დიასახლისმა მითხრა. მაშინ ვერაფრით მივხვდი, რა საერთო უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან მებაღესა და ღუმელს, მაგრამ ღუმელი ჩემს ოთახს სულ რამდენიმე წუთში ათბობდა. იმ ქვეყანაში ვიყავი, სადაც სახლს ივნისშიც ღუმელით ათბობდნენ. 
აქ ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაეწყვეტათ, იმპროვიზაციისთვის ადგილი აღარ დაეტოვებინათ. იმ წლების განმავლობაში, როცა ჩემს ქვეყანაში არაერთხელ დააყენეს თავდაყირა ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, აქ ნივთებიც კი არავის გადაუადგილებია მათთვის მიჩენილი ადგილებიდან; ნივთები აქ მოთმინებით ელოდნენ თავიანთ ბუდეს და იპოვიდნენ თუ არა, იქვე სამარადჟამოდ მკვიდრდებოდნენ. მაინც რამდენი ხანი სჭირდება ჩინურ, ნეფრიტისგან დამზადებულ დრაკონის ფიგურას, სანამ მისთვის განკუთვნილ ადგილს იპოვის. ასი წელი? იქნებ ორასი? პიანინოზე შემოდგმული ფაიფურის ნატიფი ფიგურები თითქოს შეზრდიანო შავად გალაქულ ზედაპირს. კედლებზე სურათები ისე მოშინაურებულან, შემჩნევა გიჭირს. ხის იატაკს უნაკლოდ ერწყმის სირბილისა და სიფაფუკის განსახიერებად ქცეული ხალიჩა; ვიქტორიანული ბრინჯაოს სანათურები საკუთარი შუქის უკან შეყუჟულან. 
მაშინვე მივხვდი, რომ რაღაცნაირად, ორივე ჩვენ-ჩვენს წარსულში ვიყავით ჩარჩენილები. მე იმის გამო, რაზეც დაწერა მინდოდა - ექვსი წლის ვარ და რადიოში პირველად მოსმენილი "ბიტლზების" სიმღერით  მოხიბლული ოდერის ნაპირზე გაშლილ ვრცელ, მზიან ზეგანზე მივაბიჯებ; ჩემი დიასახლისი თავისი ასაკის გამო - როცა ამდენი წლის ხარ, ყოველდღიურობის გამოწვევებს ვეღარ უმკლავდები.
ასე იყო თუ ისე, ჩვენს შორის მთელი ნახევარი საუკუნე იდგა. მისი სახლის მოზრდილი სალონი ცდილობდა, როგორმე ერთმანეთთან დავეახლოვებინეთ. მიჭირდა ჩემი მასპინძლის წარსულის წარმოდგენა. მირაჟივით შორეული და ბუნდოვანი მეჩვენებოდა. 
იქნებ თავხედურადაც გამომივიდა, მაგრამ თავიდანვე ვთხოვე, ნუ ეცდებოდა სიღრმისეულ მსჯელობებში ჩემს ჩათრევას. ჩემი ინგლისურის მარაგი, როგორც ხედავთ, საკმაოდ მწირია და არც ენების ნიჭი მაქვს-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, იმედგაცრუების მსგავსი არაფერი არ შემიტყვია სახეზე, პირიქით, გამიღიმა კიდეც. 
დილით სასაუზმოდ დაბლა ჩავდიოდი. ზუსტად იმას მახვედრებდა, რასაც წინა საღამოს პატარა ბარათზე ჩამოვუწერდი და შევუკვეთავდი - უმეტესად თოხლოდ მოხარშულ კვერცხს, გახუხულ პურს, წვენსა და ყავას. თვითონ ნასაუზმევი მხვდებოდა, ან იქნებ, სულაც არ საუზმობდა.  მოუჯდებოდა მაგიდას ჩემთან ერთად და მიყურებდა, როგორ ვჭამდი. შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ამ დროს მის გამოხედვაში ერთგვარ სინაზესაც კი ვგრძნობდი. ლაპარაკი დილაობით უფრო მეხალისებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი ახალი გაზეთიც ყოფილიყო, საიდანაც კოსოვოს ომის დასრულების, ლონდონში მომხდარი არეულობებისა და პრინც ედუარდის ქორწინების ამბებს ვიგებდი. იმას კი ვცდილობდი, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჩემი აზრი საჭმლით გამოტენილი პირით არ გამომეთქვა. 
საშუალო ტანის, თხელი ქალი იყო, თმას ალბათ იღებავდა - ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივი სელის ფერი ამ ასაკში, წესით, აღარ უნდა ჰქონოდა. გრძელ ქვედაბოლოებსა და შავი ან რუხი ფერის ქიშმირის სვიტრებს იცვამდა; საღამოობით კი მხრებზე შოტლანდიური ტარტანის შალს იხვევდა.
მთელი დღე ვწერდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ამისთვის აურაცხელი თავისუფალი დრო მქონდა. მხოლოდ შიმშილის გრძნობა თუ შემაწყვეტინებდა ხოლმე წერას. კლავიატურაზე კაკუნით მაჯები რომ მეტკინებოდა, იატაკზე ვწვებოდი და გონებაში წარსულში განცდილი, მივიწყებული დეტალების აღდგენას ვცდილობდი, ვოცნებობდი, ვფიქრობდი. საკუთარ თავზე პირველად ვწერდი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი სულ სხვა ვინმედ გაყალიბებს. თურმე შეუძლებელია, ერთდროულად დამკვირვებელიც იყო და დაკვირვების ობიექტიც - ის, ვისაც შეიცნობენ და ის, ვინც შეიცნობს.  ალბათ ამიტომაა, რომ ყველა მოგონებაში თავისი წილი ტყუილი იმალება, ყველა ავტობიოგრაფია კი ფიქციაა. 
მე ლიტერატურას სანქცირებულ, ეთიკური ნორმებისგან შორს მდგარ და საყოველთაოდ აღიარებულ სიცრუედ მივიჩნევ. ვფიქრობ, წერამაც სწორედ ამის გამო მიმიზიდა. სხვა რა იძლევა ტყუილის, შეთითხნილი ამბების, შელამაზებული რეალობისა და მომხდარიდან ალტერნატიული გამოსავლის ძიების სანქციას? მწერლები - ანარქისტები, პირწავარდნილი რელატივისტები, ჭეშმარიტების ექსპერიმენტატორები, ალტერნატივების მაძიებელნი - ასეთი იყო ხოლმე ჩემი პასუხი დიასახლისის მორიდებულ კითხვაზე, რაზე მუშაობო. 
ამ ქალის წარსულს ძველი კინოსურათივით შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი. იქ ადამიანები რეალურზე გაცილებით სწრაფად და ნერვიულად მოძრაობდნენ. ყველაფერი რაღაცნაირად კუშტი და ზედაპირული ჩანდა. 
თვითონაც ასეთი იყო - არარეალური. მოჩვენებასავით გამოკრთებოდა ხოლმე და მალევე ისევ სართულების ლაბირინთებში ქრებოდა. 
საუზმის შემდეგ ჩემს ოთახში დაბრუნებული სიგარეტს ვეწეოდი, ფანჯარას ვაღებდი, დიასახლისი სუნს რომ არ შეეწუხებინა. მეშინოდა, სიგარეტის ბოლს სადღაც, გადაკარგულში მოთავსებულ მის საძინებელში არ შეეღწია. ხანდახან ვცდილობდი საღამურში წარმომედგინა, თმიდან გამოჩრილი პაპილოტებით. იმედი მქონდა, რომ ეს წარმოსახვა ცოტათი მაინც დამაახლოებდა მასთან. საუზმის შემდეგ სახლში სრული სიწყნარე ისადგურებდა. მხოლოდ პარკიდან წამოსული ბალახის სათიბი მანქანის ხმა თუ მოსწვდებოდა ხოლმე ზოგჯერ ჩემს სმენას. შუადღისას ლანჩს - ჩაით და სუპით სავსე თერმოსებს და სენდვიჩს - ხელსახოცში გახვეულ დანა-ჩანგალთან ერთად, კალათით მიტოვებდნენ კართან. უგულისყუროდ ვჭამდი და თან ვკითხულობდი. 
ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეები უცნაურად დაიწყო. აეროპორტში ბარგი დამიკარგეს და ჩემოდნის გარეშე, მხოლოდ ხელჩანთისა და, საბედნიეროდ, ლეპტოპის ამარა დავრჩი. მარგარეტმა, მოსამსახურემ თუ, კომუნისტურ ქვეყანაში გაზრდილმა არც კი ვიცი აქ როგორ ეძახიან, სააბაზანოს ხალათი, კბილის პასტა და ჯაგრისი მომიტანა. ერთიც მასპინძლის შავი ქიშმირის სვიტერი მერგო, და კიდევ საწვიმარი. საკუთარი ამ დღეებში მხოლოდ კომპიუტერი მქონდა, რომელიც მაგიდაზე იდო და დასაკეცი საკურთხეველივით მონდომებით ციმციმებდა. 
ვწერდი. ვწერდი დილიდან, ნაუცბათევი ლანჩისთვის განკუთვნილ პატარა შესვენებას თუ არ ჩავთვლით; ვწერდი მაშინაც, როცა ოთახში ბოლთას ვცემდი ან ფანჯრიდან ვიყურებოდი, მოუსვენარ შოტლანდიურ ცას ვათვალიერებდი და ვეწეოდი. შინიდან წამოყოლილ ჩანაფიქრს ვავითარებდი; ვცდილობდი, ჩემს საწყის დროს დავბრუნებოდი, გაჭირვებით გადმომქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი ფრაგმენტები. მონასტერი-მეთქი, გავიფიქრე, - ალბათ მონასტერშიც ასეა, რეალობა ისე იკუმშება, რომ ხვდები, მისი ერთადერთი წყარო შენ თვითონ ხარ; რომ შენს იქით სხვა სამყარო არ არსებობს, რომ სამყაროს აღწერა სხვა არაფერია, თუ არა შენივე თავის აღწერა და რომ არც სხვა გზა არსებობს, გარდა ბანალური "შეიცან თავი შენისა". აღწერე თავი შენი, აღწერე ის, რაც გგონია, რომ შენა ხარ. 
ნაშუადღევს, ორი-სამისკენ, ქოლგას ხელს წამოვავლებდი და სასეირნოდ მივდიოდი. ცოტა ხანში წვიმასაც შევეჩვიე. დაბურულ პარკში დავბორიალობდი, მის სველსა და სრიალა ბილიკებზე, რომელთა ძირშიც, ქვემოთ, უფსკრულში, მდინარე გაწოლილიყო. ხშირი როდოდენდრონები, მოღუშული ღვიები, ბებერ ხეებზე შემოხვეული სურო. ზოგჯერ ფეხებში გარეული კურდღლები გამომიხტებოდნენ ხოლმე, ჩემგან ორიოდე ნაბიჯში შეშდებოდნენ და იმაში დარწმუნებულები, რომ ვერ ვხედავდი, ცალი თვალით მაშტერდებოდნენ. ხანდახან ედინბურგისკენ მიმავალი თვითმფრინავები ისე დაბლა ეშვებოდნენ, მათი ფერადი კუდების გარჩევაც კი შემეძლო. 
უკან ჩაის სმის დროს ვბრუნდებოდი, რომელსაც მარგარეტი კარის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე მიტოვებდა ლანგრით, ყოველთვის ნამცხვრის ნაჭერთან ერთად.
საღამოობით სადილობისას ვხვდებოდით ერთმანეთს, სასადილო ოთახში, ორისთვის გაწყობილ მაგიდასთან. მე მაგიდის ერთ მხარეს, ის მეორე მხარეს.
- რატომ აკეთებთ ამას? სახლში უცხო ადამიანებს რატომ ეპატიჟებით? - ვკითხე.
იმან დაუსმელ კითხვაზე გამცა პასუხი:
- თავს მარტოსულად სულაც არა ვგრძნობ, - მითხრა. - წყნარ, მშვიდ გარემოში ვცხოვრობ, თქვენ ეს სიმშვიდე გჭირდებათ, მე კი მას გჩუქნით. სულ ეს არის.
გრძელ-გრძელ საღამოებს მჩუქნიდნენ. საღამოებს, რომელთაც ბოლო არ უჩანდა. იქ, ჩრდილოეთში, ივნისში ხომ გაცილებით გრძელი დღეებია, ვიდრე პოლონეთში. დღის შუქზე ვწვებოდი და ვდგებოდი, რათა აფორიაქებულს საათისთვის დამეხედა, გამკვირვებოდა და ძილი ისევ შემებრუნებინა.
სააბაზანოს სასოწარკვეთამდე მივყავდი. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ცალ-ცალკე დამონტაჟებულმა ცხელი და ცივი წყლის ონკანებმა ბოლო მომიღო. თავის ყოველი დაბანა აბაზანის მიღებას ნიშნავდა. აბაზანაში წოლისას შპალერის ერთფეროვან მოტივს ვაკვირდებოდი, რომელსაც მედიტაციის მდგომარეობაში გადავყავდი. 
საკუთარ თავთან ჭამიდან ჭამამდე შუალედებში ვრჩებოდი, როცა საკეთებელი ბევრი არაფერი იყო - არც მოულოდნელი ხდებოდა რამე, არც ტელეფონები რეკავდნენ და არც წერილები მირღვევდნენ ამ უცნაურ, კონტემპლაციურ წონასწორობას. ყველაფერი თანმიმდევრული და უმოწყალო სიზუსტით ხდებოდა. საშაქრეში შაქარი არ გამოლეულა, მარილი არ დაბნეულა და ღვინო არ დაქცეულა. მთელი სახლი ძველებურ, მუსიკალურ ზარდახშასავით მომართულ დახვეწილ მექანიზმად ქცეულიყო. გაბმული სიჯიუტით უკრავდა დილიდან საღამომდე და მუდამ ერთსა და იმავე ადგილას, ცხელი და ცივი წყლის ონკანებთან იჭედებოდა, სანამ ეს უმნიშვნელო ნაკლიც ერთიანი წესრიგის ნაწილად არ აღვიქვი. საათებს ერთი და იგივე სიგრძე ჰქონდათ, წუთებს ერთი და იგივე ზომა. განა გასაკვირი იყო, ნებისმიერი სიახლე მანძილისგან დაბლაგვებული, გახუნებული და იერდაკარგული სახით რომ აღწევდა აქამდე და მხოლოდ ექოღა ეთქმოდა იმ შორეული სამყაროსი, რომლის არსებობაშიც ეჭვი გეპარებოდა? სახლები აქ ბუნებრივად ძველდებოდნენ, ნივთებიც თითქოს თავისით გროვდებოდნენ სხვენში და მტვრის მზარდი ფენის ქვეშ თვლემას ეძლეოდნენ. ვიქტორიანული ავეჯი ღირსეულად უძლებდა დრო-ჟამს, არც შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ სკივრებს უკვირდათ თავიანთი არსებობა. შოტლანდია ღვთის სახელოსნოში შექმნილ უნაკლო პროდუქტს ჩამოჰგავდა. 
სადილს უხმაუროდ, დაფიქრებულები შევექცეოდით. მარტო ძველებური დანა-ჩანგლის წკრიალი ისმოდა. ფრთხილ კითხვებს მირჩევდა, თითქოს კბილს მისინჯავდა, ფაქიზად ხსნიდა განდობისთვის საჭირო სივრცეს - არასოდეს პირდაპირ. არასოდეს ძალით. მომწონდა მისი ეს თვისება. ალბათ ასე აღზარდეს, ან ყბადაღებული ბრიტანული თავდაჭერილობა სწორედ ამაში გამოიხატებოდა - მეორე ადამიანისთვის საარსებო სივრცის, პიროვნებად შედგომისა და საკუთარი თავის და იმის ნაბიჯ-ნაბიჯ შეცნობის საშუალების მიცემაში, თუ რამდენად მყიფე არსებასთან გაქვს საქმე. ამიტომ, იმით გაკვირვებულმა, რომ ეს თავადაც შევძელი, მეც ფრთხილად ვუვლიდი გარშემო. როდესაც რაიმე მქონდა შესაკითხი, კითხვას ჯერ ინგლისურად ვთარგმნიდი გონებაში, რის გამოც ის საგრძნობლად შორდებოდა პოლონურ ორიგინალს. კითხვის ინგლისურად თარგმნა ჭოგრიტში უკუღმა გახედვას ჰგავდა, როდესაც ის, რისი დანახვაც ახლოს გინდა, უფრო გშორდება. ალბათ ამიტომ იყო, სიამოვნებას რომ მგვრიდა ეს საუბარი; წინადადების "well"-ით დაწყება, რომელიც ყველაფერს, რასაც წარმოთქვამ, წარმოსახვითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ნებისმიერ ჩანაფიქრს შეფარდებითს ხდის; "well"-ში ნებისმიერი რევოლუციური წამოწყება ჩანასახშივე იღუპება და ნებისმიერი მანიფესტის მონახაზი ჰაერშივე კარგავს ფორმას.
ხანდახან ვგრძნობდი, რომ სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი - ვიმანჭებოდი, ხელებს ვიქნევდი. 
- შენს სახეზე ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება - მითხრა ერთხელ და ფინჯანი მშვიდად მიიტანა პირთან.
ნათქვამი კომპლიმენტად არ ჩამითვლია, მაგრამ პირველად ვიგრძენი მისგან ოდნავი სიმპათია. ამ დროს არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა.
პოლონეთზე მეკითხებოდა. ერთხელაც, სალონში ყავის ცერემონიული სმის დროს, რუკაზე ვაჩვენე სადაც ვცხოვრობდი. რეგიონის ისტორიას რომ ვუყვებოდი, მოჩვენებითი ინტერესით მისმენდა. მაღლა აწეული წარბები, მშვიდად გამეორებული "yes, yes". უცბად მივხვდი, რომ ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმ საღამოს შედარებით ადრე წავიდა დასაძინებლად. მითხრა, დღეს ძალიან დავიღალეო.
სანამ ჩემი ნაცნობი ნივთებით სავსე ბარგი ჩამომივიდოდა, თავისი ბიბლიოთეკა მაჩვენა. სახლიდან მოშორებით იდგა. 1965 წელს გამოცემული ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ და მსოფლიო პროზის ულამაზესი მწვანე ტყავის ყდიანი კოლექცია ჰქონდა. ასევე ალბომები ხელოვნებაზე, აუქციონების კატალოგები, ლექსიკონები, ალალბედზე შერჩეული რამდენიმე ფილოსოფიური წიგნი, მსოფლიო ისტორია, მითოლოგია. ჩემი წიგნების დაბრუნებამდე აქ ვიჯექი ხოლმე კიბეზე და მარცხნიდან მარჯვნივ ვფურცლავდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩემდა გასაკვირად, პოლონეთის თემაზე წიგნების მთელ თაროს წავაწყდი და ძალზე საინტერესო რამეებიც აღმოვაჩინე. მაგალითად: "Poland is a country which has popped up on the map of Europe from time to time though never quite in the same place twice". 1958 წელს გამოცემული დიდტანიანი "მითოლოგია" გრეივსის შესავლით, ინგლისური თავდაჯერებულობით ამტკიცებდა "Silesia, Germany" . ვერც მაშინ დავუჯერე თვალებს, როცა ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ამოვიკითხე - "Polish concentration camps" . იმ საღამოს დასახლების ტელეფონის ჯიხურიდან დავრეკე სახლში, მინდოდა გადამემოწმებინა, ასეთი რამ კიდევ თუ არსებობდა სადმე.
ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ პირველად წავედი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. საქალაქთაშორისო სართულებიან ავტობუსს სულ რაღაც ოციოდე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ როსლინში აღმოვჩენილიყავი. ჩემს ტურისტულ გზამკვლევში ეს ქალაქი თავისი არაჩვეულებრივი სამლოცველოს გამო იყო შეტანილი. სამლოცველოს კედლებზე - კოლუმბამდე დაახლოებით ასი წლით ადრე - ის მცენარეებია ამოკვეთილი, რომლებიც ამერიკაში იზრდება, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ შოტლანდიელებს ახალი კონტინენტის შესახებ მასზე ადრე სცოდნიათ. ეს ამბავი მე ნაკლებად მაღელვებდა. საერთოდაც ისტორიას დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. იქ მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ ცოტა ხნის წინათ სადღაც ამოვიკითხე, ამ სამლოცველოში წმინდა გრაალია გადამალულიო. რატომაც არა. შეიძლება ყოფილიყო კიდეც, თუკი ოდესმე მართლა არსებობდა. ჩემს პატარა ოთახში მარტო დარჩენილი, უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. უცებ გამახსენდა - და ეს ყველაფერი მოულოდნელ აფეთქებას ჰგავდა - წინა საღამოს ჩემმა დიასახლისმა რომ მითხრა, ის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ცხვარი დოლის კლონირება მოხდა, როსლინში მდებარეობსო. ცხვარი, ვერძი, ქრისტე, ქრისტეს სისხლი, ქრისტეს სხეული, გენები, ქრომოსომები, უკვდავება. ნუთუ უნებლიეთ სამყაროს ცენტრში აღმოვჩნდი, საიდუმლოებების ცენტრში? პატარა, წვიმიანი შოტლანდიური იერუსალიმი. სამყაროს პერიფერიული ცენტრი. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ ადგილას გადამალული განძი. სამყაროს მაქმანებიანი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი განაპირი. ავტობუსის ზედა პლატფორმაზე ვიჯექი და გლუვ, სიმეტრიულ და მოსაწყენ მწვანე, ნოტიო დაბლობს გავყურებდი. სამლოცველომდე ბილეთი ორ ფუნტნახევარი ღირდა. 
 
მერე რომელიღაცა სასტუმროს პაბში დავჯექი და მოზრდილი გინესი შევუკვეთე. სამლოცველო მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა. ტურისტების ერთ ჯგუფს შევერიე, შოტლანდიურ ქვედაბოლოში გამოწყობილ გიდს რომ დაჰყვებოდა და მოხიბლულ მზერას ნელ-ნელა დაატარებდა თაღებზე. მაგრამ გრაალი იქ არ ყოფილა. ვიცოდი. იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიგრძნობდი. ცხვარი დოლიც ერთ-ერთი მორიგი სამეცნიერო ექსპერიმენტია და მეტი არაფერი. არც მისი ზვარაკად შეწირული სხეული ნიშნავს რამეს. ერთი პატარა, უმნიშვნელო იმედი უკვდავებისა. მწარე, მაგარი ლუდი თავში ამივარდა. წვიმდა, შინ რომ დავბრუნდი. 
 
გაღიზიანებულმა და გაბოროტებულმა სადილზე ის წიგნი წავიღე, სადაც პოლონეთი იყო ნახსენები. 
- "Poland is a coountry..." - წავუკითხე ჩემს დიასახლისს. 
დანა-ჩანგალი გვერდზე გადადო და მოსასმენად მოემზადა. 
- დიახ, ასეა, - ვუთხარი, - ღამის მცენარეებივით ვიზრდებით, წელიწადში მხოლოდ ერთი ღამით ვყვავილობთ - იოანე ნათლისმცემლის ღამეს. ჩვენი თესლი მდინარეების დინებას მიჰყვება და ასე ვრცელდება მთელ მსოფლიოში. სულ ცოტა ხნით აღმოვცენდებით ხოლმე და ისიც ომების, აჯანყებებისა და სხვა ისტორიული კატაკლიზმების დროს. ყოველ დილით ენას ტანსაცმელივით ვიცვლით. იშვიათი ნაბიჭვრები ვართ, ბორბლებიან სახლებში ვცხოვრობთ, ჩვენს პასპორტებში კი ნაწერსაც ვერ გაარჩევ. აჰ, არა, კირილიცას წაკითხვა არ გვიჭირს. ის კი არა, პაპიც კი მოძრავი გვყავს - აღმა-დაღმა დადის, დამოგზაურობს - მოუსვენარი, თეთრად შემოსილი კაცი. ჩვენ არ ვიზრდებით, ჩაროზს სადილის წინ გეახლებით. ნამდვილად იდუმალი ხალხი ვართ. ხან გამოვჩნდებით, ხან ვქრებით. იქნებ ეს კლიმატის, ან სულაც უკიდეგანო ტაფობების ბრალია. ჩვენი პატარა მცენარეული ცივილიზაცია მომავალი არქეოლოგებისდა სავალალოდ, მხოლოდ უმნიშვნელო, ინფანტილურ კვალს ტოვებს: დოლებს, დამტვრეულ თუთიის ჯარისკაცებს, სულ რამდენიმე სიტყვას და, იმასაც რთულად გამოსათქმელს.
მერე მდუმარედ შევექცეოდით haggi-ს.  მარგარეტს კიდევ ერთი ბოთლი ღვინის გახსნა სთხოვა. ჭიქები მივუჭახუნეთ. ყავის დალევის დროს ცოტა ხნით სადღაც გაუჩინარდა. დაბრუნებულს ხელში ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა კაცის ფოტო ეჭირა. თითქმის ბიჭი იყო, RAF-ის მუნდირით. პირღიმილიანი, ქერა თმით, ცელქად აპრეხილი ულვაშით. ღია ფერის თვალები პირდაპირ ობიექტივში იყურებოდნენ, ეშმაკურად, ოდნავ დამცინავად. უკან ძნელად გასარჩევი ბრტყელი ლანდშაფტი მოჩანდა.
- ტადეუშ პონიატოვსკი ერქვა, - თქვა.
სახელი ნელა, გამართულად, უშეცდომოდ წარმოთქვა. პოლონეთში ცნობილი გვარია-მეთქი, შევნიშნე. სურათი მაგიდაზე დადგა, ჩვენ კი ყავის ფინჯნებით ხელში ელექტროღუმელს მივუსხედით (მებაღემ ფეხი მოიტეხა). ვცდილობდი, გონებაში რაიმე დელიკატური კითხვა ჩამოყალიბებინა, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სიტუაციას ისე მოერგებოდა, როგორც პაზლს ბოლო დეტალი - რბილად, ბუნებრივად; რომელიც სიცარიელეს შეავსებდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერს შეგეკითხებოდა და არც არაფერს დააჩქარებდა. პირველად მან დაარღვია დუმილი. თქვა, რომ  ომის მიწურულს დაიღუპაო. რომ ისიც არ იცოდა, სად დაიღუპა. მე ხმას არ ვიღებდი.
- მიყვარდა, - ესეც თქვა და ყავის ფინჯანი ოდნავ ხმაურანად, მოხდენილად დადგა ლამბაქზე.
გაოცებულმა შევხედე. ალბათ ახლაც მრავლისმეტყველი სახე მქონდა. თბილად მიღიმოდა.
ბანალური სასიყვარულო თავგადასავალი იყო, თუ შეიძლება რომ სასიყვარულო თავგადასავალს ბანალური ერქვას. ორივე ხაკისფერ მუნდირში. სურსათი მკაცრად განსაზღვრული იჯრებით, ღამღამობით მიწის პირიდან გამქრალი, ერთიანად ჩაბნელებული დიდი ქალაქები. 
- ასე მეგონა, მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებდი, - დაასრულა, - ისეთივე აქცენტი ჰქონდა, როგორიც შენ გაქვს.
თურმე რატომ ვიყავი აქ. თურმე ტადეუშ პონიატოვსკისთან, სადღაც ჰამბურგის ზეცაში დაღუპულ მფრინავთან, რაღაც მქონია საერთო.
დილით ისევ ვწერდი. ამჯერად დუნედ, უხალისოდ. კომპიუტერის ეკრანი დიდხანს და მოთმინებით ელოდა ყოველ მომდევნო წინადადებას. თვალის დახამხამებაში ითვისებდა ყველა შეცდომას და კორექტურას. მოციმციმე კურსორის მეშვეობით თავაზიანად მომიწოდებდა სიჩქარისკენ. შეუმჩნევლად გადავინაცვლე წარსულში. ვწერდი ჩემ შესახებ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი თვისებებისა და პირადობის მოწმობის, პასუხისმგებლობის, გეგმების, ჩვევებისა და დაფიქრებების გარეშე; ვწერდი ჩემს თავზე, რომელიც ბუნდოვან გამოსახულებებში ჩაძირულიყო. პატარა გოგონას ცნობიერება, რომელსაც ჯერ მხოლოდ გრძნობის ორგანოები აქვს, აბურდულ-დაბურდულია, ის მხოლოდ იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს. სამყარო წყლის წვეთია, მოვლენებს არც ფაბულა გააჩნია და არც მიზეზი, ისინი ან სულ შემთხვევით ხდება, ან რაღაც იდუმალი კავშირების წყალობით. კომპიუტერი ყველაფერს უსიტყვოდ ითვისებდა. მისი მორჩილება სითამამეს მმატებდა. სამაგიეროდ მე ვორჭოფობდი - ვის ვაინტერესებ, რატომ გადავწყვიტე ჩემს უღიმღამო, უმნიშვნელო წარსულზე წერა. განა ქვეყანაზე დაილია უფრო მნიშვნელოვანი, აღწერისა და ყურადღების ღირსი მოვლენები? განა სულ ასე არ არის, რომ სხვები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანნი არიან? განა საუზმეზე წაკითხული გაზეთიც ამავეს არ გვეუბნება დაუფარავად და არ მიგვითითებს საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებათა იერარქიაზე? რა ღირებულება აქვს ისტორიისთვის შეუმჩნევლად ჩავლილ ოცდაათიოდე წლის წინანდელ ერთ საღამოს, რომლიც ჩემი მეხსიერების გარდა არსად აღწერილა, არ ჩანიშნულა და არ დამახსოვრებულა? 
ლანჩის კალათში კრემისფერი კონვერტი დამხვდა, კონვერტში - დიასახლისის ბარათი. ნაშუადღევს ჩემთვის რაღაცის ჩვენება უნდოდა. სამ საათზე სასადილო ოთახში მელოდებოდა. რა ბრიტანულია-მეთქი ეს ყველაფერი, გავიფიქრე.
მეორე სართულზე ერთ დაკეტილ ოთახში შემიძღვა. კუთხის საძინებელი იყო, ბავშვის. საწოლზე მაქმანებიანი გადასაფარებელი ეფარა. ოთახი ბამბუკის მსუბუქი და მოულოდნელად ეგზოტიკური კოლონიალური სტილის ავეჯით გაეწყოთ.
ბამბუკის სკამებზე ჩამომსხდარი თოჯინები გაოცებული ფაიფურის სახეებით იცქირებოდნენ. საწოლზე - ორი დათვი, ალერსისგან ბეწვგაქუცული მელანქოლიური არსება. მას ჩემთვის სულ სხვა რამის - თოჯინების დიდი სახლის - ჩვენება უნდოდა. სახურავიც ჰქონდა და საკვამურებიც, ათზე მეტი ფანჯარა და ორი კარი. ფრონტალური კედელი თეატრის ფარდასავით ფრთხილად გადახსნა და სახლის შიგთავსი გამოაჩინა.
ჩვენ თვალწინ ოთხი სართული გადაიშალა. სულ დაბლა ძველებურ სტილში მოწყობილი სამზარეულო და საკუჭნაო იყო განთავსებული - ხორცისა და ბოსტნეულის გასარეცხი უზარმაზარი, ორგანყოფილებიანი ნიჟარით, ფაიფურის ჭურჭლით სავსე კარადით, სადაც ჩაროზის მისართმევი ფრჩხილისოდენა პაწია თეფშები დაეწყოთ. კედლებზე ტარიანი ქვაბები და ტაფები ეკიდა. ხის მაგიდა ხმარებისგან გადაღლილს ჰგავდა. არარსებული ნაგვის ხვეტაში გაქვავებული ცოცხი აქანდაზს დაყრდნობოდა. ცოცხთან ორი ნამცეცა თაგვი იჯდა. მათ აუმღვრეველი სიმშვიდით მისჩერებოდა შავი კატა. 
- ცვილის ფიგურებია, - თქვა.
საკუჭნაოში კავებზე ცვილისავე ხორცი, ლორი და გამოშიგნული კურდღლები ეკიდა. თაროებზე იმედისმომცემად ჩამწკრივებულიყვნენ საცობიანი ღვინის ბოთლები. აქვე ნახავდით ფხვიერი ნამცხვრისთვის თუნუქის კოლოფებს, ნივრის გალებს, ბოსტნეულით სავსე კალათებს, კომბოსტოს თავებს, მურაბით ან თაფლით სავსე ქილებს.
ზემოთ იყო სასტუმრო ოთახი. კედლებზე ნაზი ორნამენტებით დამშვენებული აბრეშუმის მოვარდისფრო შპალერი გაეკრათ. აქვე იდგა კომოდები, რომლებზეც ჩარჩოებში ჩასმული საოჯახო ფოტოსურათები გამოეფინათ, და ორი მაგიდა; შედარებით დიდისა და მოჩუქურთმებულის გარშემო უწესრიგოდ ეწყო სკამები. პიანინოს, ან იქნებ კლავესინის, თავსახური ახდილი დაეტოვებინათ, თითქოს საღამოს კონცერტი წუთის წინ დასრულებულიყო და ვახშმის წინ ყველანი ბაღში გაკრეფილიყვნენ განსატვირთავად. კედელზე დაკიდებული სურათები სულ რამდენიმე შტრიხით ვრცელ ლანდშაფტებს ბაძავდნენ. მეორე, მომცრო მაგიდაზე, რომელიც ბუხართან ახლოს მიედგათ, გაზეთები ეწყო, თუ მზერას კარგად დაძაბავდით, მათ სახელწოდებასაც ამოიკითხავდით - "Daily Mail"; არც გადაშლილი ფოტოალბომის შემჩნევა იყო ძნელი, რომელიც ნამდვილს ისე ჰგავდა, რომ სურვილი გაგიჩნდებოდათ ორი თითით აგეღოთ და გამადიდებელი შუშით ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანთა სახეებისთვის შეგევლოთ თვალი. ალბომის გვერდით ღია ბარათებს და მაკრატელსაც დაინახავდით. აქვე ადიოდა კიბე, რომელსაც მომდევნო სართულზე განლაგებული ორი საძინებლისკენ მიჰყავდით. ერთ-ერთ მათგანში - პატარასა და ბნელში, ვიწრო საწოლი, ტანსაცმლის კარადა და სატუალეტო მაგიდა დაედგათ. მეორეში, მდიდრულ, ბალდახინიან საწოლთან, ამ მუყაოს სამფლობელოს დიასახლისი იდგა - გახუნებულ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი მომცრო ტანის ცვილის თოჯინა, ღია ფერის გაშლილ თმაში ჩაბნეული ვარდისფერი ბაფთით. მის მრგვალ, ხშირი წარბებით გამოკვეთილ მიტკლისფერ სახეს თითქოს ფიქრი შეყინვოდა. ერთხანს იმაზე დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ჩემთვის კარგად ნაცნობი სახის მქონე თოჯინას ფიქრის საგანი, მაგრამ გამიჭირდა გამოცნობა. თოჯინას ფეხებთან ცისფერი ქოლგა ეგდო, პლუშის დივანზე უწესრიგოდ ეყარა რამდენიმე შლაპა. ვერცხლის ქაღალდის სარკის წინ, სატუალეტო მაგიდაზე, პაწაწინა ბოთლები და ქილები ეწყო.
საძინებლების ზემოთ, მუყაოს სახლის დამრეცი სახურავის ქვეშ ბავშვის ოთახი და შლაპების ყუთებით, დაზიანებული ავეჯითა და სკივრებით გამოტენილი სხვენი იყო. ბავშვის ოთახში საქანელა ცხენის გვერდით მინიატურული თოჯინების სახლი იდგა, იმიტაციის იმიტაცია ნამცეცა შიგთავსით,  რომლის აღქმა თითქმის შეუძლებელი იყო. ჩემმა დიასახლისმა თოჯინა ფრთხილად დასვა საწოლზე - ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი მოძრაობა იყო.
- სამი ქმარი ჰყავდა, - თოჯინაზე თქვა. - პირველის გაუჩინარების შემდეგ მეორედ გათხოვდა; ამ მეორემ ფეხი დაკარგა და მებაღედ აიყვანა. მესამე ქმარი ცუდ გზას დაადგა - გალოთდა და სასმელს გადაჰყვა.
ეს ამბავი დამაჯერებლად მხოლოდ იმიტომ მეჩვენა, რომ თავად მას სჯეროდა ამისი.
- როცა გინდა, მოდი ხოლმე აქ, - დაამატა ბოლოს.
ვერ გავბედე. საწოლზე ვიწექი და მეხსიერებაში სამყაროს მუყაოს იმიტაციის თითოეული დეტალის აღდგენას ვცდილობდი. წარმოსახვაში ვთამაშობდი. ის ორი თაგვი კატას სამზარეულოს კარადის ქვეშ დაემალა.
საღამოს სააბაზანოში ტანზე რომ ვიხდიდი, სარკეში საკუთარ შიშველ სხეულს შევავლე თვალი. მკერდის დანახვაზე წამით შევცბი, დროის იმ მცირე მონაკვეთში მე პატარა გოგონას გამხდარ, ბრტყელ ტანს ვუყურებდი, მერე კი კომპიუტერის ეკრანის მკრთალ შუქზე დიდხანს ვითვალიერებდი ხელის მტევნებს.
ივნისის ბოლოს რამდენიმე დღე მზიანი და ქარიანი დარი დაიჭირა. წერა აღარ მინდოდა. ტერასაზე ვიჯექი და მზეს ვეფიცხებოდი. ჭოგრიტით ვუთვალთვალებდი ფრინველებსა და გარეულ, მშიშარა კურდღლებს. რამდენჯერმე მასაც მოვკარი თვალი. პარკის ბილიკებზე რკინის ჯოხით უზარმაზარ ლითონის რგოლს მიაგორებდა. თავზე ნიკაპქვეშ რბილი ბაფთებით შეკრული ცისფერი შლაპა ეხურა.
ღამეებს პირობითი ხასიათი მიეცა, რაღაცნაირად არამდგრადები და აქროლადები გახდნენ. დაისს პირდაპირ მზის ამოსვლა ცვლიდა. დასავლეთით მოვარდისფრო ციალი აღარ ქრებოდა. ორიენტაცია დავკარგე, ვეღარ გამეგო, ცის კაბადონზე რომელ მხარეს იყო აღმოსავლეთი და რომელ მხარეს დასავლეთი. 
 
 
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE