გალაკტიონის „თოვლი“


გალაკტიონის „თოვლი“




ეს ლექსი 1916 წელს დაიწერა და იგი შევიდა გალაკტიონის უკვდავ კრებულში „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“, რომელიც 1919 წელს გამოიცა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ქართულ პოეზიაში არ მეგულება მეორე ლექსი, რომელიც ასე გაჯერებული იყოს ენობრივი ოსტატობით, ლიტერატურული ცოდნით, პოეტური ტრადიციისადმი და, განსაკუთრებით, ფრანგული სიმბოლიზმისადმი ერთგულებით. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი სიმბოლისტების მთელი გუნდის არსებობის მიუხედავად, ასეთი კლასიკური სიმბოლისტური ლექსი საქართველოში ვერავინ დაწერა. ლექსი დაწერილია გალაკტიონის საყვარელი ათმარცვლიანი საზომით და იწყება სიტყვით „მე“. საერთოდ, ლირიკა დაიბადა ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნეში, როდესაც გაჩნდა ეს აზრი, ეს კონცეფცია, ეს პოეტური „მე“. ჰომეროსის შემდეგ, მისი ეპოსის შემდეგ პირველმა დიდმა ლირიკოსმა, არქილოქოს პაროსელმა ამოიღო ხმა და თქვა „მე“, „ჩემი“ ფიქრი, „ჩემი“ აზრი და, ბოლოს და ბოლოს, დაინგრა მითოსური „ჩვენ“ და ეპიკური ობიექტურობა და დაიბადა სუბიექტური პოეზია, დაიბადა ლირიკა.

ცნობილი ამბავია, რომ ეპიკოსებს ზოგადად ლირიკოსები არ უყვართ (მარტო ტოლსტოის მაგალითი რად ღირს, როდესაც დიდმა რომანისტმა პოეტი ღრმა კვალის გამყვანი გუთნიდედის კვალში მიმავალ მოცეკვავეს შეადარა), ხოლო ლირიკოსებს ეპიკაში უჭირთ ხოლმე. გალაკტიონიც უძლური იყო ეპოსში, იგი ლირიკის ღმერთი იყო, სხვა რამ მას არ ეხერხებოდა, მას უბრალო ლაპარაკიც კი არ ეხერხებოდა, სესხის აღებასაც კი ლექსით ითხოვდა („ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ... მასესხე, მომეხმარეო!“)

გალაკტიონის ლირიკა სავსეა სიმბოლოებით და ამ ლირიკაში თოვლი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

 

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

 

დასაწყისშივე გაიდო ხიდი გალაკტიონსა და მის უსაყვარლეს მასწავლებელს, ჩვენს უდიდეს გენიოსს, ბარათაშვილს შორის. გალაკტიონი სულ კითხულობდა, ხომ ვგავარ აკაკისო და ჰგავდა ბარათაშვილს. ყველაზე მეტად სწორედ ამ ლექსში არის გალაკტიონი ბარათაშვილის მემკვიდრე. ბარათაშვილს უყვარდა ლექსის დაწყება სიტყვით „მიყვარს“ („მიყვარს თვალები მიბნედილები“, „მიყვარს ტიკტიტი ჩვილის ყრმის“, „მიყვარს ყაბახი“...), ეს მისი სტილია. გალაკტიონი აძლიერებს ემოციას და ამბობს არა „მიყვარს“, არამედ „მე მიყვარს“ და „მე ძლიერ მიყვარს“. როცა ის ამბობს „ძლიერ მიყვარს“, ნათელია, რომ ის სალაპარაკო ენიდან გადის. სალაპარაკო ენაში ჩვენ არ ვამბობთ „ძლიერ მიყვარს“, ჩვენ ვამბობთ „ძალიან“. ეს ნიშნავს, რომ მან ასწია ტონი და თითქმის ღმერთივით გველაპარაკება. „თოვლი“ სამაგალითო ლექსია იმის გასაგებად, თუ რა ხერხები აქვს სიმბოლიზმს.

ერთ-ერთი მთავარი სიმბოლისტური ხერხი გახლავთ სინესთეზია. ეს ტერმინი აღებულია ფსიქოლოგიიდან, მაგრამ ლიტმცოდნეობაში დიდი ხანია დამკვიდრებულია, როდესაც სწორედ სიმბოლიზმზეა ლაპარაკი. სინესთეზია ნიშნავს, რომ ერთი გამღიზიანებელი, რომელიც, მაგალითად, თვალს აღიზიანებს, ამავე დროს, შეიძლება აღიზიანებდეს ყურს. პოეზიაში კი ეს არის ხილული ხატი, რომელსაც ამავე დროს აღმოაჩნდება ხმოვანი ჟღერადობა, ტაქტილური ჟღერადობა და ა.შ. აი, როგორ აქვს გამოხატული გალაკტიონს სინესთეზია: „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის“, ანუ თოვლი არის იისფერი. არსებობს მოსაზრება, რომ იისფერი თოვლი არავის უნახავს. შეიძლება, გალაკტიონსაც „არ უნახავს“, ისე დაინახა. ეს ცოტა მაკვირვებს, რადგან მე მინახავს იისფერი თოვლი. როდესაც დიდი თოვლი მოდის და მას სიმაღლე უჩნდება და მისი გაჭრა ხდება საჭირო, მაგალითად, ბილიკის გასაჭრელად, ეს გაჭრილი თოვლი ზემოდან დახედვისას ნამდვილად იისფერია. ამავე დროს, როდესაც მეცნიერებამ თოვლის ფიფქები მიკროსკოპით შეისწავლა, ისინი სწორედ იისფერი და მოლურჯო შეფერილობისა აღმოჩნდა. შესაბამისად, გალაკტიონსაც დიდი შანსი ჰქონდა, ენახა თოვლის ეს სილურჯე; იგი ნამყოფია ზამთრის რუსეთში, სადაც თოვლის ჭრა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ თვითმკვლელობის სახეზე მიგვითითებს და შემდგომში, ოთარ ჭილაძის პოეზიაში გაჩნდება სიტყვები „თავგანწირულად დნებოდა თოვლი“, რაც ასევე სიკვდილის სახეა. ოთარ ჭილაძის, „რკინის საწოლის“ ავტორის დამოკიდებულებაზე გალაკტიონთან მე აღარ ვილაპარაკებ. „თავგანწირული“ თოვლის ქვეყნიდან ჭილაძის ბავშვი „უხილავ ცაში მსუბუქი ფრთებით მიქროდა“. იისფერი თოვლი, რომელიც ამავე დროს, არის წმინდა, ვარდება ხიდიდან, შეყვარებული ქალიშვილივით და ჩნდება კლასიკური ტრიადა: ხიდი, მდინარე, სიყვარული. 1916 წელია და ხიდი, მდინარე, სიყვარული უკვე ბევრჯერაა ნახსენები მსოფლიო პოეზიაში, განსაკუთრებით ხშირად კი – ფრანგულში. ეს ნაწილობრივ აღინიშნა კიდევაც ლიტმცოდნეობაში. ამ სიტყვებს მოჰყვება:

 

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

 

სულ სახეებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა: „სული მევსება თოვლით“. გალაკტიონს ხშირად აბრალებდნენ „წიგნიერებას“, ანუ მასალის სესხებას წიგნებიდან. ყველამ ვიცით, როგორ დაესესხა იგი მთელ პასაჟებს ჯეკ ლონდონს, ედგარ პოს, მაგრამ, ამავე დროს, იპოვეს უფრო ნაკლები მნიშვნელობის ავტორებისგან „სესხებაც“. შესანიშნავ წიგნ „ანარეკლებში“ დავით წერედიანს ნახსენები ჰყავს ბელგიელი სიმბოლისტი პოეტი ჟორჟ როდენბახი; ამ პოეტს ჰქონია ლექსი, რომელიც შევიდა რუსეთში გამოცემულ წიგნში "Чтец-Декламатор". ესაა სპეციალურად შერჩეული ლექსები დეკლამაციისთვის. შვიდასგვერდიანია პირველი ნაწილი, რომელშიც როდენბახიც მოხვდა, სავსეა იგი მსოფლიო პოეზიის ნიმუშებით და, განსაკუთრებით მდიდრულადაა წარმოდგენილი რუსული პოეზია. გალაკტიონი იცნობდა ამ წიგნს, ყოველ შემთხვევაში, მის პირველ ტომს (მეორეში დრამატურგია შედიოდა და მესამეში – პროზა). როდენბახის ლექსი მთავრდება სიტყვებით: ჩემი სული, როგორც ვარსკვლავებით, ისე სავსეა თოვლითო. მსგავსება აშკარაა, მაგრამ ვნახოთ განსხვავებაც: იქ არის „სავსეა“, გალაკტიონთან – „მევსება“, იქ არის შედეგი, გალაკტიონთან – პროცესი. ესაა განსხვავება თანამედროვე ქართულ პოეზიასა და გალაკტიონს შორისაც. ჩვენი პოეზია სავსეა მტკიცებით, ხოლო გალაკტიონი სავსეა ვნებით, დინამიკითა და განვითარებით.

მაშასადამე, ლაპარაკია თოვლზე, რომელიც არის სიმბოლო, იგი არის ფერადოვანი – იისფერი, იგი არის მწუხარე; მას, ამავე დროს, ტაქტილურად ვეხებით და ვადგენთ, რომ იგი არის ცივი და სველი (სინესთეზიიის კლასიკური ნიმუშია) და ეს ასეთი თოვლი: ცისფერი, მწუხარე, ცივი და სველი ავსებს სულს და სული ხდება ცისფერი, მწუხარე, ცივი და სველი.  

 

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

 

თურმე ლაპარაკი ყოფილა „შენზე“, რომელიც წახვედი, ლაპარაკი ყოფილა სიყვარულზე, რომელიც წავიდა და დედამიწაზე ჩამოწვა მწუხარე ზეცა. და დედამიწა არის უდაბნო. თოვლის უდაბნო. ამ უდაბნოში, როგორც წარსულის ფლეშ-ბეკი, იელვებს „შენი მანდილი“. როგორც ედგარ პო გვასწავლის, ყველაზე „მომგებიანი“ პოეტური სახე ახალგაზრდა ქალის სიკვდილია. ეს ახალგაზრდა ქალი, რომლის „თოვლივით მკრთალი ხელები“ ლირიკულ გმირს მუდამ ემახსოვრება, „იანვარში“ აღარ არის. სიყვარული ოდესღაც იყო და აღარ არის. და იმის შემდეგ, რაც იგი აღარ არის, ლირიკულ გმირს აღარ უნდა სიცოცხლე. ახლა, ამწუთას, ამ სიყვარულის წასვლის შემდეგ

 

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

ყველაფერი კარგი, რაც იყო, წავიდა. დარჩენილია მხოლოდა ნატვრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადარჩეს ადამიანი. როგორ უნდა დააღწიო თავი ზამთარს-სიკვდილს?! როგორ უნდა დაემალო ქარს-სიკვდილს?! სატრფოს წასვლის შემდეგ მეტრფე როგორ უნდა გადარჩეს? სად არის გამოსავალი? გალაკტიონმა იცის მითოსური გამოსავალი. იცის მომაკვდავი და აღდგენილი ღმერთების ამბავი, ადონისის ამბავი, ქრისტეს ამბავი; ფრეიზერის ნაპოვნი „კალენდარული“ ღმერთებიც შეგვიძლია გავიხსენოთ; მაგრამ ეს სულ „კაცი“ ღმერთებია. მკვდარი და მკვდრეთით აღდგარი ქალღმერთიც არსებობს, ეს ანტიკური პერსეფონე ანუ კორეა. მას წელიწადის განმავლობაში სიკვდილის სეზონიც აქვს და სიცოცხლის სეზონიც (ესაა კომპრომისი კორეს დედას, დემეტერსა და მეუღლეს, ჰადესს შორის). სწორედ ამას მიგვანიშნებს გალაკტიონიც: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა“, როგორმე გაზაფხულს თუ მივაღწიე, სიყვარული ხელახლა დაიბადება. ესეც ნიცშეს „მარადიული დაბრუნება“.

გალაკტიონმა ამ დაბრუნებას უდიდესი პოეტური ოსტატობით მიაღწია. გამოიყენა საკუთარ პოეტურ ლაბორატორიაში შექმნილი ხერხი, რომელსაც შეგვიძლია პირობითად დავარქვათ „პარალელური სტრიქონებიდან გამოტანილი აზრის ხერხი“.  ეს აზრი შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენდა უნებურად, რადგან გალაკტიონმა ამ ლექსში გამოიყენა ასეთი ტექნიკური ილეთი: ორი სტროფი გვაქვს, ერთმანეთს რომ იმეორებს, მაგრამ ეს არ არის ორი სრულიად იდენტური სტროფი, მათ შორის არის განსხვავება და მთელი აზრი ჩადებულია სწორედ ამ განსხვავებაში. ცნობილია, რომ არსებობს ვარიანტები; მაგალითად, „თბილისში“ არის ვარიანტები: „და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა“, „და არ მშორდება ტფილისის ცქერა“ და ა.შ. „თოვლში“ არის მსგავსი სტროფები განსხვავებული ვარიანტებით. ჩანაფიქრი ასეთია: ის, რაც საერთოა, ნათელია, რომ ერთი და იგივეა, ხოლო ის, რაც განსხვავდება, არის რთული ფორმით გამოხატული შედარება და მეტაფორა.

 

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი                  თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.                  და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,                   როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!                             როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

ასეთი=ამნაირ, სიზმრით=ფიფქით.

 

ხერხი ათვისებულია. ახლა ვნახოთ მისი მოქმედება ლექსში. პირველივე სტროფს აქვს პარალელი

 

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის                   ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:                         ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის                     მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.                            და ზამბახების წყებად დაწვენა.

 

ცივი სისოვლის=ქროლვის, მიმოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა=ზამბახების წყებად დაწვენა. სიყვარული ზამბახი ყოფილა. სიყვარულის მოთმენა და ზამბახების დაწვენა არის ერთი და იგივე. ზამბახი კი არის ყვავილი, რომელიც აპრილსა და მაისში ხარობს. როგორ არ გავიხსენოთ სხვა გენიოსი, ტომას სტერნზ ელიოტი, რომელიც ამბობს: “April is the cruelest month, breeding

lilacs out of the dead land...” („უსასტიკესი თვეა აპრილი, აღმოაცენებს იასამანს მკვდარი მიწიდან...“). უსასტიკესი იმიტომაა, რომ აღმოაცენებს იასამანს, გააჩენს იმედს და სხვა დრო, სხვა თვე მას მოკლავს. იასამანიც, ზამბახიც არის სიყვარული, რომელიც იბადება და კვდება, უსასტიკესი განმეორებადობით. სიყვარული დაიბადება აპრილში, დაიბადება გაზაფხულზე, დასნეულდება ზაფხულში, მოკვდება შემოდგომაზე და ამ სიკვდილს იგლოვებს ზამთარი. და „ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება“. მარადიული დაბრუნება. ეს ციკლური ლექსია. ქალი წავიდა, სიყვარული წავიდა, მაგრამ სიყვარული დაბრუნდება. ქალიც შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ სიყვარული აუცილებლად დაბრუნდება. და ცხოვრება კვლავ გაგორდება კამათელივით და ოთხი აფთარიც კარს მოგვადგება: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გალაკტიონი რომ არ გვყოლოდა, ვინ მიხვდებოდა, რომ წლის დროების ეს უბრალო ჩამონათვალი თოთხმეტმარცვლიანი ლექსი იქნებოდა შუაში პატიოსანი ცეზურით – 4/3//4/3?

ერთი ვალი დაგვრჩა. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ლექსში არის ტრიადა: ხიდი, მდინარე და სიყვარული და რომ ეს სხვა ლექსებშიც გვხვდება. ეს იდეები, ხიდი, მდინარე, სიყვარული, სიყვარულის წასვლა და პირდაპირი ციტატა ლექსიდან – ესაა გიიომ აპოლინერი და მისი შედევრი „მირაბოს ხიდი“. „მირაბოს ხიდი“ 1912 წელს დაიწერა და 1913 წელს გამოქვეყნდა და გალაკტიონს ის შეიძლება სცოდნოდა და არის ერთი მომენტი, რომელიც მიუთითებს, რომ გალაკტიონს უნდა სცოდნოდა ეს ლექსი. საქმე ისაა, რომ „არტისტულ ყვავილებში“ არის ლექსი, ასევე 1916 წელს დაწერილი, რომელიც ასე მთავრდება:

 

შენ ღიმილს მე თან გავატანე ბედნიერება,

სიყვარულიდან გავატანე, რაც კი რამ მქონდა,

მაგრამ ღიმილი გაიტაცეს ჩემი გულიდან,

როგორც ლუვრიდან გაიტაცეს შორს ჯიოკონდა!

 

ლუვრიდან ჯოკონდას გატაცება არის ამბავი, რომელშიც ბრალი დაედო ორ უდიდეს ხელოვანს, პიკასოსა და აპოლინერს. ეს სკანდალური საქმე იყო, აპოლინერი დააპატიმრეს კიდეც. სწორედ იქ დაუწერია „მირაბოს ხიდის“ რეფრენი Les jours s'en vont, je demeure („დღეები რბიან, მე – ვრჩები“). გალაკტიონი ამბობს: „დღეები რბიან და მე ვბერდები“. აშკარაა, რომ ჯოკონდას ამბავი იცის, აპოლინერის დაპატიმრება იცის და, ალბათ, აპოლინერის მთავარი შედევრიც იცის და რომც არ სცოდნოდა, რომც არ მიენიშნებინა, ჩვენ ხომ ვიცით, ანუ მინიშნებაა.

გალაკტიონის ამ ლექსიდან ერთ რამეს ვსწავლობთ: სიყვარული უკვდავია. ქალი შეიძლება მოკვდეს, სიყვარული არ მოკვდება (გავიხსენოთ გალაკტიონის საყვარელი დანტე ალიგიერი და ბეატრიჩე). ის ფერები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, ის ელვარება, ის მანდილი, რაც აქ არის, გალაკტიონმა აღნიშნა სპეციალური ფერით. იისფერი ვიცით, რას გამოხატავს. ჯერ კიდევ რუსთველთან ვიცით, რომ ვარდისფერი არის სიცოცხლის ფერი, ზაფრანისფერი არის გარდამავალი ყვითელი და იისფერი გახლავთ სიკვდილის ფერი. გალაკტიონისთვის, „ლურჯა ცხენების“ ავტორისთვის, ცისფერი სიკვდილისა და უკვდავების ფერია. ბარათაშვილის „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“ საბედისწერო ლექსი აღმოჩნდა ქართულ პოეზიაში. ამ ერთმა ლექსმა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, გალაკტიონი დაბადა. „თოვლის“ ცისფერი, რომელიც არის მწუხარება, რომელიც არის მარადიული ლურჯი უდაბნო, სადაც ხარებაც კი ლურჯად არის შეფერილი, რა შანსს გვიტოვებს? გალაკტიონს აქვს ფანტასტიკური ნახაზი ამ ლექსში: თოვლი შეიძლება შეწყდეს, თოვლი შეიძლება დაიღალოს („დაღალული სიზმარი“ გალაკტიონს სხვა ლექსშიც აქვს ნახსენები). თუ თოვლი დაიღლება, თოვა შეწყდება, თუ თოვა შეწყდება, გაზაფხული მოვა, თუ გაზაფხული მოვა, ზამბახი დაიბადება, თუ ზამბახი დაიბადება, სიყვარული დაბრუნდება, შემდეგ ზამბახი დაწვება... ლექსს აღმოაჩნდა „სიუჟეტი“: სიყვარული არ არის, სიყვარული მოკვდა, სამყარო დაფარა თოვლმა და იგი გაუდაბურდა. ისევ სინესთეზია: „მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა.“ თოვლი არის ფარული დარდი, რომელსაც გაუჩნდა ხმა. ფარული დარდი ისმოდა შენს ხმაში. თოვლს აქვს ფერი, თოვლს აქვს ხმა. როდესაც ქალი მიწაზე იყო, მას ხმაში უკვე დარდი ჰქონდა, რადგან მან იცოდა თავისი წარმავალობის ამბავი. ეს საბედისწერო ქალია, ეს პერსეფონეა.

ბევრ რამესთან ერთად, გალაკტიონს ბარათაშვილთან აახლოებს პესიმიზმისა და ოპტიმიზმის უცნაური ნაზავი. „თოვლშიც“ სული, რომელიც „სტირის ცისფერ ღვინოებს“, მაინც სავსეა იმედით. იმიტომ, რომ ზამთარი შეიძლება დაიღალოს, ფიფქი დაიღალოს, სიკვდილი დაიღალოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს სიცოცხლეს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE