ასი ტერცინა


ასი ტერცინა




1

შუაღამისას ჩემს სოფელში შვილის საფლავზე
დაეცა მთვარე უცაბედად და მე მარტოკა
ვაკოწიწებდი მის ნამსხვრევებს მზის ამოსვლამდე.

 

2

ზუსტად იქ, სადაც ბავშვი იდგა ერთი წუთის წინ,
ამოიზარდა იასამნის ლამაზი ბუჩქი
და განშორების სურნელება მიმოაფრქვია.

 

3

ისხდნენ ბიჭები ქოხში თაფლის სანთლების შუქზე
და სანთლის არაყს რიგრიგობით თაფლივით სვამდნენ,

თან წყაროს ცივ წყალს აყოლებდნენ ზოგჯერ სათლიდან.

 

4

ჩემი ბავშვობის უჩვეულოდ თოვლიან ზამთარს
ვიხსენებ ახლა ქალამნების კვალით, რომელიც 
მოჩანდა, როგორც ცისკიდურზე წეროთა მწკრივი.

 

5

სამშობლოს ცაში ბავშვობიდან ყველა ვარსკვლავი
დანომრილი მაქვს და ამიტომ გულდაწყვეტილი
ვაყოლებ მზერას მათ გარდუვალ გამეჩხერებას.

 

6

ცხენის ფრუტუნზე გამეღვიძა და გამახსენდა:
წისქვილში უნდა ჩავიტანო საფქვავი დილით, 

რომ შუადღისას უსადილოდ არ დარჩეს ნადი.

 

7

მთელი ცხოვრება ანგარიშში აღარ აგდებდნენ
და ამიტომაც გაუკვირდა, ბოლო მიჯნასთან
როცა შენიშნა, რომ ვალებში ჩავარდნილიყო.

 

8

ცხოვრების წიგნში რა წერია, არავინ იცის,
არც ის, სადაა შენახული იგი და მაინც
თითქოს სულ მისი ციტატებით ვსაუბრობთ ყველა.

 

9

ერთპიროვნული დიქტატურა ორპირი ქარის,
დერეფნის თავში უთავბოლო ჭრიალი კარის,
მტერია ძილის და მით უფრო - მბჟუტავი კვარის.

 

10

უხმობს ღამეთა ოაზისი დღეთა ქარავანს
სულმოსათქმელად... ეს ის დროა, როცა ძაღლები

თვლემენ და ბინდში ნაკადული რაკრაკებს მხოლოდ.

 

11

ბაბილონიდან წამოსული შერეულ ხმების
შორეულ ექოს ვაყურადებ, როცა შემთხვევით
ხელი რადიოს ჩამრთველისკენ გამეპარება.

 

12

პოლიტიკური ტერმინია ჩემთვის "მანძილი".
ადრე ზუგდიდი-სოხუმის გზა საათნახევარს
თუკი ითხოვდა, ათწლეული არ ჰყოფნის ახლა.

 

13

მე საკუთარი მისამართი არც მახსოვს, რადგან
არავის არ ვწერ, აღარც მე მწერს ვინმე და ისე
აფთიაქიდან გზას სახლამდე გუმანით ვიგნებ.

 

14

როცა მინდოდა, როცა მსურდა რაღაც მქონოდა -
არ მქონდა.. ახლა მაქვს და მაინც (სასწაულია!)
ის დრო მწყურია, ის დრო მინდა, როცა მინდოდა!

 

15

დაუკრიფავის მკრეფავები რაც მოგვიმრავლდა,
უმრავლესობა ლაპარაკობს პლებსის ენაზე,
უმცირესობა ფეხაკრეფით დაიარება.

 

16

ბატებმა დილის მზე ჩაყლაპეს კუმისის ტბაზე

და ახლა მწყობრი ნაბიჯებით თბილისისაკენ
მიდიან, როგორც ძველი რომის შთამომავლები.

 

17

ბედნიერია ეს ხეები... სადაც ამოვლენ,
მთელი ცხოვრება იქ დგანან და იქვე კვდებიან,
ჩვენ კი არ გვგვანან - უგზო-უკვლოდ მოხეტიალეთ.

 

18

რატომ ხმაურობთ, ბატონებო, რატომ ვიშვიშებთ?
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი ხმა ხუთ წელიწადში
ერთხელ სჭირდება მას, ვინც ახლა არც გამოგხედათ!

 

19

მთელი მსოფლიოს ისტორიამ ცხენების ზურგზე
გადაიარა და მე როცა მათ თვალებს ვხედავ,
მინდა მუხლებზე დავეცე და შენდობა ვთხოვო.

 

20

გამოიცანით? - გამოცანა გერგებათ, მაგრამ
სხვა არაფერი, სამწუხაროდ, თქვენ არ გერგებათ,

და ეს, ცხადია, უჩემოდაც მშვენივრად იცით.

 

21

"თავისუფალი დრო" რას ნიშნავს?.. თავისუფალი
შენ უნდა იყო, თორემ დროზე უფრო ფრთალაღი 
გალაქტიკაში მე სხვა რამე არ მეგულება.

 

22

მე აღარა ვარ ბევრი ვინმეს თანამედროვე,
ვინც გვერდით ცხოვრობს, დადის, სუნთქავს, წერს და კითხულობს,
რადგან ერთმანეთს აგვაცილა ჟამთა მეისრემ.

 

23

კვანძის გახსნამდე სანამ მივალ, მინდა ვიცოდე,
ვინ შეკრა იგი, ვინ განასკვა, რომ მის ხელწერას
მივუსადაგო ჩემი ხერხი და... ორლესული.

 

24

იპოდრომსა ჰგავს ზოგჯერ ჩემი სამშობლო, სადაც
თითქოს დააჭრეს დოღის ცხენებს მოსართავები
ჭინკებმა ჩუმად და მხედრები გზა-გზა ცვივიან.

 

25

ყველაზე დიდი ცინიკოსი ბედია მაინც.
ისე დაგცინებს, ვერ მიხვდები მიზეზს ერთბაშად 
ან საერთოდაც: რატომ, რისთვის, რის გამო, ნეტავ?

 

26

"რაც არ გერგება, შეგერგება!.." - ალბათ, თავიდან
ამგვარად ჟღერდა ეს ანდაზა, რასაც ყოველდღე
ჩვენ გვიდასტურებს არაერთი თანამედროვე.

 

27

კარგა ხანია, არ ვყოფილვარ მე უცხოელი!
საზღვარგარეთის პასპორტს ჩემსას მოედო ხავსი
და მხოლოდ ჟამი არ მაშორებს მებაჟის მზერას.

 

28

აგვისტოს ცაზე სავსე მთვარე ისე მიგორავს,
როგორც სამყაროს უხილავი ეტლის ბორბალი,
რომლის დანახვაც ამ საღამოს მე მერგო მარტო.

 

29

რა უსიამო შეგრძნებაა, როცა მოხვდები
ხალხში, შენ სადაც ყველას იცნობ, შენ კი არავინ
გიცნობს და ფიქრობ: აღარა ხარ, დაგმარხეს უკვე.

 

30

საათს ვასწორებ... რა ხანია არ დამიქოქავს
ეს ჩემი ძველი ქრონომეტრი... ჩვევას ავყევი,
თორემ მასავით დროც დაბერდა, გაუფასურდა.

 

31

ამ გლობალური დათბობის ჟამს, საოცარია, 
რომ ჩვენ, პირიქით, ვგრძნობთ ყოველდღე, წამისწამისად,
გულები როგორ გვიცივდება ერთურთის მიმართ.

 

32

შენ უკვე არ ხარ და როდესაც მეც არ ვიქნები,
დარჩება ჩვენი სიყვარულის პატარა წიგნი,
შიგ ჩარჩენილი ყვავილების მჭკნარი ფოთლებით.

 

33

ჩემს ძველ ეზოში არაფერი გადარჩენილა
და როცა ვცდილობ აღვადგინო გონებით იგი, 
ვხედავ ნასახლარს და კონტურებს მოშლილი ღობის.

 

34

წაგებულ ომში მოგებული მთავარსარდლობა
ახალ მოგებას აანონსებს და ბევრ წაგებულს
სჯერა: ოდესმე მოგებულთა შორის იქნება.

 

35

სხვა გზა არ იყო, ხოლო ის გზა, რომელიც იყო,
არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც გავყევით... როცა
შევედით ჩიხში, გზა საერთოდ არ იყო უკვე.

 

36

ბავშვობის ჩვევა ახლაც ზოგჯერ თავს შემახსენებს;
მე მინდა ამ დროს უნებურად კარი გავაღო
და დაველოდო საქონელის შინ დაბრუნებას!

 

 

37

მოწყენით სხედან დედაბრები სადარბაზოსთან...
ერთი ადგილი მათ სკამძელზე გუშინდელს აქეთ
ვაკანტურია და შევსებას არ ელოდება.

 

38

მდინარე ისევ დაუბრუნდა თავის კალაპოტს,
ხოლო ტალღები, ნაპირები რომ გადმოლახეს,
არავინ იცის, სად გაჰქრნენ და რა ბედს ეწივნენ.

 

39

ბაღი სუსხისთვის ემზადება... დაცვენილ ფოთლებს
კონტეინერში ჰყრის მებაღე... შიშველ ტოტებზე
სხედან ჩიტები და ჟივჟივის თავიც არა აქვთ.

 

40

ცოტა თუ ხვდება, რომ ცხოვრება იძულებითი
სამუშაოა და ბევრ რამეს სიამოვნებით
ზურგს შეაქცევდა, მარტო მისი ნება რომ იყოს.

 

41

როცა ურემი გადაბრუნდა, ხარების შველა 
იყო მთავარი ამოცანა და ამიტომაც
ორომტრიალში ვერ შევნიშნე, გზა რომ გამოჩნდა.

 

42

არც "უპურობა", არც "უწყლობა," არც "უშუქობა,"
არაა ისე საშინელი და ამაზრზენი
სიტყვა, როგორიც გახლავთ სიტყვა: "უიმედობა"!

 

43

"თევზი თავიდან..." ეს ანდაზა გვსმენია ყველას,
მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ ჩვენს აუზში
არა, რადგანაც მასში სუფთა წყალი გვისხია.

 

44

დამსგავსებია საქართველო სნეულს, რომელსაც
ყველა თავისი, საკუთარი რეცეპტით კურნავს,
მაგრამ შედეგზე აღარავინ არ აგებს პასუხს.

 

45

თავის კაცობას, თავის სინდის-პატიოსნებას
ძალიან ძვირად აფასებდა და ამიტომაც
არ დასცდენია არასოდეს ვინმეზე ძვირი.

 

46

თანდათანობით მე დავკარგე რაიმე ნივთის
ფლობის სურვილი და ისეთმა განცდამ შემიპყრო,
თითქოს ჩემია ყველა კარგი ნივთი ამქვეყნად.

 

47

თვალშესავლები გაცილებით მეტია, ვიდრე
ხელშესავლები... ამიტომაც ხელები უფრო
გრძნობენ დანაკლისს, ვიდრე ამას გრძნობენ თვალები.

 

48

მე არავისთან არ დავდივარ და აღარც ჩემთან
დადის არავინ... ყველაფერი ისეა, თითქოს
გაკრიფეს ხალხი დანაღმული დედამიწიდან.

 

49

ხელებს გავშლი და ხენი თითქოს მორბიან ჩემკენ
ჩასახუტებლად, რადგან კაცნი დიდი ხანია
ფეხაწყობილად მიმოდიან მუსიკის ხმაზე.

 

50

დრო ოთახშიაც ისე გადის, როგორც ქუჩაში,
ოღონდ ხანდახან მეჩვენება, რომ იგი კართან
ყოვნდება, რათა შემხედოს და დამემშვიდობოს.

 

51

ბაბუაჩემი რაბინდრანათ თაგორის წვერით
მიმოდიოდა თავის ბაღში და ზუსტად გრძნობდა,
რომელი ხილი რამდენ ნაყოფს გამოიღებდ

 

52

მე როცა ვინმე ცუდი თვალით დამიწყებს მზერას,
მინდა გავერკვე: იგი განგებ აკეთებს ასე
თუ კარგი თვალი არც როდისმე ჰქონია საწყალს.

 

53

ხმალი - ქარქაშში, ღვინო - ჯამში, შაშვი - სუროში,
ვაჟკაცი - ცხენზე, მზე - ცაზე და სითბო - მიწაზე...
სადაა, თორემ მე ასეთი სამშობლო მინდა!

54

ჰგავს წვრილმანების მაღაზიას მრავალთა სული,
სავსე ათასი ხარახურით... იგი ღიაა,
მაგრამ კლიენტებს ყველაფერი ნისიად უნდათ.

 

55

იგი საკუთარ თავს მოუკვდა... (მან ეს განჭვრიტა):
იწვა საწოლზე შესუდრული თავით ფეხამდე
და ამ ქვეყნიდან გამგზავრებას მარტო გლოვობდა.

 

56

ეთერი უკვე ვეღარ უძლებს ხმათა სიჭარბეს
და მეჩვენება, რომ გასკდება ერთხელ იგი და 
უხეშ ბგერათა ნანგრევებში ჩაგვმარხავს ყველას.

 

57

რაც შემოდგომის სიახლოვე იგრძნო, ჭრიჭინამ

უმატა ხმას და ახლა უკვე გათენებამდე

მუხლჩაუხრელად დირიჟორობს მოძმეთა ქოროს.

 

58

მოწმის სტატუსით ფეისბუკზე წერდა სტატუსებს 
და ყველაფერი, რაზეც წუხდა, რაზეც ფიქრობდა,
პარალელურად აღბეჭდილი ჰქონდა ტატუზე.

 

59

 რა შეგრძნებაა: ჭიშკართან რომ უცნობი მგზავრი 
მასპინძელოო, დაიძახებს და უპასუხებ:
"მობრძანდით!"რადგან მასპინძელი სწორედ შენა ხარ!

 

60

სძინავთ დიუნებს იურმალის ცისფერ ბურუსში,
ჩვენ კი ცარიელ სანაპიროს მივყვებით მარტო
და ვერ ვუძებნით ამ ნეტარ წამს ჭეშმარიტ სახელს.

 

61

როცა მფარველი ანგელოზი ჩვენი მფარველი
არაა უკვე... როცა ბედის ანაბარა ვართ,
მოდის სიკვდილი და თავისთან გვეპატიჟება.

 

62

ტრიალებს, როგორც გრამაფონის ძველი ფირფიტა,
დოლაბის ქვა და სარეკელა მემბრანასავით
ისრუტავს ბორბალს შელეწილი ტალღების შხუილს.

 

63

ადამიანის ბუნებაში ცვლილება მოხდა,
ძირფესვიანად შეიცვალა მისი ლანდშაფტი:
იქ, სადაც ადრე ბაღი იყო, მგლები დაძრწიან.

 

64

ადამიანი სულს ვერ ხედავს და ეჩვენება,
რომ იგი მარტო სხეულია... ხოლო სული კი
მიიჩნევს, რომ ის დღენიადაგ მარტო სულია.

 

65

სიცარიელე, წასვლის მერე რომ დამიტოვე,
იქცა სიჩუმედ, მდუმარებად და მათ დარღვევას
მე ვერასოდეს მოვახერხებ, რაც უნდა ვცადო!

 

66

მუსიკას წერდა, ლექსებს თხზავდა, ღვინოს წურავდა,
კლდეზე ცოცავდა, ველზე რბოდა, ზღვაში ცურავდა,
წუხელ მესიზმრა: თავისსავე კუბოს ხურავდა.

 

67

მე ნახევარი საუკუნე ვიცხოვრე სხვაგან,
მეტი რა გითხრათ, რა მოგიყვეთ, რით გაგაოცოთ:
ორმოცდაათი წელიწადი სხვაგან ვიცხოვრე!

 

68

ამ ოთახებში, როგორც შავი არქეოლოგი
ტუტანჰამონის პირამიდის ბნელ ტალანებში,
ჩვენი უკვდავი სიყვარულის არტეფაქტს ვეძებ.

 

69

გაგეღვიძება და იფიქრებ, რომ სხვაგან მოხვდი,
რადგან გარშემო არაფერი ჰგავს ღამეს, სადაც
სამოთხის ჩიტებს მარტო შენთვის სურდათ გალობა.

 

70

თუ მოესწარი სასწაულს და სიცოცხლეშივე

ძეგლი დაგიდგეს, უსათუოდ იკითხე: ადრე

ამ კვარცხლბეკს ხომ არ ამშვენებდა სხვა ვინმეს ძეგლი?

 

71

ბედნიერება თვითმფრინავის კვალივით გაჰქრა.
ცათა სიღრმეში გაიელვა და ანგელოზთა
ფრთებს დაათოვა ვერცხლისფერი ფერფლის ფიფქებად.

 

72

ეს სავიზიტო ბარათები ამჟამად უკვე
ისტორიაა და ყოველი მათგანი ახლა
ხელის პირველად ჩამორთმევის წამებს მახსენებს.

 

73

კუპრის მდინარის ნისლდაფენილ სანაპიროზე 
კუდით ქვის სროლას ასწავლიან ნორჩ კუდიანებს
გამობრძმედილი ამ საქმეში კუდიანები.

 

74

"აზიაცკებით", ქამარ-ხანჯლით, დამბაჩით, ჩოხა-
ახალუხით და კავშა ცხენით ვინმე რაინდი
შემთხვევით ნატოს ორღობეში არ შეგხვედრიათ?

 

75

სხვა გზა რომ ჰქონდეს, ეს მდინარე დღე და მოსწრება
ერთ კალაპოტში არ იდენდა... თუმცა ხანდახან
ისიც კი ცდილობს აჯანყდეს და გეზი იცვალოს.

 

76

 რძიანი ყავა... შოკოლადი... ზღვის ნელი სიო
და აივანზე "რემინგტონის" მონოტონური
კაკუნი... ახალ ლექსებს ბეჭდავს ახმადულინა.

 

77

ზაფხულს ჯერ კიდევ სამი კვირა აქვს დარჩენილი,
მაგრამ ობობა ქსელებს უკვე იმგვარად ხლართავს,
რომ შემოდგომის ქარებს, ვატყობ, არ დანებდება.

 

78

როცა ვერავის ეუბნები: "ძილი ნებისა!"
როცა ვერავის ეუბნები: "დილა მშვიდობის!"
ან ის საღამო რაღა არის ანდა ის დილა!

 

79

მე გადავდივარ უკაცრიელ ხიდზე, რომელიც
თურმე ოდესღაც სიყვარულის ტყვეებმა გადეს 
ღალატისა და ერთგულების ნაპირთა შორის.

 

80

ასისტენტები, ექსპერტები, მენეჯერები,
მიგვაქროლებენ უფსკრულისკენ ჭენებ-ჭენებით
და ამ მარულას გაჰყურებენ სევდით... ცხენები.

 

 

81

უკან მოხედვას რა აზრი აქვს!.. უკან ფერფლია
და ბუხრის სვეტი, ხანძრის შემდეგ შუა ეზოში
შინმოუსვლელის ობელისკად რომ დარჩენილა.

 

82

ჩემი სიცილი ნიღაბია ჩემი ტირილის...
როცა ხარხარი ამიტყდება, თქვენ ნუ ამყვებით,
რადგან (გაგიმხელთ) ჩემს ენაზე ეს ღრიალს ნიშნავს.

 

83

მე ვარ თვითმცლელი... ნიუანსი მხოლოდ ის არის,

რომ - თვითმტვირთველიც ... საკუთარ თავს ხან ვტვირთავ, ხან ვცლი

და როცა მტკივა, სარემონტოდ მივემართები.

 

84

ამ სამყაროში, მე რომ ვცხოვრობ, ნისლის ეკრანი

შენ შეგიძლია ააჭრელო დარდებით, მაგრამ

არ გააჩნია მას ფუნქცია გაზიარების.

 

85

ჭუჭრუტანები არ დაგმანოთ!.. ღმერთმა ნუ ჰქნას და,

მარტო რომ დარჩეთ, იმედის და ნუგეშის სხივებს

მხოლოდ იქიდან ეღირსებით თქვენს სამყოფლოში.

 

86

სიცარიელის ამოქოლვა სიტყვის ლოდებით
და უჰაერო სივრცეებში ჟანგბადის ძებნა
მექცა ხელობად... ახლა ვფიქრობ: თუ ღირდა, ნეტავ!

 

87

 სასაფლაოზე იზრდებიან ქვის ბალახები,
ეკლესიასთან ხელგაწვდილი სხედან გლახები...
მამულო ასე, უფალს როგორ დაენახვები!

 

88

როცა გარშემო სიბნელეა და შუქს აანთებ,
სულ ერთი წამით, მაგრამ მაინც მოგეჩვენება,
რომ ამ კუნძულზე შეიძლება ცოტა ხანს გაძლო.

 

89

არ დაგედევნე, რადგან უკვე აზრი არ ჰქონდა
გამოდევნებას... შენ იყავი ჰორიზონტს მიღმა
და შენი წილი ციცქნა მიწა ხახას აღებდა.

 

 

90

თურმე ძაღლივით შეიძლება იყოს ერთგული
კაციც... მთელი დღე დამხრჩვალ ვაჟკაცს მივტირი, ძაღლის
გადასარჩენად სიცოცხლე რომ არ დაიშურა.

 

91

დუმილისა და გლოვის დღეა... გმირთა საფლავებს
ადგას აგვისტოს მზით მოწნული შარავანდედი,
რომელშიც მკვეთრად იკითხება: "შურისძიება!"

 

92

ჩემი ცხოვრების აღმართებზე ბევრჯერ მინახავს
შემხვედრ ტრასაზე მომქროლავი "ცნობადი სახე",
რომელსაც უკვე ტრასის ძირში ვერავინ ცნობდა.

 

93

ზღვის სანაპირო ჯერ სავსეა ათასი ჯურის
დამსვენებლებით... მე კი იმ დროს ვუცდი, როდესაც
ჩემს ნაფეხურებს ამ სველ ქვიშას დავამახსოვრებ.

 

94

დაუღალავად იმეორებ: "ცხოვრება კერძო,
კერძო ბიზნესი, კერძო სახლი, კერძო ქონება!.."
როდის დაცხრები, ადამის ძევ, სიკვდილის კერძო!

 

95

ვფიქრობ სცენარზე: "ბედნიერი ჩემი ცხოვრება".
რა შემიძლია გაგიმხილოთ კიდევ წინასწარ?
ფილმი იქნება სუპერმოკლემეტრაჟიანი.

 

96

მე სულ ვკარგავდი, პოვნით არა მიპოვია რა,
ვთქვათ და მეპოვა, ნაპოვნისთვის რა უნდა მექნა, 
როცა არ ვფლობდი ცრემლის გარდა არცერთ იარაღს!

 

97

 ქორი დაფრინავს ეზოს თავზე... რა იცის ქორმა,
რომ მალე უკვე თითქმის მთელი წელიწადია,
რაც აქ სიცოცხლემ უხილავ ზღურბლს გადააბიჯა.

 

98

დასაბამიდან კაცთა მოდგმა იყოფს და იყოფს
ამ დედამიწას, ის კი მაინც იმხელა რჩება,
რამხელაც მაშინ, უფლის მიერ შექმნისას იყო.

 

99

იქნებ ცუდია: დაპირების უკვე არ მჯერა!
ძვირფას საჩუქარს სასთუმალქვეშ არ ველოდები
და საერთოდაც ზეცის დუმილს ვუსმენ ამჯერად!

 

100

ყველაზე უფრო საეჭვოდ და საეგებიოდ
ჟღერს ორი სიტყვა: "ნახვამდის!" და "მე დავბრუნდები!"
დამშვიდობების ჟამს ერთმანეთს რომ ვეუბნებით.

 

1-8 აგვისტო, 2019

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE