შეშლილი და მონაზონი


შეშლილი და მონაზონი




სტანისლავ იგნაცი ვიტკევიჩი 1885 წელს დაიბადა, ძალიან ცნობილი პოლონელი მხატვრის, მწერლის და კრიტიკოსის სტანისლავ ვიტკევიჩის ოჯახში და 20-იანი წლების კრაკოვული მოდერნის ატმოსფეროში გაიზარდა. ნიჭის და საქმიანობის სფეროთა ეს სიმრავლე მამისგან დაჰყვა. იგი იყო ექსპერიმენტატორი არაერთ, მათ შორის - ფოტოგრაფიის დარგში. ექსპერიმენტირებდა ნარკოტიკებით, მის ნაწერებსა თუ არანაკლებ ცნობილ ნახატებში ეს იგრძნობა.  იგია ერთ-ერთი 1920-30-იანი წლების პოლონური ავანგარდის ,,სამი მუშკეტერიდან“ (ბრუნო შულცი, გომბროვიჩი), ,,სუფთა ფორმის“ კოცენფციის ავტორი, დრამატურგიაში მისმა ნამუშევრებმა საფუძველი შეუქმნეს პოლონური ავანგარდული თეატრის გამორჩეულ მიღწევებს. მის გავლენას აღიარებდა ტადეუშ კანტორი თუ ეჟი გროტოვსკი. ამ დროიდან, შეიძლება ითქვას, ვიტკევიჩი უცვლელად ითვლება პოლონური თეატრისა და ლიტერატურის საკულტო ფიგურად.

ფატალიზმი, ,,კატასტროფიზმი“ - ეს იყო მისი ხედვა ხელოვნებაში, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამორჩეული ესთეტიკური პრინციპი. პოლიტიკური ვითარება ისედაც იძლეოდა ამნაირი პერსპექტივის საფუძველს. 1918 წელს ხელახლა დამოუკიდებლობამოპოვებული და გაერთიანებული ქვეყნის მეზობლად ორი მონსტრი იკრებდა ძალას, ბოლშევიკური რუსეთი და ნაცისტური გერმანია. 1939 წელს, თითქმის ერთდროულად,  ორივე  ტოტალიტარული სახელმწიფოს ჯარები თითქმის ერთდროულად შეიჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე.

ისე მოხდა, რომ ბოლშევიკური რევოლუციის დროს ვიტკევიჩი რუსეთში იმყოფებოდა, საკუთარი თვალით იხილა ნგრევა, სისხლისღვრა, გამორჩეული სისატიკე. ნაცისტებს ცოლთან ერთად პოლონეთის აღმოსავლეთი მიწებისკენ ( ახლა - დასავლეთ უკრაინა) გაექცა,   პოლონეთში წითელი არმია შესვლის მეორე დღეს კი ცოლთან ერთად თავი მოიკლა. ვიტკაცი განასახიერებს პოლონეთის ორი ომისშორისი სახელოვნებო თაობის ბედს. ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა პოლონეთს ათობით, შესაძლოა, ასობით გამორჩეული და ცნობილი ხელოვანი წაართვა.

 

 

შეშლილი და მონაზონი

ანუ

არ არსებობს სიავე,

მასზე უარეს

ბოროტებად რომ არ იქცევა.

 

მოკლე პიესა სამ მოქმედებად და ოთხ სურათად

 

1923

 

ეძღვნება ყველა გიჟს ამ სამყაროში

(ჩვენი სისტემის სხვა პლანეტებზე,  ირმის ნახტომის და სხვა თანავარსკვლავედის პლანეტებზეც) და იან მეჩისლავსკის 

 

მოქმედი პირნი

 

მეჩისლავ ვალპურგი, 28 წლის.  ძალიან ლამაზი, შესანიშნავი აღნაგობის მქონე მუქთმიანი  მამაკაცი. მოუწესრიგებელი წვერ-ულვაში. გრძელი თმა. აცვია  დამაწყნარებელი პერანგი (camisole de force). შეშლილი. პოეტი.

 

მონაზონი ანა, 22 წლის. ძალიან ქერა და ძალიან ლამაზი, ამასთან - ცოტა არ იყოს,  „პირობითი“ სულიერების. აცვია მონაზვნის სამოსი ფანტასტიკური ელემენტებით. მკერდზე დიდი ჯაჭვით ჯვარი ჰკიდია.

  

მონაზონი ბარბარა, იღუმენია. სამოსი ისეთივე აცვია, როგორიც მონაზონ ანას. 60 წლის. მატეიკოს[1] ყაიდის დარბაისელი ქალი.

 

დოქ. იან ბურდიგელი, 35 წლისა. ფსიქიატრი, ნორმალური. მუქი ქერა წვერი, თეთრი ხალათი.

 

დოქ. ეფრაიმ გრუენი, 32 წლის. ფსიქოანალიტიკოსი, ფროიდის სკოლა. შავთმიანი ქერუბიმი, სემიტური ტიპი. თეთრი ხალათი.

 

პროფ. ერნესტ ვალდორფი.შებერებული, ჭკუამხიარული ტიპი, 55-60 წლის. ხშირი ჭაღარა თმა. მთლიანად გადაპარსული. ოქროს ბინოკლი. მეზღვაურის ტანისამოსი, ინგლისური.

ორი მსახური,  ორი ველური წვერმოშვებული ბესტია. ალფრედ შავწვერა,  უთმო.

პაფნუჩი წვერწითელი, თმიანი.  აცვიათ დასაწყნარებელი პერანგები.

მოქმედება ხდება გიჟების საკანში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  „მკვდარი ყურცქვიტა“

 

 

მოქმედება პირველი

 

 

ბურდიგელი:

ეს ჩვენი პაციენტია, ახლა ქლორალის და მორფინის დიდი დოზა აქვს გაკეთებული და სძინავს. უკურნებელ პაციენტებს თანდათანობით ვწამლავთ  -  ასეთი გასაიდუმლოებული წესი გვაქვს.  თუმცა, შესაძლოა, მართალიც იყოს გრუენი. იმ შეუვალ ფსიქიატრებს არ მივეკუთვნები, ვისაც ტვინი სიახლეების მიმართ დახშული აქვს. ექსპერიმენტზე თანახმა ვარ, მითუმეტეს, რომ მხოლოდ მე კი არა, პროფესორმა ვალდორფმაც სრულად ამოწურა ყველა საშუალება. Dementia praecox თუ, დაო ანა, თქვენ მოახერხებთ - მე კი ეჭვი მეპარება - მისი, როგორც ფსიქოანალიტიკოსები იტყვიან, „კომპლექსის’’ დაშლას, თუკი დედაო, თქვენ მაინც ჩააღწევთ მისი სულის მიუკვლევ, ბნელ ალაგებამდე, ასე ვთქვათ, „ფსიქოლოგიურ ტრავმამდე“, გრუენის ეს უდავო წარმატება მხოლოდ გამახარებს. ფსიქოანალიზს რაც შეეხება, კვლევის მისეულ მეთოდებს ვაღიარებ, მაგრამ მათ თერაპევტიულ ღირებულებაში მეპარება ეჭვი. მხოლოდ ისეთებს თუ არგებთ, ვისაც შეუძლია, მთელი ცხოვრება იმკურნალოს. აი, სავარძელი.

 

მონაზონი ანა

კეთილი, ბატონო ექიმო, მაგრამ კონკრეტულად რა მომეთხოვება? როგორ მივუდგე პრობლემას? ამის კითხვა კი დამავიწყდა: რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი?
 

ბრუდიგელი

არაფერი განსაკუთრებული, დაო ანა, ზედმეტად ნუ გაირჯებით. ინტუიციას მიენდეთ, თავისუფლად იმოქმედეთ, ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ. ოღონდ მის სურვილს ნურასდროს დაჰყვებით. გასაგებია, დაო?   
 

მონაზონი ანა

ბატონო ექიმო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასულიერო პირს ესაუბრებით.
 

ბურდიგელი

შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, დაო,  ფორმალობაა, სხვა არაფერი. ახლა დაგტოვებთ. კიდევ ერთი რამ, რაც მინდოდა მეთქვა: გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი „კომპლექსის“ მიგნებაა - დავიწყებული შემთხვევის, რომელმაც ეს სულიერი გამოფიტვა გამოიწვია.

 

ვალპურგი

ეს რა ჰალუცინაციაა? ასეთი რამ ჯერ არასდროს დამმართნია. რა ჯანდაბაა? ხმა ამოიღეთ.  

 

მონაზონი ანა

აჩრდილი არ ვარ. თქვენს მოსავლელად გამომგზავნეს.  .
 

ვალპურგი

აჰა. ჩემს კეთილშობილ მეურვეთა ახალი ჩანაფიქრია.

ჯოჯოხეთისკენ

მავალი ზრახვა

გონებას ვნებს.

სული ხომ არ ჩანს,

სულზე არავინ

არაფერს გკითხავს.

 რა გქვიათ? ორი წელია, ქალი არ მინახავს.

 

მონაზონი ანა

ანა. ამ სახელით ვარ აღკვეცილი.

 

ვალპურგი

რაკი ეგრეა, დაო, გთხოვ, დასავით მაკოცე. მე თვითონ არ შემიძლია. რა ლამაზი ხარ. აჰ! ეს რა წამებაა! 
 

მონაზონი ანა

 აქ იმისთვის ვარ, დაქანცული სული რომ დაგიამოთ. მე, თავად, ცხოვრებას კარგა ხანია გავერიდე, ნუთუ, ბატონო, ჩემს სამოსს ვერ ხედავთ? 

 

ვალპურგი

აჰ, ესე იგი, არ შეიძლება? დაგემორჩილებით, თავს მოვერევი. მოარული გვამი ვარ, დაო ანა. მოვლა არ მჭირდება, სიკვდილს მოველი მხოლოდ. 

 

მონაზონი ანა

მკვდარი ჩემზე უფრო ითქმის, ვიდრე თქვენზე. თქვენ კი გამოჯანმრთელდებით, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ. 

 

ვალპურგი

მონაზვნად რატომ აღიკვეცეთ? ასეთი ნორჩი ხართ ჯერ, ასეთი ლამაზი.

 

მონაზონი ანა

ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.

 

ვალპურგი

უნდა ვილაპარაკო. იმ ქალს ჰგავხართ,  ერთ დროს რომ ჩემთვის ყველაფერი იყო. თუმცა, შესაძლოა, მეჩვენება. ვისზეც ვამბობ, გარდაიცვალა.

.

მონაზონი ანა

გარდაიცვალა?
 

ვალპურგი

თქვენც გაქვთ გამოცდილი ცხოვრებაში რაღაც ამგვარი. დაგინახეთ თუ არა, მივხვდი ამას. ისიც მკვდარია? ხომ არ ვცდები?

 

მონაზონი ანა

აჰ, ღვთის გულისათვის, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. მე უკვე ისედაც იმ ქვეყანას ვარ. 

 

 ვალპურგი

მე კი - არ ვარ. როგორ მშურს იმ ქვეყნის, იმ სამყაროსი, თქვენ რომ სათქვენოდ აგირჩევიათ.  მე აქ მომიწევს ცხოვრება, ამ საზარელ საპყრობილეში, სამყაროში, რომელიც ჩემმა ჯალათებმა მომისაჯეს და რომელიც მძულს. ჩემი ნამდვილი სამყარო ეს საათია, რომელიც თავში განუწყვეტლივ, ძილშიც კი მიწიკწიკებს. სიკვდილი ალბათ უკვე ათასჯერ მინატრია. მაგრამ ჩემთვის სიკვდილიც არ შეიძლება. ასეთი კანონი მოქმედებს შეშლილების, უდანაშაულოდ ნატანჯი ადამიანების წინააღმდეგ. ისე გვაწამებენ, როგორც ყველაზე დიდ ბოროტმოქმედებს.

  ჩვენი სიკვდილი კი არ შეიძლება, იმიტომ რომ საზოგადოება კეთილია, მეტისმეტად კეთილი - ზრუნავს, რამენაირად ჩვენი უსასრულო ტანჯვა დროზე ადრე არ დასრულდეს. ჰაჰ! ეს პერანგი გამხადეთ, ეს წყეული! მახრჩობს! ხელები ლამის სახსრებში მაქვს ამოტრიალებული.  

 

 მონაზონი ანა

არ შემიძლია. ექიმის ნებართვა არ მაქვს.

 

 ვალპურგი

მაშ, ჩემი ჯალათების თანაშემწე ყოფილხართ. კეთილი. აქ დაბრძანდით. ვისაუბროთ. დრო ბევრი გვაქვს. ოო, იმდენი დრო მაქვს! ოღონდ რით შევავსო, ის არ ვიცი. ამ ფიქრებსაც აღარ ვიცი, რა მოვუხერხო.. რა მოვუხერხო.. მანქანასავით უნდა ვიფიქრო, სხვა გზა არ დამიტოვეს... თავში ჯოჯოხეთური მანქანა მიმუშავებს. ოღონდ არც ვიცი, რომელი დღის რომელ საათამდეა დაქოქილი მისი მექანიზმი. არ ვიცი, როდის გაჩერდება. ველოდები. ხანდახან მეჩვენება, რომ წესით დიდხანს ვეღარ უნდა გაგრძელდეს ეს ტანჯვა. მაგრამ არა. გადის დღე, ღამე, ახალი დღე, ახალი ღამე, ისევ დღე, მერე ქლორალი, მორფიუმი, ძილი, კოშმარული სიზმრებით სავსე, და ისევ ეს საშინელი გაღვიძება, იმის შეგრძნებით, რომ ყველაფერი ახლიდან უნდა განმეორდეს. აი, ასე, გამუდმებით, დაუსრულებლად...

 

 მონაზონი ანა

ასე ნუ ლაპარაკობთ. გთხოვთ, გემუდარებით, დამშვიდდით. თუ თქვენი დახმარება ვერ შევძელი, ექიმს ვთხოვ, ამ მოვალეობას ჩამომაშოროს.

 

 ვალპურგი

ო, არა! აქედან ვერსად გახვალთ!  ბოდიშს გიხდით, დაო, სრულიად საღ ჭკუაზე ვარ. საუბარს გავაგრძელებ, ახლავე დავმშვიდდები. გთხოვთ, გამიგეთ, ორი წელია, ქალი არ მინახავს.. გესმით, რაზე ვლაპარაკობ? თქვენ ვიღაც დაკარგეთ. მეც. მომიყევით ეს ამბავი. თქვენის ნებართვით, თავს წარმოგიდგენთ - ვალპურგი. მეჩისლავ ვალპურგი.

 

 მონაზონი ანა

 ვალპურგი? მაშ,  მე და ჩემი საქმრო თურმე თქვენს ლექსებს ვკითხულობდით ერთად? აჰ, რა საშინელებაა! მადლობელი ვარ, რამდენი ბედნიერი წუთისთვის მქონია მადლობა სათქმელი! მაგრამ ყველაფერი იმდენად საშინლად დამთავრდა...

 

 ვალპურგი

იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ჩემს ლექსებს კითხულობდით. საბოლოოდ კი, არც არაფერი დასრულებულა. სამყარო ისევ ისე არსებობს, თითქოს არაფერი მომხდარა. მესამე ტომი ძალიანაც კარგია. ვიცი ეგ. მესამე ტომის შემდეგ აღმოვჩნდი აქ. სასმელი, მორფიუმი, კოკაინი - ბოლოს ეს ყველაფერი ასე დასრულდა. მანამდე კი ის უბედურება მოხდა.

 

 მონაზონი ანა

 რატომ აკეთებდით ამას, ასეთი ნიჭის ადამიანი! თქვენნაირი ხელოვანი რომ ხარ, უდიდესი ბედნიერებაა.

 

 ვალპურგი

ბედნიერება! ტანჯვა! მინდოდა, ეს თასი ბოლომდე დამეცალა, მერე კი მოვმკვდარიყავი. მაგრამ არა. საზოგადოება კეთილია. გადამარჩინეს, რათა აქ წამებაში ამომხდეს სული. ეჰ, ექიმის დაწყევლილი ეთიკისა რა ვთქვი! ყველას ერთად გავჟუჟავდი! ჯალათებს! იცით, სკოლაში არტურ ფონ კლაისტის ბიოგრაფია ვისწავლეთ - "Er fuehrte ein Leben voll Irrtum...". მაშინ ვერაფერი გავუგე. ახლა კი, ვერ წარმოიდგენთ, რა ზედმიწევნით მესმის.

 

 მონაზონი ანა

ნარკოტიკით თავს რატომ იწამლავდით? მიპასუხეთ, თუ შეიძლება. მე ეგ არ მესმის. როცა ასეთი ხელოვანი ხართ.. 
 

 ვალპურგი

რატომ? არ გესმით?  "Meine Koerperschale konnte nicht meine Geistesglut aushalten." ეს ვინ თქვა? ცეცხლმა ჩემი სულისამ ჩემი მიწიერი გარსი დაწვა. ახლა გესმით, ქალბატონო? ეს წყეული „რაღაც“, რაც მანამდე მაწერინებდა,  ჩემი ნერვების დაამებას არ არ ეყოფოდა. საიდანღაც ძალები უნდა შემემატებინა. თავი უნდა მომეწამლა, დიახ. არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი. ხოლო თუ ეს ძველი მექანიზმი, ძველისძველი, მისუსტებული მექანიზმი გადარეული ძალით ამოქმედდება, მას მერე ვეღარაფერი შეაჩერებს, მნიშვნელობა აღარ აქვს, ქმნი კიდევ რამეს თუ აღარ. ტვინმა ამოწურა თავი, მანქანა კი მუშაობას აგრძელებს. ამიტომ გიჟდებიან არტისტები. ფაბრიკის უზარმაზარი საამქრო წარმოიდგინეთ, მანქანები, რომლებსაც ადამიანები ვეღარ მართავენ. წითელი ისარი ცახცახებს თითოეულ მათგანზე, ყველაფერი მოუსავლეთისკენ მიქრის, ყველა მექანიზმი გადარეულივით რახრახებს.

   

 მონაზონი ანა

 რატომ მთავრდება ყველაფერი ჩვენს დროში სწორედ ასე, და არა სხვაგვარად? ადრე ასე არ ხდებოდა.

 

 ვალპურგი

ადრე არ არსებობდა „ფორმით გაუმაძღრობის“ ცნება, ხელოვნება არ სცნობდა პერვერსიას. ცხოვრება არ იყო უსულო აპარატების უმიზნო მოძრაობა. საზოგადოება, როგორც მანქანა, არ არსებობდა. იყო ტანჯვისგან გათანგული პირუტყვების მიაზმები, რომლიდანაც დროდადრო დიდ-დიდი სურვილების, ძალისხმევის, შემოქმედებისა და სისასტიკის საოცარმა ყვავილებმა იცოდა ამოზრდა. მაგრამ ამ თემებს ნუ ჩავუღრმავდებით. სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ, ჩვენს ცხოვრებაზე. მეც ისეთივე ძლიერი სიბრალული მაქვს თქვენდამი, როგორც თქვენ - ჩემ მიმართ.

 

 მონაზონი ანა

ღმერთო. ღმერთო, ღმერთო...

 

 ვალპურგი

თუმცა, კმარა.  ხელოვნებაში სიდიადე მხოლოდ პერვერსიიდან და შეშლილობიდან რომ მომდინარეობს, ამას მხოლოდ ერთი მოწმობა აქვს და ახლა, რასაკვირველია, მე ფორმაზე ვსაუბრობ. მაგრამ ხელოვანს, და არა მტაცებელ აფთარს, მათი ფორმა მხოლოდ სიცოცხლესთან კავშირად წარმოუდგენია. ახლა კი - თქვენს თავზე მიამბეთ. [ის] ვინ იყო? 

 

 მონაზონი ანა

ინჟინერი.

 

 ვალპურგი

არ გეგონოთ, არ გამცინებია. მხოლოდ მშურს მისი. ბორბალი ყოფილა იმ მანქანისა, და არა პატარა კენჭი ფოლადის დაკბილული ბორბლების ქვეშ. გააგრძელეთ! 

 

 მონაზონი ანა

სიყვარულით მხოლოდ მე ვუყვარდი, მაგრამ ერთ... ერთ ქალთან ურთიერთობის დასრულება ვერ შეძლო. ეს კი რამენაირად უნდა დასრულებულიყო. და მან საფეთქელში იხალა ტყვია. მე მონასტერში წავედი. 

 

 ვალპურგი

ბედნიერი! ნუ შეგებრალებათ. გამოდის, დღეს ინჟინერსაც კი შეიძლება ჰქონდეს ამნაირი პრობლემები. თქვენ კი ამის გამო... გაუგონარია. რატომ ადრე არ შევხვდით ერთმანეთს!

 

 მონაზონი ანა

რომც შევხვედროდით, რა მოხდებოდა? მეც ისევე შემიწირავდით ბოლოს, როგორც ის...

 

 ვალპურგი

საიდან იცით? ახლავე მითხარი, საიდან იცი? ეგ არავინ იცის. ვინ გითხრათ, ქალბატონო? 

 

 მონაზონი ანა

მე ქალბატონი არ ვარ, მონაზონი ვარ.

 

 ვალპურგი

საიდან იცით, დაო, ეს ამბავი? მაინტერესებს. სრულიად მშვიდად გეკითხებით.

 

 მონაზონი ანა

ხომ გეუბნებით, თქვენი ლექსები ვიცოდი.  ვიცი, ვინც ბრძანდებით და ახლა ვინ ხართ.

 

 ვალპურგი

აჰ. დიახ. გიჟის პერანგში გამოხვეული შეშლილი ვარ. ისე მარტივადაა ეს ყველაფერი. მაგრამ ასე მარტივად არ ხდება ისეთი რამეები, რაც ჩვენ ორს შორის მოხდა. არც ვიცი, ვინ ვისი მოკლულია. მან შემომწირა თავი. საბოლოოდ, მე არც ვარ დამნაშავე. ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამიტომ არ ვიცი, მე მოვკალი ის თუ ის მკლავს ახლა ამ ნელი წამებით, დღითიდღე, მეთოდურად. მისი სიკვდილის შემდეგ დღიური ვუპოვე და მაშინ კი მივხვდი ყველაფერს: რა საშინლად, ჯოჯოხეთურად გამიტანჯავს. მაგრამ თავად სურდა ეს. თავიც ასე დაიღუპა. ახლა კი მე მკლავს. აჰ!!!

 

მონაზონი ანა

მითხარით, აქ როგორ მოხვდით?

 

 ვალპურგი

მეტისმეტად სუსტი ნერვული სისტემა. კოკაინი. თავში მოწიკწიკე საათი. ვინ ვისი მოკლულია. წამის მეასედში, შეიძლება, ორი იდეა მომივიდეს, ერთმანეთის საპირისპირო, როგორც ღმერთი და სატანა. საბოლოოდ, ცოტათი ლექსებიც. ალბათ, უკვე გამოაქვეყნეს. ჩემი და ამით ცხოვრობს. და მყავს - რომელიც მძულს. ცოტაც მომეტებული მძვინვარება. ჰოდა, აქ ამოვყავი თავი. აქ კი, ეგ ხომ ვიცით, არავინ გამოჯანმრთელებულა. თავადაც ხედავთ. კაცმა რომ თქვას, არაფერი მჭირს, მხოლოდ ეს მოწიკწიკე მექანიზმი მაქვს თავში. აქ შემოსული ადამიანი უკვე სამუდამოდ დაღუპულია, რადგან მკურნალობა მხოლოდ უმძიმებს  მდგომარეობას. მათი მოტყუების ყველა მცდელობა ძვირად გიჯდება: მერე ჩაიდენ რამე სისულელეს, სულ პატარა მცდარ ნაბიჯს გადადგამ, და - სამუდამოდ ხარ აქ ჩარჩენილი.

 

 მონაზონი ანა

ახლა ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, იმდენად უმნიშვნელო მეჩვენება... მწამდა იმის სიდიადის, უნიკალურობის, რაც მაშინ ჩემს თავს ხდებოდა. ახლა არაფერი აღარ შემომრჩა იმ განცდებიდან, მხოლოდ საზარელი, უიმედო სიცარიელე. მისი სული სამუდამოდ ჩამომშორდა. 

 

 ვალპურგი

ჩამოგშორდათ, ოღონდ სირცხვილით. როგორ, თქვენი გულისთვის ვიღაც მაიმუნი, რომელიღაც ჯოჯხეთის მაშხალა ვერ მიატოვა? რა გარეწრობაა!!! რაო? ზუსტად ვხვდები. არაფერი დიადი არ არის ამ ამბავში, მისი სიკვდილი გულისამრევი სისუსტე იყო. ვერ გაბედა - მერე და ვისთვის, თქვენთვის!!!  გთხოვთ, ჩემს თავს შეეხეთ. იქნებ წუთით მაინც გაჩერდეს ეს საათი. ახლაც მეწერინება თავში ლექსები, მაგრამ, ასე მგონია, ბევრად უარესები. ვერ ვწერ. თავის მოკვლა ხომ ფანქრითაც შეიძლება.  დამუშავებასაც ვერ ვახერხებ, ამ დროს ახალი ლექსები მებადება. ცოტა ხანს გეჭიროთ ჩემი თავი, დაო. აა, ნეტავი მისი მოძრობა და აი მაგ კარადაში შემეძლოს შეგდება, ცოტა რომ დაესვენა. მაშინ მეც დავისვენებდი.

 

მონაზონი ანა

დაისვენეთ. სულ ცოტათი მაინც. აი, ასე. ინებეთ. 

 

 ვალპურგი

იქნებ ხელები გამიხსნათ. ახლა ხომ სრულიად დამშვიდებული ვარ.

 

 მონაზონი ანა

არ შემიძლია. ამას ნუ მთხოვთ, თუ შეიძლება.  ექიმი არ... 

 

 ვალპურგი

ექიმიო? გინდათ, რომ ხელახლა გამოვიდე მდგომარეობიდან? აქ სულ ასე ხდება. თქვენც პირი გაქვთ მათთან შეკრული. ისტერიკამდე მიგიყვნენ, მერე - ამ პერანგში გამოგკოჭავენ. სულ ასე ხდება, ამას ბოლო არ უჩანს. 

 

 მონაზონი ანა

ახლავე, ახლავე... ვიცი... ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. გავაკეთებ, რასაც მთხოვთ.

 

 ვალპურგი

ახლა კი თავისუფალი ვარ.

 

 მონაზონი ანა

ოღონდ პირობა უნდა მომცეთ, რომ მეტს აღარაფერს ჩაიდენთ. 

 

ვალპურგი

არაფერს, მხოლოდ იმას, რაც სულ მცირედით მაინც გაგვაბედნიერებს. თქვენ ერთადერთი ქალი ხართ სამყაროში. იმიტომ კი არა, რომ, სულ შემთხვევით, პირველი ქალი გამოდექით, ვინც მე ამ ორი წლის განმავლობაში მინახავს. მართლა ასეა, ერთადერთი ხართ. როცა თქვენთან ვარ, ჩემთვის სხვა არაფერი არსებობს: მთელი ჩემი წარსული, ეს საპყრობილე, წამება - ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ვგრძნობ, კიდევ დავწერ რამეს, ყველაფერი წინაა თითქოს.

 

 

 

 მონაზონი ანა

მეშინია. ეს ყველაფერი შიშისმომგვრელი მეჩვენება. არ მომიახლოვდეთ, გთხოვთ.

 

 ვალპურგი

ნუთუ გგონია, რომ რამეს დაგიშავებ? გგონია, ისე დავეცემი, ძალით გაკოცებ? მიყვარხარ. დამიჯერე. თავი ხელში მიჭრავს, მენდე. ერთადერთი ხარ. და ეს წუთიც ერთადერთია. წუთი, რომელიც არასდროს დაბრუნდება; ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. იგი მხოლოდ ერთხელ არსებობს, და მასში უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც ამ ქვეყნიერებაზე უნდა მომხდარიყო. სხვაგვარად დარჩება მხოლოდ დანაშაული, რომელიც თავისი შხამით დაწამლავს თაობებს უსასრულოდ. მაკოცე. რა გქვია?

 

 მონაზონი ანა

ალინა.

 

 ვალპურგი

ალინა, შენც გიყვარვარ. არ გეგონოს, რომ ყოველთვის ასეთი უშნო ვიყავი. ადრე არც წვერი მქონდა, არც ულვაში. მაგრამ მერე მუცელზე სამართებლის დასმა დავაპირე და მას მერე აღარ მპარსავენ.

 

 მონაზონი ანა

გთხოვთ, ასე ნუ ლაპარაკობთ. მიყვარხართ. მთელს მსოფლიოში ვერავის ვხედავ, თქვენ გარდა. მარადიული ტანჯვის შიშიც კი ვერ...

 

 ვალპურგი

მარადიული ტანჯვა არ არსებობს, არის მხოლოდ სასრული სასჯელი და ნუგეში. შენ მაკოცე, მე ვერ გავბედავ ...

 

 მონაზონი ანა

ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა! მეშინია...

 

 ვალპურგი

უნდა გადალახო. ეს წუთი არასოდეს განმეორდება...


 

მოქმედება მეორე
 

მონაზონი ანა

ახლა ისევ უნდა შეგბოჭო. რა საშინელებაა! მაგრამ ეს დაიტოვე. მე მისი ტარების უფლება აღარ მაქვს. ავგაროზად გქონდეს. იღუმენიის საგანგებო ნებართვით მეკიდა გულზე. დედაჩემისგან მერგო ეს ჯვარი.

 

ვალპურგი

გმადლობ, ალინა. მადლობა შენ ყველაფრისთვის. ნეტავი აქ ქაღალდი და ფანქარი მქონდეს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვიპოვე ამის უფლება. იცი, მხოლოდ ახლა, როცა შენ გიყვარვარ, მივხვდი, რაოდენ დიდი და ღრმა იყო ჩემი უბედურება. წუხელ საოცარ ბედნიერებად მეჩვენა შენი თმის კოცნა. დღეს, როცა ჩემი ხარ, არაფერი მაშინებს. აქედან გასვლა მინდა, ამ წვერ-ულვაშის მოპარსვა, კარგად ჩაცმა, უწინდებურად. სიცოცხლე მინდა, ძველებურად ცხოვრება მინდა. არა, აქედან უნდა გავიდე. შენ მომეცი ძალა ყველაფრის გადალახვის. აქედან ორივე ერთად გავალთ.

 

 მონაზონი ანა

მეც ამას ვგრძნობ. მეც აღარ ვარ გუშინდელი მონაზონი. ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრება მინდა. იმდენი ვიტანჯე.

 

 ვალპურგი

შენ კი ნამდვილად გახვალ. შენ ხომ არ ხარ დატყვევებული. არ მიღალატო, ალინა. ის ექიმი ბურდიგელი ჩემი ყველაზე დიდი მტერია. ისევ გრუენი მირჩევნია, თუმცა, ეგეც საშინელი პირუტყვია. ხომ არ მიღალატებ? მეშინია, რომ შენში ვნება გავაღვიძე, და თუ ერთხანს არ ვნახეთ ერთმანეთი, სხვა მოგეწონება.

 

მონაზონი ანა

მიყვარხარ. შენ, ერთადერთი, მთელი ცხოვრება მეყვარები. მე თვითონ დავრჩებოდი აქ, ოღონდ კი შენ შეგძლებოდა აქედან გასვლა. ჩემს ამ სიყვარულში  მთავარი შენ ხარ.შენ კი ის უნდა აღასრულო, რისთვისაც ხარ დაბადებული.

 

 ვალპურგი

საბრალო პატარა. შენ გამო შიში მიპყრობს. რაღაც ძალაა ჩემში, რომელზეც მე არ მაქვს ძალაუფლება.  ჩვეული გაგებით, ნება არ მაქვს. ჩემზე, თუ ჩემში, რაღაც უზენაესი ძალა მეფობს, რომელიც იმას მიშვრება, რაც მოესურვება.

 

 მონაზონი ანა

ეს შემოქმედება. შეიძლება, ღმერთია. ის შეგვინდობს. დედაჩემიც, თუმცა კი წმინდა ქალი იყო. 

 

ვალპურგი

მოიცადე, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის. მეჩვენება, რომ მე მოვკალი ის. მაგრამ ვერ წარმოიდგენ, როგორ...

 

 მონაზონი ანა

ახლა ნუ იტყვი. ნუ ლაპარაკობ. ჩაიცვი მხოლოდ. წუთიწუთზე შეიძლება მოვიდნენ...

 

 ვალპურგი

 არაფერი შეცვლილა შენთვის?  ისე უცნაურად ლაპარაკობ, თითქოს უცებ წაგერთვა ჩემი სიყვარული. 

 

 მონაზონი ანა

არა და არა. მხოლოდ მეშინია. ჩვენი ბედნიერების გამო მეშინია. ახლა კი დაწექი და თავი მოიმძინარე. სწრაფად.  

 

 ვალპურგი

გახსოვდეს, არ მიღალატო. თვლა ჭირს, ამ ქვეყნად იმდენი კარგად ჩაცმული მამაძაღლი დაიარება.

 

 მონაზონი ანა

სისულელეებს ნუ ამბობ. ჩუ! მგონი, მოდიან.

 

 ვალპურგი

ვწვები და თავს ვიმძინარებ.

 

მონაზონი ანა

სავარძელში ჯდება და ლოცვას იწყებს. კარის რაზა იხსნება და შემოდის ბურდიგელი. მას იღუმენია ბარბარა და გრუენი მოჰყვებიან. 

 

გრუენი

შეგიძლიათ, დარჩეთ.

 

ბურდიგელი 

აბა, როგორაა საქმეები?

 

 მონაზონი ანა

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. კარგად.

 

 ბურდიგელი

ამდენი ხანია, სძინავს?

 

 მონაზონი ანა

არა, ერთხელ გაიღვიძა. საკმაოდ გამართულად მეტყველებდა. თავისი ცხოვრების ამბებს მიყვებოდა. არ ვიცოდი, თურმე ეს ყოფილა ცნობილი ვალპურგი. შემდეგ მშვიდად დაიძინა. მეორედ აღარ გაუღვიძია.

 

გრუენი

ხომ გეუბნებოდით! კომპლექსის გახსნა იწყება. მეორეჯერ დაიძინა თავისით, ქლორალის მიუშველებლად. თქვენ შეხვედრიათ ასეთი რამ პრაქტიკაში, კოლეგა?
 

 ბურდიგელი

მე - არასდროს. ქლორალი არასდროს გამომიყენებია. თუმცა, ეს მართლაც საინტერესო ფაქტია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სიშლეგის ფაზა აქვს. ყური მიგდეთ, გრუენ: მე წინასწარი განწყობებისა და მიკერძოებებისაგან თავისუფალი ვარ. თუ თქვენი მეთოდის გამოცდა გსურთ, ინებეთ, ხელს არ შეგიშლით.  თანახმა ვარ. მეტსაც გეტყვით, გულწრფელად: ფსიქოანალიზისადმი თანდათანობით ნდობით ვიმსჭვალები.  გითმობთ ამ პაციენტს. თქვენს თეორიებში ეროტიზმი ჭარბობს. ეს ერთადერთი რამაა, რაც მე, ცოტა არ იყოს, მეხამუშება.

   

 გრუენი

ეროტიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, კოლეგა(ვ). ყველა კომპლექსი ამ სფეროდან მოდის. ნება მომეცით, პაციენტი გავაღვიძო.

 

 ბურდიგელი

რასაკვირველია.

 

 გრუენი

 ვალპურგ! გესმით ჩემი? მე ვარ,  გრუენი.

 

 ვალპურგი

აჰ, თქვენ ხართ, ექიმო? დიდი ხანია, არ მინახავხართ. მიყვარს თქვენთან საუბარი. რატომ არ მიდოდით? ალბათ, ბურდიგელმა აგიკრძალათ.

 

 გრუენი

სულაც არა. თქვენი თავი მე დამითმო. ახლა კი ნამდვილად განგკურნავთ. როგორ იმოქმედა თქვენზე მონაზონ ანასთან საუბარმა? ეგ ჩემი იდეა იყო.

 

 ვალპურგი

არაჩვეულებრივად. მშვენიერი ადამიანია. ასე საოცრად არასდროს მიგრძვნია თავი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებშიც კი. წერის სურვილი გამიჩნდა. 

 

 გრუენი

შესანიშნავია. დღესვე მიიღებთ ფანქარს და ქაღალდს. წიგნებსაც. რა წიგნები გნებავთ?

 

 ვალპურგი

ტადეუშ მიჩინსკის ყველა ნაწერი და ჰუსერლის "Logische Untersuchungen"-ის მეორე ტომი. თუ შესაძლებელია, მორეასიც მინდა. ჩემი ნაწერების მესამე ტომიც. არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. იქნებ იმ წარმოსადეგ ქალბატონსაც წარუდგინოთ ჩემი თავი, მონაზვნის მოსასხამი რომ აცვია. თავადის ქალი ზავრატინსკაა, თუ არ მეშლება.  

 

იღუმენია ბარბარა

ბატონო ვალპურგ, მე და ბარბარა გახლავართ, ნებაყოფლობით მოწამე დათა ორდენის იღუმენია. გთხოვთ, კარგად დაიხსომოთ ეს.
 

გრუენი

რაკი ერთმანეთს იცნობთ,  ვეღარც წარდგენის საჭიროებას ვხედავ.

 

ვალპურგი

გრუენ, იქნებ გამხადოთ ეს პერანგი, ბოლოს და ბოლოს? ძალა სრულიად გამომეცალა, თან სრულიად მშვიდად ვარ. რა სიშლეგეზეა საუბარი. ორმოცი მაჩვივით გამოვიძინე.

 

 ბურდიგელი

არა, რას სჩადიხართ, ეგ კი აღარ მითქვამს! შეშლილის პატიოსან სიტყვას ვენდოთ? ვიცით, რას ნიშნავს ეს? ჯერ არავის გამოუცდია. შეკავებულმა სიშლეგემ კი ხანდახან გამორმაგებული ძალით იცის ამოხეთქვა. ამის უფლებას კი ვეღარ მოგცემთ.

 

 ვალპურგი

კი მაგრამ, ექიმო, გრუენი თავად აგებს პასუხს ჩემ გამო. არა, გრუენ?

 

 გრუენი

დიახ. მისმინეთ, ბურდიგელ: უნდა გადავწყვიტოთ: ან მითმობთ და ჩემია ეს პაციენტი, ან - არა. სანახევრო გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოაქვს.
 

ბურდიგელი

კეთილი. რა გაეწყობა. მაგრამ პროფესორი რას იტყვის?
 

გრუენი

რაკი ასეთი შედეგი გვაქვს, პროფესორის დარწმუნებასაც მე ვიღებ საკუთარ თავზე.    ვალპურგ, დასაწყნარებელ პერანგს გხდით და დღეიდან გამოჯანმრთელების გზაზე შემდგარ პაციენტად გთვლით. ჩვენკენ შემოტრიალდით.

 

იღუმენია ბარბარა

ცოტა ადრე ხომ არ არის, ბატონო გრუენ?

 

გრუენი

დაო ბარბარა, ნუ ერევით, ეს თქვენი საქმე არაა.  ახლა რომ მოგდგეთ და ჩემი ანალიზის სპექტრში გაგატაროთ, მონასტრიდან წასასვლელად გაგიხდებათ საქმე. თქვენ ქმრის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კომპლექსი გაქვთ და თავის  გატანჯვა აქ გადაგიწყვეტიათ. მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, ისე სტანჯავდით, ჯალათს შეშურდებოდა. ყველაფერი ვიცი.

 

იღუმენია ბარბარა 

ბატონო გრუენ, თქვენი ადგილი იცოდეთ. ქალაქის ქვედა ფენებიდან წამოსულ ჭორებს ნუ გაიმეორებთ. 

 

გრუენი

ეს ჭორი არ არის. ეს ჩემთვის სრული სიცხადის მქონე ფაქტია. თავისუფალი ხართ,  ვალპურგ. ნახევარ წელიწადში მე და თქვენ აქედან ერთად გავალთ ქალაქში.  ოღონდ სულ ნუ მიძალიანდებით ხოლმე. მომენდეთ.

 

 ვალპურგი

მადლობელი ვარ. საბოლოოდ, მაინც აღმოჩნდა აქ ადამიანი, ვინც შეშლილობაში მაინც მაღიარა. როგორც პოეტს, აღიარება არ მაკლდა.ფანქარი და ქაღალდი მომეცით, გრუენ. ლექსის პირველი სტრიქონი უნდა ჩავიწერო. დღეს რომ გავიღვიძე, უკვე გონებაში მქონდა. ამისგან საოცარი რამე გამოვა.

 

გრუენი

ხედავთ, დაო, როგორი მოპყრობაა საჭირო ავადმყოფებთან? ჩვენი საავადმყოფოები შუასაუკუნეების ციხეებზე უარესია. მხოლოდ ფსიქოანალიზი გადაარჩენს კაცობრიობას ფსიქიატრიული საავადმყოფოების შემზარავი კოშმარისგან. რაზე ვლაპარკობთ საერთოდ, ყველა ციხე დაცარიელდება, როგორც კი ადამიანებს, სავალდებულო წესით და ბავშვობიდანვე, კომპლექსებისგან გავათავისუფლებთ. თავს დავდებ, ტყუპისცალი დის კომპლექსი აქვს, ემბრიონობის პერიოდიდან გამოყოლილი. ამიტომაც არ შეუძლია ნამდვილი სიყვარულის განცდა. სინამდვილეში თავისი და უყვარს, იმის მიუხედავად, რომ საღ გონებაზე მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს განიცდის. ვალპურგ, თქვენი პირველი ასოციაცია სიტყვა „და“-სთან დაკავშირებით -
 

ვალპურგი

გამოქვაბული. ორი ობოლი უკაცრიელ კუნძულზე. დე ვერ სტეკპულის „ცისფერი ლაგუნა“.

 

გრუენი

ხედავთ, დაო? ქვაბული დედის წიაღია,. უკაცრიელი კუნძულიც იგივეა. კომპლექსის გორგალი გავხსენი. ეს წიგნი თუ იცით, დაო? მისი მეორე პლასტი  უკვე გამზადებულ ფსიქიკურ ყალიბში ჩაჯდა.  ვალპურგ, ორ კვირაში უკვე ხარივით ჯანმრთელი იქნებით.

 

 ვალპურგი

 ბატონო ექიმო,  ჩემი აზრით, უხერხულია მონაზონთან ამდენ ხანს კეკლუცობა.

 

 მონაზონი ანა

მხოლოდ თქვენზე ვსაუბრობდით.

 

 ვალპურგი

ჩემი აღიარება მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი, დაო ანა.

 

გრუენი

ხედავთ, დაო, რა საღად მსჯელობს? მასში სიცოცხლის ჯანმრთელმა ინსტინქტმა გაიღვიძა. ეჭვიანობს. შეიძლება, შეუყვარდეთ კიდეც.

 

 ბურდიგელი

არა, ხანდახან  ეს ფსიქოანალიტიკური ბოდვები ძალიან მართობს, ჰა, ჰა, ჰა, ჰა!

 

 

 ვალპურგი

ესეც შენ! სასულიერო პირებთან ფლირტისათვის! ჩაძაღლდი, კაციჭამიავ! ვნანობ, რომ მისი წამება ვერ მოვასწარი. აი, სიცოცხლის ჯანმრთელი ინსტინქტი თუ გაინტერესებდათ. ინებეთ. გრუენ, ჯაყვა მოიტათ. ფანქარი გადამიტყდა. რა ქვასავით თავისქალა ჰქონია ამ კრეტინს. სამაგიეროდ, კონკურენტი აღარ გყავთ.

 

 მონაზონი ანა

ეს რა ჩაიდინეთ? ყველაფერი დამთავრდა.

 

 გრუენი

 ვალპურგ, შეიშალეთ? სუსტი გულის პატრონი ვარ. ღმერთო! საბრალო ბურდიგელი.    მკვდარია. პირდაპირ საფეთქელში ჩაუცია ფანქარი.

 

 ვალპურგი

ახლა კი სრულიად ჯანმრთელი ვარ. ჩემს დასთან გავაიგივე  და  ხელის ერთი მოქნევით მოვკალი ორთავე. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაც მომენტალურად მოკვდა. ჰა, ჰა! კომპლექსი გახსნილია. თუ რამე ჩირად ღირს ეს ფსიქოანალიზი, მაშინ ახლა გარეთ უნდა მიშვებდეთ. ახლა აღარავის არაფერს დავუშავებ.

 

 გრუენი

მისმინეთ, ვალპურგ, ხომ არ დამცინით სულ შემთხვევით?

 

 ვალპურგი

სრულიად სერიოზულად ვლაპარაკობ: ჯანმრთელი ვარ:  თავისქალისთვის ფანქრის ერთმა მოქნევამ სრულიად განმკურნა. ამიტომ პასუხს არ ვაგებ მკვლელობაზე, რომელიც ჩავიდინე, მაგრამ  მის მომდევ ყველა  წამზე კი ვაგებ პასუხს. დაო იღუმენია, თვალი გაახილეთ: სასულიერო პირის ღირსება დავიცავი ექიმისხალათიანი დონ ჟუანის ბილწი მცდელობებისგან. რამე არასწორს ვამბობ? დარწმუნებული ვარ, ქალთა განყოფილებაში X რაოდენობის რომანი ექნებოდა გაბმული ამ სულთამხუთავს. 

 

იღუმენია ბარბარა

უადგილოდ ხუმრობთ. ნამდვილი შეშლილი ხართ, ან თუ ასე არ არის - ჩვეულებრივი ბოროტმოქმედი.

 

 გრუენი

გაუგონარი ამბავი ხდება! მართლა კარგად გრძნობთ თავს?

 

ვალპურგი

უკვე მოგახსენეთ.  და ყველა, ვინც ამიერიდან ისე დამელაპარაკება, როგორც გიჟს, ჩემი პირადი მტერი იქნება.  საუზმე მომიტანონ,  მშია. და ძალიან გთხოვთ, და ანას მიხედეთ, ნუთუ ვერ ხედავთ, რა ცუდადაა. თავადის ქალს გონზე ვერ მოუყვანია.

 

  გრუენი

ყურებს ვერ ვუჯერებ. თავადვე გახსნა თავისი კომპლექსი. შეიხსნა, როგორც თასმა შეკრულ ფეხსაცმელზე. საოცრებაა, დაუჯერებელია! 

 

 მონაზონი ანა

აჰ! ახლა რა მოხდება?
 

იღუმენია ბარბარა

იგივე, რაც ადრე ხდებოდა. ღმერთმა იცის, რას აკეთებს. შენ ჯვარი სად არის?

 

 მონაზონი ანა

ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჯვარი სენაკში დამრჩა. ასეთი ამბებისგან დედაჩემის დანატოვარი ავგაროზი მიცავდა.   

 

  გრუენი

ალფრედ! პაფნუჩი!  საუზმე მოართვით  ნომერ ოცდაერთს.

 

 

იღუმენია ბარბარა

გრცხვენოდეს, რა ცრუმორწმუნეობაა!  ახლავე წადი აღსარების სათქმელად.

 

 მონაზონი ანა

იქნებ ხვალ სჯობდეს. დღეს აღარაფრად ვვარგივარ. ჩემს სინდისთან მაქვს საქმე გასარკვევი.

 

იღუმენია ბარბარა

ახლავე! ამწუთას! გესმის?

 

 ვალპურგი

გამოიძინეთ, დაო, და საღამოს ისევ მოდით.  ეს აღიარებები ჩემზე მშვენივრად მოქმედებს. გრუენისნაირ იდიოტებთან ჩემმა მტერმა იმუსაიფა. 
 

იღუმენია ბარბარა

არა, ამას ბოლო მოეღება. ჩემი მონასტრის დებს მკვლელებს ვერ შევწირავ.

 

 ვალპურგი

ჯაყვა, გრუენ.

 

 გრუენი

კარგი, რა, დაო ბარბარა, პერანგი ექნება გადაცმული. უსაფრთხოებისთვის, თუმცა, თავს დავდებ, რომ აქ დანაშაული აღარ მოხდება. რას დაგმრგვალებიათ, ბრიყვებო, თვალები? სწრაფად, საუზმე მოუტანეთ. თითქმის განკურნებულია. იუნგი აღწერდა ამის მსგავს შემთხვევას. მისი პაციენტი სანიმუშო ქმრად იქცა და მშვენიერი არქიტექორიც გახდა მას შემდეგ, რაც მის სანახავად მოსული დეიდამისი გაასაღა: დეიდამისის კომპლექსი ჰქონდა და მოიშორა. ამ მდგომარეობამდე კი ფსიქოანალიზმმა მიიყვანა.

 

 მონაზონი ანა

თუ ამისთვის ჩემი შეწირვაა საჭირო, მე მზად ვარ.  დაო ბარბარა, გემუდარები, ნება მომეცი,  ჩემი ცოდვებისათვის ვევნო.
 

იღუმენია ბარბარა

კეთილი, ნებას გაძლევ. იქნებ ეს უფალს  სწადია. იქნებ მართლაც დევს ამ ყველაფერში რაღაც აზრი, რომელიც ჩვენთვის - სულით უბირთათვის გაუგებარია. ახლა დაიძინე, დაო, არც აღსარების სათქმელად წასვლაა საჭირო. საღამოს, ათზე, სამორიგეოდ მოხვალ.

 

გრუენი

მიირთვით,  ვალპურგ. ამხელა ამბების მერე კარგად მომაგრება გჭირდებათ. როგორც ფსიქოანალიტიკოსს, თქვენი მესმის. მე, ჩემდა თავად, ყველაფერი გაპატიეთ. არ არსებობს დანაშაული კომპლექსის გარეშე, კომპლექსი კი ავადმყოფობაა.

 

 ვალპურგი

ახლავე. ხელს ნუ მიშლით. ბოლო ლექსს ვწერ... ამის მხოლობითი რიცხვის მეორე პირი მჭირდება..

 

გრუენი

აქ რას დამიდექით, ჩერჩეტებო?  მეშვიდე პავილიონში გაიტანეთ ბატონი ექიმის გვამი.

 

 ვალპურგი

დავამთავრე. ახლა  ჩემს ტვინში შეშლილობის უკანასკნელი კვალიც წაშლილია. საათის წიკწიკი აღარ ისმის. სინდისიც მიჩუმებულია. 

 

გრუენი

საოცარი გამოცდილება მიიღო დღეს ფსიქოანალიზის სკოლამ. თქვენზე მონოგრაფიებს დაწერენ. მთელს მსოფლიოში გავითქვამ სახელს.

 

 ვალპურგი

ყველაზე კარგი გამოცდილება დღეს ფსიქოანალიზის სკოლამ ბურდიგელის სახით მიიღო. არასდროს არ მიყვარდა ეგ გამოთაყვანებული და არც ქალებთან მისი ქცევა და მანერები მომწონდა.  რა ხანია, მაგას ვიცნობ. სულ გრძნობდა, რომ მისი მსხვერპლი შევიქნებოდი, ბარე ხუთი წელი. მაგრამ მას მერე, რაც ჩემს დას შეუერთდა, მისი ატანა სრულიად შეიძლებელი გახდა. ჰა, ჰა, ჰა!

 

  გრუენი

 ვალპურგ! უგენიალურესი ტიპი ხართ, თქვენნარი ამ ქვეყანაზე არ დაიარება! მიყვარხართ. მე და თქვენ ერთად რაღაც გასაოცარს შევქმნით! 

 

 ვალპურგი

კარგი, კმარა ეს ფამილარობები! ნუ მაბოლებთ ერთი! იდიოტი! ისე მოტყაპუნებს ხელებს, თითქოს საშუალო სტატისტიკური ფსიქიატრიული ეგზემპლარი ვიყო. დისტანცია დაიცავი, გეთაყვა.! გასაგებია?

 

გრუენი

ჯაყვა მომეცი! ჯაყვა მომეცი!

 

ვალპურგი

აჰა, ქვეშაჯვია! დღეში ერთი მკვლელობა ძალიანაც მყოფნის. ტარაკნების ზედიზედ ჭყლეტვის ჩვევა არ მაქვს. გაეთრიე.

 

გრუენი

 პაფნუჩი! ალფრედ!!! ნომერი ოცდაერთისთვის პერანგი, სწრაფად!!! 

 

ვალპურგი

ჰა, ჰა, ჰა, ჰა!! გასართობა არ დაგელევა აქ ადამიანს. გიჟები ყველაზე მოქნილი ხალხია. ცხოველებიც კი ვერ მოვლენ ჩვენთან, ჯიბეში ჩავისვამთ,

მათი საოცარი ინსტინქტებიანად.   

 

გრუენი

იცინეთ,  ვალპურგ. იცინეთ. სულერთია, მაინც გამოჯანმრთელდებით.  არც თქვენ მჭირდებით არაფრად და არც თქვენი სულელური ლექსები.  მთავარი მაინც ისაა, რომ ე.წ.  "dementia praecox"-ის განკურნება მხოლოდ კომპლექსების გახსნის მეშვეობითაა შესაძლებელი.  წავედით აქედან.

 

 

მესამე მოქმედება

 

პირველი სურათი

 

მონაზონი ანა

ძალიან დაიღალე? ჩემო საბრალო, ჩემო ძვირფასო

 

 ვალპურგი

სრულებით არ დავღლილვარ.  მკვდარივით მეძინა მთელი დღე. ერთიანად გამოვიძინე, რაც თხუთმეტი წელი ღამეები მიტეხია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. და იცი რა, მას შემდეგ, რაც მოხდა, ეს საკანი უკვე  ჩემს საკადრის ერთადერთ ადგილად მეჩვენება.  აქედან გასვლის სურვილიც კი არ მაქვს. ეს ლექსი წაიკითხე. მე თვითონ არ შემიძლია, ვღელავ. 

 

 მონაზონი ანა

აჰ, რა მშვენიერია: ( ლექსს კითხულობს) შესანიშნავია! მაგრამ როცა ჩემთან იქნები, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. არანაირი საწამლავი, მე შეგიცვლი ყველაფერს.

 

 ვალპურგი

შეიძლება, ასეც მოხდეს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აქედან უნდა გავაღწიოთ. მაინცდამაინც ნუ აღფრთოვანდები ჩემი ქმნილებებით. ეს სულ სხვა რამის დასაწყისია, ცალკე აღებული, ეს ლექსები არაფრად ღირან.

 

 მონაზონი ანა

იცი, სინდისი მაწუხებს, რომ ასეთი ბედნიერი ვარ. აჰ, რომ შეიძლებოდეს, ცოტა მეტხანს ვიტანჯო. მეც სულ არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ცხოვრების მიმართ, ამ კედლებს მიღმა რომ არის დარჩენილი. აქ რომ დავეტოვებინეთ სამარადისოდ, ამაზე მეტს არც არაფერს ვინდომებდი. საშინლად კარგად ვარ შენთან. ყველაფერმა ხელახლა შეიძინა აზრი. წარმოიდგინე, რამდენხანს  ვცხოვრობდი უსაზრისოდ. უნდა ვაღიარო: როდესაც ბურდიგელი მოჰკალი, გრძნობები ისე მომეძალა... ისე საშინლად მომწონხარ! საშინლად!

 

 ვალპურგი

ჩემი თვალთმაქცი გოგო!  ნეტავი წერა მაშინაც შემეძლოს, როცა მარტო ვრჩები! თავის მოთოკვა უნდა ვისწავლო,   ამ ბრიყვმა წამდაუწუმ პერანგით რომ არ აკოჭინოს ჩემი თავი. გუშინ თავს ვერ მოვერიე. უნდა მომეკლა ის ბესტია...

 

 მონაზონი ანა

ამაზე ნუღა ვილაპარაკებთ, მეჩი. დაისვენე. მომეყრდენი და ყველაფერი დაივიწყე. ორი წლის ტანჯვის მერე მინდა, ცოტა გაგანებივრო. 

 

 ვალპურგი

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. სადმე გავემზავრებით, თუნდაც ტროპიკებში. იქ მასთან ერთად ვიყავი. ცეილონზე. მაგრამ ახლა მისი აჩრდილი ხელს არ შეგვიშლის. ის ყველაფერი შეცდომა იყო, ისევე, როგორც შენი სიყვარული იმ შენი იდიოტისადმი. ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. იდეალური წყვილი ვართ, ერთმანეთს უნდა შევხვედროდით სამყაროს ქაოსში. აჰ, რატომ ადრე არ მოხდა ეს, ადრე რად არ შემხვდი!

 

 მონაზონი ანა

იქნებ ასე სჯობს? სხვაგვარად, ხომ შეიძლებოდა, ერთმანეთის ფასს ვერ მივმხვდარიყავით. 

 

 ვალპურგი

ტუჩები მომე. რაც დღეიდან უნდა დავწერო, იმ ყველაფერს ამ ქვეყანაზე მხოლოდ შენ ენათესავები. შენთვის ისეთებს შევქმნი, რაც შენი სიყვარულის გარეშე გამოუთქმელი დამრჩებოდა. 
 

 მონაზონი ანა

ჩემო ერთადერთო...

 

 

 ვალპურგი

გვიანაა!

 

 გრუენი

ჰა, ჰა! უფრო სწორად, ჯერ ადრეა! ასე, ხომ, დაო, დაიკუნა! მაშ, თქვენი სასიკეთო გავლენა ჩემი პაციენტის მდგომარეობაზე თურმე, აი, ამით აიხსნება! მართალი კი ყოფილა ცხონებული ბურდიგელი. მაგრამ ფსიქოანალიზი ამ განსაცდელსაც გაუმკლავდება.

 

იღუმენია ბარბარა

ეს რა საშინელებაა! მონაზონის სამოსში შემალულო ბოროტმოქმედო და მემრუშევ! ამას ვერ გადავიტან!

 

გრუენი

პერანგი გადააცვით, გაკოჭეთ! ვაჩვენებ ამას სეირს, დამაცათ! შეუსწავლელი კომპლექსი დამიმალა. თავს იკატუნებდა, ვითომ ტყუპისცალი დის კომპლექსი სტანჯავდა! თუმცა, ეს ტყუილიც უნდა მალავდეს რაღაც სიმართლეს. ფროიდის თეორიის ქვაკუთხედია ეს მოსაზრებაც.

 

ვალპურგი

ყველა თავ-თავის ადგილას დარჩეს!!! არ გაინძრეთ! ნაბიჯი არ გადმოდგას არცერთმა!!! ახლა რაღაცას გაჩვენებთ, ფსიქიკურო მკვლელებო!!!  ჰოპლა!! ახლა ნახეთ, რა მოხდება, და დაე ეს ბოროტება თქვენს კისერზე იყოს! 
 

მეორე სურათი

(უანტრაქტოდ)

 

მსახიობი სწრაფად იხსნის ყელზე შებმულ პერანგის სახელოს და სწრაფად გადის გარდერობში, ხოლო  სასცენო პერსონალი ასევე სწრაფად უკრავს  დასაწყნარებელი პერანგის სახელოებს მანეკენს, რომელიც ძალიან ჰგავს ვალპურგს, ოღონდ -  ჩამომხრჩვალი ადამიანის პოზაში, შემდეგ კი ყველანი კიდევ უფრო სწრაფად გარბიან სცენიდან. ეს ყველაფერ წამები გრძელდება.

 

 გრუენი

ჩამოხსენით!!!

 

 

 მონაზონი ანა

რა მოხდა?

 

იღუმენია ბარბარა

შენმა საყვარელმა თავი ჩამოიხრჩო, უსირცხვილოვ! ღმერთმა გაპატიოს... მე არ შემიძლია. მთელი დარჩენილი ცხოვრება სენაკში იქნები გამოკეტილი. ჯურღმულში ამოგალპობ... შე...

 

 მონაზონი ანა

აჰ! აჰ! აჰ! აჰ! თქვენ მოკალით! მკვლელებო! 

 

 გრუენი

მკვდარია. ხერხემალი გადამტვრეული აქვს. ეპისტროფი - მოგრძო ტვინში  შერჭობილი. დავკარგეთ ეგზემპლარი. ახლა საკითხავია, როგორ დაიღუპა - როგორც ავადმყოფი, და ეს მისი ბოლო ქმედება იყო, რომლის წყალობითაც შეიძლებოდა, გამოჯანმრთელებულიყო? იქნებ თავი უკვე განკურნებულმა ჩამოიხრჩო? ეს კი მართლაც საშინელება იქნებოდა!
 

 მონაზონი ანა

გადაარჩინეთ! იმის მაგიერ, რომ ამდენი იყბედოთ! ჯერ თბილია. 

 

 გრუენი

გითხარით, მოკვდა-მეთქი. თქვენ სულ არ გცოდნიათ ანატომია, დაო. სუნთქვის ცენტრი დაზიანებულია. ამას ფსიქოანალიზიც კი ვეღარ უშველის. მოიცათ, ხელში რა უჭირავს? შუშა რით გატეხა? ეს პრობლემა სულ ამომივარდა თავიდან.

 

 მონაზონი ანა

ეს ჩემია! არ მოგცემთ! მას მივეცი, ავგაროზად! 

 

 გრუენი

ახლავე მომეცით, დაო. ჯვარია. თქვენ რომ გულზე გეკიდათ.  

 

იღუმენია ბარბარა

ორგზის მკრეხელო! Quelque chose d'enorme! ეს რაღაც წარმოუდგენელია! ეს დედამისის ჯვარია, რომლის ტარების უფლებაც მივეცი. უმწიკვლო ქცევისათვის გაღებული მოწყალება იყო ჩემი მხრიდან.

 

 მონაზონი ანა

შემიწყალეთ! შემინდეთ!  ნაღველისაგან მოვკვდები. ახლა აღარაფერი დამრჩა ამ ქვეყანაზე. ტანჯვის უნარიც კი აღარ მაქვს. 

 

იღუმენია ბარბარა 

შენი ადგილი ქუჩაშია! ბინძურო! Och, quelle salope! გადი, გამეცალე!

 

გრუენი

ოჰ. ალფრედ! პაფნუჩი!  გაიტანეთ ნომერ ოცდაერთის გვამის პროზექტურაში. ეს იდიოტი პროფესორი ვალდორფი ახლა ტვინში ანატომიური ცვლილებების აღმოჩენას შეეცდება. ჰა, ჰა! ეძებოს, ბატონო! ახლა, დაო ანა, გამოდით თქვენც ამ გახევებული მდგომარებიდან, გავიდეთ აქედან.
 

ვალპურგი

ალინკა! ადექი! მე ვარ, მეჩიუ.

 

მონაზონი ანა

მეჩიუ! მართლა შენ ხარ?  აბა, ის რა იყო? აჰ, სულერია, ალბათ, გავგიჟდები ბედნიერებისგან! რა ლამაზი ხარ! ჩემო ერთადერთო! 

 

ბურდიგელი

წავედით, ქალაქისკენ, ჰერი-ჰერი. ეს კაბა თქვენ, პანი ალინა, აი, შლაპაც. მე და მეჩისლავმა ნაჩქარევად შევარჩიეთ. ისე.. თვალის ზომით. უნდა გამოიცვალოთ. ჯერჯერობით ალბათ ესეც საკმარისია.

 

 ვალპურგი

წავედით. ახლა მართლა სრულიად ჯანმრთელი ვარ: ჯანმრთელი და ბედნიერი. მშვენიერ რამეებსაც დავწერ. 

 

 ბურდიგელი

თქვენც ჯანმრთელად იყავით, გრუენ.  და ამ ამბების მერე ერთი საფუძვლიანი ანალიზი ჩაიტარეთ. 

 

ვალდორფი

აბა, როგორაა საქმე, ბატონებო? ჰი, ჰი, ჰი!!! 

 

გრუენი

პრო-ფე-სო-რო.. არ.. არ ვვვიცი ... არ ვიცი, რა მოხდა ამწუთას. ეს რა ეშმაკი იყო!!!

 

ვალდორფი

არც არაფერი. ფსიქიატრიას წერტილი დავუსვი. ქირურგიას ვუბრუნდები.  ოდესაღაც ტვინზე ჩატარებული ოპერაციებით გავითქვი სწორედ სახელი. ბურდიგელი ასისენტად მიმყავს...

 

გრუენი

აააააააა!!! ეს რა შანტაჟია!!!

 

ვალდორფი

ოო, არა!ჰოპ! ჰოოოპ!

 

გრუენი

ახლა, აი, ამწუთას ახალი კომპლექსი დაიბადა. ოღონდ რომელი? არ ვიცი, ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი! 

 

იღუმენია ბარბარა

ეგეც თქვენი ფსიქიატრია!! დავბერდი, მაგრამ ვერ გამირკვევია, ვინ არის აქ გიჟი, მე, თქვენ თუ ისინი. ღმერთო, ღმერთო! მოიღე მოწყალება. როგორც ჩანს, უკვე გავგიჟდი. 

 

ალფრედი

ახლა ჩვენ ვართ შეშლილები. სამუდამოდ გამოგვკეტეს აქ.  ის ერთი ისევ წევს, იქიდან კი წვერგაპარსული ნომერი ოცდაერთი გავიდა.

 

პაფნუჩი

აი ეგ, ეგ არის ყველაზე მაგარი გიჟი. მიდი, დაარტყი! ფრედ! მიდი! ურტყი, სანამ ძალა გეყოფა! 

 

გრუენი

სდექ! შეჩერდით. ყველაფერს აგიხსნით. თან იქნებ ჩემ თავსაც ავუხსნა თქვენთან ერთად. 

 

პაფნუჩი

შენ რა უნდა აგვიხსნა, საკუთარ თავს აუხსენი, თუ ეგეთი ჭკვიანი ხარ. ეგეც შენ! 

                                                                                     

7 დეკემბერი, 1923 წელი

 

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

 


[1] პოლონელი მხატვარი, იან მატეიკო

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE