(ძვ.წ. 444-443 წწ.[1])
მოქმედნი პირნი
ძალაუფლება და ძალა, ზევსის მსახურები
ჰეფესტოსი
პრომეთევსი
ოკეანისების გუნდი
იო, ინაქოსის ასული
ჰერმესი
პროლოგოსი
შემოდიან ძალაუფლება და ძალა და შემოჰყავთ დატყვევებული პრომეთევსი;
იქვეა ჰეფესტოსი
ძალაუფლება
დედამიწის შორეულ მიჯნაზე მოვედით, სკვითიის მხარეში[2], ფეხდაუდგმელ უდაბნოში. ჰეფესტოს, შენ გმართებს აღასრულო, რაც მამამ დაგაკისრა, მიაჯაჭვო ეს თავხედი მაღალ კლდეებს ფოლადის ჯაჭვის ბორკილით, რომელსაც ვერ გატეხს. რადგან შენი ყვავილი, ყველა ხელოვნების ცეცხლის ალი მოიტაცა[3] და მოკვდავებს მისცა. ამ დანაშაულისთვის მან სამართალი უნდა ზღოს ღმერთებთან, [10] რომ ისწავლოს ზევსის ტირანიის[4] სიყვარული, ხოლო კაცთმოყვარეობის გზიდან გადავიდეს.
ჰეფესტოსი
ძალაუფლება და ძალა[5], ზევსის ბრძანება, რაც თქვენ მოგეცათ, შეასრულეთ და ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ. მე კი ვერ ვბედავ, ნათესავი ღმერთი[6] ძალით მივაჯაჭვო ცივზამთრიან ნაპრალს, დამაინც, ვალდებული ვარ, ეს გავბედო, რადგან მამის სიტყვების უგულებელყოფა მძიმეა. ბრძენი თემისის მაღალფიქრიანო ძეო, ჩემი ნების წინააღმდეგ და შენი ნების წინაამდეგ ბრინჯაოს ურღვევი [20] ჯაჭვით უნდა მიგაჭედო ამ უკაცრიელ კლდეს,[7] რომ ვერც ხმა გაიგონო და ვერც იერი დაინახო მოკვდავის, მზის ნათელი სხივები დაგწვავს და შეგიცვლის კანის ფერის ყვავილს. გაგახარებს ვარსკვლავების ჭრელსამოსიანი ღამე, სინათლეს რომ დაფარავს და დილის ჭირხლს ისევ მიმოფანტავს მზე; ყოველ წამს უბედურების სიმძიმე გაგამწარებს, რადგან შენი მხსნელი ჯერ არ დაბადებულა. ეს ჯილდო გერგო კაცთმოყვარეობის სანაცვლოდ. ღმერთი ხარ და ღმერთების რისხვის წინაშე ქედს არ იხრიდი, [30] ხოლო მოკვდავებს ისეთ პატივს მიაგებდი, რომ არ იმსახურებდნენ. ამის გამო ამ უსიხარულო კლდეზე გუშაგად იდგები გამართული, უძილო, მუხლმოუხრელი, ბევრს იგოდებ და უსარგებლო ოხვრას გამოსცემ, რადგან ზევსის გული შეუვალია, ყოველთვის სასტიკია ახალი ძალაუფლება.[8]
ძალაუფლება
კარგი, რას აყოვნებ და წუხდები ამაოდ? რატომ არ გძულს ღმერთებისთვის საძულველი ღმერთი, რომელმაც შენი ტალანტიც აჩუქა მოკვდავებს?
ჰეფესტოსი
ნათესაობა და მეგობრობაც ძალაა.
ძალაუფლება
[40] გეთანხმები, მაგრამ მამის სიტყვებისადმი დაუმორჩილებლობა როგორია? ყველაზე უფრო მაგის არ გეშინია?
ჰეფესტოსი
მუდამ დაუნდობელი და ქედმაღალი ხარ.
ძალაუფლება
რადგან არ შველის, აზრი არ აქვს წუხილს, შენ კი რაკი ვერ ეხმარები, ტყუილად ნუ იტანჯები.
ჰეფესტოსი
როგორ მძულს ჩემი ხელობა!
ძალაუფლება
რა უნდა გძულდეს? კაცმა რომ თქვას, ახლანდელ სირთულეებთან არანაირ კავშირში არაა ხელობა.
ჰეფესტოსი
დამაინც, მერჩივნა, სხვას რგებოდა წილისყრით.
ძალაუფლება
ყველაფერი მომაბეზრებელია, ღმერთებზე მბრძანებლობის გარდა, [50] რადგან თავისუფალი არავინაა, ზევსის გარდა.
ჰეფესტოსი
ეს ვიცი და ამის საწინააღმდეგოდ არაფერი არ მაქვს სათქმელი.
ძალაუფლება
მაშ, იჩქარე და ბორკილები დაადე, მამამ რომ არ დაინახოს შენი ყოყმანი.
ჰეფესტოსი
აი, ჯაჭვი მზადაა, როგორც ხედავ.
ძალაუფლება
ხელებზე ჩამოაცვი და კლდეზე მიაჭედე მძლავრად შენი უროთი.[9]
ჰეფესტოსი
მთავრდება საქმე, თანაც არა უვარგისად.
ძალაუფლება
მაგრად მოუჭირე, რომ არსად მოეშვას. მაგარი გამომგონებელია და გაქცევის გზა ისევ არ იპოვოს.
ჰეფესტოსი
[60] ეს ხელი სამუდამოდაა დამაგრებული.
ძალაუფლება
ესეც მიამაგრე ახლა საიმედოდ, რათა ისწავლოს, რომ რაც უნდა გონიერი იყოს, იგი ბრიყვია ზევსთან შედარებით.
ჰეფესტოსი
ვერავინ გაკიცხავს ჩემს შრომას, პრომეთევსის გარდა.
ძალაუფლება
ფოლადის სოლის ჯიუტი წვეტი მთელი ძალით მკერდში ჩაასვე.[10]
ჰეფესტოსი
ვაი, პრომეთევს, შენი ტანჯვა მაგოდებს.
ძალაუფლება
ისევ თავს იძვრენ, ზევსის მტერს ინდობ და დასტირი? ფრთხილად იყავი, საკუთარი თავი არ გაგიხდეს დასატირებელი.
ჰეფესტოსი
თვალებისთვის სამწუხარო სანახაობას ჭვრეტ.
ძალაუფლება
[70] ვხედავ, რომ ვიღაცას მიეზღო დამსახურების მიხედვით. ახლა გვერდებზე შეუკარი ჯაჭვი.
ჰეფესტოსი
ისედაც ვაკეთებ, შენი თქმა არ მინდა.
ძალაუფლება
კიდეც მოგიხმობ და გიყვირებ კიდეც. ახლა ჩამოდი და მუხლები ძლიერად შეუკარი.
ჰეფესტოსი
ესეც გაკეთდა, დიდი შრომა არ დასჭირვებია.
ძალაუფლება
ახლა მთელი ძალით მიაჭედე ბორკილები, რადგან საქმის შემფასებელი მკაცრი გეყოლება.
ჰეფესტოსი
შენი იერი შენივე ენას შეესატყვისება.
ძალაუფლება
შენ იყავი რბილი, ჩემს სიმტკიცესა და [80] სასტიკ ხასიათს ნუ გაკიცხავ.
ჰეფესტოსი
შეგვიძლია, წავიდეთ, რადგან ჯაჭვით შეკრულია მთლიანად.
გადის.
ძალაუფლება
(პრომეთევსს) აქ ახლა ითავხედე და ღმერთებს უფლებები მოსტაცე და ერთდღიან არსებებს მიეცი. რომელ მოკვდავს შეუძლია შეგიმსუბუქოს ტანჯვა? სულ ტყუილად დაგარქვეს ღმერთებმა პრომეთევსის სახელი[11], ახლა თავად გჭირდება წინასწარ განჭვრეტა, თუ როგორ დაიხსნა თავი ამ საიმედო ბორკილებისგან.
ძალაუფლება და ძალა გადიან.
პრომეთევსი
ო, ღვთაებრივო ეთერო და სწრაფფრთიანო ქარებო, მდინარეთა ნაკადებო, ზღვის ტალღების [90] უთვალავო ღიმილო, ყოვლის დედა მიწავ და შენ, ყოვლისმხილველო მზის დისკო, მოგმართავ! ნახეთ: მე, ღმერთი, რას ვითმენ ღმერთებისგან. შეხედეთ, რა სამარცხვინო წამება უნდა გადავიტანო უსასრულო წლების განმავლობაში! ესაა დამამცირებელი მონობა, რომელიც მომიგონა ნეტართა ახალმა მეთაურმა. ვაი, ვაი, ამჟამინდელ და მომავალ უბედურებას ვგლოვობ, როდის დასრულდება ჩემი განსაცდელი? თუმცა, რას ვამბობ? რაც უნდა მოხდეს, წინასწარ ვიცი, მოულოდნელი ტკივილი არ იქნება. ჩემი ხვედრი, რაც შეიძლება, უფრო მსუბუქად უნდა გადავიტანო, ხომ ვიცი, რომ ბედისწერაზე ძლიერი ძალა არ არსებობს. მაგრამ ჩემს ბედზე არც დადუმება და არც არდადუმება არ შემიძლია. მოკვდავებს საჩუქრები მივართვი და ამ უბედურების უღელში აღმოვჩნდი საბრალო. დიდი კამის ღეროთი ცეცხლის ნაპერწკალი მოვიტაცე, [110] რომელიც არის ყველა ხელოვნების მასწავლებელი მოკვდავებისთვის და ყველა სიკეთის იარაღი. ამ დანაშაულისთვის ვზღავ ბორკილდადებული ღია ცის ქვეშ. ა, ა, ეა, ეა! შეხედე! რა ხმაურია, რა სურნელი[12] მოვიდა ჩემამდე? ღვთაებრივია, მოკვდავი თუ ნახევრადღმერთი? მოვიდა სამყაროს განაპირა ბორცვზე ჩემი ტანჯვის სანახავად, თუ რისი სურვილით? შემხედეთ ბორკილდადებულ, უიღბლო ღმერთს, [120] ზევსის მტერსა და ყველა ღმერთისთვის, ვინც კი ზევსის ეზოში შედის, საძულველს მოკვდავთა მეტისმეტი სიყვარულისთვის. ვაი, ვაი, რა ფრაშფრაში მესმის სულ ახლოს ფრინველების გუნდის? ეთერი თრთის მათი ფრთების მსუბუქი ქნევით. ყველაფერი მაშფოთებს, რაც მიახლოვდება.
პაროდოსი
ოკეანოსის ასულები შემოდიან ფრთოსანი ეტლით
გუნდი
სტროფი I
ნუ გეშინია, რადგან ეს მეგობრული გუნდი მოფრინდა ფრთების რხევით ამ [130] ბორცვზე, მამის გულის ძლივს დათანხმებით. მსუბუქად მქროლმა ნიავმა მომიყვანა აქ, რკინის გრუხუნის ექომ შემოაღწია ჩვენს გამოქვაბულებში, დავამარცხე მეტისმეტად მორცხვი მორიდება და ფეხშიშველი წამოვედი ფრთოსანი ეტლით.
პრომეთევსი
ვაი, ვაი! მრავალშვილიანი ტეთისის ნაშიერნო და იმის, ვინც უძილოდ მიედინება და ერტყმის გარს მთელ მიწას, [140] მამათქვენი ოკეანოსის, შეხედეთ, როგორი ჯაჭვით მიმამაგრეს ამ მაღალ კლდეს და აქ ვასრულებ გუშაგის მოვალეობას.
გუნდი
ანტისტროფი I
ვხედავ, პრომეთევს, ცრემლებით სავსე საშინელი ნისლი მომადგა თვალებზე, როდესაც დავინახე, შენი სხეული რომ ხმება კლდეზე მიჯაჭვული ფოლადის სამარცხვინო ბორკილებით. რადგან ახალი მესაჭეები მბრძანებლობენ ოლიმპოსზე, ახალი [150] კანონებით უმართებულოდ მეფობს ზევსი. მანამდელი გოლიათები კი ახლა გაქრნენ.
პრომეთევსი
ნეტავ ქვემოთ, მიწისქვეშ, მკვდართა მიმღები ჰადესის გადაულახავ ტარტაროსში მაინც ჩავეგდე, ურღვევი ბორკილებით სასტიკად მივეჯაჭვე, რომ ვერც ღმერთსა და ვერც სხვა ვინმეს ვერ გაეხარა ჩემს განსაცდელზე! ახლა კი მაღლა ვკიდივარ, გასართობად უბედური და მტრებისთვის სასიხარულოდ ტანჯული.
გუნდი
სტროფი II
[160] ვინ არის ისე უგულო ღმერთთაგან, რომ ეს ახარებდეს? ვინ არ თანაუგრძნობს შენს უბედურებას, ზევსის გარდა? იგი მრისხანედ მუდამ ქედუხრელი გონებით ანადგურებს ურანოსის მოდგმას, არ გაჩერდება, სანამ არ დაიცხრობს გულს ან რამე ცბიერებით არ მოსტაცებს ძნელად მოსახელთებელ ძალაუფლებას.
პრომეთევსი
თუმცა ახლა მძლავრი ბორკილებით ვიტანჯები, მოვა დრო, [170] როცა დავჭირდები ნეტართა მბრძანებელს, რომ გამოვამჟღავნო ახალი გეგმა,[13] რომლითაც კვერთხისა და პატივის წართმევას დაუპირებენ. მაშინ ვერ მომხიბლავს დარწმუნების დათაფლული სიმღერებით, ამაო იქნება სასტიკი მუქარა, არ გავუმჟღავნებ არაფერს, სანამ არ დამიხსნის ამ სასტიკი ბორკილებისგან და არ ამინაზღაურებს ამ შეურაცხყოფას.
გუნდი
ანტისტროფი II
[180] შენ უშიშარი ხარ და მწარე გასაჭირს არ ეპუები, მეტისმეტად თავისუფლად ლაპარაკობ. მე კი არ მისვენებს სულს გამგმირავი შიში: შენი ბედი მაშფოთებს. სად ხედავ ამ ტანჯვათა დამასრულებელ ნავსაყუდელს? რადგან შეუვალი აქვს ხასიათი და ულმობელი გული კრონოსის ძეს.
პრომეთევსი
ვიცი, რომ სასტიკია და სამართალი [190] ხელში უჭირავს ზევსს. მაგრამ მაინც მგონია, დარბილდება ერთხელაც,[14] როდესაც გატყდება, როგორც მე ვიცი. მაშინ დაიცხრობს სასტიკ მრისხანებას და ჩემს მეგობრობასა და სიყვარულს ისურვებს ისევე, როგორც მე ვისურვებ მის მიღებას.
პირველი ეპისოდიონი
კორიფაიოსი
ყველაფერი გაგვიმჟღავნე და მოგვიყევი, რა მოხდა. როგორი ბრალდებით შეგიპყრო ზევსმა, ასე უღირსებოდ და მწარედ რომ გსჯის. გვამცნე ჩვენ, თუ თქმით არ დაგიშავდება.
პრომეთევსი
მტკივნეულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი, [200] დუმილიც ტკივილია, ყველგან უბედურებაა. როდესაც პირველად აღიძრა მრისხანება ღმერთებში და ერთმანეთს ბრძოლა დაუწყეს, ვიღაცებს სურდათ, ტახტიდან ჩამოეგდოთ კრონოსი, რომ ზევსი მართლაც გაბატონებულიყო, ზოგი, პირიქით, ცდილობდა, რომ ზევსს არასოდეს ემართა ღმერთები, მაშინ მე, საუკეთესო სურვილით, რჩევა მივეცი ტიტანებს, ზეცისა და მიწის შვილებს, ვერ დავარწმუნე. მათ ეზიზღებოდათ ცბიერი რჩევები, [210] ეგონათ, რომ უხეში ძალით იოლად მოიპოვებდნენ ძალაუფლებას. არაერთხელ მიწინასწარმეტყველა დედაჩემმა თემისმა, ანუ გაიამ (ერთი სახე აქვს მას, მაგრამ მრავალი სახელი), როგორი მომავლის დადგომა იყო განსაზღვრული. რომ არა ძალითა და არა ძალადობით, არამედ ცბიერებით მოიპოვებდა უპირატესობას გამარჯვებული. და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მათ ავუხსენი, მათ ყურადღება არ მიაქციეს ჩემს ნათქვამს. ყველაფერ ამასთან ერთად, საუკეთესოდ ჩავთვალე, დედას შევკავშირებოდი და [220] ნებაყოფლობით დამეკავებინა ზევსის მხარე. ჩემი რჩევების წყალობით შავსიღრმიანი ტარტაროსის წიაღმა დაფარა ძველი კრონოსი და მისი თანამებრძოლები. აი, ეს გავუკეთე ღმერთების მეუფეს და მან ამ ბოროტი საზღაურით გადამიხადა. რადგან სწორედ ეს არის ტირანიის სენი – არ ენდო მეგობრებს. თქვენ კი მკითხეთ, რა მიზეზით მაწამებს და ამას ცხადვყოფ ახლა. [230] როგორც კი მამისეულ ტახტზე დაბრძანდა, იმავე წამს ღმერთებს დაურიგა პატივი და თითოეულს თავისი ძალაუფლება განუსაზღვრა, ხოლო უბედურ მოკვდავებს არანაირი ყურადღება არ მიაქცია, არამედ გადაწყვიტა, მათი მოდგმა მოესპო მთლიანად და ახალი გაეჩინა. ამას არავინ დაუპირისპირდა, ჩემ გარდა. მე კი გავბედე; მე გადავარჩინე მოკვდავნი, რომ არ ჩაეყლაპა ჰადესის წიაღს. ამის გამო ამ უბედურებით ვარ წელში მოხრილი, [240] მტკივნეულია გადასატანად და საბრალოა საცქერლად. მოკვდავებს თანავუგრძნე და წინ დავაყენე ისინი, მე კი მან არ შემიბრალა, არამედ უმოწყალოდ მომექცა, ეს სანახაობა ზევსს არცხვენს.
კორიფაიოსი
რკინის გული აქვს და ქვისგან გაკეთებული, ვინც არ თანაუგრძნობს შენს უბედურებას, პრომეთევს; მე არ მინდოდა, ეს დამენახა, მაგრამ ვხედავ და გული მიკვდება.
პრომეთევსი
დიახ, მეგობრებისთვის საცოდავი სანახავი ვარ.
კორიფაიოსი
ხომ არ დაგირღვევია ამის მიღმაც რამე?
პრომეთევსი
[250] დიახ, მოკვდავებს ვაიძულე, შეეწყვიტათ თავიანთი დაღუპვის წინასწარჭვრეტა.[15]
კორიფაიოსი
რა წამალი იპოვე ამ სენისათვის?
პრომეთევსი
მათში ბრმა იმედები ჩავასახლე.[16]
კორიფაიოსი
დიდი სიკეთე მიგიცია მოკვდავებისთვის.
პრომეთევსი
დამატებით მათ ცეცხლიც მივეცი.
კორიფაიოსი
და ახლა ელვარე ცეცხლი აქვთ ერთდღიანებს?
პრომეთევსი
და მისგან მრავალ ხელოვნებას დაეუფლებიან.
კორიფაიოსი
სწორედ ამ დანაშაულისთვის ზევსი...
პრომეთევსი
... მსჯის და არასდროს არ შემიწყალებს.
კორიფაიოსი
და ამ განსაცდელს დასასრული არ ექნება?
პრომეთევსი
[260] სხვა არაფერი, სანამ იგი არ მიიჩნევს ამას საჭიროდ.
კორიფაიოსი
როგორ მიიჩნევს? ვერ ხედავ, რომ შეგეშალა? არ მსიამოვნებს, რომ შეგეშალა და ტკივილი მოგადგა; მაშ, ეს მივატოვოთ, ეძებე, განსაცდელისგან თავი როგორ დაიხსნა.
პრომეთევსი
იოლია იმისთვის, ვისაც ტკივილში არ უდგას ფეხი, რჩევა მისცეს და ჭკუა ასწავლოს იმას, ვინც განსაცდელშია. მე ხომ ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი. ჩემი ნებით, ჩემი ნებით შევცდი, არ უარვყოფ. მოკვდავებისთვის დახმარების აღმოჩენით საკუთარ თავს მოვუტანე ტანჯვა. [270] მართალია, არ მეგონა, თუ ასეთი სასჯელი დამედებოდა, უკაცრიელი კლდეების უდაბნოში აღმოვჩნდებოდი და დავძაბუნდებოდი. ახლა კი ნუ გაღელვებთ ჩემი ამჟამინდელი გასაჭირი, ჩამოდით მიწაზე და უსმინეთ ჩემს მომავალ ამბებს, რომ ყველაფერი იცოდეთ ბოლომდე. დამეთანხმეთ, დამეთანხმეთ მე, თანაუგრძნეთ ახლა განსაცდელში ჩავარდნილს. სინამდვილეში მოხეტიალე უბედურება ერთიდან მეორეს ეკვრება.
გუნდი
შენს კეთილმოსურნეებს მიმართავ, [280] პრომეთევს. ახლა მსუბუქი ფეხით დავტოვებ ჩემს სწრაფ სავარძელსა[17] და სუფთა ჰაერს, ჩიტების ბილიკს და მყარ ნიადაგს მივუახლოვდები, რადგან მსურს, გავიგონო შენი გასაჭირის მთელი ამბავი.
ჩნდება ოკეანოსი.
ოკეანოსი
გრძელი გზა გამოვიარე შენამდე, პრომეთევს, და მოვედი ფრთამალი ფრინველის მეშვეობით, რომელსაც უაღვიროდ მართავს ჩემი სურვილი. [290] იცოდე, შენს ბედს თანავუგრძნობ. ამისკენ მომიხმობს ნათესაობა[18]; თუმცა, ასე მგონია, ნათესაობის გარეშეც არავინაა, ვისაც შენზე უფრო უფრო დიდ პატივს ვცემდე. იცოდე, ეს სიმართლეა, მე არ მიყვარს ამაო და ქლესა ლაპარაკი; მაშ, მიმანიშნე, რა შემიძლია, გაგიკეთო. ვერასოდეს ვერ იტყვი, რომ ოკეანოსზე უფრო ერთგული მეგობარი გყავს.
პრომეთევსი
[300] ვაჰ, ამას რას ვხედავ?! შენც მოხვედი ჩემი ტანჯვის სანახავად? როგორ გაბედე და დატოვე შენივე სახელის დინება და ქვისკამაროვანი ბუნებრივი გამოქვაბულები, მოხვედი რკინის დედამიწაზე? აქ მოხვედი ჩემი ხვედრის სანახავად და გასაჭირში სანუგეშებლად? უცქირე ამ სანახაობას, ზევსის მეგობარი, რომელიც ტირანიის დამყარებაში დაეხმარა, რა დღეში ვარ ჩავარდნილი.
ოკეანოსი
ვხედავ, პრომეთევს, და მინდა მოგცე [310] საუკეთესო რჩევა, თუმცა თავადაც მოხერხებული ხარ. საკუთარ თავს დააკვირდი და ახალი გზები აითვისე, რადგან ახალი ტირანი გვყავს ღმერთებს. თუ ასე მწვავე და მკვეთრ სიტყვებს წამოისვრი, მაღლა კი ზის, მაგრამ მაინც გაიგონებს ზევსი და ახლანდელი უბედურება საბავშვო გასართობად მოგეჩვენება. საბრალო ტანჯულო, მოიცილე მრისხანება და ეძებე ამ განსაცდელისგან თავის დახსნის გზა. შეიძლება ჩემი ნათქვამი ბებრულად და სულელურად მოგეჩვენოს, [320] მაგრამ შენი სავალალო მდგომარეობა, პრომეთევს, მხოლოდ პასუხია მეტისმეტად მოურიდებელ ენაზე. შენ კი ჯერაც ვერ ისწავლე თავმდაბლობა, ქედს არ იხრი უბედურების წინაშე, გინდა, რომ ახლანდელს მეტი ვაება დაუმატო. დამაინც, ჩამთვალე შენს მასწავლებლად, ცეცხლს ნუ ეთამაშები, ხომ ხედავ, რომ ახლა მბრძანებლობს სასტიკი მონარქი, რომელიც არავის არ ეპუება. ახლა კი მივდივარ და ვცდი, თუ შევძლებ ამ განსაცდელისგან დაგიხსნა. შენ კი დაწყნარდი და მეტისმეტად ბობოქარ სიტყვებს ერიდე. [330] ნუთუ არ იცი ზუსტად, როდესაც ასეთი ბრძენი ხარ, რომ ქარიან ენას სასჯელი მოჰყვება?
პრომეთევსი
მშურს, რადგან სასჯელს გადაურჩი, თუმცა მონაწილეობდი ჩემს წამოწყებაში.[19] ასე რომ, ახლა მარტო დამტოვე და შენ ნუ შეგეხება ნურაფერი. რაც უნდა ქნა, მას ვერანაირად ვერ დაარწმუნებ. ფრთხილად იყავი, ეს მოგზაურობა ძვირად აარ დაგიჯდეს.
ოკეანოსი
ბევრად უკეთეს რჩევას აძლევ სხვებს, ვიდრე საკუთარ თავს. საქმითა და არა სიტყვით ვასკვნი. [340] ასე რომ, ჩემს მოწადინებას ნურასოდეს დააბრკოლებ. დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული, რომ ამ პატივს მომანიჭებს ზევსი და ამ ტანჯვისაგან დაგიხსნი.
პრომეთევსი
მადლიერი ვარ და მუდამ შენი მადლიერი ვიქნები, რადგან მუდმივად მზად ხარ დახმარებისთვის; მაგრამ ნუღარ წვალობ, რადგან ამაო იქნება წვალება და ვერაფერს მომიტანს, რამდენიც უნდა იწვალო. სჯობს, დაწყნარდე და საფრთხეს მოერიდო. მე კი ვიტანჯები, მაგრამ ამის გამო არ მსურს, კიდევ ვინმე დაიტანჯოს. არა-მეთქი! გარდა ამისა, [350] ჩემი ძმის, ატლასის, ბედიც მაღელვებს, იგი ხომ დასავლეთ მხარეში დგას და მხრებით უჭირავს ზეცისა და მიწის სვეტი, არამსუბუქი ტვირთი. მიწის შობილი, კილიკიის ქვაბულების მკვიდრის ხილვაც მადარდებს, ასთავიანი ურჩხულისა, ძალით დამორჩილებული დაუცხრომელი ტიფონისა. ყველა ღმერთს აღუდგა, საშინელი ყბებიდან სისინებდა სიკვდილს; თვალებით აკვესებდა მრისხანე სინათლეს, თითქოსდა ზევსის ტირანიას ამხობდა. [360] მაგრამ მივიდა მასთან ზევსის უძინარი ისარი, ჭექაქუხილიანი ცეცხლით მსუნთქავი ელვა, რომელმაც მაღალფარდოვანი ტრაბახი შეაწყვეტინა. შიგ გულში მოხვდა ელვა და ძალა დაუფერფლა და ახლა უსარგებლო და მწოლიარე სხეული გაჭიმულია ზღვის პირას, გაჭყლეტილი ეტნას ფესვებით; ხოლო მაღალ მწვერვალზე ჰეფესტოსი ზის და გავარვარებულ რკინას ჭედავს. იქიდან ოდესმე ამოხეთქს [370] ცეცხლის მდინარეები[20] და ველური ყბებით შესანსლავენ მშვენიერნაყოფიანი სიცილიის ვრცელ ყანებს. ასე ადუღდება ტიფონის მრისხანება, საშინელ ცეცხლის მსუნთქველ გრიგალად ამოხეთქავს, თუმცა ზევსის მიერ ნაცრად არის ქცეული. შენ არ ხარ გამოუცდელი და ჩემი მასწავლებლობა არ გჭირდება. თავი დაიხსენი, ეს კარგად გეხერხება; მე კი ამჟამინდელ ხვედრს გავუძლებ, სანამ ზევსის მრისხანება არ დაცხრება.
ოკეანოსი
ნუთუ არ იცი, პრომეთევს, ეს, რომ [380] მრისხანების დაავადებას სიტყვები ექიმობენ?
პრომეთევსი
დიახ, თუ დროულად არბილებ გულს და ძალით არ აცხრობ აღელვებულ სულს.
ოკეანოსი
რა დანაშაულს ხედავ, თუ გამბედაობას ემატება გულმოდგინება? მასწავლე მე.
პრომეთევსი
უაზრო გარჯა, სულელური გულუბრყვილობა.
იკეანოსი
ნება დამრთე, ამ სენით ვიყო სნეული, რაკი სასარგებლოა, სულელი ჩანდე, როცა ბრძენი ხარ.
პრომეთევსი
ეს ნაკლი ჩემსას უფრო ჰგავს.
ოკეანოსი
შენი სიტყვა ცხადად ისევ სახლში მაგზავნის.
პრომეთევსი
[390] რომ ჩემზე გლოვამ მტრობაში არ გადაგისროლოს.
ოკეანოსი
იმის, ვინც ახლა დაბრძანდა ყოვლისშემძლე ტახტზე?
პრომეთევსი
მაგას უფრთხილდი, ოდესმე გული არ მოუვიდეს.
ოკეანოსი
შენი სავალალო მდგომარეობა, პრომეთევს, ჩემი მასწავლებელია.
პრომეთევსი
წადი, გაეშურე, შეინარჩუნე ამჟამინდელი განზრახვა.
ოკეანოსი
ისედაც ვაპირებდი წასვლას, როცა მომიწოდე სიტყვით. მზადაა გასრიალდეს ეთერის გლუვ გზაზე ფრთებით ოთხფეხა ფრინველი; ბედნიერი იქნება, სახლში, თავლაში რომ მუხლს მოასვენებს.
ოკეანოსი გადის.
პირველი სტასიმონი
გუნდი
სტროფი I
დავტირი შენს უბედურ ხვედრს, პრომეთევს. [400] ცრემლები მეღვრება თვალებიდან, ნაზი ყვრიმალები მისველდება მათი ნოტიო ნაკადით. რადგან ზევსს ეს საშინელი ძალაუფლება უპყრია, საკუთარი კანონებით მბრძანებლობს და ძველი დროის ღმერთების მიმართ ქედმაღლურ სულს ავლენს.
ანტისტროფი I
ახლა უკვე მთელი მიწა ხმამაღლა კვნესის, დასტირის შენს [410] კეთილშობილ და ძველ პატივს, დასტირის შენი ძმების დიდებას, ყველა, ვინც ცხოვრობს აზიის წმინდა მიწაზე, დასტირის შენს ხვედრს და თანაგიგრძნობს.
სტროფი II
კოლხეთის მიწის მცხოვრები ქალწულები, ბრძოლაში უშიშარნი; სკვითების ტომი, რომელიც დედამიწის ყველაზე შორეულ მხარეში ცხოვრობს მეოტისის ტბასთან;[21]
ანტისტროფი II
[420] არაბეთის მამაცი ყვავილი, რომელიც ცხოვრობს მაღალ კლდეებში განლაგებულ ქალაქში კავკასიონის მახლობლად, მტრული ლაშქარი, რომელიც წვერწამახულ შუბებს აჟღარუნებს.
სტროფი III
ადრე მხოლოდ ერთი სხვა მინახავს ტანჯვაში დამონებული ფოლადის ბორკილებით შეურაცხყოფილი ტიტანი, ღმერთი, მარადი ატლასი, გამორჩეული უდიდესი ძალით, რომელსაც ზეცის ღერძი [430] მხრებით უჭირავს და კვნესის.
ანტისტროფი III
ზღვის ტალღა ეცემა და ბღავის, სიღრმე გლოვობს, ჰადესის შავი უფსკრული საპასუხოდ გრუხუნებს და წმინდა მდინარეების ნაკადები დასტირიან შენს საბრალო ტკივილს.
მეორე ეპისოდიონი
პრომეთევსი
არ ჩათვალოთ, რომ სიამაყის ან თვითდაჯერებულობისგანაა, რომ ვდუმვარ; იმაზე ფიქრით მიკვდება გული, რომ ვხედავ, როგორ დამამცირეს. არადა, ამ ახალ ღმერთებს პატივი [440] სხვა ვინმემ ხომ არა, ხომ მე გავუნაწილე ცხადად?! მაგრამ ამაზე ვდუმვარ; ისედაც იცით, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის. სჯობს, მოუსმინოთ, როგორი იყო მოკვდავთა ტანჯვა, ბრიყვები რომ იყვნენ, სანამ მათ აზრი ვაჩუქე და გონიერი გავხადე. იმიტომ კი არ ვიტყვი ამას, რომ გავკიცხო ადამიანები, არამედ, რომ გაგაგებინოთ, რა სიკეთე ვუყავი მათ. ადრე ისინი ხედავდნენ და ამაოდ ჭვრეტდნენ, ესმოდათ და ვერ იგებდნენ, არამედ სიზმრის ჩვენებებს მიმსგავსებულნი მთელი ცხოვრება [450] ყველაფერს ურევდნენ, არც აგურით მზიანი სახლების შენება იცოდნენ, არც დურგლობა. მიწისქვეშ ცხოვრობდნენ, როგორც ჰაერივით მსუბუქი ჭიანჭველები უმზეო გამოქვაბულთა სიღრმეში. არ ჰქონდათ არც ზამთრის ცხადი ნიშანი, არც აყვავებული გაზაფხულის, არც ნაყოფიერი შემოდგომისა, უაზროდ აკეთებდნენ ყველაფერს, სანამ მე არ ვასწავლე ვარსკვლავების ამოსვლა და ძნელად გასარჩევი ჩასვლა. და რიცხვები, მეცნიერებათაგან უმთავრესი, [460] გამოვუგონე მათ, და ასოთა შეერთება, ყველაფრის მეხსიერება, მუზების შემოქმედი დედა. უღელში პირველმა მე შევაბი ველური ცხოველები, ცალუღებითა და უნაგირით დავიმორჩილე, რომ მოკვდავებს ყველაზე უფრო მძიმე შრომაში ჩანაცვლებოდნენ, ეტლში შევაბი სადავეს მინდობილი ცხენები, სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიამაყე. ვინმე სხვამ კი არა, მე გამოვიგონე ზღვაზე მცურავი მეზღვაურების აფრებით ფრთოსანი ხომალდები. უბედური ვარ, ასეთი მანქანები გამოვუგონე კაცობრიობას, [470] საკუთარი თავისთვის კი ვერაფერი მომიფიქრებია, უბედურებისგან თავი რომ დავიხსნა.
კორიფაიოსი
სამარცხვინო ტანჯვას განიცდი. გონებამ გიმტყუნა და დაიბენი და ცუდი ექიმივით, თვითონ რომ დასნეულდება, საკუთარი თავისთვის ვერ გიპოვნია წამალი, რომელიც განგკურნავდა.
პრომეთევსი
დანარჩენს რომ მოისმენ, კიდევ უფრო გაოცდები, თუ რა ხელოვნებანი და საშუალებანი გამოვიგონე. ერთი ყველაზე დიდია – ვინმე თუ ავად გახდებოდა, არ იყო არანაირი დაცვა, არც საკვები, [480] არც მალამო, არც სითხე, არამედ წამლის უქონლობის გამო იღუპებოდნენ, სანამ მე მათ არ ვაჩვენე ტკივილგამაყუჩებელი წამლების ნარევი, რომლითაც ყველა დაავადებისგან იცავენ თავს. წინასწარმეტყველების ყველა გზა მოვაწესრიგე, სიზმრებიდან პირველმა განვსაზღვრე, რომელი ახდება, განვმარტე გაუგებარი ნიშნები და გზად შემხვედრი სიმბოლოები; მოხრილბრჭყალიანი ფრინველების ფრენა ზუსტად განვმარტე, რომელია ბუნებით სიკეთის მაუწყებელი [490] და რომელი სიავის, ცხოვრების როგორი წესი აქვს თითოეულს, როგორ მტრობენ ერთმანეთს, როგორ უყვართ და როგორ წყვილდებიან. შიგნეულის სიგლუვე და რომელი ფერი რომელ ღმერთს მოსწონს, ღვიძლის წილის სხვადასხვაგვარი სიმეტრია. ქონში შეხვეული ნაწილები და გრძელი სუკი დავწვი და მისნობის ხელოვნებას ვაზიარე მოკვდავნი და ავუხსენი ცეცხლის ნიშნები, რომლებიც მიუწვდომელი იყო მანამდე. [500] საკმარისია ამ ხელოვნებებზე. მიწის ქვეშ კი დამალული სიკეთე ადამიანებისთვის – სპილენძი, რკინა, ვერცხლი და ოქრო – ვინ იტყვის, რომ ჩემამდე აღმოაჩინა? ვერავინ, კარგად იცოდე, თუ ამაოდ არ სურს ილაყბოს. ისწავლე მოკლე სიტყვით თავმოყრილი ყველაფერი – ყველა ხელოვნება მოკვდავებს პრომეთევსისგან აქვთ.
კორიფაიოსი
ახლა მოკვდავებზე ნუღარ იზრუნებ, საკუთარ უბედურებაზე იფიქრე. მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ბორკილებისგან [510] თავს დაიხსნი და ზევსზე ნაკლები ძალა არ გექნება.
პრომეთევსი
ამგვარად არ აპირებს ყველაფრის დამასრულებელი მოირა ამ საქმის დასრულებას. მირიადი ტანჯვით და ათასი ცდის შემდეგ მოვიშორებ ამ ბორკილებს – უნარი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ბედისწერა.
კორიფაიოსი
და ვინ არის ბედისწერის მესაჭე?
პრომეთევსი
სამსახიანი მოირები და ყველაფრის მხსოვნელი ერინისები.
კორიფაიოსი
ნუთუ ზევსს მათზე ნაკლები ძალა აქვს?
პრომეთევსი
დიახ, ვერც ის გაექცევა იმას, რაც დადგენილია.
კორიფაიოსი
და სხვა რაა დადგენილი ზევსისთვის, მარადიული მეფობის გარდა?
პრომეთევსი
[520] ამას ვერ გაიგებ, ნუ შეეცდები!
კორიფაიოსი
ეს რაღაც წმინდა საიდუმლოა, რაკი გვიმალავ.
პრომეთევსი
სხვა საგანზე იფიქრე, ამის გასაგებად კი ჯერ დრო არ მოსულა, არამედ, რაც შეიძლება, დაფარული უნდა იყოს. რადგან ასე ვიხსნი თავს სამარცხვინო ბორკილებისა და ტანჯვისაგან.
მეორე სტასიმონი
გუნდი
სტროფი I
დაე, არასდროს არ დაუპირისპიროს ჩემს აზრს თავისი ძალა ყველაფრის მბრძანებელმა ზევსმა, [530] არასოდეს არ დავიზარებ, მივართვა ღმერთებს ხარების შესაწირავი მამა ოკეანოსის დაუცხრომელი დინების გვერდით, არასოდეს დავაშავებ სიტყვით, დაე, სამუდამოდ დამრჩეს გონებაში და არასოდეს ჩაცხრეს ეს წესი.
ანტისტროფი I
ტკბილია, მყარი იმედებით რომ გაივლი მთელ ცხოვრებას, მხიარული განწყობილებით სავსე გულით. [540] მაცახცახებს, როცა გხედავ მირიადი ტანჯვით განადგურებულს. ზევსის არ გეშინოდა, საკუთარი მოსაზრებით მეტისმეტ პატივს სცემდი მოკვდავებს, პრომეთევს.
სტროფი II
ნახე, ხომ უმადლო დარჩა შენი მადლი, მეგობარო! ახლა სადაა ხსნა? რა შეუძლიათ ერთდღიანებს? ვერ ხედავ ცხადად უიმედო სისუსტეს, სიზმარეულ, ბრმა მოდგმას ფეხებშებორკილს? ვერასოდეს ზევსის წესრიგს ვერ დაარღვევს მოკვდავთა სურვილები.
ანტისტრიფი II
ეს ვისწავლე, როცა ვნახე შენი დამღუპველი ბედი, პრომეთევს. სრულიად სხვაგვარი სიმღერა მომიფრინდა, ის სიმღერა, რომელიც მივუძღვენი საქორწინო განბანვასა და სარეცელს შენი ქორწინებისას, როდესაც ჩემი და, მამით ერთი ჰესიონე დაარწმუნე საქორწინო საჩუქრებით, რომ შენი თანამეცხედრე მეუღლე გამხდარიყო.
მესამე ეპისოდიონი
შემოდის იო.[22]
იო
რა მიწაა? რა ხალხი? რა სახელით მოვუხმო იმას, ვისაც ვხედავ კლდეზე შებორკილს ამ ქარიშხალში? რა დანაშაულის გამო იღუპები ტანჯვაში? მანიშნე, რა მიწაზე აღმოვჩნდი ხეტიალისას უბედური. ოჰ, ოჰ, აჰ, აჰ! ისევ დამნესტრა ბუზანკალმა მე უბედური, მიწისშობილი არგოსის აჩრდილმა, მომაშორე იგი, დედამიწავ! ვკანკალებ, როდესაც ათასთვალიან მწყემსს ვხედავ. უკან მომყვება ცბიერი მზერით, [570] მკვდარიც კი მიწამ ვერ შეინახა. ჩემზე, უბედურზე, ნადირობს წიაღიდან ამოსული, მომსდევს მშიერს ზღვის ნაპირის ქვიშაზე.
სტროფი
ცვილისგან ნაკეთები სალამური ხმამაღლა აჟღერებს მუსიკის ძილისმომგვრელ ჰანგს. ვაი, ვაიმე! სად მომიყვანა შორსმიმავალმა ხეტიალმა? კრონოსის ძეო, რა დანაშაული მიპოვე, რისთვის ჩამაგდე ამ [580] განსაცდელში? აჰ, აჰ! ბუზანკალისგან აღძრული შიშით აგიჟებ და ასე აწამებ საბრალო ქალიშვილს? ცეცხლში დამწვი ან მიწაში დამმარხე, ან ზღვის ურჩხულებს მიმეცი საჭმელად, მაგრამ უარი არ უთხრა ჩემს ლოცვას, მეუფევ! ბევრი ვიხეტიალე და ხეტიალმა მასწავლა საკმარისი, მაგრამ ვერ ვისწავლე, როგორ დავიხსნა თავი ტანჯვისგან. გესმის რქოსანი ქალიშვილის ხმა?
პრომეთევსი
როგორ არ გავუგონებ ბუზანკალის დევნილ ქალიშვილს, [590] ინაქოსის ასულს? რომელმაც ზევსს აუნთო გული სიყვარულით და ახლა ამოდენა გზაზე დარბის ჰერას სიძულვილის ძალით გადაღლილი.
იო
ანტისტროფი
საიდან მიხმობ მამაჩემის სახელით? მითხარი საბრალო ქალიშვილს, ვინ ხარ? უბედურო, ვინ ხარ, მე უბედურს რომ სწორად მომმართავ? ღვთივმოგზავნილი ჩემი სენი დაასახელე, რომელიც მაწამებს და ნესტრით მნესტრავს და დამარბენინებს, ვაი, აჰ, აჰ! ნახტომებით, შიმშილით [600] გაწამებული გამალებული მოვედი, ჰერას შურისმაძიებელი გეგმების მსხვერპლი. უბედურთაგან ვის გადაუტანია, აჰ, აჰ, რაც მე გადავიტანე?! მიმანიშნე ცხადად, რას უნდა ველოდე, რა საშუალებაა, სენის რა წამალია, მითხარი, თუკი იცი. ხმა გამეცი, მითხარი მოხეტიალე ქალიშვილს.
პრომეთევსი
ცხადად გეტყვი ყველაფერს, რაც გინდა იცოდე, [610] არა ჩახლართული ქარაგმებით, არამედ უბრალო სიტყვით, როგორც სწორია, მეგობრებში ღიად უნდა ილაპარაკო. მოკვდავთათვის ცეცხლის მიმცემ პრომეთევსს ხედავ.
იო
შენ თავი გამოავლინე, როგორც მოკვდავთა საერთო მოკეთემ, საბრალო პრომეთევს, რისთვის იტანჯები ასე?
პრომეთევსი
ახლახან დავასრულე ჩემს განსაცდელზე გლოვა.
იო
მაშ, მე არ აღმომიჩენ ამ სიკეთეს?
პრომეთევსი
მითხარი, რა გსურს; რადგან ყველაფერს შეიტყობ ჩემგან.
იო
მითხარი, ამ კლდეზე ვინ მიგაჯაჭვა?
პრომეთევსი
ზევსის გადაწყვეტილებამ და ჰეფესტოსის ხელმა.
იო
[620] და რა დანაშაულისთვის იხდი ამ სასჯელს?
პრომეთევსი
საკმარისად ვთქვი, რომ შენთვის გასაგები ყოფილიყო.
იო
ამას ერთი სიტყვაც დაუმატე ჩემი ხეტიალის დასასრულზე – მითხარი, რა დროა გამოყოფილი მე უბედურისთვის.
პრომეთევსი
შენთვის სჯობია არ იცოდე, ვიდრე იცოდე ეს.
იო
გევედრები, არ დამიმალო, კიდევ რა უნდა გადავიტანო.
პრომეთევსი
უარს არ გეტყვი ამ საჩუქარზე.
იო
მაშ, რას აყოვნებ და ყველაფერს რად არ მეუბნები?
პრომეთევსი
უარს არ ვამბობ, მაგრამ მეშინია, გული არ დაგწყვიტო.
იო
იმაზე მეტად ნუ დამინდობ, რაც მე არ მინდა.
პრომეთევსი
[630] რაკი მაიძულებ, უნდა ვთქვა, მაშ, მომისმინე.
კორიფაიოსი
არა, ჯერ არა, ჩემი სურვილიც აასრულე. ჯერ მისი სენის ამბავი გავიგოთ, თვითონ თქვას, რა საშინელი ამბები შეემთხვა, ხოლო დანარჩენი, რაც უნდა მოხდეს, შენ უთხარი.
პრომეთევსი
შენი საქმეა, იო, უნდა აუსრულო ეს სურვილი, მით უმეტეს, რომ მამაშენის დები არიან.[23] ხმამაღლა გოდება და მწარედ მოთქმა ბედზე, როცა ცნობილია, რომ მონაყოლი ცრემლებს გამოიწვევს მსმენელში, ღირებული გასაკეთებელია.
იო
[640] არ ვიცი, როგორ შეიძლება უარი გითხრათ. მართალი სიტყვით გაიგებთ, რისი ცოდნაც გინდათ. თუმცა კი მრცხვენია თქმა ღვთისმოვლენილ გრიგალსა და განსაცდელზე, რომელიც უეცრად დამატყდა თავს. რადგან მუდამ ღამით ჩვენებები მეწვეოდნენ ქალწულთა ოთახში ნაზი სიტყვებით: „უდიდესი ბედნიერების ასულო, რატომ ხარ ქალწული ამდენ ხანს, ზევსი შენდამი ვნების ისარს აუნთია და [650] კიპრისთან[24] შერთვა სურს; შენ, შვილო, უარი არ თქვა ზევსის სარეცელზე, არამედ გადი ლერნეს[25] ნაყოფიერ ველზე, სადაც ძოვს მამაშენის ფარა და ჯოგი, რომ ზევსის თვალებში სურვილი დააცხრო.“ ასეთი სიზმრებით მთელი ღამეები ვიყავი ალყაშემორტყმული, სანამ არ გავბედე და მამას არ ვუთხარი ღამისეულ ჩვენებებზე. და მან შიკრიკები დააგზავნა პითოსა და დოდონეში[26], რომ გაერკვია, [660] რა უნდა გაეკეთებინა ან ეთქვა, რომ ღმერთებისთვის ესიამოვნებინა. ჩამოვიდნენ ორაზროვანი, ბნელი და ძნელად გასაგებად გამოთქმული წინასწარმეტყველებებით. ბოლოს შეუმცდარი წინასწარმეტყველება მიუვიდა ინაქოსს, რომელიც ცხადად უბრძანებდა და ავალებდა, სახლიდან და სამშობლოდან გავეძევებინე, რომ მეხეტიალა დედამიწის უკიდურეს მხარეებში; თუ არ ისურვებდა, ზევსის ცეცხლისთვალება ელვა მოვიდოდა, რომელიც ამოწყვეტდა მთელ მის მოდგმას. მიენდო რა ლოქსიასის[27] ამ წინასწარმეტყველებას, [670] გამაგდო და დამიკეტა სახლის კარი, ჩემი და მისი ნების საწინაარდეგოდ. დაემორჩილა ზევსის ლაგამს და იძლებული გახდა, ეს გაეკეთებინა. იმავე წამს იერი და სული დამიმახინჯდა, რქიანი, როგორც ხედავთ, მწარენესტრიანი ბუზანკლისგან დანესტრილი გაშმაგებული ნახტომით გავვარდი კერხნეიის[28] კეთილსასმელი დინებისა და ლერნეს წყაროსაკენ; მიწის შობილი მწყემსი, რისხვით დაუოკებელი არგოსი კი მომსდევდა, ურიცხვი თვალებით უყურებდა ჩემს ნაკვალევს. [680] მოულოდნელად იგი უცაბედმა სიკვდილმა სიცოცხლეს გამოსტაცა, მე კი ბუზანკალი ღვთაებრივი მათრახით ქვეყნიდან ქვეყანაში დამარბენინებს. გესმა, რაც მოხდა. თუ რამე გაქვს სათქმელი, რა ჭირი დარჩა, გამოააშკარავე. სიბრალულისგან ნუ მანუგეშებ ცრუ სიტყვებით, რადგან ყველაზე უფრო სამარცხვინოდ მიმაჩნია ყალბი სიტყვები.
გუნდი
ოჰ, აჰ, მოიცა, ვაი! არასოდეს, არასოდეს არ ველოდი, რომ ასე უცნაური სიტყვებს გაიგონებდა ჩემი ყურები, [690] ეს შემზარავი სანახაობა და აუტანელი ტანჯვა, სიბინძურე, შიში ორლესული მახვილივით ლახვრავს ჩემს სულს. ვაი, ვაი, ბედი, ბედი! მაცახცახებს, იოს ხვედრს რომ ვხედავ.
პრომეთევსი
ნაადრევად კვნესი და შიშით სავსე ხარ. ჯერ დანარჩენი უნდა გაიგო.
კორიფაიოსი
თქვი, გვასწავლე. სნეულისთვის ტკბილია, წინასწარ ცხადად გაიგოს, რა ტკივილია დარჩენილი.
პრომეთევსი
[700] თქვენი პირველი თხოვნა იოლად შეგისრულეთ, გსურდათ, თავად მისგან გაგეგოთ მისი ამბავი. დანარჩენი ახლა მოისმინეთ, რა უნდა გადაიტანოს ამ საბრალო ყმაწვილმა ქალმა ჰერასაგან. შენ კი, ინაქოსის თესლო, ჩემს სიტყვებს გული დაუდე, რათა გაიგო, სადაა შენი გზის დასასრული. უპირველესად აქედან მიემართე მზის აღმოსავლისკენ და გაემართე მოუხნავი ველებისკენ; მიადგები სკვით მომთაბარეებს, რომლებიც დაწნულ სახლებში ცხოვრობენ, [710] რომლებიც შედგმული აქვთ მძლავრბორბლიან ეტლებზე და შეიარაღებული არიან შორსმიმწვდომი მშვილდებით. მათ არ მიუახლოვდე, ზღვის მკვნესარე ხმიან კლდოვან ნაპირებს ახლოს გაუყევი და გაეცალე მათს მიწას. ხელმარცხნივ ცხოვრობენ რკინის მუშაკი ხალიბები[29], გმართებს, მათ მოერიდო, რადგან არიან მოუთვინიერებელი და უცხოებისთვის მიუკარებელი. მიადგები მდინარე ჰიბრისტესს, რომელიც თავის სახელს არ ღალატობს.[30] ის არ გადალახო, რადგან ძნელი გადასავლელია, სანამ არ მიხვალ თვით კავკასიონთან, მთათაგან [720] უმაღლესთან. აქ მდინარე მძვინვარედ მოქუხს მისი მწვერვალიდან. უნდა გადაიარო ვარსკვლავების მეზობელი მწვერვალები და სამხრეთისკენ აიღო გეზი, სადაც მიადგები კაცების მოძულე ამაზონების ლაშქარს. ისინი შენი მისვლისას დამკვიდრდებიან თემისკირაში[31] თარმოდონის ნაპირას, სადაც სალმიდესოსის კლდოვანი საზღვაო სრუტეა, არასტუმართმოყვარე მეზღვაურებისთვის, ხომალდების დედინაცვალი. ამაზონები სიამოვნებით გაგიძღვებიან გზაზე. ამის შემდეგ ზღვის ვიწრო კარიბჭესთან, [730] კიმერიელების ყელთან მიხვალ, რომელიც უშიშრად უნდა დატოვო და გადახვიდე მეოტისის სრუტე; დარჩება მოკვდავებში სამუდამოდ დიდი სიტყვა შენი მოგზაურობის შესახებ, და ვიწრობს ეწოდება ბოსპოროსი[32] სახელად. დატოვებ ევროპის მიწას და მიადგები აზიის მატერიკს. არ გეჩვენებათ, რომ ღმერთების მბრძანებელი ყველაფერში ერთნაირად მოძალადეა? ამ მოკვდავთან შეერთების მსურველმა ასეთ გზაზე გადმოისროლა. შენი ხელის [740] სასტიკ მთხოვნელს წააწყდი, ქალწულო. რაც ახლა სიტყვები გაიგონე, შენთვის, იცოდე, დასაწყისიც არ არის ჯერ.
იო
ვაიმე, აჰ, აჰ!
პრომეთევსი
შენ ისევ ყვირი და კვნესი? მაშინ რას იზამ, როდესაც დანარჩენი უბედურების ამბავს გაიგებ?
კორიფაიოსი
როგორ, კიდევ დაგრჩა რამე ტანჯვა, მისთვის სათქმელი?
პრომეთევსი
დიახ, მშფოთვარე ზღვა დამღუპველ უბედურებათა.
იო
რა სარგებლობა აქვს ჩემს სიცოცხლეს? რატომ არ გადავხტები პირდაპირ ამ ციცაბო კლდიდან, რომ დავენარცხო მიწას და ყველა ტანჯვისაგან [750] გავთავისუფლდე? უმჯობესია ერთხელ სიკვდილი, ვიდრე ყოველდღე ტანჯვაში ცხოვრება.
პრომეთევსი
აჰ, ჩემს ტანჯვას ხომ კიდევ უფრო მძიმედ განიცდიდი, რადგან მე სიკვდილიც არ მიწერია. ის ხომ ტანჯვათაგან დამიხსნიდა. ახლა კი ბოლო არ აქვს ჩემს უბედურებას დანიშნული, სანამ ზევსის ტირანია არ დაემხობა.
იო
როგორ, ნუთუ ერთხელაც ზევსი დაემხობა?
პრომეთევსი
გაგიხარდებოდა, მგონია, ეს რომ გენახა.
იო
რატომაც არა, თუკი მისგან ვარ ამ დღეში ჩავარდნილი?
პრომეთევსი
[760] მაშ, კარგად იცოდე, რომ ეს ახდება.
იო
ვინ წაართმევს ყოვლისშემძლე კვერთხს?
პრომეთევსი
თვითონ წაირთმევს უგუნური ჩანაფიქრებით.
იო
რა გზით? მითხარი, თუ თქმით არ დაშავდება.
პრომეთევსი
დაქორწინდება და ეს ერთხელაც დაამწუხრებს.
იო
ქალღმერთთან თუ მოკვდავთან? თქვი, თუ ითქმება.
პრომეთევსი
რას კითხულობ? არ შემიძლია, რომ ვთქვა.
იო
იქნებ მეუღლემ ჩამოაგდოს ტახტიდან?
პრომეთევსი
რომელიც უშობს მამაზე უფრო ძლიერ შვილს.
იო
არ შეუძლია ეს ხვედრი აიცილოს?
პრომეთევსი
[770] არა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მე ბორკილებისგან გავთავისუფლდები.
იო
მერედა ვინ გაგათავისუფლებს ზევსის ნების საწინააღმდეგოდ?
პრომეთევსი
ის უნდა იყოს შენს შთამომავალთაგან.[33]
იო
რას ამბობ? ჩემი შვილი დაგიხსნის განსაცდელისგან?
პრომეთევსი
დიახ, მესამე თაობა, ათი სხვა თაობის შემდეგ.[34]
იო
შენი წინასწარმეტყველება იოლი გასაგები არ არის.
პრომეთევსი
და საკუთარი გასაჭირის სრული სიგრძის გაგებას ნუ ეცდები.
იო
დაპირებულს ნუ წამართმევ!
პრომეთევსი
ორი ამბისგან ერთ-ერთს გეტყვი.
იო
რომელი ორისგან, მითხარი, რომ ამოვირჩიო.
პრომეთევსი
[780] გაძლევ: ამოირჩიე, ან შენს დარჩენილ ტანჯვაზე ვიტყვი ცხადად, ან ჩემს განმათავისუფლებელზე.
კორიფაიოსი
ამათგან პირველი ამას უთხარი, მეორე კი მე, არ მითხრა უარი. მას უთხარი მის მომავალ ხეტიალზე, მე კი შენს მხსნელზე, ერთი სული მაქვს, გავიგო.
პრომეთევსი
რაკი თქვენი სურვილია, წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და რისი ცოდნაც გწყურიათ, გაგაგებინებთ. უპირველესად შენ, იო, ხეტიალზე გეტყვი, რაც ჩაიწერე შენი გულის მეხსიერების დაფებზე. [790] როდესაც გადალახავ დინებას მატერიკებს შორის, ცეცხლოვანი აღმოსავლეთით, მზით გასხივოსნებულით [...] ზღვის ხმაურს რომ გადალახავ, აღმოაჩენ გორგონების კისთენეს ველს, სადაც ფორკისის ძველი ასულები ცხოვრობენ, სამნი, გედისებურნი, საერთო თვალი აქვთ და თითო კბილი, არც მზეს შეუხედავს მათთვის სხივებით, არც ღამისეულ მთვარეს ოდესმე. მათ ახლოსაა სამი ფრთოსანი და, გველისთმიანი გორგონები, ხალხის საძულველი, [800] მათ რომ შეხედავს მოკვდავი, სული ამოხდება. ესაა საფრთხე, რომელზედაც გაგაფრთხილე. ახლა კი ისმინე სხვა მძიმე სანახაობაზე. უფრთხილდი ზევსის კბილბასრ ძაღლებს, რომლებიც არ ყეფენ, გრიფონებს, ცალთვალა მოდგმას – ცხენზე ამხედრებულ არიმასპოსების, რომლებიც ცხოვრობენ პლუტონის მდინარის ოქროთი მედინ ნაკადთან. მათ არ მიუახლოვდე. შორეულ მიწაზე მიხვალ, შავი მოდგმა ცხოვრობს მზის წყაროებთან, იქაა მდინარე ეთიოფსი. [810] მის მაღალ ნაპირებს გაჰყევი, სანამ არ მიადგები ჩანჩქერს, სადაც ბიბლოსის მთებიდან მოედინება წმინდა ნილოსის ნაკადი. იგი მიგიყვანს ნილოტისის იმ სამკუთხა მიწასთან, სადაც, საბოლოოდ, მოგიხდებათ დიდი ახალშენის დაარსება შენ, იო და შენს შვილებს. თუ რამ გაუგებარი იყო შენთვის ან ძნელად გასაგები, მკითხე, რომ უფრო ნათლად გაგაგებინო; მოცლილი ვარ იმაზე მეტად, ვიდრე მინდა.
კორიფაიოსი
თუ არ დაგისრულებია და კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი [820] საბრალო ხეტიალზე, თქვი; თუკი ყველაფერი თქვი, ჩვენი თხოვნა შეასრულე, გემახსოვრება.
პრომეთევსი
მან უკვე ყველაფერი მოისმინა ხეტიალის დასასრულზე. იმისთვის, რომ იცოდეს, ამაოდ რომ არ მოუსმენია, აქ მოსვლამდე რაც გადახდენია, ვეტყვი, ეს იქნება მყარი მტკიცებულება ჩემი ნათქვამის სიმართლის. ბევრ რამეს გამოვტოვებ, რაც მანამდე იყო და მოვყვები შენი ხეტიალის ბოლოზე. რადგან როდესაც მიაღწიე მოლოსოსის ველს, [830] მაღალ ქედს, რომელიც დოდონეს ირგვლივაა, სადაცაა თესპროტიის ზევსის სამისნო სავანე, დაუჯერებელი სასწაული, მოლაპარაკე მუხები, რომელთაც შენ ცხადად და გამოცანების გარეშე მოგესალმნენ, როგორც ზევსის მომავალ მეუღლეს. ამათგან რამე მოგეწონა? იქიდან დანესტრილი ზღვისპირა გზით მიაღწიე რეას ვეება ყურეს, იქიდან უკან დაიხიე და გამოვარდი, დრო გავა და ზღვის ამ ყურეს, [840] კარგად იცოდე, იონიურს უწოდებენ მოკვდავები შენი მოგზაურობის სამახსოვროდ. ეს არის ნიშანი შენთვის, რომ ჩემი სული მეტს ხედავს, ვიდრე ჩანს. ახლა კი დანარჩენს გეტყვით ორივეს, თქვენაცა და მასაც, დავუბრუნდები რა ჩემი წინა თხრობის ბილიკს. არის ქალაქი კანობისი უკიდურეს მიწაზე, ნილოსის შესართავთან და მდინარის ნატან შლამთან; იქ ბოლოს ზევსი გონს მოგიყვანს ხელის მხოლოდ ერთი ნაზი შეხებით. [850] ზევსის შეხების მიხედვით დაერქმევა შენს შობილ შავ ძეს ეპაფოსი,[35] რომელიც ნაყოფს მოიწევს ფართოდ მედინი ნილოსის მორწყულ მთელ მიწაზე. მის შემდეგ მეხუთე თაობაში ორმოცდაათი ასული ისევ არგოსში უნდა დაბრუნდეს, არა საკუთარი თავისუფალი არჩევნით, არამედ ბიძაშვილებთან ქორწინებისთვის თავის ასარიდებლად გაქცეულები. ბიძაშვილები კი, ვნებით გულანთებულნი, როგორც შევარდნები მტრედებს, მისდევენ და მიესწრაფვიან იმ ქორწინებას, რომელსაც უნდა გაურბოდნენ. ღმერთი არ გაიმეტებს მათთვის გოგონების სხეულებს. [860] პელასგური მიწა მიიღებს არესის მიერ ქალების ხელით მოკლულებს, ღამეს გაათენებენ, რომ განახორციელონ თავხედური განზრახვა. ყოველი ცოლი თავის ქმარს სიცოცხლეს წაართმევს, ორლესულ ხმალს სისხლში ამოთხვრის; დაე, ასეთი კიპრისი ეწვიოს ჩემს მტრებსაც! ერთმა ქალიშვილთაგან, სიყვარულით მოხიბლულმა, არ მოკლა თანამეცხედრე, არამედ დაკარგა სიმტკიცე; ორისგან ერთი ამოირჩია, უკეთესად მიიჩნია, ეწოდოს უძლური, ვიდრე მკვლელი და მან მისცა დასაბამი არგოსის სამეფო მოდგმას. [870] გრძელი სიტყვაა საჭირო ამის გარკვევით ასახსნელად. სწორედ მისი თესლისგან იშვება მამაცი კაცი, სახელოვანი მშვილდოსანი, რომელიც ამ გასაჭირისგან დამიხსნის მე.[36] ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც დიდი ხნის შობილმა დედაჩემმა, ტიტანისმა თემისმა მიამბო; როგორ და რანაირად, ამას გრძელი სიტყვა დასჭირდება მოსაყოლად, შენ რომც გაიგო, არაფერში გამოგადგება.
იო
ოჰ, ოჰ, ვაიმე! ისევ მწვავე ტკივილი და ჭკუიდან შემშლელი სიგიჟე მაცხელებს, ბუზანკალის ნესტარი უცეცხლოდ მწვავს; გული კი შიშით მკერდს წიხლავს. თვალები ირგვლივ ტრიალებენ, გზიდან მაგდებს სიგიჟის მძვინვარე ქარი, ენა არ მემორჩილება, არეული სიტყვები კი ეხეთქებიან საზარელი უბედურების ტალღებს.
გარბის.
მესამე სტასიმონი
გუნდი
სტროფი
ბრძენი, მართლაც ბრძენი იყო, ვინც პირველმა გონებით გაიაზრა და ენით გამოთქვა, [890] რომ თანასწორზე დაქორწინება ბევრად საუკეთესოა, არც სიმდიდრით განაზებული, არც გვარით თავის მომწონებელი არ უნდა ისურვო მეუღლედ, ღარიბი როცა ხარ.
ანტისტროფი
არასოდეს, ო, არასოდეს, დედოფალო მოირებო, არ მიხილოთ ზევსის სარეცლის გამზიარებლად, არც რომელიმე ზეცის მცხოვრებლის მეუღლედ. მაცახცახებს, როცა ვუყურებ იოს უსიყვარულო ქალწულობას, განადგურებულს [900] ჰერას მიერ და გაჭირვებაში უსასრულოდ მოხეტიალეს.
ეპოდოსი
როცა ქორწინება თანასწორია, უსაფრთხოა, არ მეშინია, ოღონდ უმძლავრესი ღმერთებიდან სიყვარულის უძლეველი მზერით არ გადმომხედოს ვინმემ! უომარი ომია და გამოუსვლელი გამოსავალი. არ ვიცი, რა მომივა, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა გაექცე ზევსის ჩანაფიქრს.
ექსოდოსი
პრომეთევსი
დიახ, ზევსიც კი, თუმცა სულით ქედმაღალია, გახდება თავმდაბალი. ისეთი ქორწინებისთვის ემზადება, რომელიც მას ტირანიიდან [910] და ტახტიდან დავიწყებაში გადაისვრის; სრულად ახდება მამამისის, კრონოსის წყევლა, რომელიც ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ ტახტიდან ჩამოგდებისას წარმოთქვა. ამ განსაცდელისგან გამოსავალს ვერც ერთი ღმერთი ვერ შეძლებს, ჩემ გარდა, რომ უჩვენოს ცხადად. მე ვიცი, როგორ. დაე, იჯდეს ახლა მამაცურად, მინდობილი ამაღლებულ ჭექა-ქუხილს, მუქარით ცეცხლოვანი ისრების ხელში ტრიალით. რადგან მას ვერაფერი ვერ უშველის უღირსი დაცემისა და აუტანელი ნგრევისაგან. [920] ასეთ მოწინააღმდეგეს უმზადებს ახლა თავის თავს თვითონ, უძლეველ საოცრებას, რომელიც ელვაზე უფრო მძლავრ ცეცხლს აღმოაჩენს, მეხზე უფრო ხმაურიან ქუხილს. მიწისმრყეველ სამკბილას, ზღვის ჭირს, პოსეიდონის შუბს, დაამსხვრევს.[37] ამ განსაცდელში აღმოჩენილი ზევსი გაიგებს, რამოდენა განსხვავებაა ბატონობასა და მონობას შორის.
კორიფაიოსი
შენ, ალბათ, ეს გსურს, ასე რომ ლანძღავ ზევსს.
პრომეთევსი
ისე დამთავრდება, როგორც მე მინდა-მეთქი!
კორიფაიოსი
[930] ვითომ ვნახავთ, რომ ვინმე ზევსზე გაბატონდება?
პრომეთევსი
და იმაზე უფრო დიდ ტანჯვაში ჩააგდებს, ვიდრე მე ვარ.
კორიფაიოსი
როგორ არ გეშინია, ასეთ სიტყვებს რომ ამბობ?
პრომეთევსი
რისი უნდა მეშინოდეს, თუკი სიკვდილი არ მიწერია?
კორიფაიოსი
ხომ შეუძლია დაამძიმოს ეს შენი ტანჯვა?
პრომეთევსი
ჰოდა, გააკეთოს, ყველაფრისთვის მზად ვარ.
კორიფაიოსი
ვინც მოუგერიებელს[38] ემორჩილება, ბრძენია.
პრომეთევსი
პატივი ეცი, ილოცე მათზე და ელაქუცე მმართველებს მუდამ. ზევსზე კი მე ყველაზე ნაკლებად ვნაღვლობ. გააკეთოს, იმეფოს ამ მოკლე დროში, [940] როგორც სურს; დიდხანს ვერ იბატონებს ღმერთებზე. მაგრამ აი, ვხედავ ზევსის შიკრიკს, ახალი ტირანის მსახურს; აშკარად ახალი ამბის სათქმელად მოვიდა.
ჩნდება ჰერმესი.
ჰერმესი
შენ, ცბიერო სწავლულო, მწარეზე უმწარესო, ღმერთების მიმართ დამნაშავევ და ერთდღიანებისთვის პატივის მიმგებო, ცეცხლის ქურდო, გეუბნები: მამა გიბრძანებს, თქვა, რა ქორწინებაზე ლაყბობ, რომლითაც იგი ძალაუფლებას დაკარგავს. და ეს განმარტო არა გამოცანებით, [950] არამედ დაწვრილებით თქვი, რომ მე ორჯერ არ მომიწიოს გზის, პრომეთევს, გავლა; ხედავ, რომ ზევსი არ რბილდება შენნაირებისადმი.
პრომეთევსი
ქედმაღალი და სიამაყით სავსე სიტყვაა, როგორიც შეეფერება ღმერთების მსახურს. ახალგაზრდები ხართ და ახალგაზრდაა თქვენი ხელისუფლება და გგონიათ, რომ უდარდელ ციხესიმაგრეში ცხოვრობთ; რა, არ მინახავს ორი ტირანი რომ ჩამოვარდა?[39] მესამესაც, ახლა რომ ბატონობს, ვნახავ დაცემულს სამარცხვინოდ და სასწრაფოდ. ხომ არ გგონია, [960] რომ მეშინია და მაცახცახებს ახალ ღმერთებზე? სრულიადაც არა, არანაირად არა. შენ კი, რა გზითაც მოხვედი, იმავე გზით უკან გაბრუნდი. იცოდე, რომ არაფერზე არ გიპასუხებ.
ჰერმესი
ასეთმა დიდგულობამ ადრე მოგიყვანა ტანჯვის ამ ნავსაყუდელში.
პრომეთევსი
შენს მონობაში ჩემს ამ უბედურებას, კარგად იცოდე, არ გავცვლიდი მე.
ჰერმესი
მგონი, უკეთესია, ამ კლდის მონობა, ვიდრე მამა ზევსის საიმედო შიკრიკობაა.
პრომეთევსი
ვინც ასე შეურაცხყოფს, მასაც შეურაცხყოფა ეკუთვნის.
ჰერმესი
ჩანს, გეამაყება შენი მდგომარეობა.
პრომეთევსი
მეამაყება? ასეთ სიამაყეს ვუსურვებ მტრებს, შენც მათ რიცხვში.
ჰერმესი
მეც რამენაირად მკიცხავ შენი გასაჭირისთვის?
პრომეთევსი
მოკლედ რომ ვთქვა, ყველა ღმერთი მძულს, ვინც ჩემგან სიკეთე მიიღო და ბოროტებით გადამიხადა.
ჰერმესი
მესმის, რომ სიგიჟის არა მცირე სენი შეგყრია.
პრომეთევსი
სნეული ვარ, თუკი სნეულებაა მტრების სიძულვილი.
ჰერმესი
აუტანელი იქნებოდი, კარგად რომ ყოფილიყავი.
პრომეთევსი
ვაი!
ჰერმესი
[980] ვაიო? ეს სიტყვა არ იცის ზევსმა.
პრომეთევსი
ყველას დამაბერებელი დრო ყველაფერს ასწავლის.
ჰერმესი
შენ კი ასე სიბრძნე მაინც ვერ ისწავლე.
პრომეთევსი
რადგან არ ვისურვე შენთან, მსახურთან, საუბარი.
ჰერმესი
ასე მეჩვენება, არ აპირებ, მამას უპასუხო.
პრომეთევსი
თუმცა მისი ვალი მაქვს და პატივს უნდა ვცემდე.
ჰერმესი
ისე მექცევი, თითქოს ბავშვი ვიყო.
პრომეთევსი
ბავშვი არ ხარ და ბავშვზე უფრო უგუნური, თუკი მოელი, რომ რამეს გაიგებ ჩემგან? არ არსებობს არც წამება და არც რამ ცბიერება, რომლითაც [990] ზევსი დამარწმუნებს და რამეს მათქმევინებს, სანამ ეს მავნე ბორკილები არ მომშორდება. ამას გარდა, დაე ტყორცნოს კვამლიანი ალი, თეთრფრთიანი ფიფქითა და ჭექა-ქუხილით დედამიწა შეძრას და დააქციოს, მაინც ვერ მაიძულებს ამით, რომ ვთქვა, ვინ იქნება, ვინც წაართმევს ძალაუფლებას.
ჰერმესი
ნახე, რა სარგებლობა უნდა გქონდეს ამ საქციელით.
პრომეთევსი
დიდი ხანია, განსაზღვრული და გააზრებული მაქვს ეს.
ჰერმესი
მიხვდი, სულელო, მიხვდი უკვე, [1000] ამ არსებულ გასაჭირში მაინც მოუხმე გონებას.
პრომეთევსი
ამაოდ ირჯები და ტალღასავით ჩემს დაყოლიებას ცდილობ. არასდროს არ მოხდება, რომ ზევსის ნებას შევუშინდე, დიაცად ვიქცე და ვთხოვო ყველაზე უფრო საძულველს ქალივით სავედრებლად გაშლილი ხელებით, რომ ამ ბორკილებისგან დამიხსნას. სულაც არა!
ჰერმესი
მგონია, ბევრს თუ ვილაპარაკებ, ამაოდ ვილაპარაკებ. ჩემი თხოვნით ვერც გაწყნარებ და ვერც დაგიყოლიებ. როგორც ახალშებმული კვიცი ლაგამს ღრღნის, [1010] სადავეს ებრძვის და წიხლებს იქნევს. არაფერია ისე სუსტი, როგორც სიგიჟეში მძვინვარება. მისი სიჯიუტე, ვინც კარგად ვეღარ აზროვნებს, თავისთავად, სრულიად უძლურია. უყურე, თუ ჩემს სიტყვებს არ დაუჯერებ, რამოდენა გრიგალი და უბედურების მესამე ტალღა დაგატყდება თავს გარდაუვლად; ჯერ ამ ფლატეებიან კლდეს ჭექა-ქუხილითა და ელვის ცეცხლით მამა დაამსხვრევს, დამალავს შენს სხეულს, ქვების წიაღში ჩამარხავს. [1020] დროის დიდ მანძილს მოათავებ, სანამ უკან, სინათლეზე, დაბრუნდები. ზევსის ფრთოსანი ძაღლი კი, მოყავისფრო-ყვითელი არწივი, მძვინვარედ მოგლეჯს სხეულის დიდ ნაჭერს, ყოველდღე მოსული დაუპატიჟებელი სტუმარი შავ და გაგლეჯილ ღვიძლს შეგიჭამს. ამ გასაჭირის ბოლოს ნუ ელოდები, სანამ ღმერთთაგან ვინმე, შენი ტანჯვის მემკვიდრე არ გამოჩნდება და არ ისურვებს უმზეო ჰადესისა და ბნელი ტარტაროსის სიღრმეში ჩასვლას. [1030] ამის შემდეგ გაიაზრე, რადგან ეს გამოგონილი და ცარიელი მუქარა კი არ არის, არამედ სრული სიმართლე; ზევსის ბაგებმა არ იციან სიცრუის თქმა, ყველა სიტყვა აღსრულდება; შენ კი გაიაზრე და მოიფიქრე, სიჯიუტეს ნუ ჩათვლი ბრძულ რჩევაზე უკეთესად.
კორიფაიოსი
ჩვენ გვეჩვენება, რომ ჰერმესი სწორად ამბობს. რადგან გირჩევს, სიჯიუტე გვერდით გადადო და ეძებო სიბრძნის კეთილი რჩევა. დაუჯერე! სამარცხვინოა ბრძენისთვის შეცდომაში გაჯიუტება.
პრომეთევსი
[1040] ეს მე ვიცოდი, რაც ახლა უწყება ასე ხმამაღლა ბრძანა. ხოლო მტერმა მტრისგან რომ უბედურება გადაიტანოს, სამარცხვინო არაა. ამის შემდეგ დაე დამეცეს ცეცხლის გაორებული კულული[40], ეთერი შეირხეს ჭექა-ქუხილითა და მძვინვარე ველური ქარებით; მიწა ძირფესვიანად შეარყიოს ქარიშხალმა, ხოლო ზღვის ტალღა სწრაფი მოზღვავებით შეერიოს ზეცაში [1050] ვარსკვლავების გზას; შავ ტარტაროსში სიმაღლიდან დაანარცხოს ჩემი სხეული ბედის სასტიკი ტრიალით, მაინც ვერანაირად ვერ მომკლავს.
ჰერმესი
მაშ, ასეთი გონებაშეშლილის ფიქრები და სიტყვები მოვისმინეთ. რა აკლია ამ ლოცვას სიგიჟემდე? სად შეასუსტა შეშლილობა? თქვენ კი, რომლებიც თანაუგრძნობდით მას ამ განსაცდელში, [1060] სასწრაფოდ მოშორდით ამ ადგილს, რომ გული არ გაგიხეთქოთ მეხის ულმობელმა ქუხილმა.
გუნდი
სხვა რა მითხარი და სხვა რჩევები მომეცი, რომ დაგიჯერო; ახლა რაც ბრძანე, სრულიად მიუღებელი და უადგილო სიტყვა იყო. როგორ მიბრძანებ, რომ სულმდაბლობაში ვივარჯიშო? მასთან ერთად მსურს გადავიტანო ყველა ტანჯვა. მოღალატეთა სიძულვილი მაქვს ნასწავლი, არ არის სნეულება, [1070] უფრო მეტად რომ მეზიზღებოდეს.
ჰერმესი
მაშ თქვენ გახსოვდეთ, რაც გითხარით და უბედურება თავს რომ დაგატყდებათ, ბედს ნუღარ გაკიცხავთ, ვეღარ იტყვით, რომ ზევსმა მოულოდნელად გადაგისროლათ ტანჯვაში. საკუთარ თავს დააბრალეთ. რადგან იცოდით და არა უცაბედად და არც დაფარულად აღმოჩნდებით თქვენ განსაცდელის ისეთ ბადეში, თავის რომ ვერ დააღწევთ – მასში გაგაბათ უგუნურებამ.
ჰერმესი ქრება.
პრომეთევსი
[1080] ახლა უკვე საქმითა და არა სიტყვით იძრა მიწა, ქუხილის ყრუ ექო ისმის პასუხად, მანათობლის ცეცხლოვანი კლაკნილი ბრწყინავს, გრიგალი მტვერს ატრიალებს; მძვინვარებს ქარების თარეში, ერთმანეთისკენ მიქრიან და ერთმანეთს ეხეთქებიან, ეთერი ზღვას შეერია. ყველაფერი ეს დამატყდა თავს ზევსისგან, [1090] რომ შიში დათესოს ცხადად. ო ჩემო წმინდა დედა, ო ყველაფერზე საერთო სინათლის დამღვრელო ეთერო, ხედავ, რა უსამართლოდ ვიტანჯები?!
ჭექა-ქუხილისა და ელვის თანხლებით პრომეთევსი მიწაში ვარდება
და მასთან ერთად ქრებიან ოკეანოსის ქალიშვილებიც.
[1] „მიჯაჭვული პრომეთევსის“ დათარიღება, სტილისტური თავისებურებანი, სხვა ტრაგედიებს შორის მისი ადგილი და ესქილეს ავტორობაც კი ჩვენს დროში ხანგრძლივი პოლემიკისა და არსებითი უთანხმოების საგანია.
დოკუმენტური მონაცემები „პრომეთევსის“ დადგმის შესახებ ჩვენამდე არ შემორჩენილა. ტრაგედიის ენა არსებითად უფრო მარტივია, ვიდრე ესქილეს სხვა ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებებში, ამასთანავე, გუნდის როლიც მეტად შემცირებულია. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს ტრაგედია დიდი დრამატურგის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება, როდესაც იგი სიცილიაში მოღვაწეობდა, სადაც ადგილობრივ თეატრს არ ჰქონდა ის ტრადიციები, რაც ათენს ახასიათებდა. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ „პრომეთევსი“ ესქილეს სიცოცხლეში საერთოდ არ დადგმულა და რომ იგი მისი სიკვდილის შემდეგ ათენში ორმოციან წლებში დადგა მისმა ვაჟმა ევფორიონმა, რომელმაც ტრაგედიაში საკუთარი ცვლილებები შეიტანა და ენა არსებითად შეამსუბუქა.
[2] სტრ. 2. სკვითიის მხარეში – სკვითები, მაშინდელი წარმოდგენით, იკავებდნენ უზარმაზარ სივრცეს საბერძნეთისა და შავი ზღვის ჩრდილოეთიდან „დედამიწის მიჯნამდე“, ანუ ოკეანემდე.
[3] სტრ. 7 ცეცხლის ალი მოიტაცა – კლასიკურ საბერძნეთში ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი იყო ჰეფესტოსი, რომლის სამჭედლო მოთავსებული იყო კუნძულ ლემნოსზე, ვულკან მოსიქლოსის ქვეშ. ითვლებოდა, რომ როდესაც გრდემლზე ცეცხლის შემბერავი კიკლოპები მეტისმეტად ირჯებოდნენ, მთიდან ცეცხლის ალი ამოდიოდა. შესაძლოა, პრომეთევსი ბალკანეთის ნახევარკუნძულის წინაბერძნული მოსახლეობის ღმერთი იყო; მაშინ გასაგები ხდება მისი ჩამოგდების აუცილებლობა – პრომეთევსის უფლებები ჰეფესტოსისთვის, ოლიმპიური პანთეონის წარმომადგენლისთვის, უნდა გადაეცათ.
[4] სტრ. 10 ზევსის ტირანია – აქ და შემდგომში ტრაგედიაში ცნება „ტირანიას“ ენიჭება ის უარყოფითი შინაარსი, რომელიც მას გაუჩნდა ესქილეს თანამედროვეებში: ერთმმართველობა, მეგობრებისადმი უნდობლობა, საკუთარ სურვილებს აყოლა.
[5] სტრ. 12 ძალაუფლება და ძალა – (ბეძნულში პირველი მათგანი Κράτος – მამრობით სქესისაა, მეორე βὶη კი – მდედრობითის) – ეს პერსონაჟები ცნობილი არიან ჰესიოდეს „თეოგონიიდან“ (სტრ. 385-401), როგორც სტიქსის შვილები და ზევსის მსახურები. ძალაუფლება ესქილესთან უსიტყვო პერსონაჟია.
[6] სტრ. 14 ნათესავი ღმერთი – მითოლოგიური გენეალოგიით, ჰეფესტოსი ზევსისა და ჰერას ძეა, ანუ დედამიწისა (გეასა) და ურანოსის შვილთაშვილი. პრომეთევსი, რომელიც ჩვეულებრივ ტიტან იაპეტოსისა და ოკეანისი კლიმენეს ძედ ითვლება, ესქილესთან წარმოდგენილია ტიტანად, ძედ თემისისა, რომელიც აქ იდენტიფიცირებულია გეასთსან (იხ. ქვემოთ, სტრ. 209 და შმდგ).
[7] სტრ. 15 უკაცრიელ კლდეს – ტრადიციული ვერსიით, პრომეთევსი მიჯაჭვული იყო კავკასიონის კლდეს; თუმცა ვერაფერი დაუშლიდა ესქილეს, თავად კავკასიონი შავი ზღვის ჩრდილოეთით, სკვითიაში წარმოედგინა.
[8] სტრ. 35 ახალი ძალაუფლება – ზევსი და მისი ოლიმპოსური სანათესაო, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო კრონოსის ჩამოგდების შემდეგ. ახალი ხელისუფლების ძველ წესრიგთან კონფლიქტი „პრომეთევსისთვისაც“ ისე აქტუალურია, როგორც „ევმენისებისთვის“, რომელშიც ძველ ქალღმერთ ერინისებს უპირისპირდებიან ახალი ღმერთები: აპოლონი და ათენა.
[9] სტრ. 56 კლდეზე მიაჭედე მძლავრად შენი უროთი – „პრომეთევსის“ სცენის განლაგება საკმაოდ რთული დასადგენია. სავარაუდოა, რომ სცენის ფასადი ისე იყო დეკორირებული, რომ კლდოვანი ქედი წარმოედგინა. ერთ-ერთ კლდეზე, რომლის უკან იყო სცენის შენობის ცენტრალური კარი, მიაჯაჭვავდნენ პრომეთევსს. დრამის ფინალში საკმარისი იყო, გაეღოთ ეს კარი, რომ პრომეთევსი კლდესთან ერთად უკან გადავარდნილიყო, რაც მაყურებლისთვის ნიშნავდა, რომ იგი ტარტაროსში დაინთქა.
[10] სტრ. 65 მთელი ძალით მკერდში ჩაასვე – ამ სტრიქონზე დაყრდნობით, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ პრომეთევსს წარმოადგენდა თოჯინა, რომლის უკანაც იდგა მსახიობი და მის სიტყვებს წარმოთქვამდა; მაგრამ უსიცოცხლო თოჯინა, რომელსაც თავით მცირე ჟესტის გაკეთებაც არ შეეძლო, ვერ აღძრავდა მაყურებლის თანაგრძნობას. რა თქმა უნდა, არავინ არ ფიქრობდა, ფოლადის სოლი ცოცხალი შემსრულებლისთვის ჩაერჭო; ჰეფესტოსის როლის შემსრულებელ მსახიობს შეეძლო, რამდენიმეჯერ მოექნია ურო, რომელსაც დაერთვოდა ლითონის ღრჭიალი (შდრ. სტრ. 133 და შმდგ).
[11] სტრ. 85. პრომეთევსის სახელი – ასეთი ეტიმოლოგიური თამაში (პრომეთევსი – „წინასწარ განმჭვრეტი“) ბერძნებისთვის სერიოზული საქმე იყო და სახელი მართლაც განსაზღვავდა ადამიანის ხასიათსა თუ ბედს. შექსპირისგან განსხვავებით, ესქილე ნახევრად სახუმაროდაც არ მიიჩნევდა ეტიმოლოგიურ ანალიზს, მისთვის აპოლონის, კლიტემნესტრასა თუ პოლინიკესის სახელებში nomen est omen („სახელი ნიშანია“, ანუ სახელი თავად ამბობს ყველაფერს).
[12] სტრ. 115 სურნელი – ზებუნებრივი სურნელი ღმერთის მოახლოების ნიშანია (შდრ. ევრიპიდე, ჰიპოლიტოსი სტრ. 1391; ვერგილიუსი, ენეიდა, I, 403).
[13] სტრ. 170 ახალი გეგმა – საუბარია არა რაღაც შეგნებულად ორგანიზებულ შეთქმულებაზე, არამედ წინასწარგანსაზღვრულ ბედისწერაზე, რომლის მიხედვითაც ვაჟი, რომელსაც ზღვის ნიმფა თეტისი შობს, მამამისზე მძლავრი იქნება. ვინაიდან პრომეთევსმა იცის, რომ თავის დროზე ზევსი მოინდომებს თეტისის დაუფლებას, იგი შობს თავის დამმარცხებელ მოწინააღმდეგეს, თუ წინასწარ არ იქნება გაფრთხილებული ამ საფრთხის შესახებ (იხ. ქვემოთ, სტრ. 761-770, 908-910, 920-927).
[14] სტრ. 191 დარბილდება ერთხელაც... – მინიშნება კონფლიქტის მოგვარებაზე „განთავისუფლებულ პრომეთევსში“.
[15] სტრ. 250 ...შეეწყვიტათ თავიანთი დაღუპვის წინასწარჭვრეტა – პრომეთევსის ამ დამსახურების აზრი ისაა, რომ მან ადამიანებს წაართვა სიკვდილის დროის ცოდნა და ამით მათ ჩაუსახა მომავლის იმედი. პლატონთან „გორგიასი“ 523d, ისტორია ასეა გადმოცემული: ადრე ადამიანთაგან ერთნი ასამართლებდნენ მეორეებს სიკვდილის თარიღის დადგომამდე და ზოგს უსჯიდნენ ნეტართა კუნძულებზე დასახლებას და ზოგსაც – ტარტაროსში ჩასვლას. გაცხადებული განაჩენის შემდეგ ადამიანებს რჩებოდათ დრო, მოეტყუებინათ მსაჯულები. მაშინ ზევსმა უბრძანა პრომეთევსს, აღეკვეთა ეს სისტემა და ადამიანებს გაუფრთხილებელი სიკვდილი და მკვდრებს სხვა მკვდრების სასამართლო დაუდგინა. ვინაიდან ესქილესა და პლატონის გარდა, ეს მოტივი სხვაგან არ გვხვდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ პლატონმა თავისი წინამორბედის მოსაზრება გადაიაზრა ზევსის სასარგებლოდ
[16] სტრ. 252. ბრმა იმედები ჩავასახლე – ამ შემთხვევაში ესქილე გადაიაზრებს ჰესიოდეს ნათქვამს. „სამუშაონი და დღენი“ (სტრ. 90-105) გვიყვება, რომ პრომეთევსის მიერ მოკვდავთათვის ცეცხლის მოტაცების გამო ადამიანებს მიუგზავნეს პანდორა ყუთით, რომელშიც ყველა უბედურება და დაავადება იყო მოთავსებული; მხოლოდ მის სიღრმეში იყო იმედი. პანდორამ რომ ყუთს თავსახური ახადა, გარეთ გამოვიდა ყველა უბედურება; ხოლო, როდესაც ზევსის ნებით პანდორამ ყუთი კვლავ დახურა, მოკვდავთათვის მიუწვდომელი იმედი ყუთში დარჩა.
[17] სტრ. 282 სწრაფ სავარძელს – იგულისხმება ოკეანისების ფრთოსანი ეტლი.
[18] სტრ. 290 ამისკენ მომიხმობს ნათესაობა – ყველაზე უფრო გავრცელებული გენეალოგიის მიხევი, ოკეანოსი ურანოსისა და გეას ძეა, ანუ ტიტანია პრომეთევსივით. მეორე მხრივ, ესქილეს მიხედვით, პრომეთევსს ცოლად ჰყავდა ოკეანისი ჰესიონე (იხ. ქვემოთ, სტრ. 559 და შმდგ) – შესაბამისად, ამ ხაზით იგი ოკეანოსს ენათესავება.
[19] სტრ. 333. მონაწილეობდი ჩემს წამოწყებაში – ამ ადგილის მიხედვით ჩანს, რომ ოკეანოსი მონაწილეობდა პრომეთევსის შეთქმულებაში, თუმცა მანამდე, სტრ. 236-ეს მიხედვით, პრომეთევსს თანამონაწილეები არ ჰყოლია ზევსთან დაპირისპირებაში.
[20] ეტნის ამოფრქვევა ძვ.წ. 479/8 წ. ასევე აღწერილი აქვს ცნობილ პასაჟში პინდაროსს (პინდაროსი, პითიური ოდები, 1.21, დაწერილია ძვ.წ. 470 წ.), რომელსაც გულისხმობს ესქილე. ლირიკოსი პოეტი ყურადღებას ამახვილებს ამოფრქვევის ფიზიკურ ასპექტზე დღისითა და ღამით; დრამატურგი კი ყურადღებას ამახვილებს იმ ზიანზე, რომელიც მიწათმოქმედის ნამუშევარს მიადგა.
[21] სტრ. 418-419. მეოტისის ტბა – აზოვის ზღვა.
[22] ვაზის მხატვრობაში ესქილეს შემდგომ ხანაში, შესაძლოა სწორედ მისი გავლენით, იო ხშირად წარმოდგენილი იყო რქებით, რომლებიც მის დეკეულად ქცევის სიმბოლოს წარმოადგენდა. უფრო ადრინდელ ვაზებზე იგი მთლიანიად ცხოველის სახით იყო წარმოდგენილი.
[23] სტრ. 636 მამაშენის დები არიან – ინაქოსი, იოს მამა, როგორც ყველა მდინარის ღმერთი, ოკეანოსის შვილად ითვლებოდა.
[24] სტრ. 650 კიპრისი – აფროდიტე. კიპრისთან შერთვა სურს – სიყვარულით შენთან შერთვა სურს.
[25] სტრ. 652 ლერნე – ჭაობიანი ადგილი არგოსის მახლობლად.
[26] სტრ. 658 დოდონე – ზევსის სამისნო ეპიროსში. აქ ქურუმები წმინდა მუხის ფოთლების სრიალით მისნობდნენ. იხ. ქვემოთ, სტრ. 880-833.
[27] სტრ. 669 ლოქსიასი – აპოლონი.
[28] სტრ. 676 კერხნეია – ქალაქი არგოსის მახლობლად.
[29] სტრ. 715 ხალიბები – სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიუს ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება ანტიკური ხანის მწერლების ცნობებში. ხალიბები იხსენიებიან ძირითადად დასავლეთქართული ტომების გარემოცვაში. ქსენოფონსა და სტრაბონთან ხალიბების სინონიმებად არის მიჩნეული „ხალდები“, რომლებსაც VIII საუკუნის სომხური „გეოგრაფია“ ჭანებთან აიგივებს. ამიტომ ხალიბებსაც დასავლურქართულ ტომებად მიიჩნევენ.
[30] სტრ. 717. ჰიბრისტესი – სიტყვასიტყვით, „მოძალადე“ (სიტყვიდან hybris ძალადობა).
[31] სტრ. 724 და შმსგ თემისკირა – ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე; თარმოდონი – მდინარე, რომელიც თემისკირის მახლობლად უერთდება ზღვას.
[32] სტრ. 733. ბოსპოროსი – ამ ტერმინის ხალხური ეტიმოლოგია მომდინარეობს βοῦς და πόρος სიტყვებიდან „ძროხის გადასასვლელი“, სინამდვილეში, ვეკლაინის მიხედვით, არის ჰეკატეს ეპითეტის, Φωσφόρος „სინათლის მატარებელი“ სიტყვის თრაკიული ფორმა. ერთხელ შეცდომით გადააზრებული ეს დიალექტური ფორმა თრაკიულიდან (იხ. ესქილე, „სპარსელები“, სტრ. 746) ყირიმის სრუტეზე გადავიდა. სხვათა შორის, „მავედრებლებში“ ესქილემ იოს თრაკიული ბოსფორი გადაალახვინა.
[33] სტრ. 772 ის უნდა იყოს შენს შთამომავალთაგან – იგულისხმება ჰერაკლესი, რომელიც იოს შთამომავალია წინაპარ პერსევსის ხაზით.
[34] სტრ. 774 მესამე თაობა, ათი სხვა თაობის შემდეგ – თუკი თითოეულ თაობაში საშუალოდ 40 წელს ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ პრომეთევსის ტანჯვა გაგრძელდება დაახლოებით 500 წელს და არა „უსასრულო წლების განმავლობაში“, როგორც მის პირველ მონოლოგში იყო ნათქვამი.
[35] სტრ. 852. ეპაფოსი – „შეხებით შობილი“, ზევსის ხელის შეხებით იშვა. შდრ. ესქილე, „მავედრებლები“, სტრ. 45, 48.
[36] სტრ. 872. იგულისხმება ჰერაკლესი – იოს ამ შთამომავლის მიერ მოწამლული ისრით შემთხვევით დაჭრილი კენტავრი ქირონი იკისრებს პრომეთევსის ჩანაცვლებას, რითიც აღსრულდება წინასწარმეტყველება, რომელზედაც ლაპარაკია ქვემოთ, იხ. სტრ. 1026.
[37] სტრ. 925. აქ ესქილე ეყრდნობა ლეგენდას, რომლის მიხედვით პოსეიდონი და ზევსი მეტოქეები იყვნენ თეტისის სიყვარულში, რომლის შვილს თემისმა უწინასწარმეტყველა, რომ მამაზე უფრო ძლიერი იქნებოდა. წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც თეტისმა ვაჟი, აქილევსი უშვა პელევსს.
[38] ადრასტეია, „მოუგერიებელი“ არის ნემესისის ეპითეტი. ეს ქალღმერთი სჯიდა ზედმეტად თამამი სიტყვებისა და ჭარბი ბედნიერებისთვის.
[39] სტრ. 957 ორი ტირანი რომ ჩამოვარდა... – ურანოსი, რომელიც დაამხო კრონოსმა და კრონოსი, რმელიც ჩამოაგდო ზევსმა.
[40] სტრ. 1044 ცეცხლის გაორებული კულული – ელვა.