თამარ მეფის ლეოპოლდ მეხუთესთან მიწერილი


თამარ მეფის ლეოპოლდ მეხუთესთან მიწერილი




忍びの者

                                                                   მიპარვით მოკალ სასიძო
                                                                                           ნესტან-დარეჯანი

თუა ადგილი საიდანაც ყველაფერს მიწვდები?
აქედან ვერაფერს ვხედავ
შენს წერილებში ვკითხულობ ჩვენი პლანეტის
უმაღლეს და უღრმეს წერტილებს  შორის გაბნეული აცდენილი გზების ამბავს
აქ როგორ მოვხვდი
შენ როგორ შემამჩნიე
რამდენ ხანს ვიწექი მიწაში საგანგებოდ გადანახული იარაღივით
- მოდი და მოკალიო ჩემი ყოფილი შეყვარებული
რომელი მზე მომაგდებს შენს ფეხებთან სამყაროსთვის დაფარულის უჩინარ ჩრდილს
ტყვია რომ გავარდება
ან დანა რომ სისხლით შეიღებება
ან ჩემს ხელში ქვას მისი თავის ქალა
პირველად და უკანასკნელად რომ მიესალმება
საიდუმლოს ვინ შემინახავს მას ვინ იტვირთებს
რომელი გულის ბნელი ქუჩებით მივადგები საიმედო სახლის კარს
ვისი მოქნილი სხეული
ვისი თბილი და მგრძნობიარე თითები გადაეფარება
ჩემზე დამიზნებული ვიდეოთვალების მაბეზღარა ამბრაზურებს
დაუშვი დროშა - შენი წითელი კაბა
რომ ვერ მოგვაგნონ
ერთმანეთისკენ ზურგშექცეულები გავეშურეთ სხვადასხვა მხარეს
და ერთმანეთს ვეძახით
სად ხარ
სად ხარ

 

გერმანულის გაკვეთილი

გიორგი მთაწმინდელმა ჩაიწერა
ექვთიმე მთაწმინდელზე იოანე მთაწმინდელის ნათქვამი
- მუნ ჟამამდე არ იცოდა გერმანული

მეგონა სასწაული მოხდებოდა და
გერმანულად თავისუფლად დაგელაპარაკებოდი
შენ მითხარი რომ ჩვენი შეხვედრაა სასწაული
როგორც უდაბნოში უნებლიეთ საკუთარი სახლის პოვნა

ლაო ძიმ  ჩემ შესახებ გითხრა Meine liebe Sarah
მე სულ ვუქებ მას
ტანის დაცლას და შემსუბუქებას
ის კი სიზმრებში მოტოციკლეტით მიქრის და იმტვრევა

საწყალი ნიკო გომელაური გამოგვეცხადა
დაიკვნესა - მდინარესთან მივედი
რომ სიყვარული ჩამომერეცხა
ის  მთვარეს სვამდა
ვნებას მღეროდა
გამომიწოდა სასმელი და
სიყვარულზე სიყვარული მომემატა

მე ვთქვი - აი ჩემი კანი
ხელშეუხებლობით გაცრეცილი  პერგამენტი
ენით უთქმელ ამბავს ამოიკითხავ?
 

 

თამარ მეფის ლეოპოლდ მეხუთესთან მიწერილი

ჩემი გულივით გრგებიათ შტაიერმარკი
თქვენს სახელს ვამბობ მაგრამ ვის ესმის ჩემი ძახილი
ერთად არაა თბილისი და ვენა

ნუთუ შეიძლება ვინმემ გიწოდოთ Немец 
კარგად ვიცი რაა პირუტყვობა
ქმარი რუსი მყავს
ახლა, როცა ამას გწერ, მას მეორე ოთახში სძინავს
ყურში ჩამესმის თქვენი ტკბილი ხმა
და მაგონდება ჩემი ხელი
თქვენს უხეშ და ძლიერ ხელში
იცით - მესიზმრა
ინგლისის მეფის დაჟანგული მახვილი გეპყრათ
იგი ხელებში ოქროდ გექცათ
იმ ოქროთი კი სამეფო ქალაქი ააგეთ

არეულობაა კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე
რომ შევთანხმდებოდეთ
თქვენ ლაშქარს დაძრავდით აღმოსავლეთისკენ
მე - დასავლეთისკენ
შუაზე გავიყოფდით ამ სულის მღაფავ სახელმწიფოს
ერთი საზღვარი გვექნებოდა მაშინ
ბაგრატიონებს და ბაბენბერგერებს ჩვენი საერთო ნათესავების
კომნენოსების მემკვიდრეობაში გვაქვს თუ არა წილი
თქვენი იქნებოდა კონსტანტინე დიდის ქალაქი
მე ტრაპიზონთან გავჩერდებოდი

Ich lerne Deutsch  
Ich möchte wieder mit dir durchs Dunkel gehen
mit meiner Hand in deiner

ერთ ღამეს ორჯერ ვინ გაათენებს
უთქვენოდ სიცოცხლე ადვილი არაა
იქნებ ცოცხლები არც ვართ მკვდრები ვართ
როგორც ერთხელ ჩვენი საერთო მეგობრის მეგობარს
რიტორიკულად დაუკვესავს
იქნებ არ დავიმარხებით ჩვენ - ჩვენს მამულში
რადგან იქნებ ჩვენი საფლავები უკვე ერთადაა და
 ბაბილონის გოდოლის ნანგრევებშია მოყოლილი
იქნებ ჩვენი სულები მაშინ დაიხოცნენ
მისი მშენებლობა რომ შეწყდა
და ჩვენს სხეულებს ელოდებიან

 

 

Minnesang

ჩვენ რა გვინდა და ბნელი ღამე...
ჩემი ცოლის პირიდან მზე ამოდის:
- მოსატანია პური და რძე,
ბავშვი სკოლაშია წასაყვანი,
სამსახურში მეც არ უნდა დავიგვიანო.
ვიზეპირებ შენს სიტყვებს, ჩვენს მიმოწერილებს ვშლი.
ის იქნება ჩემი სიმღერა,
ღამენათევს და დაღლილს რომ გამამხნევებს.

 

 

###
კალენბერგის ტანმაღალ ტყეს
ქარი რომ მოვუყევი,
აწრიალდნენ, აგრიალდნენ,
ამქუხარდნენ მუხები.
ტყის გადაღმა ტრანსცენდენტულ
საკითხებით დაინტე –
რესებული ფიქრიანი
ვნახე ყვავი რაინდი.
,,მხოლოდ გაკონტროლებული
ცოდნაა საწინდარი
უსაფრთხოების“ – თქვა მან და
გაიარა მინდორი.

 

 

###

დავატყვევეთ გიორგი მერვე,
დავადევით ფეხებზე ხუნდი,
ყველა მდინარე, ამერ - იმერ,
თავის კალაპოტს დაუბრუნდა.

 

რიყის ქვასავით ყრია მზეზე,
იხრწნება და ყარს მკვდარი თევზი.
გამოსათხოვარ ვახშმად ვსხედვართ,
მოგვართვეს ფხები, თითო თეფში.

 

ადგომას, წასვლას ისე ვჩქარობთ,
მძლავრი, მეზობელ ქვეყნის ჯარი,
თითქოს ჩვენს საზღვრებს მოაწვა და
საყოველთაო გაწვევაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE