წყალმა წაიღოს ის დრო...


წყალმა წაიღოს ის დრო...




სენ-დენი


გამოხედვების ძაფში გახვეულს,
მჭირდება ის,

რასაც ვჭირდები.

ჩემი ცხოვრების ახალი ერა

მე აქ დავიწყე.
ხაზთ სიმკვეთრეში
წამოვიმართე,
თვალის ქუთუთო გამოვაღე,
როგორც სარკმელი
და გადავწყვიტე გაგრძელება
მოვლენების,
აგებულების.
ის გუშინდელი მე აღარა ვარ.
უფრო ნათელ სულში ჩავდექი,
წარმოუდგენელ სინამდვილეში.

მე აქ დავიწყე.
ილუზიებთან დამშვიდობება.
„მკვდარი მეფეების
და ცოცხალი ადამიანების ქალაქში“.

არ დამყავს დილა,
როგორც ჩვილი,
არ გამაქვს ღამე,
როგორც საზრდო
დამშეულების.
უცებ მოვარდნილ წვიმების მერეც

აღარ ტირიან
ჩემი სიზმრები.

მე ვიცი, რომ აქ
ვამარცხებ წარსულს,
ტკივილის ჯაჭვებს ფეხიდან
ვიხსნი.
და სადგურიდან - სადგურებზე
ჩემს გზას
ვადგავარ.

ყველა კერპი და
ყველა ქალაქი იმსხვრევა მაშინ,
ჩემს სამყაროში,
ჩემს ფიქრებში,
თუ ჩემს უჯრედში
ვარ ერთადერთი.

„წითელ ქალაქში“
პოლ ელუარის აჩრდილს
დავეძებ.
კათოლიკური კათედრალი
თითქოს იხსენებს,
მისტერიები როგორ განდევნეს
ამ ქალაქიდან,
მათ შედეგები ვეღარ გათვალეს...

გახსნილ სივრცეში
გზა გრძელდება თავისთავიდან.

სკამზე ვზივარ,

ნიშანს ვიძლევი,
თან მტრედებს ვუმზერ გაღიმებული.
სად დაიკარგა ელუარი?
მისი წყლიანი ჩრდილის ნასახიც
ვერსად ვიპოვე.
ის შადრევნებმაც ვერ აითვისეს.
მანამდე თეთრი,

უფრო თეთრით ამოხეთქილი
მსუბუქ ღრუბლების ტანზე
დარჩა ანარეკლებით.
სენ-დენის ქუჩებს
მისი სიტყვის არა რა ახსოვთ...

ცარიელი ვარ,
ახალ ფორმას სანამ
მივიღებ,
ახალ ხსნაში სანამ გადავალ,
სანამ დავანგრევ ახალ ბაბილონს...

დავდივარ ასე ამ ქალაქში
და ნაკვალევით ქვაფენილზე ვტოვებ ჩემს სახელს...

ალბათ მომავლის სხივებზე ვდგავარ...

მიმართულებებს ადგენს განგება,
ადამიანი შეცვლის ყველაფერს,
ან ეთანხმება...

 

 

* * *

მე ჩემი დილა მაქვს,
ჩემი ჩაი მელოდება,
ხსნადი ყავა და ცხელი შოკოლადი.
ამ სამიდან ერთ-ერთი ყოველთვის.
წიგნი, სამუშაო,
შეხვედრები.
ყოფითი,
ბანალური,
მნიშვნელოვანი...
და ჩემი ფილოსოფია, რომელიც
ვიღაცებს აღიზიანებს.
დღეს ვცდი უმეტაფორო პოეზიას,
მეტაფორა გისრუტავს,
მერე იქ რჩები, ვერ გამოდიხარ.
მე ჯერ კიდევ ჩემში მინდა ყოფნა.
თურმე მეტაფორაც დამღლელი ყოფილა.
მინდა, ჩვეულებრივი,
არაფრით გამორჩეული
თვალი მოვავლო სამყაროს.
საკუთარი ხელისგულივით დავცქერი
მას.
ორი ხაზი გადის,
ერთი გრძელი, ერთიც მოკლე.
სიკვდილ-სიცოცხლის.
ქირომანტივით არ ვეცდები მათ წაკითხვას,
საიდუმლოდ დარჩეს, რომელი რომელია...
მოსაწყენია ეს ღიღინა ლექსები,
ცხოვრებაა დამღლელი და იმიტომ.
აი, ლოგიკური პასუხი
ყველაფერ ამაზე...

 

***
რეინკარნაცია კი არა,
სხვა რამეა.
სიზმრებისგან, ოცნებებისგან,
ცხადშერეული ნატვრებისგან,
გაცრუებული იმედებისგან,
სიკვდილიდან - ბედისწერამდე
დროსა და სივრცეში გაიწელა,
ჩამოიქნა და ჩამოცვივდა.
გაჟღერდა და გახმოვანდა, შეწყდა.
წარმოდინდა...
თანამედროვე ენით, გადამუშავდა
ადამიანი.
მოგზაურობს ახლა გონების სადინარებით და
„ეზეიმება გამარჯვება...“
კენჭივით გადასროლილმა

ფსკერი ვერ მოიძია,
და უსულო ღამესავით მუნჯია.
არ ჩასახულა, არ დაბადებულა,
განზომილებების დაკლაკნილ კიბეს აჰყვაო -

ესეც არ არის...
მოძრავი ნახატია და რა დაუდგინეს,
არ იცის...
გასაღებიც ვერ მოარგო თავის თავს და
გარეთ იტანჯება...
არ უნდა გაიგოს, რომ მოუახლოვდა...
პირველი, მეორე, მესამე, არ იცის, სად არის და რას გასწვდა...
დროულია, მაგრამ არანამდვილი...

 

 

* * *

საკუთარი თავის დაბრუნება სცადა,
დანაწევრებული სულის გამთლიანება
არ უცდია
და ყველა დრომ მასში გაიარა.

ის პირველ საუკუნეში გადაისროლეს,
და ქრისტეს მოწაფე გახდა.
და ყველა მისი ნაწილი, რომელიც მიმოიფანტა
ქვეყნის სხვადასხვა მხარეს,
კაცში გადარჩენილ ღმერთს მიეკრო სხეულზე.

და ავარდა ბოლი.
ოსვენციმი გვერდით ოთახში გაუჩნდა
ყველა პოეტს,
და ხიროსიმა თვალში ჩარჩა,
შვილში ჩარჩა,
დედის მოგლეჯილ ტანს ჰგავდნენ
მშობლიური მთებიც.

და ის წერდა ლექსს, რომელშიც არ იყო თვითონ,
რომელშიც არ იყო წესრიგი, რადგან
რაც იყო, ის ყველაფრით, ყველა ნერვით
დაშორებოდა მას.

და ის არ დადიოდა, არამედ ელაგა.
და მისი სიტყვა, მის გამო
გაცინებულ ბრბოს უზუსტესად აღწერდა.

 

 

წყალმა წაიღოს ის დრო...

შუქი მოვიდა.
ბნელ ქვეყანაში
მისი მოსვლაც არ გვიხაროდა.
კარებს ვაღებდით,
მაგრამ მასაც უმალ ვკეტავდით.
არ გვეძინა. არ ვიცინოდით...
ჩვენ ყველაფერი გამოვიარეთ,
გამოვიარეთ ეს ჯოჯოხეთი.
სასოწარკვეთამდე მთლიანებმა
და უჩვეულოდ გადარჩენილებმა,
სივრცეში დარხეულ სროლების ექოს

გავაყოლეთ მზერა,
ბავშვობა,
და სულიც, სულიც გავაყოლეთ.
სწორ გზას დავადექით თითქოს,
მაგრამ ილუზიაში გამოვედით.
იმ მარწუხივით ცივ და კაუჭა ხელს დავეყრდენით,

რომელმაც ჩვენი სამშობლო მოაშთო.
მის ხელში ხშირად თაფლის სანთელიც იღვენთებოდა...
და მოოქროვილი კვერთხიც ელვარებდა.
დავუჩოქეთ და ბოლომდე ვიზეიმეთ
ჩვენი გახრწნა....
ერთმანეთს ბასრი კბილები გამოვდეთ,
პური კი თვალებითაც ვერ შევჭამეთ.
არსად იყო პური.
შიში თოვლივით ცვიოდა ციდან,
და თოვლი შიშივით იდო გულის კარებთან გაუმდნარი და
...გაყინული.
გადაჭრილი თოფების ხანაში ვიცხოვრეთ,
და ნავთქურის კვამლისგან
სახეგაბოლილებმა მივაშურეთ საძინებელს,

სადაც სიზმარს არავინ ნახულობდა,
სადაც არ გვიცდიდა არც სიყვარული,
სადაც დედები იავნანას აღარ მღეროდნენ.
დროებით თუ სამუდამოდ გაიპარა სახლი,
ქუჩა,
მომავალიც უფრო უკან დარჩა, ვიდრე წინ.
მოსახდენი, ჩვენს უგნურად ერთი ხელის აქნევაზე
მეტი არც ყოფილა...
დღეს რომ პატარა აკვნესდება დედის სხეულში,

იმ შემზარავი დღეების კვალი
ამჩნევია ვარდისფერ კანზე ამოდაღულად.
ცრუ ძეგლების, ცრუ საფლავების გარემოცვაში

გვითენდება და გვიღამდება.
ირევა მატლი, ახლაც ფუთფუთებს,
ჩვენსავ გულებში. ახლაც ტრიალებს ის,

რაც ყოველთვის სიმწყობრეს გვირღვევს.
აქ მკვლელის მოედანი მოკლულულის ძეგლთან წამოუჭიმავთ...
აქ ,,მთა წმინდაც" ვერ დარჩა წმინდა.
თითქოს უმიზნო და განწირულ ძახილს დაეკიდა მთელი ქვეყანა,

მას იმ გადაჭრილი თოფივით ვერ დავმალავდით.
და იყო ასე, ყველას დასანახად გაშიშვლებული და პატივაყრილი...
მე დღეს აქედან ვყვირი
„წყალმა წაიღოს ის დრო“,
„წყალმა წაიღოს ის დრო“,
„წყალმა წაიღოს ის დრო“,
და შენგან ველი შეხმიანებას -
„წყალმა წაიღოს ის დრო -
წყალმა.“

 

 

***

ჭროღა ღრუბელი გადაივლის სევდიან ტბორზე,
ხმაჩაშრეტილი ზარის ექო
ჩვენამდე აღწევს.
და გასარკული ჰორიზონტის
იქით და იქით,
არ ჩანს არავინ, რომ შემოგვხედოს.
ფრთებგაშლილ ჩიტს კი სადღაც მიაქვს
მკვდარი ველობი,
როგორ ეტყობა ამ სამყაროს,
მისი შემქმნელის მოუცლელობა?!

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE