ნაიპოლის ორმაგი ხედვები


ნაიპოლის ორმაგი ხედვები




წლების განმავლობაში თავში მიტივტივებდა ერთი და იგივე სურათი - სამხრეთ ლონდონის ერთ-ერთი მიყრუებული უბნის მომცრო ბინაში ოცდაექვსი წლის ინდოელი ახალგაზრდა მამაკაცი საწერ მაგიდას უზის. 1958 წელია, ის წიგნზე მუშაობს, რომელსაც მალე XX საუკუნის უდიდეს ნაწარმოებად აღიარებენ. ახალგაზრდა მწერალი უზომოდ თავდაჯერებული და ამავე დროს, მაინც საოცრად უსუსურია: დიახ, იგი უპირობოდ სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით. განათლება ოქსფორდში მიიღო, იცის, რომ თავის თანატოლებზე განათლებულია და მათზე მეტი შეუძლია, მაგრამ სხვა მხრივ უსაშველოდ დაუცველია. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძირძველ, ტრადიციულ, კონსერვატორულ და ქედმაღალ ქალაქში - ლონდონში გადმოხვეწილა, თანაც საიდან, ინდოეთიდან. უფრო მეტიც, ის ინდოეთიდანაც კი არაა წარმოშობით, ის ტრინიდადში გაიზარდა, სადაც მისი ბებია და ბაბუა, როგორც მუშა-მონები, შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ ჩაიყვანეს. ესაა პირველი უჩვეულო ფაქტი, რაც თვალში მოგვხვდება ნაიპოლის მთავარი შედევრის, „სახლი ბატონი ბისვასისთვის“ წაკითხვისას. ესაა წიგნი, რომელიც უხვადაა გაჯერებული იუმორით და პათეტიკით, ფარული სიბრძნით, ტკივილნარევი თანაგრძნობით. ავტორმა მას სარჩულად დაუდო თანაბარი ოდენობის როგორც პიროვნული, ასევე სოციალური მოტივი, რაც არცთუ იოლი დავალებაა მწერლისთვის. ზოგიერთს მთელი ცხოვრება სჭირდება მწერლობაში ამ ხერხს რომ დაეუფლოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, ეს ნაწარმოები რომ დაწერა, ნაიპოლი ჯერ ოცდაათი წლისაც არ იყო. ამის სადარად მხოლოდ თომას მანს თუ გავიხსენებთ, რომელმაც თავისი შედევრი „ბუდენბროკები“ ჯერ კიდევ ოცდაექვსი წლის ასაკში დაწერა. სერვანტესი უკვე ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, „დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი რომ გამოიცა. ნაიპოლი უთანაგრძნობს (ხასიათის შტრიხი, რომელიც მწერალს დროთა განმავლობაში გაუნელდა, თუ სულ მთლად არ გაქრობია) მამამისს, სეეპერსადს, რომელიც მოჰუნ ბისვასის პროტოტიპია ნაწარმოებში. ბატონი ბისვასის მსგავსად, სეეპერსადიც ნაადრევად, სულ რაღაც ორმოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია, თუ იმ პრიმიტიულ, განუვითარებელ და ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებულ საზოგადოებას გავითვალისწინებთ, სადაც მას უწევდა ცხოვრება. თუმცა თუ ამას ფართოდ შევხედავთ, ეს წარმატება იოტისოდენაც არაა და ერთ პატარა წერტილს, ლაქას წარმოადგენს. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო შტრიხი მიყვება მთელ ნაწარმოებს ფონად. არ დაგვავიწყდეს, ტრინიდადში განათლების მიღებაც კი უკვე უკვე დიდ წარმატებად ითვლებოდა. ამის წყალობით მან, სეეპესადმა, შეძლო ადგილობრივ Trinidad Guardian-ში (წიგნში სახელი შეცვლილია Sentinel-ით) ჟურნალისტის ადგილის მიღება. მაგრამ დიდი საქმე, Trinidad Guardian ერთი პროვინციული, პატარა ადგილობრივი გაზეთი იყო (სეეპერსად ნაიპოლი თავის ვაჟთან ხშირად გამოსთქვამდა გულისწუხილს გაზეთში თავისი უმნიშვნელო როლისა და უინტერესო დავალებების გამო). სეეპერსადიც, ბისვასის მსგავსად, ცხოვრობდა და ხარობდა საკუთარი შვილების წარმატებით, რომლებმაც შეძლეს განათლების მიღება ინგლისში, თუმცა თავად მშობლიური კუნძული არასოდეს დაუტოვებია. მან თავისი მოკლე და უსიხარულო ცხოვრება პორტ ოფ სპეინის თხილისოდენა სახლში დაასრულა, რომელსაც ნაიპოლის ბიოგრაფი პატრიკ ფრენჩი „ყუთს“ უწოდებდა. „ქუჩის ბოლოში მდგარი, გაფარჩაკებული და გავარვარებული შენობა, დაახლოებით შვიდი კვადრატული მეტრი ორ სართულზე, რომელთაც ხის უხეირო კიბე აკავშირებს გარედან და გადახურულია უსწორმასწორო რკინის სახურავით.“

შვიდი კვადრატული მეტრი ეს იგივეა, რაც სამოცდათხუთმეტი კვადრატული ფუტი - აი, სად გაატარა მომავალმა ნობელიანტმა თავისი ბავშვობა.

თუმცა საკმარისია. დავუბრუნდეთ ჩვენს ახალგაზრდა მამაკაცს სამხრეთ ლონდონის მომცრო ბინაში. მას სურს მხატვრული ხერხით მამამისის ამბავი გვიამბოს - ცხოვრებისეული დაბრკოლებები, გამოვლილი საჩოთირო და დამამცირებელი ეპიზოდები, პატარა და დიდი მიღწევები. ნაცრისფერი ლონდონიდან, ათასობით მილით სახლს დაშორებული მომავალი მწერალი პატივს მიაგებს მშობლიურ კუნძულს, ბავშვობის ტრინიდადს თავისი ცხელი ოხშივარით და სუნით, სიღატაკით და ამბიციებით, ყოჩობით და არაფრისმაქნისობით. ასე ცდილობს მწერალი მამამისის ცხოვრების მნიშვნელობა და არსი შეაფასოს (ბატონი სეეპერსადი რომ გარდაიცვალა,  ვიდია  უკვე ოქსფორდში ცხოვრობდა). ტექსტზე მუშაობისას იგი თავად წარმოადგენდა კუნძულს, ისე რომ მისგან ფიზიკურად შორს იყო. მამამისისგან განსხვავებით მან თავს უშველა, ოქსფორდში სასწავლებლად დაფინანსება მიიღო. მას შემდეგ იგი ტრინიდადში აღარ დაბრუნებულა საცხოვრებლად. შეუძლებელია ამას გავლენა არ მოეხდინა მის მთავარ ნაწარმოებზე, უფრო მეტიც, ამან მწერლის მთელ შემოქმედებასა და ცხოვრებას დაასვა დაღი. თუკი ოქსფორდიდან მამამისის მთელი ცხოვრება და წარმატება ღიმილისმომგვრელად უმნიშვნელო და პატარა მოჩანდა, ტრინიდადში დაბრუნებული (გონებისმიერად მაინც, როგორც მწერალი) აცნობიერებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მამამისმა, რათა მიეღწია ასე ბევრისთვის სრულიად არაფრისგან, ან ასე მცირედისგან.  მწერლის ეს ორმაგი ხედვები, რომელიც გამოკიდებულია პერიფერიასა და ცენტრს შორის, თანაგრძნობასა და სირცხვილს შორის, სიამაყესა და დამცირებას შორის, მოჰუნ ბისვასის განსაკუთრებულად ირონიულ პორტრეტს ქმნის. ახალგაზრდა, სამხრეთ ლონდონელი მამაკაცი თავისი კუნძულის შესახებ წერს, მაგრამ ის არ წერს თავისი კუნძულისთვის, გულის სიღმეში იგი იმედოვნებს, რომ მას ოქსფორდსა და ლონდონშიც წაიკითხავენ. მოდით ვაღიაროთ, ის ხომ მათთვის წერს. ისევე როგორც ნაიპოლის სხვა ნაწარმოებები, „სახლი ბატონი ბისვასისთვის“ ამ გახლეჩილობას არა მარტო სწავლობს, არამედ თავის თავზე გამოცდის. თითქოს გამიზნულად, ის იარას იარაზე იმატებს. ამ გახლეჩილობამ და მისგან გამოწვეულმა ჭრილობებმა აქცია იგი მონსტრად, მაგრამ ამავე დროს ასაზრდოებდა მის შემოქმედებას: ამან ჩამოუყალიბა მას, როგორც მწერალს, კონსერვატიული ხედვა და რადიკალური ჭვრეტა (ალბათ ამიტომაცაა, რომ „სახლი ბატონი ბისვასისთვის“ უნდა წავიკითხოთ ფრანც ფანონის „კრულვით დაღდასმულნის“ კვალდაკვალ, რომელიც ასევე 1961 წელს გამოიცა). ნაწარმოებში ბატონი ბისვასი წერას იწყებს, შესაბამისად რომანი აღწერს ავტორის საკუთარ გამოცდილებას მწერლად ჩამოყალიბების გრძელ და რთულ გზაზე, წერის, როგორც შექმნის პროცესის სირთულეს, სიტყვებთან ჭიდილს - შემოქმედებით ჭმუნვასა და ხარჯვას - ბრძოლა, რომელიც მამიდან შვილს გადაეცა, მაგრამ მამაზე ნიჭიერ შვილს (სეეპერსად ნაიპოლი ადრევე მიხვდა, რომ მისი შვილი ოცი წლის ასაკში უკვე იმაზე ნიჭიერი მწერალი იყო, ვიდრე ის ორმოცისა). რომანის ბოლოსკენ არის ერთი ლამაზი პასაჟი, როცა თხრობა ფრთებს შლის და ამჟღავნებს ამ ურთიერთდაპირისპირებით გამოწვეულ ტკივილს (და ნუგეშსაც). ოჯახი საბოლოოდ ბატონი ბისვასის მოსაწონ სახლში გადადის საცხოვრებლად, ხოლო მისი ერთ-ერთი ვაჟი ანანდი (ვიდიას პროტოტიპი რომანში) სახელმწიფო დაფინანსებით ოქსფორდს მიემგზავრება. ბისვასის შვილებში მოგონებები ფერმკრთალდება,  ბავშვობისდროინდელი გამოცდილება შორს რჩება. ამას შორს ყოფნის ამნეზია ჰქვია. მწერალი, რომელიც უკვე ასაკში შესული საკმაოდ უგუნურად პრუსტს შეუტევს, ახალგაზრდობაში წერას სწორედ რომ პრუსტიანულად იწყებს:

პერიოდულად მოგონების ნერვი შეტოკდებოდა -

წვიმის მერე გუბეში ლურჯად არეკლილი ცა,

ბანქოს დასტა,

მოუხელთებელი ფეხსაცმლის თასმა,

ახალი მანქანის სუნი,

ხეებს შორის მოზუზუნე ქარის წუილი,

„ბავშვთა სამყაროს“ მაღაზიის სუნი და ხმა,

რძისა და ქლიავის ჩირის გემო -

დავიწყებულ განცდათა აჩრდილი -

გაძევებული, მიტოვეული

 და ნერვებამშლელი.

ამ სიტყვებში ადვილად ამოვიცნობთ ჩვენს ახალგაზრდა მწერალს, თავის ლონდონის ბინაში სიტყვებთან ჭიდილში, წარსული მოგონებებით გაწვალებულსა და დაზაფრულს.

ჩრდილოეთ მხარეში,

როცა განშორების და მონატრების

ტკივილი ჯერ კიდევ ნედლია,

უეცრად ჩამობნელდება ბიბლიოთეკაში,

 სეტყვა ფანჯრის მინებს ასკდება,

ტყავისყდიანი წიგნის დაწინწკლული ბოლო გვერდი კი შემაწუხებელია:

შობისწინა კვირა

ხმაურიან და დახუთულ ტულსის მაღაზიაში.

დიდი დრო გაივლის, და თან ნელა,

სანამ დაკარგავენ მოგონებები ძალას და სიავეს,

 და ტკივილიც ასატანი გახდება, ბავშობის მოგონებები კი

სიხარულითა თუ ჭმუნვით ჩაეწყობიან რიგში

და დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილს.

წარსულს.

როდესაც ნაიპოლი ანანდ ბისვასზე წერს, სინამდვილეში საკუთარ თავზე წერს: ვიდია ოქსფორდში („უეცრად ჩამობნელებულ ბიბლიოთეკაში“), შემდეგ კი ლონდონში („სტრესებსა და შფოთვებს შორის გამორეული შვება“). ის წერს სამხრეთ ლონდონში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც აწვალებს და ტანჯავს მოგონებები ტრინიდადზე, მაგრამ ეს თან ნეტარებას გვრის. ჩვენ ვხედავთ, რომ თავის ეპიკურ რომანზე მუშაობისას ის საკუთარ იარებს პირს უხსნის და თან იმავდროულად კურნავს კიდეც. („როცა მოგონებები ტკივილს აღარ გგვრის“) „ჩაეწყობიან რიგში და დაუბრუნდებიან წარსულს.“ ახლა თვითონაც წავიდა, მაგრამ მისი წიგნი გვაბრუნებს წარსულში. კვლავ და კვლავ.

 

                                                                                                                                      The New Yorker, 2018 წლის 12 აგვისტო

                                                                                                                            ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE