*
როცა მაწანწალამ დიდხანს იწანწალა,
იგრძნო, გააბეზრა თავი მიწა-წყალმა.
უბრად და უბარგოდ, მხლებლების გარეშე,
ვაგზალს მიაშურა, შეშფოთდნენ მგზავრები,
- სალამი, მგზავრებო! ყველას გესალმებით!
ტრანსპორტი მჭირდება გადაღლილს თარეშით,
თქვენ ჩემი წყლულები გაშფოთებთ ფეხებზე?
მე ხომ აქ მოსვლამდე მრავალგან ვეხეტე.
განვვლე ჯოჯოხეთი ჯუჯა ოჩოფეხით,
ვნახე სასუფევლის საბერო ჩოხები.
ვიხილე სახლები, შეღებულ სარკმლებით,
სურნელს რომ აფრქვევდნენ გარშემო საკმევლის.
ვიხილე მდინარის მბრუნავი მორევი
მღვრიე სარჩულებში ჩაფენილ ხავერდით
და მრუმე სიშავით მოსილი ყორნები,
ყორეებს ყაშყაშით რომ ახმოვანებდნენ.
მე ვჭვრეტდი ბილიკებს, გზებსა თუ განძელებს,
სად ყოველ ნაგლეჯზე სურვილი აგზნებდათ,
სივრცე ტყვია-წამლის სურნელით გაჯერდეს
და ყოველ მტკაველზე ბრძოლები გაგრძელდეს!
ქვეყნად კი ყოველ ნივთს - ხეს, ფოთოლს, იარაღს...
თავის ზღუდეები და ისტორია აქვს.
*
მაწანწალობა არ მეწადა,
თუმც არაფერი არ მებადა,
მე ქვებს ვამტვრევდი, ვთლიდი ზოდებს.
ვლესავდი კედლებს, ტვირთიც ვზიდე,
ვერ შევეთვისე მაინც მდიდრებს,
მაგრამ ვერც სხვაგან დავემკვიდრე,
არ მქონდა იმის შნო და ძალა,
რომ შევლეოდი რიდს და კრძალვას.
იქნებ ამიტომ გადავწყვიტე,
გარდავქმნილიყავ მაწანწალად.
ცხოვრება ისე მოწყობილა,
შაშხსაც გიჯობდეს ორცხობილა.
მაწანწალობა სხვა კასტაა
მუდმივად არსად სახლდებიან.
გზასაც იქითკენ გაჰყვებიან,
საითაც ნაგავსაყრელია.
ზეცა ქორების ქონებაა,
ვაჭრები მიწას გაკვალავენ.
გზას დავადექი საქარავნეს,
რომ გავერუჯე თაკარა მზეს.
შორ ვარსკვლავების შუქს მივენდე,
ქვიშა მიჰგავდა სანთლის ნაღვენთს.
სიბერემდეა კაცის სევდა,
საიქიოშიც გაჰყვა რამდენს?!
*
მოგესალმები მოწიწებით
ცხოვრებავ ჭირვარამიანო!
შენც მომესალმე შენებურად,
ტკივილები რომ დამიამო,
ამაოებას გამოსახავ
თავის იმიან-ამიანად,
მაგრამ რა ფასი გექნებოდა
ნეტავი უადამიანოდ?
*
ჩვენ, მაწანწალებს, ბევრი დრო გვაქვს,
საჭმელზე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვშფოთავთ,
როგორც მინისტრი ბიუჯეტზე,
ან სცენარისტი სიუჟეტზე.
მწერალს წააგავს ეს მცენარეც,
ნიავქარიან-ფოთლებიან,
თითქოს ტოტებით წერს სცენარებს,
მუზა მგზნებარედ მოსდებია...
*
ვინც ქვეყნად ვიშვით, მწერლები ვართ შენიღბულები,
ჩვენც წაგვიკითხავს ფოლკნერი და ჰემინგუეი.
გაავებულნი ნუ შეგვყურებთ, როგორც აფთრები
და ნურც პეპლებად წარმოგვიდგენთ ფარფატა ფრთებით.
ჩვენც გვიგემია ბობოქარი ზღვების სურნელი
და სველი ფიჩხის, რომ გამოაქვთ ტყიდან ურმებით.
ჩვენც ვანგარიშობთ აქტივ-პასივს და ამ ციფრებმა,
ბევრჯერ მოგვგვარეს აღშფოთება და განცვიფრება.
ჩვენც გვიგემია ვენეცია ტკბილ ესენციად,
სილამაზით რომ გაცილებით უკეთესია,
ჩვენი სამშობლოც ნაბიჯ-ნაბიჯ შემოგვივლია,
სინათლე მოსავს, ყოველივეს თავის ხიბლი აქვს.
*
ერთხელ, ნაკვეთის ღობეს დაყრდნობილს,
ისტორიკოსი გადამეყარა.
აი, ბევრი რომ აქვთ მოსაყოლი,
მოწიწებით რომ ანდობ ქვეყანას,
მსწრაფლ რომ გარდაქმნის მათი გონება
ცვლილებას, როგორც გამოცდილებას,
ვინც ჰამაკების გამოგონება
გამოძინების გამოც ინება,
ვინც იმის გამო წერა წიგნები,
ჯერ რომ თავადვე გადაეკითხა,
ვინც კმაყოფილი გახლავთ მიგნებით,
რომ უპასუხოს ყოველ შეკითხვას.
ახალი გზები იმათ გაკვალეს,
ვინც ძველი გზიდან გადაუხვია,
რომ ჩაუვლიან იმათ საფლავებს,
ქუდს მოიხდიან, ქედს მოუხრიან...
ცოცხლებს კი, თითქოს დაჰქონდეთ დროშა,
გამოსახული ჰყავდეთ სურათზე,
რომ განათლება მარად ზეობდეს...
ვთხოვე, მოეთხრო ძველ, გმირულ დროზე,
მაკედონელზე, კალიგულაზე,
ჰანიბალსა და ნაპოლეონზე,
პომპეუსსა და მითრიდატეზე,
მან კი მომიგო: - მოეშვი როშვას,
წადი, ძმობილო, კიტრი დათესე!
ალბათ, ჩემი თუ ეგონა ბაღჩა
და დიდებული ფრაზების ნაცვლად
დინჯი ნაბიჯით არჩია გაცლა.
არ გამაბეზრა ტრაბახით, ჩმახვით,
დამტოვა გაკვირვებული სახით.
მახსოვს, შევნიშნე სტაფილოს, ჭარხლის
(ზედ მბრწყინავ ჭირხლით) და კიდევ ხახვის
და კიტრის კვლების ბოლოში კვახი...
და გავაკეთე ამგვარი დასკვნა:
- ყველა ეპოქა თავდება კრახით!
*
ერთი რამე, შემასწავლა
მაწანწალურ მოდგმის კასტამ,
უცხოს ისე მოექეცი,
როგორც მოიქცევი ძმასთან.
ქვეყნად რაგინდ დიდხანს იყო,
მაინც ცოტა ხანი გასტანს!
*
მახსოვს ბავშვობა, მთათა ტერასა,
უკიდეგანოდ საინტერესო,
მიწას უყვარდა ზეცის შეხედვა
და მის სახეზე ღიმილს ეძებდა,
ზეცა კი ღიმილს არ იმეტებდა...
უამინდობას იმიზეზებდა.
*
ბავშვობაში ვძრწოდი კენტად,
მხედარს ვამსგავსებდი კენტავრს,
ასე იყო ერთ დროს.
ბოლო დილას, დიდმარხვისას,
აღდგომა დღის დადგომისას,
დავყვებოდი ფერდობს.
იქ იხვები ფრენდნენ გუნდად,
მიწას ვთხრიდი კანტიკუნტად,
ვაგროვებდი ენდროს.
ის დრო როგორ მივივიწყო,
მაშინ კვირა წირვის იყო,
ახლა უიკენდობს...
*
ჩვენი ხელობა წანწალია,
ან ოდნავ გვშია, ან ძალიან.
ამგვარმა ყოფამ გვაიძულა,
ლუკმის და სითბოს დაფასება,
ხოლო ვარსკვლავთა დევნამ სულაც
გვაქცია ფილოსოფოსებად.
რაც გინდათ ის თქვით, ერთი კია,
მთავარი შვება სხვათა შორის,
ცაში სხვა არითმეტიკაა,
ცოდვებს ცრემლებით გადაწონი.
*
ერთად იდგნენ, ხუთიოდე,
უვარგის დროს უჩიოდნენ.
მდინარესთან ნაპირის ქვა
საზღვრის ნიშნად აღირიცხა.
შემნიშნეს, რომ უცხო ვიყავ,
გამომიდგნენ, დიდხანს მდიეს,
საეჭვოდ თუ მიმიჩნიეს.
გზები ერთად გამოვლიეთ,
ხმა ისმოდა მარხილების
და ამგვარი ახირებით,
გადაქექეს არქივები,
თუმც ვერ ჰპოვეს სამხილები.
ჰგავდნენ ვიკინგ-ალბინოსებს
ხელს მკრავდნენ და გაჰკიოდნენ:
- რად საუბრობ ამ კილოზე?
- ვის მოჰყევი? სარკინოზებს?
უცებ ზურგი შემაქციეს
ბათქაბუთქმა შემშალა,
ვიღაცეებს დაედევნენ
და შეუყვნენ თემშარას.
მე სირბილით მივაშურე
რელსებსა და განძელებს,
აღარაფრად ჩავაგდებდი
გადასაფარ მანძილებს,
მდინარეებს ჩქარწყლიანს,
დასახლებებს ცაცხვიანს,
რკინიგზების გასწვრივ რომ
მძივებივით აწყვია,
სამშობლო რომ იყო და,
ალბათ აღარცა ჰქვია.
განიკითხა დევნილი
ყველა ცრუმ და ავყიამ.
ფასკუნჯი რომ გვეგონა,
აღმოჩნდა რომ ჩხართვია,
ბუდეს ვეღარ ვაშორებთ,
იმიზეზებს ნატყვიარს,
ჯერ ფრინველი არც არის,
ჯერ ის მხოლოდ ბარტყია,
გაზრდა არ დააცალეს
ცასაც ძლივსღა ატყვია...
*
არაყი მოვიხელთე,
თავსხმა დამატყდა თქეშით.
ძმობა შევფიცე მხეცებს,
თავი რომ ვდურთე ტყეში.
ვხედავ, მთვრალია ყველა,
ძირს ყრიან მსგავსად ლეშის.
ბოთლს დაატარებს მელაც
და შუშის ტუჩებს ლოშნის.
გალოთებულა ლომიც,
ტყეში ბანცალით დადის,
ბრძანებებს ვეღარ გასცემს,
სასმელში იხშობს წადილს,
მთვრალი ამოდის მთვარე
და მზეც ბარბაცით ჩადის,
წარსულს იგონებს მწარედ,
აღარ აქვს შნო და ყადრი,
და ისე მოჩანს კადრში,
შემოსილიყოს ჩადრით.
მთა ეფარება მთვარეს,
მთა ეფერება მთვარეს.
მიჩერებულნი მათზე,
ფუჭად აჭყეტენ თვალებს.
ნამგალი აღარ გაკრთის
ოქროსებრ მოელვარე,
წკვარამი გაწოლილა,
ასე სჩვევია ზამთარს,
და ახშობს წვრილი წვიმა
ზღურბლთან კენჭების ზღართანს.
მთა ეფერება მთვარეს.
ნუთუ ამათაც სცოდეს,
თითქოს მთელ არემარეს
ფარდები დაჰფენოდეს,
ფოთლები დაცვენოდეს,
ნაკადულები რბოდეს,
ხმა, იმათ შემხედვარეთ,
დახშულად ჩაგვესმოდეს.
მთა ეფარება მთვარეს
და წინ გახედვას გვიშლის,
ჩრდილებმა ჩაიარეს,
რატომ აყოვნებს ნისლი,
ფაქიზი, გამჭვირვალე,
გადაეფაროს შიშვლებს,
მთა ხომ ამ ვნებებისთვის
იღებს უთვალავ ვალებს.
და ჩვენ, ვინც ვუთვალთვალებთ,
ელვა დაგვიშრობს მზერას,
ან შეგვეყრება ტიფი
და დავისჯებით, მჯერა!
მთას ხიბლავს სინატიფე,
თავად უხეშს და მყიფეს
და ამობურცულ ღრუბლებს
საფენებივით იფენს.
ცას იარები რჩება,
დასერეს კომეტებმა
და ვარსკვლავების წყება
იპნევა მონეტებად.
მათი წკარუნა ხმები
მთელ სივრცეს მოედება.
იციან დახსომება
ასეთმა მომენტებმა...
სხვა ელვარებას იძენს,
ცა რომ ლღვება და დნება...
მეჯლისზე დამპატიჟეს
ქალაქის მოედნებმა!
მაგრამ ხრჭიალა ძვლებით
და გაბზარულ მენჯით
როგორ ვეწვიო მეჯლისს,
როცა სინდისი მქენჯნის.
უამისოდაც გავძლებ,
როგორც აქამდე ვძლებდი.
ვიპკურებ ზეცის ნამცვრევს
დასველებული ძნებით.
მთასა და მთვარეს უყვართ
ერთურთი განდეგილად
და რომ არ ვექცეთ ჩრდილად,
ზეიმს ასრულებს დილა.
*
წყევლას ვერიდო, ნეტავ!
და სიტყვას უწმაწურს,
მიჯობს, ვიარო კენტად,
ვითხოვდე ლუკმაპურს.
არ მქონდეს ჯიბე ფართე,
ვკვდებოდე მათხოვრად...
ვინც ხელი გამიმართეთ,
ყველანი მახსოვხართ!