პჰირ ბჰი დილ ჰაი ჰინდუსტანი


პჰირ ბჰი დილ ჰაი ჰინდუსტანი




(ჰარამიანცის პალატაში ჩაწერილი)

 

„მერა ჯუუთა ჰაი ჯაპანი, იეჰ პატლოონ ენგლიშტანი,

სარ პე ლაალ ტოპი რუუსი, პჰირ ბჰი დილ ჰაი ჰინდუსტანი!“ - აი, შენ გეცინება ამ სიმღერაზე… იგეთ ისტორიას მოგიყვები, არასოდეს დაგავიწყდება...

ბენზინი მაგარი რამეა.

ბენზინმა ჩემს მშობლებს ყველაზე დიდი ბედნიერება მოუტანა და დედაქალაქს სიყვარულის კიდევ ერთი ჯიგრულ-მხიარული ისტორია აჩუქა… გაგიგონია ეგეთი სტროფები?

„კინო გიყვარს ინდოეთის,

კინო გიყვარს ინდური,

სადაც არის სიყვარული,

სიყვარული გიჟური!!!“ - ამ ლექსზეც გეცინება, შენ რა მხიარული ვინმე ყოფილხარ!..  ეს ერთადერთი პოეტური პროდუქტია, რომელიც ცხონებულმა მამაჩემმა ცხონებულ დედაჩემს ლიჩნად მიუძღვნა.

იცი შენა, ძველ დროს როგორი ცხოვრება იყო?

არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი, არც მობილური.

იყო მარტოდმარტო ტელევიზორი, ხაზის რადიო, თეატრი და პარადები, რამე ერთი მაისი, ცხრა მაისი, შვიდი ნოემბერი, რვა მარტი, ოცდაორი აპრილი. ცუმპარამპები, ურა-ვაშა და ოცდაოთხსაათიანი გაუმარჯოს კომპარტიას...

ტელევიზორში მარტო სამი არხი აჩვენებდა - პირველი რუსული ცენტრალური, მეორე რუსული - მოსკოვსკი და ერთიც ჩვენებური - ქართულსკი… მეორე ჩვენებური - თბილისკი, ცოტა გვიან იბარტყებს. იქა იმ კაი რაღაცებს იმეორებდნენ, რაც პირველ ჩვენებურზე მოეწონებოდათ მთავრობას ან ტელევიზიის ნაჩალნიკებს.

ჰოო და რაც მთავარია, იყო კიდევ კინოოო!

კინო, ეს იყო ფორთოშკა სხვა სამყაროში, ანუ ეგზოტიკურ უცხოეთში გახედვის ველიკოლეპნი საშუალება.

ფილმი არ მახსოვს ოჩერედის გარეშე. კინოსეანსზე მოხვედრას იმდენი ხალხი ლამობდა, იმდენი რომ!!!

მოდიოდა და მოდიოდა მთელი ქალაქი სვეჟი ფილმების საცქერლად. აი, იმდენი, რამდენიც ახლა მიტინგებზე იკრიბება.

მახსოვს, ერთხელ ძალიან ცუდი კინო მოიტანეს. ფრანგული იყო, მაგრამ სუფთა დეგენერატობა, სტოპროცენტნი კოშმარი!

არც სასაცილო რამე ხდებოდა ეკრანზე, არც სატირალი. არც გინება, არც ჩხუბი და არც არაფერი. ამ ფილმის ამბავი მთელმა ქალაქმა გაიგო და სახელიც გაუტყდა. ჰოდა  კინოთეატრში ტრაური გამოცხადდა. ხალხი დარბაზს ნახევრად ავსებდა. ისიც, მხოლოდ საღამოობით, როცა ნაშებით მოდიოდნენ. ანუ კინოს საყურებლად არავის ცხელოდა. დაზარალდა პრაკატი. კინოთეატრის უფროსობას უფრო დიდი უფროსობა მიაწვა. ჰოდა მესტნი დირექტორმა არც აცია და არც აცხელა - აფიშას სასწრაფოდ მიაწერა, თექვსმეტ წლამდე ბავშვები არ დაიშვებიანო... არ დაიშვებიანო?... და რომ იცოდე, რა ამბავი ატყდა? ტევა აღარ იყო დარბაზში.

რანაირი მიამიტი ხალხი ცხოვრობდა მაშინ! ალალზე ალალი!!! კინო ნანახი ჰქონდათ, მისი სათაურის გაგონებაზეც კი იფურთხებოდნენ, მაგრამ ამ ფილმის სანახავად მაინც დადიოდნენ... იცი, რატომ? წითელი საღებავით სახელდახელოდ გაკეთებული წარწერისა სჯეროდათ და იმიტომ - თექვსმეტ წლამდე ბავშვები არ დაიშვებიანო...

ისინი ფიქრობდნენ - „ალბათ, ერთი ან ორი კოლოფი ფირი ტამოჟნაიაზე დაავიწყდათ, ან არ გამოატარეს, ან დაკარგესო და ახლა სწორედ ამ ნაწილის გამოჩენამ აქცია ეს ფილმი ბავშვებისგან საფრთხილოდაო… ჰოდა, დაცარიელებულ დარბაზს სმოლნივით მიაწყდა ინტერესში ჩავარდნილი მაყურებელი.

ქალაქელები და თბილისის სტუმრები, ამ ე.წ. “დაკარგული” თუ “აღმოჩენილი” ათი თუ ოცი წუთი კინოს გამო, მთელი დღის ნაშრომ-ნაწვალევები სალაროებისაკენ მილასლასებდნენ, უპრეტენზიოდ დგებოდნენ უზარმაზარ რიგებში, იღებდნენ ბილეთებს და ჩაბნელებულ დარბაზში კიდევ ორსაათნახევარი ამაოდ ელოდნენ რაიმე ევროპულად გარყვნილის, „ეროტიკნულ“ ეგზოტიკურის, 16 წლიანებისთვის სასირცხვილოს დანახვას… მერე კი იმედგაცრუებულები ტოვებდნენ დარბაზს. წყევლიდნენ და აგინებდნენ კაპიტალისტებს, თითქოს მათი ბრალი იყო ამ ფილმის სანახავად ხელმეორედ რომ მოვიდნენ.

 ეგ კინო ჩემებმაც ნახეს. მათაც ძალიან დასწყდათ გული. კაპიტალისტურად გარყვნილი, ერთი ლამაზი ქალიც კი არ გამოჩენილა ეკრანზე. ერთი დრუჟესკი კოცნაც კი არ ყოფილა. პაჩი-პუჩს ვინ ჩივის, ხელიც კი არ გადაუხვევიათ რომელიმე მდედრისთვის. თუმცა ეკრანზე არც კი გამოჩენილა ვინმე ამის ღირსი… აი, ისეთი, რომლის დანახვაზეც, თბილისელი კაცი ჯდომისგან დაღლილ მუხლს რომ გაშლიდა, თითებს დაატკაცუნებდა და ხრინწიანად წამოიძახებდა:

 - უხშენიგამჩენისდედამოტყლაშუნობდატყლაპოში!

სამი-ოთხი დღე კიდე გასდიოდა ამ დამპალ დირექტორს თავისი ფანდი, მაგრამ მერე ყველა მიუხვდა ჩათლახობას და მიანება თავი ამ სირიკოზობის ყურებას. ქოსატყუილას კი შეუვარდნენ იმედგაცრუებული ქალები და კარგა მაგრად მიბეგვეს. ქალაქში, იმის მერე, ამდაგვარი გოთვერნობა აღარ გაუმეორებიათ… ეს გაკვეთილი სამაგალითო აღმოჩნდა ყველა კინოთეატრის დირექტორისთვის და კინოპრაკატჩიკი ცენზურისგან მკაცრად დადგენილი წესებით სარგებლობდა - ქალი კუპალნიკში - შეიძლება, შორს შიშველი ქალი უკნიდან და წინიდანაც - შეიძლება. ახლოს, წინიდან მხოლოდ შიშველი მკერდი - დასაშვებია. კოცნა ტუჩებში - მხოლოდ ქალი /კაცი - შეიძლება, ფრანცუზსკი პაცელუი მხოლოდ პირველი ნაწილი, სანამ კუჭის წვენს ამოუღებენ ერთმანეთს - შეიძლება. საწოლში, ქალი ზემოდან - არ შეიძლება, კაცი კი. უკნიდან ფეხზე მდგომელა სექსი - არა. წინიდან და ფეხზე მდგომელა სექსი - არა. მთლად შიშველი კაცი არანაირი მხრიდან არ შეიძლება. მხოლოდ ტრუსიკში - პაჟალუსტა...- და ეს ყველაფერი, ან ერთი-ორი ჩამოთვლილიდან მაინც თუ იქნებოდა ფილმში, “თექვსმეტ წლამდე არ დაიშვებიან” წარწერის გაკეთება - მოჟნო. დანარჩენ შემთხვევებში კი “გულიაი ვსია ბანდა ბეზ რაზბორუ”... 

ისტორია გამიგრძელდა, მაგრამ ბოლომდე რომ დაიჭირო ამბის მუღამი, მინდა გითხრა, რომ დედაჩემი და მამაჩემი ავლაბარში ცხოვრობდნენ.

მაიცა, კიდევ ერთ მაგარ რამეს გკითხავ და თუ მიხვდები, დაგიჯერებ, რომ კარენნოი თბილისელი ხარ:

- იცი, რა არის ფუჩიკი?.. იცი? მაიცა, სანამ მეტყვი, დრამატურგიაო და რაღაც ეგეთები, კარგად დაფიქრდი! დაუკვირდი სიტყვას და მის მუსიკალობას - ფ უ ჩ ი კ ი! ვერ მოტვინე?.. არ გეწყინოს, მაგრამ შენ არა ხარ ძირძველი თბილისელი…  ფუჩიკი ავლაბრულად ნიშნავს ბუშტს! ჰოო მთელ ქალაქში ბუშტი - ბუშტია, მაგრამ ავლაბარში ლუბოი ბუშტი, დიდი თუ პატარა, ათთეთრიანი თუ ასდოლარიანი - ფუჩიკია!

უნდა იცოდე - თბილისი თბილისია, მაგრამ ავლაბარი - თბილისის ნაკრძალია. “ჰავლაბარ, ჰავლაბარ - ზდეს დუხანი, ტამ ბაზარ!”. ავლაბარიც თბილისია და საქართველოა, მაგრამ ავლაბრული თბილისი და ავლაბრული საქართველო ვაბშემც ეგზოტიკაა. მეიდ ინ ავლაბარსკი.

ჩვენთან უბნის პატარა კინოთეატრი იყო. პირდაპირ ცენტრალურ ქუჩაზე. ძველი სახლის თუ სასახლის პირველ სართულზე. სეანსებზე ფილმების საყურებლად იშვიათად თუ მოდიოდნენ სხვა უბნებიდან. განა იმიტომ, რომ რამე ფიზიკური საფრთხე ელოდათ, ან რაიმე მორალური უსიამოვნება… არა, უბრალოდ ეს კინოთეატრი ავლაბრელებზე იყო მორგებული. მათ სურვილებზე, მათ გემოვნებასა და მენტალიტეტზე.

აქ მთელი ავლაბარი ოჯახებით დადიოდა. განა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებულად საოცარ ფილმებს აჩვენებდნენ?.. არა, არა და არა!

არც რაიმე ავლაბრულად განსაკუთრებული, თავისებური არქიტექტურა ან ვნუტრენნი რასპალაჟენია ჰქონდა. ჩეულებრივი სტანდარტული შენობა იყო. საშუალო ზომის, კინოთეატრისთვის შედარებით დაბალჭერიანი დარბაზით, ხის სკამებითა და ცემენტის გაპრიალებული პოლით. მისი თავისებურება ის იყო, რომ აქ მხოლოდ ინდურ ფილმებს აჩვენებდნენ… ბოლივუდსკი მენიუ და მეტი არაფერი.

“მიმინო”, რომ “მიმინოა”, ამ შედევრის საყურებლადაც, ჩემი უბნელები რუსთაველის კინოში მიდიოდნენ. მოკლედ - “მადე ინ ინდია” და მორჩა. აქაური რეპერტუარი არ ექვემდებარებოდა გადახედვას. ვერც პოლიტიკური, ვერც სოცალური და ვერც რელიგიური ტალჩოკები ვერ შეარყევდნენ ამ კანონსა და ამ ადათ-წესს.

ქალაქში ხუმრობდნენ, “ავლაბრელების კინოში - ბილერთი ერთი რუპია ღირსო”. რუპია ინდური ლარია.

აქ მთელი უბანი იჯდა. ყოველი სეანსი, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, განათლების და რელიგიური მრწამსის განურჩველად ივსებოდა ხალხით. მამაკაცები ტკბებოდნენ შავთვალება, ღაბაბიანი გოგონების სიმღერებითა და ცეკვებით. დედაკაცები კი დნებოდნენ კბილებმოელვარე, ჩასუქებული, მოყავისფრო მამაკაცების თვალების ბრიალსა და ცრემლების ღვარღვარზე.

მერე სიმღერები როგორი ჰქონდათ!!! მომაჯადოებელი ინდიისკი ენა! - ტყლაპივით კისლი და ამასთანავე ტკბილი, სულ ტკლ-ტკლ-ებით გაჯერებული. მერე ხმაა!!! კაცისა იყო თუ ქალისა, ყველა ფილმში ერთი და იგივე ტემბრი ისმოდა. ტანში ჟრუანტელდამვლელი ხმა!  თხუთმეტი წლის უმანკო, სიფრიფანა გოგონასი, ნარნარა და საამური ფალცეტი. კაცებისა კიდე ყველა ჰამლეტა გონაშვილის ხმას ჰგავდა.

ყველა ოჯახში ღიღინებდნენ აქ გაგონილ სიმღერებსა და საცეკვაო მელოდიებს.

სიუჟეტები და ისტორიები იყო ვნებიანი, ნერვების გლეჯვამდე მისული სიყვარულითა და ცეკვა-სიმღერით გაძეძგილი. ამბები ისეთი, რომ დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, ჩერეზჩურ ჩახლართული, მაგრამ გურამიშვილის ლექსივით, ყველაფერი სიკეთის გამარჯვებით მთავრდებოდა:

“თუკი ძირი მწარე არის, კენწეროა სავსე ბლებით!”

დაახლოებით ეგეთივე ამბები ტრიალებდა ავლაბრელების პირად, ანუ ლიჩნი სასიყვარულო ამბებშიც. ხარი ხართან დააბიო და… ორი ხარი იქნებაო.

ჩვენი კინოთეატრი არ იყო მარტო ფილმებით ტკბობის ადგილი. აქ ავლაბრის დემოგრაფიული მომავალი წყდებოდა. მააშ!.. აქ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი. აქ დაპატიჟა პირველ პაემანზე მამაჩემმა დედაჩემი და ლამის აქვე თხოვა ხელი.

მართალია, მამას კინო საერთოდ არ აინტერესებდა, მით უმეტეს, ინდური, მაგრამ რაკი დედას უყვარდა, მისი ხათრით თვეში ოთხჯერ მაინც დადიოდა ინდური ტაშ-ფანდურას საყურებლად.

ახალი ფილმი ყოველ კვირას მოჰქონდათ და შესაბამისად, ყოველი კვირა დღე ცინცხალი და ქაფქაფა ვნებიანი სასიყვარულო ამბითა და შესაბამისი მუსიკალური გაფორმებით ავსებდა ჯერ დარბაზს, მერე ყოველი ავლაბრელის გონებას და ბოლოს - უბნის თითოეულ ეზოს, მის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩასა და ბალკონებს.

“სიყვარული აფრენილი ორბია!

თუ დაგეცა, ნეიტრონის ბომბია!”

ჩემები, უბრალო, თავისებურად ნაკითხ-ნაჩიტანი და განათლებული ხალხი იყო... პრემიერიდან პრემიერამდე, ყოველი ახალი ფილმი ბედნიერი და ეგზოტიკური ფერებით უვსებდა მათ საბჭოური ცხოვრების ერთფეროვანებას. ჰოდა, ამის წყალობით სულ სჩასტლივები იყვნენ. ისინიც, მეზობლებიც, მათი მეზობლებიც, მათი მეზობლების მეზობლებიც… “კინო კაკ კაიფ დლია დუში”, აბა.

მამაჩემი პროფესიით მეტალურგი ბრძანდებოდა… მეტალურგობა საკმაოდ მძიმე, მაგრამ საამაყო საქმე იყო… ისიც ამაყობდა, თუმცა ძმაბიჭებთან ერთად კერძოდ ბიზნესობდა. საოცარი ხელი ჰქონდა, მღებავობა, ანუ კარგი “მალიარობა” ეხერხებოდა. ჭერსა და კედლებზე სასწაული ორნამენტების ხატვით გაითქვა სახელი. ბევრ დაკვეთას იღებდა და ლამის ყოველი მდიდარი თუ იზვესტნი თბილისელის სახლი მისი მხატვრულ-შემოქმედებითი შედევრით იყო დამშვენებული. მოკლედ, ფული არ აკლდათ, ამიტომ დედა, ჩემი მამოჩკა, არ მუშაობდა, იჯდა სახლში, ფიქრობდა ბედნიერებაზე და საყვარელ ქმარს გულისფანცქალით ელოდა.

მისი გართობა მხოლოდ კინო და რადიო იყო. ზოგჯერ წიგნებსაც ჩაუჯდებოდა - ჰიუგო, მოპასანი, სტენდალი, დოსტოევსკი, ბალზაკი, ტურგენევი, გამსახურდია, ვაჟა-ფშაველა, გოგოლი, თეკერეი. განსაკუთრებით უყვარდა შარლოტა ბრონტე. “ჯეინ ეარი” ბარე ათჯერ ჰქონდა გადაკითხული, მაგრამ ყოველ ჯერზე - აღფრთვანება, სულიერი თრთოლვა და მხურვალე გრძნობები თანაბარი ძალით იღვიძებდნენ, ბობოქრობდნენ და ვლინებოდნენ მასში და შესაბამისად, ქმრისადმი უსაზღვრო სიყვარულიც მარტენის ღუმელივით გიზგიზებდა ჩემების ოროთახიან ბინაში.

ტელევიზორიც ჰქონდათ. კარგი. ფერადი. საკმაოდ დიდი ეკრანით. თუმცა ის მხოლოდ იმისათვის არსებობდა, რომ საქორწილო საჩუქრის ბროლის უზარმაზარი სანათის, ანუ ნაჩნიკის პედისტალად ქცეულიყო. მის მოლურჯო, მომწვანო ზედაპირს, სვირინგივით ამშვენებდა რაჯ კაპურის, ინდური კინოს ვარსკვლავის გამოსახულება, უფრო სწორად, მისი ფერადი პერსონაჟის, “ბატონი 420”-ის მოღიმარი ანფაზი.

ნუ გეცინება, მაშინ, ჯიგარო, იეთიმ გურჯი მხოლოდ ოცი წლის გარდაცვლილი იყო. ქალაქელი აშუღების ექო ჯერ კიდევ დაძრწოდა ქუჩებში. იმათ ლექსებსა, ბალადებსა, ოდებსა და სიმღერებს თუ ჩაუკვირდებოდი, ინდური ფილმების შინაარსსა და იქ განსახიერებულ ვნებებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.

ავლაბარს და მაშინდელ თბილისს ქალაქურ ბაიათებზე დაფუძნებული ეგზოტიკა, ნახევრად გოიმური ეშხი და ოლიჩიტელნი კულტურა ჰქონდა. ჰოდა, შესაბამისად, ეგეთი რაჯ კაპურიანი ვაზები, ვეშჩები და ნაჩნიკები ძალიან მოდაში იყო… უფრო სწორად, იმ წრეში, რომელშიც ჩემები ცხოვრობდნენ და ტრიალებდნენ.

ჩვენს მეზობელ, განათხოვარ ანჟელას, ოჩერედნოი სასიძოს ურიგებდნენ და როცა მის პატივსაცემად ოჯახი სანადიმო სუფრის სამზადისში იყო, მაგიდის კულტურული დონის “შესავსებად” და მომავალი პატარძლის პრესტიჟის ასამაღლებლად, რაჯ კაპური ითხოვეს.

დედასაც უარი არ უთქვამს.

ჰოდა, კერძებით გაძეძგილ სუფრაზე თვალებს აბრიალებდა ტაჯ-მაჰალივით ამაყი და რომანტიული ბატონი 420 და საპირისპირო მხარეს მჯდარ მიჯნურებს არ აძლევდა ერთმანეთთან ვირტუალური კურკურის საშუალებას...

მოკლედ, აბობოქრებული სიყვარულის ინდოსტანის ოკეანეში ცურავდა მთელი ქალაქი, თვით ავლაბარიც და პირადად ჩემი მშობლებიც უკვე შვიდი წელი მიაპობდნენ ეგზოტიკური ფილმებიდან დაქროლილი ნიავით ადუდუნებულ სოცრეალიზმის ტალღებს. არ იღლებოდნენ, არ იძირებოდნენ, არ იტანჯებოდნენ. პირიქით, ხარობდნენ, ხალისობდნენ, თუმცა ამ კარტინკას ერთი მრაჩნი პრობლემა ამძიმებდა – სამწუხაროდ, შვილი არ უჩნდებოდათ.

ვისთან არ იყვნენ, ვის არ მიაკითხეს, რა არ გამოიკვლიეს, რას არ დააბრალეს, რა არ დაადგინეს, რა არ გაიგეს, მაგრამ დანაშავე ვერ იპოვეს, მიზეზი ვერ აღმოაჩინეს.

ორივე კაჟივით ჯანმრთელი გამოდგა, მაგრამ ბავშვი არ ჩნდებოდა და შესაბამისად, საშველიც არ იყო. ცოლ-ქმარს უსაზღვროდ სურდა, სწყუროდა შვილი. თუმცა, როგორც ჩანს, სურვილი, ჯანმრთელობა და უშრეტი სიყვარული არ კმაროდა ამ მიზნის მისაღწევად... ბავშვები მარტო ზემოთჩამოთვლილ პირობათა ხარჯზე არ კეთდებოდნენ.

ამ პრობლემამ, შეუღლებიდან მესამე წელს, წვეთ-წვეთად, ღერ-ღერად, ნაბიჯ-ნაბიჯ თითქმის შეუმჩნევლად დაუწყო რომანტიკულ გრძნობებს ხვრეტა, გლეჯა და ხვრა.

ამას მოჰყვა სხვა პრიჩინებიც. ხან ისაო, ხან ესაო. საქმე ისე გაფუჭდა, რომ ზოგჯერ ერთმანეთი საერთოდ აღარ ევასებოდათ.

...მოვრჩეთ ფილოსოფიას და გადავიდეთ საქმეზე. ანუ აქ უნდა მივიდე იმ ამბამდე, თუ როგორ დავიგეგმე, დავპროექტდი მე და რა სტრანნი როლი შეასრულა ამ საქმეში ბენზინმა... A-72 - ასე ერქვა მაშინ იაფ საწვავს.

შვილები, როგორც ვთქვი, ჩემს მშობლებს არ ჰყავდათ და არც უჩნდებოდათ… ამის ნიადაგზე ლამის ოხლადელი ერთმანეთის მიმართ, მაგრამ… როგორც ნათქვამია “ადამიანი პრედპოლოგაეტ, ღმერთი კი რასპოლოგაეტ”...  უეცრად ორივეს თვალები აეხილა და სიმწრისაგან ამოიგმინეს, ერთმანეთს გადახედეს, უსიტყვოდ აიკაპიწეს ხელები და შეუდგნენ ოჯახური იდილიის აღდგენას.

პირველ რიგში, ეს გამოიხატა იმაში, რომ დედაჩემმა გადაწყვიტა სახლი კაპიტალურად დაელაგებინა. არც ადრე აკლებდა ხელს და ყველაფერი სუფთად და აკურატულად ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ სიზმარი ნახა, თითქოს ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა ვიღაც დედოფალმა, როგორც მერე აღმოჩნდა - შუშანიკმა, თავზე ხელი გადაუსვა და ყურში ჩასჩურჩულა:

 - ნუ დაფარფატებ, დაეშვი მიწაზე, ყურადღებით მიმოიხედე, ბოლოს და ბოლოს, დაინახე ის, რასაც გეგონა, რომ ხედავდი. როცა დაინახავ, დამშვიდდი, დალაგდი და ყველაფერი კარგად გექნებაო!

დედამაც პირდაპირ გაიგო ეს ნათქვამი. ყურადღებით მიმოიხედა, თითქოს დაბრმავებული თვალები “აეხილა” - იმდენი მტვერი, აბლაბუდა და აქამდე შეუმჩნეველი, დაფარულ-მიმალული ჭუჭყი აღმოაჩინა სახლში, რომ კინაღამ  ელდა ეცა.

ისეთი რიშიტელნი ქალი იყო, რომ იმავე დღეს შეუდგა საქმეს. პირველ რიგში გარეცხა ყველანაირი ტანსაცმელი - ახალიცა და ძველიც. მთელი თეთრეული - ნახმარიც და უხმარიც. გაწმინდა და გააპრიალა შუშისა და თიხის ყოველი საგანი. ბზინვარებამდე მიიყვანა შვიდწლიანი ოჯახური ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ვერცხლის და ოქროს დანა-ჩანგალი და ჯამ-ჭურჭელი. გააპაჩინკებინა მთელი ავეჯიც. ერთი ნაკაწრიც კი არ დაატოვებინა ზედ. დაწმინდა და დაახარისხა თითოეული წიგნი და თარო. გახეხა და შეაკეთებინა აბაზანა და სამზარეულო. ამის შემდეგ დადგა საპირფარეშოს ჯერი და ისიც ასიანზე, სარკესავით ააბჭყვიალა. მამაჩემი ხუმრობდა, ღამით ტუალეტის შესასვლელი ღია რომ დაგეტოვებინა, მთვარის შუქზე ეს დედამო...ლი ისე ბზინავდა, რომ წიგნის წაკითხვას შეძლებდიო.

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ოპერაციაში მამაჩემიც მონაწილეობდა. მართალია, სამსახურის მერე, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად ერთხელაც არ დაუწუწუნია და მეუღლეს ყურმოჭრილ მონასავით უსრულებდა ყველა თხოვნას, კაპრიზსა თუ სურვილს.

ნახევარი თვე გაგრძელდა ეს ამბავი.

წარმოიდგინე სიტუაცია:

ორი კვირის მანძილზე მთელი ავეჯი შეშინებული ფარასავით შუა ოთახშია შექუჩული. ყველგან რაღაცები აწყვია. მთელ სახლში მხოლოდ ერთადერთი კრაოტია თავისუფალი და იქაც მიყრილან სიქაგამძვრალი ცოლ-ქმარი და…

...და რა ამბავში იქნებოდნენ, ალბათ ხვდებით?

არაფერი შეგეშალოს და რამე პახაბნად არ გაიფიქრო. საცოდავებს არაფრის თავი არ ჰქონდათ, გედებივით კისრებგადახვეულებს, მხოლოდ ღრმად და უშფოთველად ეძინათ. ეს იყო და ესა.

ბოლოს მამაჩემმა მოიტანა დაპირებული ბენზინი - A-72 მარკის, ხუთი ლიტრა, პლასტმასის ჭურჭლით. უსიტყვოდ ჩააბარა დედაჩემს, მერე ამოიჩარა იღლიაში ნარდი და გავიდა გარეთ. განერიდა იმას, რის შესრულებაში თბილისელ დამოჩკებს ვერავინ შეეცილებოდა, ანუ უნდა მოემზადებინათ მასტიკა, მერე იატაკი ბენზინით მოეწმინდათ და მასზე ის მასტიკა უზადოდ გადაესვათ.

იმ დროს, რბილ ტუბიკებში ჩატენილი, კარაქისფერი, გდრ-ის ნაღდი მასტიკა დეფიციტი იყო. რაც იშოვებოდა, ძროხის გამხმარ ფუნას ჰგავდა. ჰოდა ამ ფხვიერ მასას ბენზინში აზავებდნენ, არბილებდნენ და ტომატის მსგავს სითხედ აქცევდნენ. ეს ბრძანდებოდა ბატონო ჩემო მასტიკა “მადე ინ უსსრ”.

მას უსვამდნენ ასევე ბენზინით გაწმენდილ იატაკს. ელოდნენ გარკვეული დრო, სანამ პარკეტი, ან პოლის ფიცარი შეიწოვდა მასას და მერე იატაკის ჯოხზე წამოცმული უხეში ნაჭრით პირველად გაპრიალებას ასრულებდნენ. ამის შემდეგ კი ოჯახის წევრები ერთად შედგებოდნენ მართკუთხედებად დაჭრილ ნაბდებზე და “ჩა-ჩა-ჩას” მოძრაობებით იატაკს საბოლოოდ აზინზილებდნენ.

აი, ამ ბოლო, დამაგვირგვინებელ სტადიას უნდა შეერთებოდა მამაჩემი. ჰოდა, ამის დროც დადგა. დედაჩემმაც დაუძახა, იმანაც უსიტყვოდ მიაფუჩეჩა ნარდის მოსაგები პარტია და მეზობლების უკმაყოფილო შეძახილების მიუხედავად აუყვა ოჯახის საფუძვლების გამყარებისკენ მიმავალ ლესტნიცას.

გულით და სულით შეუდგნენ საქმეს. კაი ორი საათი მოუნდნენ დაპრიალებას... მაგრად დაიღალნენ, გაოფლიანდნენ, ლამის სიქა გაძვრათ... მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით უცნაური რამ ჩაიდინეს. ვერ მოტვინეს, ვერ მიხვდნენ რისი ბრალი იყო ეს... „ჩა-ჩა-ჩა“ ცეკვის? ბენზინის? მოშიშვლებული ფეხების? მკვეთრი მოძრაობების? ტანის უცნაური რხევების?.. თუ იმ შემპარავი, სითბოთი და იმედით სავსე ღიმლინარევი გამოხედვების, რომლებსაც წამიერი ამოსუნთქვების დროს ჩუქნიდნენ ერთმანეთს?...

...ფაქტია ის, რომ  კარგა ხნის “დამშეული” ცოლ-ქმარი ჯერ გაშეშდა, მერე გაეღიმათ და მერე კი ასმაგი ენერგიით დაეწაფნენ ერთმანეთს და… მოკლედ არაფერი მოიკლეს… კარგა ხანი იმ ოქროსკაბიანი დედოფლის, შუშანიკის ქება-დიდება ჰქონდათ.

 “სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი,

შენნაირი კი არ იყო, ჭკუა იყო ცარიელი!”…

       ...კმაყოფილმა მამაჩემმა ბედნიერად შეაბოტა საპირფარეშოში, გზად “საქართველოს ქალი” წაიძღვანია. ჩამოჯდა გაბრწყინებულ უნიტაზზე, და გადაშალა ჟურნალი. ბედნიერი დედაჩემი კი შუა ოთახში, იატაკზე იწვა და ნეტარების მორევში ცურავდა…

აქ შეგვიძლია რაიმე წავიღიღინოთ… მანამ, სანამ რაღაც მოხდება… მაგალითად, თბილისური რაიმე:

“ჭრელ ბაღდადზე გავშლი სუფრას!

იქ დაგიდგამ დოქით ღვინოს…”

მამაჩემი კმაყოფილი ათვალიერებდა სურათებს და ხმამაღლა კითხულობდა მათ ქვეშ განთავსებული სტატიების სათაურებს... თან სიგარეტს აბოლებდა… ცოტა ხანში მეტი ყურადღებით ჩაუღრმავდა საბჭოთა საქართველოში საიდანღაც წარმოქმნილ ქალთა პრობლემებს... სტატია საინტერესოა… ამასობაში სიგარეტი ჩაამთავრა, საქმე კი არა… ამიტომ ლამის ჩაფერფლილ ბიჩოკს ჩაუძახა უნიტაზში და… ირგვლივ ყველაფერი განათდა… სამყარო ა ფ ე თ ქ დ ა. მამამ სიმხურვალე იგრძნო. მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც წელს ქვევით იყო - ი წ ვ ო დ ა. აშიშხინებული ხორცის სუნმა გააბრუა. გაოგნებულმა ქვევით ჩაიხედა - უნიტაზი ვულკანივით აფრქვევდა ცეცხლს…  აუტანელი ტკივილისა და შიშისაგან დაიღრიალა და თავით საპირფარეშოს კარი გაიტანა. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მასიური ფიცარი შუაზე გაიპო, ხოლო თავგატეხილი მამაჩემი, მომწვარი მამაკაცური ღირსებით, იატაკზე გაიშხლართა.

საცოდავმა, სანამ გონებას დაჰკარგავდა, დედაჩემს გახედა და წაილუღლუღა:

- თავს უშველე! გაიქეცი! მგონი ვუკლანმა ამოხეთქა!

 ქალმა იყვირა “ვაიმე, დავიღუპეთო!” და გონდაკარგულ ქმარს ეცა…

- ვაიმე, ეს რა ჩავიდინე! რატომ არ დამაწყდა ხელები! მაპატიე! ნეტა შენს ადგილას მე ვყოფილიყავი! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე!

მოკლედ მთელი სახლი ფეხზე დადგა. სამეზობლოში ალიაქოთი ატყდა. ვინ რას აკეთებდა, ვინ რას ყვიროდა და ვინ რას მოითხოვდა, ღმერთმა იცის. მოკლედ, სანამ სასწრაფო, სახანძრო და მილიცია მოვიდა, მამაჩემი გონს მოეგო. საცოდავი კაცი მიხვდა ყველაფერს. პანიკაში ჩავარდნილ დედაჩემს გულისტკივილითა და იუმორით ახედა და უბოროტოდ შეაგინა… რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, მისმა გინებამ ქალი ცოტა დაამშვიდა.

- გაჩერდი, შე შობელძაღლო! გაჩუმდი, გთხოვ, შენი დედაც… ტვინს ნუ ხნავ ქალოო!

- ვაიმე, ეს რა ჩავიდინე! რატომ არ დამაწყდა ხელები! მაპატიე! ნეტა შენს ადგილას მე ვყოფილიყავი! - იმეორებდა სასოწარკვეთილი ქალი და თავში ხელებს იცემდა. მილიციისა და სასწრაფოს დანახვაზე კვლავ გაგიჟდა-გადაირია.

- რატომ არ დამაწყდა ხელები! მაპატიე! ნეტა მე ვყოფილიყავი!

- შენი უჭკუო დედა ვატირე! თავს ნუ მჭრი! დამშვიდდი! სირცხვილია! გაჩუმდი, ტვინს ნუ ხნავ!

აი, ეგრე უცნაურად გამოხატავდა ტკივილსაცა და საყვარელი ცოლისადმი ყურადღება-თანაგრძნობას. ჭკუიდან გადასული დამნაშავე კი არ ცხრებოდა და გაუთავებლად გაჰკიოდა:

- ვაიმე, ეს რა ჩავიდინე! რატომ არ დამაწყდა ხელები! მაპატიე! ნეტა შენს ადგილას მე ვყოფილიყავი!...ნეტა მე ვყოფილიყავი!... ნეტა მე ვყოფილიყავი!...

...თუ ვერ მიხვდი, რა მოხდა და რაში იყო საქმე, მაშინ ყელაფერს დეტალნა აგიხსნი:

მასტიკის მომზადებისა და იატაკის მოწმენდის შემდეგ დარჩენილი ბენზინი, ბარე  ორი ლიტრა დედაჩემს ტუალეტში ჩაუღვრია და ჩარეცხვა დავიწყებია.

საცოდავ მამაჩემს აბა, საიდან უნდა სცოდნოდა ეგ ამბავი?! ჰოდა ბიჩოკზე უნიტაზში ჩაქცეულმა A-72-მა ბუთქა და კარგა გვარიანადაც აგიზგიზდა. ცეცხლის ალმა ამოუწვა დაუცველი ადგილები. მოულოდნელობისა და აუტანელი ტკივილისაგან კაცმა თავით გაანგრია საპირფარეშოს კარი და დედაჩემის მუხლებში დაჰკარგა გონება.

შედეგად - მესამე ხარისხის დამწვრობა, გატეხილი თავი და გამწარებული გული. ასეთ მდგომარეობაში წაუყვანიათ საცოდავი კაცი საავადმყოფოში.

ისტერიკაში ჩავარდნილი დედაჩემი, თურმე  ვერასგზით ვერ აატყავეს საკაცეზე გაშოტილ ქმარს. ლამის საპროცედუროშიც ერთად შეუყვანიათ... ბოლოს გაწამებული ქალისთვის მამაჩემს უკოცნია და დაუმშვიდებია... ასე ფერებ-ფერებით ძლივს დაუცილებიათ ცოლ-ქმარი ერთმანეთს.

ჰოო, აი, ასეთ ტრაგიკომიკურ დღეს ჩავისახე თურმე მე.

მამაჩემი იცინოდა, სანამ ცეცხლის ნათლობა არ გავიარე, შვილს ვერ ვეღირსეო. ალბათ, ამიტომ დამარქვეს ამირანი. ამან ხომ ზევსს ცეცხლი მოჰპარა და ხალხს აჩუქა...

...A-72-ის დახმარებით მიხვდნენ ჩემები, რომ აქამდე  არც კი უცხოვრიათ. აქამდე თურმე მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ ინდური კინოს პერსონაჟებს დამგვანებოდნენ და მოგონილ სამყაროში ეარსებათ. ბენზინმა კი კინოეკრანს ჩამოაცილა, რეალობის წინაშე დააყენა და ისკუსტვენნი ფერების გარეშე დაანახა ერთმანეთი - ნამდვილი, ღრმა, შეუფერადებელი, ბუნებრივი, ბევრად უფრო ძვირფასი და ღირებული.

- მანამდე ერთმანეთს სულ ვიღაცებს ვადარებდით... - ამბობდა დედაჩემი, - იმის მერე კი სისულელეებს თავი დავანებეთ, კინო კინოში დავტოვეთ და ნამდვილი ცხოვრება დავიწყეთო...

ასეა ძმაო, ბენზინიც ხელს უწყობს ნაღდ სიყვარულს.

მამაჩემის ჯანმრთელობის ამბავი თუ გაინტერესებს, და სხვა დანარჩენი დეტალები - „აფეთქების“ მერე ზედიზედ ოთხი შვილი ეყოლათ. სიყვარულსა და ბედნიერებაში შეალიეს ერთმანეთს დარჩენილი ცხოვრება.

ჰოო, ამ ყველაფერს რაჯ კაპურის ნაჩნიკი შეეწირა. დამსხვრევის ამბავი ძალიან განიცადა ანჟელამ, თუმცა მის გაბედნიერებას ამით ხელი არ შეშლია. ქორწილში თამადა მამაჩემი იყო… იცი, რაჯ კაპურის სიმღერა “ბატონი 420”-დან რამდენჯერ დააკვრევინეს მუზიკანტებს?... პაჩწი 42-ჯერ...

მერა ჯუუთა ჰაი ჯაპანი, იეჰ პატლოონ ენგლიშტანი,

სარ პე ლაალ ტოპი რუუსი, პჰირ ბჰი დილ ჰაი ჰინდუსტანი.

(იაპონური ფეხსაცმელები, ინგლისური შარვალი,

წითელი რუსული ქუდი, მხოლოდ გულიღა შემრჩა ნაღდი ინდური.)

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE