მოთხრობები


მოთხრობები




ელზა მორანტე (რომი, 1912 წ. 18 აგვისტო - 1985 წ. 25 ნოემბერი) - მწერალი, ესეისტი, პოეტი, მთარგმნელი. პრემია „სტრეგას“ პირველი მფლობელი რომანისთვის „არტუროს კუნძული“ (1957), ნორვეგიის წიგნის კლუბის და ნობელის კომიტეტის მიერ მწერლების გამოკითხვით შედგენილ „ყველა დროის ას საუკეთესო წიგნში“ შესული რომანის, „ისტორიის“ ავტორი.

დედა - ირმა პოჯიბონსი (წარმოშობით ებრაელი) - დაწყებითი კლასების მასწავლებელი; მამა - ფრანჩესკო ლო მონაკო - საფოსტო განყოფილების თანამშრომელი, რომელმაც 1943 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შვილი დედის მეუღლემ, აუგუსტო მორანტემ გაზარდა, რომელიც ბავშვთა სახლის ზედამხედველად მუშაობდა, და გვარიც მანვე მისცა.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ ელზა მორანტე ოჯახს ტოვებს და ცალკე საცხოვრებლად გადადის. ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდის და იძულებული ხდება, შეწყვიტოს სწავლა. 30-იან წლებში თავს მწერლობით ირჩენს და თანამშრომლობს რამდენიმე გაზეთსა და ჟურნალთან; ატარებს კერძო გაკვეთილებს იტალიურსა და ლათინურ ენებში.

1936 წელს მას ალბერტო მორავიას აცნობენ, რომელთანაც 1941 წელს ქორწინდება. ამ პერიოდშივე ქვეყნდება მისი პირველი წიგნი „საიდუმლო თამაში“, რომელშიც ჟურნალებში დაბეჭდილი მოთხრობების მცირე ნაწილია გაერთიანებული. შემდეგ წელს გამოდის ზღაპრების წიგნი „ნაწნავებიანი კატერის ულამაზესი თავგადასავალი“, რომელიც მწერლის მიერვეა ილუსტრირებული.

მორავიასთან ერთად იგი ჯერ ანაკაპრიში ცხოვრობს, მერე კი რომში გადადის, სადაც 1943 წელს რომანის, „ტყუილი და ჯადოქრობის“ წერას იწყებს. მალე მასზე მუშაობას წყვეტს და ქმართან ერთად, რომელიც ანტიფაშისტურ მოძრაობაშია ეჭვმიტანილი, ჩოჩარიას მთებში იმალება. 1944 წლის ზაფხულში ისინი რომში ბრუნდებიან, მაგრამ ამასობაში ურთიერთობა ურთულდებათ. ელზა მორანტეს შინაგან სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრებისა და ძლიერი მამაკაცის გვერდით უსაფრთხოდ ყოფნის სურვილი თანაბრად იპყრობს. ის უარს ამბობს დედობაზე, რის გამოც მერე ძლიერ სინანულსაც განიცდის.

წიგნი „ტყუილი და ჯადოქრობა“ 1948 წელს გამოდის, რომლითაც მწერალი „ვიარეჯიოს“ პრემიას იგებს. ცოლ-ქმარი საცხოვრებელს იცვლის და ოკას ქუჩაზე, პრესტიჟულ ბინაში გადადის, რომელიც მალე ინტელექტუალური თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.

50-იანი წლების დასაწყისში ელზა მორანტე იტალიის ტელევიზიასთან თანამშრომლობს, მოგზაურობს, წერს მოთხრობას „ანდალუზიური თავშალი“ და მუშაობს მეორე რომანზე, სახელწოდებით „არტუროს კუნძული“, რომელიც 1957 წელს „სტრეგას“ იმსახურებს. 1959 წელს ამერიკელ მხატვარ ბილ მოროუს გაიცნობს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. 1962 წელს მეუღლეს საბოლოოდ შორდება და მალევე ბილ მოროუს ტრაგიკულ სიკვდილსაც იგებს. მწერლისთვის შემდეგი წლები სიმშვიდით არ გამოირჩევა, მასზე ძალიან მოქმედებს საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სევდაცა და სიბერის შიშიც; ძალიან განიცდის ზოგადსაკაცობრიო პრობლემებსაც, რომლებზეც წერს მესამე ცნობილ რომანს, სახელწოდებით „ისტორია“ (1974).

1976 წელს იწყებს უკანასკნელ რომანს „არაკოელი“, რომელსაც ფიზიკური ტრავმის გამო მოგვიანებით, 1982 წელს გამოსცემს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მწერალი ფეხით სიარულის უნარს კარგავს და სიცოცხლის უკანასკნელ წლებს საწოლში ატარებს. 1983 წლის აპრილში, გაზის ინტოქსიკაციით თვითმკვლელობას ცდილობს, მაგრამ მოსამსახურე ქალი შეუსწრებს და ამის გამო მიზანს ვერ აღწევს. ხელახალი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში რჩება, სადაც ინფარქტით, 1985 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვლება.

 

 

უნიათო კაცი

 

უნივერსიტეტის პირველი კურსი დავხურე თუ არა, ჩვეულებისამებრ, დასასვენებლად ჩემს მშობლებთან, სოფელ ფ-ში წავედი. მაშინ ძალიან მორცხვი და ფაქიზი ახალგაზრდა ვიყავი, თან ქერა თმები და ლამაზი ღიმილი მქონდა, ამიტომ მეგობრებმა სახელად „პოეტი“ შემარქვეს. ისე, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო ზოგი ძველი დროის რაინდსაც მამსგავსებდა, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არც პოეტის ნიჭი მქონდა და არც რაინდის გამბედაობა.

კურსის დასახური გამოცდები ცოტა გვიან დავასრულე, რის გამოც სოფელში ჩასვლა გვიან მომიწია. ამასობაში, ჩემს თანატოლებს ახალი გასართობიც გამოეგონებინათ. უნდა ვაღიარო, რომ სოფელში გასართობი საშუალება თითქმის არ არსებობდა. გოგონები, ტრადიციებს იცავდნენ და მიუკარებლები იყვნენ.  ძირითადად დიასახლისობდნენ. თეატრი არ იყო და არც სპექტაკლები იმართებოდა. გართობისთვის ახალგაზრდები ერთმანეთში თუ ხუმრობდნენ, თუ არადა, კარტს თამაშობდნენ, მეტი არაფერი.

მაგრამ იმ წელს სოფელში ახალი დამსვენებელი, ქალიშვილი კანდიდა ვ. ჩამოვიდა, რომელიც გაუთხოვარ, მოხუც დეიდას სტუმრობდა და მასზე ახალგაზრდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა; ოცდაათ წელს მაინც იქნებოდა გადაშორებული, თუმცა თვითონ, ოცდაექვსის ვარო, ამბობდა და თავი კეკლუცად მოჰქონდა. დაბალი იყო, ჩასუქებული, მოკლე ფეხებით,  თეძოების რხევით დადიოდა; შავი, გრძელი თმები ჰქონდა, მრგვალი სახე ზედ ციმციმა თვალებით, დიდი წამწამები და თეთრი, წვრილი კბილები. ამ ქალიშვილის ამბავს ახლა მოგიყვებით:

კანდიდას თავისი ახალგაზრდობა ქვრივ მამასთან ერთად, ქალაქ მეძოჯორნოში გაეტარებინა მკაცრი და ეჭვიანი მამაკაცის ტყვეობაში. მისი ცხოვრება, ეგრეთ წოდებულ, „სახლის მონაზვნებს“ უფრო შეეფერებოდა. მამის შიშით გოგო თავის ხასიათს ვერ ავლენდა და შეზღუდულად ცხოვრობდა. უცნაური იყო, ყველაფერზე ხამობდა და თავის გამოჩენა უყვარდა, თუმცა  ბუნებრივად გულუბრყვილო იერსახე მაინც შენარჩუნებული ჰქონდა.

მამა რომ გარდაეცვალა, პატარა, უმნიშვნელო ქონება დარჩა და გლოვის მთელი პერიოდი დედაქალაქში, მხიარული ხასიათის ბიძაშვილებთან გაატარა. გლოვა, ხამობა და გამოუსვლელობა მათთან ერთად ცხოვრებაში ჩასაბმელად ხელს ძალიან უშლიდა. იმ ხალისიან გოგონებს საკუთარი ბედნიერება აინტერესებდათ მხოლოდ. სიღრმისეული რამ მათ არ იზიდავდათ და საუბრის მთავარ თემად სიყვარულს მიიჩნევდნენ.

გლოვის პერიოდი რომ დასრულდა, ბიძაშვილებმა კანდიდას გრიმების წასმა

ასწავლეს და ღია ფერის კაბები აყიდვინეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ზურგსუკან მაინც დასცინოდნენ. გოგოს, რომელიც მთელი ცხოვრება ნაცრისფერ კაბებს იცვამდა და პუდრს არასოდეს ხმარობდა, სარკეში პირველი ჩახედვისას, თავს ხვეული თმით, შეფერილი სახითა და ცისფრად ჩაცმულს რომ დაინახავდა, არ შეიძლებოდა, მოწონებისგან გონება არ არეოდა. სწორედ ასე დაემართა ქალიშვილ კანდიდას - თავისი თავი ულამაზესი ეჩვენა და ცერცეტი ხასიათიდან გამომდინარე, აღფრთოვანება ვეღარ მოთოკა. იმ პერიოდში ჩამოვიდა ის სოფელ ფ-ში. თუ დედაქალაქში მისი პროვინციულობის გამო ძალიან მორცხვობდა, აქ, პროვინციელებს შორის, პირიქით, მეტროპოლისში გატარებული ცხოვრების შემდეგ თავს ქალაქელად გრძნობდა და თავის თავში დარწმუნებული გზაზე ამაყად მიაბიჯებდა. სწორედ, ასე, ბედნიერების ღრუბლებში გახვეული გამოჩნდა ის ჩვენ შორის: მოკლე ქვედატანს იცვამდა, მკვეთრი ფერებითა და გადაჭარბებულად ჩამოციცქნილი ბოლოებით; შუბლზე მიწებებული თმის კულულებით, ბიჭებს თითქოს საკოცნელად იწვევდა; ფერ-უმარილს ცხვირის ნესტოებამდე და ყურის ბიბილოებამდე იცხებდა. დადიოდა ასე, ტრიუმფალური იერით, თავაწეული და თვალებგაბრწყინებული.

საქმე იმაში იყო, რომ მისი ჩაკეტილი ახალგაზრდობა ახლა ყვავდებოდა ერთიანად, დროზე გადაცილებით. ამგვარი სიგიჟითა და თავმომწონებით შეპყრობილი კანდიდა სიყვარულით გატაცებასა და ქორწინებაზე ოცნებობდა; დარწმუნებული იმაში, რომ ყველაზე ლამაზი იყო და ყველა ახალგაზრდას თავდავიწყებით უყვარდა. მისი ბედნიერიებითა და მიამიტობით სავსე გული ამ სიტყვებს განუწყვეტლივ უმეორებდა, თითქოს განსხვავებულად უყვარდათ, განსაკუთრებით - როგორც შეყვარებულ გოგოებს სთხოვენ საქორწინოდ ხელს; უყვარდათ ისე, როგორც რომანებშია, რაინდები დამების სახელებს ფარებზე რომ იკვეთენ; ერთად ყოფნისას, მორიდებულები სიყვარულში რომ ვერ უტყდებიან, და თუ გაურბიან, იმიტომ, რომ ძალიან შეყვარებულები არიან. ამ გიჟურ სამყაროში იყო ის ჩაფლული და ბედნიერებისგან მუდამ ხტუნავდა და ღიღინებდა. სოფლის ქალებს თავიანთ შურიანობაზე ელაპარაკებოდა, „მას ვუყვარვარ, ის მეთაყვანება...“, და ისინიც ისე იქცეოდნენ, თითქოს უკვირდათ, „მართლა?“, ეკითხებოდნენ და მერე ზურგსუკან იცინოდნენ. ერთადერთი, ვისაც მისი სჯეროდა, დეიდა იყო, რომელიც საღამოობით უსმენდა და ოცნებებსა და სიამაყეს უწონებდა.

ჩემი თანატოლებისთვის კანდიდას ყოველდღიური გამოსვლა სპექტაკლად იყო უკვე ქცეული. ასე საზეიმოდ და გამომწვევად ჩაცმულს რომ დაინახავდნენ, გარს შემოეხვეოდნენ და ხუმრობასა და სიცილის დააყრიდნენ, რაც მისთვის სასიყვარულო შაირებივით ჟღერდა ხოლმე; მეტი გართობისთვის ისე ესაუბრებოდნენ, როგორც მას სიამოვნებდა. მინდვრის ბილიკებზეც განმარტოებით მისეირნობდნენ და სიყვარულზე ელაპარაკებოდნენ, როგორც რომანებში იწერებოდა და როგორც მას წარმოედგინა. ყველა სასიყვარულო გამოხატვას კანდიდა განსაკუთრებული სინაზითა და წამწამების ფახულით პასუხობდა. იმდენი საჩუქრის მიღებით აყვავებულივით ჩანდა, ყოველდღე სუქდებოდა და ამაყი, თავაწეული ხდებოდა. სულ ცოტა ხანში, ჩემ გარდა, სიყვარული ყველას ჰქონდა მისთვის ახსნილი. მე სხვების გართობას არ ვიზიარებდი, არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამის აღიარებასა და ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავდი. იმ სიტყვებს, რომლებსაც ბიჭები კანდიდას გასაპამპულავებლად წარმოთქვამდნენ, ჩემს გულში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, და მე ასე, სათამაშოდ მათ ვერ გამოვიყენებდი, მხოლოდ საცოლისთვის, ლამაზი და უბრალო გოგონასთვის თუ ვიტყოდი მომავალში; მეტიც, კანდიდა მე, დასაცინი კი არა, საცოდავი უფრო მეჩვენებოდა. ასე კეკლუცად და გადაკეთებული კაბებით თავმომწონედ გავლილს რომ შევხედავდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა  და ცუდად ვხდებოდი. მის გვერდით ყოფნა უხერხულობის გარეშე არ შემეძლო. მას ჩემი უმოქმედოდ და უსიტყვოდ დგომა ძალიან უკვირდა, ნაწყენი რჩებოდა და ბრაზდებოდა კიდეც. ჩემი რომანტიკული აღნაგობა და მონაცემები, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკე, კანდიდას მოსაწონებელ იდეალებს ედრებოდა ალბათ და ამიტომაც იყო, რომ  ხშირად მომღიმარი და გამომწვევი თვალებით მიყურებდა. ამხანაგები მაწვებოდნენ, ზურგზე ხელს მკრავდნენ და მიყვიროდნენ: „მიდი, პოეტო, მიდი! ნუ გრცხვენია! გამოუტყდი ქალიშვილს შენს გრძნობებში!“

კანდიდამ დაიჯერა, რომ მე სიმორცხვე მაკავებდა და თითქოს ამიტომ ვერ ვუტყდებოდი სიყვარულში. იმ დღიდან, მეგობრებთან ერთად სადმე რომ ვხვდებოდი, მხოლოდ მე მიყურებდა, თითქოს ყველაზე დიდ ლტოლვას ჩემ მიმართ განიცდიდა, და ქალური თავმომწონებით ისე გამომწვევად მაშტერდებოდა, რომ ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. ამ სიტუაციით ძალიან ვღიზიანდებოდი და სირცხვილია და მოზღვავებული სიბრალულის გამო სახე მიწითლდებოდა, რაც მეგობრების ხუმრობას უფრო ამძაფრებდა.

მაშინ ჩემში ერთმა გადაწყვეტილებამ იწყო მომწიფება, რომელსაც მალე გეტყვით; და ვინ მიკარნახა ამის შესახებ? ღირსება, სიმართლე, სიბრალული და სხვა ყველაფერი ერთად მომაწვა სინდისზე, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სინდისიც კი გვიბნევს თავგზას. 

მაშასადამე, ერთ მშვენიერ დღეს, მარტო რომ ვსეირნობდი, კანდიდას შევხვდი. მან გამომწვევად გამომხედა და ქვედატანის ქნევით თავის გზაზე სვლა განაგრძო. კანკალითა და აწითლებული სახით დავედევნე, დავუძახე: „ქალიშვილო, ქალიშვილო!

დედოფლური იერით მოიხედა. მე ენის ბორძიკით ვუთხარი, მასთან

საუბარი რომ მინდოდა. რატომაც არაო, ეშმაკურად მიპასუხა. ის ჩემი შეწუხებული და აკანკალებული სახე რომ დაინახა, ვინ იცის, გულში როგორი სითბო ჩაეღვარა, მაგრამ მისი სულელური აღფრთოვანება იმდენად გადაჭარბებული მომეჩვენა, რომ გაქცევაც კი ვიფიქრე, თუმცა ნაბიჯი უკვე გადაგმული მქონდა და აღარ გამოდიოდა, ამიტომ ძალა მოვიკრიბე და ჩემი თავი ხელში ავიყვანე, უფრო მეტიც, ისეთი გამბედაობა შემემატა, რომ მე თვითონაც გამიკვირდა.

            ქალაქის მოედნისკენ მიმავალ გზაზე გადავედით, რომლის ბოლოს, ე.წ. კლუბი იყო,სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, რადიოს უსმენდნენ და კარტს თამაშობდნენ. ვიცოდი, ჩემი მეგობრები იმ დროს იქ რომ იყვნენ, მე თვითონ დავტოვე ცოტა ხნის წინ. მოედანზე გავჩერდი და თავდაცვის იერით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა, ხელი კანდიდას წითელ მკლავს დავადე. მან გაიღიმა და გაიწია.

„არა, გთხოვთ, ქალიშვილო“, ვუთხარი, „ნუ მისცემთ ამ ჩემს ჟესტს ისეთ მნიშვნელობას, ილუზიაში რომ ჩაგაგდოთ. დიახ, რადგან თქვენ ცდებით. მე ნამდვილი მეგობარი ვარ და მინდა, თვალებიდან ფარდა ჩამოგხსნათ. ქალიშვილო, ვიცი, რომ ჩემი მეგობრები ერთგვარი სიმსუბუქით სიყვარულსა და მსგავს რამეზე გესაუბრნენ. თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი აღარ ხართ, მაინც დაიჯერეთ. იცოდეთ ახლა, რომ არცერთ მათგანს არ უყვარხართ. ქალიშვილო, დროა, საკუთარი თავი და ცხოვრება შეიცნოთ. თქვენი ასაკისა და კლასის ქალს ცხოვრება სულ სხვა რამეს სთავაზობს. შეგიძლიათ, წიგნები იკითხოთ, კარგ შემოქმედებას ეზიაროთ, ან კერვა დაიწყოთ. უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ჩემი მეგობრები თავს გაჩვენებენ და მერე ზურგს უკან დაგცინიან. მოკლედ, ამ სოფელში მათთვის მხოლოდ გასართობი სათამაშო ხართ, მეტი არაფერი. გინდათ, ეს ყველაფერი დაგიმტკიცოთ?“

ის უსიტყვოდ იდგა და თავდაუჯერებელი ღიმილით მიყურებდა.

„დარჩით აქ, კლუბის ფარდის უკან“, ვურჩიე, „უყურეთ და უსმინეთ. მე ჩემს მეგობრებს საბაბს მივცემ და თქვენზე ავალაპარაკებ. თვითონვე ნახავთ, რასაც ფიქრობენ და რეალურად კი როგორ გექცევიან.“

ასე დავტოვე კანდიდა ფარდის უკან და მე დარბაზში შევედი. სახეზე მკრთალი ფერი მედო და თვალები მიხურდა, ძალიან განვიცდიდი. ყველაფერი ეს ჩემთვის არაბუნებრივი იყო. იძულებული არ გავმხდარვარ, ის ახალგაზრდები კანდიდაზე სალაპარაკოდ რომ გამომეწვია. არც კი იცოდნენ, ფარდის უკან ვინმე თუ იდგა და უსმენდა; დამინახეს თუ არა, სიცილითა და ხუმრობით შემხვდნენ: „სად დატოვე შენი ლამაზი? ფანჯრიდან გიყურებდით ცოტა ხნის წინ. შენ მამლის ბიბილოსავით იყავი გაწითლებული, ის კი - ფარშევანგივით გაფოფრილი.“

„სიყვარულში გამოვუტყდი!“, წამოვიძახე ცინიკურად. ამ ჩემმა სიტყვებმა ყველაში გიჟური მხიარულება გამოიწვია. „და რა უთხარი, პოეტო? და რა გიპასუხა?“, მეკითხებოდა ერთი. „მოინადირე მისი გული?“, მეკითხებოდა მეორე. მესამე უარესად იქცეოდა, კანდიდას აჯავრებდა, მის ხმას გამოსცემდა, რაც იხვისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალისას; და მასთან ერთად ყველა იგივეს იმეორებდა. ხარხარებდნენ, უხამს წამოძახილებს არ ერიდებოდნენ, ისეთებს, გადმოცემაც რომ არ შემიძლია ახლა.

როცა ვიფიქრე, რომ ეს მტკიცებულება კანდიდას უბრალო სულისთვის საკმარისი იქნებოდა, დერეფანში გავედი და ფარდის უკან მოტირალი, აცახცახებული არსება დავინახე. დარწმუნებული ვარ, არასოდეს დამავიწყდება მისი ახალი ასპექტი, როგორსაც მაშინ ვუყურებდი. ტიროდა, მე კი უფრო სულელური და ულამაზო მეჩვენებოდა. მისი ცახცახი მაღალსიცხიანისას უფრო ჰგავდა, ვიდრე სულიერი ტკივილისგან გამოწვეულს. ისე შემხედა, თითქოს ვერ მიყურებსო. საშინელი გამომეტყველება ჰქონდა და იმ ბავშვს  ჰგავდა, სულ ახლახანს მოჩვენება რომ ნახა.

იმ გამოხედვამ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მის მიმართ ანიტაპათია და სიძულვილი გამოიწვია ჩემში. უკან რომ ვაცილებდი, მისი მსუქანი სახის შეხედვას თვალს ვარიდებდი, ფერ-უმარილითა და ცრემლებით რომ ჰქონდა მოსვრილი და სიბერის ნაოჭებიც უფრო ემჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზის განმავლობაში თვალებდახრილი ვიყავი და თავს მისკენ მხოლოდ ძალდატანებით თუ ვიხედებოდი, რაღაცნაირი სიძულვილის განცდას მაინც ვგრძნობდი. გამოვუტყდი, თუ რაოდენ ულამაზო იყო მისი ქცევები, სასაცილო - მისი კაბები, უშნო - სახის გრიმი და საერთოდ - მთელი მისი ცხოვრება. ფარისევლური გულახდილობითა და მოკრძალებით რჩევაც კი მივეცი იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინა, როგორც ზრდასრულ გოგოს, რითი უნდა დაკავებულიყო. ის არ მპასუხობდა, მაგრამ თავს მიქნევდა და ტუჩებს იკვნეტდა; სახეს ისე მანჭავდა, როგორც ბავშვი - ტირილის დროს. ბოლოს, საცოდავად წაიბურტყუნა: „აჰ, საკმარისია! შეჩერედით, გთხოვთ!“ ამოისუნთქა და  თავისი სახლისკენ გაიქცა. მეც ჩემი სახლისკენ გავემართე; პირში მჟავე გემოს ვგრძნობდი, ძვლებში კი - მტვრევას,  ფიზიკური მუშაობის შემდეგ რომ იცის.

შემოდგომა ახლოვდებოდა. ჩემი ქალაქში დაბრუნების დღეც დადგა. ისე დავტოვე სოფელი, რომ კანდიდას აღარ შევხვედრივარ. შეიძლება სირცხვილის გამო სახლიდან აღარც კი გამოსულა, არ ვიცი. მე კი მოგვიანებით, ქალაქში, ჩემს ცუდად მოწყობილ ოთახში, ჩემს მწირ ხასიათთან ერთად, მარტოდ მყოფს არაერთხელ გამხსენებია მასთან ბოლო შეხვედრა და მისი ის სახე, რომლის დანახვასაც მაშინ თავს ვარიდებდი; ახლა ეს ყველაფერი სინდისის ქენჯნასავით სულს მიღრნიდა და ცოდვად მევლინებოდა. „ბედნიერი იყო“, ვიმეორებდი, „რატომ გავაწბილე? იმედი რატომ გავუქრე?“ და ვიხსენებდი ჩემს გულისტკივილს, ბავშვობაში თანატოლები რომ მეუბნებოდნენ, კეთილი ჯადოქარი არ არსებობსო; ბავშვობის მოგონებები, ოცნებები, გაწბილებული ამბიციები, მიუღწეველი მიზნები, ყველაფერი ამ ჩემს მონანიებას ერწყმოდა, ერეოდა და იმ დონემდეც კი მივდიოდი, რომ ტირილისგან თავს ვეღარ ვიკავებდი. იმ მძიმე წუთებში არაერთხელ მიფიქრია გაქცევა, კანდიდასთან მისვლა და ბოდიშის მოხდა; უფრო მეტიც, მისი ცოლად მოყვანაც. ასე,არეული აზრებითა და ფიქრებით მოუსვენრად ვტრიალებდი ლოგინზე შემოდგომის იმ წვიმიან დღეებში. არეულობამ სულში კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ეს ამბავი გავიგე: ჩემი გამგზავრების შემდეგ, კანდიდა მალე ტიფით ავად გამხდარა, გარდაცვლილა და სოფლის სასაფლაოზე დაუმარხავთ. დედაჩემი თავის წერილში სოფლის ამბებთან ერთად კანდიდას სიკვდილის შესახებ მაგებინებდა, რითაც გაუთვიცნობიერებლად უცნაური ტკივილი გამოიწვია ჩემში. მე, როგორც დიდმა რომანტიკოსმა და ფაქიზი სულის ადამიანმა, თავი კანდიდას მკვლელად ვიგრძენი. „მხოლოდ ილუზია“, ვიმეორებდი, „მხოლოდ ილუზია აცოცხლებდა, მატი არაფერი. და ამ ილუზიის გაქრობით მე ის მოვკალი.“ ამ მწარე ფიქრებსა და სინანულში ვიმყოფებოდი, რომ შობის დღესასწაულიც მოახლოვდა. ამ დღეს ჩვეულებრივ, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, სოფელში ვატარებდი.

მაშინაც იქ ვიყავი. შობის წინა დღე იყო, დეკემბრის ძალიან ცივი არა, მაგრამ ქარიანი პერიოდი. ძლიერი წვიმები და თბილი ქარი ერთად იმ დღეებს უფრო მოსაწყენს და სევდიანს ხდიდა. კლუბის მოედანზე ვიმყოფებოდი; ზუსტად იქ, სადაც კანდიდას ვუთხარი, „თქვენ თვითონვე შეგიძლიათ, ქალიშვილო...“ და როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი სულისტკივილი ჩემი მხრიდან იმ წამებში დაკლებული სიკეთის გამო; როგორ მინდოდა უკან დახევა და იმ ყველაფერი ცუდის წაშლა, რაც მაშინ კანდიდას ვუთხარი.

ჩემი უნიათო სულის სიღრმეში თავს მხოლოდ უკანასკნელი დედობრივი რჩევები, მომვლელი ქალის მიერ მოყოლილი რელიგიური ამბები და ბავშვის ენით თქმული ლოცვები იჩენდა. რაღაცნაირი გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, რომელმაც კანდიდას საფლავზე, მისი სულისთვის ბოდიშის მოსახდელად წასვლისკენ მიბიძგა. ჩემი სახლის უკან, ბაღში, რამდენიმე დაგვიანებით გაშლილი ქრიზანთემისა და სხვა მცენარის ყვავილი დავკრიფე, თაიგული შევკარი და სასაფლაოსკენ გავემართე, კანდიდასთვის რომ მიმეტანა.

წვიმით დაბურულ ამინდში მივდიოდი და გული ისე მიფეთქავდა, რომ ყელში ამომდიოდა. მივაბიჯებდი გალანტურად, შეყვარებული პაჟივით, საყვარელი ადამიანის საფლავზე მალულად რომ უნდა მისვლა. ის იყო, ქვის კედლებით აქეთ-იქით მიყოლილი ვიწრო გზა გავიარე და წვიმის წვეთებში საფლავის ქვის ლაპიდარული წარწერაც დავინახე, „Pulvis et umbra sumus – Siste viator!“ („მტვერი და ჩრდილი ვართ - შეჩერდი, დაფიქრდი!“), რომ ერთ ძველ, მხიარულ მეგობარს შევეფეთე, რომელმაც დამინახა თუ არა, გულისამრევად გამიღიმა და მიყვირა: „პოეტო, ვისთვის მიგაქვს ეგ თაიგული?“

„როგორ?“, ენა დამება, „ამ პატარა თაიგულზე ამბობ?“ და თავი ისე ვიგრძენი, ბავშვივით, სასაცილოდ, როგორც არასდროს; სირცხვილისგან გავწითლდი, თითქოს ვალდებულება მქონდა, იმ ბიჭისთვის ნებისმიერი ახსნა-განმარტება მიმეცა; და მაშინვე ვუთხარი, ეს პატარა თაიგული ერთმა მათხოვარმა გლეხის გოგონამ მომცა, ფული რომ მივაწოდე ცოტა ხნის წინ-მეთქი. „მთელი გულით უნდოდა, რომ ამეღო“, დავამატე ჩემს სიტყვებს და ხელოვნური სიცილიც მივაყოლე. „არც კი ვიცი ახლა, რა ვუყო და სად წავიღო“, ვთქვი თუ არა, თაიგული გზის მეორე მხარეს გაბრაზებული სახით გადავისროლე, სადაც ცოტა ხანში თხებმა შეჭამეს.

მერე   ჩემი დიდი ქოლგით ხელში გამოვუყევი უკანა გზას მასთან ერთად. ის რაღაცას მიყვებოდა, მე კი მონური ღიმილით მივყვებოდი გვერდზე.

 

 

კერძო გაკვეთილი

 

13 წლის ასაკში, გიმნაზიის დასრულების ატესტატი რომ ავიღე და ლათინურშიც ათიანით გამოვედი, გადავწყვიტე, კერძო გაკვეთილების ჩატარებით ცოტა ფული გამომემუშავებინა და ჩვენს გამყიდველს, ბატონ მიკელეს თავის მაღაზიაში განცხადების გამოკვრა ვთხოვე. ვარდისფერი ლენტით დამშვენებულ ქაღალდზე ლამაზი კალიგრაფიით მე თვითონ დავწერე: „ვამზადებ ყველა საგანში. გაკვეთილები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და მისაღები ფასებით!“

რამდენიმე დღის შემდეგ ერთი მოზრდილი ტანის, 23 წლამდე ასაკის მამაკაცი გამოცხადდა - სახელად, კატანი ფიორენცო, რომელიც საასისტენტო გამოცდებზე აპირებდა გასვლას. კერძოდ, რის ასისტენტობას ეხებოდა საქმე, აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ფიორენცოს, როგორც თავად განაცხადა, კარგი მასწავლებელი სჭირდებოდა, თანაც კარგი ფასით; ამიტომ მოვდივარ შენთანო, მითხრა. საათაში სამ ლირაზე შევთანხმდით, მაგრამ ყოველ გადაშორებულ ოცთაათ წუთზე ორმოცდაათი ცენტიც უნდა დაემატებინა. უფალმა რატომღაც ხელი არ შეუშალა ამ ჩვენს შეთანხმებას, არც კატაკლიზმი მოახდინა და არც მიწისძვრა.

მეორე დღიდან, ყოველ შუადღეს ვიდექი ფანჯარასთან და ჩემს მოსწავლეს ველოდი. მეგობარი გოგონები თუ გაივლიდნენ და მკითხავდნენ, ჩვენთან ერთად რატომ არ მოდიხარო, დასაკარგი დრო არ მაქვს-მეთქი, კმაყოფილი იერით ვპასუხობდი. ასე ხედავდნენ, ყოველდღე რომ ვუცდიდი ჩემს მოსწავლეს; და როგორც დაღლილი მამა უყურებს თავის ცელქ, მოთამაშე შვილებს, ისე ვუყურებდი მეც მეგობარ გოგონებს, გზას მხიარულად რომ მიუყვებოდნენ.

კატანი ძალიან იგვიანებდა ხოლმე და როგორც მატარებელი, ისე ქშენდა. კეფა მოტვლეპილი ჰქონდა, ხელები - მსხვილი და კვანძებით სავსე, წარბები - სქელი და ხშირი; ნებისმიერ შემთხვევაში იგინებოდა და ღმერთს ცუდად მოიხსენიებდა. მისი ასეთი ულამაზო ჩვევით მობეზრებულმა მაშინვე წარბშეკრულად და მკაცრად გავაფრთხილე, ეს ოთახი სასწავლებელი და წმინდა ადგილია, სადაც მე მასწავლებელი ვარ და ჩემ წინაშე ასეთი სიტყვების წარმოთქმას სასტიკად გიკრძალავ-მეთქი. ფიორენცომ ალმაცერად გამომხედა და იმ დღიდან მოყოლებული, მსგავსი სიტყვები როგორც კი წამოსცდებოდა, ბოდიშის ნაცვლად მაშინვე ტუჩებზე ხელს ირტყამდა, ზოგჯერ ისე ძლიერად, რომ შიშისგან სკამზე ვხტოდი.

კიდევ, როცა იჯდა, იდაყვებით, უზარმაზარი ფეხებითა და ხელებით მთელ თავისუფალ ადგილს იკავებდა; მაგიდის კუთხეში ისე მიმკუჭავდა, რომ გაქრობას აღარაფერი მაკლდა. მე რომ მთელი გატაცებითა და მონდომებით ვუხსნიდი, ის მაგიდაზე ხელებდაწყობილი და მორჩილი სახით მიყურებდა; ეტყობოდა, ჩემი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც რომ არ სჯეროდა.

პირველ დღეს, თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო, აქოთებული სიგარეტების მოწევას მოჰყვა. მეორე გაკვეთილისთვის მოვასწარი და მის წინ, კედელზე ასეთი აბრა გავაკარი: „მოწევა აკრძალულია!“ რომ წაიკითხა, არ ესიამოვნა; და იმ წუთიდან, რამდენჯერაც არ ვაიძულე და არ ჩავაჯინდი, ერთი სიტყვაც ვერ ვათქმევინე, ჯიუტად ჩაიკეტა სიჩუმეში. ბოლოს, ჩაფიქრებული იერით, წარბშეკრულმა, ვერაფერს გიპასუხებ და მოგისმენ, სიგარეტის გარეშე მკვდარი ადამიანი ვარ და ყოველგვარი ინტელექტუალური შესაძლებლობა მშორდებაო, მითხრა. მაშინ იძულებული შევიქენი, ამ გაფიცვისთვის წერტილი დამესვა და ოთახში მოწევის ნება მიმეცა. მისი თხოვნით საფურთხებელი ჭურჭელიც დავუდე. ამ მოსწავლის საკეთილდღეოდ რამდენი რამ გავაკეთე; პატარ-პატარა რაღაცები გამოვიგონე და სწავლების ახალი სისტემა შევიმუშავე, მაგრამ ის მაინც არაფერს აფასებდა, არც ჩემს მეთოდს და არც ჩემს ჰუმანურ კულტურას. ხშირად, პასუხის ნაცვლად ჩემს კითხვებზე თავს გამალებით იფხანდა და იფურთხებოდა. უნდა დავამატო, რომ თავისით არაფერს სწავლობდა, არც იყო მონდომებული, არც რამეს იწერდა, ჩანაწერებს არ აკეთებდა; მაქსიმუმი მისი მონდომებისა, ჩემს გაკვეთილებზე გატარებული დრო იყო. ისე, საწყალი კარგსაც აკეთებდა, სწავლისთვის რომ არ ირჯებოდა; ბუნებით იდიოტი იყო და გონებრივი დაძაბულობა მაინც არაფერს მოუტანდა. საჭიროა იმის თქმაც, რომ კატანი ყველა მოსწავლისგან განსხვავდებოდა, ყველა იდიოტისგანაც, ერთი განსაკუთრებული თვისებით: როცა სხვა მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ ან შეცდომით პასუხობენ, შეწუხებულები რჩებიან და სამართლიან საყვედურს თავდახრით უსმენენ; ეს კი, პირიქით, ყველაფერს სწავლების მეთოდს აბრალებდა, შენი გადმოცემული საკმარისი არააო, მეუბნებოდა. ყოველთვის, როცა რამეს ვეკითხებოდი, ჩუმდებოდა, ანდა ბილწსიტყვაობითა და უცნაური ქცევით მპასუხობდა; უპატივცემულო და ბრაზიანი თვალებითაც შემომხედავდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: - რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? ვთამაშობთ?! და მერე მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩუმად იყო, გაბრაზებული; სამაგიეროს გადახდით რომ იმუქრება კაცი, ისე. მე მთელი ჩემი მონდომებით ვაძლიერებდი მის მიმართ ყურადღებას, ყველა გაკვეთილისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, ყველა წესს ვიმეორებდი და რვეულში ვიწერდი, ჩემს კეთილსინდისიერებაში ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, მაგრამ კატანი ყველაფერს ზერელედ უყურებდა, ჩემს ნაოფლარ რვეულებს არაფრად აგდებდა, საქმეს არასერიოზულად უდგებოდა. ერთხელ ისე დაიჩივლა, დედაჩემი საცოდავი ქვრივია და ამ გაკვეთილების ღირებულება რომ გადაიხადოს, დიდი წვალება უწევსო, თითქოს მე მემართლებოდა რაღაცას; აკანკალებულ ხმაში საყვედურიც ისმოდა. თვითონ კი, ამდენი ხნის შემდეგ, არც გაუმჯობესებული ჩანდა, არც გაუარესებული; ცოდნა არც მოკლებული ჰქონდა და არც მომატებული; ისევ იმ დონეზე იდგა, როგორც დასაწყისში. სჯობდა, გაკვეთილზე მოსვლის მაგივრად, ფეხბურთის სათამაშოდ წასულიყო.

ასეთი უსიამოვნო მდგომარეობა მერე სამაგიეროს გადახდით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. იგრძნობოდა კიდეც მსგავსი რამ მის საუბარში. კატანი ამბობდა, მატერიალური პრობლემის გამო თანხას ვერ გაძლევო, და თვის ბოლოსკენ გადაჰქონდა გადასახადი, რომელიც ყოველდღიურად სამი ლირით ისე იმატებდა, რომ საბოლოოდ საკმაოდ დიდი ციფრიც გამოვითვალე. უძილო ღამეები რამდენჯერ ცხოვრებისეული გეგმებისა და ნახაზების შედგენაშიც კი გავატარე. ერთი მაღაზიის ვიტრინაში წითელი, ბრჭყვიალებითა და ბუმბულით გაწყობილი ქუდი ვნახე და ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე, კატანი რომ გადამიხდის, აუცილებლად ვიყიდი-მეთქი; ანდა როგორც კი ჩემს მშობლებთან ოდნავ რამე წინააღმდეგობა მომიწევდა, მუქარითა და თავისუფლებით სავსე ხმით ვიყვირებდი ხოლმე, ფულს რომ ავიღებ, მატარებელში ჩავჯდები და ჩემს გზაზე წავალ-მეთქი. ჩემი მომავლის გეგმა და მოხაზულობა ფასის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო იზრდებოდა; ყველაფერი ყელზე მოსახვევი ბეწვის ყიდვის დიდმა სურვილმაც კი გადაფარა ერთ დღეს. ვიფიქრე, კატანი რომ გადამიხდის, კვერნის ბეწვს ვიყიდი-მეთქი; ძალიან მომწონდა, გოგოებს ყელზე რომ ჰქონდათ მოხვეული; არისტოკრატიული და მდიდრული იერი ჰქონდათ, დანახვისთანავე პატივისცემას იმსახურებდნენ. მიხაროდა, მეც რომ მექნებოდა მალე ასეთი რამ და თავის მოწონებას შევძლებდი.

საზაფხულო სესიების დროც დადგა, და ჩემი მოსწავლე საგამოცდო კომისიის წინაშე წარდგა. იმ დღეს, სკოლის მისაღებში განცხადებების დაფაზე შედეგები რომ უნდა გამოეკრათ, კატანის ვუთხარი, წადი, ყველაფერი ზუსტად გადაიწერე და მომიტანე-მეთქი. მთელი დღე ფანჯარასთან ვიდექი და აფორიაქებული ვიცდიდი. როგორც იქნა, მოვიდა; სახეზე გულგრილობა ეტყობოდა, არც მოწყენილი ჩანდა და არც მხიარული. „როგორ წავიდა?“, ვკითხე. „ისე რა...“, მიპასუხა. „დამაკმაყოფილებელი ნიშანი მაინც თუ მიიღე?“, ვკითხე ისევ. „აქ ხუთი და ოთხი წერია.“, მითხრა და დაკეცილი ფურცელი ისე გამომიწოდა, თითქოს მთელ პასუხისმგებლობას იშორებს თავიდანო. „ხუთი და ოთხი?! ეს ხომ არადამაკმაყოფილებელია?! ასისტენტობას ვეღარ შეძლებთ!“, წამოვიძახე განადგურებულმა. „ჰო...“, თქვა და უპატივცემულობითა და შეურაცხმყოფელი სახით ქუდი სკამიდან აიღო; მერე  დედაჩემი მოვა ანგარიშის გასასწორებლადო, დაამატა და ისეთი მოძრაობით გავიდა, თითქოს შარვლიდან მტვერს იფერთხავსო.

მეორე დღეს ჩემთან შავ, სამგლოვიარო კაბაში ჩაცმული მოხუცი ქალი მოვიდა, რომელსაც ხელში ყვითელი შეკვრა ეჭირა. რომ გაიგო, მასწავლებლის წინაშე იდგა, სლოკინნარევი ტირილით, ერთი უბედური ქვრივი ვარო, მოთქმა დაიწყო. ხელების ჭერით მითხრა, საცოდავმა ქმარმა სიკვდილის წინ მხოლოდ ორი რამ დამიტოვა კარგი - ჩემი იშვიათი ნიჭით დაჯილდოვებული, მაგრამ ზარმაცი შვილი და ერთი პატარა ხორცის მაღაზია, რომელიც სასიცოცხლოდ ძლივს გვყოფნის მე და ფიორენცოსო; ისეთი საწყალი ქვრივისთვის, როგორიც მე ვარ და როგორც ჩემი ობოლი შვილია, ამხელა გადასახადი დაქცევასა და შიმშილს ნიშნავს ნამდვილადო. „თქვენ არაფერი გაკლიათ, გეტყობათ. რა ლამაზი კულულები გაქვთ, ღმერთი გფარავდეთ! ცისფერი თვალები და შავი თმები - იშვიათი სილამაზე! და მეჩხერი კბილებიც რომ ფორტუნას ნიშნავს!.. უფლისწულთან ქორწინებას გისურვებთ, საყვარელო, ღირსი ხართ მართლა!“, დაამატა ქალმა. მე მივხვდი, კვერნის ბეწვის ყიდვას რომ ვეღარ შევძლებდი და ტირილი დავიწყე. მან კი იფიქრა, ჩვენ გამო ტირის, ვეცოდებითო და ჩემს ლოცვას მოჰყვა. რა არ მიწოდა: ანგელოზიო, კრავიო... მტრედიც კი. ბოლოს, ამ ფულის გადახდა მხოლოდ საკვები პროდუქტით შემიძლიაო, თქვა და ის ყვითელი შეკვრა გამომიწოდა. შიგ ერთი კილო პალიატა იდო - ბალახისმჭამელი, ჯერ კიდევ ძუძუზე მყოფი ცხოველის ნაწლავები.

„რამდენი ხართ ოჯახში?“, მკითხა ქალმა. „ხუთი - დედა, მამა და ორი პატარა ძმა“, ვუპასუხე თვალცრემლიანმა. „მაშინ კი გეყოფათ ყველას ეს პალიატა!“, წამოიძახა. მე მადლობა გადავუხადე, მაგრამ ქალი წასვლას მაინც არ აპირებდა, თითქოს რაღაცას ჭოჭმანობს, რაღაცას კიდევ ფიქრობსო. ბოლოს, დედაშენის ნახვა თუ შემიძლიაო, მორიდებით მკითხა. დედაჩემს არ სცალია, ვუპასუხე, მითხარით, რისთვის გინდათ მისი ნახვა-მეთქი. ქალმა, ამ შეკვრას გადავცემდი, თქვენნაირ პატარა გოგოს ვერაფრით ვანდობო. მშვიდად იყავით, მე პალიატა ისედაც მეზიზღება; ორი რამ არ მიყვარს ბავშვობიდან - პალიატა და სოფლურად გაკეთებული ნახარში-მეთქი, სლოკინით ვუპასუხე; ამიტომ დიდი სიამოვნებით გადავცემ ამ თქვენს ძღვენს ოჯახის სხვა წევრებს-მეთქი. ეს რომ გაიგონა, ქალმა დიდი ბოდიში მომიხადა, სიამოვნებით კიდევ ერთხელ დამლოცა და წავიდა.

 

დეიდაშვილი ვენანციო

 

          დეიდაშვილ ვენანციოს მარცხენა საფეთქელზე თეთრი, მძიმისმაგვარი ნიშანი ჰქონდა, რომელზეც დეიდა ნერინა, მთვარეზე ჩაფიქრებული სურვილიაო, ამტკიცებდა; ჰყვებოდა, ვენანციოზე ფეხმძიმობისას, ახალ მთვარეს შევხედე, ცაზე ოქროსავით რომ ბრწყინავდა და მაშინ ჩავუთქვი სურვილად, ნეტა, ჩემშიც იყოს ასეთიო; მთვარემ პატარა ფორმა მიიღო და ბავშვს დაეხატა საფეთქელზეო.

მთვარის ნიშნიანი ვენანციო ძალიან პატარა და გამხდარი ბიჭი იყო. ბეჭისთავები ისე ჰქონდა ამოწეული, გადაჭრილი ფრთები გეგონებოდათ; ხახვის ფურცლებივით თხელი და ნაზი კანის ქვეშ პატარა, მოცახცახე ძვლები თავისი ბმულებით ნათლად უჩანდა; მუდამ მტვრიანი შავი კულულები ნაცრისფრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო შავ და ფართო თვალებში მუდამ მელანქოლია იკითხებოდა. მისი ქმედებები და მოძრაობები მთვარის შუქზე მორბენალი ველური კურდღელივით აჩქარებული და ნერვიული იყო. ვენანციო არასოდეს ტიროდა. როგორც კი ტირილს დააპირებდა, ნერწყვს გადაყლაპავდა, რითაც მაშინვე შეიძლებოდა მის ყელზე მწარე ცრემლის ლუკმის დანახვა, რომელიც მსხვილი კვანძივით ზევით-ქვევით უმოძრავებდა. რომ იღიმებოდა, ტუჩებს შორის წვრილ და მეჩხერ კბილებს აჩენდა, მაგრამ იმ ნერწყვის კვანძის ყლაპვისას სახე კი უფითრდებოდა.

დეიდა ნერინას, ვენანციოს დედას, დილით, სანამ სატელეფონო ოფისში სამუშაოდ წავიდოდა, ერთი დიდი საქმე ჰქონდა შესასრულებელი, რაც ძირითადად, მის ხვეულ თმას ეხებოდა: საღამოობით თმას ჯგუფ-ჯგუფად იყოფდა და თითოეულზე გაზეთის ქაღალდს იხვევდა, რომლებსაც დილით იშორებდა; და ეს იყო ყველაფერი, რაც საკუთარი თავის მოწესრიგებისთვის მაქსიმალურ ყურადღებას წარმოადგენდა. დანარჩენი, მთლიანად ტანსაცმელში იყო გახვეული და ყველაფერი ქინძისთავებით ჰქონდა დამაგრებული. ხის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდა, რომლებიც ყოველთვის გადაღუნული ჰქონდა და თანაც ტრაბახობდა, ყვრიმალებზე მოწითალო ფერი ბუნებრივად მაქვს, ფერ-უმარილის წასმა არ მჭირდებაო. ისე იყო სულ აღტაცებული, რომ როცა იცინოდა, გეგონებოდათ, ასლოკინებსო. მისი წვრილი და მკივანა ხმის გაგონებისას, „ვენანციო, ვენანციო“-ს რომ იძახდა, ტანში ყველას უცნაური ჟრუანტელი გვივლიდა.

ვენანციოს ყველა დედმამიშვილი რაღაცით იყო დაკავებული: უფროსი ძმა ნაშრომებს წერდა, ბროშურებად ბეჭდავდა და მეზობლებს ურიგებდა; მეორე ფეხბურთს თამაშობდა და კუნთებით იყო სავსე; მესამე სკოლაში სწავლობდა, და ხვდებოდა კიდეც ზოგჯერ კეფაში; მეოთხე, ვენანციო, მაინც არაფერს აკეთებდა და რატომ უნდა გაეშვათ სასწავლებლად?! იჯდა თავის მერხზე ჩუმად და მასწავლებელს არ უსმენდა; მოულოდნელად თუ გაიგონებდა, „როსინი, გაიმეორე, რა ვთქვი“-ო, პირს აღებდა მხოლოდ და გაოგნებული უხერხულად იღიმებოდა, თან წინწამოწეულ ყურებს კურდღელივით აცახცახებდა. ნათლად ჩანდა, ყველაფერი რომ ავიწყდებოდა, ძალიან რცხვენოდა. საცოდავს აზრები ისე სწყდებოდა გონებიდან, როგორც ხეებს - ცვარ-ნამი; წამით ეკიდა თითქოს და ტიკ, უცებ ჩამოსწყდებოდა. ერთი სიმღერა იცოდა მხოლოდ, რომელიც მისი შეთხზული იყო:

„მეზღვაური ემიდიო

მიცურავს და მიცურავს.“

და სულ ამას მღეროდა თავისი ატონალური ხმით.

კიდევ, ძალიან კარგად იცნობდა აღმატებითი ხარისხის ფორმებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით იყენებდა. როცა სატელეფონო ოფისიდან დაბრუნებული დეიდა ნერინა ეკითხებოდა, „კარგად მოიქეცი დღეს, ჩემო სიყვარულო?“, ის დამარწმუნებლად პასუხობდა, „ძალიან კარგად!“, მერე ცოტას დაფიქრდებოდა და დაამატებდა, „უარესის საწინააღმდეგოდ!“; და ბოლოს, „საუკეთესოდ!“, თან თვალებს მოჭუტავდა.

ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე, დეიდა ნერინა ლეიბის საბერტყით სცემდა ვენანციოს. ამბობდა, მთელი დღის მანძილზე ისე ცელქობს და იმდენ რამეს აშავებს, რომ იძულებული ვარ, გაღვიძებისთანავე ვცემოო. საფიქრალს ასე ილევდა წინასწარ. აიღებდა საბერტყს, მიუახლოვდებოდა მის საწოლს და ეუბნებოდა, „ვენანციო, პიჟამა აიწიე, უნდა გცემო!“, და მერე წავიდოდა სამსახურში, თუმცა ჯერ თმიდან ქაღალდებს იშორებდა.

მამა სახანძრო სადაზღვევო კომპანიაში მიდიოდა, უფროსი შვილი - ტიპოგრაფიაში, მეორე - სავარჯიშოდ, და მესამე - სკოლაში. შინ მხოლოდ ვენანციო რჩებოდა, რომელიც მთელი სახლის ირგვლივ იწყებდა სირბილს, კიბეებზე ათასჯერ ავიდოდა და ჩამოვიდოდა, გაჰყოფდა თავს ფანჯრებიდან და „ემიდიოს“ სიმღერას მღეროდა -  უამრავ სიცელქეს სჩადიოდა. თორმეტი ჭიქიდან ერთისთვის რომ ეხლო ხელი, ძირს ზუსტად ის უვარდებოდა. და ქათმის ქურდები!.. იცოდნენ, სახლში ვენანციო მარტო რომ იყო, შედიოდნენ და ქათმებს ცხვირწინ პარავდნენ. ერთადერთი, რასაც აკეთებდა, შუადღისას, მაკარონის მოსახარშად გაზზე წყლით სავსე ქვაბის შემოდგმა იყო, მაგრამ ესეც იშვიათად ხდებოდა, რადგან ვენანციო ზოგჯერ წყლიან ქვაბს რომ შემოდგამდა, გაზის ანთება ავიწყდებოდა ანდა გაზს რომ აანთებდა, ქვაბს უწყლოდ შემოდგამდა.

ვენანციოს უფროსი ძმების მიერ ნახმარი შარვალი და პერანგი ეცვა, რომლებზეც ღილები აღარც კი იყო უკვე შემორჩენილი და ქინძისთავებით  დადიოდა; ფეხშიშველა სიარულით გაბრტყელებული და მარაოსავით გაშლილი თითები იხვისას მიუგავდა.

მაგრამ ეს არაფერი. ვენანციო მთვარეული იყო. მისი ძმები ფეხების ქნევის გამო მასთან აღარ იძინებდნენ, ამიტომ ცალკე, დერეფანში, გასაშლელ ლოგინზე უწევდა ყოფნა. ადგებოდა შუაღამისას დაძინებული და მოჰყვებოდა სიარულს. მერე, მოულოდნელად რომ იღვიძებდა, თავს ხევის სიღრმისებურ სიბნელეში წარმოიდგენდა, კედლებზე ჩრდილებსაც დაინახავდა და შიშისგან ოფლში გაწუწული სწრაფი ნაბიჯებით ლოგინს მივარდებოდა. ძილში რასაც აკეთებდა, დილით აღარ ახსოვდა; და დროშების ამბავიც სწორედ ეს იყო.

ერთ დღეს დეიდა ნერინამ ვენანციოს ლამაზი ტანსაცმელი უყიდა; შავ ფონზე მარკების სიდიდის ფერად-ფერადი დროშები ეხატა. ყველა ქვეყნის დროშა იყო: წვრილი ვარსკვლავებით, თეთრ ფონზე წითელი შროშანებით, წითელზე თეთრი ჯვრებით... ვენანციომ როგორც კი ნახა, ისე მოეწონა, კარგა ხანს იცინა პირდაღებულმა და იხტუნა მის ირგვლივ. დეიდა ნერინამ, ჩემო კრავო, იცოდე, ამ დროშების ამოჭრა აზრად არ მოგივიდესო, გააფრთხილა.

იმ ღამეს ვენანციოს, როგორც თვითონ მოჰყვა, წრე ესიზმრა, რომელზეც ათასობით დროშა ფრიალებდა და ტრიალებდა. მას კოღოები ეგონა და განდევნას შეეცადა, მაგრამ ამაოდ, ვერ მოიშორა. მერე მძინარე წამოდგა, სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც დივანზე ლამაზად მიფენილი ტანსაცმელი იდო, სინათლე აანთო, ერთ კუთხეში მოკალათდა და მსხვილი მაკრატლით სათითაოდ მათ ამოჭრას შეუდგა. დეიდა ნერინამ ძილში რაღაც იგრძნო, უცებ წამოვარდა და ოთახში შევარდა, მაგრამ ბიჭს ტანსაცმლის წინა მხარე მთლიანად ამოჭრილი ჰქონდა უკვე და დროშების მაგივრად უამრავი ოთხკუთხა ნახვრეტიც ჩანდა.

რვა წლისაც არ იყო ვენანციო, რომ გარდაიცვალა. ყველა ამბობდა, მისი ზედმეტად აპრეხილი წამწამები, წინწამოწეული ყურები და მოსაძრობად გამზადებული მრგვალი ფრჩხილები ნიშანი იყო იმისა, რომ მალე მოკვდებოდაო. თავის საშინელი ტკივილი რომ დაეწყო, ყინულდადებულმა, რამდენიმე დღის ძილის შემდეგ, საბოლოოდ ამოისუნთქა და მოკვდა. გაღებული ფანჯრებიდან კარგად ჩანდა, დეიდა ნერინა სახლის კიბეებზე ყვირილით როგორ ადიოდა და ჩამოდიოდა. „შვილო ჩემო, ვენანციო! მიშველეთ, მიშველეთ!“ -ო, იძახდა. ახლა თმა სულ მთლად დაუვარცხნელი ჰქონდა, ზედ არც ქაღალდები ეკეთა და არც - ხვეულები. სახლის დამლაგებელმა ვალკირიამ, სატაცურის ბუჩქივით აქვს თავიო, თქვა. დეიდაშვილი ვენანციო თავისი იხვივით თითებითა და მტვრიანი კულულებით ამჯერად მაინც იყო ჩაცმული. კუბოში ცისფერი, ელეგანტული კომპლექტი ეცვა და მიცვალებულთა ეტლში ესვენა.

მშვიდობით, ვენანციო! ყველა თეთრად გამოწყობილი ბიძაშვილ-დეიდაშვილი იღებდა მონაწილეობას მის გასვენებაში, მაგრამ არ ტიროდნენ, უფრო გაოცებულები იყურებოდნენ; მეტიც, შურდათ, ოქროსფერი ლენტები, ცხენები, მეეტლე და ყველაფერი ვენანციოს პატივსაცემად რომ იყო იქ. მხოლოდ დეიდაშვილ ელზას არ ეცვა სამგლოვიარო ტანსაცმელი. სკოლის თეთრი ფორმით იყო მისული, რომელსაც წარწერა, „მეორე ბ“, ჰქონდა. მხოლოდ ელზა ტიროდა; და საქმე ის იყო, რომ ვენანციოს ერთხელ, თმაზე დამაგრებული ლამაზი ბაფთის გამო, რომელიც ძალიან მოსწონებია, მისთვის ცოლობა უთხოვია; გოგოც, სხვა არავინ მყავსო, და დათანხმებია. ახლა ტიროდა, გაუთხოვრად დარჩენის ფიქრი აწუხებდა.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE