განჩინების სუტრა


განჩინების სუტრა




                  განჩინების სუტრა

 

ხუთ პოლიციელს ბოთჰისატვას ღიმილი ჰქონდა 

და ათი სილა მოხვდა პოეტს მწარედ სახეში,

არ იყო ძალა, სიძულვილი, არ იყო ბოღმა, 

არ იყო ვნება,  სინანული, სიტყვა ნუგეშის,  

და ოქროს ფული მიფრინავდა დიდი სიჩქარით,  

მილიარდობით დანთებული ვარსკვლავის მტვერში, 

და არქიმანდრიტს ხელში ეპყრა ფართე ნიჩაბი 

და სცემდა,  სცემდა ამაყ პოეტს გაბღენძილ მკერდში... 

პირველი სილა ღაღადებდა: არა ხარ ფორმა! 

მეორე სილა კისკისებდა: არა ხარ ფერი! 

მესამე სილამ: არ არსებობს არცერთი დოგმა! 

მეოთხემ წამში გაუფანტა  სურვილი წერის. 

აჰა, შენ მუშტი! - მეხუთემ თქვა, - ყბაში რომ მოგხვდა, 

ესაა სივრცე, რასაც ეძებ სტროფების მერე, 

უმალ გაგივლის უძილობა და ყალბი შფოთვა, 

დაჯექი ისევ,  როგორც გინდა ბეჭდე და წერე! 

 

არ არის ენა, სხვისი პირის რომ თარგმნოს გემო.

არ არის გემო, სხვის თარგმანით დაიტკბოს პირი.

არ არის ცხვირი, რომ დანესტროს მდედრმა ფუტკარმა,

მინდვრიდან სკაში რომ გადააქვს უცხო სურნელი.

არ არის ენა, რომ გაუყრი სხვას ნათარგმნ პირში, 

არ არის ყური, შენი კვნესის შესწევდეს სმენა, 

და ცელქი პირი უსასრულოდ აუღლებს  მწკრივში,

მშიერ პირებში დაუნდობლად დაღეჭილ ენას... 

 

 

         საჭურჭლეთუხუცესი

 

სახრემათ სახრემათ

სახრემათ

სახრემათ სახრემათ

ვისაც ეს სახადი გულისხმა

სულის ხმა ჰგონია.

ყველა მენახირეს პირდაპირ

პირში დაახალე,

გაფანტე სიბნელე, გაფანტე

ეს მელანქოლია!

 

ამხილე

ამხილე

თვალი აუხილე უფალო

ვინც თავის ულუფას

არ უყოფს მშიერს

და უპოვარს

შენ უწყი

შენ იცი

რომ ვერ ჩაივლის უკვალოდ

ეს ხალხი შიშისგან ცარიელ

ქუჩებს და მოედნებს

 

უფალო მიეცი პოეტებს

შეწირვის უფლება

რომ ყოველ საღამოს

რითმიან სტრიქონებს

გწირავდნენ

ამ სიტყვებს ისეთი ნამდვილი

სიმღერა უხდება

რომ ვერ შეასრულებს პოეტზე

თამამად ვერავინ!

 

ივსება ნიღბებით,

ივსება თათმანით ურნები

სიგიჟით სავსეა ქუჩაში

გამვლელთა თვალები

მათ ვინც განიკურნა

თეფშებით, კოვზებით, ჯამებით

შეუღე მეჭურჭლეთ კარადის

კარები უფალო...

 

 

 

                ზეპური

 

  პური ჩვენი ზეარსობისა 

                დაგვანებე

                   დღეს    

                    ჩვენ 

        მათ ვისაც სწამდა

  უყვარდა ვისაც  უპირობო 

                გრძნობით 

               შენ მიუტევე 

                  სისუსტე 

                   მათე...     

         სიმშვიდეს შენსას 

           ვით მცნება ათი

   აპურებს შიში უცნობი 

               მსჯავრის,

კაბა  სმოკინგი და ჯინსის 

                 კვართი 

   სამოსელია უცვლელი 

                   მათი   

მამაო ჩვენო ჩურჩულით ყურში 

 ისე მითხარი არ მოხვდეს 

                 სხვა ყურს 

იმდენი რამე გავიგე გუშინ 

ყველა კითხვაზე გაგცემდი პასუხს 

                       მაგრამ...

 

      

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE