აკრძალულია


აკრძალულია




პალინდრომივით პრაგმატული, კეთილსინდისიერი და საკმაოდ გონებამახვილი რაიანი, რომლის მეტყველი შავი თვალები მის სახეს ზოგჯერ არამისებურ იერსაც კი სძენდნენ, საღამოს რვის ნახევარზე გამოვიდა სამსახურიდან. ისედაც ოდნავ აღელვებული, ხმაურიანი საღამოს ჩასუნთქვისთანავე მთლიანად პანიკამ აიტანა. დიდი ხნის ნაცნობი და უწყინარი „ყურადღების“ პროსპექტი, რომელსაც არანაირი თვალსაჩინო ცვლილება არ ეტყობოდა, რატომღაც შემაძრწუნებელი მოეჩვენა. სცადა კიდეც, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია ავტომობილთან, რომელიც ორმოციოდე მეტრში ჰყავდა გაჩერებული და დაუყოვნებლივ გასცლოდა იქაურობას, მაგრამ დაბრკოლდა, რადგან მისი ყურადღება მაღალი შენობის ფრონტონზე ანთებულმა უზარმაზარმა ბილბორდმა მიიპყრო - სახემცინარი გოგო-ბიჭების ფონზე იოლად იკითხებოდა წარწერა: „ადამიანის დაბადების ალბათობა 0,000000006464-ია. შენ წილად გხვდა ეს გაუგონარი ბედნიერება. გაუფრთხილდი საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს!“

რაიანი გაშეშდა: თუ ქვეყანას მოევლინე, მაშასადამე ადამიანის დაბადება „ალბათობა“ კი არა, გარდაუვალი აუცილებლობა ყოფილა, ნერვიულად გაიფიქრა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბილბორდის მოწოდებას, ის გონივრული და საჭიროც ეჩვენა. სიფრთხილე მისთვის იმდენად ძვირფასი რამ იყო, რომ გათვისებულ, ყოველწამიერ ცოდნად ექცია დროთა განმავლობაში. რაიანი ხომ მუდამ თვალებს აცეცებდა, ასჯერ ზომავდა და ერთხელ, ზოგჯერ საერთოდაც არ ჭრიდა... იფიქრა, „დაბადების ალბათობა“ სარეკლამო ხრიკია, უფრო დამაჯერებელი და ეფექტური რომ გამოჩნდეს მთავარი მესიჯიო. მიუხედავად ამ მიგნებისა, რეკლამაში მაინც ხედავდა რაღაც საშინელს, რაც ძალიან შეურაცხყოფდა და ეს რაღაც, თითქოს ენათესავებოდა იმ უცნაურ დარტყმებს, ასე რომ ააფორიაქა ქუჩაში გამოსვლისთანავე. რა დაემართა? იქნებ მის ყურებთან სწორედ ის საცოდავი, მინიატურული სათამაშოები აფუსფუსდნენ, რომლებიც თურმე შემთხვევით აღმოჩნდნენ ამ მრგვალ რეალობაში, სადაც მუდამ გაფაციცებული, დაძაბული და დაეჭვებული უნდა დაძრწოდე გაურკვეველი მიმართულებით? რუტინით, წესებითა და ყოველი მხრიდან დამაჯერებელი შესახედაობის მქონე აკრძალვებით სულშეხუთულს, წამის მეასედით თუ გაგიტაცებს ამაღელვებელი მშვენიერება და მაშინვე გავეშებული მარათონი, გაოფლიანებული სხეული, ყოველდღიური იმიჯი, ნაკარნახევი სიხარულის თილისმები და უეცარი კუბოები გექაჩება.

რაიანი აშკარად ვერ იყო ხასიათზე.  

მან კიდევ ერთხელ ახედა ბილბორდს: „....0,000000006464...“

ფაქტობრივად აქედან დაიწყო ეს ძნელად დასაჯერებელი ამბავი:

უეცრად ბორდიურის ხაზთან, რაიანის წინ, შავი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც დაახლოებით მისი ასაკის სპორტული აღნაგობის ბიჭი გადმოხტა, წინ აესვეტა და მხარზე უსიტყვოდ დაადო ხელი... ალბათ ვიღაც მეხუმრებაო, გაიფიქრა და ოდნავ შეცბუნებულმა, ახლობელი რომ ვერ იცნო, უხერხულად გაუღიმა, თან ხელიც გაუწოდა ჩამოსართმევად, მან კი ელვისებური სისწრაფით მაჯებზე ხელბორკილი დაადო და კარღია ავტომობილისაკენ უბიძგა.

- ვინა ხარ, რა გინდა? - იკითხა გაოგნებულმა.

პასუხად უცნობმა ხელში რაღაც შეათამაშა, თან იმ უწყების აბრევიატურა წარმოთქვა, რომლის თანამშრომლობასაც იჩემებდა, სადაც სისინა თუ შიშინა ბგერები დომინირებდნენ - შსს თუ პშს, თუ სულაც სსს... რაიანმა ჩათვალა, რომ თანამშრომელს რაღაც ეშლებოდა და კატეგორიულად მოსთხოვა, დაუყოვნებლივ მოეხსნა ხელბორკილი, თან გაუძალიანდა, უნდოდა, იქვე დაეღწია თავი ამ გაუგებრობისგან, რაც მალე ისედაც გაირკვეოდა, მაგრამ ამასობაში მეორე ჯმუხი ბიჭიც გადმოხტა ჯიპიდან მოსაშველებლად: მკლავებში ჩაავლეს ხელი, თავი დაახრევინეს და უკანა კაბინაში ძალით შეტენეს. ერთი მოძალადე, რომელმაც ხელბორკილი დაადო, მის გვერდით მოთავსდა, მეორე საჭეს მიუჯდა და მანქანა დაიძრა. პოლიციელები კი არა, ესენი ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან და გამოსასყიდის მიღების მიზნით მიტაცებენო, გაიფიქრა. მყისვე, თითქოს რაიანის სამსახურეობრივად მოწყობილ სხეულთან ერთად მისი ფიქრებიც დაეჭირათ, გვერდით მჯდომმა მკაცრად, უფრო მეტად კი ზიზღით მიუგო:

- ვიღაცა არ გეგონო, თანამშრომელი ვარ!

- მაგას ვხვდები, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა დავაშავე?

- როგორც ჩანს, დააშავე! შენთან საუბარიც კი გვეკრძალება. ყველაფერს იქ გაარკვევ, სადაც მიგიყვანთ.

- ცხადია, გავარკვევ!

„იქ“ მისვლამდე მეტი არც არაფერი თქმულა. 

 

 

* * *

 

ადგილი, სადაც რაიანი მიიყვანეს, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება, ციხე გახლდათ. ეს იყო ერთადერთი, რისი გაგებაც მოახერხა, ხოლო რისთვის დააკავეს ან რაში გამოიხატებოდა ციხის „სპეციალურობა“, მისთვის ჯერ ისევ გაურკვეველი რჩებოდა. შუა ხნის რესპექტაბელური გარეგნობის მორიგემ პატარა საკანში შეიყვანა და ვიდრე რკინის მძიმე კარს გაიხურავდა, დააიმედა, საათნახევარში ისევ დავბრუნდებიო. მკრთალი ნათურა ანათებდა საკანს, სადაც რკინის ორსართულიანი საწოლი, მაგიდა და ორი დაბალი სკამი იდგა. ტიხარს იქით, კუთხეში, წყლის ჩხრიალი ისმოდა. იქ, ალბათ, საპირფარეშო და პირსაბანი იყო მოწყობილი. გაოგნებული სკამზე ჩამოჯდა და წარსულის ქექვას მოჰყვა, მაგრამ ისეთი ვერაფერი გაიხსენა, რის გამოც შეიძლებოდა დაეკავებინათ. მალე ყველაფერი გაირკვეოდა, სამართალდამცავები აღმოაჩენდნენ შეცდომას, მოუბოდიშებდნენ და გაათავისუფლებდნენ... თავდაჯერებულმა ყოველივე რეკლამას დააბრალა, მისი აზრით, ბილბორდის წინ რომ არ ატუზულიყო, სწრაფადვე ჩამჯდარიყო მანქანაში და გაესწრო, არასდროს მოხვდებოდა ციხეში. გასაკვირია, ასეთმა პრაგმატულმა კაცმა, რომელსაც არანაირი ზებუნებრივის არ სწამდა, დაიჯერა, რომ სწორედ ის რამდენიმე დაწყევლილი წამი იყო ერთადერთი მისტიკური მომენტი მის ცხოვრებაში, როცა გაჩნდა შესაძლებლობა დაეპატიმრებინათ. მსგავსი რამ სხვა დროს ვერ მოხდებოდა, რადგან არაფერში იყო დამნაშავე, მეტიც, ყოველთვის უზომოდ და უაზროდ მართალიც კი ბრძანდებოდა კანონისა და სახელმწიფოს წინაშე!

მალევე უკვე არც ისე თავდაჯერებულს გულში შიში შეეპარა: განა საბრალო იოზეფ კ-მ დააშავა რამე, სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუტანეს და ძაღლივით დაკლეს? აღელვებული საკანში ბოლთის ცემას მოჰყვა. ანაზდად ისე ძლიერად შეასკდა კედელს, რომ შუბლიდან სისხლმა გამოჟონა. იქნებ სჯობდა, აქვე გავარდნოდა სული, თუკი მართლა კ-ს ბედი ელოდა?!

„რამდენ ხანში გავა საათნახევარი?“

რაიანმა მისი წამებში გადაყვანა დაიწყო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ გამრავლების ტაბულა დავიწყებოდა, ამასთან უცნაური შეგრძნებაც დაეუფლა, თითქოს შესაძლებელი იყო, არც არასდროს გასულიყო ეს მოჯადოებული დრო. ისევ სკამზე ჩამოჯდა, სცადა დაწყნარებულიყო და გულდასმით გაეანალიზებინა, რა ხათაბალაში გაეხვა. ბევრი ფიქრიც აღარ დასჭირვებია: „აღსარების ფურცელი“ - ფიქრში წამოიძახა და როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა.

აქ კი საჭიროა „აღსარების ფურცლის“ ისტორიას შევეხოთ:

ათეისტ რაიანს თავისი შეყვარებული - სიუზენი - ბოლო პერიოდში ხშირად მოუწოდებდა ეკლესიური ცხოვრებისაკენ. რელიგია გოგოს მორიგი ახირება გახლდათ, თანაც ეჭვობდა, რომ ცალმხრივად იყო შეყვარებული, ამიტომ, საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად და ეჭვების გასაქარწყლებლად, გადაწყვიტა, რამე შეეცვალა ბიჭში - აზრი არ ჰქონდა, რა! ერთხელაც, მორიგი ვნებიანი საღამოს შემდეგ, როგორც იქნა, დაიყოლია, მოძღვარს შეხვედროდა. რაიანის აზრით, სიუზენს არაფერი ესმოდა ქრისტიანობის, ამიტომ ძალიან გააღიზიანა მისმა თავდაჯერებულმა საუბარმა თეოლოგიაზე, თუმცა ოპონირება არ გაუწევია, მეტიც, გადაწყვიტა, ხათრი არ გაეტეხა და წაჰყვებოდა კიდეც ეკლესიაში, რომ არა უკიდურესად აბსურდული რჩევა: „რაიან, შენი ცოდვები ფურცელზე ჩამოწერე, აღსარების ჩაბარებისას ყველა ცოდვა უნდა გაუმხილო მოძღვარს, არცერთის თქმა არ უნდა დაგავიწყდეს, ამიტომ უმჯობესია ფურცლიდან წაიკითხო!“ ისედაც სკეპტიკურად განწყობილი ამის მოსმენის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა ღმერთის არსებობის შეუძლებლობაში და შეყვარებულის გამასხარავება გადაწყვიტა: „აღსარების ფურცელში“ წვრილ-წვრილ ცოდვებთან ერთად თავისი დახვეწილი კალიგრაფიით ჩაწერა - „შევცოდე მკვლელობით“ და სიუზენის ბინიდან გამოსვლისას ქაღალდი შეუმჩნევლად კარებთან დააგდო. აი, რა ძვირი დაუჯდა ეს თითქოსდა უწყინარი ხუმრობა: სულელი გოგონა პირდაპირ პოლიციაში თუ პროკურატურაში გაქცეულა და „დაუბეზღებია.“

მკვლელობის მუხლმა ძალიან დააფიქრა. საქმე ის გახლდათ, რომ შარშან მის უბანში, ერთ-ერთ სადარბაზოში მართლაც ჩაცხრილეს კაცი, დანაშაული კი დღემდე გაუხსნელი იყო. როგორც ჩანს, „აღსარების ფურცელმა“ სულზე მოუსწრო გამოძიებას და დააკავეს კიდეც. მართალია, მას ჰქონდა უტყუარი ალიბი - შარშან, როცა მკვლელობა მოხდა, მივლინებაში იყო, მაგრამ სანამ სიმართლე გაირკვეოდა, წინ დიდი ტანჯვა და სირცხვილი ელოდა. მარტო იმის გაფიქრებაც ზარავდა, რა ამბავი ატყდებოდა ეზოში, როცა გაიგებდნენ, რომ საქმე გაიხსნილია და მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად რაიანი დაუკავებიათ.

ყველაზე მეტად მაინც სიუზენის საქციელმა გადარია. უკვე სძულდა გოგო. კარგი -  იუმორის გრძნობის დეფიციტს რომ თავი დავანებოთ, ასე იოლად მაინც არ უნდა გაეწირა საყვარელი ადამიანი. ვიდრე პოლიციაში გაიქცეოდა, მანამდე ხომ უნდა დაერეკა ან მისულიყო და პირდაპირ მასთან გაერკვია ამ საქმის ავანჩავანი.

უეცრად, განზრახ თუ შემთხვევით, ისედაც მბჟუტავი ნათურა ჩაქრა და საკანი შავ გლადიატორს დაემსგავსა, რომელსაც მისი შთანთქმა სურდა. იქნებ ყველაფერი, რაც ახლა ხდებოდა, სიზმარი იყო? ან, ხომ შეიძლება, სიზმარი იყოს ის, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით და პირიქით - რეალობა სიზმარი, ანუ თანამედროვე ცნებებით რომ განვსაზღვროთ, ძილში კი არ გვესიზმრებოდეს, არამედ სიფხიზლეში გვერეალურებოდეს?

შუქი მალე აინთო და ისე, რომ კარის ჭრიალიც არ გაუგონია, საკანში სათვალიანი მორიგე გამოჩნდა, რომელსაც ხელში კონვერტი ეჭირა.

- აქ ყველაფერია ნათქვამი... - კონვერტი გაუწოდა და წასვლა დააპირა.

- ერთი წამით,  - შესთხოვა რაიანმა, - ყველაფერს აგიხსნით, გეფიცებით, არა ვარ დამნაშავე. განა შეიძლება, ფურცლის პატარა ნაგლეჯი ჩემი დაპატიმრების მიზეზი გამხდარიყო? უბრალოდ გავეხუმრე სიუზენს...

- არ მესმის რას ამბობ, - მიუგო მან მშვიდად, - გაეცანი წერილს!

ამჯერად კარის გახურვის და გასაღების გადატრიალების ხმაც გაიგონა, მორიგე გავიდა. იდგა საკნის ცენტრში და კონვერტის გახსნას აჭიანურებდა. უკვე იცოდა, იქ რაც ეწერებოდა, ქაღალდზე ლამაზად ამობეჭდილი, მსხვილი ასოებით გამოყვანილი, ბრტყელ-ბრტყელი იურიდიული ტერმინოლოგიით აღწერილი „აღსარების ფურცლის“ ხუმრობა, რომელიც საზარელ ბრალდებად ქცეულიყო. მისი ვარაუდი თითქოს გამართლდა კიდეც, როცა კონვერტიდან შუაზე გაკეცილი ქაღალდი ამოიღო, გაშალა და თვალში ეცა პირველივე ფრაზა: „თქვენ ბრალი გედებათ მკვლელობაში, რომელიც...“

დიახ, სწორედ ეს არის, წყეული აღსარება, გაიფიქრა და გაკეცილი ქაღალდი ბოლომდე გაშალა:

„თქვენ ბრალი გედებათ მკვლელობაში, რომელიც თქვენმა ყოფილმა მეგობარმა საიმონ ფიშერმა ჩაიდინა. ჩვენთვის ცნობილია, რომ მკვლელობის დღეს თქვენ ქალაქში არც კი იმყოფებოდით!“

შიში...

გაურკვევლობა...

დაბადების ალბათობა...

რაიანი კარგა ხნით იქცა ქანდაკებად. მასთან ერთად თითქოს გაშეშდა და აუხსნელ აბდაუბდას დაემსგავსა ლამაზ პიჯაკში გამოწყობილი სამყაროს დეტერმინიზმი. საკანში უცებ ფიზიკისა და ფსიქიკის ყველა კანონი დაირღვა. კვლავ გადაავლო თვალი ბრალდებას, მაგრამ სანუგეშოსა და საგულისხმოს ვერაფერს წააწყდა, გარდა ისევ გაუგებარი ფრაზისა: „პატიმართა შენაცვლების კანონის თანახმად.“

რას ერჩოდნენ, რისთვის დაიჭირეს?

კი, საიმონ ფიშერი მართლაც მისი მერხის მეგობარი იყო, ერთ უბანში მეზობლად ცხოვრობდნენ, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ მათი გზები გაიყარა, ძალიან იშვიათად, შემთხვევით თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ბიჭს კითხვა უყვარდა, ხანდახან წერდა კიდეც და მსახიობობაზე ოცნებობდა. 14-15 წლის ასაკში კი სცენაზე გამოსვლის ოცნება წარმატებულ დამნაშავეობაზე ოცნებით ჩაანაცვლა, რაც, როგორც ჩანს, აიხდინა და მკვლელობითაც დააგვირგვინა!

მაგრამ რა შუაში იყო რაიანი?

ალბათ დანაშაულის დაფარვას მაბრალებენო, გაიფიქრა.

გუმანით ხვდებოდა, რომ საქმე გაცილებით უარესად იყო, თუმცა გაურკვევლობის შემზარავ ურჩხულს ამ მეტად საორჭოფო ვარაუდის მიღება ამჯობინა.

დანაშაულის შეუტყობინებლობასა თუ დაფარვას რამდენიმე დეტალი აყენებდა ეჭვქვეშ:

პირველი და უმთავრესი ის გახლდათ, რომ წერილში ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. რაღა თქმა უნდა, ნაკლები შანსი იყო იმის, რომ ასეთ სერიოზულ სახელმწიფო ინსტიტუტს მექანიკური შეცდომა დაეშვა და „ბრალი გედებათ მკვლელობის შეუტყობინებლობაშის“ ნაცვლად „ ბრალი გედებათ მკვლელობაში“ დაეწერა. ასევე წერილში საიმონ ფიშერი მის „ყოფილ მეგობრად“ იყო მოხსენიებული, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ საერთოდ არ იყო აუცილებელი, მეტიც, ნაკლებ სავარაუდო გახლდათ, რომ მას თავისი დანაშაულებრივი განზრახვა ან უკვე განხორციელებული მკვლელობა „ყოფილი მეგობრისთვის“ გაემხილა, მითუმეტეს რაიანი პატიოსანი და კანონმორჩილი კაცის რეპუტაციით სარგებლობდა. ძალიან უცნაური იყო ისიც, რომ ბრალდების მხარე თავის არგუმენტად იყენებდა, მკვლელობის დღეს რაიანი ქალაქში რომ არ იმყოფებოდა, წესით, ამ გარემოებას, მის წისქვილზე უნდა დაესხა წყალი!

ამ პარადოქსების მიუხედავად, თავს შთააგონა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებდნენ...

რკინის კარების გაღების საზარელმა ხმაურმა კიდევ უფრო დააფეთა. ბადრაგმა შავ სამოსში გამოწყობილი, ძალიან გამხდარი მამაკაცი საკანში ოდნავი ხელის ბიძგით შემოაცილა.

- გამარჯობა, მე ვიქტორი ვარ, - უემოციოდ წარმოთქვა მან და სახე ხელისგულებით მოისინჯა.

- გამარჯობა, რაიანი.

- სასიამოვნოა, - მიუგო და ხელი გაუწოდა, - ახალი ხარ?

- კი.

- რაზე დაგიჭირეს?

- დანაშაულის დაფარვაზე, - ელვის სისწრაფით უპასუხა, თუმცა ყურში მაინც ცუდად მოხვდა საკუთარი შეცვლილი ხმა, - თქვენ?

- ყაჩაღობაზე!

- ალბათ თქვენც ჩემსავით გაბრალებენ! -  თქვა რაიანმა, თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ რეციდივისტთან ჰქონდა საქმე.

- რთული სათქმელია! ერთ სოფელში გამყიდველი ქალი ცემეს თავისი რვა წლის ბიჭის თანდასწრებით და მაღაზიიდან ფული წაიღეს! საწყალი ბიჭი თურმე...

- გასაგებია, მეც ცილს მწამებენ, - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და ბრალდების წერილი გაუწოდა, - მადანაშაულებენ მკვლელობაში, რომელიც ჩემმა ყოფილმა მეგობარმა, ნაძირალა საიმონმა ჩაიდინა.

ვიქტორმა წარბები შეჭმუხნა, თითქოს პასუხში რაღაც არ მოეწონაო. ქაღალდი გამოართვა, თვალის გადავლებით უხმოდ წაიკითხა და მაგიდაზე დადო.

- ჩანს, ბოლომდე არ წაგიკითხია ან ყურადღება არ მიგიქცევია. აქ გარკვევით წერია, რომ დაკავებული ხარ თანახმად „პატიმართა შენაცვლების“ ახალი კანონისა.

- ეგ რაღა ჯანდაბაა? - ჰკითხა გაკვირვებულმა და გულში მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან რაღაც ხომ მაინც ირკვეოდა, თუნდაც ის, რომ რაც ამ საღამოს გადახდა, რეალობა ყოფილა და არა სიზმარი!

- ნუთუ არაფერი გსმენია „პატიმართა შენაცვლებაზე“? მთელი ქვეყანა შეძრულია ამ ნოვაციით, ბეჭდურ და ელექტრომედიაშიც სულ ამ თემაზეა საუბარი, უცხოეთიც ძალიან დაინტერესებულია. თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებით დაგვირგვინდა, რაშიც, მე პირადად, ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, კაცობრიობა ამოისუნთქავს და სწორედ ჩვენი ქვეყანა გახდება ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედი.

„პატიმართა შენაცვლების“ წესი, რომელიც მიმდინარე ერთწლიანი შედეგების სრული გაანალიზების შემდეგ მალე აუცილებლად კანონადაც იქცეოდა, ვიქტორმა ასე განმარტა:

სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგანგებო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია უზადო რეპუტაციის მქონე უმაღლესი რანგის სპეციალისტებითა და საზოგადო მოღვაწეებით, უფლებამოსილია გადახედოს განხილულ სისხლის სამართლის საქმეებს, განსხვავებული ასპექტებით შეისწავლოს ისინი და საკუთარი შეხედულებით მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა სრულად გათავისუფლების შესახებ, ოღონდ სხვა პერსონებით მათი აუცილებელი შენაცვლების შემთხვევაში. კანონის მიზანია, რომ „პატიოსანმა“, გულცივმა საზოგადოებამ საკუთარი პასუხისმგებლობა და ბრალეულობა გააცნობიეროს, დამნაშავეებიც მეტად...

რაიანი გულისყურით ისმენს თანასაკნელის მონოლოგს, სიუზენი კი რაიანის ტრანსცენდენტურ ნაწილს, „აღსარების ფურცელს“, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობს. ქარია. ფანჯარა ივარცხნის ფარდებს, გაჩახჩახებული ოთახი კი ჯიუტად ახამხამებს სინათლეს, თითქოს ცდილობს, ქუთოთოებიდან რაღაც მნიშვნელოვანი მოიწყვიტოს. მაგიდაზე მიმოფანტულია დათარიღებული ფოტოსურათები და დრო, თითქოს აქ არავინ შეთანხმებულა, რომ ჯერ წარსული უნდა განხორციელდეს, შემდეგ მომავალი და სადღაც შუაში მოუხელთებელი აწმყო. რას გულისხმობს, ფიქრობს გოგო, ნუთუ ჩვენი სიყვარულის მკვლელობას? ნუთუ დასრულდა ყველაფერი, ნუთუ დამშორდა?

   სიუზენმა კიდევ ერთხელ აკრიფა ნომერი, თუმცა კვლავ უშედეგოდ...

- რა გამოდის, - ძლივს ამოიდგა ენა რაიანმა, - ბოროტმოქმედებს გარეთ უშვებენ და მათ ნაცვლად ციხეში უდანაშაულო ადამიანებს ყრიან?

- თუ ამ კუთხით შეხედავ საკითხს... - წამოიწყო ვიქტორმა, მაგრამ რაიანმა არ დაამთავრებინა.

- ანუ, საიმონი უკვე თავისუფალია?

- დიახ. წესის თანახმად შემნაცვლებელთა დაკავება და შენაცვლებულთა გათავისუფლება თითქმის ერთდროულად ხდება, - მაჯის საათს დახედა, - ასე რომ, ჩემი ვარაუდით, საიმონი უკვე...

- გარეთაა და თავისუფლებით ტკბება, - მის მაგივრად დაასრულა წინადადება რაიანმა, - ჩემს ოჯახში კი წარმომიდგენია რა მოხდება, როცა ეტყვიან, რომ მე დამიჭირეს... უნდა დავრეკო!

- ზარის უფლებას ხვალ დილით მოგცემენ. შენებს შეატყობინებდნენ უკვე ამ ამბავს. რაც შეეხება საიმონს, ტკბება თუ არა თავისუფლებით, ეს საკითხავია!

- გასაგებია, - რაიანი წამოხტა და მღელვარების დასაოკებლად ბოლთის ცემას მოჰყვა, - მე რაღაც საშინელი ექსპერიმენტის საცდელი ვირთხა ვარ!

- ასე ნუ გავაუბრალოებთ ამ საკითხს, - ვიქტორმა მისი დამშვიდება სცადა, - ეს იდეა, საერთოდ, უცხო არ არის...

- უცხო არ არის?

- ნამდვილად!

- განა ისეთი რა „იდეაა“, სხვის მაგივრად ციხეში გამოამწყვდიო მართალი კაცი, ცხოვრება დაუნგრიო და გააუბედურო. ეს ხომ ძალადობაა, გაუგონარი უსამართლობა, ადამიანის ელემენტარული უფლებების ფეხქვეშ გათელვა. სად არის საზოგადოება, პრესა, ოპოზიცია. როგორ ითმენს ამას უცხოეთი. ყველანი ჭკუაზე შეიშალნენ?

- არა, ყველა დიდი ინტერესით აკვირდება ამ ექსპერიმენტს, - მშვიდად მიუგო ვიქტორმა, - უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება და ვარაუდი გამოითქვა. მესმის შენი აღშფოთებაც, მაგრამ მეჩვენება, რომ მაინც ძალიან მკაცრად სჯი: გაიხსენე, განა იესო ქრისტე არ იყო პირველი, ვინც მარტო ბარაბას კი არა, მთელ კაცობრიობას შეენაცვლა. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ეს კანონიც...

- ეს დაუშვებელია!

- რატომ?

- მორწმუნე ხართ?

- დიახ.

- დიდ პატივს ვცემ თქვენს რწმენას, - აღელვებული რაიანი ვიქტორის წინ სკამზე ჩამოჯდა,  - მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება, ვიყო ათეისტი? ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ამიტომ დაუშვებელია ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული კანონი, მაგრამ მოდი, ლოგიკურად მივყვეთ, თუნდაც რელიგიური კუთხით, - მიუხედავად ამ აბსურდული სიტუაციისა, რაიანი ძალიან თანმიმდევრულად და ენერგიულად საუბრობდა, რამაც თავადაც დააეჭვა, - მართალია, ბრბომ ბარაბა აირჩია და ქრისტე დააპატიმრეს, მაგრამ ის მაინც თავისი ნებით გახდა შემნაცვლებელი, რადგან იესო ყოვლისშემძლე იყო და მარტივად შეძლებდა სასჯელისგან თავის დაღწევას. ქრისტე თავისი ნებით შეეწირა იდეას, რომელიც შემდეგ რელიგიად იქცა. ჩემთვის კი არავის უკითხავს, ისე მომიყვანეს აქ, განა ასე ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა - თავისუფალი ნება - არ ითელება? თან მე იმედიც არაფრის მაქვს, იესო კი დარწმუნებული იყო, რომ აუტანელი ადამიანური ტანჯვის სანაცვლოდ, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა და ზეცაში დაიმკვიდრებდა მარადიულ სამყოფელს, როგორც უფალი! „პატიმართა შენაცვლება“ დიდი ბოროტებაა, ის ადამიანს უბიძგებს, ერთგვარ ლიცენზიასაც აძლევს, ჩაიდინოს დანაშაული. რაღა აზრი აქვს თავშეკავებას, თუკი კანონმორჩილი მოქალაქეც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში?

- საწყენია, - სინანულით წარმოთქვა ვიქტორმა, - ცუდია, რომ არ გწამს ღმერთის!

- ცუდია თუ კარგი, ეგ საკითხავია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი რწმენა თუ ურწმუნოება არც შენი და არც სახელმწიფოს საქმე არაა! - რაიანმა მაგიდას მუშტი დაარტყა, თითქმის უღრიალა კაცს, რომელსაც აქამდე „თქვენობით“ ელაპარაკებოდა, თუმცა თავადაც იგრძნო, რომ ამ უეცარი აგრესიის გამოხატვისას არ იყო გულწრფელი. მისგან დამოუკიდებლად, თითქოს რაღაც იდუმალი სტრატეგიის ზემოქმედებით გაითამაშა ეს სიმკაცრე თუ შეუვალობა. იფიქრა, თვითკონტროლს ვკარგავო, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო: ამგვარი უხეშობის მოტივი ის ეჭვი გახლდათ, რომელსაც სულ მალე გააცნობიერებდა, - შენ თვითონ ვინ ხარ?!

- მეც შენსავით შემნაცვლებელი პატიმარი ვარ, - აუღელვებლად უპასუხა ვიქტორმა, რომელიც გახუნებულ, შავ-თეთრ ფოტოსურათს ჩამოჰგავდა.

- მიამბე შენი ისტორია, - იქნებ საერთოდ არაა პატიმარი, იქნებ შემომიგზავნეს, თავგზა რომ ამირიოს, იქნებ გამოცდაა, - გაიფიქრა რაიანმა, - თუ ასეა, მაშინ შესაძლოა ექსპერიმენტატორები შემნაცვლებლებს სწორედ მათი რეაქციებისა და მოქმედებების, ფიზიკური და ფსიქიკური მზაობის, ნებისყოფისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით ათავისუფლებენ ან ტოვებენ პატიმრობაში... იქნებ ეს არც იყო უბრალო, რამდენიმეწლიანი პატიმრობა და შემნაცვლებლობა სამუდამო დაღი გახლდათ? იქნებ „პატიმართა შენაცვლება“ სოციალური დარვინიზმის კარგად მოფიქრებული ინსტრუმენტი იყო, რომლითაც უნდა განეცალკევებინათ უნარიანი, ძლიერი მოქალაქეები, უუნარო და უსუსური ხორცმეტებისგან? ნუთუ ამ წყეულებმა განვითარებადი ქვეყნისგან პირდაპირ რაღაც ბოდვითი სახელმწიფოს გამოძერწვა გადაწყვიტეს, თან ამ იდიოტური მეთოდით? თუ ასე იყო, რაიანს მაქსიმალურად მართებდა ძალების მოკრება, მტკიცედ დგომა, მხეცივით ბრძოლა, ღრიალი, ფართხალი, რათა დაემტკიცებინა, რომ იგი არაა დასაბრაკი არარაობა, პირიქით, ძლიერი, სრულფასოვანი მოქალაქეა, რომელსაც ეკუთვნის თავისუფალი ცხოვრება. რატომ ცდიდნენ მაინცდამაინც მას? რატომ შეიტანეს რაიანში ეჭვი? ის ხომ პირნათლად და წარმატებულად ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს, მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში, მართავდა ავტომობილს, ჰყავდა შეყვარებული, დადიოდა არჩევნებზე, სპორტულ დარბაზებში, კინოთეატრებში... იქნებ იმიტომ დამიჭირეს, რომ არაფერს ვაშავებ ან ფსიქიკურად ავადმყოფი ხომ არ ვარო, წამით გაიფიქრა. იქნებ თავს გადახდა რაღაც საშინელება და არ ახსოვდა? სად იყო დამარხული ძაღლის თავი? რაიანმა გადაწყვიტა, ებრძოლა და არავითარ შემთხვევაში არ ეღიარებინა საკუთარი ბრალეულობა, მაგრამ, ვაითუ საპროცესო გარიგების მსგავსად, აქაც უმჯობესი იყო, დათანხმებოდა შენაცვლების იდეას, რათა სწრაფად დაეხსნა თავი? მას ზუსტი პასუხები არ ჰქონდა!  - ვის შეგანაცვლეს, ვიქტორ?

- არავის... უფრო სწორად, არავის შევუნაცვლებივარ, მე თვითონვე, ჩემი სურვილით შევენაცვლე ყაჩაღს, რომელმაც გამყიდველი ქალი სცემა. დიახ, საშინლად მოიქცა და პასუხიც აგო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ერთადერთი დამნაშავე ის არ არის. მეც დამნაშავე ვარ ყაჩაღის, ნაცემი ქალის, საკუთარი სინდისისა და ღმერთის წინაშე!

რაიანი განცვიფრებული მისჩერებოდა...

ვიქტორი არ ჰგავდა მატყუარას...

- ნებაყოფლობით შენაცვლება შეიძლება?

- კი, ამას საბჭო წყვეტს.

- ძალიან კარგი. ვინმე უსაქმურს გადავუხდი ფულს, ის კი მოითხოვს, რომ შემენაცვლოს! - ცბიერად გაიღიმა რაიანმა, თუმცა მაშინვე, თითქოს ვიქტორმა რაღაც საშინელება გაიფიქრაო მის გონებაში, ცივმა ოფლმა დაასხა.

- ამაში ხედავ გამოსავალს?

- კი, მთავრობას აწყობს ადამიანები, შენნაირი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ნებით გახდებიან შემნაცვლებლები. ასე კანონს შედარებით უმტკივნეულოდ დაამკვიდრებენ საზოგადოებაში... ან მამაჩემი შემენაცვლება, უმუშევარია და სხვა საქმე მაინც არაფერი აქვს, მთელი დღე დომინოს თამაშისა და ტელევიზორის ყურების მეტს არაფერს აკეთებს. ამის საშუალება აქაც ექნება.

- კარგია, რომ იუმორის გრძნობა გაგიჩნდა, - ღიმილით მიუგო ვიქტორმა.

- ისე არ გიფიქრია, რომ ციხიდან გასულმა ყაჩაღმა, რომელსაც ასე დიდსულოვნად შეენაცვლე, შესაძლოა კიდევ მრავალი უმსგავსობა ჩაიდინოს?

- არა, ეს არ მოხდება!

- რატომ?

- და რომც მოხდეს, მე მაინც მეკუთვნის პატიმრობა.

- არ მესმის, არადა ძალიან ვცდილობ, გაგიგო! ჩვენს დაპატიმრებას არაფერი არ ამართლებს! მგონი უბრალოდ აკვიატებული გაქვს, რომ უნდა იტანჯო, როგორც ჩანს, კარგად დაგამუშავეს, ადამიანს ერთადერთი, მარტივი რამ სჭირდება - ბედნიერება, რასაც შენ ასე გაურბიხარ...

- გეთანხმები, თუმცა აქაც უამრავი საგულისხმო დეტალია. ბედნიერი შეიძლება ყველაზე უღირსი და ამორალური ადამიანიც იყოს,  ჩემთვის კი მთავარია, რომ ბედნიერება იყოს ესთეტიკური! - ვიქტორი ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ კი მისი მშვიდი ხასიათისთვის შეუსაბამო პათოსით განაგრძო, - მაინტერესებს, შენი აზრით, „მე“ თავისთავად არსებობს, ის დაბადებიდან მოგვეცემა თუ მერე იქმნება? ვეცდები თავად ვუპასუხო: სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება ადამიანის ცნობიერება, შთაბეჭდილებები, განწყობები, შეხედულებები, ემოციები...  ცხადია, საგულისხმოა გენეტიკური საპყრობილეც, თუმცა ის ბედისწერა არაა, მხოლოდ მიდრეკილებაა გარკვეული ქცევების მიმართ, საიდანაც გაქცევა რთული, თუმცა მაინც შესაძლებელია. სოციალიზაციის შემდეგ ადამიანი გარკვეულ ნორმებსა და ღირებულებებს იტოვებს, დანარჩენს მოისვრის, რადგან იდენტიფიკაციას ახდენს გარკვეულ ჯგუფთან. შემდეგ პიროვნულ ქანდაკებას ახალ შტრიხებს მატებს. დიახ, აქამდე ყველაფერი გარედანაა განპირობებული, ყველაფერი შემთხვევითია, მიბაძვაა, მაგრამ ადამიანი გამოცდილების მატებასთან ერთად ხვდება, რომ აქვს გონება, როგორც ტექნიკური საშუალება აზროვნებისა და ნებელობა, რომ გემოვნების შესაბამისად შეცვალოს ეს ინერცია, შეცვალოს საკუთარი თავი და ცხოვრება, მაგრამ არც სადღაც კუნჭულში მიმალული ნებელობაა თავისთავადი, არც გემოვნება, ისინი ემოციით, ტრენდებით, ინტერნეტით, ტელევიზიით, ტრადიციებით, მოკლედ, იდეით განისაზღვრება. იდეაც არ არის პირველადი და ორგანული „მე“-ში, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერი სახის იყოს, შეიძლება შემთხვევით, სრულიად ირაციონალურად, ვთქვათ, ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების დონეზე შესისხლხორცდეს, დამეთანხმები ალბათ...  გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ამ შესისხლხორცებული იდეის დევალვაციაც ცხოვრებისეული ორომტრიალის გამო. ის შეიძლება ახალი იდეით შეიცვალოს და კიდევ შეიცვალოს და კიდევ! არაცნობიერში ჩაბეჭდილი პროგრამების წაშლაც შესაძლებელია. რა გამოდის? გონებით ვმართავთ ცნობიერებას, შესაბამისად განწყობები, ემოციები, იდეები, გემოვნება და მისთანები ჩვენში ფუნდამენტური არ არის, ანუ არცერთია „მე“. დარჩა გონება, მაგრამ ის ხომ უბრალოდ ტექნიკური საშუალებაა აზროვნებისა და ანალიზის, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, ობიექტური ჭეშმარიტებისკენაა მიდრეკილი. გაიხსენე, სოკრატემ სწორი შეკითხვების დასმით უსწავლელ მონას გეომეტრიული ამოცანა ამოახსნევინა, შესაბამისად, გონებაც ან მასშტაბური, ობიექტური რამაა ან იმავე ინერციის, საგნების პროდუქტი, რისი მართვაც გადაუწყვეტია. აქედან გამომდინარე, გონება არცერთ შემთხვევაში არაა უნიკალური! მაშინ რა გამოდის? რა არის მე? სად არის მე? სადაა კონტურები? რა სხვაობაა ჩემს, შენსა და საიმონს შორის? მხოლოდ შემთხვევითობათა კომბინაცია? ჩვენც მკვლელები და ყაჩაღები ვართ, მიუხედავად იმისა...

რაიანს არაფერი უპასუხია. ბოლოს  საერთოდაც ცალი ყურით ისმენდა ვიქტორის ტირადას. ასეთ საგნებზე მსჯელობა მისთვის უინტერესო იყო. ან კი რა აზრი ჰქონდა რეალობას მოწყვეტილ ჰიპოთეზებს ასეთ საზარელ სიტუაციაში?! რაიანმა ჩათვალა, რომ მთელი ამ სოფიზმით ვიქტორი სულის არსებობის აუცილებლობაზე, როგორც პიროვნების უნიკალურობის ერთადერთ საფუძველზე მიანიშნებდა, მაგრამ, განა ამ ლოგიკით სულიც, ისევე, როგორც გონება, ობიექტური ჭეშმარიტებისკენ არ უნდა ყოფილიყო მიდრეკილი? მაშ სადღა იყო უნიკალურობა? რაიანისთვის ცხადი გახდა თანასაკნელის მოტივაცია, მას ისევე, როგორც ყველა მორწმუნეს (სიუზენისნაირსაც კი!), ველური მისწრაფება გააჩნდა მოყვასის „მოქცევის“, მაგრამ ერთი კი აოცებდა: ნუთუ საზრუნავი და საფიქრალი აკლდათ უმიზეზოდ, ცხოველებივით გამომწყვდეულებს, მაშინ, როცა ყველანაირი იმედი, ლოგიკა, მორალი თუ სამართლიანობა „პატიმართა შენაცვლებამ“ ჭიანჭველასავით გასრისა? როცა ცივილიზაციის საუკეთესო პიჯაკებიც კი შეშინებულები საკუთარ ჯიბეში იმალებოდნენ, როცა მათ ქვეყანაში საღი აზრით დადგენილი თამაშის წესების ნაცვლად, ბანქოს თამაშის წესები მოქმედებდა, სადაც ადამიანების ბედს ვალეტი, მეფე, ტუზი, დედოფალი და სხვა ფსიქოპატი „ინსტიტუტები“ განსაზღვრავდნენ?

საკმაო ძალისხმევის შედეგად ამასაც გამოუძებნა ახსნა: ვიქტორი საშინელ სინამდვილეს იმ რელიგიური ბოდვით გაურბოდა, რისიც ბოლომდე თვითონაც არ სწამდა. ამით მისი „მოქცევის“ დაჟინებულ მცდელობასაც ეფინებოდა ნათელი - „პატიმართა შენაცვლებასთან“ იდეურად შეგუებული ადამიანის ცქერით, ის გაცილებით მარტივად მოახერხებდა საკუთარი თავის სრულყოფილად გაბრიყვებას, რისი მიზანიც დროებითი, მაგრამ მაინც სიმშვიდის მოპოვება გახლდათ.

იქნებ არც დავბადებულვართ, ამის ალბათობა ხომ გაცილებით მეტია! ადგილი, სადაც ჩვენი ნამდვილი ცხოვრება ინახება, აკრძალული დანაშაულის ციხესიმაგრეა. „ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ „ოთხმოცდამეათე ფსალმუნი.“ „მე - რომის იმპერია.“ „მეცხრე სიმფონია.“ „პრინცესა.“ „გრავიტაცია.“ „ცეკვა.“ „მედიტაცია.“ „მეხსიერება.“ „დამწერლობა.“ „ყვავილი.“ „მე სიზმარი, სიზმარი...“

„მათ არ აქვთ ჩვენი გასამართლების უფლება!“ „შემნაცვლებელმა თვითონვე უნდა გაასამართლოს საკუთარი თავი.“ „ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ჩვენ თავისუფლება გვეკუთვნის!“ „შეუძლებელია არსებობდეს თუნდაც ერთი ასანთის კოლოფის ხელა ციხე და შენ თავისუფალი იყო.“ „რაებს ჩმახავ?!“ „შეუძლებელია არსებობდეს თუნდაც ერთი შეურაცხყოფილი და შენ მოსვენებული იყო.“ „ეს ავადმყოფობაა, მონობა!“ 

- მე მონა არ ვარ! - მოულოდნელად დაიღრიალა ვიქტორმა და მარჯვენა ხელი ისე გაიქნია, თითქოს ჰაერში საკუთარი ავტოგრაფი მოხაზა, - პატიმართა შენაცვლება ჩემი დაწერილია, საიმონ ფიშერ!

- ნაბიჭვარო, ჩემს გაგიჟებას ცდილობ?! - იყვირა სახელწართმეულმა...

გასისხლიანებული ვიქტორი ორ ფორმიანს საკნიდან გაჰყავს. ისმის რკინის კარის საყვედურით აღსავსე ჭრიალი. რაიანი ლოგინზეა მიგდებული, უკვირს, ასე როგორ გაფიცხდა, ახსოვს, რომ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა. საკანი ეფემერულია, თან შენელებული.

ჩხუბის პროცესი სიზმარს ჰგავს, დეტალები მალე ქრება გონებიდან, გავიწყდება ხმები, რეპლიკები, მოძრაობა, მოწინააღმდეგის გამომეტყველება...

„იქნებ ხელოვნური ინტელექტია?“

 რაიანი ცდილობს აღიდგინოს ორთაბრძოლის სცენა. ის ზედმეტად საღსალამათია, ამიტომ ეჭვობს, რომ ვიქტორმა მას „მარცხენა ლოყა“ მიუშვირა. გუნებამოშხამული ამაზე ღელავს და ერთი ეპიზოდი ახსენდება ბავშვობიდან. ეს საიმონის „წიგნის“ განხილვაა ლიტერატურის გაკვეთილზე:

მაშინ მერვე თუ მეცხრე კლასში იყვნენ. მასწავლებელმა ავტორი იხმო დაფასთან, საიმონიც მყისვე წამოდგა. ბავშვები გაისუსნენ და ყურები ცქვიტეს. ვერ წარმოედგინათ, საიმონი თუ წერდა. განსაკუთრებით წიგნის ხსენებამ დააინტერესათ და როცა მან უბიდან სიგარეტის კოლოფზე ოდნავ დიდი ბლოკნოტი ამოაძვრინა, სიცილი ვეღარ შეიკავეს. კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოიწვია ავტორის შემოქმედებამ, რომელიც ლექსი ან მოთხრობა კი არა, რაღაც რებუსების მსგავსი თითო-ორწინადადებიანი მინიატურები აღმოჩნდა: „ქალღმერთი ივარცხნის კოსმოსს.“ „ბუზის ბუ ზის ციხეში.“ „მე მეგონა თავს ვიკლავდი, - თქვა ტყუპისცალმა, როცა ბორკილებს ადებდნენ.“ „გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები ვერ აბარებენ მიმიკებს!“ სწრაფად ფურცლავდა წიგნაკს, რათა კიდევ უფრო შთამბეჭდავი რამ შეერჩია, მაგრამ უკვე აღარ უსმენდნენ. მასწავლებელმა ბავშვებს შესთავაზა, გამოეთქვათ აზრი თანაკლასელის შემოქმედებაზე, მაგრამ ამის სურვილი არავის აღმოაჩნდა. „უაზრობაა!“, „სისულელეა!“ „ფარჩაკობაა!“ გაისმა აქა-იქ. საიმონი იმედიანად მისჩერებოდა რაიანს, რომელსაც იმ დილით აჩვენა „წიგნი“ და ჰკითხა, ღირდა თუ არა მისი გამოჩენა. მან დასტური მისცა, რადგან მართლაც მოეწონა რამდენიმე მინიატურა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ბედავდა ხმის ამოღებას.  საიმონს თვალები ცრემლებით ევსებოდა, მერე უეცრად, „წიგნი“ იქვე ნაფლეთებად აქცია და საკლასო ოთახიდან გავარდა.

რაიანს ჩაეძინა:

თოვს. სკოლაში აგვიანდება, საათს ხომ ვერაფერს გაუგებ, ხან რა დროს გვიჩვენებს, ხან რას! ბიჭს ახალისებს პირველ მერხზე მჯდომი, მოწესრიგებული კლასელი გოგონა, რომელსაც მალე ნახავს... ავტობუსის გაჩერებასთან გამხდარი, თმაგაწეწილი კაცი, რომლის სახე ბეთჰოვენის კარიკატურის მსგავსია, თანამედროვე უნიჭო მუსიკოსის მელოდიას ღიღინებს და სატურნის ხმით ამბობს: „თუ სისხლში გასვრილი მკვლელი ურთულესი ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად ზოგჯერ მაინც ნანობს დანაშაულს, განა მე, ვისაც არათუ კაცი მომიკლავს, არამედ იარაღიც კი არ მჭერია ხელში, გაცილებით მსუბუქი შინაგანი მდგომარეობით, როგორ შეიძლება არ ვნანობდე მის ჩადენილ მკვლელობას?“ თმაგაწეწილი ქრება. ზურგჩანთა მძიმეა, რადგან თოვს. ქუჩა ცარიელია. იქნებ კვირაა, ფიქრობს რაიანი, ან რაიმე დღესასწაული. მიდის. მოსახვევში ვეფხვი ჩნდება. სკოლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზაც არსებობს, თუმცა იმ გზით წასვლის ვეფხვზე მეტად ეშინია. ფიქრობს: „საჭიროა პრიორიტეტული შიშების შერჩევა, ღირსების შელახვის, შერცხვენის შიში უფრო მძიმეა, ვიდრე ვეფხვის, ეს ყველაზე უნიჭო ბაყაყმაც იცის, ოღონდ არა ამფიბია, არამედ სიტყვა ბაყაყმა.“ მხეცი იღრინება და კბილებს აჩენს, უეცრად ყველაზე ბასრი ეშვი ძვრება, რომელიც საიმონად გადაიქცა... ბავშვი კატას ეფერება და ბუფეტიდან წინა დღის მოპარულ ფუნთუშას ხელით აჭმევს. რაიანს მეგობრის ახალი ქუდი მოსწონს. საიმონი ამას ხვდება, უცბად იხდის და ჩუქნის. „იმიტომ იპარავს, რომ ჰგონია, დაზარალებულს არაფერი აკლდება, თვითონ ხომ ძალიან გულუხვია! მისთვის თავად დანაშაულია თავისუფლების გამომხატველი აქტი, თორემ ფუნთუშა სულ ფეხებზე კიდია!“. მესამე სართული. საკლასო ოთახი აკნესავით ამობურცულია. ლიტერატურის მასწავლებელი საიმონს იძახებს, ისიც მიემართება დაფისკენ და ამბობს: „შემოქმედებითი პროცესი დანაშაულია. გავა დრო და მწერალი მიხვდება, რომ მისი შექმნილი ყველაზე ამორალური პერსონაჟის პროტოტიპი თვითონაა. მხატვრულ ლიტერატურას წინასწარმეტყველების უნარი აქვს, ოღონდ ის წარსულს წინასწარმეტყველებს. ეს ფსიქოლოგიური მოვლენაა და არა კონკრეტული გარემოებების განსაზღვრა, დაახლოებით ისე, როგორც სიზმრის პროსპექტული ფუნქცია, მასწ!“ შეურაცხყოფილი მასწავლებელი ყვირის, ხოლო ანერვიულებული და აღფრთოვანებული საიმონი ხვეწნა-მუდარით მას დაფისკენ მიანიშნებს, რომელიც გისოსებიან ყუთად გადაქცეულა, სადაც დინჯად ჩამომჯდარა ბუ. მასწავლებელი განაგრძობს ლანძღვას და არაფრისდიდებით არ იყურება დაფისკენ. ოთახი ცარიელდება, რჩება მარტო რაიანი... და ბუ, რომელიც ხმადაბლა ამბობს: „დღეიდან საიმონს ყოველ არარაობა ნაბიჭვართან შეხვედრა და უბრალო მისალმებაც კი სულს აუფორიაქებს!“ ფანჯარაში ჩნდება კაცი, რომელიც ფეხის წვერებზე იწევა და საკლასო ოთახში ყოფს თავს. გოლიათი ბედნიერი სახით გაჰყვირის: „გილოცავთ, კაცობრიობა გამართლდა, გავთავისუფლდით, ყველა ბოროტმოქმედია, შესაბამისად, აღარ არსებობს დანაშაული!“  საკლასო ოთახს სახურავი სძვრება და წვიმს ოქროსფერ ობობებს, სარკისებრ ნეირონებს. მათი განლაგება დაფაზე: ის არ იცნობს კანონს და მაინც ამტკიცებს, უდანაშაულო ვარო!

რაიანმა გაღვიძებისთანავე სამსახურში წასვლა დააპირა, უცებ აზრზე ვერ მოვიდა, სად იმყოფებოდა. მერე ყველაფერი აღიდგინა გონებაში: გისოსებიან საკანში იჯდა და იმ  ნაბიჭვარი საიმონის მაგივრად იხდიდა სასჯელს, რომელიც ახლა საკუთარ სახლში ნებივრობდა. წარმოიდგინა, რა დღეში იქნებოდნენ ოჯახის წევრები, რას იტყოდნენ მეზობლები, თანამშრომლები, ნაცნობ-მეგობრები, როცა ამ ამბავს გაიგებდნენ. სამზარეულოდან ამოაგზავნეს საუზმე, მაგრამ ხელი არაფრისთვის უხლია, მობილურის დაბრუნებამ კი ძლიერ გაახარა, იმ წამსვე უმცროს ძმას დაურეკა და სცადა მშვიდად აეხსნა, რა გაუგებრობაშიც გაიხლართა.

- ვიცით, გუშინ გვითხრეს, არ იდარდო, ვიჩალიჩებთ რამეს! - მიუგო მან.

- შვილო, ნერვებს არ აჰყვე, - ხმაზე ეტყობოდა, რომ ქვითინს ძლივს იკავებდა დედა, - მთავარია, რომ შენ თვითონ არაფერი დაგიშავებია, სხვა დანარჩენს ეშველება.

მამაც გამოელაპარაკა, ანუგეშა, არ შეშინდე, მაგ რაღაც საბჭოში ჩემი ძველი მეგობარი მუშაობს და იქნებ როგორმე ხმა მივაწვდინოო. ვალს ავიღებ, ყველაფერს ვიზამ და მაინც გამოგიყვანო.

ნაშუადღევს სათვალიანმა მორიგემ შეატყობინა, რომ პატიმართა შენაცვლების საბჭო ორი კვირის შემდეგ განიხილავდა მის საქმეს და სასჯელის ზომას განუსაზღვრავდა.

ადამიანი ყველაფერს ეგუებაო, გაიფიქრა და წუხელ ვიქტორის მიერ რომელიღაც კონტექსტში ნათქვამი ფრაზა გაახსენდა: დამნაშავის სინდრომი ადამიანს ისე აქვს გამჯდარი, მალე შემნაცვლებლები არც კი იკითხავენ, რას მერჩოდით, რისთვის დამაკავეთო.

მობილური რეკავდა.

- გისმენ სიუზენ... - შემკრთალი გაეპასუხა, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდა წუხანდელი უსაფუძვლო ეჭვების გამო, თუმცა მყისვე მოისაზრა, რომ ეს მხოლოდ მან იცოდა.

- სად დაიკარგე? ორი დღეა გეძებ, მობილურიც გათიშული გაქვს. სად ხარ?

- ციხეში, სიუზენ!

- კარგი, ნუ მაიმუნობ, - გაიცინა გოგომ.

- ჩემი „აღსარება“ წაიკითხე?

- კი, - სიუზენმა სიცილი შეწყვიტა, - ვიპოვნე თუ არა, ვეცი ფურცელს. ამდენი სისულელე რამ მოგაფიქრებინა?

- ხო წერია მანდ, რომ კაცი მყავს მოკლული. ჰოდა აი, გაიხსნა საქმე, ციხეში ვზივარ უკვე.

- მორჩი ხუმრობას! ვიღებ შენიშვნას, არ უნდა წამეკითხა შენი აღსარება, წამოვეგე. მე შენში ეჭვი არასდროს შემპარვია, უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენ ჭიანჭველაზე გქონდა ფეხი დადგმული ან რამდენი გოგო გყავდა შეცდენილი.

რაიანი მიხვდა, რომ გოგომ არაფერი იცოდა და დაწვრილებით უამბო, რაც გუშინ გადახდა. აღმოჩნდა, რომ სიუზენს უკვე ზოგი რამ სმენოდა შენაცვლების ექსპერიმენტის შესახებ. იცოდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერესით ადევნებდა თვალს ამ ნოვაციას.

- ტერიტორიულად სად ხარ? ახლავე გამოვქანდები!

- ნუ ჩქარობ, სიუზენ. ჯერ არც კი ვიცი აქაური მიღების წესები... მაინც რა უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს ჩემი აღსარება და მეორე დღესვე დაკავება, იმავე ბრალდებით. მგონია, სწორედ ამ ხუმრობის გამო დავისაჯე.

- იმედიანად იყავი, ყველაფერი უფლის ნებაა!

- სხვათა შორის, აქაც ამაოდ სცადეს ჩემი „მოქცევა“.

- რამდენი ჰქონდა დარჩენილი საიმონს?

- მგონი ხუთი წელი...

- ხუთი წელი კი არა, სამუდამო პატიმრობა რომც მოგისაჯონ, მე მაინც დაგელოდები!

- შენ თვლი, რომ უვადო პატიმრობას ვიმსახურებ?

- ...

 

 

* * *

იმ ორ კვირაში, ვიდრე პატიმართა შენაცვლების საბჭოს წინაშე წარდგებოდა, ბევრი რამ გაიგო, ნახა და განიცადა. მობილურზე საუბრის დრო შეუზღუდეს, სამაგიეროდ ციხეში კარგი ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი აღმოჩნდა, რითიც შეეძლო თავისუფლად ესარგებლა. დილა-საღამოს ეზოში გადიოდა სასეირნოდ და სხვა შემნაცვლებლებს ესაუბრებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ვიქტორსაც შეხვდებოდა, მაგრამ ის სხვაგან გადაეყვანათ. ვიქტორს აქ ყველა იცნობდა და მათგან ბევრი ისეთი რამ შეიტყო მასზე, აღარ იცოდა, ქებას უფრო იმსახურებდა თუ ძაგებას. სწორედ ვიქტორს მიიჩნევდნენ შენაცვლების კანონპროექტის თანაავტორად, უფრო სწორად, ერთადერთ ავტორად, რადგან პირველობა თავისივე ნებით დათმო. კანონპროექტი თურმე კარგა ხანია უჯრაში ჰქონდა ჩაკეტილი და იმაზე იმტვრევდა თავს, როგორ მოეხდინა მისი რეალიზება. იღბლად გახსენებია ყოფილი თანაკურსელი, ცნობილი ბიზნესმენი და პარლამენტარი, ვინმე ე.ვ. რომლის ერთადერთი საკანონმდებლო-შემოქმედებითი საქმიანობა, ოპოზიციის აზრით, ფრჩხილების გულმოდგინე და თანმიმდევრული კვნეტა გახლდათ. ფრჩხილებჩაკვნეტილმა დეპუტატმა  სიხარულით მოუსმინა „ძველ მეგობარს“ და მიანიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებდა კანონპროექტის წარდგენას, თუ თვითონაც  იქნებოდა მისი თანაავტორი, რაზეც ვიქტორი უყოყმანოდ დათანხმდა. თავის მხრივ ე.ვ.-მაც „წაიმუშავა“ კანონპროექტზე, რის შედეგადაც შემნაცვლებელთა გრძელი სიიდან გაქრნენ პარლამენტარები, მინისტრები და მთელი რიგი სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამან ვიქტორის დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ბოლოს წავიდა კომპრომისზე, რადგან უმთავრესად მიიჩნევდა საქმე დაძრულიყო. ასეთი გახლდათ ის ტყუილ-მართალი, რაც მან შემნაცვლებლებისგან შეიტყო.

პატიმრები ერთმანეთს უზიარებდნენ გულისტკივილს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, გამოეცნოთ საკუთარი დაკავების მიზეზი. შსს-ს აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი ზ.თ. ვიღაც ნარკომანის მაგივრად ჩაესვათ, რომელიც ამტკიცებდა, „წამალი“ თვითონ პოლიციელებმა ჩამიდესო.

- შენ ხო არ გადებდა ხელს? - ჰკითხა რაიანმა.

- არა. ცხოვრებაში არასდროს შემხვედრია.

- ეგეთი რამეები მართლა ხდება პოლიციაში?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არასდროს ჩამიდია.

რაიანი კიდევ მრავალ პატიმარს გაესაუბრა. მათ შორის ერთი ლოყებღაჟღაჟა, პირმრგვალი ბიჭი იყო, რომელმაც იმდენად ინერვიულა, რომ ათი კილო დაიკლო სულ რაღაც ხუთ დღეში. ის თურმე გაჭირვებული, მრავალშვილიანი მამისთვის შეუნაცვლებიათ. მშიერი ბავშვების შემყურე კაცს ჯიბგირობა უცდია და პირველივე ჯერზე დაუჭერიათ... პატიმრების უმეტესობა სრულიად გაანადგურა შენაცვლებამ, თუმცა იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილი მსჯავრდებულებიც. მაგალითად, ერთი ფერმკრთალი ბუღალტერი, რომელიც ვიღაც თაღლითის ნაცვლად იხდიდა სასჯელს, იმედიანად გაიძახოდა, მეგობარს ჩემი 2000 დოლარი მართებს, ფულის დამბრუნებელი ეგ არ არის, საქმე მაგას არ აქვს, ამიტომ იმედია, ინამუსებს და შემენაცვლებაო.

ცხადია, არცერთი პატიმარი საკუთარი გადაწყვეტილებით არ იმყოფებოდა ციხეში. ყველას დაკავების ისტორია ერთმანეთს ჰგავდა, მხოლოდ ორმოც წელს გადაცილებული მაღაზიის მეპატრონის ამბავი გამოირჩეოდა:

ერთ დღეს, როცა სხვათა შორის შეუვლია საკუთარ მაღაზიაში, ასეთი სურათი დახვედრია - გამყიდველ ქალებს წრეში მოექციათ 14-15 წლის ბიჭი, რომლისთვისაც ქურდობაზე წაესწროთ. განრისხებულს მყისიერად გამოუძახებია პოლიცია. მაწანწალა ბავშვს პატრონი არ გამოჩენია და დაუპატიმრებიათ. მას შემდეგ რვა თვე გასულა, ეს ფაქტი სულაც დავიწყებია კაცს და ერთ მშვენიერ საღამოსაც, როცა პროდუქტებით დატვირთული სახლში ბრუნდებოდა, აუყვანიათ. მაღაზიის მეპატრონე სწორედ იმ ბიჭს შეანაცვლეს, რომელიც მის გაქურდვას ცდილობდა!

 

 

* * *

 

პატარა ოთახ-კაბინეტში ოცდაათ წელს გადაცილებული გამხდარი, მელოტი კაცი ლურჯყდიან წიგნაკს გულისყურით ეცნობოდა:

პირველი დანაშაული

გაზაფხულის მზიან დღეს, ფიზკულტურის გაკვეთილზე, ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. მერე ონკანს მიაშურეს, ოფლი ჩამოირეცხეს, სპორტულები იქვე, ძელსკამზე მიყრილ ჩანთებში ჩაალაგეს და ჩვეულებრივი ტანსაცმელი გადაიცვეს. რაიანმა ქუდი დაიხურა და ონკანის ზემოთ კედელში ჩასმულ ოვალურ სარკეში ჩაიხედა.

- მაგარი კეპია, - აღტაცება ვერ დამალა საიმონმა, - მათხოვე ერთი წამით...

კეპი თავზე ჩამოიფხატა და სარკეში შეათვალიერა.

- მიხდება?

- კი, გიხდება, - რაიანი დუმდა.

- სად იყიდე?

- უცხოეთიდან ჩამომიტანეს.

- აქ არ იშოვება, ნეტა? - ქუდი მოიხადა და უკანვე დაუბრუნა, - ძალიან მომწონს...

რაიანს კარგა ხანს ეჭირა ხელში კეპი, დახურვას არ ჩქარობდა. ენის წვერზე ადგა ფრაზა, რომელიც ამ დროს უნდა თქმულიყო, მაგრამ მასაც ძალიან მოსწონდა ქუდი...

- მთელი ქალაქი მოვიარე და ვერსად წავაწყდი! - გულისტკივილით უთხრა მეორე დღეს საიმონმა.

რაიანი კვლავ დუმდა.

ერთი კვირის შემდეგ, ზუსტად ისეთივე კეპით დამშვენებული საიმონი ამაყად შემოვიდა სკოლის ეზოში.

- სად იშოვე? - ჰკითხა რაიანმა.

- მონდომება თქვი, თორე... - უხერხულად გაუღიმა მეგობარმა.

შემდეგ დღეებში საიმონი სკოლაში აღარ გამოჩენილა. ბიჭი ქურდობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა, ციხეში არ გაუშვიათ, პირობითი სასჯელი აკმარეს.

ბრალდებულს რომ გაეჟღერებინა ენის წვერზე მომდგარი ფრაზა და კეპი მეგობრისთვის ეჩუქებინა, შესაძლოა საიმონ ფიშერის ცხოვრება სულ სხვანაირად წარმართულიყო.

 

 

* * *

 

როგორც იქნა დადგა „ნანატრი“ დღე, როცა რაიანის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ნაშუადღევს ბადრაგმა მანქანაში ჩასვა და პატიმართა შენაცვლების საბჭოს შენობაში მიიყვანა. იქაურობა სასამართლოს არ ჰგავდა: არც თვალებახვეული თემიდა, არც ბიბლია და მაღალსაზურგიან პომპეზურ სკამზე მჯდომი მოსამართლე არ ჩანდა. ოთახში მხოლოდ ერთი, რესპექტაბელურად გამოწყობილი კაცი იყო, რომელიც ისე გატაცებით იქექებოდა დოკუმენტებში, რომ მათი შემოსვლა არ შეუმჩნევია. სიტუაციაში როცა გამოერკვა, ფურცლები გვერდზე გადადო და მაგიდაზე კალმისტრის რიტმული კაკუნის ფონზე შეუდგა პატიმრის დათვალიერებას. შემდეგ ფეხზე წამოდგა და ბადრაგს ხელით ანიშნა, გასულიყო.

- გამარჯობა.

- გამარჯობა, ბატონო როლან, - რაიანმა მისი სახელი შემოსვლისას კარის აბრაზე ამოიკითხა, - მარტო თქვენ უნდა გამასამართლოთ?

- აქ სასამართლო არ არის, - მშვიდად მიუგო მან. დაჯდა და სკამიც შესთავაზა, - მინდა, უბრალოდ გავისაუბროთ... რაც შეეხება საიმონ ფიშერის მიერ ჩადენილ დანაშაულთან თქვენს კავშირს, ყველაფერი აქ წერია, კომისიის დასკვნაში, - მიუგო როლანმა იმავე სიმშვიდით და ლურჯყდიან წიგნაკზე მიუთითა, - მოკვლეულ მასალებში საუბარია სულ სხვა განზომილებებზე. აქცენტი გადატანილია ადამიანურ ურთიერთობათა მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, რასაც თვითონვე გააანალიზებთ, როცა წაიკითხავთ. საიმონ... უკაცრავად, რაიან, მერწმუნეთ, „პატიმართა შენაცვლება“ კაცობრიობის პროგრესის საწინდარია. თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი ხართ, ვინც მონაწილეობას იღებს ამ ბრწყინვალე პროექტში!

- თუ ასეა, თავად რატომ არ ენაცვლებით ვინმეს?

- მე ამის უფლება არ მაქვს.

- საიმონი გაათავისუფლეთ?

- დიახ.

- რას ამბობს?

- ბედნიერია, ოჯახს დაუბრუნდა, საიმონ ფიშერის ყოველი ნაბიჯი კონტროლდება, - მიუგო როლანმა და მოტვლეპილ თავზე ხელი გადაისვა, - რაც შეგეხებათ თქვენ, მოცემულ სიტუაციაში სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე არ ხართ ნასამართლევი, ასევე თავდაუზოგავად შრომობთ, რითიც წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და, რაც მთავარია, საბჭო დიდ პატივს სცემს თქვენს ოჯახს, გვაქვს შემოთავაზება...

- გისმენთ!

- სიმბოლური თანხის, 20000 დოლარის სანაცვლოდ, რომელიც მოხმარდება კრიმინალის შემცირებასა და მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას, წელიწადში გაგათავისუფლებთ.

- ღმერთო ჩემო...

- თქვენ ხომ ათეისტი ხართ? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღმა როლანმა.

- დიახ, ათეისტი ვარ, თუმცა, არა მგონია, არსებობდეს ისეთი რამ, რაც საერთოდ არ არსებობს, - რაიანმა ჩაუბარებელი მიმიკების გაელვება იგრძნო კანზე, - მე ვხედავ ყველაზე ბუნდოვან თვისებაში გამოხატულ საიდუმლოს. ღმერთს აკრიტიკებენ, თუ კეთილი და ყოვლისშემძლეა, მაშინ ამდენ ბოროტებას რატომ უშვებსო, რეალობას კი ვერ ხვდებიან: ღმერთმა ყოვლისშემძლეობა იმიტომ დაიბრალა, რომ საერთაშორისო დანაშაულსა და კაცობრიობის აბსურდულ ყოფაზე პასუხისმგებლობა და თანამონაწილეობა გამოეხატა. სწორედ ყოვლისშემძლეობის დაბრალებამ აქცია შემნაცვლებელი, ადამიანი იესო ყოვლისშემძლე ღმერთად, სიცოცხლის მაღალ ფორმად. ხშირად ორ იდენტურ მოქმედებას თუ აზრს საერთო არაფერი აქვს, რადგან უმთავრესია მოტივები, მეტიც, მოტივების მოტივები. „პატიმართა შენაცვლების“ კანონი სინათლის წელიწადებითაა დაშორებული მის სულს, თუმცა არ მიკვირს, შეუძლებელია იდეის მატერიალიზება, შეუძლებელია მისი სრულყოფილად განხორციელება სახელმწიფოს ფარგლებში... ბატონო როლან, უარს ვამბობ შემოთავაზებაზე, მე დამნაშავე ვარ, რადგან საიმონ ფიშერმა ადამიანი მოკლა, ამიტომ სრულად მოვიხდი სასჯელს!

რაიანმა თავდაჯერებულად წარმოთქვა სიტყვა, თუმცა გონების რომელიღაც უფსკრულში მაინც გაუელვა საზარელმა ეჭვმა: იქნებ ემპათია ურჩხულებს მალავს და მისი გადაწყვეტილება არ არის მართებული? იქნებ თავის პიროვნულ ბრძოლაში საცოდავად მარცხდება? თუ სულაც ბრძოლის ველს მიღმაა?

მას ყრუდ ჩაესმის ტელევიზორის შიშინის მსგავსი ძახილი - „გაიყვანეთ!“ შემდეგ ხმები საერთოდ ქრება, რეალობის შეგრძნებასთან ერთად...

ბრალი გედებათ მკვლელობაში, რომელიც თქვენმა ყოფილმა მეგობარმა ჩაიდინა...

გვერდს ნუ აუვლი შენს საკრალურ დანაშაულს...

ხუთი წელი კედლებში, რადგან...

ბავშვმოკიდებული ბოშა ქალი არაამქვეყნიური აქცენტით ამბობს: „შენ გენაცვალე, გამიჩერე მარშუტკა!“ „ნუთუ მას არ უჩერებენ?!“ - ფიქრობს რაიანი და გაჭირვებით უსრულებს თხოვნას, რადგან უკვე ხელბორკილები ადევს. კაბინეტიდან გაჰყავთ... ბოშა ძალიან სწრაფად, ისე რომ მძღოლი ტრანსპორტის დაძვრასაც ვერ ასწრებს, კარს აღებს და შიგნით ხტება. ყვითელულვაშიანი ერთს კარგად უკურთხებს ბავშვმოკიდებულ ქალს და კონსტრუქციას ძრავს.

საით მიდის უსახლკარო ბავშვმოკიდებული ბოშა? იქნებ უმიზნოდ დაძრწის, სრულიად მინდობული მიჰყვება ტრანსპორტის განუსაზღვრელ მარშრუტს, ისე, როგორც მე დერეფანს...  იქნებ კაცობრიობაც ასეთი ხრიკით, დანაშაულით ჩაება ისტორიის მატარებელში და სწორედ დანაშაული არის ის ძონძებში გამოწყობილი გმირი, რომლის გარეშეც ვერ განხორციელდებოდა ადამიანური სული თუ ინსტინქტები, რომლის გარეშეც ვერ გაჟღერდებოდა დიდებული სიმფონიები, მეამბოხეების შეძახილები და პლანეტების მისტიკური მუსიკა... იქნებ დამნაშავეებმა თავი გაწირეს? თავდაპირველად ეს თავდადება რომანტიკული, საინტერესო და სასიამოვნოც იქნებოდა, მაგრამ ახლა? უკვე სიზმრებშიც არ გვასვენებს ჩვენი მოწამლული და ფათერაკიანი ცხოვრება. ეს - უკეთეს ვარიანტში, რადგან ინსომნიაშეყრილები იშვიათად თუ ვახერხებთ დაძინებას. დანაშაულის გარეშე ვერ დაიხატებოდა დიდებული ისტორიები, არ იარსებებდა თავგანწირვა, შეშლილი სიყვარული, თავისუფლება, მიტევება, ემპათია! დანაშაულის გარეშე არ განხორციელდებოდა თქვენთვის ასე საამაყო უთანასწორო, გმირული ომები. მის გარეშე არ დაწვავდნენ კოცონზე უმართავებს, შესაბამისად, არ შეიქმნებოდა ის მწველი, საკრალური ცეცხლი, რომელიც სულ სხვანაირად აშუქებს და ცვლის მარადისობას... უდანაშაულოდ არ დაარქმევდნენ ქუჩებს სახელებს, არ აღმართავდნენ ძეგლებს, ვერასდროს ვიხილავდით უპრინციპო ნაბიჭვრების უიშვიათეს ღირსეულ მოქმედებებს, რომლებიც განსაკუთრებით ამაღელვებელია. ვერც ერთფეროვან სივრცეს გაალამაზებდნენ პირამიდები, ვერც უზარმაზარი რკინის ნაჭრები იფრენდნენ ცაში ღრუბლებთან ერთად... დანაშაულის გარეშე არ გათამაშდებოდა ეს გენიალური დრამა და ვერც პირველი შემნაცვლებელი განხორციელდებოდა უინტერესო სიცარიელეში!

მაგრამ ღირდა კი?

როცა კაცობრიობის ისტორიის ყოველი წამი, ყოველი სიმბოლო, ყოველი ადამიანი, ვისაც კი უცხოვრია, ბორკილებად გადევს, აღარაფერი გეფარება, რომ დაინახო...

რაიანი განიცდის მეტამორფოზას ისე, რომ არ იცვლება.

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE