კლასგარეშე ლაღობანი


კლასგარეშე ლაღობანი




დაბადება

 

მე დავიბადე დეკემბრის თვეში -

ასანთს რომ ჰქონდა კაპიკის ფასი,

სუფრაზე ხინკლით დაიდგა თეფში

ძეხვს ჩამოეჭრა მიჯრით ანფასი.

 

შეისვა ღვინო და გატყდა პური -

მისურვეს ჯანი, იქვე მხნეობა,

რამდენიც ითქვა სიჭკვიანეი

ზუსტად იმდენჯერ ითქვა ყლეობა:

 

თქვეს, რომ მე უნდა ვგავდე წინაპრებს

გადაბმულ წარბქვეშ კეხიან ცხვირით,

მქონდეს მათებრი მოქნევა მუშტის,

დილით მემაწვნეს ვასწრებდე ყვირილს!

 

მისურვეს კიდევ მჭმუნვარე მზერა -

საბანს რომ ჩემკენ ვქაჩავდე მხოლოდ,

ამის მერე თუ დამიძახებენ

მე ტვინით სავსეს და ჭკუის კოლოფს.

 

ცვრიან ბალახით ვყვარობდე მამულს,

ვარდს ვუფურჩქნიდე კოკორს ნამიანს,

ხან კავკასიონს ვეჯაჭვებოდე -

ვენაცვლებოდე დაღლილ ამირანს!

 

რომ დავიბრუნებ იმიერ ტაოს,

სოჩას და დერბენტს, საინგილოსაც,

(რა ჭირად გვინდა ამდენი მიწა) -

ჩემ დაბადებას, აფსუს, გილოცავთ!

 

 

საბავშვო ბაღი

 

მერი მასწავლებელი

ერთი შტერი ქალია,

ტელეფონზე კაცებთან

უყვარს ბჭობა ძალიან.

 

რომ ჩამოგვსხა ქოთნებზე -

დავავიწყდით საერთოდ,

ტელეფონზე ქაქანით

თვითონ კარგად გაერთო.

 

ერთი საათის შემდეგ

ქოთნებს რომ აგვაწეპა,

ტაკუნებზე ზოლები

გვემჩნეოდა რკალებად!

 

მიშოს ტაკო ამბობდა -

ზუსტად სამის თხუთმეტ წუთს,

ნელიკოსი - ორ საათს,

ხათუნასი სულაც ხუთს!

 

მაინც ყველა ჩაგვყარეს

ლოგინებში ძილისთვის,

ზუსტად ცამეტ საათზე

დროით ქალაქ თბილისის!

 

 

ღაღადისი
 

შვილო, ნუ ჭამ ამდენს,

მტრის ოჯახში არ ხარ!

დაგვიტოვე ცოტა,

რად იქცევი გლახათ? 

 

მეც და დედაშენიც

გიყურებთ და ვატყობთ -

დღესაც პურის ყუა

უნდა ვლოღნოთ მარტო.

 

სიგამხდრისგან დედა

ხომ ჰგავს საფრთხობელას?

მე შარვალს ვერ ვიცვამ -

მძვრება უკვე ყველა!

 

შვილო, შეგრცხვეს მაინც,

ვინ იქცევა ასე,

ეს ვინ გაგაჩინეთ -

ბარემ ჩვენც შეგვსანსლე!

 

 

რიტა ბებია

 

იყო ერთი თოჯინა

მეტსახელად რიტა,

თამაშისგან დაბერდა -

კაბაც დაეხვრიტა.

 

დაათრევენ ბავშვები,

რაღას არ უშვრებიან,

წამით არ ავიწყდებათ

დაუძახონ - ბებია.

 

ჰოდა, რიტა ბებია

სულ რომ გაგვიმელოტდა,

ჩაიდინა ისეთი -

რომ არავინ ელოდა.

 

ადგა ღამით, როდესაც

ყველას ტკბილად ეძინა,

გამოიძრო ჩულქიდან

თეთრზე თეთრი რეზინა,

 

გადაუშვა ფანჯრიდან -

ისე სწრაფად ჩაცოცდა,

იქვე მჯდარი კატაც კი

სულ კნავილით გაოცდა.

 

ვეღარ ნახეს ბავშვებმა

დილით რიტა ბებია,

ეზოში კი კატები

ასეთ რამეს ჰყვებიან:

 

ძირს რომ დახტა ბებია,

ჩუ - გვითხრაო ერთი და

გადისახა პირჯვარი,

თან ახსენა ღმერთი და

 

(დაგვიჯერეთ, არავის

ზედმეტად არ გაოცებთ)

კი გაუყვა ზემოთკენ -

აღმართს სასაფლაოსკენ.

 

 

თენგიზომანია

 

ჩემზე მინდა რომ მოგიყვეთ,

გაგიმხილოთ დარდები,

ხან ვარდი ვთქვა, ხან ბანანი,

ხანაც ეკალ-ბარდები.

თავიდანვე სჯობს, გაუწყოთ

წინაპართა შესახებ,

ეგეთები სამი ვიცი,

მეც მოვყვები მესამეს.

 

3.

იდგა ცხრაას ხუთი წელი,

პაპას სჭირდა ყბაყურა,

ბრძენ აქიმთა რჩევით ძოვდა

ბალახს, მხოლოდ სამყურას.

და ერთხელაც საძოვარზე

პაპა შეხვდა ბაბოჩემს,

სქელგავიანს, ოხერთვალას -

გოგოს ზეაზაბოჩენს...

გაიარეს, წახახუნდნენ

გიგანტური დოზებით,

ცვალეს ოხრად ნერწყვი, ოფლი,

რა თქმა უნდა, პოზებიც.

ბაბოჩემი დაფეხმძიმდა,

პაპა ომში წავიდა,

მაგ ომშივე მიიკარგა -

ანი-ბანი-განი-და...

რას იზამდა ბაბოჩემი,

ცოლად არვის ჩაბარდა,

დედაჩემი რომ დაბადა,

მარტოდმარტომ გაზარდა.

ეგ კი არა, პაპას ხათრით,

ნიშნად ერთგულებიზა,

კი დაარქვა შვილს სახელად

თლა კაცური - თენგიზა...

გაუჭირდა ამის გამო

დედა-თენგიზს ცხოვრება,

თუმცა ეს სხვა თემა გახლავთ,

სხვა დროს მოიცოხნება...

 

69.

კი გითხარით, დედიკოჩემს

რომ დაარქვეს "თენგიზა",

ამის გამო სულ ღნაოდა

"რეიზა?" და "რეიზას?"

მაგრამ - ჰოი, საოცრებავ -

განგებითა ბედიზა,

მან გაიცნო მამაჩემი -

მასაც ერქვა თენგიზა.

თენგიზების სიყვარული

იყო ხალისობაი,

"თენგიზ, ძლიერ მიყვარხარო" -

კი ამბობდნენ ობაი...

"თენგიზ, კროშკავ", "თენგიზ, ჩიტო,

სარეცელი გავიყოთ?",

"თენგიზ, მანდ არ მიკბინო" და

"თენგიზ, უნდა დაგიპყრო!"

მოკლედ, თენგიზთ გაზრდილი ვარ,

პატივ მეცით სუყველამ,

თუკი რამეს ვამეტებდე,

ჩემ პირს ძველი "ნუტელა"...

 

 

მომე უფლება

(ჟულიეტ ლუისს და ჯგუფ "ლიქსს")

 

მომე უფლება, შენს მაცივარში შევინახო ჩემი კალბასი,

ან შენ უჯრაში ჩავალაგო ჩემი წაღები,

ჩამაგდებიე შენს ყულაბაში ერთი აბაზი,

ან შენს ღრიჭოში გამაყრევიე ეს გასაღები.

 

ნუ გამაწბილებ, რომ შენს პადიეზდს არა აქვს კარი,

რომ შენს ლარნაკში მე ვერ ჩავატევ ამ ჩემს შავ ტიტას,

შემოვფრინდები შენს სარკმელში ანდამატივით,

შენი პენალი უსაშლელობას რამდენ ხანს იტანს...

 

მომე უფლება, მე შენს თავლაში დავიჭიხვინო,

ან შენი ერდოს ურდულს ქლიბით ავფხიკო ჟანგი,

მე მინდა ჩავდო შენს ზარდახშაში ჩემი მუნდშტუკი,

დავაბინაო შენს „ხრუშოვკაში“ ეს ჩემი ბარგი...

 

დაე, მე ვიყო შენი კბილის ღრუს დარიშხანი და

მაგ შენი ყურის ბამბიანი საწმენდი სპიჩკა,

მე მინდა შენი ფოსტის ყუთში ვეგდო დეპეშად,

და შენს ბუხარში შემაკეთო ერთ ცალ სველ ფიჩხად.

 

მომე უფლება, "კარები ფრთხილად იკეტებოდეს"

თუნდაც შენ იყო მეტროს სადგური "ნაძალადევი",

თუკი მიპოვე სადმე ჟანგიან ორლარიანად -

- შენს შავ პორტმანში დაუყოვნებლივ ნაზად ჩამდევი.

 

 

გათვლა

 

ესა-მესა, გადის ესა,

გუშინ ბაბო მომიხნესა,

ახლაც ყურში მიდგას მისი

ვაება და ოხვრა-კვნესა.

ესა-მესა, გადის ესა,

მერე მეც არ დამინდესა,

სულ ცხვირ-პირში მითავაზეს

რაც ჩემს ბაბოს მოაკლესა!

 

 

ოდა ფუნიკულიორს

 

ამდგარხარ, ამაღლებულხარ,

ცისაკენა გაქვს წვეტიო,

ქარი ვერ განძრევს, ხანდახან

ჩამოგდის წვიმის წვეთიო,

მიწა ქალამნად გეკმარვის,

თავს ვერა ჩამოგეტიოს,

შეშურდეს შენი სისოვლე

არაბს, სპარსსა და ეთიოპს,

ოღონდაც შენ არ დავარდე,

არაფერ მინდა მეტიო.

 

 

ჩარეცხილი მაკრატელა

 

მაკრატელმა: გამოვჩლუნგდი

ვაღიარებ, თან გაფრთხილებთ:

- ამლესეთ და განმაახლეთ,

ვეღარავის ვაჭრი ფრჩხილებს!

 

არ ათხოვეს ყური ბეჩავს,

დააყარეს ზედ სიცილი.

უმალ სხვენში მოისროლეს

როგორც უკვე ჩარეცხილი.

 

იქ მას დახვდნენ: ბლაგვი ცელი,

პურის დანა, სეკატორი,

გაღუნული სუპის კოვზი,

გადამწვარი წყლის ატმორი.

 

ყველამ ერთხმად ანუგეშა:

აღარ გქონდეს აწი დარდი,

შეგჭამს ჟანგი, მერე მიწა,

- ხარ ჩვენსავით შენაც ჯართი.

 

აბობოქრდა მაკრატელი:

- რას მიქვია დაჟანგება?!

გარეთ  ყოფნა მირჩევნია

ამ ბნელობში უქმად გდებას!

 

აწრიალდა, გამოედო

მოკლე ფიწალს ცალი ყურით,

ძირს ზღართანი გაადინა,

მოხვდა მიწის ალიყური.

 

ადგა ფეხზე გაჭირვებით,

გაიმართა წელში ღრჭენით,

თქვა: მშვიდობით, მეგობრებო,

ვერ ვიქნები აქ დამრჩენი.

 

წავალ, ჩემით გავიპარვი,

დამილოცეთ გზა და გეზი!

გააცილეს მაკრატელი

ჯართოსნებმა ბებრულ კვნესით.

 

გამოვიდა, გაიხედა,

ყველას სძინავს უღრმეს ძილით,

დაუარა კაბებს, შარვლებს,

სულ დააჭრა ყველას ღილი.

 

მერე მიდგა ნასკს და პერანგს,

არ დატოვა მთელი ერთი,

არც ნიფხვები დაინანა,

არც კაშნე და არც ქუდები.

 

აილესა ძველებურად,

თქვა: შევძელი შეუძლელი!

ხომ დავტოვე ეს ქვეყანა

გახდილი და ჩაუცმელი!

 

 

რჩევა სამშობლოს

 

გუშინ ძაღლი მოვკალი,

არ დავინდე კატაც,

მერე მამალს კისერი

წავაწყვიტე მარდად.

არც ქათამი დავინდე,

არც იხვი და ბატი -

ბებო, მოდი, მოკვლაზე

მეთამაშე კარტი.

 

კარტში ბებომ მომიგო -

ისე გამაპაზორა,

ზედ დამაკლა საშველად

გადმოსული ანზორაც.

მერე ერთად დაგვმარხა,

დაგვაყარა მიწა,

ჩვენს სახელზე მოაჭრა

თავი დედალ ციცარს.

 

მოკლა ჩემი ბეკეკოც,

არ დაინდო წამით,

წიწილებიც გაწყვიტა

ერთი, ორი, სამი...

მერე ბაბუს მიადგა,

გამოღადრა ყელი,

ძროხაც მოკლა ბოსელში,

მძლევი რძის და ყველის.

 

ბოლოს ადგა, აიღო

ალესილი დანა,

და კანტორის უფროსიც

სულ არ დაინანა.

მალე ალბათ მიდგება

სხვა კაცებს და ქალებს,

ფრთხილად იყავ, სამშობლოვ,

შენ კი გენაცვალე!

 

 

დასასრული

 

აღარ მინდა აღარც დედა,

აღარც მამა, აღარც ძმა,

უკვე მინდა ყველა ერთად

ამ შამფურზე ავაცვა.

 

მინდა ცეცხლი, მინდა შეშა,

მინდა ჟეშტის მაყალი,

მწვადი მინდა, აღარ მინდა

სახლში აყალმაყალი.

 

მწვადს ექნება ჩვენი ჯიშის

და ჯილაგის არომატ,

მომენატრა ერთი კარგად

ჩემ გემოზე ჩათრობა...

 

მერე წავალ მამაოსთან,

ვეტყვი აღსარებასა,

ვეტყვი, ჩემი ოჯახობა

რატომ აღარ მევასა.

 

იმანაც თუ ვერ გამიგო,

და დამიწყო ძაგება,

არ ყოფილა ქვეყანაში

ჯინსები და გაგება.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE