გრიგალის ამბავი


გრიგალის ამბავი




ასაკი

 

ორმოცი წლის ზემოთ, როცა

დაიწყება დაღმართი,

ჰორიზონტზე პერეკოსად

ჩნდება ეშმა და ღმერთი.

.

ღმერთო, ერთო, შენ მიშველე

შეშინებულს! დრო გადის.

კუნძულზე ვარ - სეიშელზე,

ეშმაკი მჩხვლეტს ორკაპით.

.

- წამო, - ამბობს - სხვა კუნძული,

ცეცხლოვანი, განახო,

სადაც ბუქნით და ძუნძულით

მე გიცეკვებ შალახოს.

წამო! რატომ გეშინია,

რატომ აჰყევ ჟრუანტელს?!

ესეც კარგის ნიშანია,

თუ სხვას ფიქრობ, ჭკუა გტკენს.

.

ღმერთო, შენ კი სად არა ხარ

ან სადა ხარ - არ ვიცი,

რამდენი ცა გადალახა

სულმა, როგორც არწივი

დაენარცხა მიწას ბოლოს,

აღარც სუნთქავს, არც წივის...

ასე მიკვირს ფიცის ბოლო,

რწმენა - ცრემლით ნაწვიმი.

 

2019 წ.

 

 

გრიგალის ამბავი

 

ამ გრიგალსაც ექნება სადმე სახლი თავისი -

ფარღალალა, კუთხეში მიკუნჭული ბავშვებით.

ეშინიათ, გარედან მთვრალი მამის ხმა ისმის,

ხმაში ხმაა ჭინკების გმინვის, დროგამოშვებით

ამ ჭინკებსაც აწვება ნოსტალგია სახლისა,

სადაც მინავლებულა სუნთქვა მკვდარი წინაპრის.

საიდან სად გახვეტა ჟამმა - დიასახლისმა

ნატეხები, ნაშთები იმ ლეგენდის, იმ ზღაპრის,

რომლის გმირი (ყარიბი) დაკარგულ დროს დაეძებს,

სიღარიბის ხელჯოხით მიუყვება უდაბნოს.

რა ძნელია, იაროს, ზიგზაგით, არ დაეცეს

და გრიგალის ამბავი ჰორიზონტებს უამბოს.

 

                                    2019 წ.

 

 

საკუთარ თავთან მიმოწერიდან

 

ქუჩების თოვლი მატლიანი. უგზო ხიდები

წინ. მიუსაფარ ხეთა რიგი ქარმა დაღრიცა.

უკან ხმა ხრინწით, ჟრუანტელით: „ნუ იხედები!..

ვერ დაინახავ!.. დაგამიწებს ცარიელი ცა!“

ტრადიციულად, მარტოობა ღმერთის გარეშე

აქ ყოფნას ნიშნავს. ფეხაკრეფით ვუახლოვდები

ფეხსალაგს, იგივ (ახლებურად) - საპირფარეშოს

ბენზინგასამართ სადგურთან. შენ ნუ ელოდები

ჩემგან დაშიფრულ სიტყვებს, გრძელ და ფილოსოფიურ

უსტარს, ნაცადი ხელწერით და კრიპტოგრამებით

ამ ქალაქიდან, სადაც შიში მეფობს, ფობიურ

ბურუსში აღარ ჩანან თეთრი პელიკანები.

ეს ყორანი კი გადმოფრენას ისევ აპირებს

მადათოვისკენ (რესტორანი დაკეტილია),

ამბობს, რომ დასდევს მხოლოდ ძაღლებს და ძაღლთაპირებს,

სხვებთან კი ერთობ გულმოწყალე და კეთილია.

 

                                         2018 წ.

 

 

ჩვენი შეხვედრის შესახებ

 

ცოტნეს

 

ალცჰაიმერით დაბზარული

ტვინი როცა დაიწყებს დაცლას

ზემოდან ქვევით

ქვიშის საათივით და ქვიშას გაჰყვება

მეხსიერების უმძიმესი ნაწილაკები,

წლებს როგორც ორსულს მუცელი

ასაკი მოწყდება

და შეუერთდება

ცრემლის ერთ წვეთში შეკუმშულ დროს,

ცოლი როდესაც დამუნჯდება

რადგან მის სიტყვებს

გამოეცლება მნიშვნელობა

და სითბოდ გარდაქმნის ქალური უნარი,

ყველა სხვა ნათესავი

სისხლში განზავდება და

მათი ხსოვნა ლაქებად დაედება

ხელებზე ამობურცულ ძარღვებს,

სწორედ ამ დროს შენ,

როგორც ფენტეზის გმირი,

კვერთხით გახსნი

ცნობიერის დაჟანგულ საკეტს

და მკვეთრად მეტყვი:

„მამა, მე აქ ვარ!

სად დაიკარგე?!“

 

                               2017 წ. აგვისტო-სექტემბერი

 

 

* * *

 

დაუსრულებელი ამბავია

შენი მოლოდინი. წინ - სიკვდილი!

როგორ გადმოლახავ ამ ბარიერს

ახლა, დაღლილი და გონმიხდილი?!

აქეთ უმოძრაო სიჩუმეა,

გამიკვირდება, შინ თუ შემოვა,

სადაც მასპინძელიც თვითონვეა -

სამარისებური უშენობა.

 

                      2019 წ. თებერვალი

 

 

ბოლო სიტყვები

 

მე შევინახე დედაჩემის გახელილი თვალების

სითბო, ბოლო წამებში, როცა ის მოკვდა

და მამაჩემის მეხსიერება,

რომელიც უცებ სრულად დაფარა

უკანასკნელი ომების სისხლმა.

მე შევინახე ჩემი ძმების

მიტოვებული სახლების სუნი

(ჩრჩილი, თაგვები, სიმარტოვე, ნესტი)...

წარსულმა

თავისი თავი გამოჭამა და

დაკარგულ დროს

ახლა სიზმრებით თუ დავიბრუნებ

(მე შევინახე ამ სიზმრების ყოველი წუთი,

რათა მახსოვდეს, რა გადარჩა

ჩემზე ეკლებად მობჯენილი ტკივილებისგან

ან იმ ხმებისგან, მუცლადყოფნიდან

სიბერემდე რაც ჩამესმოდა). სხვა გზა

რა არის?!

მე შევინახე

ჩემი შვილების სარძევე კბილები,

რომელსაც თანდათან იცვლიდნენ,

ყრიდნენ,

როგორც თესლს მღვრიე მყოფადის ხნულში,

თვითონ კი ცისკენ იწეოდნენ,

როგორც ხეები.

მე შევინახე ეს ცა - სამყარო

მრავალი მზით, ვარსკვლავებით, გალაქტიკებით

და როცა დადგა დრო სიყვარულის

სიკვდილში გაზავების,

გადასვლის,

ქრობის,

გამოგიწოდე, როგორც ყვავილი...

მე შენ მიყვარხარ!

 

        2015 წ. 17 დეკემბერი,

       „ლიბერთი ბანკის“ მოსაცდელი, სწრაფი სესხის აღებისას

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE