მგრძნობიარე მთხრობელი


მგრძნობიარე მთხრობელი




შვედეთში, სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ლაურეატის, მწერალ ოლღა ტოკარჩუკის მიერ  2019 წლის  დეკემბერს პრემიის გადაცემისას წარმოთქმული სიტყვა.

 

1.

პირველი ფოტოსურათი, რომელიც გააზრებულად განვიცადე, დედაჩემის სურათი იყო, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე გადაღებული. ის, სამწუხაროდ, შავ-თეთრია, რის გამოც მრავალი დეტალი ძლივა ამოსაცნობი და დაკარგულია. დედა ძველ რადიომიმღებთან ზის. რადიოს მწვანე თვალი და ორი გადამრთველი ჰქონდა – ერთი ხმის დამარეგულირებელი, მეორე – სადგურის მოსაძებნი. ეს რადიო შემდეგ ჩემი ბავშვობის მეგობარი გახდა და მისი მეშვეობით გავიგე კოსმოსის არსებობის შესახებ. რადიოს ებონიტის გადამრთველი  ადგილს უცვლიდა ანტენის მგრძნობიარე საცეცებს და მათ დიაპაზონში ხვდებოდა სხვადასხვა სადგურები – ვარშავა, ლონდონი, ლუქსემბურგი ან პარიზი. თუმცა ზოგჯერ ხმა იკარგებოდა, თითქოს სადღაც პრაღასა და ნიუ-იორკს, მოსკოვსა და მადრიდს შორის ანტენის საცეცები შავ ხვრელს აწყდებოდნენ. ასეთ დროს კანკალი ამიტანდა. მე მჯეროდა, რომ ამ რადიოს საშუალებით მზის სხვადასხვა სისტემები და გალაქტიკები მესაუბრებოდნენ, სამყაროს ჭახანსა და ხმაურში ინფორმაციას მიგზავნიდნენ, რომლის გაშიფვრა არ შემეძლო.

როდესაც რამდენიმე წლის გოგონა ამ ფოტოს ვუყურებდი, თითქოს დარწმუნებული ვიყავი, რომ დედა რადიოს ღილაკს ატრიალებდა და მე მეძებდა.ის მგრძნობიარე რადარის მსგავსად, კოსმოსის უსაზღვრო ადგილებში აღწევდა და ცდილობდა გაერკვია, როდის და საიდან მომიწევდა მოსვლა. მისი თმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა (ღრმა დეკოლტე) გვამცნობს, თუ როდის  გადაიღო სურათი – ესაა გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისი. იყურება რა კადრს მიღმა, ოდნავ წელში მოხრილი ქალი რაღაც ისეთს ხედავს, რისი დანახვაც შეუძლებელია ამ ფოტოს მაცქერალისათვის. ბავშვობაში მე ამას ისე აღვიქვამდი, თითქოს ის მომავალს უჭვრეტდა. ამ ფოტოზე არაფერი ხდება, ესაა არა პროცესის მაჩვენებელი და დინამიკური, არამედ უძრავი, გაქვავებული მდგომარეობის ფოტო. ქალი ისეთი სევდიანი და ჩაფიქრებულია, თითქოს ფიქრებით სრულიად სხვაგან იყოს.

შემდგომში მისი ამ წუხილის გამო დავინტერესდი, – და გარკვევას რამდენჯერმე შევეცადე, – დედა კი სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდა: ის იმიტომაა ასეთი სევდიანი, რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ დაბადებული და რომ ის ჩემ გამო წუხს.

- როგორ შეგეძლო ჩემზე გედარდა, როდესაც ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი? – შევეკითხე. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ დარდობენ მის გამო, ვინც დაკარგეს და რომ სევდას დაკარგვა იწვევს.

- იქნებ პირიქითაა, – მიპასუხა. – იქნებ როდესაც ვინმეზე დარდობ, ის უკვე არის, არსებობს.

ჩემს გონებას სამუდამოდ შემორჩა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალ-ღონეს მმატებდა დედაჩემსა და ჩემ შორის აზრთა ეს მოკლე გაცვლა-გამოცვლა პოლონეთის დასავლეთის რომელიღაც პროვინციაში, XX საუკუნის სამოციან წლებში. მან ჩემი არსებობა გაიტანა მატერიალური სამყაროსა და შემთხვევითობას, მიზეზებსა და შედეგებს და ასევე, ალბათობის კანონებს გარეთ. მან ის თითქოს დროის მიღმა, სადღაც მარადისობის სიახლოვესთან მოაქცია.  ბავშვური აზროვნებით მივხვდი, რომ უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე აქამდე წარმომედგინა. და თუნდაც რომ წარმოვთქვა,,,აქ არა ვარ“, მაინც პირველ ადგილზე დგას ,,ვარ“, ,,ვარსებობ“ – სამყაროს უმნიშვნელოვანესი და საოცარი სიტყვა.

ამრიგად ურწმუნო, არარელიგიურმა ახალგაზრდა ქალმა, დედაჩემმა, მომცა მე რაღაც ისეთი, რასაც ადრე სულს უწოდებდნენ და ამრიგად, ამქვეყნად საუკეთესო მგრძნობიარე მთხრობელის უნარით შემაიარაღა.

 

2.

სამყარო ის ქსოვილია, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაქსოვთ დიდი მოცულობით ინფორმაციას, კამათს, ფილმებს, წიგნებს, ჭორებს, ანეკდოტებს. დღეს ამგვარი ჩაქსოვის ტემპები და მასშტაბები კიდევ უფრო არნახულად გაიზარდა – ინტერნეტის საშუალებით ყოველ ადამიანს შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება – პასუხისმგებლობითა თუ უპასუხისმგებლოდ, სიყვარულითა თუ ზიზღით, ბოროტებითა თუ სიყვარულით. ყველას შეუძლია ამბის თხრობა და შესაბამისად, სამყაროს შეცვლა. ამ აზრით, სამყარო სიტყვებისგანაა შექმნილი. 

იმას, თუ რას და როგორ ვფიქრობთ სამყაროზე და, – რაც ალბათ გაცილებით მნიშვნელოვანია, – როგორ ვყვებით მის შესახებ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ხდება და რის შესახებაც არა ჰყვებიან, წყვეტს არსებობას და კვდება. ამის თაობაზე კარგად უწყიან არამხოლოდ ისტორიკოსებმა, არამედ ასევე (იქნებ უპირველეს ყოვლისა მათ) ყველა სახის პოლიტიკოსებმა და ტირანებმა. ის, ვისაც აქვს ამბავი და ჰყვება – მართავს კიდეც.

დღეს პრობლემა, ჩემი აზრით, ისაა, რომ შემუშავებული არა გვაქვს მზა აზრი, და არამხოლოდ მომავალზე, არამედ კონკრეტულ ,,დღევანდელობაზეც“, დღევანდელი სამყაროს ულტრასწრაფ ცვლილებებზე. ჩვენ არა გვაქვს ამის აღსაწერი ენა, სათანადო თვალთახედვა, მეტაფორები, მითები და ახალი ზღაპრები. სამაგიეროდ, როდესაც იმის მოწმენი ვხდებით, თუ როგორ ცდილობს ეს შეუსაბამო, ჟანგიანი და ანაქრონული ძველი ამბავი, აღიკაზმოს მომავლის მისიით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკეთესია რაღაც ძველი, ვიდრე არაფერი ახალი, და ასე და ამრიგად, სჯობს, თავი საკუთარი ჰორიზონტის შეზღუდვით შემოვიფარგლოთ. ერთი სიტყვით – ჩვენ ძალიან გვიჭირს სამყაროს შესახებ ამბის მოყოლის ახალი ფორმების და მეთოდების მოძებნა.

პირველი პირის მრავალხმიანი თხრობის ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენამდე ყოველი მხრიდან პოლიფონიური ხმაური აღწევს. როდესაც ვამბობ, ,,პირველი პირის“, მხედველობაში მაქვს მონათხრობის ის ფორმა, რომელიც მეტ-ნაკლებად  საკუთარ თავზე მთხრობელი შემოქმედის, მისი ,,მე“-ს ირგვლივ ხდება. ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ტიპის ინდივიდულური შეხედულება, "მე"-ს  ხმა, არის ყველაზე ბუნებრივი, ჰუმანური, გულწრფელი, მაშინაც კი, როდესაც იგი უარს ამბობს უფრო ფართო პერსპექტივაზე.

ამ სახით გაგებული პირველი პირის თხრობა ნიშნავს აბსოლუტურად უნიკალური, თავისებურად ერთადერთი ფორმის შექმნას, იმ პიროვნების ავტონომიის გრძნობის ქონას, რომელსაც შეგნებული აქვს საკუთარი თავი და ბედი. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ოპოზიციის: ,,მე“ და ,,სამყარო“ – შექმნასაც; ამან კი შესაძლოა უგულებელყოს, უკუაგდოს ადამიანი. 

თხრობა, რომელიც პირველ პირში მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ ძალზე დამახასიათებელია თანამედროვე ოპტიკისათვის, რომელშიც ინდივიდი სამყაროს სუბიექტური ცენტრის როლს ასრულებს. დასავლეთის ცივილიზაცია მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ,,მე“-ს, რომელიც რეალობის ერთ-ერთ სერიოზულ მახასიათებლად გვევლინება, ხასიათის გახსნაზეა დაფუძნებული. აქ მთავარია ადამიანი და მისი აზრები. მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალთაგან ერთ-ერთია, მას ყოველთვის სიფრთხილითა და სერიოზულობით უდგებიან.

პირველი პირიდან წარმოთქმული ისტორია ადამიანური ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა, ის ადამიანში, მკითხველში უდიდეს ნდობას იწვევს. ასეთი ისტორია, როდესაც ჩვენ სამყაროს რომელიმე ,,მე“-ს თვალით ვხედავთ და მისი სახელით ვუსმენთ, მთხრობელთან ურთიერთობას აგებს ისე, როგორც არცერთი სხვა და ჩვენ გვაიძულებს, საკუთარი თავი ჩავაყენოთ მის უნიკალურ პოზიციაში.

ძნელია იმის დაუფასებლობა, რაც პირველ პირში თხრობამ გააკეთა ლიტერატურისა და საერთოდ, ადამიანური ცივილიზაციისათვის – მან მსოფლიო ისტორია, როგორც გმირებისა და ღმერთების ისტორია, რაზედაც  უშუალოდ ჩვენ არავითარი გავლენა არა გვაქვს, შეცვალა ინდივიდუალური ისტორიით და სცენა ისეთ უბრალო ხალხს მისცა, როგორებიც ვართ ჩვენ. გარდა ამისა,  ადვილი გახდა იდენტიფიცირება, რისი წყალობითაც ისტორიის მთხრობელსა და მკითხველს შორის იბადება ემპათიაზე დაფუძნებული ემოციური შეთანხმება. თავის მხრივ, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ის აახლოებს და შლის საზღვრებს – რომანში ძალზე ადვილად შეიძლება საზღვრის მოშლა მთხრობელის „მე“-სა და მკითხველის „მე“-ს შორის და რომანიც იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ეს საზღვარი  შეიცვლება, ბოლოს კი საერთოდ გაუქმდება და რომ მკითხველი შემოქმედის თანაგრძნობის წყალობით, გარკვეული დროით, მთხრობელი გახდება. ამრიგად, ლიტერატურა იქცა გამოცდილებათა გაცვლის მინდვრად, აგორად, სადაც თითოეულს შეუძლია ისაუბროს თავის ბედზე ან მოჰყვეს თავის ალტერ ეგოზე. ამავდროულად ესაა დემოკრატიული სივრცე – ყველას შეუძლია აზრის გამოთქმა, შეუძლია შექმნას „ხმა, რომელიც ლაპარაკობს“. მე არ ვფიქრობ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე ამდენი ადამიანი ყოფილიყო დაკავებული წერითა და მოყოლით. ამისათვის საკმარისია თუნდაც სტატისტიკის გადახედვა.

წიგნის ბაზრობას როდესაც  ვსტუმრობ, ვხედავ, რამდენი წიგნია დაწერილი ამაზე – ავტორის „მე“-ზე. ექსპრესიის ინსტინქტი, ისევე, როგორც სხვა ინსტინქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას – ყველაზე მეტად ხელოვნებაში გვეცხადება. გვსურს, ვიყოთ შემჩნეული,  გამორჩეული. ამ ტიპის თხრობა: „მოგიყვები ჩემს ისტორიას“, „მოგიყვები ჩემი ოჯახის შესახებ“, ასევე: „მოგიყვები, სად ვიყავი“, დღემდე ლიტერატურის ყველაზე პოპულარული ჟანრია. ეს მოვლენა ფართო მასშტაბს ასევე იმიტომ იღებს, რომ დღეს საყოველთაოდაა გავრცელებული დამწერლობა და მრავალი ადამიანი აღწევს ამ, ოდესღაც მხოლოდ ერთეულებისათვის განკუთვნილ, უნარს, გამოხატოს საკუთარი თავი სიტყვასა და ამბავში. მაგრამ, როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ეს ემსგავსება ქოროს, – ყველანი მოძრაობენ ერთი და იგივე მიმართულებით და საბოლოო ჯამში, ისინი ერთმანეთის ხმას ახშობენ.  მათ შესახებ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია ჩვენი თავი მათთან გავაიგივოთ, და  მათსავით ვიცხოვროთ. მიუხედავად ამისა, კითხვის გამოცდილება ხშირად არის არასრული და იმედისგამაცრუებელი, რამდენადაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ავტორის გამოთქმა: ,,მე“ – უნივერსალურობის გარანტიას ვერ იძლევა. როგორც ჩანს, ჩვენ არ გვყოფნის ისტორიის პარაბოლური განზომილება. პარაბოლის გმირი – ეს ადამიანია, რომელიც ცხოვრობს განსაზღვრულ ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებში და ამავე დროს გადის ამ გარკვეული პირობების საზღვრებს მიღმა, ის ყველგანაა და ყველაფერშია. როდესაც მკითხველი რომანში აღწერილ ამა თუ იმ ისტორიას ეცნობა, მას შეუძლია საკუთარი თავი გააიგივოს აღწერილ პერსონაჟთან და წარმოსახული სიტუაცია, როგორც საკუთარი, ისე აღიქვას. პარაბოლაში კი იძულებულია, უარი თქვას თავის განსაკუთრებულობაზე. ამ ფსიქოლოგიურად რთულ პროცესში სხვადასხვა ბედისთვის საერთო მნიშვნელი იძებნება, ჩვენი გამოცდილების უნივერსალიზაცია  ხდება.

რათა სათაურებისა და გვარების სიმრავლეში არ ჩაგვეყვინთა, ჩვენ ხელი მივყავით ლიტერატურის ლევიათანის ბუმბერაზი სხეულის ჟანრებად დაყოფას, რომლებსაც ახლა სპორტის სახეობებად აღვიქვამთ, ხოლო მწერლებს, როგორც დახელოვნებულ სპორტსმენებს, ისე ვუყურებთ.

ლიტერატურული ბაზრის საერთო კომერციალიზაციამ გამოიწვია დარგებად დაყოფა – ამის შემდეგ ლიტერატურული ბაზრობები და ფესტივალები ნებისმიერ შემთხვევაში ტარდება სრულიად ცალკე, დამოუკიდებლად. ისინი გარს იკრებენ მკითხველთა იმ კლიენტურას, რომელთაც აინტერესებთ დეტექტიური ისტორია, ფანტასტიკა ან მეცნიერული ფანტასტიკა. ამ ვითარების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის, რაც უნდა დახმარებოდა წიგნების გამყიდველებსა და ბიბლიოთეკარებს უამრავი გამოქვეყნებული წიგნის თაროებზე მოთავსებაში და მკითხველისათვის  შერჩევასა და მიწოდებაში, აბსტრაქტულ კატეგორიად იქცა, რომელშიც არა მხოლოდ არსებული ნაწარმოებები ექცევა, არამედ მის მიხედვით იწყებენ მწერლები წერას. მკითხველმა იცის, თუ რას უნდა ელოდეს და იღებს ზუსტად იმას, რაც სურს.

ინტუიციურად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ასეთი წესრიგის, რადგან მას მწერლის თავისუფლებისა და ექსპერიმენტების  ჩატარების შეზღუდვამდე მივყავართ; ეს კი შემოქმედებით პროცესში გამორიცხავს ყოველგვარ ექსცენტრულობას, იმას, რის გარეშეც ხელოვნება არ არსებობს. კარგი წიგნი არ უნდა გვეუბნებოდეს თავისი ჟანრობრივი მიკუთვნებულობის შესახებ. წიგნების ჟანრობრივი დაყოფა არის  ლიტერატურის კომერციალიზაციის შედეგი და მისი დახასიათება, როგორც გასაყიდად გამოტანილი პროდუქტისა, ბრენდისა, კლიენტის მოზიდვის  ფილოსოფიით და თანამედროვე კაპიტალიზმის მსგავსი გამოგონებებით.

დღეს შეიძლება ძალზე კმაყოფილები ვიყოთ, რომ ვართ სამყაროს შესახებ თხრობის ახალი მეთოდის წარმოშობის მოწმენი; ვგულისხმობ სერიალებს, რომელთა ფარული დავალება  ჩვენი ტრანსში ჩაგდებაა და გააჩნიათ კიდეც ამის უნარი. ცხადია, თხრობის ეს მეთოდი ჯერ კიდევ ჰომეროსის ჰერაკლეს, აქილევსის თუ ოდისევსისდროინდელ მითებსა და გადმოცემებში არსებობდა. ეჭვგარეშეა, რომ ისინი იყვნენ სერიალების გმირები. მაგრამ ამ სერიალებს ადრე არასოდეს მოუპოვებია ასეთი დიდი სივრცე და არც ასეთი არსებითი გავლენა  მოუხდენია საზოგადოების წარმოსახვაზე. XXI საუკუნის პირველი ორი დეკადა ნამდვილად სერიალებს მიეკუთვნება. მათ გავლენას სამყაროს შესახებ თხრობის მეთოდზე (და ამის გავლენით, მის აღქმაზე) ნამდვილად რევოლუციური ხასიათი აქვს.

სერიალმა დღევანდელი ფორმით არამხოლოდ გააფართოვა გადმოცემულ ამბავში დროის მონაწილეობა და მას მისცა სხვადასხვა ტემპი და ასპექტი, არამედ მასში თავისი წესებიც დაამკვიდრა. გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, მისი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს შეაჩეროს მაყურებლის ყურადღება, მას შინაარსში შეაქვს მრავალი ახალი თემა და ერთმანეთში ისე წარმოუდგენლად აზავებს, რომ უსუსური ხდება თხრობის ძველი პრაქტიკა, რომლის კომპრომეტირება ოდესღაც კლასიკურმა ოპერამ „deus ex machina”-თი („მანქანიდან გამოსული ღმერთი“) მოახდინა. სერიალი ახალი მონაკვეთების მოგონებისას ხშირად ცვლის გმირების ხასიათს ad hoc, რათა ისინი უკეთ შეესაბამებოდნენ ახლად  გამოჩენილ მოვლენებს.                                                                                                                                                                                                                                          დასაწყისში წყნარი ხასიათის გმირი სერიალის ბოლოს იცვლება შურისმაძიებლად და მოძალადედ, ხოლო მეორეხარისხოვანი – პირველხარისხოვნად. ამავდროულად, მთავარი გმირი, რომელსაც უკვე მივეჩვიეთ, მნიშვნელობას კარგავს, ანდა სულაც ქრება სერიალიდან.

მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა.

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ცოდნის მოპოვებას ადამიანებისთვის მოაქვს არამხოლოდ ბედნიერება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიმდიდრე, არამედ ქმნის თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას. ის, რაც აკლდა სამყაროს, საყოველთაო სიბრძნე იყო, რომელიც ცოდნიდან გამომდინარეობდა და მას ემყარებოდა.

იან ამოს კომენსკიმ, XVII საუკუნის დიდმა პედაგოგმა, მოიგონა ტერმინი “პანსოფია” რომელშიც შესაძლო ყოვლისმცოდნეობის, უნივერსალური ცოდნის იდეა ჩადო; ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ყოველგვარ შესაძლო შემეცნებას. ეს იყო ასევე, და უპირველეს ყოვლისა, ოცნება იმ ცოდნაზე, რომლის მიღებაც ყველას შეეძლო. განა სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღებამ არ უნდა გადააქციოს უწიგნური სოფლელი ბიჭი იმ ადამიანად, რომელსაც არ გაუჭირდება როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს შეცნობა?!

განა ხელის გაწვდენაზე არსებულმა ცოდნამ ადამიანებს არ უნდა შეაძლებინოს, რომ გახდნენ უფრო გონიერნი და ბრძნულად წარმართონ თავიანთი ცხოვრება?!

ინტერნეტი წარმოიშვა თუ არა, ისე ჩანდა, რომ ამ იდეის რეალიზებას საყოველთაო ხასიათი ექნებოდა. ვიკიპედია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავართ და აქტიურად ვიყენებთ, კომენსკის, ისევე, როგორც მის მსგავს ბევრ მოაზროვნეს, შესაძლოა, მიეღო როგორც კაცობრიობის ოცნების განხორციელება – აი, ვქმნით და ვფლობთ დემოკრატიულად ხელმისაწვდომი ცოდნის უდიდეს მარაგს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 

თუმცა ოცნებების განხორციელება ჩვენ ხშირად სასოწარკვეთილს გვტოვებს. აღმოჩნდა, რომ არ შეგვიძლია დავიტიოთ ასეთი უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც ნაცვლად გაერთიანებისა, გვყოფს და გვაცალკევებს; ამას გარდა, ინტერნეტი, რომელიც დაუფიქრებლად და გაუაზრებლადაა საბაზრო პროცესებს მინდობილი და მისაკუთრებული აქვთ მოთამაშე-მონოპოლისტებს, მართავს გიგანტური მოცულობის მონაცემებს, რომელიც  გამოიყენება არა „პანსოფიური” ცოდნის ფართო მასშტაბით მიღებისათვის, არამედ პირიქით, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა ქცევის დასაპროგრამებლად და სამანიპულაციოდ, როგორც ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, მაგალითად, Cambridge Analytica-ს აფიორას შემდეგ.

იმის ნაცვლად, რომ სამყაროს ჰარმონიისათვის მოგვესმინა, გავიგეთ ბგერათა კაკაფონია, აუტანელი ხმაური, რომელშიც განწირულები ვცდილობთ, მოვისმინოთ რაიმე წყნარი მელოდია, თუნდაც უსუსტესი რიტმი.

შექსპირის ციტატის პარაფრაზა, როგორც არასდროს, ისე შეეფერება ამ კაკაფონიურ სინამდვილეს: ინტერნეტი სულ უფრო ხშირადაა სავსე გაბრაზებული იდიოტის მიერ ყვირილით რაიმეს მონაყოლით.

სამწუხაროდ, პოლიტოლოგთა კვლევები ეწინააღმდეგება იან ამოს კომენსკის ინტუიციას იმის თაობაზე, რომ რაც უფრო მეტი ცოდნა ექნებათ ადამიანებს, პოლიტიკოსები მით უფრო მეტად დაეყრდნობიან გონივრულ არგუმენტებს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როგორც ჩანს, ეს სრულიადაც არაა ასეთი მარტივი საქმე. ზოგჯერ ცოდნა შეიძლება ზედმეტიც კი იყოს, ხოლო მისმა სირთულემ და ბუნდოვანებამ ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სახის თავდაცვის მექანიზმების შექმნას – უარყოფისა და რეპრესიებისგან თავის დასაღწევად,  გამარტივების, იდეოლოგიური, პარტიული აზროვნების მარტივი პრინციპების დასანერგად.

ფეიქ ნიუსებისა და სიყალბეების კატეგორია ახალ კითხვებს ბადებს იმაზე, თუ რა არის შეთხზულობა. მკითხველებში, რომლებიც ბევრჯერ დარჩენილან, მოტყუებულები, გაცრუებულები ან დეზინფორმირებულნი, თანდათან თავს იჩენს თავისებური ნერვული იდიოსინკრაზია. ფიქშენით ასეთ გადაღლილობაზე რეაქცია შეიძლება გახდეს ნონ-ფიქშენ ლიტერატურის დიდი წარმატება, რომელიც ინფორმაციის ამ უზარმაზარ ქაოსში განუწყვეტლივ გაიძახის: “სიმართლეს გიყვებით, მხოლოდ სიმართლეს“, “ჩემი მონათხრობი მხოლოდ ფაქტებზეა აგებული!“.

ფიქშენ ლიტერატურამ დაკარგა მკითხველის ნდობა მას შემდეგ, რაც სიცრუე გახდა მასობრივი განადგურების საშიში იარაღი. ხშირად ვხვდები ამ არაჩვეულებრივ შეკითხვას: „მართალია ის, რაც შენ დაწერე?“ ყოველ ჯერზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამგვარი კითხვა ლიტერატურის დასრულების მაუწყებელია.

მკითხველის ეს გულუბრყვილო შეკითხვა მწერლის ყურისთვის ნამდვილად  აპოკალიფსურად ჟღერს. რა უნდა ვუპასუხო? როგორ ავხსნათ ჰანს კასტორპის ან ანა კარენინას ონტოლოგიური სტატუსი?

ამ ტიპის მკითხველის ცნობისმოყვარეობა მე ცივილიზაციურ რეგრესად მიმაჩნია.

ეს არის მრავალფეროვანი (კონკრეტული, ისტორიული, მაგრამ ასევე სიმბოლური და მითიური) მონაწილეობის უნარის გაუფასურება მოვლენათა იმ ჯაჭვში, რომელსაც ჩვენს ცხოვრებას უწოდებენ. ცხოვრება იქმნება მოვლენებით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც  შეგვიძლია ინტერპრეტაცია, როცა ვცდილობთ გავიგოთ და მივცეთ მას აზრი, ის იქცევა გამოცდილებად. მოვლენები ფაქტებია, მაგრამ გამოცდილება მისგან სრულიად განსხვავებულია. ეს არ არის ის მოვლენა, რომელიც ჩვენი ცხოვრების საკითხია. გამოცდილება არის ფაქტი, რომელიც ინტერპრეტაციას ახდენს და მეხსიერებაში ათავსებს. ის აგრეთვე გულისხმობს ჩვენს გონებაში არსებულ გარკვეულ შრეებს, მნიშვნელობათა ღრმა სტრუქტურას, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია განვავრცოთ საკუთარი ცხოვრება და მას ყურადღებით დავხედოთ.  მჯერა, რომ მითი ასრულებს ამგვარი სტრუქტურის როლს. მითი ხომ არასდროს მომხდარა, მაგრამ ის ყოველთვის ხდება. დღეს ის მუშაობს არამხოლოდ უძველესი გმირების თავგადასავლებით, არამედ აღწევს თანამედროვე კინოს, თამაშების და ლიტერატურის ყველანაირ და პოპულარულ ისტორიებში. ოლიმპოს მკვიდრთა ცხოვრება დინასტიებზე გადავიდა, გმირთა საქმეებს მხარს უჭერს ლარა კროფტი.

ჭეშმარიტებასა და სიცრუესთან ამ მხურვალე დაყოფაში ლიტერატურის მიერ შექმნილ ჩვენი გამოცდილების ისტორიას აქვს საკუთარი განზომილება.

მე არასოდეს მიყვარდა განსაკუთრებული ენთუზიაზმი მხატვრულ, თუ სხვა სახის ლიტერატურაში, თუ არ ჩავთვლით მათ დეკლარაციურ და დისკრეციულ საკითხებს. ფანტასტიკის მრავალი, ზღვა განმარტებიდან, რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის ის, რომელიც ყველაზე ძველია და არისტოტელესგან მოდის – მხატვრული ლიტერატურა ყოველთვის ერთგვარი ჭეშმარიტებაა.

ასევე დარწმუნებული ვარ მწერლისა და ესეისტის, ედვარდ მორგან ფორსტერის მოსაზრებაში, სადაც ის მოთხრობილი ამბისადმი დამოკიდებულების სხვადასხვაობაზე საუბრობს. მან დაწერა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ „ქმარი გარდაიცვალა და შემდეგ ცოლი გარდაიცვალა“ – ეს არის მოთხრობილი ამბავი. ხოლო როდესაც ვამბობთ, „ქმარი გარდაიცვალა, შემდეგ კი ცოლი გარდაიცვალა მწუხარებით“ – გვაქვს ფიქცია. ნებისმიერი მხატვრული ლიტერატურა არის გადასვლა კითხვიდან „რა მოხდა შემდეგ?“ გამოცდილების საფუძველზე მისი გაგების მცდელობაზე: „რატომ მოხდა ეს?“

ლიტერატურა იწყება კითხვით „რატომ?“, მაშინაც კი, თუ ამ კითხვას პასუხს ვერ ვცემთ და ვამბობთ: „არ ვიცი.“

ამრიგად, ლიტერატურა სვამს კითხვებს, რომლებზეც ვერ პასუხობენ ვიკიპედიის დახმარებით, რადგან იგი სცილდება ფაქტებს, მოვლენებს და პირდაპირ ეხმიანება ჩვენს გამოცდილებას.

ამასთანავე, შესაძლებელია, რომ რომანი და ზოგადად, ლიტერატურა, იქცეს რაღაც მარგინალურად სხვა სახის თხრობის დროს. რომ გამოსახულების მნიშვნელობა და გამოცდილების პირდაპირ გადაცემის ახალი ფორმები – კინო, ფოტოგრაფია, ვირტუალური რეალობა – ტრადიციული კითხვის სერიოზულ ალტერნატივად გადაიქცევა. კითხვა არის საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური პროცესი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: პირველი, ყველაზე მოუხერხებელი – შინაარსი კონცეპტუალიზებული და ვერბალიზებულია, ის გარდაიქმნება ნიშნებად და სიმბოლოებად, შემდეგ კი „დეკოდიფიცირდება“ ენიდან გამოცდილებისკენ. ეს მოითხოვს გარკვეულ ინტელექტუალურ კომპეტენციას. უპირველეს ყოვლისა,  ყურადღებას და კონცენტრაციას, უნარ-ჩვევებს, რომლებიც იშვიათია დღევანდელ უკიდურესად გაფანტულ სამყაროში.

საკუთარი გამოცდილების გადმოცემისა და გაზიარების საშუალებათა მოსაძიებლად კაცობრიობამ გრძელი გზა გაიარა - ზეპირი მეტყველებიდან, რომელიც ცოცხალ სიტყვასა და ადამიანის მეხსიერებას ეყრდნობოდა, გუტენბერგის რევოლუციამდე, როდესაც მონათხრობმა საყოველთაო შუამავალი შეიძინა ბეჭდვითი სიტყვის სახით და ამგვარად მარადიული და სისტემატიზებული გახდა და შესაძლებელი გახადა ასლის გადაღება უცვლელად.

ამ ცვლილების ყველაზე დიდ მიღწევად იქცა ის მომენტი, როდესაც აზროვნება, როგორც ასეთი, ანუ იდეების, კატეგორიების ან სიმბოლოების გამოყენების კონკრეტული გზა, მწერლობად დავასახელეთ. დღეს, – გასაგებია, – ჩვენ მნიშვნელოვან რევოლუციასთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოცდილება შეიძლება პირდაპირ გადაეცეს დაინტერესებულ ადამიანს ბეჭდური სიტყვის დახმარების გარეშე.

არ არის საჭირო მოგზაურობის დღიურის წარმოება, თითოეულს შეუძლია ფოტოს გადაღება და სოციალური ქსელის საშუალებით მთელ მსოფლიოში მისი ყველასთვის გაგზავნა. არ არის საჭირო წერილის დაწერა, რადგან უფრო ადვილია დარეკვა. რატომ წაიკითხავთ სქელტანიან რომანს, როდესაც სერიალში ყველაფრის ნახვა შეიძლება? მეგობრებთან ერთად გასართობად სახლიდან წასვლას ჯობს თამაში. რა აზრი აქვს ავტობიოგრაფიის წერას მას შემდეგ, რაც ცნობილი ადამიანების ინსტაგრამზე შეხვალ და მათ შესახებ უკვე ყველაფერი იცი.

დღეს სურათიც კი არ არის ტექსტის ყველაზე დიდი კონკურენტი, როგორც ჩვენ ვფიქრობდით ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, როდესავ ვნერვიულობდით კინოსა და ტელევიზიის გავლენის ზრდის გამო. ეს სამყაროს განცდების სრულიად განსხვავებული განზომილებაა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს  გრძნობებზე.

 

3.

ძალადობის, სისულელის, სისასტიკის, ზიზღის სახეთა ნაკადის მოზღვავების გათანამედროვეობა საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს ყველა ,,კარგი ახალი ამბით“, მაგრამ მას არ ძალუძს სძლიოს უმთავრეს შთაბეჭდილებას, რომლის გამოსახვაც სიტყვებით: სამყაროში რაღაც ყველაფერი ისე არაა – ძნელია. ეს გრძნობა, რომელიც ოდესღაც განსაზღვრული იყო მხოლოდ ნევროტიკული პოეტებისათვის, დღეს საყოველთაო განგაშის და განუსაზღვრელობის საყოველთაო ეპიდემიად იქცა.

ლიტერატურა ერთ-ერთი ის მცირე სფეროა, რომელიც ცდილობს ჩვენს შეყვანას კონკრეტულ სამყაროში, რადგან თავისი ბუნებით ის ყოველთვის ,,ფსიქოლოგიური“ იყო. ის ფოკუსირდება პერსონაჟთა შინაგან მოტივებსა და მიზეზებზე, ხსნის მათ გამოცდილებას, რომელიც მიუწვდომელია სხვა ადამიანებისათვის, ანდა, უბრალოდ, მკითხველისათვის მათი ქცევის ინტერპრეტაციის პროვოცირებას აკეთებს. მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია სხვა არსების ცხოვრებაში შესვლის, მისი არგუმენტების გაგების, მისთვის ჩვენი გრძნობის გაზიარების,  მისი ბედისწერის განცდის ნება მოგვცეს.

არაა გასაკვირი, რომ მოთხრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი აღმოჩენა გახლდათ განგება, რომელიც გარდა იმისა, რომ ადამიანებს მუდამ ევლინებოდა, როგორც საშინელი და ულმობელი რამ, წესრიგსა და შეურყევლობას ჰმატებდა სინამდვილეს.

 

4.

ძვირფასო ბატონებო,

ფოტოდან მომზირალი ქალი, დედაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ სამყაროში არ ვიყავი მოვლენილი, მნატრულობდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ზღაპრებს მიკითხავდა.

ერთ-ერთ მათგანში, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარში, ნაგავში გადაგდებული ჩაიდანი ჩიოდა, რომ მას ხალხი უხეშად ეპყრობოდა – თავიდან მოიშორეს, როგორც კი  ყური მოსძვრა. არადა, ჯერ  ხომ კიდევ შეეძლო მათ მომსახურებოდა, ადამიანები ასე არასრულყოფილნი და მომთხოვნი რომ არ ყოფილიყვნენ. სხვა გატეხილმა ნივთებმაც მხარი დაუჭირეს მას და მართლაც ეპიკურ ამბებს მოჰყვნენ თავიანთი პატარა და უმნიშვნელო ცხოვრებიდან.

მაშინ მე, პატარა ბავშვი, ამ ზღაპრებს აღგზნებული სახითა და ცრემლიანი თვალებით ვუსმენდი, რადგან ღრმად მჯეროდა, რომ საგნებსაც ჰქონდათ თავიანთი პრობლემები, გრძნობები და გარკვეული სოციალური ცხოვრება,  ადამიანურს საკმაოდ მიმსგავსებული. რომ ჩემ გვერდით დაფის ფირფიტებს შეეძლოთ ერთმანეთთან საუბარი, უჯრაში მყოფი ჭურჭელი კი ერთგვარი ოჯახი იყო. ანალოგიურად, ცხოველები იყვნენ იდუმალი, ბრძენი და ცნობიერი არსებები, რომლებთანაც ყოველთვის გვქონდა სულიერი კავშირი და ღრმა მსგავსება. მაგრამ მდინარეებს, ტყეებს, გზებსაც ჰქონდათ თავიანთი არსებობა – ისინიც ცოცხლები იყვნენ და ჩვენს სივრცეს ავსებდნენ. ასევე ცოცხალი იყო  იდუმალი ლანდშაფტი ჩვენ გარშემო, მზე, მთვარე და ყველა ციური სხეული, მთელი ხილული და უხილავი სამყარო.

ამაში ეჭვის შეტანა როდის დავიწყე? ჩემს ცხოვრებაში ვეძებ იმ მომენტს, როდესაც ერთი დაწკაპუნების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარი,  მარტივი გახდა. სამყარომ შეწყვიტა ჩურჩული და ის ქალაქის ხმამ, კომპიუტერების შრიალმა, თვითმფრინავების გრუხუნმა და ინფორმაციის ტალღების დამღლელმა თეთრმა ხმაურმა ჩაანაცვლა.

ცხოვრებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ  სამყაროს  ერთმანეთისაგან  დაშორებული ფრაგმენტებით ვხედავთ. ექიმები სპეციალობების მიხედვით გვმკურნალობენ, გადასახადებს კავშირი არა აქვთ გზის თოვლისაგან გაწმენდასთან,  სადილს –  სოფლის მეურნეობასთან, ხოლო ახალ ბლუზას – სადღაც აზიაში მომუშავე სამკერვალო ქარხნასთან. ყველაფერი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია,  ცალკე კავშირის გარეშე ცხოვრობს.

ეს ყველაფერი ჩვენთვის ადვილი გადასატანი რომ იყოს, ნომრებს, ნიშნებს, ბარათებს გვაძლევენ, რომლებიც ცდილობენ იქამდე მიგვიყვანონ, რომ  ამ მთლიანის დანახვა ვეღარ შევძლოთ.

სამყარო კვდება და ამას ვერც კი ვამჩნევთ.  ის იქცევა იმ საგანთა და მოვლენათა ერთობლიობად, რომელშიც ჩვენ ვმოძრაობთ ასე მარტოები და დაკარგულები, მიტოვებულები ვიღაცის გადაწყვეტილების თანახმად, შეპყრობილნი მიუღწეველი ბედით, შემთხვევითა თუ ისტორიის ძალთა თამაშის შეგრძნებით. ჩვენი სულიერება ან  ქრება, ან ზედაპირული და რიტუალური ხდება. ან – ფიზიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ – უბრალო ძალთა მიმდევრები ვხდებით, ეს  გვამოძრავებს, თითქოს  ზომბები ვყოფილიყავით. და ასეთ სამყაროში ჩვენ ნამდვილად ზომბები ვართ. აი, რატომ ვწუხვარ და მენატრება ის ჩაიდანი ძველი სამყაროდან.

5.

მთელი ჩემი ცხოვრება მხიბლავდა ადამიანთა ის ურთიერთობა და გავლენა, რომელთა შესახებაც  ხშირად წარმოდგენაც კი არა გვაქვს, მაგრამ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, როგორც საოცარ დამთხვევას. ფაქტებთან ურთიერთობა და წესრიგის ძიება მიზიდავს. ეჭვგარეშეა, – და მე ამაში დარწმუნებული ვარ, – მწერლის გონება არის სინთეტიკური, რომელიც ჯიუტად აგროვებს ფრაგმენტებს და მათგან მთელი სამყაროს აღდგენას ცდილობს.

როგორ დავწერო, როგორ ავაგო ჩემი მოთხრობა, რომ შევძლო ამ ამოცანის შესრულება? რა თქმა უნდა,  მესმის, რომ შეუძლებელია სამყაროზე იმ ისტორიას დავუბრუნდეთ, რასაც ჩვენ ვიცნობთ მითებიდან, ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან, რომლებსაც ზეპირად გადასცემდნენ ადამიანები ერთმანეთს. დღეს ეს ისტორია გაცილებით მრავალმხრივი და რთულია. ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით ერთმანეთს დაშორებულ საგანთა საოცარი ურთიერთკავშირების შესახებ.

მოდით, მსოფლიო ისტორიის ერთ მომენტს შევხედოთ.

ეს არის დღე, როდესაც ესპანეთის სანაპიროდან, ნავსადგურ პალოსიდან, 1492 წლის 3 აგვისტოს პატარა კარაველა, ,,სანტა მარია“ უნდა გასულიყო. მისი კაპიტანი ქრისტოფერ კოლუმბი იყო. ანათებდა მზე, ნავსადგურში მეზღვაურები ფუსფუსებდნენ, ხოლო მუშები კარაველაზე სურსათს ტვირთავდნენ.

ამ მომენტმა, რომელსაც ჩვენ ახლა ამდენი ხნის გასვლის შემდეგ წარმოვიდგენთ, 60 მილიონი ამერიკელი აბორიგენიდან 56 მილიონის სიკვდილი გამოიწვია. ამერიკის მოსახლეობა მაშინ შეადგენდა დედამიწის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს. ევროპელებმა ამ კონტინენტზე ჩაიტანეს სასიკვდილო საჩუქარი – ავადმყოფობა და ბაქტერიები, რისგანაც მკვიდრი მოსახლეობა დაზღვეული არ ყოფილა. ევროპელებმა იქ დაამყარეს ულმობელი მონობა და მკვლელობა. მკვიდრი მოსახლეობის განადგურება წლები გრძელდებოდა, რამაც ქვეყანა შეცვალა. იქ, სადაც ადრე სიმინდი და ლობიო, კარტოფილი და პამიდორი მოჰყავდათ, სადაც მოვლილ-დამუშავებული სახნავი მიწები იყო, ველური მცენარეები წამოიზარდა. თითქმის სამოცი მილიონი ჰექტარი სახნავი მიწა წლების განმავლობაში ჯუნგლებად გადაიქცა.

მცენარეულობამ, რეგენერაციის პროცესში დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი შთანთქა, რამაც შეამცირა სათბურის ეფექტი. ამან კი, თავის მხრივ, დედამიწის გლობალური ტემპერატურა შეამცირა.

ეს არის უამრავი სამეცნიერო ჰიპოთეზიდან ერთ-ერთი, რომელიც ხსნის მიზეზს ევროპაში მცირე გამყინვარების პერიოდის დადგომისა, რამაც მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს კლიმატის ხანგრძლივი აცივება გამოიწვია.

მცირე გამყინვარების პერიოდმა შეცვალა ევროპის ეკონომიკა. შემდგომ ათწლეულებში ცივმა და გაჭიანურებულმა ზამთარმა, გრილმა ზაფხულმა და განუწყვეტელმა წვიმებმა სოფლის მეურნეობის ეფექტურობა ძირს დასცა. დასავლეთ ევროპაში მცირე საოჯახო მეურნეობები, რომლებიც სასურსათო პროდუქტს საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებდნენ, არაეფექტური აღმოჩნდა. გაჩნდა შიმშილობის ტალღები და წარმოიშვა წარმოების სპეციალიზაციის აუცილებლობა. ინგლისი და ნიდერლანდები, რომლებიც აცივებისაგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, უძლურები აღმოჩნდნენ, თავიანთი ეკონომიკა სოფლის მეურნეობასთან დაეკავშირებინათ, და ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარება დაიწყეს. ქარიშხლის საშიშროებამ ჰოლანდიელები აიძულა, დაეშროთ პოლდერები და ისინი სასოფლო-სამეურნეო წარმოების სამსახურში ჩაეყენებინათ. ადგილები, რომლებიც გამოუყენებელი, უფრო მეტიც, საზიანო იყო სკანდინავიისათვის, სასარგებლო აღმოჩნდა ინგლისისა და ნიდერლანდებისათვის – რისი წყალობითაც ეს ქვეყნები მძლავრ საზღვაო და სავაჭრო სახელმწიფოებად იქცა. გამყინვარებამ განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები დააზიანა.  გრენლანდიისა და ისლანდიის ურთიერთკავშირი შეწყდა, მკაცრმა ზამთრებმა შეამცირა მოსავალი, რის გამოც ამ ქვეყნებში შიმშილიანობა ჩამოვარდა. ამრიგად, შვედეთმა თავისი ხარბი მზერა სამხრეთს მიაპყრო, ომი დაუწყო პოლონეთს (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვა გაიყინა, რამაც საშუალება მისცა მის არმიას, ადვილად გადასულიყო მასზე) და ჩაერთო ოცდაათწლიან ომში. 

მეცნიერთა მცდელობა, უკეთ გაიგონ ჩვენი რეალობა, მას  წარმოადგენს როგორც ურთიერთდაკავშირებულ, ურთიერთგადაჯაჭვულ გავლენათა ქსელს. ეს არამხოლოდ ცნობილი „პეპლის ეფექტია“, რომელიც, როგორც ვიცით, იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პროცესის საწყისი პირობების მინიმალურ ცვლილებას მომავალში  უზარმაზარი და განუჭვრეტელი შედეგი მოაქვს, არამედ ესაა უსასრულო რაოდენობა პეპლებისა და მათი ფრთებისა, რომლებიც კვლავაც მოძრაობაშია, სიცოცხლის მძლავრი ტალღა, რომელიც დროში მოგზაურობს.

ჩემი აზრით, „პეპლის ეფექტის“ აღმოჩენით სრულდება დაუძლეველი ადამიანური რწმენის ერა, სამყაროში საკუთარი პერსონის აღმატებულობის გრძნობა საკუთარ გავლენებსა და უნარებში აკონტროლოს. ეს არ ართმევს ადამიანს მშენებლის, დამპყრობლისა და გამომგონებლის ძალაუფლებას, მაგრამ ის ხვდება, რომ რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ოდესმე ადამიანს მოსჩვენებია. და ეს ამ პროცესების მხოლოდ მცირე ნაწილია.

ჩვენ ყველანი – ადამიანები, ცხოველები, მცენარეები ერთი სამყაროს მკვიდრნი ვართ, სამყაროსი, რომელიც ფიზიკური კანონებით იმართება. ამ საერთო სივრცეს აქვს თავისი ფორმა, ხოლო ფიზიკური კანონები მასში გამოყოფენ უსასრულო ფორმებს, მუდამ ერთმანეთზე დაკავშირებულს. ჩვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა გვაგონებს მდინარის აუზის სისტემას, ფოთლების სტრუქტურა მსგავსია ადამიანურ ურთიერთობათა სისტემისა. საზოგადოების მიკრო და მაკრო მასშტაბი გვაჩვენებს მსგავსების უსასრულო ნაირსახეობებს. ჩვენი საუბარი, აზროვნება და შემოქმედება – რაიმე აბსტრაქტული და სამყაროსგან მოწყვეტილი რამ კი არაა, არამედ მისი მუდმივად ცვალებადი პროცესის სხვა დონეზე გაგრძელებაა.

 

6.

მე სულ მაინტერესებდა, შესაძლებელია თუ არა დღეს ახალი უნივერსალური ისტორიის საფუძვლების მოძებნა, ისე, რომ ყოვლისმომცველიც იყოს, ბუნებაში ფესვგადგმულიც, კონტექსტებით სავსეც და ამავდროულად გასაგებიც.

შეიძლება თუ არა ისტორიის ისე მოყოლა, რომ ის გათავისუფლდეს და გამოვიდეს თავისივე თავის არაკომუნიკაციური ციხიდან, გახსნას რეალობის დიდი სფერო და ურთიერთდამოკიდებულებები გვიჩვენოს?! ვის შეუძლია დაშორდეს ,,საერთო აზრის“ ცხად და ბანალურ ცენტრს და საკითხებს ექსცენტრულად, ცენტრიდან მოშორებით შეხედოს?

მსიამოვნებს, რომ ლიტერატურამ მშვენივრად შემოინახა უფლება ყოველგვარ უცნაურობაზე, პროვოკაციასა და სიგიჟეზე. მე ვოცნებობ ფართო პერსპექტივაზე, რომელშიც კონტექსტი გამოდის იმ ყოველივეს ჩარჩოებიდან, რასაც ჩვენ ველოდებით.

ვოცნებობ ენაზე, რომელსაც შეუძლია გამოხატოს ყველაზე ბუნდოვანი ინტუიცია,  ასევე მეტაფორაზე, რომელიც გადის კულტურული განსხვავებების ჩარჩოებიდან და ბოლოს, ჟანრზე, რომელიც გახდება ტევადი და, ამავე დროს, ეს მკითხველს მოეწონება.

ასევე ვოცნებობ მთხრობელის ახალ ტიპზე – „ოთხპირიანზე“, რომელიც, რა თქმა უნდა, არამხოლოდ უბრალო გრამატიკული კონსტრუქციაა, არამედ შეუძლია მოიცავდეს როგორც ყოველი პერსონაჟის პერსპექტივას, ისე იმის შესაძლებლობასაც, რომ გავიდეს ყოველი მათგანის ჰორიზონტს იქით და ხედავდეს უფრო და უფრო ფართოდ, შეეძლოს დროის იგნორირება. დიახ, მისი არსებობა შესაძლებელია.

თქვენ თუ ჩაფიქრებულხართ იმაზე, ვინაა ის ბრწყინვალე მთხრობელი, რომელიც ბიბლიაში ხმამაღლა ყვირის: ,,თავდაპირველად იყო სიტყვა?“ ვინ აღწერს სამყაროს შექმნას, მის პირველ დღეს, როდესაც ქაოსს წესრიგი გამოეყო? რომელი მათგანი მიჰყვება კოსმიურ რიგს? ვინც იცის ღმერთის აზრი, იცის მისი ეჭვები და, არ ართმევს მას ხელს, სვამს ქაღალდზე ამ უჩვეულო წინადადებას: „და ღმერთმა აღიარა, რომ ეს კარგია“. ვინაა ეს, ვინც იცის, რა გადაწყვიტა ღმერთმა?

თუ თეოლოგიურ ეჭვებს არ გავიჩენთ, ჩვენ შეგვიძლია  იდუმალი და მგრძნობიარე მოამბის ეს ფიგურა მშვენიერად მივიღოთ. ესაა წერტილი, პერსპექტივა, რომლიდანაც ყველაფერი შეიძლება დავინახოთ. ხოლო ამ ყველაფრის დანახვისთვის უნდა ვაღიაროთ საბოლოო ფაქტი არსებულ საგანთა ერთიან მთლიანობად აღქმისა, თუნდაც  ეს ურთიერთობა ჩვენთვის ცნობილი არ იყოს. ამ ყველაფერის დანახვა ნიშნავს სრულიად სხვა პასუხისმგებლობას მშვიდობისა და სამყაროსათვის, რადგან ცხადი ხდება, რომ ყოველი ჟესტი „აქ“ დაკავშირებულია ჟესტთან „იქ“, რომ მსოფლიოს ერთ წერტილში მიღებული გადაწყვეტილება მიგვიყვანს იქამდე, რომ მის სხვა ნაწილში მოხდება განსხვავება „ჩემსა“ და „შენს“ შორის და გახდება საკამათო.

ამიტომ საჭიროა პატიოსნად ვილაპარაკოთ, მკითხველის შეგნებაში გავააქტიუროთ მთლიანის შეგრძნება, წვრილმანი მოვლენები გავაერთიანოთ ერთ მთავარში. შექმენით ისტორია, რათა ნათელი გახდეს, რომ ყველა და ყველაფერი ერთი მთლიანი სურათის ნაწილია, იმისი, რომელსაც ჩვენ საგულდაგულოდ ვქმნით ჩვენს გონებაში.

ლიტერატურას გააჩნია ასეთი ძალა. ჩვენ უარი უნდა გვეთქვა იმ არცთუ ისე რთულ კატეგორიებზე, როგორიცაა მაღალი და დაბალი ლიტერატურა, პოპულარული და ნაკლებად პოპულარული, თვალი უნდა დაგვეხუჭა ჟანრებად დაყოფაზე. უარი უნდა გვეთქვა ცნებაზე ,,ეროვნული ლიტერატურა“, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლიტერატურული კოსმოსი ერთია Unus Mundus-ის იდეასავით, საერთო ფსიქიკური რეალობით, რომელშიც გაერთიანებულია მთელი ჩვენი ადამიანური გამოცდილება, ხოლო ავტორი და მკითხველი თანაბარ როლს ასრულებენ: პირველი იმით, რომ ქმნის, მეორე კი იმით, რომ განუწყვეტლივ ინტერპრეტირებს.

ვფიქრობ, რომ  გველის იმის გადაფასება, რაც დღეს რეალიზმად მიგვაჩნია და იმის მოძიება, რაც  ნებას მოგვცემს, გადავკვეთოთ ჩვენი ,,ეგოს“ საზღვარი და შევაღწიოთ იმ შუშის ეკრანში, რომლის იქითაც  სამყაროს ვუყურებთ. ბოლო-ბოლო, რეალობის მოთხოვნა მასმედიიდან, სოციალური ქსელებიდან და პირდაპირი ონლაინ-კავშირებიდანაც მოდის. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ ჩვენ წინაა, ეს ნეოსიურრეალიზმი, მცირე ხნის წინ გადაფურცლული შეხედულებები, რომელთაც არ შეეშინდებათ შეეჯახონ პარადოქსს და წავიდნენ დინების წინააღმდეგ უბრალო მიზეზშედეგობრივი წესრიგით. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში ბევრი რამ მოითხოვს  ახალ ინტელექტუალურ კონტექსტში გადაწერას, რომლებსაც ახალი მეცნიერული თეორიები სულს ჩაუდგამს.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მითებისა და ადამიანის წარმოსახვითი სამყაროს მუდმივი მოშველიება. ასეთ მიბრუნებას მითოლოგიისკენ იმ გაურკვევლობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გარკვეული სტაბილურობის შეგრძნება შეუძლია მოგვიტანოს.  მიმაჩნია, რომ მითები გვევლინება  ფსიქიკის სამშენებლო ბლოკებად და შეუძლებელია მათი იგნორირება (თქვენ შეგიძლიათ, არ შეიმეცნოთ მათი გავლენა). შესაძლოა მალე მოგვევლინოს გენიოსი, რომელსაც შეეძლება სრულიად სხვა, დღეს წარმოუდგენელი სახის ამბავი მოგვითხროს, რომელიც დაიტევს იმ ყველაფერს, რაც არსებითია. ასეთი ამბავი  სრულიად შეგვცვლის, ჩვენ უკუვაგდებთ ძველ, შემაფერხებელ პერსპექტივას და გავხსნით ახალს, რომელიც ნამდვილად არსებობდა სადღაც აქ, ყოველთვის, თუმცა ჩვენ მას ვერ ვხედავდით.

თომას მანი ,,დოქტორ ფაუსტუსში“ წერდა კომპოზიტორზე, რომელმაც გამოიგონა ახალი სახე ტოტალური მუსიკისა და ხელეწიფებოდა ადამიანური აზროვნების შეცვლა. მაგრამ არ აღუწერია ის, თუ რაზე უნდა დაფუძნებულიყო ეს მუსიკა. მან მხოლოდ წარმოსახვით დაწერა, თუ როგორ იჟღერებდა იგი. იქნებ  ამას ეყრდნობა ხელოვანის როლი – წინასწარ დავტკბეთ იმით, რაც შეიძლება არსებობდეს. ხოლო ის, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, გვევლინება არსებობის საწყის სტადიად.

 

7

მე ვწერ ფიქშენ ლიტერატურას, მაგრამ ეს არასოდეს არაა თითიდან გამოწოვილი. როდესაც ვწერ, ეს ყველაფერი თავად უნდა განვიცადო შინაგანად. საკუთარ თავში უნდა გავატარო წიგნში არსებული ყოველი არსება და საგანი, ყველაფერი, ადამიანური და ზეადამიანური, სულჩამდგარი და უსულდგმულო. ყოველ საგანს და პიროვნებას უნდა ახლოდან დავაკვირდე, დიდი სერიოზულობით და ჩემში გავასულიერო, განვასახიერო.

 

თხრობა არის დაუსრულებელი გამოცოცხლება, სიცოცხლის მიცემა სამყაროს იმ თუნდაც უმცირესი ნაწილაკებისათვის, როგორსაც წარმოადგენს ადამიანური გამოცდილება, განცდილი სიტუაცია, მოგონება. შემოქმედის მგრძნობიარობა ახდენს იმ ყველასი და ყველაფრის პერსონალიზაციას, რასაც  ეხება, აძლევს მათ გრძნობის გამოხატვის საშუალებას, სივრცესა და დროს, რათა იარსებონ  და თავიანთი განცდები გამოხატონ. აი, ეს მგრძნობიარობა აიძულებს ზემოთ ნახსენებ ჩაიდანს ლაპარაკის დაწყებას.

დღევანდელი კლიმატური და პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც  ვცხოვრობთ და რომლისგანაც თავის დაღწევას ვცდილობთ, საიდანღაც არ დაგვტყდომია თავს. ხშირად ვივიწყებთ, რომ ეს ბედის გაწყრომა კი არ  არის, არამედ ძალიან კონკრეტული ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ მსოფლმხედველობრივი გადაწყვეტილებების (მათ შორის, რელიგიურისაც) განხორციელების შედეგი. სიხარბემ, პატივისცემის დაკარგვამ ბუნებისადმი, ეგოიზმმა, წარმოსახვის სიმწირემ, უპასუხისმგებლობამ მიიყვანა სამყარო ამ მდგომარეობამდე – როდესაც შეგვიძლია მისი დანაწევრება, გამოყენება და განადგურება.

ამიტომ მწამს, რომ ამ ყველაფრის შესახებ ისე უნდა მოვყვე, თითქოს სამყარო ცოცხალი იყოს, ის ჩვენს თვალწინ განუწყვეტლივ ერთიანად, მთლიანად უნდა გამოიყურებოდეს, ხოლო  ჩვენ მისი – ერთდროულად პატარა და მძლავრი – ნაწილები ვიყოთ.

 

პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE