ჩირგვში ჯდომა


ჩირგვში ჯდომა




დარაჯი ვარ დარაჯი

 

დარაჯი ვარ,

ოთახში ვარ

და დარაჯი ვარ.

ხმების და სიზმრების

დარაჯი ვარ.

შენ არაფერი არ გეტკინოს,

დარაჯი ვარ

და გიდარაჯებ,

საუკეთესო დარაჯივით

გიდარაჯებ.

ჯიბეები მაქვს ზღაპრებით სავსე,

მსუყე საგზალია:

შორ გზაზე,

გრძელ სიზმარში არ მოგაშიებ!

დარაჯი ვარ,

საგუშაგო ოთახში ვარ

და დარაჯი ვარ,

შენ არაფერი არ გეტკინოს!

თვალები მაგრად მაქვს მოხუჭული,

სახე ხელებში მიდევს

და გდარაჯობ,

გდარაჯობ და გდარაჯობ,

თვალებს არ ვახელ

სანიმუშო დარაჯივით,

საუკეთესო დარაჯივით

ნაბიჯების ხმის გაკრთომისას

ვახველებ, ვახველებ

და ძილს ვაგრძელებ

ფხიზელი ძილით,

ტანთ გაუხდელად,

ნამდვილი დარაჯივით,

სანიმუშო დარაჯივით,

მძინავს.


 

დუმილი

 

დუმილი როგორ დავარღვიო?

ბალიშის ნაკერი წვრილი ნემსით გამოვარღვიო?

ნემსი რომ ამიცდეს?

ნემსი თითში თუ შემერჭობა,

სისხლი გამოვა?!

ასეც რომ იყოს, რას შევაწმენდ -

ბამბა თვალებში ჩავილაგე,

ბამბაში ქალი ჩავაწვინე,

ქალში - სილა,

სილაში ასკილის ხმელი თესლი.

 

დუმილი როგორ დავარღვიო -

ბალიშის პირი მოვარღვიო

და სიზმრები გადმოვალაგო?

სიზმრები რას იტყვიან,

რომელ ენაზე იტყვიან,

ექნებათ ფორმა?!

ასეც რომ მოხდეს,

ხმამ მკვდარი ენის

საშვილოსნო რომ გამოხიოს,

რას გავიგებთ, რას გავიხსენებთ?

 

მხოლოდ ის მახსოვს

რასაც წამით შევავლე თვალი,

რასაც შემთხვევით მოვკარი ყური.

სხვა ყველაფერი უცნობია და უცნაური.

დუმილი როგორ დავარღვიო?

მდინარის ერთი ნაპირიდან

მდინარის მეორე ნაპირამდე,

გზა რომელი გზით გადაგიჭრა? -

ბავშვობის ძველი, მშრალი სიზმრებიდან,

მკვდარი ენით მოგიყვე მკვდრებზე?!
 

 

ესეც ასე

 

სიჩუმე ვეღარ მოვითმინე -

რაღაც უნდა მეთქვა

და ვთქვი:

კარგად ვარ!

ვაი, რა კარგად ვარ!

 

ბევრი ვიფიქრე,

ეს არც კარგია - არც ცუდი,

თითქოს დანის პირზე გადავირბინე

და გადავრჩი.

როგორც იქნა!

 

სიმძიმისგან განვთავისუფლდი,

ჯიბეები ამოვიბრუნე -

ქვიშა ქოხის წინ დავახვავე,

ქვებიც იქვე, წყებად მივულაგე.

ტალახი დამრჩა მოსაზელი,

 

მაგრამ ყველა ჭა, ყველა წყარო,

ყველა გუბურა, რაც იყო, დაშრა

და დარჩა მტვერი.

ტალახი როგორ ამოვზილო,

ცოლი ხმიადებს როგორ დააცხობს?

 

ვაი, რა კარგად ვარ!

ვაშლი მაქვს - ცხენი არა მყავს,

ცოლი მყავს - სახლი არა მაქვს,

წყლის ხმა მესმის და წყალი არა მაქვს.

ბნელი უფსკრულის პირას ვდგავარ.

 

ეჰეე - ვყვირივარ - ეჰეე!

ვყვირივარ და მქურდავენ,

ხმას მაცლიან ბავშვობისპარია,

სიზმრებისპარია, ცხოვრებისპარია თოჯინები.

მე კიდევ ისე კარგად ვარ, ვაი!
 

 

***

 

ვისაც ვუყვარდით და დავკარგეთ

ვინც არ მოვიკითხეთ,

ერთი დაძახებაც არ დავუძახეთ

და სიჩქარეში მიგვავიწყდა,

არც უკან დავბრუნდით,

არ მივწერეთ, თავი არ გავიმართლეთ.

ვისი ხმაც ქარმა გაიტაცა,

სხეული წყალმა.

ვისი ღიმილიც უღრან ტყეში,

ხეზე ამოვკაწრეთ,

ხოლო თვალები დაუდევრად

მივყარეთ ხნულში,

ვინც რიგიანად აღარც გვახსოვს,

მხოლოდ ხანდახან შევჩერდებით

რომელიმე ნაცნობ ქუჩაზე და ვიხსენებთ,

მათ, ვინც გვიყვარდა და დაგვკარგეს,

ვინც ერთი დაძახებაც არ დაგვიძახეს

ვისაც სიჩქარეში მივავივწყდით

და უკანაც არ დაბრუნდნენ,

არ მოგვწერეს, თავიც არ გაიმართლეს.

ვისთვისაც მდინარე გავტოპეთ,

სუსხიან ქარს არ შევეპუეთ,

ტყეში შევყევით და სიბნელეში დაგვემალნენ.

ვისაც ვიხსენებთ და ვერაფრით ვერ გავიხსენეთ,

ნამდვილად იყვნენ? სად შეიძლება იყვნენ?

ცუდი სიზმრები დაისიზმრეს და დაიხოცნენ?

მათი ცხედრები სად მარხია,

სად შეიძლება დავიწყოთ თხრა

და ქვების ნაცვლად სიყვარულები ამოვთხაროთ,

ძველი, ბლომად მიწამიყრილი,

მითადქცეული სიყვარულები.

ამოვთხაროთ და მივახაროთ,

რომ არც ჩვენ ვართ მეტად ცოცხლები

და არ იდარდონ.

მაგრამ ადგილი?

ჩვენი მკვდრები საიდან უნდა ამოვიღოთ,

ნიჩაბი სად უნდა ჩავცეთ,

მტვერი საიდან უნდა ავადინოთ, სიყვარულს?

 

 

ჩირგვში ჯდომა

 

რას წამოვიღებ სიზმრებიდან,

რა გამომყვება?!

სიზმრიდან ვერაფერს წამოვიღებ

- ეს უკვე ვიცი.

ამიტომ აღარ მეიმედება ლექსი

დაუნდობლად რომ გავწყვიტე წელში

და დავაშინე სხვა ლექსები,

დავაშინე და ვუთხარი:

თქვენ თუ გინდათ არ მიპასუხოთ,

არ მიპასუხოთ უხერხულ კითხვაზე!

დადუმდით და სათქმელი გულში ჩაიმარხეთ,

დადუმდით და სამარხზე დააგდეთ ლოდი,

დადუმდით და იმავე ლოდზე ჩამოჯექით

და ლოდიდან მოფხიკეთ ხავსი,

დაანთეთ ცეცხლი და გათბით.

ოღონდ ჩუმად, უხმაუროდ, უსიტყვოდ.

დუმილი არასდროს გაგცემთ

და თქვენი დუმილი იქნება ოქრო,

რომელსაც ვერასდროს მივაგნებ

ვერაფერს ვაიძულებ,

სიტყვას ვერ დავაცდენინებ

და თქვენვე დუმილი გადაგარჩენთ,

თქვენივე უსიტყვობა გადაგარჩენთ.

ვერ გადარჩება ის, ვინც ღვიძილს დამიფრთხობს

და კითხვის დასმისას მომაძახებს,

რომ სიზმრიდან არაფრის წამოღება არ შეიძლება,

რომ სიზმრიდან პატარა კენჭსაც ვერ გამოვატევ,

უფსკრულს ვერ ამოვავსებ, თავსაც ვერ ვუშველი.

ვისი პასუხიც იქნება მტკიცე,

იქნება შეუვალი და იდგება მედგრად,

ყველას დაუნდობლად გავწყვეტ წელში,

ყველას დაუნდობლად მოვუგრეხ კისერს

და მივატოვებ ჯერ კიდევ ცოცხალს,

ჯერ კიდევ მოფართხალეს გავატან წყალს!

შეიბრალეთ საკუთარი თავი,

შეიბრალეთ და თუ გინდათ, ნურაფერს იტყვით.

თქვენ იქნებით ძალიან ნამდვილები

და თქვენი დუმილი შეიძენს სიბრძნეს, როცა დაირღვევა!

 

 

სიბრალული

 

სიბრალული არის ძალიან უსარგებლო,

ზედმეტად უსარგებლოც კი.

შეიძლება ითქვას, რომ სიბრალული ისეთივე უსარგებლოა,

როგორც სირბილი ნესტიან და ბნელ ლაბირინთში,

მით უფრო მაშინ, როცა გულში ლახვარს ვერავისთვის ვერ გაიმეტებ,

რადგან საშინლად მესაკუთრე ხარ და თეზევსის ნაცვლად,

თორნიკე გქვია.

 

დიახ,

სიბრალული ისეთივე უსარგებლოა, როგორც ცუდი ლექსების წერა.

სწორედ ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ სიბრალული ძალიან სასაცილოა,

ზედმეტად სასაცილოც კი

და თუკი ვინმეს შეიბრალებ, სიცილისგან შესაძლოა ბოლოც მოგეღოს,

რადგან არსებობს მტკიცე ისტორიული ფაქტი

ფილოსოფოს ქრისიპეს შესახებ, რომელიც საკუთარმა სიცილმა მოკლა.

 

ლოგიკის მიხედვით,

სიბრალული შეიძლება დანაშაულადაც ჩაითვალოს,

როგორც ზედმეტად უსარგებლო, შესაძლო ლეტალური შედეგის მქონე აქტი,

რომელიც ხშირად იმდენად სასაცილოა, იმდენად არაფრისმთქმელი და ცარიელი,

რომ ამის გამო, შესაძლოა, პასუხისგებაც მოგიწიოს და დაისაჯო,

რადგან წყლის ნაყვა ზოგიერთ საზოგადოებრივ ფორმაციაში დასჯადია,

ხოლო სიცილი, უპირობო, სულელური ხარხარი არასოდეს ყოფილა ნორმა.

 

შენ ნუ იდარდებ,

ახლა იცი, რომ სიბრალული არ უნდა გაიფიქრო.

უფრო მეტი, სათოფეზე არ უნდა გაიკარო!

რადგან შევთანხმდით, რომ სიბრალული არის ზედმეტად უსარგებლო,

სულელურად სასაცილო აქტი, რომელიც შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.

ამას არასდროს გაუვა წყალი და ვერც მყეფარი შეუყეფავს, არც ძირი გასძვრება

და მტრედიც კი ვერ დაასკინტლებს თავზე.
 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE