ყაყაჩოების ბრალია
(ანუ ოპიუმმა რა ჰქმნა)
თოკზე გაბმული ზეწარი ცეცხლის ალს ირეკლავს, სილუეტები სიასამურებს ემსგავსებიან და ქათმებს აფრთხობენ. უდროო დროს ყივის მამალი. გურგენა ბიძგებს აკეთებს ყივილის პარალელურად, მესამე ყივილზე წყვეტს. სულ ის მამალი ახსენდება - ნაზარეველი...
ბოლო დროს მოსვენება დაკარგა გურგენამ; ეჭვობს, რომ ცოლმა იცის მისი და ბოშა ქალის ამბავი. ამიტომ, ვერცერთი აქტის დროს ვეღარ ათავებს, თვითონ იცოცხლე, გათავდა კაცი ამდენი ფიქრით...
ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბოშებთან უჩვეულო და იმ დროისთვის გაუცნობიერებელი ღრმა კავშირი მიღმიერმა ვეღარ დაიტია და რომელიღაც ჭუჭრუტანიდან გამოსაძრომი იპოვა. მესამე გატოკებაზე გასცა სხეულმა გურგენა, როცა „მარტოობის ასი წელიწადის“ კითხვისას, განსაკუთრებით, მშვენიერი რემედიოსის ეპიზოდების წარმოსახვისას, სასიამოვნოდ დაეძაბა სხეული კიდევ უფრო დიდი სიამოვნების მოლოდინში და გაფართოებული თვალებით შეხედა საკუთარი შარვლის ამობურცულ უბეს. მოზარდობის პერიოდში, მოლდოვაში, საზაფხულო სკოლაში გატარებულმა დღეებმა და ღამეებმა კი საბოლოოდ დიდი გარდატეხა მოახდინა გურგენას ესთეტიკური აღქმების ჩამოყალიბებაზე. მას მერე იქაური მთვარე დაჰყვება სიზმრებში და ბოშათა მაგიური სილამაზეების მონატრება თავს არ ანებებს. მოკლედ, საკუთარი რწმენა-წარმოდგენების მსხვერპლია. რა, რა და რემედიოსი, შე კაცო, მაგათ რომ იყვარებ, სად გინდა მაგისთანა ქალების პოვნა თბილისის ცის ქვეშ? დიდი-დიდი, ვაგზალზე სახეზე მოგრძოშრამიან, ოქროსკბილიან ბოშას თუ გადაეყრები, რომელსაც ციგანს ეძახიან, ან, უკეთეს შემთხვევაში, რუსთაველზე გავლისას წინ გადაგეღობება და შენს მომავალს ჯიბიდან ამოგილაგებს კარტების სახით, მერე შენს უკანასკნელ სიზმრებსაც ამოაყოლებს უბიდან, თავის შესაძლებლობებში რომ დაგარწმუნოს და არასაბავშვო ზღაპრის მოსმენისთვის ფულს აგახევს.
ოცდაათს რომ მიუკაკუნა გურგენამ, ნამეტანი შეაწუხეს ახლობელ-ნათესავებმა, ცოლი რათ არ მოგყავსო. ყოველ ოჯახურ თუ საგვარეულო შეკრებაზე გურგენას უცოლობა იყო განხილვის თემა, ხანაც მისგან მალულად, ხან კი სწორედაც მის გასაგონად პროვოცირებისთვის. მაკონდოელი რემედიოსი კი არსად ჩანდა. ბოლო დროს ნიჰილიზმის სიმპტომებიც გამოუვლინდა, ვეღარაფერი აღაფრთოვანებდა, არც ბოლო დროს გამართულ ლიტერატურულ საღამოებზე მისულა ოდესღაც მწერალთა კავშირის წევრი. სახლის სახურავზე შერჩენილი ბურთის პოზიცია მოირგო, რომელიც მოწყდა ჩვეულ ყოფას და სხვა პერსპექტივაში გადაინაცვლა. ახლა ან წვიმის შედეგად დაიწყებდა ლპობას, ან სახურავის შეკეთებისას აღმოაჩენდა ვინმე და დაიხსნიდა სამყაროსთან გაუცხოებისგან.
მტკიცე გადაწყვეტილებები გურგენასთვის უჩვეულო რამ იყო, მაგრამ უკვე იმდენად ავიწროვებდნენ უცოლობისთვის, როგორმე უნდა გათავისუფლებულიყო ამ ისტერიკისგან. ბევრი ფიქრის გარეშე, აფექტის მდგომარეობაში უნდა მოეყვანა ცოლი. ფიქრი გეგმას ჩაუშლიდა. ჰოდა, სწორედ ლიტერატურულ საღამოზე, სტუმრებს შორის ვისი ნაწნავიც ყველაზე ესთეტიკური ეჩვენა, ადგა და ის მოიყვანა. ერთ წელიწადში ბიჭი რომ შეეძინათ, არკადიო დავარქვათო - ცოლს უთხრა, ბუენდიების ხათრით, მაგრამ ლეამ, ისიც მეყოფა, შენ რომ გურგენა გქვიაო და ბიჭს ლუკა დაარქვა, როგორც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში დაბადებულ ყოველ მერვე ბიჭს. ეს არ იმყოფინა და ნაწნავიც ძირში მოიჭრა საკუთარი ხელით, ამისთვის აღარ მცალიაო.
უცოლობა ხომ რთულად ასატანი გაუხადეს და ვერც ცოლიანობა აღმოჩნდა კომფორტული თავის ოცნებებთან მარტოდ მცხოვრები კაცისთვის. ყოველდღიურად თრგუნავდა გურგენას ეს ოჯახური პასუხისმგებლობა. მის მშვენიერ წარმოდგენებს, მისწრაფებებს ჩანასახშივე კლავდა ცოლის ამქვეყნიურ მატერიალურ მოთხოვნილებათა გამძაფრებული დაკმაყოფილების სურვილი. ბუნებრივ სიტკბოებათა გემო არ იცოდა ლეამ, ოცნება მისთვის საზარელი ლანდებივით იყო, რომლებსაც მუდმივად გაურბოდა, თავიდან იშორებდა და უფრთხოდა. პრაქტიკული ჭკუა ჰქონდა და გურგენას არცერთ სურვილს გასაქანს არ აძლევდა. როგორ არ ეცადა გურგენა, ლეას თვალსაწიერი, რომელიც ძირითადად ქვაბების და ტაფების რუხი ცხიმიანი ზედაპირი იყო, ცოტათი მაინც შეეცვალა... თუ სასეირნოდ წასვლას შესთავაზებდა, ლეა მაშინვე გესლიანად ეტყოდა; მუშაობით შენ არ მუშაობ და სასეირნოდ დრო კი გაქვს, იცოცხლეო. არადა, სახელმწიფო სამსახური სადაც სცადა, მალევე უშვებდნენ პოლიტიკური მიუკუთვნელობის გამო, ოღონდ, რასაკვირველია, ამ მიზეზს არ ეუბნებოდნენ და სხვა რამეს გამოუჩხრეკდნენ ხოლმე. ან თვითონ მიდიოდა იქიდან, სადაც დაკვეთით და ბრძანებით მიტინგებზე სიარულის პერსპექტივას იყნოსავდა.
კურსელების შეკრება და მსგავსი კოლექტიური ქმედებანი მაინცდამაინც სიამოვნებას ვერ ანიჭებდა გურგენას. არ ხიბლავდა მრავალკაციანი საუბრები აბსურდზე - ერთი-ერთზე იცოცხლე, გვარიანად დაგელაპარაკებოდა, თუ თვალში მოუხვიდოდი. ახლა კი ასეთ შეკრებაზე უარი არ უთქვამს, ბოლო-ბოლო, სახლიდან გასვლის საპატიო მიზეზი ექნებოდა და უბრალო სეირნობასთან შედარებით, ამას მეტი სერიოზული ელფერი ექნებოდა ლეასთვის. როგორღაც თავი დააღწია დიდი ხნის უნახავი კურსელების მოკითხვას და თავისთვის ჩამოჯდა ერთ კუთხეში ღვინის ბოთლით. ნახევრამდე რომ ჩავიდა, ერთ-ერთი კურსელი, თამაზა მიუჯდა; რა მარტო ზიხარ, შე კაცოო. ყველანი მარტოები არ ვართ, თამაზ, ამ ქვეყანაზეო? - გურგენამ. ჰო, ეგ კი მართალია, ხო იცი შენო - იმანაც. აგე, მე, მაგალითად, რად მინდა, ოჯახი რო მყავსო. ბიჭო, გურგენ, შენთან ვლაპარაკობ ამასო, ვიცი, გამიგებ და მაგიტომო და დაიწყო იმის მოყოლა, რაც მანამდე სათითაოდ ყველა კურსელს მოუყვა: ჩემი ცოლი, ბიჭო, ჭკუიდან გადამიყვანს და ან თავს მოვიკლავ, ან იმას მოვკლავო. ქალის საქმესაც მე ვაკეთებ სახლში უკვე, მრცხვენია, ბიჭო, საკუთარი თავის მრცხვენიაო. სულ დაქალებშია, დადიან კაფეებში და ბარებში. გათხოვილი ქალის ამდენი სიარული არ გამიგია მეო. ახლა ხო არ გავშორდები, კაცო, შვილებს რა ვუყო, ან ხალხი ვალაპარაკოო? გავიჩენდი საყვარელს, მარა ასე უფულოდ მე ვის რად ვუნდივარო. ჰოდა, ძაან მიჭირს უკვე ამ ყველაფრის გაძლება და რამე გზა უნდა ვნახოო. ღვინის თბილმა მიმოსვლამ ძარღვებში ისეთი სიმყუდროვე შეუქმნა გურგენას, სულაც არ აპირებდა თამაზას ისტერიკის წილ სიტყვა ეთქვა. ბიძაჩემის ცოლი ხო იცი შენო - გააგრძელა თამაზამ. მარნეულელიაო. ამას წინათ მაგათთან ვიყავი და ბიჭო, ყაყაჩოებია მიბიბინებული თითქმის ერთ ჰექტარზეო. ბიძაჩემს წამოუღია ავღანეთიდან რაღაც ნერგიო. უჰ, ნამეტანი სილამაზის მნახველი კი ყოფილხარ შენო - ჩაურთო გურგენამ ამდენხნიანი სიჩუმის მერე. ჰოდა, ზუსტად სილამაზე რო გაცდუნებს კაცს და ეშმაკს შეგიჩენსო - თამაზამ, თან აქეთ-იქით გაიხედა, ვინმე ხომ არ გვისმენსო, გურგენას ანიშნა, ჩემკენ მოიწიე ახლოსო და უფრო დაბალ ტონალობაში გააგრძელა: ჩემ მეზობლად რო ციგნები ცხოვრობენ ლოტკინის ბოლოში, ეგენი იბარებენ ბიჭო თურმე ყაყაჩოებს მაგარ მაყუთზეო. რაღაც მამაძაღლობები იციან მაგათმა და ოპიუმს აკეთებენ თურმეო. ჰოდა, იცოცხლე, ბევრია ეს დალოცვილი და ფული არც შენ გაწყენს და არც მეო. მარტო ვერ ვშვები, მაინც, ხო იცი ,ორ კაცს უფრო ადვილად გამოსდის საქმეო. არა, საშიში კი არაფერია კაცო, ჩვენ ნარკოტიკთან არაფერი საქმე არ გვექნება, მარტო ყაყაჩოებს მივიტანთო. სათბურიც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვეულებრივი ყაყაჩოების და მეყვავილეებსაც მივყიდოთ, დამაჯერებელი რო იყოს უფროო. დიდი ხანია ვფიქრობ მე ამაზე და დეტალებიც მოფიქრებული მაქო.
რამდენიმე ღამე და ერთი-ორი დღეც იფიქრა გურგენამ; რამე შარში არ გავეხვიოო, თუმცა, როცა ყველაზე უარესი ვარიანტი წარმოიდგინა, მაინცდამაინც ვერ შეაშფოთა ციხეში მოხვედრის ალბათობამ. არც გარეთ ჰქონდა დიდად გვარიანი ცხოვრება და ბედნიერების შეგრძნებაც გადავიწყებული ჰქონდა. იმდენად მოხიბლა ამ იდეამ, რომ ერთი მანქანა ყაყაჩოები უნდა ეტარებინა პერიოდულად ციგნების დასახლებაში და ისეთ აზარტში შევიდა, რომ გარისკვა გადაწყვიტა. თამაზა მაშინვე გაქანდა მარნეულში.
„ყაყაჩოსა სიწითლითა“ დაამშვენეს მანქანის საბარგული და დაიძრნენ ლოტკინის გორისკენ. ამომტვრეული აგურებისგან გაკეთებულ ღობეში ალაგ-ალაგ ჩალაგებული ველური ვარდები გურგენას ამ ქვეყნის მშვენიერებათა აღქმაზე დაგეშილ მზერას არ გამოჰპარვია. სწორედ ეს ეზო აღმოჩნდა დანიშნულების ადგილი. თამაზა იგინებოდა და თან მანქანის დასაყენებელ ადგილს ეძებდა. ამათი დედა ვატირეო, რანაირად ცხოვრობენო. გურგენა ყოველ კუნჭულს ათვალიერებდა და ამ ჩვენი ციგანთა მაგინებლის სიტყვები არც გაუგონია სრულებით. ეზოში ეყარა ფეხსაცმელები, ძველი ჯამები, ხელფეხდამტვრეული, თავმოგლეჯილი სათამაშოები - სიმბოლო გამდინარე ცხოვრების, არამდგრადობის, უწესრიგობის, დაუგეგმაობის, თითქოს სულ მალე ფეხს აიდგამდა ყოველივე და ეზოდან გავიდოდა, შეეხიზნებოდა სხვა ადგილს, ახალს - ველურს. სადღაც სიღრმეში მიძინებული გურგენას სურვილები იღვიძებდა. სიამოვნებით გაყვებოდა ბოშათა ბანაკს უმისამართოდ, უმიზნოდ. ბროწეულის ხეზე შერჩენილმა სათამაშო „ჩიბურაშკამ“ ყურიც არ ათხოვა მარტის ქარის ხუშტურს და არც კი გატოკებულა, ისე გაუსწორა გურგენას თვალი. ეზოს სიღრმეს შეუყვნენ, გურგენას ამ დესტრუქციულმა სილამაზემ დაუბრუნა აღფრთოვანების შეგრძნება.
ეზოში ცეცხლი ენთო, ფარდულიდან გამოაბიჯა ქალმა წელამდე თმით, ფეხშიშველა იყო, როგორც ევა, სამყაროს პირველქმნილ მიწიერ ენერგიათა ფეხისგულებით შემცნობი. მკერდს ჯვარედინად გადადებული შარფი უფარავდა. თამაზამ შეამჩნია გურგენას მონუსხული მზერა და მის გასაგონად თქვა: უუჰ, დედამოტყნული ქალიაო!... თვალებში დიდხანს არ უნდა უყურო, თორემ მაგაზე ამბობენ, ჯადოს აკეთებსო. უფ, ცხელი კი იქნება, იცოცხლე, ამ ყინვაში თითქმის შიშველია ეს ჩემის ნუდისტიო. გურგენამ ვერც ახლა გაიგო სრულად თამაზას ნათქვამი. მზად იყო მთელი საბარგული ყაყაჩოები ქალის შიშველ ტერფებთან დაეყარა. მისი წარმოდგენები, ამდენი წლის ნაშენები ესთეტიკა, თითქოს ერთბაშად გადმოვიდა მისი გონებიდან და ამ ბოშა ქალის სახით განსხეულდა. ისე, ციგანი და ასეთი ლამაზი მე თბილისში არ შემხვედრია, ძმაოო - ვერ დაფარა ფიქრები თამაზამ. ბოშა ქალი ორი წლის გადმოსახლებული იყო ბესარაბიიდან პირდაპირ ლოტკინზე, სადაც მისი ბებია ცხოვრობდა. ბოშა ქალის მშობლები ერთ-ერთი მიტინგისას პრეზიდენტი დოდონის გინების გამო დაუჭერიათ და მერე ოჯახის უკანონო ბიზნესის შესახებაც გამოუჩხრეკიათ. 22 წლის ქალი იქაური ნათესავებისა და მშობლების რჩევით წამოსულა საქართველოში - ბებიასთან.
ყაყაჩოები ოპიუმისთვის ვარგისი აღმოჩნდა. გურგენა ამ ბესარაბიელი რემედიოსის პირველივე ნახვისას მოინუსხა და, მართალი რომ ვთქვათ, ბევრი წვალება არც დასჭირვებია, ისე დაიკმაყოფილა საუკუნო სურვილი. სული კიდევ ნეტარებით ივსებოდა, როცა მატერიალისტი ცოლის ისტერიკას თავს აღწევდა და ყაყაჩოებით სავსე მანქანით მიქროდა, როგორც ლეას უთხრა: „ყვავილების ჩასაბარებელი პუნქტისკენ“.
მეორე წელი გადიოდა , რაც აწარმოებდნენ ვნების სუნით გაჟღენთილ ოპიუმს. რეალიზაციის ადგილი თბილისის ზღვის ტერიტორია იყო. თამაზა და გურგენა გასაღებაში არ ერეოდნენ. მოპარული ქათმების უკანალში დებდნენ ბოშები ოპიუმის შეკვრას. ქათამს რომელიღაც ბუჩქთან დააბამდნენ და მყიდველს რომ ადვილად მიეგნო, ყაყაჩოებს ყრიდნენ გზადაგზა. მიდიოდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ყოფის გაძლების აუტანლობისგან მიქანცული სხეულებითა და სულით და რამდენიმესაათიანი ბედნიერება ქათმის უკანალიდან გამოჰქონდათ, მერე უჩინარდებოდნენ ღამის დაკარგულ სიზმრებში და ისტერიული „ატხადნიაკისას“ კვლავ ყაყაჩოების კვალს მიჰყვებოდნენ ქათმის უკანალებამდე. ახლა არც ფულიანი თამაზა მოუნდა ვინმეს და ცოლმა ბარებში სიარულსაც უფრო მოუხშირა. ლეა თავისი მოკლე ჭკუით დასცინოდა გურგენას, ეს ლიტერატორი კაცი ყვავილების გამყიდველად იქეციო. თუმცა მთავარი იყო, რომ გურგენას შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა და დეტალებს არც ეკითხებოდა თავიდან მაინცდამაინც. თანდათან გაიშვიათდა ისეთი ღამეები, გურგენას რომ სახლში ეძინა და ცოლის მიმართაც უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას იჩენდა. ლეამ ინება ქვაბებიდან თავის აწევა, ე მანდ რამე ხომ არ გამომეპარაო. ოჯახის სიმტკიცეს ბზარები ხომ არ შემოეპარაო. ეჭვები ღრღნიდა, მაგრამ არც ის უნდოდა, ზედმეტი შეკითხვებით საქმე უფრო გაეფუჭებინა ქმართან.
ამასობაში ბოშასთანაც ბიჭი ეყოლა გურგენას. არკადიო დავარქვათო, კაიო, იმანაც, ოღონდ აზრზე არ იყო, ბუენდიები ვინ იყვნენ. ქალის უვიცობის ყოველი გამოვლინება ეკლებად გამოსდიოდა ტანზე გურგენას, მაგრამ იმდენად ეგზოტიკურ სიბლანტეში ჩაითრია ამ სერაფიმის ფრთებივით ფარფატა სხეულის მიმზიდველმა ენერგიამ, რომ ბოშას მიერ ნათქვამ ყოველ სისულელეზე თვალს ხუჭავდა. ხმას თუ არ ამოიღებს, რა ბუნებრივად ლამაზია, ბავშვური სითამამით, მომაჯადოებელი ენერგეტიკით , შინაგანი ველური საწყისების ამბოხის და ზღვარგადასული ქალური სინაზის სინთეზი ასეთ უხილავ ენერგიას რომ კრავს ჩვენ შორის, ესაა მიზეზი, რის გამოც საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნიო - ამხელდა გურგენა თავის თავს ფიქრებში. ამასობაში ხმებიც დაირხა, გურგენას ვიღაც ქალი გაუჩენიაო და ლეამდე რომ არ მისულიყო ეს ამბავი, ასეთი რამ მოიფიქრა, რომ ბოშასთან ყოველ წასვლაზე თავისი ბიჭიც წაეყვანა - ლეა მსგავსს ვერაფერს იფიქრებს, თუ შვილთან ერთად ვივლიო. სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ისიც უნდოდა, ძმების ერთად თამაში ენახა. ლეას ეჭვები ამან ვერ გაფანტა. ახლა უკვე თვითონ სთავაზობდა ქმარს სასეირნოდ წასვლას, შეეშვა ქვაბებსა და ტაფებს, სატელევიზიო პროგრამაში კუსტურიცას ფილმების ძებნაში ატარებდა მთელ დღეებს, როცა იპოვიდა, გადაახვევდა და გურგენას მოსვლისას ჩართავდა ზუსტად, ნახე, რა ვიპოვე შემთხვევითო, თუმცა არც ამაზე ჰქონდა გურგენას დიდად შესამჩნევი რეაქცია.
როცა ყველა გზა მოიჭრა, თავის ბიჭს დააკისრა ლეამ მხსნელის ფუნქცია: დედიკო, შენ ხო კარგად გამოგდის ციფრების წერა, ჰოდა, მამას სადაც მიჰყავხარ, იმ ადგილს რა ციფრები აწერია, ჩაიწერე ამ ფურცელზე და მომიტანეო, - უთხრა. მამასთან არ თქვაო, მერე ერთად ვუთხრათ, რა მაგრად წერ უკვეო, აბა ვნახოთ, როგორ გამოგივაო. შექების და ახალი სათამაშოს მოლოდონით ლუკამ მისია შესანიშნავად შეასრულა. მისამართი რომ გაიგო, ბევრი იყოყმანა ლეამ, იქნებ უკეთესია, არაფერი ვიცოდეო. იქნებ უბრალოდ დაველაპარაკოო, იქნებ მეორე შვილი გავუჩინო და ამან მოუბრუნოს გულიო, იქნებ, იქნებო... და ბოლოს, მაინც ავიდა ლოტკინისკენ მიმავალ პატარა ყვითელ ავტობუსში.
ამ დროს კი ბოშას წიაღში შესულ გურგენას ქაოტური ფიქრები აგიჟებენ; იქნებ სიფრთხილისთვის ჯობია, უფრო იშვიათად ამოვიდე აქო. ეს თუ ლეამ გაიგო, მერე ახალი შტორმი დამატყდება თავს ნათესავებისგანო. ფიქრები აგრესიად ტრანსფორმირდებიან და ბიძგების სიძლიერეში ავლენენ თავს. ბოშას სახეზე სიამოვნების გამოხატულება მძაფრდება.
ეზოში თოკზე გაბმული ზეწარი ქარს ემორჩილება, მისგან სიასამურები გადმოდიან და ქათმებისკენ მიიწევენ ჩრდილებად. მამალი გაფრთხილებას აძლევს ქათმებს.
ლოტკინზე სამი გრადუსით უფრო ცივა, სადაცაა, ცა გადაიხსნება და დიდი ხნის ნაგროვები მძიმე დარდებისგან გაითავისუფლებს თავს. ლეა ეზოს შესასვლელთან დგას და ხელში ფურცელი უჭირავს, რომელზეც იგივე ციფრებია გამოსახული უსწორმასწორო ხაზებით, რაც ჭიშკრის კიდეზე წერია. ეზოდან ბავშვების ხმა ისმის. კარს აღებს, რამდენიმე ბავშვი თოვლის წამოსვლას აღნიშნავს შეძახილებით და ფანტელებს ენას უშვერს. ლუკა ლეასკენ გარბის, დედიკო, ნახე თოვლიო, წამოდი, ვითამაშოთო. ლეა უყურებს ირგვლივ ყველაფერს, ბავშვებს, სახლს, სახლისმაგვარ შენობას, მხოლოდ სანახევროდ აღიქვამს კონტურებს, ფანტელების ნაცრისფერი გარსისგან ბუნდოვანია ყველაფერი. ბიჭი ხელზე ექაჩება და ეზოს სიღრმისკენ მიჰყავს. ლეა ძლივს გასაგონად ჩაწყვეტილი ხმით ეკითხება შვილს: მამა სადააო. დედიკო, თოვლის ბაბუს ხო გავაკეთებთო? მამა იქააო - ფარდულისკენ ანიშნებს. ლეას უნდა, იქაურობას გაეცალოს და ლუკა ეზოს გასასვლელისკენ მიჰყავს ხელჩაკიდებული. დედიკო, მამიკოს გარეშე ხო არ წავალთო - უარზეა ლუკა. თოვა ძლიერდება, ლეა შვილის დასარწმუნებლად წინადადებასაც ვერ ამბობს მწყობრად. მაშინ მიდი, ფანჯრიდან შეიხედე და იქ თუ იქნება, ხელი დაუქნიე, გამოვიდესო, - ფარდულისკენ ანიშნებს ბოლოს. მე ვერ ვწვდები ფანჯარას დედიკოო - პასუხობს ლუკა.
* * *
ფანჯრიდან უყურებს ლეა ერთმანეთში გადახლართულ სხეულებს, ოპიუმითა და მრავალი ორგაზმით მიქანცულები ძილს ღრმად შეუტყუებია. ლეას შვილის ხმა აფხიზლებს: არკადიო, მოდი, თოვლის ბაბუა ავაშენოთო. - ეძახის ლუკა არკადიოს. არკადიო? რა დაუძახეო? - ისევ ებზარება ხმა ლეას. არკადიო ჰქვია დედიკოო. სულ ერთად ვთამაშობთ ჩვენო. ლეა არკადიოს უახლოვდება, სახე მის სახესთან ახლოს მიაქვს, აკვირდება და ეკითხება: შენ ხარ არკადიოო? არკადიო ხელში გუნდას ათამაშებს და არაფერს პასუხობს...
ღამდება და რაღაც ზღვარგადასულ სიმყუდროვეში იძირება თოვლის სითეთრით განათებული მიდამო. აღმოსავლეთით სახლებით დახუნძლული სივრცე მოჩანს. სახლები ციცინათელებს გვანან.
ლეა მიწაზე ჯდება და თოვლის ხელში დამრგვალებას იწყებს. თოვლით დაფარულ ზეწარზე სამი მოთამაშის ნასროლი გუნდები აუჩინარებენ სიასამურებს.
თოვს თავდავიწყებით, თითქოს ყველა ქერუბიმმა ერთბაშად მოინდომა ფრთების დაბერტყვა. ათოვს თბილისის ზღვაზე დაყრილ ყაყაჩოებსაც და ტრაგიკულად ლამაზია ცა.
დაურგველ ხეთა ჩრდილებში
ვცდილობ ტყის ბილიკზე ზანტ, ერთმანეთში გადახლართულ ნისლებს ხელიდან გავუსხლტე, მძულს ეს ტყე, ამ ნისლებთან ჩემი დაახლოების დღეც. აღსარება მინდა ჩაგაბაროთ-მეთქი, - ანაფორიანს ვუთხარი გუშინ. ახლა არ მცალია, გამგებელი მელოდება, სხვა დროს მოდი, პატარა გოგო ხარ, შენ რა ცოდვები გექნება, ყოველთვის მოინანიებო - მომაძახა. სხარტად შეხტა მანქანაში და შავი „პაჯეროც“ დაიძრა, მტვერში გამხვია. მე და ღმერთი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ, რაში მჭირდებოდა მასთან შუამავლები...
ბებიაჩემი ამბობდა, ქალს კაცი სჭირდება პატრონად და მიმხედავადო. კიდევ კარგი, ღმერთი კაცია, თორემ ხომ ვიქნებოდი სულ მთლად უპატრონო. ნეტავ, ღმერთმა თუ იცის, როგორ მძულს ეს სიტყვებიც და ბებიაჩემიც ამის თქმისთვის. რატომ არა ვარ კაცი, ჩემი თავის პატრონი თვითონვე ვიქნებოდი. მშურს ბელასი (ბელა ადრე გელა იყო), რომელიც ზის ალბათ რომელიმე სალონში და ფიქრობს, თუ როგორ დაკარგავს ქალიშვილობას თავისი ოცნების მამაკაცთან, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მამაკაცის სასქესო ორგანო აქვს. ბელა ტრანსგენდერია, უნივერსიტეტში გავიცანი. იმიტომ ვსწავლობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უსწავლელ ქალებს ჩაგრავენო - აღნიშნავდა ხოლმე. შავ მანიკურს რატომ ისვამ, ქალური არ არისო - ერთხელ მითხრა, თითები მოკეცა და ფერად ფრჩხილებს დახედა, მალევე მიხვდა, რომ ასე მამაკაცები დახედავენ ხოლმე თავიანთ ფრჩხილებს, ქალები კი გაშლილ თითებს უყურებენ. თითქოს შეცდომაში გამოიჭირესო და მაშინვე გაშალა ხელი. სოფელში წამოსვლა რომ დავაპირე, ბელა დიდის ამბით დამემშვიდობა, მომენატრებიო, ოჰ, ეს ქალური შეგრძნებებიო - გულაჩუყებულმა თქვა და ჩამეხუტა. იქნებ ქალურმა ინტუიციამ მიახვედრა, რომ ქალაქში ვეღარ დავბრუნდებოდი.
დედა ბოლო ხანებში იშვიათად მირეკავდა, ხმაც შეცვლილი მეჩვენებოდა, ავად ხომ არ არის-მეთქი - ვიფიქრე, ამიტომაც აღარ დაველოდე არდადეგებს და სოფელში წავედი. სახლში არ დამხვდა, საბალახოდან ძროხას როდის მოიყვანს - გავიფიქრე და მის მოსვლამდე მამაჩემის საფლავზე მივალ-მეთქი. გამიკვირდა - ბალახი საფლავს ფარავდა, როგორც ჩანს, დედაჩემს კარგა ხანია არ მოუკითხავს. მახსოვს, ყოველთვის ამბობდა, მიცვალებულების მიტოვება არ შეიძლება, საფლავებს მიხედვა უნდაო. დაუცხრომელ, უნუგეშო სევდით გაჟღენთილი ტირილს ვერაფრით ვახერხებდი და ასე დამძიმებული მივუყვებოდი სახლისკენ გზას. ძია ქუჯეგი შემომხვდა, უსიტყვოდ მომესალმა, მაფიქრებდა ამ კაცის ზამთრისღამისფერი თვალები. იცით, რაღაცნაირი კაცი იყო...
სახლში რომ დავბრუნდი, ეზოში შესვლისას ჯერ სიძველისგან დაშლილი ჭიშკრის ნაწილი დამეცა თავში და შემდეგ - თავზარი, როცა დედაჩემმა კაცზე, რომელიც სახლში დამხვდა, გამომიცხადა: ჩემი ქმარიაო. ხომ იცი, ბებიაშენი ამბობდა, ქალი სუსტია, კაცი სჭირდება საპატრონოდ, მიმხედავადო. კი მაგრამ, სოფელში იმასაც ხომ ამბობენ, ბევრჯერ გათხოვილი ქალი ბოზიაო - გამეფიქრა უნებურად. ორჯერ გათხოვების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ მამა შემეცოდა, დედაზე გავბრაზდი. იცით, რაღაც სხვანაირი კაცი იყო მამაჩემი...
მოულოდნელობის ეფექტით ნაშობი ემოციები თანდათან მინელდა ჩემში, დარდები ტყის ნისლებში მიმოვფანტე. გაბრაზება უგუნებობაში გადამივიდა. ვხედავდი, უამრავი საქმე ჰქონდა დედას, შინ და გარეთ. ვგრძნობდი, ერიდებოდა, ჩემთვის რამე დაევალებინა, არდადეგებზე როცა ჩამოვდიოდი, მეტყოდა ხოლმე, სტუდენტი გოგო ხარ, სოფლის საქმე შენ არ გეკადრებაო. დედა იყო, მეცოდებოდა. მერე გათამამდა, როცა საკუთარი ინიციატივით ვეხმარებოდი და ძროხასაც მატანდა ფერდობებზე - ტყესთან ახლოს.
დედაჩემის ქმარი რაიონის პოლიციაში მუშაობდა და გადიდკაცებული, აბა, ძროხებს ხომ არ დაუწყებდა დევნას. საკაცო საქმეებსაც ჩვენ ვაკეთებდით. ზოგი ჭირი მარგებელიაო -საქმით გადაღლილს მალევე ჩამეძინებოდა ხოლმე და შიმშილს ძილით ვთრგუნავდი. პირველ ხანებში მეგონა, მეჩვენება, რომ ჩვენი ცხოვრება უკან-უკან მიდის, ჩემი მელანქოლიის, უხასიათობის ბრალია-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში აუტანელი შეიქნა ჩვენი ყოფა; ჭუჭყთან ერთად ცხოვრებასაც დავნებდი, აღარ მაწუხებდა გაუპარსავი ფეხები, არც დაუვარცხნელი თმა. საკუთარი ცხოვრებაც უკან ჩამოვიტოვე, როცა იმ კაცის - დედაჩემის ქმრის ვალების გასტუმრების გამო უკიდურეს გაჭირვებამდე მივედით და დედამ მითხრა, სწავლა რომ დაიწყება, ბინის ქირა რითი გადაგიხადო, რას მივაწყდე, აღარ ვიციო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სოფელში მუდმივად ცხოვრებას ვერ შევძლებდი, საოცრად მიყვარდა სოფლის ბუნების სიჯანსაღე, სითამამე და პირველქმნილი ველურობა, მაგრამ როცა ჩემი საზრუნავი გახდა უამრავი რამ და აქ სამუდამოდ დარჩენის საშიშროების წინაშე დავდექი, გაუფერულდა ყოველივე.
იატაკს ვასუფთავებდი, როცა იმ კაცის - დედაჩემის ქმრის ველური გამოხედვა პირველად შევნიშნე, ნახევრად შიშველ მკერდში რომ ჩამშტერებოდა. მაისური მხარზე ჩამომვარდნოდა, სწრაფად შევისწორე. წამოვდექი, სიბრაზისგან სისხლი მომაწვა ტვინში, თავბრუ დამეხვა, წავბარბაცდი.
სიცხემ იძალა, ზაფხული არ თმობდა თავის უფლებებს, დედა კაბას აკერებდა. შევამჩნიე, საყელოდან მხრამდე რომ იყო ჩახეული.
დივანზე ჩამძინებოდა, სიზმარმა შემაკრთო: უამრავი ხე იყო ჩვენს ეზოში, ჩრდილები საზარელ ფიგურებს ქმნიდნენ და ქალაქისა და სოფლის სივრცე ერთმანეთში გადადიოდა თითქოს, ნისლები იჯაგრებოდნენ. თვალები რომ გავახილე, ის კაცი მიყურებდა, იღიმოდა რაღაც ველური ენერგეტიკით დამუხტული. ხელი დაბლა წაიღო, შარვალი გაიხსნა, აჩქარებული ტემპით მოძრავი სისხლი ძარღვებს უფართოებდა, თვალები უწითლდებოდა. ხელი საცვალში ჩაიყო და გამომწყვდეული გაათავისუფლა. პირველად იდგა ჩემ წინ მამაკაცი შიშველი ასოთი. სხეული მეწვოდა, რაღაც შიგნიდან მჭამდა, ზიზღი, შიში, აგრესია... დანაწევრებული ფიქრები ერთმანეთს მისდევდნენ, მაგრამ ვერაფრით ლაგდებოდნენ, ცნობიერი მკარნახობდა, რომ უნდა გავცლოდი ამ კაცის ბილწი ხედვის არეალს, უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, შევტრიალდი და გაქცევა დავაპირე, თუმცა მაგიდას დავეჯახე. სახეში დარტყმის ძალა ვიგრძენი, შიგნიდან მტკიოდა რაღაც, საგნები ფორმას კარგავდნენ, ნაცრისფერ სიბლანტეში ინთქმებოდა ყველაფერი, რაღაც ძალამ შემისრუტა, გავუჩინარდი. უმწეო ამინდი ღრუბელთა სურვილს ნებდებოდა. გადახსნილი ციდან მომავალი უმანკო წვეთები ხმელეთის სიბილწესთან ჯვარდებოდნენ...
საყელოდან მხრამდე ჩახეული, უბიწოებაშემხმარ-შეხიზნული კაბა თითქმის ერთი თვის შემდეგ დავწვი ტყეში. ერთხელ ბელამ მითხრა, მომიყევი, როგორი იყო შენი პირველი სექსიო. მე კიდევ, რატომღაც იმის თქმას, რომ ჯერ კიდევ ქალიშვილი ვიყავი, ვამჯობინე, მეფანტაზიორა და განუხორციელებელი აქტის შესახებ მომეყოლა. აღფრთოვანებულმა ბელამ (გელამ) მონათხრობს თეატრალიზებული სექსი უწოდა. როცა ბურუსი თანდათან მინელდა და რეალობა ობიექტურად აღვიქვი, მინდოდა, ბელასთვის დამერეკა, ყველაფერი მომეყოლა, მეთქვა, რომ ქალიშვილობასთან ერთად იმ „თეატრალიზებული სექსის“ მოლოდინიც დავკარგე. ისიც მეთქვა, რომ მხოლოდ გაუნათლებელი ქალები არ არიან ძალადობის მსხვერპლნი. დედაჩემი თითქმის არ მელაპარაკებოდა, თითქოს სამაგიეროს მიხდიდა ჩემი ერთთვიანი სიჩუმის წილ. როგორ მელაპარაკა, რა მეთქვა?! ისიც კი მითხრა, ასეთი უჟმური ვის დაემსგავსე, არაფრად რომ არ მაგდებ და არც მელაპარაკები, რა შეგიჩნდა ასეთიო.
ბავშვური განცდები თანდათან მინელდა ჩემში, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრება ამ მოკლე ხანში ჩავტიე. სამზარეულოში გასასვლელი კარი ნახევრად ღია იყო, დედა საჭმელს ამზადებდა, იმ პირუტყვმა ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა, თავი ვეღარ შევიკავე, მის კალთაში აღმოვჩნდი, მკერდზე მწვდა გაშმაგებული, იატაკზე ჯამის დავარდნის ხმამ შეაკრთო, ხელი გამიშვა. იმ დღის მერე ვამჩნევდი, როგორ ემატებოდა ნაოჭები დედას ყოველდღე. ავადმყოფური იერი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანულად არაფერი აწუხებდა. ერთმანეთის თვალთვალს დაემსგავსა ჩვენი ურთიერთობა. ნუთუ ვერაფერს ხვდებოდა, ნუთუ არაფერი იცოდა... ბოლო დღეებში ისე მიყურებდა, როგორც დედები უყურებენ შვილებს, როცა მათი გასაჭირის შესახებ იციან. დაკრძალვის დღეს მესმოდა მეზობლების ლაპარაკი - ჩემზე ამბობდნენ, სულ მარტო დარჩაო. რა იცოდნენ მათ, რომ უკვე კარგა ხანია მარტო ვიყავი. დედას რომ უკანასკნელად შევხედე, ფარული დარდით გარდაცვლილს ჰგავდა.
მისი სიკვდილის მერე, ერთადერთხელ ვნახე ის პირუტყვი, როცა თავისი ნივთების წასაღებად მოვიდა. ამჯერად უხეშობის გარეშე შეეცადა ჩემს დამორჩილებას, ხელზე ვუკბინე, გამწარდა და გაველურდა, ოთახში ძია ქუჯეგი შემოვარდა; სანამ ქვეყნის მადლი არ მოვისხი, ტვინი არ გაგასხმევინე და შენი ნაკეთები საქმეები სოფელს არ გავაგებინე, დროზე გაეთრიე აქედან, ბელზებელის შვილო შენაო! - უღრიალა. პირველად ვნახე ეს კაცი წყობიდან გამოსული. სანადირო თოფი ხელში დაეჭირა და თვალებდახრილი იატაკზე აკვირდებოდა ჩრდილად გამოკვეთილ ჩემს სილუეტს. რამდენიმე დღის შემდეგ საწყალი ქუჯეგი მეზობელს უპოვნია მკვდარი. გულაღმა ეგდო, შუბლი გადახსნილი ჰქონდაო. უცნაური კაცი იყო, არასდროს ლაპარაკობდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საეჭვო საქმეებში იყო გარეულიო - ჰყვებოდა. ძმისშვილმა მოაკითხა გარდაცვლილ ქუჯეგს. ბიძაჩემის საქმის გამოძიება ვისთვისაც დაუვალებიათ, დედაშენის ქმარი ყოფილა თურმე, როგორი პოლიციელია, მალე გაარკვევს საქმესო? - მკითხა. ნამდვილი ძაღლია-მეთქი - მოკლედ ვუპასუხე, თავს ვეღარ მოვერიე და ცრემლებმა ნაადრევად გაჩენილ ნაოჭებში გაიკვლიეს გზა.
დავიღალე უმწეო გაბრძოლებებით. ისევ ბებიაჩემის სიტყვები მახსენდება, ასე რომ მძულს თქმულიც და მთქმელიც. ვფიქრობ, რომ გავყიდი ამ ცოდვით ნაშენ სახლს. საფლავებსაც მივატოვებ და წავალ ქალაქში. ესეც უიმედო სევდის გაბრძოლებაა. ვიცი, უამრავი დაურგველი ხე აშრიალდება ამ ეზოში, წლები გავა და ამ სახლს არ იყიდიან, რადგან მოხუცების გარდა სოფელში არავინაა. იქნებ ბელასავით მეც შევიცვალო... ან იქნებ, დავურეკო და ვუთხრა, ქალი სუსტია, პატრონი სჭირდება, მიმხედავი, აქ ჩამოდი ჩემთან, სოფელში, ერთმანეთს მივხედოთ-თქო. ტყიდან გასვლამდე მომდევენ ნისლები საიდუმლოს გამხელის მოლოდინში, თუმცა მოსაყოლი ამჯერად არაფერი მაქვს, აღარც პაპა ქუჯეგია, აღარც ის კაცი - დედაჩემის ქმარი, აღარც დედაჩემი - იმ კაცის ცოლი და მეც ნახევრადღა ვარ.
ღამე დიფუზირდება და ნისლში იძირება ამ ქვეყნის სევდა.