ხმა და სიცარიელე


ხმა და სიცარიელე




     ,,იქნებ სიკვდილიც მშვენიერებაა მხოლოდ, ანდა მშვენიერება თავისთავად წამებულის ნიჭია, ნიჭი კვდომასთან მარტო დარჩენის.“

მიკა ალექსიძე,

,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“

 

          მიკა ალექსიძის მოთხრობების კრებული ,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“  პირველად 1985 წელს გამოქვეყნდა, მეორედ - 1992 წელს. ქართულ პერიოდიკაში  იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და ლექსებიც. იმის მიუხედავად, რომ მიკა ალექსიძე თავის დროზე შეუმჩნეველი არ ყოფილა, - მან მაშინვე მიიპყრო პროზაიკოსი კოლეგებისა და ინტელექტუალების ყურადღება, იგი მაინც უცნობი დარჩა მკითხველი საზოგადოებისთვის.

         მიკა ალექსიძის მოთხრობების სრულყოფილებაში ადამიანის სულიერი სიღრმეების მშვენიერ და საშიშ იდუმალებას ვკითხულობდი; და ამ იდუმალებასთან და მშვენიერების სულიერ ამბავთან ერთად - იმ უსამართლობასაც, რომელშიც მოთხრობებისა და მისი ავტორის ბედი აღმოჩნდა გახვეული... სამწუხაროა, რომ არსებობს ოცდახუთწლიანი სიჩუმე, დავიწყება, რომელმაც ეს ქმნილებები ლიტერატურის   სივრციდან ამორთო.

        საბოლოოდ, ყოველგვარი ადამიანური ბედისწერა, ალბათ, დროის ბედისწერაში იყრის თავს. მიკა ალექსიძის მოთხრობები 80-იან წლებში იწერებოდა. ეს იყო ისტორიული ძვრების - საბჭოთა კავშირის ,,გარდაქმნის“, ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოებრივი დუღილის დრო, როცა გლობალური დინება ადამიანთა მასებს თითქოს მათი ნების კარნახით მიერეკებოდა. მაგრამ სწორედ დიდი მოვლენები აქცევს ადამიანს მარიონეტად, სათამაშოდ, რომელსაც დინების ისტერიის გარეშე არ შეუძლია, რადგან ესაა მისი სცენა, მისი პერსონალური დრამატურგია  თავისუფლების შესახებ. სინამდვილეში, ამ მითოლოგიას სხვა ავტორი ჰყავს - დრო, რომლის ინსტრუმენტები დინება და კალაპოტია. რაც უფრო ძლიერია დინება და ფართო კალაპოტი, მით მეტია თავისუფლების ილუზია. 80-90-იანი წლების მხურვალე სამოქალაქო მღელვარებები დროის დინებაში ჩავარდნილთა მძიმე ისტორიაა საზოგადოებრივი ფსიქოზისა და სამოქალაქო ომის ტრაგიკული შედეგებით. თითქოს აქ, ამ ეროვნულ ჯოჯოხეთში იყო ადამიანური ყოფიერების ეპიცენტრი, მაგრამ დროის ხმაურიანი ფერების უკან ისტორიის ნეგატივი სხვა რამეს ამბობს. ამბობს იმას, რომ ნამდვილი სინამდვილე დროის ფერხულის მიღმაა და ამ სინამდვილისთვის არაფერია იმაზე დიდი ცოდვა და სიმხდალე, ვიდრე ბავშვად და შეშლილად არყოფნის ბრმა ძალა, რითაც ადამიანები თავს იცავენ ზრდასრულობისა და სისავსის აკრძალული უმანკოებისაგან.

        მიკა ალექსიძის მოთხრობებში ვერ ნახავთ ამბებს. და ვერ ნახავთ არა ლიტერატურაში ამბების გაქრობის ცნობილი გამოცდილებების დარად, არამედ ამბის მიმართ თავისებური მოპყრობის გამო: ამ მოთხრობებში ადამიანებს კი არა აქვთ ამბავი, არამედ თვითონ ისინი არიან ამბები. ეს მოთხრობები მათი ყოველი მოძრაობის, ყოველი ჟესტის, მათი გრაციოზული სევდის დამახსოვრების რიტუალია, მათი კადრირება  და უკვდავყოფა ენის დაცულ მეხსიერებაში. 

       ამ მოთხრობებში ვერ ნახავთ გაქცევისა და ბრძოლის ფსიქოლოგიურ ამბებს. ეს უფრო მორჩილების ისტორიებია, თავისუფლებისადმი მორჩილების ამბები, როგორც უზარმაზარი ამბოხი იმ გაუგებრობების მიმართ, რომელიც ადამიანურ ბედისწერებში გამოყოფს ხოლმე თავს და შთააგონებს მას თვალი გაუსწოროს ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიკეთის დარღვეულ იგივეობას. თავისუფლებისადმი მორჩილების დრამატული ისტორიაც აქედან იწყება: დროის საკანში სიყვარული ყოველთვის გარეთაა, რაც გვაიძულებს არა რაიმესთან ბრძოლას, არამედ - მორჩილებას თავისუფლების შინაგანი კანონების მიმართ, თანხლებულს რწმენით, რომ დრო თვითონ გაიპარება, დრო გავა მისთვის უადგილო სივრციდან. მაგრამ ეს მოთხრობები არც ოპტიმისტურია, არც - პესიმისტური, ხედვის ასეთი ზოგადი ფოკუსი მათ არა აქვთ. ეს არის თვითონ ხედვის შესახებ მოთხრობები, რომელნიც თუ სადმე იყურებიან, ისევ საკუთარ თვალებში, რომელშიც პერსონაჟები თავიანთ მარადიულ ბავშვობას უმზერენ.

       და სიმართლე, რომელშიც მსგავსი სულების შემხვედრი მზერა ერთმანეთს სცნობს, სულიერი და ფსიქოლოგიური განცდის შიზოფრენიულ აგონიაში ძერწავს სინამდვილის არარსებულ სხეულებს. აქ ხდება დიდი სიყვარულისა და დიდი შიშის ომი, რომელშიც იმარჯვებს ადამიანი, რაც ნიშნავს, იმარჯვებს მარტოობა - ბედნიერების ეს არასასურველი ნაყოფი, რომელიც ამბობს იმას, რომ სიყვარული სიკვდილისა და სიცოცხლის შეუღლებაა. რომ სხვა მშობელი მხოლოდ სუროგატია.

       მიკა ალექსიძის მოთხრობებში სიუჟეტები პერსონაჟთა სულისა და ბედის დრამატულ განვითარებას მიჰყვება, მაგრამ ტექსტების, თუ შეიძლება ასე ითქვას, განწყობილებითი პოზიცია - ეპიკურია: მთელი ეს სულიერი ბზარები, რყევები, მთელი სულიერი სინამდვილე სამყაროს მთლიანობის, მისი სიმაღლისა და დიდებულების განცდიდან არის დანახული. სულიერი დრამატიზმისა და ეპიკური თვალის შერწყმა სინტაქსური დინამიკის ნაწილია, როგორც მუსიკალური თემა, რომელიც თავისი კონტრაპუნქტისკენ მოძრაობს.

     თუ მხატვრული განწყობილებების ფსიქოლოგიას მივყვებით, მაღალი ლიტერატურა მას არა შინაარსში, არამედ ფორმაში გამოხატავს: ის, რაც ფორმის ოპტიმიზმია, უკვე რწმენაა, რაც შინაარსის - მხოლოდ იმედი.

     მიკა ალექსიძის მოთხრობები არაფერს იმედოვნებენ, მათ მხოლოდ სწამთ.  ამიტომაც მისი მხატვრული ენა პერფორმატულია, არტისტული. ეს არის გამოხატვის ერთგვარი ზეიმი, წარმოდგენა, რომელშიც ენობრივი მოქმედება, მხატვრული ხმა  შინაგანი მიმოხრის, ენერგიისა და წყობის ყველაზე ღრმა და ფაქიზ ძალებს იყენებს.

       ამ მოთხრობების კომპოზიციაში ერთმანეთისაგან ვერ გავყოფთ თხრობასა და ამბავს. თემატურ განწყობილებებში ისინი ერთმანეთს გადაფარავენ. მოთხრობაში ,,ბაბუში“ თორმეტი წლის ბავშვის თვალით დანახული სამყარო იმ სევდას ატარებს, რომელსაც დამწვარი სახლის, ობლობისა და სატუსაღოს დამღა ატყვია.

 

      ,,ბაბუშის კი მეზობლის გადამწვარ სახლზე უნდოდა ელაპარაკა, უნდოდა ყველაფერი დაწვრილებით ეამბნა, რაც ნახა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ეს ყოველივე საოცრად მარტივად გამოჩნდებოდა სულ ცოტა ხნის შემდეგ. თოფის ლულაზე შემოსმული, წამომხობილი საწუთრო მღვრიედ იწელებოდა და ისე მიაფარფატებდა მათ ხმასა და სხეულს, როგორც გზაზე ქარისაგან ათრეულ ქაღალდის ნაფლეთს. ამისთვის ყველაფრის დარქმევა შეიძლებოდა, თუნდაც თავისუფლებისა. ამიტომ აღარავის შეხებია ეს სიტყვა იმდენად, რომ ლაპარაკის საბაბი შექმნილიყო. ბაბუშისთვის მეზობლის დანახშირებული სახლი იყო უდიდესი მწუხარების თავი და თავი და ასე ეგონა, რომ ამაზე დაუსრულებლად შეიძლებოდა ელაპარაკათ. აქ კი ,,სახლი ვის რაში არგიაო“,  ჩაესმა უცებ და იგრძნო, როგორ აჰყვა ქარს მღვრიე, დაწეწილ ბოლქვებად კვამლი და სადღაც ნისლს მიღმა მიერთო“ (,,ბაბუში“).

 

      საქართველო ზღვისა და მთის ქვეყანაა. დასავლეთი საზღვარი შავ ზღვაზე, ჩრდილოეთი - კავკასიონზე გადის, სადაც ოდესღაც ღმერთებს მითიური ამირანი (ბერძნული პრომეთე) მიუჯაჭვავთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ სიმბოლური აზროვნება აქ ზღვითა და მთით ბუნებრივად აღბეჭდილიყო. ზღვა და მთა ლიტერატურაში, ძირითადად, მხატვრული გეოგრაფიის ნაწილია (რა თქმა უნდა, არაშემთხვევითი), მაგრამ კონცეპტუალურ სახედ გარდაქმნა, როგორც ეს თომას მანის ,,ჯადოსნურ მთაში“, ჰემინგუეის ,,მოხუცი და ზღვაში“ ან მელვილის ,,მობი დიკში“ ხდება -  იშვიათია. ქართულ ლიტერატურაში მთის მხატვრული ტრადიცია ბევრად დიდია, ვიდრე - ზღვის. იგი უფრო ძველიცაა: ზღვის ლიტერატურულ სახეს წინ უსწრებს ზღვის მითოსი (არსებობს ზღვისა და დედის კოსმიური წყვილის მითოლოგემა მთის (სვანეთის) მითოსურ გადმოცემებში). ზღვის ლიტერატურულ გამოხატვას თავისი ისტორიული და კულტურული განპირობება აქვს და ეს სხვა საუბრის საკითხია. მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში არსებობს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებისა და ოთარ ჭილაძის პროზის ზღვა. ამ კონტექსტის სიცარიელეს ავსებს მიკა ალექსიძის მოთხრობა ,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ’“, რომელიც მთლიანად არის შთაგონებული ზღვის თემით, უფრო სწორად, ზღვის მისტიკითა და პოეზიით.

  

     ,,ზღვა კი იმთავითვე თან დასდევდა ნიკას, ზღვამ ყველაფერი იცოდა, ამიტომაც სადაც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარი სხეულივით თან დაატარებდა ზღვას, თუნდაც სევდა და ტკივილი მოჰყოლოდა ამას, თუნდაც განუზომელი ტყუილი და სასჯელი. გრძნობდა, ზღვა მარტო ნეტარებისა და შენდობისთვის არ სჭირდებოდა, იცოდა, რომ ზღვა რაღაცით უფრო დიდია, ვიდრე ნაღდი, ვიდრე შენდობა. ამიტომ მუდამ ფიქრობდა ნიკა, რომ ისევ ზღვა უნდა მოებოძებინა მისთვის, თუნდაც ხანმოკლე სიმყუდროვე და ღამეებში ჩარჩენის ნიჭი.“ (,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“).

 

     მიკა ალექსიძის მოთხრობებში მთელი სამყარო ემოციური განცდის ნაწილია. უფრო ზუსტად, ამ განცდებში იბადება და არსებობს იგი. ამის გამო ობიექტური საგნები, სულიერი დრამა და მხატვრული ლირიზმი მათ ბუნებრივ მთლიანობაში ონტოლოგიური მოცემულობაა. სხვაგვარად, უბრალოდ, არ ხდება. ამიტომ არაფერი განარჩევს ერთმანეთისგან ქალსა და ზღვას, როგორც ორ მსგავსებას, ძვირფას მსგავსებას და ამ მსგავსებაში თავისუფლებისა და სიყვარულის ურთიერთბრძოლისა და ურთიერთმორჩილების გამოუვალ დილემას.

 

      ,,აი, ქალი გამოვიდა ზღვიდან, ზუსტად თმას იწურავს და მეც ზუსტად იგივე გავიფიქრე: ,,ეს ქალი მართლა ლამაზია“, მაგრამ ახლა შეიძლება დამხრჩვალიყო და მე ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვასწრებდი... ჰოი, წარმტაცო ქალო, ოდნავ ჯიშიანო... ცრის, რას იზამ, არც წვიმს, არც თქორავს, ცრის, ინტელიგენტურად ცრის... რა უნდა იყოს ამაზე კარგი და სასურველი... არადა ეს ქალიც როგორ მომესურვილება ხანდახან, ეტყობა შორიდან ეს ქალიც ცრის, საშინლად ცრის, აუტანლად ცრის, მისტიურად ცრის... მე ვერ ვწერ ამ ქალზე იმიტომ, რომ მომესურვილება ხოლმე, ოხ, ეს ინტელიგენტური სიყვარული, თანაც ზღვასთან, უფრო სწორად, ზღვიდან ქალამდე... აბა რა ვქნა, ასე უნდა ვიარო, ზღვიდან ქალამდე - ზღვიდან ქალამდე... ზღვიდან ქალამდე და უკან...“ (,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“).

 

        მიკა ალექსიძის მოთხრობების პოეტურ სამყაროში ბუნების განცდაც თავისებურია და ახალი. ამ თვალსაზრისით ქართული ლიტერატურა განსაკუთრებით მდიდარია. შეიძლება ვთქვათ, ბუნების თემით ქართულმა ლიტერატურამ არა მარტო სხვა ლიტერატურების გამოცდილებები გამოიარა, არამედ შექმნა საკუთარი, უნიკალური მხატვრული რეალობები, რომლებიც დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია, თუნდაც,  მთისა და ბარის, როგორც მაღალისა და დაბალის, ნაცნობისა და უცხოს პოსტკოლონიალური დისკურსის კონტექსტში...

        მაგრამ ამ კონცეპტუალური დიქოტომიის გვერდით არსებობს ბუნებასთან ადამიანური დიალოგის, მისი ანთროპოსოფული ხედვის ლირიკული ტრადიციაც.  ამ ტრადიციის  ნაწილია მიკა ალექსიძის მოთხრობები.

 

    ,,მერე მოვიდა ზამთარი, რომელიც ადრეც წვიმებით იწყებოდა, მაგრამ იმ ზამთრისპირს განსაკუთრებით საამოდ წვიმდა. მომეტებული სიჩუმითა და სიხშირით, ნელა ეშვებოდა წვიმის ფარდა და უკვე ქარვისფერს ლეგა ფერები სჭარბობდა. ზეცაც სადღაც შორს მიიწევდა, სხვა შენობათა სახურავებისაკენ, ნიკას თვალებში ვერ დატეულიყო თითქოს. მერე ხეებიც გაშიშვლდნენ, ჩამომახინჯდა მათი ერთ დროს მშვენიერი სხეული, ახლა ისინი მთლიანად მიწას მოწყვეტილნი ჩანდნენ, ცალ-ცალკე ტოტებად დაჩეხილნი, ამღვრეულ სივრცეში განფენილნი, მოშავონი, უხერხულად ატოკებულნი, და ნიკა უკვე დამწუხრებული თვალით დაეძებდა ცას, რომელიც აღარ მოდიოდა მასთან...“ (,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“).

 

      თუ ლიტერატურა აზრების, ემოციების, სიტყვების მოულოდნელი კავშირის, საგანთა მოულოდნელი განლაგების სამყაროა, მიკა ალექსიძე ამ მოულოდნელობების დიდი ხელოვანია. მოულოდნელი კავშირების სულიერი გამოცდილება კი იმათი ძალაა, ვინც სამყაროს ფსკერს გული შეახო და ამოიცნო მისი იდუმალი ნასკვი. სხვაგვარად აბა როგორ შეიძლება მხატვრულ ერთარსად  გამოძერწო ეროტიზმის, დროისა და სიცარიელის წინააღმდეგობრივი ბუნება: ,,სიყვარული“, ,,ისტორია“ და ,,არაფერი“ მათი ურთიერკავშირებითი ბუნებით გამოხატავდეს სიცოცხლისა და სიკვდილის ამბივალენტურ დიქოტომიას და თან მახვილი მზერით გადაწვდეს საკაცობრიო  ბედისწერის  პათოლოგიებს?!  რომ პოლიტიკა პათოლოგიაა, რომელშიც სამყაროს წესრიგის საღი ხედვა გამრუდებულია. აქაც, მხატვრული აზრის ქვეტექსტში, იკითხება სამყაროს მთლიანობისა და ბუნებითი მშვენიერების მიმართ ადამიანური სიხარული და მისი ამოყირავებული, ამოცარიელებული რეალობისადმი  ტკივილიანი დანანება:

 

       ,,საოცარი იყო ქალი უსამანო სიცარიელეში, სადაც მათ შორის მთელი საუკუნე ჩამდგარიყო ან უფრო მეტი, სადაც რაიმე რეალურთან მიახლოებას იქნებ იმდენი ძალა სჭირდებოდა, რამდენიც ხელახლა გაჩენას და რა გასაკვირია, თუ ხელახლა გაჩენა კიდევ უფრო ზარავდა ნიკას, რადგანაც უეცრად მიხვდა, რომ ჯოხზე ლეკვივით ხტომა კი არ ყოფილა ყველაზე საშიში ან როცა ფეხის გულებში დაუსრულებლად გცემენ, არამედ როცა სიცარიელეში გხედნიან, სიცარიელეში, სადაც ამბოხს და გაძალიანებას არც აზრი აქვს, არც ვნება, სიცარიელეს არაფერი აკლდება მაინც. ბოლოს მგელი და ძაღლიც, გაქუცულნი, აეკვრიან თავიანთ ლანდებს, როცა ქანცგაწყვეტილნი იგრძნობენ,  რომ დრომ მაინც აჯობა ეშმაკობით და სადაც პირდაპირ შესაძლოა, მცირე წინააღმდეგობას წასწყდომოდა ან რაღაც არ გამოსვლოდა,  რაღაც გართულებოდა, სულ უბრალო გზით მოახერხა, რომ თავიდან აეცილებინა თუნდაც უკმაყოფილო სახეების ბორგვა. დრომ გაულეველი გზით შეიპატიჟა თავის საუფლოში, სადაც წინააღმდეგობით თავადვე იღლებიან, ბატონმა დრომ კი მშვენივრად იცის, რომ სიკვდილზე მეტად გაულეველია იგი - სიცარიელე - და ამისათვის უამრავი ხერხი მოიგონა. იქნებ აქედან, ამ მასალიდან იძერწებოდნენ დასაბამიდან მწამებლები, სადისტები და დიქტატორები, ეგებ ამიტომ ასე პირწავადნილად ჰგავდნენ თავადაც დროსა და ეპოქებს, რადგანაც ისინი, ისტერიულ აგონიამდე მისულნი, დროის სახელით ქმნიდნენ მორჩილების, თვინიერების, სიბეჩავის ქსოვილს, უფრო სწორად, არარსებულ, არარეალურ სინამდვილეს კონკრეტულად არსებულთათვის, და თავადვე ფანატიკურად შეპყრობილნი, ყოჩებივით თავაღერებით მიუძღოდნენ დედამიწას ამ სიცარიელის გაულეველ გზაზე“ (,,სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“).

 

        რა არის ლიტერატურა, თუ არა სინამდვილესთან ზღვარის წაშლის ილუზია, უფრო სწორად, სინამდვილის თარგმანი, რომელსაც არა აქვს ვალდებულება, ცხოვრების სურათის ტრივიალურობას პირდაპირ იმეორებდეს. ამიტომ ,,თარგმანის“  მოვალეობაც კია, მეტი იყოს ,,ორიგინალზე“. ლიტერატურის ისტორია ამ მოვალეობის ოსტატობის ისტორიაა. მიკა ალექსიძის ერთ მოთხრობაში - ,,მდუმარების მეჯლისი“ -  წერა ნაწილია ცხოვრების, რომელიც თვითონაც მხატვრულ აქტია. აქ წერა არც არაფრის შეჯამებაა, არც - გაგრძელება, იგი სრული ჩართულობაა  სიცოცხლის კანონებში:

 

    ,,დიდი ხანია ცისთვის აღარ შემიხედავს ესოდენ მშვიდად. ავხედავდი წინათ, ამემღვრეოდა, ამოტორტმანდებოდა თვალწინ, დამფარავდა, დამახრევინებდა ქედს, დაბეჩავებულ ხარს მამსგავსებდა. ამიყვანდა მერე წყვდიადში, შავ მუჭისხელა ლაქად მაქცევდა, უმოწყალოდ ისე დამანარცხებდა მიწას, რომ დაბღავლებასაც ვერ ვასწრებდი ხოლმე. თუმცა ხარის აღსარება სად გაგონილა... ტყვიისფრად  დაფენილ ცაში მე პოეზიას კი არ ვხედავდი, არამედ უმწეოდ მიწაზე დასათხლეშად ატატებულ პატარა ლაქას... ასე  იწყებოდა ჩემს სიყმაწვილეში ერთი უბრალო მოთხრობა, რომელსაც სათაური ვეღარ მოვუფიქრე და ,,ქრისტეს თვალები“ დავარქვი რატომღაც. ეს იყო ძალზედ ბავშვური, გულუბრყვილო მოთხრობა მდაბიორზე, რომელსაც საკუთარი რაიმე ცოდვა კი არა, საკუთარი მეძავიც კი არ გააჩნდა, თუნდაც ერთი ღამით. და მაინც ერთხელ მიმწუხრისას ქუჩაში მარტოდ მოარულს უეცრად ჩაესმა: ,,შენ უკვე არაფერს აღარ ჰგავხარ, შვილო ჩემო“ (,,მდუმარების მეჯლისი (,,იქნებ ყველაზე ალოგიკური ამბავი“).

 

     და მერე ვკითხულობთ უმშვენიერეს პოეზიას იმის შესახებ, როგორ გამოიხმობს არარსებობა არსებობის ეფემერას, სიკვდილი - სიცოცხლის მითს, და რომ, საბოლოოდ, სიცოცხლე თავის ბრძნულ არასრულყოფილებაში როგორ აბამს ბედნიერების  ნატიფ ხაზებს ტკივილისა და არყოფნის გულზე. სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ მოთხრობაშია გადმოცემული - ეს არის სამყაროს სინათლის ხედვა მისი ბნელი, დაფარული მხრიდან, ეს არის სამყაროს ამოყირავება, დაშლა უმარტივეს ნაწილებამდე, რომ მისი არსის ყოველი წვრილმანი მისი განცდის ყოველ წვრილმანს დაუსაბამდეს.

       როგორც შეუძლებელია მოყვე მუსიკა, ისე შეუძლებელია მოყვე მიკა ალექსიძის მოთხრობები. ამიტომ ისინი უშუალოდ უნდა განიცადო. და მაინც, რა არის ამ მოთხრობების სათქმელი, რის შესახებ ყვებიან ისინი? ალბათ იმის შესახებ, თუ როგორ სუნთქავს სამყარო; რომ პოეზია სიცოცხლის არტერიაა, რომელშიც სამყარო მიედინება და გვერდით ტოვებს ცხოვრების ფუყე სისავსეს, რომელსაც შეუძლია სუნთქვაშეკრულმა ჯიუტად იდინოს, რომ მერე სადღაც, როგორღაც ადამიანების კერძო ბედისწერაში მარადიული და დროული ერთმანეთს მაინც შეაბას და შეაერთოს...

 

7 -13 ნოემბერი,

ბათუმი,

2017 წელი

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE