ბესო სოლომანაშვილის „ობიექტურობა“


ბესო სოლომანაშვილის „ობიექტურობა“




ბესო სოლომანაშვილს სოლოლაკში ერთ პატარა, მშვიდ კაფეში ვხვდები. თბილისს ჯერ არაფერი ეტყობა იზოლაციის, ქუჩები გადატვირთულია, ხალხით სავსეა სავაჭრო ცენტრები და ტრანსპორტი - ქვეყანაში ჯერ არცერთი COVID-19-ით ინფიცირებული არ გვყავს, გარეთ კი ადრიანი, მზიანი გაზაფხული დგას. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ჯერ მხოლოდ ჩინეთიდან იტყობინებიან...

ჟურნალის ეს ნომერი საზღვრებჩაკეტილ, იზოლაციაში წასულ „ონლაინქვეყანაში“ გამოვა. სამყაროს ცვლილების ასეთ აჩქარებული კადრებისთვის ჯერ არასდროს გვიდევნებია თვალი… თუმცა ვინც ბესო სოლომანაშვილის პირველი რომანი და ჯერჯერობით ბოლო წიგნი, "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" წაიკითხა, შეიძლება თქვას, რომ ერთგვარი ცვლილებები უკვე „ნახა“, სამყაროს ამომყირავებელ ამბებს ისეთი „ობიექტივიდან“ შეხედა, სისხლის უმცირესი შხეფებიც რომ ჩანდა და რძეში ამოვლებული იების სურნელიც თითქმის რომ იგრძნო.

"ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" სწორედ „ცვლილებაზე“ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია, რაც ამ ბოლო დროს წამიკითხავს. როგორ იცვლება ისტორია, ქვეყანა, ადამიანი, რატომ, რა დრო სჭირდება და ზოგჯერ რა მოაქვს ცვლილებას. ავტორის „ობიექტივში მოხვედრილ“ მე-20 საუკუნეს ისეთი ძალა და ეფექტი აქვს, რომ მთელი ეს „ალუზიური მისტიფიკაცია“, როგორც მას ავტორი უწოდებს, შეიძლება ბოლომდე დაიჯერო. შეიძლება ისიც დაიჯერო, რომ ჯვარნაკრავი მართლა არსებობდა და იოსება-გოგოც მართლა  ჰყავდა.  საკუთარი სიზმრები და განცდები კი თედოს განცდებსა და სიზმრებზე დამაჯერებელიც კი არ გქონდეთ. მთელი ეს „ობიექტური“ სურათები, - ამ შემთხვევაში უფრო იმ ობიექტივს ვგულისხმობ, უმცირეს დეტალსაც რომ ვერ გამოაპარებ, - ბესოს სოლომანაშვილის სტილი და ოსტატობა უფროა, ვიდრე პროფესიის გავლენა. ვფიქრობ, მედიის, კინოს და „ახალი ვიზუალის“ ამ საუკუნეში ტექსტების ასეთ „ობიექტურობას“ კიდევ უფრო მეტი ფასი და ძალა აქვს. ჰო, თედო მართლა არსებობდა, უფრო სწორად, თედოს პროტოტიპი ჰყავდა.

ბესო სოლომანაშვილი პროფესიით მხატვრული კინოს რეჟისორია. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო პრიზი. თამაშობდა ფილმებშიც. გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული: „კონტრაბანდისტები“, „ზამორა“, „რეისი ლონდონი-ზუზუმბო“... სამჯერ გახდა პენ-მარათონის პრიზიორი.

ბესო სოლომანაშვილისთვის ახლა კარგი დრო დგას. ბანალურად რომ ვთქვა, კარგი შემოქმედებითი დროო, - ამბობს. ამზადებს მოთხრობების კრებულს, რომელიც უნდა, წლის ბოლომდე გამოვიდეს. მალე დაასრულებს თამრი ფხაკაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმს - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“. და კიდევ, წერს ახალ რომანს, რომელსაც „მილენიუმი“ ერქმევა და ამ წიგნით ტრილოგიაც შეიკვრება. პარალელურად მუშაობს ტელევიზიაში, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი რეჟისორია.

„დავიწყე ახალი რომანი. მგონი, ტრილოგიასავით გამოდის. თუ ისტორიის ქრონოლოოგიით გავყვებით, "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა", პირველი წიგნი აღმოჩნდება, მეორე „ზამორა“ - რომელიც მანამდე დაიწერა და მესამე, - „მილენიუმი“ დაამთავრებს ტრილოგიას. 1996 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიებში და ეს გადარჩენის წლები იყო, ძალიან შევყევი და შევრჩი. საერთოდ არაფერს არ ვნანობ, მაგრამ ხანდახან ფიქრობ, რომ რაღაცები გამეწელა, ძალიან ბევრი შევწირე გადარჩენას. ეს „შევწირეც“ რა, ჩემი შვილები გავზარდე. ახლა უკვე დიდი შვილები მყავს, უფროსი 30 წლის არის, მეორე ოცდახუთის და მესამე თხუთმეტის"... და ჩემი მეუღლე ქეთი, რომელმაც ის რუტინაც გამაძლებინა, ჩემს უამრავ ადამიანურ სირთულეებსაც გაუძლო და ერთ-ერთი პირველი მკითხველია ჩემს შვილებთან და ძმასთან ერთად, სულ ინარჩუნებს იმ პირველ მომხიბვლელობას და სითბოს. მე კი ვეღარ გამოვედი რუტინიდან. უცნაური რამ მოხდა, თვითონ ტელევიზიამ გამწირა, გამომიშვა 2016 წელს. ტელევიზიაში, სადაც ძალიან დიდხანს ვიმუშავე, ძალიან უსამართლოდ მომექცნენ. უსამართლოდ, რა, კომერციულია, აღარ აწყობდა ადამიანი და უთხრა, კარგად იყავიო. ამის შემდეგ, საზოგადოებრივ არხზე, იკო ჯიბღაშვილის და მაია ბურჭულაძის სცენარით, დეტექტიური სერიალი გადავიღე „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“, პირველი მცდელობაა კომიქსის ჟანრში ქართულ ტელევიზიაში, საკმაოდ საინტერესო ვიზუალით, შემდეგ კი ჩემი ოცნება - კინოცენტრის პროექტი მოვიგე, თამრი ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ფილმად უნდა ვაქციო.

ახლა ხშირად ფიქრობს, რატომ არ გავრისკე, რატომ ჩემით და უფრო ადრე არ წამოვედი ტელევიზიიდანო. თუ ჰკითხავ, ფინანსური პრობლემები რომ არ იყოს, რის კეთებას აირჩევდიო, ამბობს, რომ ვერც გადაღებას დათმობს და ვერც წერას.

„მაქვს ერთი საოცარი საჩუქარი ღმერთისგან - ვწერ! ძალიან ცოტას კი ვწერ და საერთოდ მწერლად არ მიმაჩნია თავი, ჩემთვის მწერლობა ოლიმპოა, მიუხედავად იმისა, რომ კინოზეც გადარეული ვარ. მახსოვს ჩემი პირველი ლიტერატურული მცდელობა, მოთხრობა იყო ცირკის ჯამბაზზე, მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიყავი. მერე სადღაც დავკარგე ეს ტექსტი. გუშინ რაღაცაზე ვფიქრობდი და გამახსენდა, რომ ჩემი პირველი წიგნიც, რომელიც წავიკითხე, ცირკზე იყო, ჩეზარ პეტრესკუს "ფრამი - ამბავი თეთრი დათვისა". წითელი ყდა ჰქონდა. თუმცა ცირკი არ მიყვარს. მაშინ ის მოთხრობა ერთი-ორ ჩემს კლასელს წავაკითხე და უცებ გავხდი რაღაცნაირად გამორჩეული. 51-ე სკოლაში ვსწავლობდი...“

სკოლა და ის გარემო, რაშიც იმ დროს ცხოვრობდა, მისთვის ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბულინგი მოსწავლეებს შორის, კრიმინალი, მოძალადე მასწავლებლები - საბჭოთა სკოლის მთელი „ბრწყინვალებით“. ქართლელი ვარ და პირდაპირ ვაჯახებ ყველას ყველაფერს, თუმცა იმ გარემომ თავის დაცვის ხერხებიც მასწავლა და უფრო დიპლომატიურიც გამხადაო, - ამბობს. თავის დაცვა კი სულ მჭირდებოდა .

„სოციალურად სუსტ ოჯახში გავიზარდე, ამას ჩემი სუსტი ფიზიკური მონაცემებიც ემატებოდა და თავის გადარჩენა ვისწავლე, ისე, რომ შესაძლებლობისდაგვარად ღირსება არ შემლახვოდა. მამაჩემი აგრონომი იყო და კასპში მუშაობდა, იქ სახლი ახლაც გვაქვს. სოფელ ქვემო გომში ჩვენი საგვარეულო სახლი ას წელზე მეტი ხნისაა უკვე და ჩვენი ბიძაშვილები ცხოვრობენ. დედაჩემიც პროფესიით აგრონომი იყო. ასე შეხვდნენ ერთმანეთს. ზემელზე ვცხოვრობდით და დედამ პირველად 53-ე სკოლაში წამიყვანა. დღემდე მახსოვს, როგორ მოვყავარ დედას სკოლიდან და ტირის. მერე აღვიდგინე, რა მოხდა, რაზე ილაპარაკეს დედაჩემმა და სკოლის დირექტორმა. ექვსი წლის ვიყავი, ეს სიტყვები უთხრა: თქვენი სოციალური წარმოშობის ოჯახებს ცოტა გაურთულდებათ ამ სკოლაში ბავშვის მოყვანაო. მერე მიმიყვანეს 51-ე სკოლაში. უცნაურია, არა, მთელ მსოფლიოში კრიმინალური სუბკულტურა ძირითადად გარეუბნებში ყვავის, თბილისში კი ცხოვრების ეს ძალადობრივი წესი გაბატონებული იყო „ელიტურ“ უბნებსა და ოჯახებში. იმ 51-ე სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ყველაზე „კაი ბიჭი“ თუ გინდა ყოფილიყავი, - „ვარსკვლავბიჭუნა“, ყველაზე კარგი მჩაგვრელი უნდა ყოფილიყავი. ძველბიჭობა კარგი ტონი იყო. ანუ ძალადობის კულტი... ანუ ქურდული მენტალიტეტი, - ერთგვარი ღირსეული მოძალადე. „ზაკონნი ქურდი, რომელმაც ინგლისურიც კი იცის“...ბანალური საშინელება! მახსოვს, მე-7 კლასში ვიყავი, ჩემმა კლასელმა პირველად რომ მოიტანა „პლანი“, მახსოვს პირველი სისხლი ჩხუბისას, მახსოვს მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს სცემდა, მახსოვს სასწავლო ნაწილის გამგე, რომელსაც ბაკენბარდების აწევით წამება შეეძლო და... მახსოვს -ნათელი წერტილი, იდეალური მათემატიკის მასწავლებელი, ვიოლა რამიშვილი, რომელიც იმ გარემომ და სკოლამ ვერ აიტანა და გააძევეს. ამ ქალბატონმა გადამარჩინა, დღემდე მაქვს ურთიერთობა. და ეს „ელიტარულებიც“ ვინ იყვნენ? ძირითადად ჩვეულებრივი ბოლშევიკების, სტალინის თანამებრძოლების, ორჯონიკიძის და მამია ორახელაშვილის ახლობლების და მეგობრების შთამომავლები. ამ გარემოსგან პრივილეგირებულები. ჩვენ ყველა ამათი შთამომავლები ვართ, ან მათ ვაიდიალებდით, რაზეა საერთოდ ლაპარაკი.“

პირველი „ნამდვილი“ მოთხრობა თუშეთში დაწერა, სადაც „გეპეის“ დამთავრების შემდეგ წელიწადნახევარი მასწავლებლად მუშაობდა. იმ დროს დაწერილი მოთხრობებიდან ერთ-ერთი, „წითელი ტრაქტორი“ შემდეგ კრებულშიც შევიდა. როცა დაბრუნდა, მისი ძმა, ირაკლი სოლომანაშვილი უკვე ერლომ ახვლედიანის სახელოსნოს წევრი იყო, ერთხელაც ირაკლიმ მისი მოთხრობები წაიღო და ერლომს წააკითხა.

„ძალიან ვინერვიულე. ერთი კვირის მერე დამიბარა და მითხრა, არაფერი არ მომეწონა, მაგრამ უნდა გააგრძელო წერაო! ერლომი ჩემთვის მანამდეც დიდი ფიგურა იყო. კერპები მაღიზიანებს, და რაღაცნაირი ერთგულებაც, რომელიც ცოტა სიბრიყვესა და ფანატიზმში გადადის, ამით სპეკულირებენ ხოლმე მერე. თუმცა ერლომის ფილმები, ტექსტები ჩემთვის უზარმაზარ რამეს ნიშნავდა მანამდეც. 1996 დავწერე პირველი სერიოზული მოთხრობა „კონტრაბანდისტები“, კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი უკვე, ზაფხულში ვიყავი სოფელში, ვკითხულობდი მარკესის პატარა მოთხრობებს. ახლაც ყველაზე მეტად მიყვარს ეს წიგნი, მის დიდ რომანებს მირჩევნია. ინსპირაცია წამოვიდა აქედან. მაშინ ქობულეთში იმართებოდა ხოლმე დრამატურგების სემინარები და ჩემი ძმა თამაზ ჭილაძის მოწაფე იყო, იქ გავატანე ეს მოთხრობა. მერე მომიყვა, ერთ-ერთ სემინარზე თამაზ ჭილაძემ გამოაცხადა, მე ახლა თქვენ წაგიკითხავთ ახალგაზრდა კაცის საეტაპო მოთხრობას ქართულ ლიტერატურაშიო. ირაკლიმ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შენზე იყო ლაპარაკიო. თამაზ ჭილაძე კი იყო კიდევ ერთი იმ ადამიანთაგან, ვინც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. იმ სემინარის შემდეგ ერთი კვირაა გასული და რეკავს ტელეფონი. ავიღე, ვიღაც კაცია. ბესო სოლომანაშვილი მინდოდა. მე ვარ. მეუბნება: ალბათ თქვენ მე არ მიცნობთ, ოთარი ვარ, ჭილაძე... რა? ბატონო? ის ოთარ ჭილაძე?.. დამება ენა. გაეცინა, კი, ის ოთარ ჭილაძეო. და ასეთ სიტყვებს ამბობს: თამაზმა წამაკითხა შენი მოთხრობა და გთხოვ, არ გაჩერდე, დიდი მადლობა ამისთვის!.. დიდი ამბავია, ხომ, ოთარ ჭილაძე რომ გეტყვის, არ გაჩერდეო... თუმცა ის არ დამმართნია, რომ ახლა უნდა დავჯდე და რაზეც მეწერება და არ მეწერება, ყველაფერზე ვწერო.

თავიდან ხელით წერდა, მერე დედამ საბეჭდი მანქანა უყიდა, ამბობს, საერთოდ დედაჩემმა გადაგვარჩინა მეც და ჩემი ძმაცო. ასწავლა, რომ წიგნი მთავარია. ერთად დადიოდნენ სახელგამში გამოწერილი წიგნებისთვის. მერე ლეპტოპი აჩუქეს, მე და ირაკლი ერთმანეთს ვტაცებდით, არა, მე უნდა ვწერო, არა, მეო. ერთ დღესაც იღვიძებს და „ალიონი“ გადის ტელევიზორში. ხედავს, როსტომ ჩხეიძე ლაპარაკობს. მანამდე ლევან თითმერიამ დაუბეჭდა ძმებს წიგნი, რომელშიც ერთი მხრიდან ბესოს მოთხრობები იყო, მეორე მხრიდან კი ირაკლის პიესები.

„უცებ ამბობს როსტომი, ახლა უნდა გაგაცნოთ ორი ახალი ავტორი, რომლებიც მოვიდნენ ქართულ ლიტერატურაში და ეს მოვლენაა ქართული ლიტერატურისთვის... შევხედე, ჩვენი წიგნი უჭირავს ხელში... ამას მოჰყვა პენ-მარათონები და სხვა ლიტერატურული ამბები. ძალიან დიდი ხნის მერე, 2016 წელს, „ინტელექტმა“ გამოაცხადა კონკურსი. „იმედის დილის“ რეჟისორი ვარ და მარიკა ბაკურაძე მეუბნება, ამ კონკურსზე. 11 საათამდეა ერთი გვერდი გასაგზავნიო. უცებ მომდის თავში, აბა, რას ფიქრობს ის ტიპი, რომელიც აურელიანო ბუენდიას ხვრეტს. ასე გაჩნდა თედო, რომელიც ჯვარნაკრავს კლავს. ეს 37-გვერდიანი მოთხრობა მერე მალხაზ ხარბედიამ გამოაქვეყნა „არილში“. მერე თინა მამულაშვილმა დაინახა იმ მოთხრობებიდან ეს რომანად. ამ წიგნში საკმაოდ დიდი ნაწილია იმ მოთხრობიდან შესული. ამ წიგნის თემები სულ იყო ჩემ ირგვლივ. ოკუპაცია, საბჭოთა წარსული, რეპრესიები, ბევრი ინფორმაცია მქონდა მოძიებული. ეს პერსონაჟები სულ ჩემ „თვალწინ ტრიალებდნენ“. თედოს ჰყავს პროტოტიპი. 90-იან წლებში პოლიტექნიკურში რომ ვსწავლობდი, ერთმა ჩემმა მეგობარმა ახალ წელს წამიყვანა სტუმრად ერთ ოჯახში. დიდი სუფრაა გაშლილი. ის ჩემი მეგობარი ეროვნულ მოძრაობაშია იმ დროს. სუფრასთან ზის ასე 80-85 წლის მოხუცი. რომელიც ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ იწყებს მოყოლას, როგორ ხვრეტდა ადამიანებს. რას ვაკვირდებოდი, იცითო? აი, ჩახმახს რომ გადმოვწევდი, ამ ხმაზე რა რეაქცია ჰქონდათო. კაცი ჩვეულებრივი ჯალათია. მორიდებული ადამიანი ვარ ზოგადად, მაგრამ უკვე მთვრალი. უცებ მესმის იმ ჩემი მეგობრის ღრიალი, შენი დედა... და მეტი აღარ მახსოვს... სახეში რომ მხვდება, მაშინ ვფხიზლდები. როგორც ჩანს, ჩემს მეგობარს დავასწარი წამოხტომა და ამ კაცს თავზე დავახურე საახალწლო საცივის ჯამი. მაგრად გვცემეს ორივე...“

ერთხელ იზა ორჯონიკიძემ დღე-ნახევრით შეუშვა ლიტერატურის მუზეუმის საცავში, შემოუფარგლა, ამის იქით არაფერს გაეკარებიო. ცოტას წაკითხვა მოასწარო, მაგრამ მეყოო. სულ ეძებს ინფორმაციას, დოკუმენტებს. კინოქრონიკებზე მუშაობამ დიდი მასალა დაუგროვა. შულავერის კომიტეტზე პირველად რომ წავიკითხე, მეგონა, გული გამისკდებოდა, ვტიროდიო. „დახვრეტილების“ წერა რომ დაიწყო, ფინალი უკვე იცოდა, ეს გმირებიც ნელ-ნელა, თითქოს თავისით ჩნდებოდნენ. ასე გაჩნდნენ ჯვარნაკრავი, იოსებ-გოგო. სულ აინტერესებდა, რატომ შემოვიდა წითელი არმია თბილისში, რა მოხდა სინამდვილეში, შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება.

„55 წლის ვარ და ბევრ ინფორმაციას ვფლობ, რაღაცნაირი ნიჭი აღმომაჩნდა მგონი, ყველაფერი მახსოვს: იმ პერიოდის პრესა, ჭორები, ანეკდოტები, სოციალური ყოფის სხვა დეტალები. არაადამიანურად სასტიკები იყვნენ რეალურად. ეს კოკაინის ამბავიც ხომ ისტორიულია, ლიტვის წითელარმიელებს უყრიდნენ. დღეს რომ რუსეთის დოპინგი უკვირს მსოფლიოს... სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სტალინის და ორჯონიკიძის როლი თბილისში ჯარის შემოყვანის დროს. ლენინი ალბათ ადრე თუ გვიან ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ესენი ორი წელი ეხვეწებოდნენ, ჯარი შევიყვანოთო. საინტერესო იყო, საბოლოოდ მაინც რატომ დატოვა ქართულმა ჯარმა თბილისი 1921 წელს. ახლა რაღაც დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბრძანება ჰქონდა წითელ არმიას, მშვიდობიანი მოსახლეობაც ეხოცა, თუ წინააღმდეგობა გაგრძელდებოდა. მართლა დიდი ბოროტება დაგვემართა.“

ბესო სოლომანაშვილისთვის „ამაზე უნდა დავწერო!“ შურისძიება კი არა, უფრო მიზეზის ძიებაა, დაფიქრების და გააზრების შესაძლებლობა. არც ვინმეს დახვრეტას ითხოვს, არც მოკვლას და არც საფლავიდან ამოთხრას. უბრალოდ, უნდა, ის დრო მოვიდეს, როცა დაფიქრდებიან და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, როდესაც დახვრეტილების და დასმენილების სახლებს დაუფლებულთა შთამომავლები საკუთარ თავში მაინც აღიარებენ. აღიარებენ, რომ სხვის სახლში ცხოვრობენ. მხოლოდ ასე თუ დაიწყება ნამდვილი ცვლილება, მენტალური ცვლილებაო, - ამბობს.

„მაგ ხალხის გამო მთელი ცხოვრება დავკარგეთ, ჩვენი მამების და ჩვენი შვილების ცხოვრება განადგურდა და ახლა აღარც დავწერო? მაგალითად, ვერ ვაგებინებ კაცს ვერაფერს, არადა, ვიცი, მართალი ვარ, ჩხუბს ხომ არ დავუწყებ. წამოვალ და დავწერ. აი, თუნდაც, ღმერთმა მაჩუქა მეგობარი, ბავშვობიდან მოვდივართ ერთად, რაღაცას სხვაგვარად ფიქრობს, დავკარგო ამის გამო? დავწერ, წაიკითხავს და თუ მიხვდება, ხომ კარგი და თუ არადა, ვიღაცისთვის ხომ მაინც შეცვლის რამეს. ამაზე თუ არ დაიწერება, თუ ბევრი ლაპარაკი არ იქნება, არასდროს დამთავრდება დამნაშავეების, ოკუპაციის გამართლება.

ბესო სოლომანაშვილის აზრით, ჩვენი გეოპოლიტიკა, ის, რომ გზაჯვარედინი ვართ, ჩვენი იღბალიცაა და წყევლაც. დასავლეთის და აღმოსავლეთის საზღვარზე სიახლეებსაც ყველაზე სწრაფად ვითვისებთ და ტრადიციებსაც გვიან ველევით, და აქ ეს ყველაფერი უფრო მძაფრად ჩანს. ამბობს, რომ Don’t worry, be happy ქართულად „დაიკიდე, მოგეშვებაა“ და დაღლილი, „ბებერი“ ნაციის მთელი ამბავიც ამაზე დგას. მისი აზრით, ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება რუსეთთან მეზობლობაა.

 „რუსეთი არ არის ისეთი ჩვეულებრივი მეზობელი, როგორებიც ერთმანეთთან არიან ამერიკა და მექსიკა, ან ინგლისი და საფრანგეთი, ან სომხეთი და საქართველო, თან ერთმანეთს რომ ექიშპებიან და თან რაღაცნაირად რომ მეგობრობენ. ეს არის მონსტრი, სხვანაირი მონსტრია. სხვა მენტალობის, რომელიც მუდამ ცდილობს, ვიღაცები უბრალოდ ამოაგდოს, წაშალოს და მისი ადგილი დაიჭიროს. ახალგაზრდა უზრდელი ჯანიანი ბიჭი, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი ადგილი დაიკავოს უფროსებში ძალადობით. სვანეთში გასაბჭოებამდე მახვშების გარდა, ცხოვრობდნენ ძლიერი ოჯახები, ყველა სოფელში სიტყვა რომ ეთქმოდათ და ხალხს რომ მათი იმედი ჰქონდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, ყოველ დილით ხალხი პოულობდა მოკლულ კაცებს ამ ოჯახებიდან. მთელ საქართველოში ასე გაწყვიტეს ძლიერები და ჭკვიანები, ვისზეც შეიძლება საქართველო მდგარიყო. ნამდვილი ელიტა, რაზეც დგას კიდეც ნებისმიერი დიდი და კარგი სახელმწიფო. მე არ მჯერა, ეს ბანალური გაგებით, მისტიკის, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც არაადამიანური ერია ამ ამბავში, რაღაც არაადამიანურმა ბოროტებამ გაიმარჯვა იმ დროს. უცებ ამოტრიალდა პირამიდა და ელიტა გახდა კრიმინალი, გაუნათლებელი, უხეში ძალა, ბოგანო და უბირი მასა. თუმცა როგორღაც მაინც გადავრჩით, ეს არის ჩვენი გენი, მართალია, სხვაზე არც ბევრად უკეთესი და არც ბევრად უარესი, მაგრამ შემდგარი ეთნოჯგუფი ვართ და ეს თუ გვშველის აქამდე“.

ყველაზე კომფორტულად თავს მაინც წერის დროს გრძნობს, სრულიად თავისუფალია, ხუმრობს: ამდენი წელია ლიტერატურაში ვარ და მწერლები მეუბნებიან, ცოტას წერ, ნუ გადაყევი ამ კინოსო; კინოში კი მეუბნებიან, ხომ ხედავ, მაინც სულ კინოსავით ლიტერატურა გამოგდისო. თუმცა კინოც და ლიტერატურაც სათქმელის ფორმაა და არ ფიქრობს, რომ მის ტექსტებს „კინოენა“, თუ ეს მართლა სადმეა, რამეს აკლებდეს.

„რაღაცნაირად თავისთავად გამოვიდა წერის ეს სტილი... წერისას ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, მოვირგო დროის დინება, დავაკავშირო დაუკავშირებელი, მოვხვდე იქ,სადაც მინდა, და ჩავიხედო იმის ტვინში, ვის ტვინშიც მაინტერესებს ჩახედვა. მაგალითად, ვიღაცაზე რომ გავბრაზდები, უცებ ვფიქრობ, რომ დავწერ და იქ გადავუხდი სამაგიეროს. მერე ვაჩუქებ იმ წიგნს და იცნობს თავის თავს. ბევრი მინდა ამ ბოლო წიგნით დავასაჩუქრო და „მილენიუმს“ კიდევ უფრო მეტს გავაჩუქებ... ისე მოხდა, რომ ჩემი ვერცერთი ტექსტი ჯერ კინოდ ვერ ვაქციე. გავაკეთე სცენარი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, ვაჩვენე თამრი ფხაკაძეს, მოთხრობის ავტორს, შევთანხმდით და გადავუგზავნე ჩემს ძმას. ირაკლი დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კინოდრამატურგი და ჩემი ცხოვრების საჩუქარია. მომწერა, შენ ვერ ხარ ჯანზე. ერთი კვირა მომეცი და დავაწყობო. დაჯდა და გადააკეთა. შევიტანეთ კინოცენტრში და მოვიგეთ. მერე მონტაჟზეც რაღაცები გადააწყო, გადმოაწყო და ყველაფერი დალაგდა. ერთმანეთით გავიზარდეთ, ერთმანეთი გადავარჩინეთ და ერთნაირი ფასეულობები გვაქვს. აფხაზეთის ომშიც ერთად წავედით. გოგა ხაინდრავას „ოცნებების სასაფლაოს“ სცენარი ირაკლიმ რომ დაწერა, 20 წლის იყო. პირდაპირ ომში იღებდნენ ამ ფილმს.

დარწმუნებულია, რომ ტექსტი ცვლის მკითხველს, ისე, როგორც კინო მაყურებელს. წიგნი მისთვის რაღაც ქიმიაა, როგორც ადამიანთან ურთიერთობა. წიგნის კითხვის დროსაც, ფილმის ყურების დროსაც რაღაც იცვლება შინაგანად, რადგან ეს წიგნებიც და ფილმებიც ადამიანებივითაა, გამოცდილებას გძენენ და ახალი, სხვანაირი ცხოვრების თანამონაწილე ხდები.

„ერთხელ ამერიკელი პროდიუსერი გველაპარაკებოდა და გვკითხა, აბა, თუ იცით ამერიკელი კინოში რომ შედის, ფულს რაში იხდისო? ხან ის ვუთხარით, ხან ეს. არა, ცრემლში და სიცილშიო. ანუ ემოციაა მთავარი. უნდა შეეხოს - ან უნდა ეტკინოს ან უნდა გაუხარდეს - რაღაც ემოცია უნდა გაუჩინოს. ოთარ იოსელიანს აქვს ნათქვამი, ორ თვეში ისწავლი რეჟისურას, მაგრამ როგორ აჩვენებ, ეს უკვე სხვა საქმეაო. მწერლობაშიც ასეა, ალბათ, წერაც კი შეიძლება ისწავლო, მაგრამ რას დაწერ, რა ემოციას ჩადებ და როგორ, სხვა საკითხია.

უყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ არა ახლა, როცა ყველა საინფორმაციო კორონავირუსზე ლაპარაკით იწყება და მთავრდება. ფხიზელი თვალით უყურებს საფრთხეს, არ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ვიღაცების გასანადგურებლად მოიფიქრეს, უფრო ადამიანურ შეცდომებსა და იმაზე ფიქრობს, რომ ნაძირლები ისევ შეეცდებიან, სხვის უბედურებაზე ხელის მოთბობას. „დიდი ჟამიანობის“ სადარდებელი ის უფროა, რომ ამ ყველაფერს მოუმზადებლები არ შევხვდეთ და რომ ამ რელიგიურმა თუ ადამიანურმა აჩემებებმა ცუდი სამსახური არ გაგვიწიოს.

სხვათა შორის, თბილისში შავი ჭირის ერთ-ერთი ეპიდემიის დროს თითქმის ყველა რომ გაიქცა, გერმანელები დარჩნენ. ისინი შედიოდნენ ოჯახებში, ავადმყოფები გადაჰყავდათ თავიან ჰოსპიტალში, მკურნალობდნენ და მკვდრებსაც მარხავდნენ. მაღიზიანებს, რომ შეიძლება ვიღაც ნაძირლებმა ფასებს მოუმატონ წამლებზე, საკვებზე, ჰიგიენის ნივთებზე და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ისე, თუ გამწვავდება სიტუაცია, ალბათ, ყველა ხელისუფლება ცოდვა იქნება ამ ყველაფრის წინაშე. ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის დამფუძნებელთან ინტერვიუ მოვისმინე. საიდანღაც ჩამოვიტანე წამლები, ათმაგად გავყიდე და ასე გავხდი მილიონერიო. წამლებზე თქვა, ეს წამლებზე.  ჩემთვის ეს არის ამორალურობა და არა ის, ვიღაცას ხუთი ქმარი ეყოლება თუ ხუთი ცოლი, ან გეია თუ ტრანსგენდერი - აქ საერთოდ რა ამორალურობაზეა ლაპარაკი. უნდათ, ხალხს შეაჩეჩონ და უთხრან, თქვენი ყველა უბედურება ამ „ხუთი ტრანსგენდერის“ ბრალიაო და ზოგჯერ გამოსდით კიდეც ეს. დღევანდელის ჩათვლით, ყველა მოწვევის პარლამენტში არიან პარლამენტარები, რომლებიც საბჭოთა პერიოდის დროს მუშაობდნენ ისეთ თანამდებობებზე, რომლებსაც ჩვეულებრივად „კაგებე“ ნიშნავდა. ბიოგრაფიებში უწერიათ პირდაპირ. თვითონვე ხომ არ მიიღებენ ლუსტრაციის კანონს, რომელიც მათვე შეუშლის ხელს თანამდებობების დაკავებაში? ეს ადამიანები, ახლა რომ ასე იმპოზანტურად გამოიყურებიან და 90-იანი წლებიდან ხელისუფლებაში იყვნენ, არიან ჩვეულებრივი ქურდები, მათ მამაჩემს მოჰპარეს მთელი ცხოვრების ნაშრომი, მთელ ქვეყანას. რა ბიზნესი, რა ხელისუფლება, ნამდვილი ქურდები არიან, აკრძალული უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ რამესთან მიკარება.“

მისთვის სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება ორმხრივ პასუხისმგებლობას უდრის. ამბობს, რომ აღარ დამთავრდა საბჭოთა მმართველობის სტილი, როცა პოლიტიკასა თუ საჯარო სამსახურში თანამდებობის, გავლენების და ფულის გამო მიდიან. თან პასუხისმგებლობას არ იღებენ და ახლაც ელოდებიან „მოსკოვიდან ბრძანებას“ - მიჩვეული არიან სისტემას: „ზემოდან მეტყვიან“. ის, ვინც მუშაობს, შეიძლება შეცდეს კიდეც და აპატიო, თუ ხედავ, რომ მართლა გულით აკეთებს, ინდომებს და პროფესიონალია.

„მე იარაღს ვერ ვიტან, მაგრამ ომში წასვლა მაინც მინდოდა. ერთხელ მობილიზაციის ცენტრშიც კი მივედი, მაგრამ მივხვდი, რომ ან გაუაზრებლად მოვკლავდი ვიღაცას ან ვიღაც შეეწირებოდა ჩემს უცოდინრობას. მოკლედ, მერე ფილმის გამო წავედი. ძალიან ახლოს იყო ხოლმე ბრძოლა. ის ბიჭები, მებრძოლები, უშიშრები, დიდი ემოციური მუხტით, რეალური საქმის გამკეთებლები იყვნენ. უბრალოდ, მერე ვიღაცები არასწორი გზით წავიდნენ. რომ არა ის გარემო, ის წარსული, სერიოზული ადამიანები დადგებოდნენ. სოხუმში რომ ვიყავით, ერთი ბიჭი იყო გადმოსასვენებელი, მხედრიონელი, ოჯახი ელოდა. გვითხრეს, კიტოვანი მიფრინავს თბილისშიო, მივედით. ვინ არისო, იკითხა. რომ ვუთხარით, არა, არა მაქვს ადგილიო, არადა, თვითმფრინავში ადგილები იყო. კონფლიქტამდე მივიდა საქმე. ჩაჯდა და გაფრინდა. მერე ჯაბასთან წავედით, ჯაბამ გვითხრა, სამი დღის მერე წავალთ და წავიღებთო. ამ დროს მოდის ვიღაც უცხოელი, რა ხდება, ბიჭებოო? ვუთხარით. პიკაპით იყო, მძღოლთან ერთად. დაფიქრდა, კარგი, ხვალ უნდა წავსულიყავი, მაგრამ დღეს წავალ, თან თბილისში მეგობრებსაც ვნახავო. აი, ისიც კი არ გვითხრა, თქვენ გამო მივდივარო. ჩავასვენეთ, გადავაფარეთ ბრეზენტი და წავიდა. თბილისში შვილის ცხედარი ოჯახს ჩაუტანა ვიღაც ნორვეგიელმა... გადაღებული მაქვს და ახლაც ყურში ჩამესმის ცინკის კუბოს დაჭედების ხმა: ჩაკ, ჩაკ...“

შესაძლოა, მის ცხოვრებაში არც კინო ყოფილიყო და არც ტექსტები, რადგან ყველაზე მეტად სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება უნდოდა. თუმცა ჩათვალა, რომ ეს მიუწვდომელი იქნებოდა მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო. კიდევ იმიტომ, რომ ბოლომდე არ მჯეროდა საკუთარი ძალებისო. მერე ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ იქამდე არქიტექტურულზე შეიტანა საბუთები. ერთი წელი მოსამზადებელზეც სწავლობდა. როგორც უთხრეს, განსაკუთრებული ტექნიკით ხატავდა. გამოცდები ჩააბარა და 25 კაცში მოხვდა.

„გადის დრო და მირეკავენ, პრობლემა გვაქვსო: სპორტული სიით დაგვემატა სამი კაცი, თქვენ ვეღარ მოხვდით და იქნებ რაღაცნაირად იზრუნოთ, ვინმეს დაარეკინოთო. ვის დავარეკინებდით, დავრჩი გარეთ. წლების მერე ერთ-ერთი ძიუდოისტი ბაზრობაზე ვნახე, რაღაცებს ყიდდა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ამის გამო დამტოვე გარეთ-მეთქი? თუმცა მაშინ იმდენად მაღალი ქულები მქონდა, რომ მეტალურგიის ფაკულტეტიდან მომაკითხეს. ქიმიის გაგებაში არ ვიყავი, დედაჩემმა მომცა რაღაც წიგნები, თან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ჯარში რომ არ წავეყვანე, ასე აღმოვჩნდი მეტალურგიაზე. მძიმე ოპერაციაც გადავიტანე ამ პრობლემის გამო, - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, რადგან სკოლის შემდეგ ადამიანური ურთიერთობები იქ ვისწავლე. ერთხელაც შევდივარ მეორე კორპუსში და გამოკრულია მეორადი ფაკულტეტების სია. ჩამონათვალში არის რეჟისურა-ოპერატურა-დოკუმენტური ფილმები და უცებ ამენთო. წავედი, ჩავაბარე. თუშეთში გადაღებული ფოტოები მივიტანე, ჩამრიცხეს, სცენარებსაც ვწერდი, ერთმა ჯგუფელმა შემომთავაზა, მოდი, გადავიღოთ და მე დაგაფინანსებო, ის იყო ჩემი პირველი პროდიუსერი, მას მერე აღარ შევხვედრივარ და სულ მინდა, მადლობა ვუთხრა. ფოტოებს ახლაც ვიღებ, დავდივარ ქალაქში და ტელეფონით ვიღებ, 50 საათამდე დოკუმენტური ვიდეომასალაც მაქვს გადაღებული ქალაქზე. დოკუმენტური კინოს გაკეთებას ვაპირებ „ქალაქი პოსტ სოვიეტ უნიონ“.

მთიდან დაბრუნების შემდეგ, რეჟისურაზე უნდა სწავლა, მაგრამ მიღება არ არის, მუშაობს რეკვიზიტორად თეატრში და გამნათებლად ტელევიზიაში, გადაწყვიტა, კინომცოდნეობაზე ჩაებარებინა და მერე გადაეტანა საბუთები სარეჟისოროზე. იცის, რომ ისევ ჩაწყობაა საჭირო, ისევ ათასი უბედურება. მისაღებ გამოცდაზე წერს თემას: „რატომ არ დავწერე თემა ანუ ღია წერილი ბატონ რეზო ჩხეიძეს“.

 „გაქანებული ეროვნული მოძრაობაა, ყველა თავს პატიოსნებაზე დებს და პატრიოტიზმზე. მივწერე, ასეთი ამბები ხდება მისაღებზე და თქვენ გინდათ ასეთი თავისუფლება, ასეთი დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ... მივედი სიების დროს. არც ჩარიცხულებში ვარ, არც ჩაჭრილებში. მირეკავს თეატრალურის პარტკომი,- რეზო ჩხეიძე გიბარებთ კინოსტუდიაშიო. მივედი. „გიჟი ხარ შენ, შვილოო!“ პირდაპირ ასე იწყებს. ჩემი ნაწერი უდევს. მომეცით ეგ ნაწერი-მეთქი. რად გინდაო? ასლებს გავაკეთებ აგერ, მისაღებში და ვიცი, სადაც წავალ-მეთქი. სად წამსვლელი ვიყავი, უბრალოდ დავაბრეხვე, - როგორც შემიძლია ისე ვიბრძვი. გამოვდივარ და მეძახის, რამე რომ იყოს, მულტიპლიკაციაზე ისწავლიო? დაურეკა გელა კანდელაკს, არ მინდა მულტიპლიკაცია, ბატონო რეზო, არ არის ეგ ჩემი საქმე, აქაც იმიტომ ვაბარებდი, სარეჟისოროზე რომ გადავსულიყავი-მეთქი. მოდის გელა კანდელაკი, ბევრი ვისაუბრეთ სამივემ, მერე რეზო ჩხეიძემ მითხრა, თუ გჯერა საკუთარი თავის, აჰა, და გამოიყენეო, გამიშვეს ერლომთან. ერლომის ჯგუფში ჩემი ძმა იყო და ჩემი ნაწერებიც წაკითხული ჰქონდა უკვე. ერლომთან შეხვედრა იყო ეტაპი, ყველაფერი გადმოტრიალდა. ერთ დღეს ქუჩაში ხედავს „კომუნისტის“ ნაგლეჯი აგდია. აიღო, წერია: მიიღება განცხადებები სარეჟისორო ფაკულტეტზე... ჩავაბარე რეჟისურაზე. 165 კაცში პროფესიაში ერთადერთი ხუთიანი მე მივიღე და მოვხვდი გიორგი შენგელაიასთან, რომელმაც, როგორც შემდეგ მითხრეს, ჩემთვის იბრძოლა, იმიტომ, რომ იქაც რაღაც აირია. მერე სულ ვჩხუბობდით, მაგრამ დიდი რეჟისორი იყო, მართლა სხვანაირად მებრძოლი კაცი, ექსპანსიური, რაც ვისწავლე, მისგანაა“.

მკვეთრი მენტალური კათარზისები არ ახსოვს, ერთადერთი იყო გულის ოპერაცია, როცა 20 წლის ბიჭმა შემთხვევით გაიგო, რომ გადარჩენის შანსი 10 % იყო. უფრო „ევოლუციურად“ ხდებოდა ყველაფერიო. როგორიც ვიყავი ბიჭობაში და მრცხვენოდა, ახლაც ისეთი ვარ, უბრალოდ, აღარ მრცხვენიაო.

„უფრო ეტაპები იყო: თუშეთი და რომანტიკა - როცა ჩემმა ნათლიამ, ნენო აქუბარდიამ აღმომაჩენინა ჩემი ცხოვრების ეს ოაზისი. აფხაზეთი და დამიწება - სადაც ზაალ ქიქოძეს შევხვდი, წითელ ჯვარში მუშაობისას, უდიდეს მაგალითს რაინდობის, ინტელექტის. წერასთან და გადაღებასთან ერთად კიდევ მინდა, იქნებ სოფლის სახლსაც რამე ვუშველო. მე ვერ აღმოვჩნდი დიდი მეურნე, მაგრამ ჩემმა ძმამ დაიწყო სახლის და მეურნეობის აღდგენა. ჩვენმა დიდპაპამ ანდრიამ, ამილახვრებისგან გამოისყიდა დიდი მიწები. ჩვენი მარნიდან შეკრებილან და წასულან 1921 წელს ამილახვრები და მაღალაშვილების ოჯახის წევრები. დიდპაპა ძლივს გადაურჩა დახვრეტას. გააკულაკეს. დააბეზღა შორეული ნათესავის შვილმა. თავის სოფელს თურმე სკოლის ასაშენებლად ხის მასალა შესწირა, მოთხრობა „დედა მოკვდაშია“ ეს ეპიზოდი აღწერილი. თუმცა ცოტა შევალამაზე, რეალურად ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს განათლების სამინისტროს ერთი ჩინოვნიკი, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდან იყო, თაზიშვილი, მე ილიაზე გადავიტანე. ჩემთვის სახლი მნიშვნელოვანია, ამაზეა აწყობილი ყველაფერი...“

მის ტექსტებს სულ აქვს ერთგვარი „დოკუმენტური შრე“, ის, რაც უმნიშვნელოვანესია მისთვის, როცა წერს და სხვის ნაწერებსაც ხშირად ამით აფასებს. „დახვრეტილებზე“ ორი წელი მუშაობდა. ჯერ არ იცის, რა დრო დასჭირდება „მილენიუმს“, ის კი იცის, რომ „დოკუმენტურობა“ და „ისტორიასთან ბმა“ აქაც მთავარი იქნება. ამბობს, რომ სულ ფიქრობს, მთელ ამ უბედურებაზე, უფრო სწორად, იმაზე, ამდენი წლის შემდეგ ისევ ცუდად რატომ ვართ, რატომ არ შეიცვალა რაღაც მასშტაბურად; საიდან მოდის ეს ხალხი, რადგან დახვრეტილებიც, დასახვრეტებიც და დამხვრეტებიც, ყველა ჩვენ ვართ, სხვა პლანეტიდან არავინ მოსულა.

„ერთ საიდუმლოს გეტყვი, „მილენიუმი“ იწყება, ქანთარია რომ რაიხსტაგზე დროშას ჰკიდებს. ამ რომანის მთავარი გმირია ჩემი ერთ-ერთი, „პლეხანოვზე“ გაზრდილი მეგობარი, „ქართული მარშის“ წევრი. მინდა გავაგრძელო იმის კვლევა, საიდან ჩნდებიან ოდიოზური ფუგურები, არ მიყვარს ადამიანების ბანალური დაყოფა: ცუდებად და კარგებად, მდიდრებად და ღარიბებად, მოღალატეებად და გმირებად, პირიქით, მე მხოლოდ ამ ყველაფრის მიზეზები მაინტერესებს. უბრალოდ, ხანდახან მეშინია, სანამ ის „მოსეს 40 წელი“ გაივლის, ადგილობრივი რენეგატების დახმარებით, რუსები არ შემოვიდნენ ტანკებით. ბუნებრივი განვითარების საშუალება თუ მოგვეცა, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. რუსეთს ჰქონდა საძაგელი პოლიტიკა, გაგვრყვნეს „თქვენ ოღონდ იცეკვეთ, იმღერეთ, კინო გადაიღეთ, სხვა არაფერი არ გჭირდებათ...“ და ახლა ევროპელი რომ გვეუბნება, კი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, შენც უნდა იმუშაოო, აღარ მოგვწონს. ის სჯობდა თურმე, ქართველებს რომ „სიტყვა გვეთქმოდა ორ ბოთლ კონიაკზე“. ეს ხალხი ვქმნით ამ გარემოს ამ განათლების სისტემით, სკოლით, ოჯახით.

წიგნი დიდი იდეაა სამყაროსთვის, დნმ-ში დევს „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ და თუ მიაწვდი ფსევდოლიტერატურას, გინდა პრემიების მეშვეობით, გინდა კრიტიკის ან არაკრიტიკის მეშვეობით, საზოგადოებაც „ფსევდო“ ხდება. არადა, საქართველოში მართლაც იქმნება ძალიან კარგი ლიტერატურა, რომელიც ხანდახან იკარგება „ფსევდო-გენიალურობაში“. ჩვეულებრივი მკითხველი ხომ ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე კარგი ტექსტი და წესით, ის მართლაც საუკეთესო უნდა იყოს. პრემიისთვის და სახელისთვის წერა აკლებს ლიტერატურას და მწერალს მთავარ მაგიურ ძალას „პირველითგან იყო სიტყუაჲ“-ს. ნამდვილად დასაწერი, - აუცილებლად დაიწერება, მე თუ არ დავწერ, „ის, ზემოდან“ სხვას დააწერინებს. წერა მთელი სამყაროა, კოსმოსი, რელიგია, ისტორია, პლანეტების შესვლა-გამოსვლა, მთელი მისტიკაა.“

"ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გრძელ სიაშია, კონკურსი ჯერ არ დასრულებულა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE