კარანტინი ანუ ცოცხალი (რაფსოდიული სარეკლამო განცხადება)


კარანტინი ანუ ცოცხალი (რაფსოდიული სარეკლამო განცხადება)




INTRO

 

ევოლუცია არის მართული ქაოსი.

 

1. ARS POETICA 

 

მშობლიურ ენაზე ვწერ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელს კი არ ვეძებ, არამედ საკუთარ თავთან ვარკვევ რაღაცებს - არა საკუთარ თავში, არამედ საკუთარ თავთან. საკუთარ თავში ყველაფერი გარკვეულია: თან ერთ-ერთი ვარ და თან ერთადერთი. ეს არ ნიშნავს და არც არის გაორება. პირიქით, ეს ერთადერთი შესაძლებელი მთლიანობაა, რომელიც გაორებას სრულიად გამორიცხავს.

შენც ასევე ხარ...

 

მშობლიურ ენაზე ვწერ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელს არ ვეძებ, თუმცა იმავე მშობლიურ ენიდან მძიმედ მახსოვს, რომ სჯობს სახელისა მოხვეჭა...

შენც გახსოვს...

 

რუსთაველი აფორიზმებით (სხარტად თქმული სხვადასხვა ხარისხისა და დანიშნულების სიბრძნით) დარჩა ჩემს თავში და არა პერსონაჟებით (მათი თავგადასავლებით). და კიდევ: მახსოვს, რომ გალაკტიონს ახსოვდა რუსთაველი ბავშვი,

 

დაისიც მახსოვს.

შენ როგორ გახსოვს რუსთაველი?

 

თუმცა ახლა განზეა შოთაც

...და გალაკტიონიც

და მათ შორის სივრცის შემვსები და დროის შემქმნელი

ილია, აკაკი, ვაჟა...

 

დღეს ვითარება შეცვლილია, სხვაა: ხარ შენ, ვარ მე, ისინი - აღარ. ჩვენ ვართ ერთმანეთისგან შორს, გაცილებით შორს, ვიდრე სოციალური დისტანცირება მოითხოვს ჩემგან, შენგან.

ჩემი შენგან სიშორე ჩემი პირადი არჩევანია.

შენი სიშორე ჩემგან - ალბათ შენი, ან უნებლიეთ მოხდა ყველაფერი.

შენ და მე ვართ კარანტინში, ვართ ცალ-ცალკე, მაგრამ საერთო ვითარებაში და არა იმავე მდგომარეობაში. იქნებ ოდნავ ან იქნებ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშიც კი, მაგრამ - აშკარაა - ვითარება არის საერთო.

ერთი.

 

კარანტინი არის არა მდგომარეობა, არამედ ვითარება.

შენ ამ ვითარებაში არ ხარ ადამიანი, არც მე ვარ ამ ვითარებაში ადამიანი.  არამედ - ხარ - ვარ - ვართ ცოცხალი არსებები. შენ ხარ, მეც ვარ ცოცხალი არსება.

ადამიანს როგორღაც, სრულიად დაუმსახურებლად, თავად ადამიანისაგანვე მიეწერება უფრო მეტი, ვიდრე ცოცხალ არსებას. ადამიანის აქვს სული, სულ ცოტა მოსათქმელად მაინც და დასალევად აუცილებლად. ასევე - შესაძლებელია, არ გამორიცხო, თუმცა არც დაამტკიცო - უკვდავებისთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ნუ დავტოვებთ ფიზიკურ სამყაროს, ნუ გადავინაცვლებთ ზებუნებრივში, რადგან არ ვიცი, როგორ გამოგვივა, რა გამოგვივა...

ვინ იცის?

სიტყვას მივყვებით…

სიტყვა კი...

 

იქნებ ღმერთი ბუნებრივია და მხოლოდ მისი რწმენაა ზებუნებრივი?

იქნებ...

 

შენ იფიქრე, მე სიტყვებს მივდევ მორჩილად, ხოლო მორჩილება გამორიცხავს ფიქრს, მცირე გაფიქრებასაც კი...

არა სიტყვისგან დამოუკიდებლობას!

ცოცხალი არსება მხოლოდ სხეულია, ერთ-ერთი და თან ერთადერთი სხეული. ცოცხალი არსება განუწყვეტლივ განიცდის საკუთარ ერთადერთობას და გამუდმებით ისე იქცევა, როგორც ერთ-ერთი, რადგან:

ძნელია განცალკევება.

 

ძალა - ერთობაშია.

სიბრძნე - განცალკევებაში.

მე ავირჩიე - არცერთი.

 

შენ?

 

ცოცხალი არსება მოხვდა ახალ ვითარებაში. არის მარტო, მაგრამ სხვებთან ერთად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ - გამოაშკარავდა ეს: მარტო ვარ, მარტო ხარ სხვებთან ერთად. სხვებიც ასე არიან, ასე  განიცდიან, ვიცი: არ გჯერა, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს განიცდი, ვერ წარმოგიდგენია სხვა...

 

გახსოვს ბართაშვილი?! 

 

ამდენ ხალხში ვარ...

თუ როგორც არის, მარტო იყო, მაგრამ ეს რომანტიზმის ეპოქის სიმარტოვეა, ეს მერანზე ამხედრებული და უგზოუკვლოდ გაჭენებული ადამიანის სიმარტოვეა და არა კარანტინში მოხვედრილი ოთახიდან ოთახში ფეხით მოსიარულის. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს, ისინი კუთხიდან კუთხეში გადაადგილდებიან, ასე იქნებიან - რევოლუციამდე...

 

კიდევ რამდენ ხანს?

არ ვიცი...

სხვა რა შეიცვალა ან რა იცვლება?

შექმნილი ვითარების გასააზრებლად საჭიროა შექმნილი ვითარების წინმსწრები ვითარების გახსენება.

იქნებ არც არის საჭირო და მხოლოდ მე მესაჭიროება, როგორც პროფესიონალ დროთა კავშირის აღმდგენელს?

თვითანალიზის დრო არ მაქვს..

გთხოვ, შენ იფიქრო ჩემზე, ოღონდ არა ჩემს მაგივრად..

 

უკანასკნელ, ყოვლისმცოდნეობის 30 წელს ვგულისხმობ. ერთსახოვანი ყოვლისმცოდნეობის ვირუსი მსოფლიოს საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციის შედეგად მოედო. მანამდე არსებობდა ორი სახის ყოვლისმცოდნეობა.

 

(ორივე მცდარი)

 

ეს გაორება ქმნიდა ილუზიას, თითქოს არსებობდა ის ერთადერთი, უმაღლესი ჭეშმარიტება, რომლის გამოსათქმელად ან გამოსახატავად მხოლოდ უმაღლესი განათლება არ იყო საკმარისი, არამედ საჭირო იყო ექსტაზიც...

 

ექსტაზი არ ნიშნავს ეიფორიას, ასე რომ მსუბუქი ნარკოტიკისათვის  მცდარი სახელის დარქმევა არასწორია. რაც შეეხება ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებას, ამაზე სხვა დროს გეტყვი, პირადში, როდესაც დამიკავშირდები, რადგან სოც-პოლიტიკურ საკითხებზე მხოლოდ პირადში ვსაუბრობ.

 

რატომ? ვეკითხები საკუთარ თავს გააზდაკებული რამაზ ჩხიკვაძის ხმით და ნაბიჯს ვდგამ წინ - მხოლოდ ერთ ნაბიჯს და ვპასუხობ ჩემი ხმით ჩემივე თავს:

 

იმიტომ!

 

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციას, ეს არა გეოსტრატეგიული ტრაგედია იყო (ოღონდ ამ ფრაზის ავტორს ნუ ეტყვით, რომ არ ვეთანხმები, რადგან მას ასაკთან ერთად სისასტიკეც ემატება), არამედ პირველ რიგში  ფინანსური და შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური. მე მახსოვს მათი სახეები (შენი ასაკი არ ვიცი) - ვგულისხმობ ჩემი მშობლებისა და მათი თანატოლების გაკოტრებულ, დროიდან და სივრციდან ამოვარდნილ, დამოუკიდებლად დარჩენილ სახეებს. მახსოვს დამოუკიდებლობა და იმედი, რომ აი, ის, ჯერ კიდევ გუშინ არსებული და დღეს უკვე სამუდამოდ დაკარგული დაცულობა ყოველდღიურობაში,  არა სამუდამოდ, არამედ დროებით იყო დაკარგული და დაბრუნდებოდა. ცდებოდნენ. აღარ დაბრუნდა. არც უცდია, სულ წავიდა, დარჩა მხოლოდ მეხსიერებაში, იქაც ილევა. თითქმის მიი...

 

ამას მოყვა გარდაუვლად ახალი -

ყოვლისმცოდნეობა. ერთსახოვნება. მარადიული შეკითხვების გაქრობა, თუმცა ვერავის გაამტყუნებ, მარადიულ შეკითხვებს სვამს ცოცხალი არსება და არა კოლექტივი. უკანასკნელი 30 წელი ეკუთვნოდა არა ცოცხალ არსებას, არა შენ, არა მე, არამედ კოლექტივს, უსხეულო „ჩვენ“-ს. გახსოვს, კოლექტივის მიერ წარმოქმნილი ე. წ. ინდივიდიც (გაიხსენე, აღიდგინე მეხსიერებაში, იქნებ თავად ვარ/ხარ?) იყო უსახო, მაგრამ არა უთვისებო - თუმცა ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი? არ ვიცი, არც ვცდილობ გარკვევას. არც განვსჯი, არც განვადიდებ. შენც ნუ განსჯი, გთხოვ და ნურც განადიდებ, უბრალოდ გავიხსენოთ - მოდის, ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთით, რომელშიც აუცილებლად უდევს ლეპტოპი, სავსე ცხრილებით და ა. შ. ლაპარაკობს უკვე მიღწეულ წარმატებაზე და მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებების გარდაუვლობაზე, ლაპარაკობს ბიბლიური წინასწარმეტყველის შეპყრობილობით და კომიქსის ავი პერსონაჟის სწორხაზოვნებით და მე ვუსმენ უფრო უყურადღებოდ, ვიდრე გაფაციცებით და მესმის სიტყვები, ვგრძნობ თვითდაჯერებულობას მასში და ასევე მომავალი წარმატებების გამო უკვე დაწყებულ ზეიმს და მინდა ავიჩეჩო მხრები, - იქნებ შენც იგივე გსურდა, იქნებ არც, დაზუსტება არ არის საჭირო, - და ვთქვა, რომ რა თქმა უნდა კარგია წარმატება, კიდევ უფრო უკეთესია, - ოღონდ არა ყოველთვის, -  თვითდაჯერება, მაგრამ რა ვუყოთ მას, ვისაც უბრალოდ უნდა, რომ იყოს ცოცხალი არსება და წარმატებაზე მეტად სიცოცხლის მუდმივობა აინტერესებს? საკუთარ თავს ვგულისხმობდი ალბათ; მაგრამ არ ვამბობ არაფერს, რადგან წინასწარ ვიცი პასუხი: ასეთები არ არსებობენ...

 

ეს პასუხი არ იყო სიმართლე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად და უეჭველად იყო დროული, მაშასადამე მოსწრებული და ქმედითი. საუბრის მომამთავრებელი. წერტილის დამსმელი.

 

კარანტინი დროებითია და ეს ვითარება შესანიშნავ შანსს იძლევა  განზოგადებისათვის, რადგან დღეს უკვე ფაქტები მხოლოდ სტატისტიკას ცვლიან და არა განწყობას - განწყობა უკვე შექმნილია, შენი, ჩემი განწყობა. ჩვენ ვართ არა ფაქტების ტყვეობაში, არამედ ვითარების. ვითარება მეტია, ვიდრე ფაქტი.

 

(ვბოდავთ, ვიტგენშტეინ!) 

 

გავრცელებულ ვირუსზე გაზიარდა ძირითადად სამი ვერსია. თუ პირიქით, ვირუსი გაზიარდა და ვერსიები გავრცელდა?

სამი -

 

ვერსია 1

ეს არის ღმერთის სასჯელი.

 

ვერსია 2

ბუნება გვსჯის.

 

ვერსია 3

დეპოპულაციის მომხრეთა შეთქმულებაა.

 

არცერთს არც ვემხრობი და არც უარვყოფ,  შენი არ ვიცი. შენი შენ იცი, შეიძლება არც შენ...

არ დაიბნე, აქ ვარ, მოგეხმარები...

დამიკავშირდი...

 

ერთს ვხვდები: სამივე ვერსია არსობრივად ერთია.

ეს არის უკურეაქცია, კონტრშეტევა -  სულერთია, ვისი ან რისი -  ღმერთის, ბუნების, მმართველი კლასის...

 

რაც ნიშნავს იმას, რომ შევცდით, ზღვარს გადავცდით, ბალანსი დაგვერღვა, (ხოლო ახალი ბალანსი მხოლოდ და მხოლოდ ბრენდია).

 

რაში?

სად?

როდის შევცდით?

 

მაგრამ მანამდე ღმერთზე, ბუნებაზე და მმართველ კლასზე, თითოზე თითო წინადადებით, ანუ არა გრძლად, არამედ სხარტად, მარტივად. როგორც ერთ შესანიშნავ ლექსშია წყალი ჩაყინული არხში.

 

ღმერთი - აუცილებელი შემთხვევითობაა.

ბუნება - განაგებს კანონზომიერებებით.

მმართველი კლასი - მართავს (რა ქნას?).

 

ვერ დავმალავ, და არც ვცდილობ: ჩემი სამწერლო შესაძლებლობები, და არა მხოლოდ სამწერლო, არამედ ზოგადად, ჩემი შესაძლებლობები არასრულყოფილია, რაც არანაირად არ მიჩენს არასრულყოფილების კომპლექსს, რადგან ადამიანი ვარ და ფატალურად არასრულყოფილი.

 

ძალიან არ მსურს მოცემული პირობის დარღვევა და ღმერთზე, ბუნებაზე და მართველ კლასზე თითოზე თითო წინადადებით შემოფარგვლა, მაგრამ  პირობის დაცვაზე მეტად უფრო მესაჭიროება ღმერთზე და ბუნებაზე საუბრის განვრცობა, არა უსასრულოდ, არამედ ოდნავ, რადგან ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა არც კი განასხვავებს ერთმანეთისაგან ღმერთსა და ბუნებას, რაც ჩემი აზრით არასწორი შერწყმა-გამსხვილებაა. რა თქმა უნდა შერწყმა-გამსხვილება ზოგადად ჩვენი დროის მთავარი ტრენდია, განსაკუთრებით ბიზნესში, მაგრამ ღმერთისა და ბუნების გაიგივება არასწორი შერწყმა-გამსხვილებაა, რის შედეგადაც ვიღებთ მონსტრს.

 

ხოლო მონსტრები არ არსებობენ...

არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ვღრიალებ:

მონსტრები არ არსებობენ!

 

 

2.  TED TALK

 

დამღალა სპილოს ძვლის საკანში (სასახლე მაინც იყოს, არაფერს ვიტყოდი, კომფორტი ხომ უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჭეშმარიტება!) განმარტოებულმა, მოფილოსოფოსო, შერეკილმა თავისი ინტელიგენტური მანერებით, აი, ასეთმა საკუთარმა თავმა დამღალა საკუთარ თავში, ანუ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აზრი აღარ აქვს ამ ყოვლად არაფრისმთქმელი პოზიციიდან ლაპარაკს, არანაირი აზრი არ აქვს არა მხოლოდ შესანიშნავად, არამედ ასევე ორიგინალურად დალაგებულ წინადადებებს, ზოგადად მე - ასეთს - არ მაქვს აზრი, ჩემს ცხოვრებას: სუნთქვას, ჭამას, სექსს, ძილს, ლოცვას - ძირითადად სპონტანურს, საკუთარი სიტყვებით ლოცვას...

არ აქვს აზრი...

 

რა კარგია ყოფიერებიდან ყოფაში გადმობარგება და ყოფით თემებზე საუბარი. ვგრძნობ, რომ ყველას ველაპარაკები, ზოგს ვამხიარულებ, ზოგს ვაბრაზებ, ზოგს ვაცინებ, ზოგს ვერა, მაგრამ ყველა მისმენს: ყურადღებით, გაბრაზებული, გაცინებული - რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ყველა მისმენს და მეტ-ნაკლებად ხვდება, რაზე ვლაპარაკობ... ჭამაზე, სექსზე და ასევე ღმერთსა და ბუნებას შორის ძნელად შესამჩნევ, მაგრამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან განსხვავებაზე...

 

ღმერთი და ბუნება...

მათ შეხება არ აქვთ ერთმანეთთან, მხოლოდ ადამიანის თავში კვეთენ ერთმანეთს, ადამიანი ხომ მუდმივად ცდილობს გაამარტივოს ყველაფერი და გასაგები გახადოს ასე გაუგებარი სამყარო და კიდევ უფრო  გაუგებარი ცხოვრება - არა ზოგადად, არამედ საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცხოვრებას აქვს ძალიან მკაფიო და გასაგები  ნაწილიც: ყოველდღიურობა.

 

ღმერთი და ბუნება.

ღმერთი  - უკვდავია.

ბუნება - მოკვდავი.

 

ღმერთს არ სჭირდება გაფრთხილება,

ბუნებას  - კი.

 

მე სრულად არცერთი არ ვარ, მაგრამ მეტ-ნაკლებად შევიცავ ორივეს (ცოტა მაღალი მეტაფიზიკა მაქვს, ფიქრი უნდა შევამცირო და ყველაფერი დარეგულირდება!). მე ვარ ადამიანი, მე ვარ ადამიანის ცალკეული შემთხვევა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ახლა სექსს და ჭამას ერთმანეთს შეადარებს.

 

სექსის შედარება ჭამასთან არ არის სწორი... ჭამა აუცილებელია, სექსი სასურველი, მაგრამ რომ გინდება ხანდახან, რა უნდა ქნა? იკითხავს რომელიმე გაუბედავად გაბედული ადამიანი, გაწითლდება და ალბათ ცას   ახედავს.

 

(სექსი - განვსაზღვრავდი, განვმარტავდი, განვავრცობდი, მაგრამ ესთეტიკურად  უფრო გამართლებულია ირაკლი ჩარკვიანის სულის გამოძახება ტრეკით „სექსი“...)

 

უსმინე და განაგრძე კითხვა!

 

რაღაცები მიხარია -

ადამიანები რომ კვდებიან - არა, გაბოროტებული მხეცი არ ვარ, მაგრამ თუ ადამიანი მართლაც პოლიტიკურ-საზოგადობრვი ცხოველია, მაშინ მირჩევნია გარეული ცხოველი ვიყო, ვიდრე შინაური. ამ განსაზღვრების ავტორს, არისტოტელეს არ დაუზუსტებია, რა ტიპის პოლიტიკური ცხოველია ადამიანი - გარეული თუ შინაური, საერთოდ ზედაპირულობა არისტოტელეს მთავარი მახასიათებელი თვისებაა. ამაზე შემდეგ, პირადში...

 

ახლა ჩუ...

ადამიანები რომ იხოცებიან, ძალიან არ მწყინს, რადგან გულჩვილი აღარ ვარ.

სიკვდილი როგორღაც თავისთავად გახდა ჩემი, უკანასკნელი საბჭოთა  თაობის ადამიანისათვის ჩვეულებრივი რამ - განსაკუთრებით მასობრივი სიკვდილი...

მე იმ თაობას ვეკუთვნი, კომკავშირში შესასვლელად რომ ამზადებდნენ და უცებ სამხედრო დაჯგუფებებში მოხვდა. გვამებს შორის ჩავწექი და თავი მოვიმკვდარუნე, რათა თავი გადამერჩინა.

მაგრამ დავუბრუნდეთ სხვა რაღაცებს, რაც მახარებს.

მიხარია, სუპერჰეფი, შეუვალი, გართობაში თავდაკარგული ტიპი რომ  შეჩერდა და სახლში დაჯდა და იძულებულია იფიქროს: ვინ არის, ცხოვრება რა არის და გაიაზროს, რომ არ იცის... არაფერი არ იცის და აღიაროს, რომ მის თავში მოხაზული მომავალი აწმყომ გადახაზა...

მიხარია, რომ ადამიანებმა გაიცნეს საკუთარი ოჯახის წევრები და იძულების წესით დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა, საუბარი, მოსმენა... რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებულები დარჩნენ ერთმანეთით, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც - ისეთი გამონაკლისები, არანაირ წესს რომ არ ამტკიცებენ და უბრალოდ არიან...

მიხარია, რომ ობოლი ვარ და ჩემს მშობლებს არ უხდებათ ამ საშინელების გავლა. ჩემს ასაკში ობლობა დიდი ტრაგედია აღარ არის, ერთ-ერთი სევდიანი ფაქტია, სხვა არანაკლებ სევდიან ფაქტებს შორის...

რაც შეეხება ჩემს მშობლებს, დღეს ისინი ან სადღაც არიან ან ყველაფერი დამთავრდა... აი, ისევ მეძახის საკუთარი თავი სპილოს ძვლის საკნიდან და მიხმობს უკან... თემის განსავრცობად, მაგრამ ვდგავარ, არ ვიძვრი,  ვიწრთობი მტკიცედ, როგორც ფოლადი!

მიხარია, რომ შემთხვევითი, სიტუაციური სექსი დასრულდა - დროებით მაინც - ვგულისხმობ გაბრუებულ, წუთის წინ გაცნობილ ადამიანებს კლუბების საპირფარეშოებში, სადღაც, განუსაზღვრელ სივრცეში გასვლის წარუმატებელ მცდელობებს...

სიჩუმე მიხარია, უსახურებიდან სახიერებაში გადასვლა მიხარია, პიროვნულობის, ინდივინდუალიზმის დაბრუნების შანსი მახარებს, მაგრამ არსებობს საფრთხეებიც...

უპირველესი - პოლიტიკური  საფრთხე - საერო თუ სასულიერო მთავრობების  და მათი ინსტიტუციების სწრაფი გაძლიერებაა მთელ მსოფლიოში... ანუ უპირველესი პოლიტიკური საფრთხე ავტორიტარიზმია:

 

ძირს მეფე!

ძირს მღვდელი!

ძირს ძმობა!

ძირს ერთობა!

ძირს თავისუფლება!

ძირს თანასწორობა!

ძირს ანარქია!

არა სიკვდილი!

არა სიცოცხლე!

 

(გაგრძელება იხ. ტერენტი გრანელთან).

 

არსებობს სხვა საფრთხეებიც, უფრო პიროვნული, შენ და მე რომ გვეხება და არა კოლექტივს: იზოლაცია, კომუნიკაციის მოშლა, გაუცხოება,  ყველაფერზე მხრების აჩეჩვა.

თავს მასახელებინებს უმუშევრობა, მაგრამ უმუშევრობა არა საფრთხე, არამედ უკვე მოცემულობაა...

თავს ნუ მოიტყუებთ, მხოლოდ რჩეულები დაბრუნდებიან სამსახურში, როგორც სამოთხეში.

მოინანიეთ,

მოინანიეთ

დაღლილობაზე გაუთავებელი წუწუნი, ძირს დაემხეთ და მუხლებზე ხოხვით მოინანიეთ თქვენი უმადურობა, მუდმივი უკმაყოფილება დამსაქმებლისადმი, გიყვარდეს ბოსი შენი, ეთაყვანებოდე მას...

ისე - ჩვენში დარჩეს და - ეგეც კარგი სირია!

დაიკიდე,

რევოლუციას მოვახდენთ...

 

სახეზე ნიღაბს ვიკეთებ და ბანკში შევდივარ, მიღიმიან, მესალმებიან, გზას მითმობენ...

ყველაფერი თავდაყირაა...

 

 

3.  IN THERAPY 

 

აქ ხარ.

მე ვარ შენი მეგობარი.

შრინკი ან ფსიქოლოგი არ დამიძახო. გვაუცხოებს. შენ და მე პირიქით დაახლოება გვჭირდება რეზულტატისთვის. ასევე ადამიანურად. თუმცა რეზულტატი მთავარია. ადამიანობა - სურვილი, იქნებ ოცნებაც... ჩვენი  თერაპია არ არის ტრადიციული თერაპია, რომელიც თავისთავად ხრიკია და სუბიექტის უსასრულოდ თერაპიაში გაჭედვას გულისხმობს.

განსაკუთრებით ფსიქოანალიზი, ეს ორი მსახიობის ვადაგასული თეატრი.

ეს არის ურთიერთობა...

რა იცი შენ ჩემზე? - ის, რომ ვწერ ფანტასტიურად, ვარ, როგორც არავინ, სხვა და რაღაცნაირად უცნაურად მთლიანი. ვარ წყალი, რომელიც აცოცხლებს და ასევე ათრობს...

რა იცი საკუთარ თავზე? - ის, რომ შეგიძლია იყო უკეთ, იცი, რომ შეგიძლია, მაგრამ არ იცი, როგორ, თუმცა გრძნობ პოტენციალს, იყო უფრო ორგანიზებული და მიზანსწრაფული არა გარეგნული წარმატებისთვის, არა სხვების თვალში კარგადმყოფობისათვის, არამედ საკუთარი თავისთვის, ერთხელ მაინც იყო,  ერთხელ მაინც შეძლო, იყო საკუთარი თავი საკუთარი თავისთვის...

შენ იცი, რაც გინდა, განსაკუთრებით ცხადი გახდა ეს ახლა, კარანტინში, რომელშიც მოხვდი და რომლის დასრულების შემდეგ რეალობა კიდევ უფრო სტერილური გახდება და მსოფლიო გაივსება გამოქარული,

დაკარგული, დამარცხებული ადამიანებით.

 

ამავე დროს გაჩნდებიან ახალი გმირები.

შენ არ გინდა იყო მხოლოდ ერთ-ერთი ლეგიონში და შენი სახელი იყოს მხოლოდ ლეგიონი. ამისთვის შენ გჭირდება გაბედვა. მუდმივად გახსოვს, განსაკუთრებით მძაფრად ახლა: სადღაც - სივრცე, ოდესღაც - დრო,  როდესაც ვერ გაბედე, ვერ გაიბრძოლე, ვერ გადაარჩინე საკუთარი თავი და მას შემდეგ ცხოვრება ერთ დიდ კომპრომისად გექცა. გრძნობ, რომ ძალიან მაღალ ფასს იხდი. ალბათ ეს ვერგაბედვის მომენტი ხშირად გესიზმრება და იქ, სიზმარშიც კი ვერ ახერხებ რაიმეს შეცვლას. ამასობაში უკვე იმდენად გაიზარდე, რომ სიზმრებმა ძალა დაკარგეს, რადგან უკვე სიზმარშივე ხვდები, რომ სიზმარში ხარ და რომც გაბედო, აზრი აღარ აქვს, რადგან იცი, რომ სიზმარში ხარ... და ეს იქნება სიზმრისეული...

ხოლო ცხადი - კი, წააგავს სიზმარს, მაგრამ არ არის. რამდენჯერაც არ უნდა გაგიმეორონ, რომ ცხოვრება სიზმარია და არის ერთი თვალის დახამხამება და ერთი წუთი, არა, ცხოვრება არ არის სიზმარი შენთვის. ცხოვრება შენთვის გაცილებით გრძელია, ხანგრძლივია, თუმცა დრო ნაკლებად გაწუხებს, ვიდრე სივრცე, მისი კონკრეტულობა... სივრცის კონკრეტულობა...

ხომ ამბობენ, შენთვისაც ხომ უთქვამთ, შემთხვევითაც (იქნებ ბედისწერა იყო?) ხომ მოგიკრავს ყური, რომ ცხოვრება მომენტია და უნდა იცხოვრო, მოათავსო, დატიო საკუთრი თავი სრულად ამ მომენტში და ნეტარებდე, და არც წარსულია და არც მომავალი. კი, გქონია ასეთი მომენტები ცხოვრებაში, სასიხარულო, ნათელი ეპიზოდები, გაელვებები, ალბათ ყველა  გახსოვს, იქნებ თითოეულიც, მაგრამ როგორღაც ვერ არქმევ მათ - თუნდაც ჯამში, ერთობლიობაში - შენს ცხოვრებას... როგორღაც განცალკევებით დარჩნენ, იქვე, ორ ნაბიჯში, შენი ცხოვრების შორიახლოს, განცალკევებით...

 

კარანტინში ერთადერთ რამეს გრძნობ: რომ ის ყველაფერი, ის ძველი ცხოვრება გაქრა. ვიცი, ხანდახან გარეთ გადიხარ, მაგრამ გარეთაც იგივეს გრძნობ -  ცხოვრება გაქრა და მხოლოდ შენ ხარ ცოცხალი, მეტი არაფერი.

 

რამდენი ხანია არ გიგრძვნია თავი ცოცხლად? წლები. ცხოვრებაში რაც ჩაები, მას შემდეგ. საგნები შენზე მნიშვნელოვანნი რომ გახდნენ მას შემდეგ და თავიდან ძალიანაც კარგი იყო მათ უკან ამოფარებული ცხოვრება - დაცულობას გრძნობდი. იმდენად კარგი იყო ეს, რომ საკუთარი სახელი დაგავიწყდა. არ გინდოდა, მაგრამ დაცულობამ იცის ასე: გავიწყებს სახელს და გაძლევს გადასახადების საინდეტიფიკაციო ნომერს...

საკუთარი სახელის გახსენებას ცდილობ...

რადგან ცოცხალი ხარ...

 

 

OUTRO

 

ვინც არ დაბადებულა ღმერთად, ის ვერ აღსდგება ღმერთად!

Upgrade არის სიცრუე.

მეც.  

 

მარად შენი

davidk1976@icloud.com

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE