ქრონიკული ნოსტალგერი


ქრონიკული ნოსტალგერი




1668 წელს ერთი შვეიცარელი სტუდენტი - მედიკოსი, სახელად იოჰანეს გოფერი, პირველი

იხმარს გამოთქმას - „ნოსტალგია“...

სიტყვა იგი ორი ბერძნული ფუძისაგან შედგება: nostos = შინ დაბრუნება; და algos = ტკივილი;

ტკივილი, ადამიანში  სამშობლოში დაბრუნების სურვილს რომ ბადებს;

და შიშსაც...

დაუძლეველ შიშსაც იმისა, რომ ამ სამშობლოს ვერასოდეს ნახავს;

თავიდან „ნოსტალგიას“ ჯანმრთელობის რაღაც სერიოზული დარღვევის აღსანიშნავად მოიხმობდნენ;

სულ რაღაც ორ წელიწადში ეს სიტყვა უარყოფით კონოტაციას  გამოეთხოვება...

ყრუდ კი მაინც გაისმის მისი თავდაპირველი გაგების ინტონაცია:

შინიდან მოწყვეტა და ამ მოწყვეტილობით აღძრული ცუდი გუნება-განწყობა...

„ნოსტალგია“ რახანია აღარ ნიშნავს მარტოოდენ შინისაკენ სწრაფვას;

თუნდაც ვნებააშლილ ლტოლვას სახლისკენ...

ეს  ლტოლვა უფროა დაკარგული დროისა  და დაკარგული ადგილისადმი;

ბოლოს და ბოლოს, ვიეთნი შინ ბრუნდებოდნენ და მერე ეწყებოდათ თუ ეწყებოდათ იმედგაცრუება...

და მერეღა აღმოჩნდებოდა, რომ, თურმე, გარკვეულ ადგილას  დაბრუნებაზე კი არ უოცნებიათ, არამედ რომელიღაც დროში დაბრუნება სდომებიათ;

სახელდობრ, ყმაწვილობის დროში დაბრუნება...

1798 წელს შეუნიშნავს ეს ამბავი კენინგსბერგელ გენიოსსა;

ბარდნალელ პოეტსაც განუცდია ასეთი ნოსტალგია:

„საქართველოში იბადებოდნენ,

და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე,

ეხ, წამით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა  და სილამაზეო“...

საბჭოთა საქართველოშიც იბადებოდნენ...

და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე..

1937-38 წლებშიც იბადებოდნენ...

და ამაზე მით უფრო სწუხდნენ და სწუხდნენ...

ოთარ ჩხარტიშვილიც 1938 წელს დაიბადა;

ოცდათვრამეტში...

და ეტყობა, ისიც სწუხდა ამაზე...

შეიძლება, იმაზეც სწუხდა, რუსთავში რომ იყო (და არც იყო) მისი ადგილი...

„და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერიო“...

ეს უკვე გალაკტიონია;

ოთარმა რუსთავი აირჩია...

საბჭოთა, ინდუსტრიული რუსთავი...

ეს ერთგვარი „ზონა“, ქრონიკული ნოსტალგერობის ექსისტენციურ ტოპოსად რომ გამოადგა;

რაღაც სტალკერისმაგვარი  „წანწალის“ ადგილად...

მიუსაფრობის თავშესაფარად...

მისი ქრონიკული ნოსტალგია „მომწიფებული სოციალიზმის“ ეპოქაშივე გამჟღავნდა;

გამჟღავნდა, როგორც სოციალური ჟესტი...

როგორც საპასუხო რე-აქცია...

როგორც საპასუხო მოქმედება იმ სამწუხარო ვითარებაზე, რომ წამითაც ვეღარ დაბრუნდება

მისი ბავშვობა და სილამაზე...

არადა, იყო კი მის ბავშვობაში სილამაზე?

იქნებოდა, უთუოდ იქნებოდა...

თუნდაც მისთვის ერთი შეხედვით საძულველი სტალინიზმის ხანაში...

სისხლის წვიმების დროებაში...

ბოლოს და ბოლოს, ნოსტალგიის ცნება ჩვეულ მეხსიერებასთან კი არა, შეცდომილ წარმოსახვასთან უფროა წილნაყარი;

ოთარი თავადაც თავისებური „ძე შეცდომილი“ იყო...

„უძღები“  შვილი...

საბჭოთა წყობილების (რა კარგი გამოთქმაა!) „უძღები“  შვილი...

მარტოოდენ საბჭოური აწმყოთი კი არ იყო უკმაყოფილო;

აწმყო, როგორც ასეთი, ევიწროებოდა...

სული ეხუთებოდა აქყოფნაში;

და იქყოფნაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე...

არადა, სად იყო ეს საოცნებო და იდეალური „იქ“, ესეც არ იცოდა...

ანკი, ვინ უწყის?!

ბახტინისეული „წარსულის გადაადგილებაც“ („Перестановка прошлого“) რომ არ შეეძლო, ამაზე უფრო უკვდებოდა, ალბათ, გული...

ცხოვრობდა და არც ცხოვრობდა თითქოს...

აკი მივანიშნე, „აქ და ახლა“ ვერ ცხოვრობდა-მეთქი;

პრინციპულად ვერ ცხოვრობდა...

და ეს პრინციპული უცხოვრებლობა იქცია პრინციპად...

პატარა პრინციპად...

და ამ სიპატარავითაც ახერხებდა  „განდიდებას“;

დიდებისაგან გაუცხოებას...

რაღაც არტისტისათვის აუცილებელ ვირუსს ატარებდა;

ავანგარდულ ვირუსს...

მერე აღმოჩნდება, რომ ასეთ ვირუსს საბჭოურ ლაბორატორიაში სპეციალურადაც კი „ამწიფებდნენ“;

მერე აღმოჩნდება, რომ „სხვა ხელოვნებად“  გამოზრდილი ეს ვირუსი იყო წყარო იმ პარადოქს-ობიექტებისა, რომლებითაც ასე ყელყელაობენ მოსკოვ-ქალაქში;

ოთარ ჩხარტიშვილი საქართველოდან დელეგირებული, ლამისაა, ერთადერთი სოც-არტისტი იყო;

ერთადერთი „ოფიციალურად არაოფიციალური“ მხატვარი...

ერთადერთი ჩვენებური „ბულდოზერისტი“, ვისი ავტორიზაციაც ჯერაც ვერ მოხერხდა;

და ვერც ბიოგრაფიზაცია...

ოთარ ჩხარტიშვილმა  თავად სცადა, საკუთარი ხელოვნება ბიოგრაფიულად გაემწკრივებინა და ბიოგრაფიის მიხედვითვე გაემყარებინა სკანდალურ არტეფაქტთა, როგორც ნაწარმოებთა სტატუსი;

ჩხარტიშვილი  ერთი იმ ქართველ მხატვართაგანია, ვისაც „საქციელის სიმულაციაც“ ეპატიებოდა და კომპენსატორული ჟესტებიც შვენოდა...

არადა, აღიარების ინსტრუმენტალური მომზადების გამოცდილება საიდან ექნებოდა?!

ანდა, თავად როგორ შეძლებდა, თავისი ნამუშევრები ნაწარმოებებად ეღიარებინა?!

ასეთი აღიარება სხვებისგან უნდა „წამოსულიყო“...

დიდი დრო დაახარჯა თავისუფალი ადამიანის - „სხვებთან“ შედარებით თავისუფალი ადამიანის იმიჯის მორგებას;

ბევრი ევნო და ეწამა „სოვოკურობის“ წინააღმდეგ ომობანას...

საბჭოურ ხატმებრძოლობასაც ცნობისმოყვარეობით ემსახურა;

იმდენად გაუშინაურდა ამგვარ „მსახურებას“, რომ, მგონი, ბოლოს შეუყვარდა კიდეც კომუნისტური კერპები...

იმდენად ირონიულად ეპყრობოდა საბჭოურ ფეტიშებს, რომ ბოლოს სერიოზულ საქმედ იქცია...

უპირისპირდებოდა რა საბჭოურ ღმერთებს, ძალაუნებურად მათ ძალაუფლებას გან-ამტკიცებდა;

ოთარისეულ აროგანტულ ნონკონფორმიზმსაც თანდათან ეპარებოდა  აფირმატულ-სიმპათეტური არომატი...

აი, ეს კი აღარ ეპიტნავებოდა!

ეტყობა, იმასაც განიცდიდა, რომ კვაზიპოპ-მედიუმი მიხრწნილ სოციალიზმისავით დაუძლურებულიყო;

როგორც არტისტული კრიტიციზმის იარაღი, დაბლაგვებულიყო...

ალბათ,  იმასაც გრძნობდა,  რომ ფრაგმენტაცია და კოლაჟი მხატვრობის  ტრადიციულ დისკურსს უძალიანდებოდა და ვალტერ ბენიამინისა არ იყოს, კინოს უფრო შეეფერებოდა;

როგორც იდეოლოგიისა და იდეოლოგიურად მოტივირებული ხელოვნების წინააღმდეგ მებრძოლი არტისტი, ზოგჯერ თავის მიამიტურ ჰაბიტუსსაც დალანდავდა ხოლმე;

ამ დროს უჩნდებოდა ნოსტალგია ჩვეულებრივი, სადაგი ყოველდღიურობისა და ამ ყოველდღიურობის ამსახველი ხელოვნებისადმი;

და ეგებ ამ დროს ხვდებოდა, რომ რუსთავის „ხრუშჩოვკიდან“ დანახული ეზოს სეზონური 

რეპორტაჟები  უფრო სახიფათო თამაშები შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ლენინის რჩეულ თხზულებათა ყდებზე დახატული (როგორც ავთო ვარაზი იტყოდა) „სურათუნები“...

90-იანი წლებიდან ისიც აღმოჩნდა ახალი იდეოლოგიური და ტექნოლოგიური რეალობის წინაშე;

და ამ ქრონიკულ ნოსტალგერში  ისევ იფეთქა ახალი ობიექტივიზმისა და ნეორეალიზმის

(ვ)ნებამ...

ისევ მოიწყინა თავისი უძლურების გამო;

სოციეტატური უძლურებისა, რეალურად მოეხდინა ზემოქმედება „საზოგადოების გარდაქმნაზე“...

და დაბნეული ოფიციოზიც ყრუ აღმოჩნდა ოთარის ნეორეაქციონერული ჟესტებისადმი;

ყრუცა და გულგრილიც...

დისიდენტური ჟესტები აღარ აშინებდა ხელისუფლებას;

ეგ კი არა, თავაზიან ღიმილსაც კი იწვევდა...

ის კი კვლავ ნოსტალგერად რჩებოდა;

ქრონიკულ ნოსტალგერად...

და სტალკერად...

ოღონდ, ამიერიდან ნოსტალგიისათვის მით უფრო  აუცილებელი  გამხდარიყო წარსულის „მოწმობანი“;

ნოსტალგიური წარმოსახვის სტრუქტურიზაციის განსხვავებული ტექნეები გამხდარიყო საჭირო...

ინდივიდუალური მეხსიერება  ნოსტალგიათა ჩამწერ მანქანად აღარ კმაროდა;

წარსულსაც ყავლი გასვლოდა თურმე და სულსაც კიდევ უფრო უჭირდა მისას...

წარსული დროის გადაწყობა უძნელდებოდა ოთარ ჩხარტიშვილს,,,

შეცდომებსაც უშვებდა;

როგორც ახლა მე ავკრიფე შეცდომით წერტილების ნაცვლად მძიმეები, ისეთ შეცდომებს...

და  ოთარსაც ემძიმებოდა...

ახალი რეალობის ატანაც უჭირდა და გადატანაც...

დროის გამუდმებული განცდაც ეძნელებოდა და ისტორიის ახალ ყალიბში მოქცევაც ენანებოდა...

თანდათან ხვდებოდა:

პოსტსაბჭოთა მხატვრის პასუხისმგებლობა, თურმე, უფრო საძნელო საქმე ყოფილა;

პოსტსაბჭოთა ენაზე პასუხისმგებლობის აღებაც არა ყოფილა იოლი პრაქსისი...

უწინ არტისტული მარცხიც კი ხელისუფლებისთვის ანდა ყბადაღებული რეჟიმისთვის შეგეძლო გადაგებრალებინა...

ახლა კი... ყველაფერი (კალკია, მაგრამ) საკუთარ თავზე უნდა აგეღო;

სხვათა შორის, „დასავლეთზეც“ უნდა აგეღო პასუხისმგებლობა პოსტ(ანტი)საბჭოთა მხატვარს...

პოსტსაბჭოთა ტრავმების რეპრეზენტაცია მით უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო...

საბჭოური ისტორიის კომმოდიფიკაციას კრიტიკული ნოსტალგია სჯობდა;

საბჭოური ისტორიის ლეგიტიმური ინტერვენციის  ობიექტად გამოცხადებამ ოთარსაც დააკარგვინა არტისტული მადა;

არადა, სხვა რა ჩარა ჰქონდა - პოსტსაბჭოთა ნოსტალგიაც საკუთარ თავით (და ტანით) უნდა ეტარებინა...

და ოთარ ჩხარტიშვილმაც ატარა;

ატარა, სანამ შეეძლო...

და ასე მოკვდა...

რუსთავის ახალ სასაფლაოზე გაუთხარეს სამარე;

ამ სასაფლაოდან ისევ განსვენებული საბჭოეთის ნანგრევები მოიხილება;

ხედი იგივეა...

მრუმე, ნაღვლიანი, შეწუხებული...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE