გაფერადებული სიღარიბე


გაფერადებული სიღარიბე




ცხოვრების დაწყება

 

- დაიწყე ახლიდან! 

მიბრძანებს ჩემი ცხოვრება და მეც ვემორჩილები -

ახლიდან ვიწყებ ყოველ დილით

საკუთარი თავის შეგროვებას:

თვალებს ვახელ,

გუგებში ჩაზრდილ წაბლს ვაგროვებ და ვასუფთავებ,

წამწამებზე სულს ვუბერავ სიზმრის ნარჩენებს,

მტვერივით ვფანტავ, - არ მჭირდება, -

ცხოვრებაში მხოლოდ დამაბნევს!

 

ვეძებ ხელებს,

რომლებსაც მხოლოდ წერა გამოსდით,

სხვა არაფერში არ ვარგიან,

შვილებს რომ ეხებიან,

მაშინაც მწიფე სიტყვების სუნი უდით,

შვილები მიეჩვივნენ ამ სუნს,

სხვანაირი დედა არ ახსოვთ.

 

ვეძებ ფეხის ტერფებს,

რომელთაც მთებში სიარული მოსწონთ,

რომელთაც ქვა-ღორღზე სიარული

ბავშვობაში შეიყვარეს

და როცა ასფალტს ეხებიან,

გული წუხილისგან უბრტყელდებათ.

 

ვეძებ ენას, რომელიც მწარეა და

ბაგეებზე აყვავებულ სიტყვებთან მეგობრობს.

რომელმაც მხოლოდ პირდაპირი გზები იცის, -

გადახვევების გარეშე,

ამიტომაც ხშირად ვკბენ ხოლმე.

 

ვეძებ შუბლზე შიგნიდან გადაჭიმულ ძარღვებს -

ლურჯებს და ყოფაზე  ძლიერებს,

თუ თავის ადგილას არიან,

შემიძლია წამოვდგე და ახლიდან დავიწყო.

 

 

გაფერადებული სიღარიბე

 

„დაწერეთ  საკუთარი ისტორიები -

გვითხრა პროფესორმა,

დაწერეთ ყველაფერზე, რასაც თქვენს თავში აღმოაჩენთ,

რასაც საკუთარ ცხოვრებაში აღმოაჩენთ,

რასაც რეალობა ჰქვია.

დაწერეთ გასაგები ენით,

გადახვევების და მეტაფორების გარეშე,

არ გაიქცეთ რეალობიდან, დარჩით ჟურნალისტებად!“-

გვითხრა პროფესორმა

და მეც დავწერე

როგორ ცხოვრობდა ჩემ მეზობლად მოხუცი მხატვარი

რომელსაც ყოველ საღამოს საღებავები უთავდებოდა და

იძულებული იყო, უარი ეთქვა პურზე და არაყზე,

რათა ეყიდა საჭირო ნივთები,

და მე დავწერე,

როგორ უტიფრად უყურებდნენ ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს და

როგორ ვხედავდი ყოველ საღამოს ერთმანეთში გადასულ ფერებს,

რომლებიც ძალიან ჰგავდნენ შიმშილს და

შიმშილივით ცახცახებდნენ შიშველ ტილოზე.

მხატვარი კი აცმევდა ტილოს და

 თვითონ რჩებოდა ჩაუცმელი,

მხატვარი კი აფერადებდა ტილოს და

უფერული ხელები უკანკალებდა .

 

და მე დავწერე,

რომ არასოდეს ვისურვებდი

ჩემი ცხოვრება მისას დამსგავსებოდა,

რომ მე ყოველთვის შევეცდებოდი,

მეხატა საღებავების გარეშე,

მეხატა უბრალოდ, კალმით,

მყოლოდა ერთადერთი ბატონი-სიტყვა

და მე ვყოფილიყავი მისი დედოფალი -

ჩაღამებული თვალებით და სადა ფრჩხილებით, -

ყოველგვარი ფერების გარეშე!

დავწერე, რომ სადა სიმდიდრე მერჩივნა

გაფერადებულ სიღარიბეს.

 

 

თევზები

 

რომ შემეძლოს,

გარესამყაროს დავაჯერებდი, რომ

ძველი ისტორიები მომავლიდან იკვებებიან,

რომ ერთი გრძელი სპირალია ჩემი ცხოვრება -

ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული,

ხოლო მეორეთი ჭრელაჭრულა წარსულს!

არადა, ისე უპრობლემოდ ვიცხოვრე,

შორიდან ბევრს შურდა ჩემი აწყობილი რეალობა

და ჩემი აღიარებული სიტყვები,

თუმცა რა იცოდნენ, რომ

კალაპოტში მოცურავე მდინარეს

ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია,

რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!

ძალიან ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა,

განსაკუთრებით მაშინ,

როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და

დანახულზე და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE