მე - როგორც ბარიუმი


მე - როგორც ბარიუმი




* * *

 

ობოლმა ბიჭმა, გაპარულმა თავშესაფრიდან

(ჯერ კიდევ გუშინ ბავშვი იყო, დღეს კი არ არის.

თავის ბავშვობა ჰაერბურთში ჩასვა, ჩატუმბა

და ფრინველივით, უცხო მხარეს გადააფრინა),

ათას ნემსკავზე წამოაცვა თავის ზღაპარი.

 

ბიჭს მუჭში ჰყავდა მომწყვდეული დედის აჩრდილი.

გუშინ ჯერ ისევ ლაღი იყო, გუშინ ანცობდა.

დღეს კი სიმხნევედაკარგული დიდი კაცივით

შორს გზას გაუდგა ამ სამყაროს ამოსაცნობად.

 

და არ იცოდა, საგანგაშო არის დიდობა,

როცა გახნულ ღარს მოშორდება ხორბლის მარცვალი,

სიცოცხლის წყურვილს მყისვე უნდა დაემშვიდობოს

და სიცხე, როგორც ბიჭის შლეგი მამინაცვალი

გულგრილობითაც მოუსწრაფავს ყველა სიცოცხლეს.

 

ობოლმა ბიჭმა არც ის იცის, რომ ეს დიდები

საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით. ცრემლით არ ვამკობთ,

რომ ეს ქალები, დიდედები, და ეს დედები,

სხვა ათას წვრილმანს ვუღრმავდებით სალაპარაკოდ

 

და ყვავილებიც მხოლოდ მაშინ გვეთანაღრება,

როცა ლარნაკი გაგვიხდება გადასაგდები

და არაფერი ღირებული, გარდა საგნების.

 

ობოლმა ბიჭმა არც ის იცის, რომ პურის ყუებს

მაშინ ვუტეხავთ ქუჩის ძაღლებს, როცა შორიდან

ვიღაც გვხედავს და ინტერესით ვიღაც გვიყურებს.

 

(და ჩვენ, დიდები, ამ ოინით თავებს ვიტყუებთ,

რომ საკუთარ თავს სიკეთე და სითბო დავცინცლეთ,

მაგრამ ძაღლები არც კი ჭამენ იმ პურის ყუებს,

ციცქნა ნატეხებს, ათასად რომ დავანაწილეთ.

ძაღლის თვალებში ძველებური კრთება შიმშილი

და განცდა, რომ სხვა გამვლელივით, ჩვენც გავაწბილეთ.)

 

ობოლმა ბიჭმა არაფერი იცის სიკვდილზე.

არც ცოცხალ-მკვდრებზე არ სმენია, ალბათ, ობოლ ბიჭს.

დიდი კაცივით სიმართლისკენ ისე მიდის, რომ

სიცრუე უნდა გახეული ბადით მობოჭოს.

 

ისწავლის, ცალი ფრთა დატოვოს მუდამ უვნებლად.

დასამარცხებლად,

დასახვრეტად,

დასაბრუნებლად,

რომ ასეთია ამ სამყაროს ზნე და ბუნება

და ჭრილობაზე არც არავის ესალბუნება.

 

რომ არსებობენ უფრო მკაცრი თავშესაფრები

ფიცარნაგებში, ღია ცის ქვეშ, როცა ობლები

წვებიან, დედის მოგონებაც ეარაფრებათ

და დედის ძუძუ ემლაშებათ ჩვეულ ოფლივით,

 

როცა საკუთარ სიმარტოვეს ეზიდებიან.

მხოლოდ სიზმრები. ზმანებები და კვლავ სიზმრები.

ობოლი ბიჭიც ერთ დროს მაინც გაიზრდება და

კვლავ თავის ჩვეულ ჩვილ ობლობას შეეხიზნება.

 

 

***

 

მე შენს დილეგში დამწყვდეული უფრთო კოლიბრი.

შენ - შავი ქეჩის გისოსები და ქვის ბოქლომი.

შენს გონებასთან წამიერი ლტოლვა მოირბენს

და უცაბედად აღმოგხდება, რომ მე ოქრო ვარ.

 

ოქრო ვარ, შენი თვალებიდან ჩამორეცხილი.

ქვებიან ტანზე აპოხილი. ოქრო და შლამი

და მზის შანდლები ეკიდება ამ ფიქრს ცეცხლივით,

და შენ მიყურებ, რომ ეს ფიქრი მყისვე დაშალო.

 

შენი ხელები - ჯადოსნური კვერთხი. ოვალის

ფორმის ფრჩხილები - მობრჭყვიალე თვლების სანაცვლოდ.

შენ მპირდებოდი, სისუფთავის ჭავლით მოვალო

და შენი ცოდვის ყველა ბებკი მევე ჩამაცვი.

 

შენ ქვის მარილი, ქვადქცეული ხორცი და თავზე

იკრავ ქარების გამოკერილ ცისფერ გავალაკს.

შენ ნოყიერი მიწები ხარ, უნდა დავზავდეთ,

მე უდაბური უდაბნო ვარ და მე გვალვა ვარ.

 

შენ ებრძვი ჩრდილებს, ებრძვი კერპებს, ებრძვი ბელიერს.

იფშვნები, ჩემი თითებიდან ხმელი და მშრალი

და ისევ ვცადო, შეგაგროვო, უკვე ბევრია,

რადგან შენ რჩები მთლიანი და მე ვარ დაშლილი.

 

იშვიათია, ამ დილეგის შეხსნა ბოქლომი.

იშვიათია, ერთმანეთით ჩვენი განბანვა.

შენ უხმაუროდ იმეორებ, რომ მე ოქრო ვარ

და უხმაუროდ ვერ ახერხებ, ისევ დამაბა

 

ქარის ბორკილით, გაკოჭილი და გაბორკილი

შენი სიცუდით, შენი ცოდვით, შენი მცნებებით.

თუმცა, ეულის ანაფორა ისე გაბრკოლებს,

რომ მიერთდები სულით-ხორცით და მიერთდები.

 

მე შენს დილეგში დამწყვდეული უფრთო კოლიბრი.

შენ - შავი ქეჩის გისოსები და ქვის ბოქლომი.

შენს გონებასთან წამიერი ლტოლვა მოირბენს

და უცაბედად აღმოგხდება, რომ მე ოქრო ვარ.


 

 ***

 

რიგი და ადგილი. მე - როგორც ბარიუმი.

ქარი ცეცხლის ენებს ბოროტად აშიშინებს

და იასამნები, საჰერბარიუმო

ქაღალდებს, ქაღალდებს, ქაღალდებს აშიშვლებენ.

 

მე კი მაშინებენ ჩონჩხები. ფიტულები.

მიდიან, ათასგვარ ლეგენდას მიტოვებენ.

 

ცრემლებით მოკირწყლული ნავი და იალქანი.

მეც სადღაც მიმაქანებს,

შენც სადღაც მიგაქანებს.

მე შენი თითების უხეში მინანქარი

ჩემს ძუძუს იმედის მტვერივით მივაყარე.

 

ბრჭყვიალა ლოლუები. ბრწყინვალე ლოლიავი.

ტერფები. ბარძაყები. ქუსლები. წვივები.

ხის კისერს ჩამოვკიდე, ვით თეთრი მძივები.

შენ ვეღარ მომივლიდი.

მე აღარ მოგიარე.

 

ვით შენი მიწურის უტყვიო მოჰიკანი.

ვით შენი აკლდამის თვალღია კარიბჭე.

შენს ვიწრო სხეულს და მუმიებს მოვაგენი

და მაინც არ გიჭერ.

 

ამ ნაჭრის ყვავილებით მინდვრები არ აივსო.

ან ეს თუ გზა არის თუ ეს გზის სიგრძეა?

და როგორც არასდროს და როგორც არავისთან,

ასე უსუსურად თავი არ მიგრძვნია.

 

არ არის თვალების ოდნავი ჭაჭანება.

ჭინკები ჭიშკარზე თილისმას მიწებებენ

და ასე მხიარულად შორს გამაჭენებენ

ჩემი უმკითხველო ლექსი და ნაწერები.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE